მთავარი,სიახლეები

7 მიზეზი, თუ რატომ იტანენ ქალები ჩაგვრას

06.09.2019 • 2201
7 მიზეზი, თუ რატომ იტანენ ქალები ჩაგვრას

ავტორი: ცირა ჯგერენაია, ადვოკატი

მიზეზი N1: შვილები

მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ (სამოქალაქო კოდექსის  მუხლი 1212).

თამუნა: სამ შვილთან ერთად გამომაგდო ქუჩაში. 8 თვეა ცალკე ვცხოვრობთ და ერთხელ არ უკითხავს, რას ვჭამთ და ვსვამთ. რამდენი წელია მიმეორებს, მოკიდე შენს შვილებს ხელი და აქედან წადიო. თითქოს მხოლოდ ჩემი შვილები არიან და მისი არა. მაგისთვის სულ ერთია მისი შვილები მშივრები იქნებიან თუ მაძღრები, მაგრამ რა ვქნა, ჩემთვისაც ასე ხომ არ იქნება. შეხედე, ხელები რას მიგავს, სხვის სახლებს ვალაგებ, ჩემს შვილებს არ მოშივდებათ, სანამ ცოცხალი ვარ. არაფერი არ მინდა მაგის, დანახვაც არ მინდა (ხელები დახეთქილი აქვს, ზოგან ჭრილობას ფუფხი აქვს მოდებული, ცრემლების გარეშე ვერ ჰყვება თავის ამბავს.)

– ხომ მუშაობს თქვენი მეუღლე?

თამუნა: კი, სადღაც ზუსტად არ ვიცი. არ მინდა მისი არაფერი. მე გავზრდი ჩემს შვილებს, ოღონდ თავი დაგვანებოს, არც უნდა მაგას შვილები, ძალით ხომ არ გავაზრდევინებ?! არც იმ ალიმენტს გადაიხდის, სამსახურიდან წამოვა ალბათ.

– მესმის, ბავშვების აღზრდა და გამოკვება, როგორც წესი, ქალის პასუხისმგებლობა და ტვირთია – ვამბობ მე, მაგრამ ვგრძნობ რა ყალბად ჟღერს ეს დავარცხნილი ფრაზა და ვჩუმდები.

მიზეზი N2: მარტოობა

ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია  დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური  ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით (საქართველოს  კონსტიტუციის   მე-11  მუხლი).

ნანა: ვერ ვეტყვი მშობლებს, ოჯახს რომ ვანგრევ, ინერვიულებენ. საერთოდ არ მინდა ვინმემ გაიგოს, მაინც არავინ დამიდგება გვერდით. ხომ იცი, განათხოვარ ქალს სხვანაირად უყურებენ მამაკაცებიც, არ მაქვს მაგის თავი.

ნატო: მოწმე როგორ არ მყავს. ჩემი და რამდენჯერ ყოფილა შემსწრე როგორ მცემდა. ერთხელ  დანა წაართვა ხელიდან, მაგრამ სასამართლოში გამოყოლაზე უარი მითხრა. მისი ქმარი ჩემს ქმართან ძმაკაცობს და აუკრძალა. თვითონაც მეუბნება, არ დაშორდეო.

თეა: ჩემი შვილები მის მხარეს არიან, ბიჭები – საერთოდ. ერთს სოფლის სახლი გადაუფორმა, მეორეს სამსახური მაგან დააწყებინა და იმას უჯერებენ ყველაფერს. მასავით ლაპარაკობენ.

– გოგონებიც ხომ გყავთ?

თეა: გოგონები თავს იკლავენ. პოლიციაში და სასამართლოში რა გინდაო, მამას დაიჭერენო.  რცხვენიათ. მე მარტო ვარ. არავინ არ მიდგას გვერდით, ეს მინდა წინასწარ იცოდეთ.

მიზეზი N3: ქონება

საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი (სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლი).

ეკა:  წასასვლელი არ მაქვს არსად, რამდენი წელი შევალიე მაგ სახლს, არ იცი. საკუთარი ხელით მაქვს ყველაფერი გაკეთებული.

– სახლი ვის სახელზეა?

ეკა: ჩემი დედამთილის, მაგის გარდა სოფლის სახლიც აქვთ. ყველაფერი მაგის სახელზეა.  მთელი ცხოვრება ვშრომობ და  გამოდის, ქუჩაში ვრჩები. უსამართლობაა ეს აბა რაა?! მე არც ვიცოდი ასე თუ შეიძლებოდა, თურმე მთელი ცხოვრება ტყუილად მიშრომია, ჩემი არაფერია.  ორი სახლი აქვს ჩემს ქმარს. დედამისის სახელზე გააფორმეს ყველაფერი წინასწარ,  სპეციალურად  გააკეთეს თავიდანვე, ალბათ დააკვალიანა ვიღაცამ. ჩემს შვილებს არაფერი ეკუთვნით?

– ამ ეტაპზე არა!

მიზეზი N4: მემკვიდრეობა

კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად მიიჩნევიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, (განურჩევლად სქესისა), რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (სამოქალაქო კოდექსის  1136-ე მუხლი).

თამარი: ჩემი ქმარი მეუბნება, გიორგი დამიტოვე და წადით, სადაც გინდათო. სად უნდა წავიდე. რაც მე იმ სახლ-კარში შრომა მაქვს ჩადებული. ჩემი მამამთილის სახელზე კია, მაგრამ წილი რომ მოვთხოვო არ შეიძლება? სხვა მემკვიდრე კი არ ჰყავთ, ჩემი შვილი ერთადერთი ბიჭია შვილიშვილებში. აბა, სად წაიღებენ მაგ სახლს, ჩემს გიორგის არ ეკუთვნის? მე გავაკეთე იმ სახლში ყველაფერი, ცემენტს დავათრევდი ჩემი ხელით და  ბოლოს არაფერი.

– შვილებს მშობლების ქონებაზე მშობლების სიცოცხლეში არანაირი უფლება არ აქვთ, სხვა წასასვლელი არ გაქვთ?

თამარი:  არა, არ მაქვს!  ჩემს ძმას ხომ არ მივადგები სახლში? ცოლ-შვილი ჰყავს.

– თქვენი ძმა თქვენს მშობლებთან ცხოვრობს?

თამარი: კი, დედაა ახლა მარტო ცოცხალი. ადგილიც არაა იქ ამდენი და ასე ვერ შევაწუხებ მის ცოლ-შვილს!

– თქვენი სახლიც ხომაა? თქვენც მემკვიდრე ხართ!

თამარი: ჩემი როგორაა. მე 15 წელია გათხოვილი ვარ, ჩემი ოჯახი მქონდა, მაგრამ რად გინდა. არ ყოფილა სამართალი და ეგაა.

მიზეზი N5: უმოქმედობა

სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე (სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლი).

მარი: არაფერს არ იფორმებს თავის სახელზე, სამი სახლი აქვთ. ფირმა აქვს თავისი, ტურისტებზე მუშაობს, დას გადაუფორმა და 80 ლარს არ უხდის ბავშვს ალიმენტს. 80 ლარი აქვს გადასახდელი და 2 წელია თეთრი არ გაუხდია.

– აღმასრულებელს არ აცნობეთ, შემოსავალი რომ აქვს?

მარი: კი, როგორ არა, მაგრამ მეუბნება არაფერი უფიქსირდება და რა გავაკეთოო?! სხვა ქალიც მოძებნა და გრიალებს. მე და ჩემი შვილი კი შიმშილით ვკვდებით. გუშინ სახლში რომ მივდიოდი, ნაგვის ურნაზე ცელოფნის პარკით გადაკიდებული პური ვნახე და ის წავიღეთ.  ჩემს შვილს გეფიცები თუ ტყუილს ვამბობდე. შენ ახალგაზრდა ხარ, არ იცი რა ხდება ამ ქვეყანაზე.

– პოლიციაში განაცხადეთ? ალიმენტის გადაუხდელობა დანაშაულია!

მარი: (იცინის) ვიყავი. მაგ მუხლით დაჭერილი ვინმე გინახავს?

– არა! მუხლი თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს.

მიზეზი N6:  ძალადობა

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა,  ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 90-დან 150-საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ (სისხლის სამართლის კოდექსის  1261-ე  მუხლი).

ელენე:  მეტის მოთმენა არ შემიძლია. ამიტომ მოვედი შენთან.

– ფიზიკურადაც გეხებათ?

ელენე: წლებია. ყველაფერზე შეუძლია იჩხუბოს. 4 თვე ჩაკეტილი ვყავდი სახლში, გარეთ რომ გადიოდა, სახლს გარედან კეტავდა გასაღებით და ბავშვთან ერთად შიგნით მტოვებდა.  ტელეფონი წამართვა. რომელი ერთი მოგიყვე. ტვინის შერყევა მქონდა, ისე მცემა.

– ექიმთან იყავით? სამედიცინო ჩანაწერები იქნება საავადმყოფოში შენახული.

ელენე:  არა, არ გამომიძახია სასწრაფო. ისე ვიწექი ცოტა ხანი. 35 წლის ვარ. რაც გავთხოვდი, ექიმთან არ ვყოფილვარ არცერთხელ.

– ბავშვებზეც ძალადობს?

ელენე: კი, ერთხელ ორივეს გამოგვეკიდა პურის საჭრელი დანით, ბავშვს ისე შეეშინდა, გული წაუვიდა.

– პოლიციისთვის არ მიგიმართავთ არასოდეს?

ელენე:  არა.  მემუქრებოდა, არ გაცოცხლებო.

– ნუ გეშინიათ, ვერაფერს დაგიშავებთ. პოლიციას უნდა მივმართოთ!

ელენე: რამდენს  მიუსჯიან?

– გააჩნია. 3-5 წელი ალბათ.

ელენე: რომ გამოვა, მერე რა ვქნა?

– …………………

მიზეზი N7: ქალად ყოფნის ბედნიერება და უბედურებაც

საკანონმდებლო ჩანაწერი ვერ მოიძებნა.

მაგდა: არ მინდა, ციხეში რომ მოხვდეს, მინდა, რომ მე დამანებოს თავი და მერე რას იზამს, არ მაინტერესებს.

– და რაც ჩაიდინა პასუხი არ უნდა აგოს? ჩემი აზრით, უნდა მიხვიდეთ სასამართლოში.

მაგდა:  არა. მეცოდება ციხისთვის.

– მოსამართლეს ეტყვის, რომ თქვენ მოიგონეთ ყველაფერი. არ გაგიკვირდეთ, აქეთ თუ დაგადანაშაულებთ ძალადობაში.

მაგდა:  თქვას.  არ შემიძლია. რომ მეცოდინება ჩემ გამოა ციხეში, თავს ცუდად ვიგრძნობ. ჩემი შვილების მამაა მაინც.

– თქვენ გამო არაა, იმის გამო, რაც ჩაიდინა თქვენი და ბავშვების მიმართ. დაფიქრდით კიდევ, ჯერ გაქვთ დრო!

მაგდა:  არა. (ტირის) არ შემიძლია. მაპატიეთ.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: