აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის თანამდებობას არ ტოვებს და თავისი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ასევე რეგიონის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ის ასევე ამბობს, რომ აპირებს გააქტიუროს მუშაობა მომავალ წელს საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მოსაგებად და „ნაციონალური მოძრაობის დასამარცხებლად.“
„მე ვაგრძელებ იმ ტვირთის და პასუხისმგებლობის ტარებას, რომელიც მე მაქვს აჭარის, აჭარის მოსახლეობის, თითოეული მცხოვრების მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენ შევინარჩუნებთ იმ დინამიკას, რომელიც გვაქვს. აქტიურად გავაგრძელებთ როგორც ინვესტიციების, ასევე დასაქმების ხელშეწყობას. განსაკუთრებულ ამოცანად მიმაჩნია და ჩემი მისიაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ პარტიის რეგიონული ორგანიზაცია, რომლის დავალებაც ჩვენ გვაქვს პარტიის თავმჯდომარისგან. ასევე, აქტიურად ვემზადებით მომდევნო წლის არჩევნებისთვის და დამაჯერებელი გამარჯვებისთვის,“ – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.
ის იმედოვნებს, რომ უკვე ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის მუშაობის შედეგი „დროის პერსპექტივაში“ კიდევ უფრო დაფასდება.
„მამუკა ბახტაძე არის ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ვფიქრობ, რომ ის ღირსეულად ემსახურა პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენს ქვეყანას. ჩემთვის იყო ძალიან დიდი პატივი, რომ მემსახურა მასთან ერთად და ის რეფორმები, რომლებიც გატარდა ეკონომიკის მიმართულებით, განსაკუთრებით კი, განათლების ეროვნული იდეის რეალიზების თვალსაზრისით, დროის პერსპექტივაში კიდევ უფრო კარგად დაფასდება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძის შესაძლო გადადგომის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. მამუკა ბახტაძე დღეს, 2 სექტემბერს, გადადგა.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს წინა პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ გადადგა. მანამდე კი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ გადადგა აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, რომელიც ახლა საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნების“ კვოტით.
თორნიკე რიჟვაძე განიხილებოდა როგორც ყოფილი პრემიერის – მამუკა ბახტაძის კადრი.
თორნიკე რიჟვაძე ერთ წელზე მეტია, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ მუშაობს. ის ამ თანამდებობაზე 2018 წლის 21 ივლისს დანიშნეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში ხვალ, 3 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღისით უნალექო ამინდი იქნება 4 და 5 სექტემბერსაც.
ობსერვატორიის პროგნოზით, 2 სექტემბრის 21 საათიდან 3 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა, დღის მეორე ნახევრიდან კი უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.
ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 17-22 გრადუსი, დღისით 23-28 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში – ღამით 8-13 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით და დილით დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა ღამით 4-10კმ, დღისით – კარგი. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ(2-3 ბალი).
ზღვის წყლის ტემპერატურა: +26 გრადუსი.
4 და 5 სექტემბერს მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან მცირე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება პრემიერმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
„ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.
მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს”, – წერს ბახტაძე.
მამუკა ბახტაძე წერს, რომ დღეს, 15:00 საათზე, ამ და სხვა საკითხებზე შეხვედრა ექნება მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ყველა შეკითხვას უპასუხებს.
„ჩემი გულწრფელი მადლობა სახელმწიფო უწყებების ყველა თანამშრომელს, მინისტრთა კაბინეტს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ყველას, ვისთან ერთადაც შესაძლებელი გახდა ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევა. მადლობა ჩემს თითოეულ თანამშრომელსა და თანამებრძოლს, ვისთან ერთადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდი.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ − ქართულ საზოგადოებას, თქვენი მხარდაჭერა, რჩევები, კრიტიკა ჩემთვის იყო და არის მთავარი მამოძრავებელი იმპულსი ქვეყნის მშენებლობის საქმეში.
მიუხედავად სტრატეგიული განვითარების მთავარი ჩარჩოს შექმნისა და ხელშესახები პროგრესისა, მე ვგრძნობ და ვხედავ, რომ არის რიგი საკითხები, სადაც უკეთესი შედეგის მიღება შეგვეძლო.
მეგობრებო, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იმდენად მძიმეა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქვეყანაში გვქონდეს ნეგატიური დღის წესრიგი და პოლიტიკურად ასეთი პოლარიზებული გარემო. იცით, რომ თანამედროვე მსოფლიოსა და დასავლეთის ქვეყნებშიც სულ უფრო იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია, თუმცა, ეს სახელმწიფოები სისტემურად იმდენად მდგრადია, რომ ასეთ რყევებს უძლებენ − ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი, ვინც ქართული საზოგადოების პოლარიზაციით მოიგებს, იქნება ოკუპანტი ქვეყანა.
მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან, საკუთარი მოკლევადიანი ამოცანის გადასაწყვეტად, განგვისაზღვროს დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკურ რყევებზე გადის.
ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, პარტიის თავმჯდომარის − ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ, ნულოვანი ბარიერის პირობებში, რათა მოქალაქეთა მცირე ჯგუფის ხმაც ისმოდეს პარლამენტში. ამავე დროს, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ახალ სახეებსაც გაეხსნათ გზა ქართულ პოლიტიკაში, რაც, ჩემი აზრით, მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთაა.
2020 წლის არჩევნები უნდა იყოს პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას ქვეყანაში და ამკვიდრებს ნეგატიურ დღის წესრიგს, ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, აფერხებს მის განვითარებას და მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესებში შედის.
დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას!
მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ!
ღმერთმა დალოცოს საქართველო”, – განაცხადა ბახტაძემ.
ის სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენას პარლამენტისთვის აპირებდა, დოკუმენტი მომზადებულია, თუმცა ვერ მოასწრო, ამიტომ ეს ყველაფერი ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
კაცს, რომელმაც საკუთარ სახლთან ცოლი კისრის არეში დანით დაჭრა, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა ახლახან დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
საუბარია 31 აგვისტოს მომხდარ შემთხვევაზე. კისრის არეში დაჭრილი ქალი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. გამოძიების ვერსიით, კაცი სახლთან ახლოს ცოლს ეკამათა და დაჭრა, შემდეგ კი, თავად დარეკა 112-ზე.
ადვოკატ პაატა ბოლქვაძის თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია და იგი ექიმებმა სახლში გაწერეს. ბრალდებული პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს აღიარებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
ამ ფაქტზე თავდაპირველად გამოძიება „ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით“ დაიწყო, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ბრალდებულს ოჯახის წევრის მიმართ „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას“ ედავებიან.
დღეს, 1-ელ სექტემბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე ანტისაოკუპაციო ფლიმარკეტი [ერთგვარი ბაზრობა] გაიმართა. აქციის მონაწილეები დღეს ბათუმში რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ და 20 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულების, მათ შორის ბათუმელი სოსო ბაჯელიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
“ხალხმრავალ ბათუმში კიდევ უფრო ხმამაღლა უნდა ისმოდეს პროტესტის ხმა. ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებთან, ჯგუფებთან, რომლებიც აპროტესტებენ უმაქნისი ხელისუფლების ქმედებებს, გვინდა გვქონდეს კავშირი, რომ გამოვიდეს საერთო მძლავრი პროტესტი. #სირცხვილია, ბათუმშიც სირცხვილია,” – ამბობს გიგა მაქარაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი და ბათუმში გამართული ფლიმარკეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
აქციის მონაწილეები ითხოვენ ხელისუფლებამ გაათავისუფლოს 20 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულები, მათ შორის ბათუმელი სოსო ბაჯელიძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები 16 სექტემბერს, ბათუმში დიდი საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ. აქცია ბათუმიდან თბილისში ლაივრეჟიმში გადაიცემა დიდ ეკრანზე. ხოლო 20 სექტემბერს, 20 ივნისის მოვლენების სამი თვის თავზე, დიდი საპროტესტო აქცია თბილისში გაიმართება.
“ვიქნებით ბევრი, ძალიან ბევრი და ვაჩვენებთ იმ კაცს, რომელსაც ძალიან უყვარს ფულის თვლა და ახლა უკვე თავების თვლაზე გადავიდა, ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ ბევრი, იმაზე ბევრად მეტი ვართ, ვიდრე მას ჰგონია და ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ომში მართლები ვართ. ეს არის ღირსების საკითხი, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა გაბედოს თვალი დაგვთხაროს და ინადიროს ხელისუფლებაზე,” – ამბობს გიგა მაქარაშვილი.
ორ თვეზე მეტია, რაც თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ, ყოველ საღამოს მოქალაქეები იკრიბებიან და შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამო. ქვეყნის ისტორიაში ეს არის ყველაზე ხანგრძლივი საპროტესტო აქცია.
დღეს, 1-ელ სექტემბერს, ბათუმის პორტში მშენებარე ტერმინალის წინააღმდეგ აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები “ქიმიური შეტევა ბათუმზე” და “მწვანე მომავალი საქართველოსთვის” წევრები იყვნენ.
აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის წინ კარავი გაშალეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „მწვანე მომავალი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, ზაალ ლუხუტაშვილი ამბობს, რომ კარავი მთავრობის სახლის წინ ორ დღეს იქნება, შემდეგ კი პორტთან გადაინაცვლებენ და იქ გააგრძელებენ კარვებით პროტესტს.
აქციის მონაწილეების მიაჩნიათ, რომ ქიმიური ტერმინალი ბათუმის ეკოლოგიას მნიშვნელოვნად დააზარალებს.
ქიმიური ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს
ქიმიური ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს
_____
ბათუმში ახალი ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აჭარის მთავრობასა და ამერიკულ კორპორაცია Tramm0-სა და Wondernet Exspress Investment Group-ს შორის 14 იანვარს მოეწერა ხელი. ქიმიური ტერმინალის მოწინააღმდეგეთა საპასუხოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, ნივთიერება კარბამიდი, რომელიც უნდა გადაზიდონ ახალი ტერმინალის გავლით, პირდაპირ ეთერში შეჭამა იმის სადემონსტრაციოდ, რომ აღნიშნული ნივთიერება ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
„ხომ ვერ გვეტყვით, სად მუშაობენ ქართველები“ – ქალაქ ბორჩხაში თურქულ ენაზე დასმულ ამ კითხვის პასუხად ახალგაზრდა კაცი გამართული ქართულით გვეუბნება, რომ სეზონის მიწურულია, მაგრამ თხილში დასაქმებული ქართველები სოფელ მურათლიში/ისტორიულ მარადიდში, ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიპოვოთ.
მარადიდის, იგივე მურათლის ცენტრში, პატარა სუპერმარკეტის წინ შეკრებილ კაცებს ასევე თურქულად ვეუბნებით, რომ „ქართველებს ვეძებთ“, რაზეც ერთდროულად რამდენიმე კაცი გვპასუხობს: „ჩვენ ვართ ქართველები“ – იცინიან და ქართულად იწყებენ საუბარს. ვაზუსტებთ, რომ საქართველოდან სამუშაოდ ჩასული ქართველების ნახვა გვინდა.
ბათუმის უნივერსიტეტიდან სტუმრებს ველოდებით, თორემ მეგზურობას გაგიწევდითო – აგვიხსნეს. შეკრებილთაგან ერთ-ერთი – იაშარ კიკნაძე მანქანაში ჯდება და თავის ბიძასთან მივყავართ, ქართველები მასთან მუშაობენო.
სამუშაოდ წასული ქართველები
იაშარ კიკნაძის ბიძის, 70 წლის გალიფ ჯებეჯი-დიდმანიძის საკარმიდამოში ორსართულიანი სახლი დგას. თავად ნალიის ჩრდილში ზის – მისალმების შემდეგ გვეუბნება, რომ ბაბუის ბაბუას აუშენებია ეს ნალია 100-ზე მეტი წლის წინ. ჩვენი ჩასვლის მიზეზი იცის და პირდაპირ თხილის ბაღში ჩასვლას გვთავაზობს. ციცაბო ფერდობზე დაკიდულ თხილის ბაღში თავის ქალიშვილს ჩასძახის, რომ ყურადღება მოგვაქციოს. რაც გინდათ გადაიღეთ და მე მერე დაგელაპარაკებითო.
გალიფ ჯებეჯი შვილიშვილებთან ერთად და 100-ზე მეტი წლის ნალია
გალიფ ჯებეჯისთან ბათუმელები – ორი ქალი და ორი კაცი მუშაობს. დიდად არ სიამოვნებთ ჩვენი, ანუ ჟურნალისტების დანახვა, მაგრამ მასპინძლის თხოვნას ვერ გადადიან.
– ვაჟა ვაშაყმაძე: ჩვენთანაც არის იმდენი ადგილი, რომ შეიძლება თხილის დარგვა, ქარხნის გაკეთებაც, ჩაიც… შეიძლებოდა ჩვენთანაც მუშაობა, მშიერი რომ არ დარჩე – პური რომ მიიტანო [სახლში]. მაგრამ ჩვენ როგორ გავაკეთოთ. ივანიშვილმა უნდა გააკეთოს.
– გია ხაბაძე: რაიმე რომ გააკეთო, ბანკიდან ფული უნდა გამოიტანო და მერე სახლს გართმევენ.
– ვაჟა ვაშაყმაძე: აბა, კაცი ხომ არ გაჩუქებს.
– გია ხაბაძე: არა, ისეთი პროცენტი აქვთ… მოსავალს მოიყვან და ვერ ყიდი, ფუჭდება და ყრი. იმიტომ აზრი არ აქვს საქართველოში რამის გაკეთებას.
ვაჟას და გიას შორის ეს დისკუსია გამოიწვია კითხვამ – მათი აზრით, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
გია ხაბაძე და ვაჟა ვაშაყმაძე
ვაჟა და გია მეზობლები არიან, დამსაქმებელი კი გიას ნათესავია. ვაჟა ფიქრობს, რომ „ივანიშვილის ხელში ასე, სხვა ქვეყანაში მუშაობით მოკვდებიან“. თხილი რომ დასრულდება, ჩაის კრეფის სეზონი შემოდის. მერე მასპინძელმა გვითხრა, რომ ბაღი გავწმინდოთ. ისინი ზამთარში ქალაქში მიდიან, ჩვენ აქ დავრჩებით, სახლსაც მივხედავთ და ბაღსაც – შემოგვთავაზა, რომ თუ აქაურობას მივხედავთ, ჩაის შემოსავალს შუაზე გაგვიყოფს, გვიყვება ვაჟა.
ვაჟა ფიქრობს, რომ დაკრეფილი თხილი მისი რომ იყოს, ყველა საჭიროებას დაიკმაყოფილებდა. ახლა კი, მიღებული შემოსავლით ტკბილეულსა და ტანსაცმელს თუ უყიდის შვილიშვილებს. ცოტა თანხის გადადებასაც საკვებისთვის აპირებს.
„დღიურად 130 ლირას გვაძლევენ, ჩვენს ფულზე გამოდის 70 ლარი. 10 დღეს რომ ვიმუშაოთ, 700-800 ლარს ვაკეთებთ. ბათუმში მე სხვა შემოსავალი არ მაქვს – არც პენსია, არც დახმარება, არც ხელფასი. 7 სული ვართ ოჯახში, შვილიშვილები მყავს – 2 და 3 წლის. ბაღში წავა წელს ერთი. არც ერთი არ ვმუშაობთ. დამოკიდებული ვართ აქაურ სამუშაოზე – ასე გადავრჩებით“.
ვაჟა ადრე რუსულ ჯარში მსახურობდა, საზღვარს იცავდა. რუსული ჯარის ბათუმიდან გასვლისთანავე ქართულ ჯარში გადავიდა, მაგრამ მალევე დაანება თავი სამუშაოს. „45 ლარი გვქონდა ხელფასი და იმასაც არ გვიხდიდნენო“. მას შემდეგ თურქეთში მუშაობით გააქვს თავი.
ვაჟა გვიყვება, რომ სახლშიც დარგო ლობიო, სიმინდი და კარტოფილიც. „დარგვას აზრი არ აქვს. ყველაფერი დარგული მქონდა, მაგრამ მთლიანად შეჭამა ფაროსანამ, გაზაფხულზე ამოვიდა ყველაფერი კარგად, მაგრამ ახლა არაფერი არაა – ფაროსანამ გაანადგურა“, – ასკვნის ვაჟა.
ვაჟასგან განსხვავებით გია ხაბაძე თურქეთში სამუშაოდ წელს პირველად წავიდა. ამბობს, რომ თითქმის 15 წელია უმუშევარია. „ბათუმში „მარშრუტკაზე“ ვმუშაობდი. მერე გაუქმდა ჩვენი ხაზი – 137 და დავრჩი უმუშევარი. შვილები მყავს, აქამდე ისინი მუშაობდნენ – ერთი დისტრიბუციაშია, პატარას მანქანა ჰყავს და ტაქსაობს. ისინი გვარჩენდნენ. აქ მეუღლესთან ერთად წამოვედი. თან გვენათესავება ეს ხალხი, ვისთანაც ვართ. კარგად ვართ – ოჯახში ვათევთ, ოთახები მოგვცეს, მათთან ერთად გვძინავს, ვჭამთ ერთად“.
გია ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოშიც ძალიან ბევრ ადამიანს დააძლევინებდა სიღარიბეს, მაგრამ ამ დარგის განვითარებისთვის სისტემურად არაფერი კეთდება. „მე სოფელი არ მაქვს, მაგრამ რომ ვუყურებ სანათესაოს, ვერაფერს ვერ აკეთებენ. დავუშვათ, მანდარინი მოიყვანა, მოკრიფა, ამოზიდა სახლში – ერთ თვეში ჩაზიდა და გადაყარა. რას უნდა მოკიდო ხელი“.
ვაჟა და შოთა ფიქრობენ, რომ მათ კარგი დამსაქმებელი შეხვდათ. „დამსაქმებელი ცუდი არ შეგვხვედრია. არის კატეგორია, რომ იმუშავებ, ფულს არ მოგცემს, არც საჭმელს და გაგადებს. ჩვენ მასეთ ხალხთან არ მივდივართო“.
მათ სამუშაო გრაფიკზეც ვკითხეთ – დილის რვიდან საღამოს ექვს საათამდე მუშაობენ და ყოველ საათში ათი წუთი შესვენება აქვთ. უმუშევრად კაცი არაფერს მოგცემოსო – ასკვნიან.
დამსაქმებელი – მესაც თქვენსავით ქართველი ვარ
70 წლის გალიფ ჯებეჯი-დიდმანიძე ამბობს, რომ მასთან ქართველები უკვე 25 წელია მუშაობენ. მას დასაქმებულებთან ურთიერთობაზე ვკითხეთ: „როგორც მათ უნდათ, ისე მუშაობენ, მათ ნათქვამ ფულს ვაძლევ, ერთად ვსადილობთ, მე სადაც მძინავს, მათაც იქ ვაძინებ სახლში, აბანო სახლშია. ეს რატომ ქენი, ის რატომ არ ქენი – ამას არ ვეუბნები. 25 წელი დადიან ქართველები. პრობლემები არ ყოფილა“.
თუმცა მან წლების წინანდელი ერთი შემთხვევა გაიხსენა, როცა ბათუმიდან ჩასული ნათესავის ბიჭები ტაქსში ჩასვა და უკან გამოუშვა. „საღამოზე ვაჭამე, ვასვი, დღისით გავუშვი თხილებში. სამი კაცი მოვდენ სამი „მეშოკით“ საღამოზე. ნათესავების ახალი ბავშვები. ვუთხარი – ეს სამი „მეშოკი“ შენ არ გეყო, მე რა ვქნა? დუძახე ტაქსი და გავაგზავნე, ბორჩხას წევდენ… დღეში ხელფასი 130 ლირაა, რამდენი უნდა მოკრიფო, რომ შენც შეგხვდეს და მეც დამრჩეს? ზოგი პიკნიკისთვის მოდიან… თქვენებურის ქართული და ჩვენი ქართული ერთნაირი არა. ჩვენი პირიდან რაცხა პასუხი გამოვდა – 10 საათზე თუ საღაც უნდა შევხვდეთ, 15 წუთით მე წინ მივალ. თქვენებისა ეს არაა – 5 წუთი მოვალო და 5 საათი გეიარს კიდევ არ მოვა“, – გვიყვება აჭარული აქცენტით გალიფ ჯებეჯი.
ჰესი საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ისტორიულ სოფელ მარადიდში. გალიფ ჯებეჯის აზრით, რაც ეს ჰესი აშენდა, მას შემდეგ სოფელში მოსავლიანობამ იკლო
მას მარადიდზე და იქაურ ქართველებზეც ვკითხეთ. გვითხრა, რომ სოფელი იცლება. ადრე აქ 1000 ამომრჩეველი იყო, ახლა 200 თუ იქნებაო: „ბავშვები ვაკითხეთ ჩვენ – სკოლაში გავაგზავნეთ, უნივერსიტეტში… უნვერსიტეტი გათავებული კაცი – გოგომა-ბიჭმა აქ სოფელში რა ქნას. სოფელი არ უნდათ“.
გალიფ ჯებეჯი ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა: „მესაც თქვენსავით ქართველი ვარ, ჰამა თუ წვრილქართულად ვერ გაგაგნებიეთ, დიდი ბოდიშიო“.
იაშარ კიკნაძე
მან მთელი დღე ჩვენთან ერთად გაატარა. არაერთი მარადიდელის ეზოში შეგვიყვანა ან ისინი გამოიყვანა ჩვენთან შესახვედრად. ამ სოფელში თითქმის ნებისმიერ ეზოში ქართულად გელაპარაკებიან. გამონაკლისი მხოლოდ ბავშვები არიან.
იაშარ კიკნაძე სტამბულში ცხოვრობს და პენსიონერია. გვითხრა, რომ 5 ათასი ლირა აქვს პენსია და ახლა მოგზაურობით არის დაკავებული. ყველა ქალაქში ნაცნობი მყავსო.
მას სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავალზე ვკითხეთ. როგორც გვითხრა, სეზონზე 30 ტონა ჩაის კრეფს და 3.5 ლირად აბარებს, ასევე 5-6 ტონა თხილს, რომლის ჩასაბარებელი ფასი 15 ლირა ყოფილა. ოფლის გარეშე მაქვს ეს შემოსავალი – თხილი ქართველებმა მომიკრიფეს, ჩაი რიზელმა ლაზებმაო – გვეუბნება და თავის უახლეს გეგმებზე საუბრობს: ერთ კვირაში ბათუმში აპირებს ჩამოსვლას, შემდეგ კი გამოსაზამთრებლად სტამბულში წავა.
ვიდრე დავემშვიდობებოდით, მას ვკითხეთ, რა იყო მისთვის მარადიდი: „მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, სკოლა აქ დავამთავრე. აქაურობა მიყვარს ძალიან. ჩვენი ბაბუას მიწებია, ჩვენ ამას ხელიდან არ გამოვიყვანთ. აჰა, ისტამბულში რაღაც მოხდა, მოხვალ დაჯდები, ეს გარანტირებული ადგილიაო“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1 სექტემბრის 21 საათიდან 2 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა, ელვა, ჭექა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.
ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში ღამით 17-22 გრადუსი, დღისით 23-28 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში ღამით 8-13 გრადუსი, დღისით 15-20გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ზოგან ხანმოკლე წვიმა. ხილვადობა კარგი.
ტალღის სიმაღლე 7-12 დმ.(2-3ბალი)
ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსი.
3 და 4 სექტემბერს აჭარის ზღვისპირა ზოლში და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდები.
ხვალ, 2 სექტემბერს, აჭარაში აჭარა ფრინველებზე დაკვირვების მერვე საერთაშორისო ფესტივალი დაიწყება. მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას ბათუმში დიდი ბრიტანეთიდან „Birdfair“ – ის დამფუძნებელი ტიმ ეპლტონი და “Raptor Retrea” – ის წარმომადგენელი მაიკ ჰენდერსონი უცხოელ და ქართველ კოლეგებთან ერთად დააკვირდებიან.
ფესტივალის ფარგლებში დღის განმავლობაში დაგეგმილია გასვლითი ტურები ფრინველთა დაკვირვების პუნქტებზე, საღამოობით კი ლექცია-სემინარები. სემინარებზე უცხოელი და ქართველი ექსპერტები ერთმანეთს ფრინველთა სახეობების დაცვასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცდილებას გაუზიარებენ.
ფესტივალში ჩართვა და დაკვირვების პუნქტებზე წასვლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ფესტივალის მიმდინარეობის მანძილზე, დაკვირვების პუნქტებზე ტრანსპორტირებას ორგანიზატორები უზრუნველყოფენ. ტრანსპორტით სარგებლობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია.
აჭარა აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის სახელითაა ცნობილი. რეგიონში ყოველწლიურად 1 000 000 – ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. რეგიონი მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა რიცხოვნობით მესამე
ადგილზეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.გ. და 1978 წელს დაბადებული რ.ც. დააკავეს.
“სამართალდამცველებმა გ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, 80 აბი „მეტადონი“ და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. რ.ც.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი პოლიციამ 143 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ალბათ, ყველაზე საინტერესო, რაც შეიძლება ისწავლოს ადამიანმა, ფიზიკაა,“ – ფიქრობს ბათუმელი დაჩი ხუციძე. ის იმ სტუდენტებს შორისაა, ვინც სახელმწიფოსგან 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო. დაჩი ფიზიკოსობას აპირებს. ის თავისუფალ უნივერსიტეტში ისწავლის.
„თავიდან ფიზიკა ძალიან მერთულებოდა, არ მომწონდა. მე-11 კლასიდან გავაცნობიერე, რომ რეალურად ეს ყველაზე საინტერესო საგანი იყო… ჯერ არ ვიცი, ფიზიკის მასწავლებელი ვიქნები, თუ სხვაგან ვიმუშავებ. ვიცი, რომ ფიზიკა ყველაზე მეტად მაინტერესებს,“ – გვითხრა დაჩიმ.
დაჩი ხუციძემ ბათუმის სასულიერო გიმნაზია დაასრულა. ფიზიკაში მან მაქსიმალური 75 ქულიდან 66 აიღო. ინგლისურში 72 – მაქსიმალური 80-დან. ქართულ ენასა და ლიტერატურაში 50 ქულა, ზოგად უნარებში – 73, მათემატიკაში – 52 ქულა.
„გრანტის მიღების მოლოდინი მქონდა… გუშინ ღამით სპეციალურად გვიან დავიძინე, რომ დილით იმ დროს გამეღვიძა, როცა შედეგები უკვე ცნობილი იქნებოდა. გაღვიძებისთანავე შევედი მობილურიდან ინტერნეტში და ეს შედეგი დამხვდა. სახლში არავინ იყო. პირველად ბებიას დავურეკე, რომელიც მუშაობს… ჩემი შედეგი მეტწილად ეკუთვნის ჩემს მათემატიკის და ფიზიკის მასწავლებლებს, რომლებთანაც ბოლო წელს ვემზადებოდი,“ – გვიყვება დაჩი ხუციძე.
დაჩი თვლის, რომ ყველა, ვინც სკოლას ასრულებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების სურვილი არ უნდა ჰქონდეს. დაჩის მშობლების დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობას ხედავს.
„დღეს ისეა, რომ შვილმა თუ უნივერსიტეტში არ ჩააბარა, არ მოსწონთ. მშობლები თვლიან, რომ მათი შვილები არიან საუკეთესოები, არადა ბევრად მეტი შესაძლებლობაა ისწავლონ პროფესიულში და კონკრეტული საქმე აკეთონ. დამოკიდებულება შესაცვლელია სკოლაშიც: მასწავლებლები თვლიან, რომ მაინც ყველა ემზადება და რაღა აზრი აქვსო. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ეს უნდა შეიცვალოს. სანამ არ იქნება ნორმალური სწავლა, სულ იარსებებს რეპეტიტორების ინსტიტუტი. მე არ ვფიქრობ, რომ რეფორმები, რაც ახლა ტარდება, სკოლის გაჯანსაღებისკენ მიდის,“ – მიიჩნევს დაჩი ხუციძე.
2019 წლის ივლისის თვეში საქართველოში 1 126 900 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1 082 717 ვიზიტი განხორციელდა. ჯამში 44 183 ტურისტით მეტი, ვიდრე შარშან.
ქვეყნების მიხედვით, ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
აზერბაიჯანი – 243 389
რუსეთის ფედერაცია – 217 454
სომხეთი – 211 726
თურქეთი – 184 295
ევროკავშირის ქვეყნები – 73 453
გარდა ამისა, 31 817 ტურისტი ეწვია საქართველოს უკრაინიდან, 31 434 კი საუდის არაბეთიდან. ათეულში შედიან ვიზიტორები ისრაელიდან, ყაზახეთიდან და ირანიდან.
2018 წლის ივლისის თვესთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა რუსეთის გარდა ყველა ქვეყნიდან გაიზარდა. 2018 წელს ივლისის თვეში 247 201 ვიზიტორი სტუმრობდა, 29 747 მეტი, ვიდრე 2019 წელს.
დაზუსტებული სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 31 აგვისტოს გამოაქვეყნა.
პოლიციამ ბათუმში ავტომობილების ქურდობის ფაქტზე 3 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 2001 წელს დაბადებული ნ.ც., 2001 წელს დაბადებული გ.ხ. და 1999 წელს დაბადებული ბ.ხ.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ხ.-მ და ბ.ხ.-მ მიმდინარე წლის აგვისტოში, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომიდან ჯგუფურად მოიპარეს მოქალაქის კუთვნილი ტოიოტას მარკის ავტომობილი. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
რაც შეეხება ნ.ც.-ს. გამოძიების თანახმად, მან მიმდინარე წლის 24 აგვისტოს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან მსუბუქი ავტომობილი მოიპარა. ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ის ცხელ კვალზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაქურდალი ავტომობილით მუხაესტატეში გადაადგილდებოდა. ორივე ავტომობილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.,” – ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
კვირას, 1 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ანტისაოკუპაციო ფლი მარკეტი გაიმართება.
“საქართველოში მოქმედი სტარტაპები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან და შემოსული თანხის 20%-ს ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე,” – ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ ტექსტში.
ფლი მარკეტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუ გსურთ, თქვენც გაიტანოთ პროდუქცია გასაყიდად, საჭიაროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, სადაც აღწერთ თუ რა ტიპის პროდუქციას გაიტანთ და ასევე მიუთითებთ გჭირდებათ თუ არა რაიმე სპეციფიკური რეკვიზიტი აქციის ორგანიზატორებისგან.
ფლი მარკეტი ევროპის მოედანზე 18:00-დან დაიწყება.
ფლი მარკეტის ბათუმში გამართვა ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რუსთაველი ფილმ “ფორსაჟის” გადაღებების გამო გადაკეტეს.
ორ თვეზე მეტია რაც თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ, ყოველ საღამოს მოქალაქეები იკრიბებიან და შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამო. ქვეყნის ისტორიაში ეს არის ყველაზე ხანგრძლივი საპროტესტო აქცია.
*ფლი მარკეტი არის ერთგვარი ბაზრობა, სადაც მოქალაქეები ხელნაკეთი ნივთებით და სხვადასხვა წვრილმანებით ვაჭრობენ.
ბათუმში ოჯახური კონფლიქტის შედეგად ოჯახის წევრმა ქალი კისრის არეში ბასრი იარაღით დაჭრა. ქალს, რომელსაც კისერში ჭრილობა ჰქონდა, კლინიკა “მედალფაში” გაუწიეს სამედიცინო დახმარება. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ქალს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული კისრის არეში, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხრიდან. ექიმი ამბობს, რომ ქალი ამბულატორიულ მკურნალობას ექვემდებარება და მალე გაწერენ კლინიკიდან.
შსს-ს ინფორმაციით კაცი, რომელმაც ქალი დაჭრა, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია გიორგი კუპრეიშვილი. მას 2006 წლის იანვარში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გიორგი კუპრეიშვილი ასლან აბაშიძის მმართველობის დროს უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო 1996 წლიდან 2004 წლის 5 მაისამდე, ვიდრე აჭარაშიც მოხდებოდა „ვარდების რევოლუცია“.
„გიორგი კუპრეიშვილის საქმის“ გადასინჯვის მოთხოვნით ამჯერად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 17 ივნისს მიიღო.
გიორგი კუპრეიშვილი 2006 წელს, ანუ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რამდენიმე მუხლით გაასამართლეს. ერთ-ერთი მთავარი ბრალი უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში თამაზ ასანიძის უკანონოდ მოთავსება იყო. პროკურატურა მაშინ ირწმუნებოდა, რომ გიორგი კუპრეიშვილმა მოათავსა იზოლატორში უკანონოდ სხვებთან ერთად თამაზ ასანიძე, რომელმაც საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დააღწია ციხეს თავი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მინისტრის მოადგილის ფუნქციურ მოვალეობებს, რა პოზიციაზეც გიორგი კუპრეიშვილი მუშაობდა, მინისტრი განსაზღვრავდა.
„პატიმრების იზოლატორში დატოვებასთან, გადაყვანასთან, გათავისუფლებასთან მინისტრის არც ერთ მოადგილეს შემხებლობა არ ჰქონდა და ეს მათ მოვალეობაში არ შედიოდა. მათთან ურთიერთობა შესაძლებელი იყო მხოლოდ მინისტრის დავალებით,“ – აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
„სააპელაციო სასამართლოში თენგიზ ასანიძის მიერ მიცემული ჩვენებით, მოწმე თენგიზ ასანიძე გამორიცხავს გიორგი კუპრეიშვილის როლს დროებითი მოთავსების იზოლატორის კურატორობასთან მიმართებაში… მოწმე თენგიზ ასანიძე გიორგი კუპრეიშვილს მოიხსენიებს რეჟიმის მსხვერპლად, რომელიც გასამართლებული იქნა ასლან აბაშიძის და იოსებ გოგიტიძის ნაცვლად,“ – ვკითხულობთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ასლან აბაშიძის აჭარიდან წასვლის შემდეგ აჭარის უშიშროების მინისტრის მოადგილის – გიორგი კუპრეიშვილის სამუშაო კაბინეტში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩინეს. მაშინ გამოძიება ავრცელებდა ვერსიას, რომ იარაღი გიორგი კუპრეიშვილის ჩაკეტილ კაბინეტში იპოვეს. სააპელაციო წესით საქმის განხილვის დროს კი, მოწმეებმა თქვეს, რომ გიორგი კუპრეიშვილს კაბინეტი და არც მოსასვენებელი ოთახი ჩაკეტილი არ ჰქონდა და იქ არც იარაღი ინახებოდა. მას იარაღი ჩაუდეს.
გიორგი კუპრეიშვილს ედავებოდნენ 2004 წლის მარტში ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ცემის და ძარცვის, ასევე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის დავალების გაცემასაც. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი მიუთითა უშუალოდ ვახტანგ კომახიძის ჩვენებაზე, სადაც ის მხოლოდ აჭარის იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს – ჯემალ გოგიტიძეს და უშიშროების მინისტრს – იოსებ გოგიტიძეს ამხელდა.
„მოწმის სახით დაკითხულმა ვახტანგ კომახიძემ განაცხადა, რომ მისი ცემისა და ძარცვის ფაქტზე გიორგი კუპრეიშვილის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის იმდროინდელი თავმჯდომარე გივი თარგამაძე და ჟურნალისტი გურამ დონაძე. დახურულ სასამართლო სხდომაზე ვ. კომახიძემ ასევე განაცხადა, რომ გივი თარგამაძე ითხოვდა მისგან დაედასტურებინა სასამართლოზე, რომ გიორგი კუპრეიშვილის კაბინეტში 2004 წლის 6 მაისს ერთად ყოფნისას ნახა იარაღები, რაზედაც მან, მიუხედავად მასთან მეგობრობისა იმ პერიოდში, უარი განაცხადა“, – ვკითხულობთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
აქვე აღნიშნულია, რომ გიორგი კუპრეიშვილის მიმართ შეწყდა ჟურნალისტების ძარცვისა და ცემის ფაქტებზე, ასევე ტერორიზმის მცდელობის კუთხით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.
ჟურნალისტებზე უკანონო სატელეფონო მიყურადებასაც ედავებოდნენ გიორგი კუპრეიშვილს. გამოძიების ვერსიით, აბაშიძის მმართველობის დროს „აჭარა პს“-ის ჟურნალისტებს – ლალი ბერძენიშვილსა და ჯონი კალანდაძეს, ასევე სააგენტო „ინტერპრესის“ ჟურნალისტს – დიანა ტრაპაიძეს, გიორგი კუპრეიშვილის დავალებით, უკანონოდ უსმენდნენ.
სააპელაციო სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა ვინმე სერგო კუვშინცოვმაც, რომელმაც 2004 წელს გამოძიებას დაუდასტურა ის, რომ სატელეფონო მიყურადებაზე დავალებას გიორგი კუპრეიშვილისგან იღებდა. ამჯერად კი, მოწმემ თქვა, რომ ეს „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ გამო თქვა და უკანონო მოსმენებს უშუალოდ უშიშროების მინისტრი – იოსებ გოგიტიძე ავალებდა.
ბათუმში, პუშკინის ქუჩა #137/139-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობა დაიტბორა. მოსახლეობის თქმით, სახურავი დაზიანდა და წყალი მესამე სართულის ბინაშიც ჩავიდა.
„ძლივს გამოვასწარით ისე ჩამოდიოდა წყალი, სრულად დაზიანდა ავეჯი… შუქიც არაა გათიშული კორპუსში, ყველგან წყალია… წყალი სახურავიდან წინა გაწვიმებაზეც ჩამოვიდა, მივედით მერიაში და ორშაბათისთვის დაგვიბარეს,“ – გვითხრა მოქალაქე ჟუჟუნა ჯიჯავაძემ.
ამ დროისთვის [23:50] ადგილზე მერიის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
„ეს სახურავი დიდი ხანიაა დაზიანებული. მე პირადად ერთი კვირის წინ ვიყავი აქ მოსული და მესაკუთრე გავაფრთხილე, რომ სახურავი თავად უნდა შეეკეთებია. თუ ამის საშუალება არ ჰქონდათ, უნდა მოემართათ განცხადებით მერიისთვის. მერიაში განცხადება არ შემოსულა. დღეს დროებით შევაკეთებთ სახურავს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ბათუმის მერიის სერვისსააგენტოს მენეჯერმა, ედნარ მამულაიშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სასადილოს მოწყობის მიზნით, სათაო ოფისის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 865 000 ლარია. ტენდერი არ ითვალისწინებს ავეჯის, ინტერიერის დეკორატიული ელემენტების და სამზარეულოს ტექნოლოგიური აღჭურვილობის შესყიდვას. სამზარეულო, როგორც ეროვნულ ბანკში გვითხრეს, თბილისში, სანაპიროს ქუჩა N2-ში მდებარე იუსტიციის სახლის შენობაში მოეწყობა, სადაც დღეს, ეროვნული ბანკია განთავსებული.
დაგეგმილია შენობის მეოთხე სართულზე ერთ სივრცეში არსებული სამი ოფისის გაერთიანება და ამ ფართობზე საინჟინრო კომუნიკაციების ადაპტირება. ასევე ამ ოფისების მომიჯნავედ შენობის ღია სივრცეში ე.წ. სოკოს ქვეშ სამზარეულოს ლიფტის, ცივი საამქროს, სამრეცხაოს, გასაცემი ხაზის და კაფეს მოწყობა.
სასადილოს მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში ძირითადი სამუშაოებია: შენობის ნულოვან სართულზე, მთავარ შესასვლელთან საევაკუაციო კარის მოწყობა; მე-3 და მე-4 სართულებზე სარეკონსტრუქციო ფართობზე არსებული ტიხრების, იატაკისა და კარების, ასევე არსებული კომუნიკაციების დემონტაჟი; ახალი თაბაშირ-მუყაოს და მინის ტიხრების, კარების (მათ შორის – მინის), ლითონის კიბეების, იატაკების, სპაიდერ სისტემით ვიტრაჟის და პერფორირებული დეკორატიული პანელის, საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა, დანადგარების და მოწყობილობების მონტაჟის ჩათვლით, ასევე მოსაპირკეთებელი და სამღებრო სამუშაოების ჩატარება, შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება, ობიექტის დასუფთავება და ჩაბარება.
ტენდერის მოთხოვნაა ყველა სამუშაო შესრულდეს პროექტის [რომელიც თან ახლავს სატენდერო განაცხადს] ნახაზისა და სქემის შესაბამისად, საპროექტო ზედამხედველობის
პირობებში.
სამზარეულოს პროექტიდანსამზარეულოს პროექტიდანსაპროექტო სივრცის რენდერი
ეროვნული ბანკი ახალ სათაო ოფისის მშენებლობასაც გეგმავს თბილისის ცირკის მიმდებარედ, რისთვისაც სავარაუდოდ, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. ახალი სათაო ოფისის პროექტირების პროცესისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ეროვნულმა ბანკმა ტენდერი გამოაცხადა, სადაც სატენდერო თანხა 2 460 000 ლარია.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა – თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, რომ ერთ-ერთი ეპისკოპოსი დაემუქრა და უთხრა, რომ მოკლავენ.
„ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი რო რაც ჩემმა ძმამ მამა გიორგიმ იცის ყველაფერს ვიტყვი მეთქი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი რამაც დიდი გამოხმაირება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ), რომელმაც დამემუქრა და მითხრა, რომ მომკლავდნენ თუ დავიწყებდი საუბარს, რაზეც ჩემი პასუხი იყო რომ მზად ვიყავი. შემდეგ ჩემი მცირეწლოვანი შვილებით დამემუქრა. ეხლა ჩემი შვილების და მამაოს შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში, რაც საპატრიარქოში ხდება. მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება!“ – წერს „ფეისბუქში“ თორნიკე მამალაძე.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას ბრალად პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის მკვლელობის მცდელობა დაუმტკიცდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“
გიორგი მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.
თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა. დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.
დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ა.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის რენტგენო-სკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ; 666,12 გრამი ოქროს საიუველირო და 2 კილოგრამზე მეტი ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 19912.51 ლარი შეადგინა. ამასთან, ავტომობილში აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 72 ცალი ჩილიმის არომატორი [წონით 44 კგ] საერთო ღირებულებით 2770 ლარი.“- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თინათინ ციხელაშვილმა დღეს ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სოფელ ჩორჩანასთან ახლოს სამხედრო ტექნიკა გადაადგილდებოდა.
„ჩვენი ყველა ნაბიჯი სიტუაციის დეესკალაციისა და, ზოგადად, უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისკენაა მიმართული. ისევე როგორც პოლიციის ეს საგუშაგო ჩორჩანას მახლობლად.
გავრცელებული განცხადებები, თავისი ხასიათით იყო არამხოლოდ სამართლებრივად, არამედ ყველა თვალსაზრისით გაუმართლებელი.
გვაქვს იმედი იმისა, რომ ტექნიკური შეხვედრა შედგება. რაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება. ადგილზე გახლავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და სპეციალური წარმომადგენელი, ჟენევის თანათავმჯდომარე. არავის ინტერესში არ შედის რაიმე ტიპის ესკალაცია, მოსახლეობის ინტერესში ეს არ და ვერ იქნება. საოკუპაციო ხაზის როგორც აქეთ, ისე იქით მხარეს, რა თქმა უნდა ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება. მინდა გავიმეორო ჩემი მოსაზრება და გამოვხატო იმედი, რომ ნებისმიერი განცხადებისა თუ მოქმედებისგან, რაც ამ დღეებში ვნახეთ, ყველა შეიკავებს თავს და სიტუაცია განიმუხტება, უსაფრთხოების და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა მინისტრმა.
გუშინ, 29 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ სოფელ ერგნეთში, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრაზე პირობა დააყენა, რომ პარასკევს, დილის 6 საათამდე სოფელ ჩორჩანაში, რომელიც ცხინვალის მტკიცებით, მათი ტერიტორიაა, ქართული პოლიციის ახალი პოსტი უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში “მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველანაირი ზომა და მოსახლეობის დასაცავად ყველა საშუალება იქნება გამოყენებული”.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სოფელ ჩორჩანაში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ულტიმატუმის ენით საუბარს არ აპირებენ და ეს ჟურნალისტების არასწორი ინტერპრეტაცია იყო.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის პროგრამისთვის ფილმების შერჩევა დაასრულა. კინოფესტივალის [BIAFF] დამფუძნებელმა ზვიად ელიზიანმა წლევანდელი ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა გამოაქვეყნა.
წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში 25 ფილმი იქნებაწარმოდგენილი, საიდანაც 6 ქართველი რეჟისორის ნამუშევარია. ეს ფილმებია:
[checklist]
გაბანა, ნიკოლოზ გუგუშვილი, საქართველო, 2019; 30 წთ
კარს მიღმა, ნიკა ქურდაძე, საფრანგეთი / საქართველო, 2019; 31 წთ
ტრადიცია, სოსო ბლიაძე, საქართველო, 2019; 22 წთ
ცხოველი, ამირან დოლიძე, საქართველო, 2019; 30 წთ
ცუდი ხალხი, გიორგი სიხარულიძე, საქართველო, 2019; 20 წთ
ღმერთი ურჩხული, აგუსტინა სან მარტინი, არგენტინა, 2019; 10 წთ
შესანიშნავი 60 დღე, ტაევუ კიმ, სამხრეთ კორეა 2019; 9 წთ
ხაფანგი, ნადა რიადი, ეგვიპტე / გერმანია, 2019 წელი, 20 წთ
[/checklist]
მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ნომინაციებია – საუკეთესი ფილმი და ჟიურის სპეციალური პრიზი.
საერთაშორისო ჟიური შედგება 3 წევრისგან – ოთარ შამათავა – თავმჯდომარე [საქართველო], პოლ ტილჯეს [ლუქსემბურგი], დავიდ ლორენცი [გერმანია].
BIAFF ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“ და სასტუმრო “Wyndham”-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. კინოჩვენებები გაიმართება ასევე ღია ცის ქვეშ ევროპის მოედანზე.
კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის ე.წ.„უფასო ბილეთების“ აღება იქნება საჭირო [რაც დაჯავშნის და კონტროლისთვის გამოიყენება] კინოთეატრში [აპოლო] BIAFF ინფოცენტრში.
კინოფესტივალზე აკრედიატაცია სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ რეგისტრაციის მეშვეობით ფესტივალის საიტზე: https://biaff.org/media-acreditation
ბათუმის კინოფესტივალი ჩატარდება 2019 წლის 15-22 სექტემბერს.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“.
თამთა თავართქილაძე ბიოქიმიას ინგლისურად სან დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლის. მან სკოლა ხულოში დაამთავრა. თამთამ 100-პროცენტიანი გრანტის მიღების შესახებ დღეს, 30 აგვისტოს გაიგო.
„რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. მე ჯერ კიდევ იანვარში მივმართე სან დიეგოს უნივერსიტეტს შიდა დაფინანსების მოსაპოვებლად, რადგან სან დიეგოში სწავლის ღირებულება ერთი წელი 7 500 ამერიკული დოლარია. შიდა დაფინანსება – 6500 დოლარი მოვიპოვე. დღეს კი, სახელმწიფო დაფინანსებაც მივიღე, რითაც დარჩენილ თანხას დავფარავ,“ – ამბობს თამთა თავართქილაძე.
თამთამ ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური ქულა – 80 მიიღო, ზოგად უნარებში 80-დან 71 ქულა აიღო, ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 65, ქიმიაში – 50. თამთა ყველა საგანში ხულოში ემზადებოდა მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
„ინგლისურში განსაკუთრებით დამეხმარა „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე, რომელიც ორი წლის განმავლობაში ხულოში, ჩემს ოჯახში ცხოვრობდა. უშუალო კომუნიკაცია ყველაზე უკეთ გავითარებს“, – ფიქრობს თამთა თავართქილაძე.
ჯერ არ იცის, რა მიმართულებით იმუშავებს, მაგრამ თამთა დარწმუნებულია, რომ ბიოქიმიით ბევრი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.
„მნიშვნელოვანია ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე მუშაობა, მედიცინაც მაინტერესებს… დარწმუნებული ვარ, რომ ქიმიურ ლაბორატორიებში ბევრი ისეთი პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი, რაც სამყაროს აწუხებს, მათ შორის, გარემოს დაცვის პრობლემები. ქიმია დიდი ხანია მიყვარს. შესაძლოა, ეს არჩევანი დედამაც განაპირობა. ის ქიმიის მასწავლებელია,“ – გვიყვება თამთა თავართქილაძე.
საჯარო სკოლებში ქიმიის ლაბორატორიების პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას თამთა. მისი თქმით, დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ქიმიის კარგად მოწყობილი ლაბორატორია ჰქონდათ, მაგრამ არ ჰქონდათ ნივთიერებები, რითაც ქიმიურ ცდებს ჩაატარებდნენ.
„არ ვიცი, რატომ არ იყო. ბევრ სკოლაში ვიცი, ლაბორატორიაც არ აქვთ. ზოგადად, საბუნებისმეტყველო საგნების კარგად სწავლება ისევ პრობლემაა,“ – აღნიშნავს თამთა.
თამთა საუბრობს სკოლაში არსებულ პრობლემებზეც. მისი შეფასებით, სკოლის სასწავლო პროგრამა და ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნები ერთმანეთს ხშირად აცდენილია.
„პრობლემაა მასწავლებლების კვალიფიკაცია და მოტივაციაც. ხშირად მასწავლებლები ძირითადად საუბრობენ ხელფასებზე, მაგრამ ეს არაა მთავარი პრობლემა,“ – დასძენს თამთა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აგვისტოს 21 საათიდან 31 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ღრუბლიანობის მომატება; წვიმა – დროგამოშვებით ზოგან ძლიერი; ელვა-ჭექა. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, დროგამოშვებით 17-22მ/წმ-ში.
ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 18-23, დღისით 23-28 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 15-20 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, დროგამოშვებით 17-22მ/წმ-ში. წვიმა, ზოგან ძლიერი. ხილვადობა: 4-10კმ. ტალღის სიმაღლე: 15-25 დმ. (4 ბალი);
ზღვის წყლის ტემპერატურა: +26 გრადუსი.
კვირას, 1-ელ სექტემბერს, ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში, საღამოს და ღამის საათებში, ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით ბათუმში: 23-28 გრადუსი სითბო.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები. რესურსცენტრის უფროსის ხელფასი 250 ლარით გაიზრდება და 1 450 ლარით განისაზღვრება. გაიზრდება რესურსცენტრებში დასაქმებული სხვა თანამშრომლების ხელფასებიც.
კერძოდ: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 200 ლარით მოიმატებს და 1000 ლარი გახდება. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 150 ლარით გაიზრდება და 950 ლარი იქნება. 150 ლარით მოემატება ანაზღაურება პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს და მისი თანამდებობრივი სარგო 850 ლარი გახდება.
გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში ხელფასები საშუალოდ 20%-ის ფარგლებში გაეზრდებათ საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, ტექპერსონალს, მათ შორის, სკოლის ექიმს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს.
ხელფასი გაეზრდებათ, ასევე, მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. ეს პირები წარმოადგენენ სკოლის ადმინისტრაციას და თანამდებობრივ სარგოზე მათი დანამატი 125 ლარი იქნება.
სკოლები დამატებით დაფინანსებას მიიღებენ ასევე ფულადი ჯილდოს გასაცემად იმ საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც სკოლას დატოვებენ. დაფინანსების გაზრდის მიზნით, მთავრობის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, გაიზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი, რომელიც ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით განისაზღვრება.
შეიცვლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის საჯარო სკოლების დამატებითი დაფინანსების ოდენობაც. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის, ყოველთვიურად საჯარო სკოლა დამატებით 600 ლარით დაფინანსდება.
საქართველოს განათლების მინისტრმა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი განსაზღვრა. მიხეილ ბატიაშვილის ბრძანება, შესაბამისი დანართით [#3], რომელიც გამოცდებისათვის ჩასაბარებელ საგნებს [მათემატიკა/ისტორიას] მოიცავს დარგის/სფეროს მიხედვით, 2019 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.
მინისტრის გადაწყვეტილებით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენებიდან ერთ-ერთი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამის შესაბამისად [ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული]; მათემატიკა ან ისტორია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.
ბრძანების მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სავალდებულო საგნად განსაზღვროს მათემატიკა ან ისტორია, ხოლო თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სავალდებულო საგნად განსაზღვრავს როგორც მათემატიკას, ისე ისტორიას, აბიტურიენტი უფლებამოსილია, ამ საგნებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი ან ორივე საგანი.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამისათვის აირჩიოს ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა. ორი ან მეტი უცხოური ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხოური ენიდან ჩააბაროს მხოლოდ ერთი.
იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის არ მიუთითებს კონკრეტულ უცხოურ ენას, აბიტურიენტი ვალდებულია ზემოთ მითითებული უცხოური ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.
აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლებელია დააწესოს დამატებითი გამოცდა ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე საგანში:
ა) ფიზიკა;
ბ) ქიმია;
გ) ბიოლოგია;
დ) ზოგადი უნარები;
ე) გეოგრაფია;
ვ) ლიტერატურა;
ზ) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
თ) სამოქალაქო განათლება.
ამ საგნებიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორ ან მეტ საგანში დამატებითი გამოცდის დაწესების შემთხვევაში, აბიტურიენტი უფლებამოსილია აირჩიოს ერთი ან რამდენიმე საგანი.
თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გაერთიანებულად გამოაცხადებს მიღებას ისეთ პროგრამებზე, რომელთათვისაც განსხვავებული საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს როგორც მათემატიკა, ისე ისტორია. ამ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი დააწესოს დამატებითი გამოცდა.
დიპლომირებული მედიკოსის, სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ბიოლოგია და ერთ-ერთი შემდეგი საგნებიდან: ფიზიკა, ქიმია ან მათემატიკა.
„ვერაფერი ვთქვი, ვტიროდი და დედა მამშვიდებდა, ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია… მე შოკი მქონდა, რადგან სკალირების შემდეგ ბევრს მოემატა ქულები და 100-პროცენტიანი დაფინანსების იმედი მართლა აღარ მქონდა, თვალებს არ ვუჯერებდი,“ – ეროვნულ გამოცდებში საკუთარ შედეგზე პირველ ემოციას ბათუმელი ქეთო სიხარულიძე გვიზიარებს. მან 100-პროცენტიანი გრანტი მიიღო და საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ქეთო ბიზნეს და საზოგადოებრივ მეცნიერებებს ისწავლის.
ქეთო სიხარულიძემ ბათუმში სასულიერო გიმნაზია დაამთავრა, თუმცა მანამდე იგი ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი, ერთი წელი – „ევროლიცეუმში“. ქეთო სიხარულიძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 70 ქულიდან 64 მიიღო, ინგლისურში 74 ქულა – მაქსიმალური 80-დან, ზოგად უნარებში – 63, ხოლო დამატებით საგნად არჩეულ ქართულ ლიტერატურაში – 61 ქულა.
„ბოლო ერთი წელი ვემზადებოდი მხოლოდ. ძირითადად იმიტომ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვყოფილიყავი. ინგლისურში არ ვემზადებოდი, რადგან დედა ინგლისურის სპეციალისტია და მანამდე ვისწავლე. მათემატიკაში ვემზადებოდი მხოლოდ ბოლო სამი წელი… რომ არა რეპეტიტორები, არ ვიცი, ალბათ, 100-პროცენტიან გრანტს ვერ ავიღებდი, მაგრამ ჩავაბარებდი. რთული არაფერია, თუ მასწავლებელს მიყვები,“ – გვითხრა ქეთო სიხარულიძემ.
ქეთო მიიჩნევს, რომ „ზოგადი უნარების“ გაუქმება სამომავლო გამოცდებზე არ არის სწორი. „ყველაზე უკეთ ეს ამოწმებს ზოგად განათლებას და სხარტ აზროვნებას“, – დასძენს იგი.
რატომ „ბიზნესი და საზოგადოებრივი მეცნიერებები“? – ქეთო გვიყვება, რომ ეს სპეციალობა მას ბიზნესში კრეატიული იდეებით ყოფნის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, ქეთო სიხარულიძე ჩინური ენის შესწავლას აპირებს.
„თავიდან მინდოდა ბიზნესის ადმინისტრირება. მერე ვიყავი „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ღია კარის დღეზე და ეს სპეციალობა უფრო მომეწონა, რადგან წერა მიყვარს ძალიან და მინდოდა ხელოვნებასთან შეხების შესაძლებლობა მქონოდა. ამ სპეციალობაზე ბიზნესის და მენეჯმენტის გარდა, ვისწავლი ფსიქოლოგიას, ფილოსოფიას, ანთროპოლოგიას. მეორე კურსიდან კი, შემიძლია ავირჩიო რომელიმე აღმოსავლური ენა. მე ჩინური ენის სწავლას ვაპირებ. ძალიან მომწონს ჩინური,“ – ამბობს ქეთო სიხარულიძე.
23 344 კვ.მ მიწის ფართობი და ექვსი შენობა ჯამში 11 298 კვ.მ შპს TCF GEORGIA-მ აჭარის მთავრობასთან დადებული გარიგების საფუძველზე 2013 წელს დაირეგისტრირა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას მანდარინის შემფუთავი საწარმოს გახსნა, სეზონურად 2000 ტონა მანდარინის მიღება-გადამუშავება და ასევე სეზონურად საქართველოს 50 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება ჰქონდა აღებული.
2013 წელს სახელმწიფოსგან პირობებით გადაცემული ქონება თავისი ვალდებულებებით შპს TCF GEORGIA-მ პირდაპირი წესით შეისყიდა. თუმცა აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება ვერ შეძლო, ამიტომაც 2014 წელს კომპანიამ სახელმწიფოს ქონება იპოთეკით დატვირთა „ქართუ ბანკში“.
კომპანიას ვერც ქონების იპოთეკით დატვირთვით მიღებულმა ფინანსურმა რესურსმა უშველა. დირექტორის, კახა შავაძის ინფორმაციით, სიტუაცია გაართულა იმანაც, რომ კომპანიის მფლობელებს შორის, თანხის მითვისების ბრალდებით, სასამართლო დავა დაიწყო, რის შემდეგაც კომპანიამ ვერც ბანკთან აღებული ვალდებულებები შეასრულა. შედეგად ქონება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ბანკ „ქართუს“ საკუთრებაში გადავიდა.
ბანკი „ქართუსთვის“ საინვესტიციო პირობების შესრულების ხელშეწყობის საკითხი 29 აგვისტოს აჭარის მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილეს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ქართუს“ ვადა მისცეს და პირობებიც განუსაზღვრეს. რომლის მიხედვითაც, წელს „ქართუმ“ 2000 ტონა მანდარინის მიღება-გადამუშავება, ასევე 50 მოქალაქის დასაქმება უნდა უზრუნველყოს. იგივე ვალდებულებები ექნება „ქართუს“ 2020 წელსაც.
კახა შავაძემ გვითხრა ისიც, რომ კომპანია ამ ეტაპზე სხვა მიმართულებით არ საქმიანობს, თავად დირექტორი კი „ქართუსთან“ თანამშრომლობას გეგმავს.
შპს TCF GEORGIA 2012 წელს დავით მჟავანაძემ [10%], ოსმან გოგიტიძემ [15%] და თურქეთის მოქალაქემ თაჰირ მეთინმა დააფუძნეს [75%].
2020 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას ზრდის. ბათუმში დარეგისტრირებული თითოეული პაციენტისთვის დაფინანსება განისაზღვრება 70 000 ლარით, დამატებით 30 000 ლარს კი ბათუმის მერია გამოყოფს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული თითოეული პაციენტისთვის კი სამინისტრო ტრანსპლანტაციას დააფინანსებს 100 000 ლარით.
ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ღირებულება საშუალოდ 120 – 125 ათასი ლარია. თანხის ნაწილს პაციენტები თავად იხდიან.
2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაცია 7 პაციენტს დაუფინანსა – ჯამში 455 000 ლარით. თითოეული პაციენტისთვის გამოყოფილმა თანხამ 65 000 ლარი შეადგინა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 2016 წლიდან აფინანსებს.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო. რაიონულმა სასამართლომ მ.მ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.მ. 2016 წლის 14 დეკემბრიდან – 2019 წლის 3 თებერვლამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად სცემდა და ძალადობდა მეუღლის – ი.მ.-ს მიმართ. გარდა ამისა, გინებით, დამამცირებელი სიტყვებით სისტემატურად აშანტაჟებდა, შეურაცხყოფდა და ამცირებდა ცოლს და არასრულწლოვან შვილებს. სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ, დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ფსიქიკური ტანჯვა და ფსიქოლოგიური ტრავმა გამოიწვია.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2019 წლის 20 იანვარს, მ.მ.-მ, მის მიერვე დაწყებული კონფლიქტისას და შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, არასრულწლოვან შვილს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა, ხოლო შვილის ძალადობისგან დაცვის მიზნით გასაშველებლად ჩარეულ მეუღლეს გულმკერდის არეში ხელი დაარტყა“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა მ.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2019 წლის 3 თებერვალს დააკავეს. „მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ბ, გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის, ასევე არასრულწლოვნების მიმართ და არასრულწლოვნების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ბ, გ’’ ქვეპუნქტებით (ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნების თანდასწრებით ოჯახის წევრების მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია)“ – აცხადებს პროკურატურა.
ქობულეთის სოფლების – ქაქუთის, ლეღვას, მუხაესტატეს, წყავროკას, ჩაქვის მცხოვრები ფერმერები დღეს, 30 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ. ფერმერებთან ერთად იყვნენ ქობულეთის საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გუშინ, 29 აგვისტოს, განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრს სამთავრობო ჯგუფის შექმნა და თხილის მოსავლის ჩაბარების საკითხის კოორდინირება დაავალა.
ფერმერები მთავრობის სახლთან იმის გასაგებად შეიკრიბნენ, კონკრეტულად რით დაეხმარება მთავრობა მათ.
“სოფელ ქაქუთში ვცხოვრობ, დიდი ბაღი არ მაქვს, 5 ათასი მეტროა სულ. 300 კილო თხილი მოვიდა წელს. ჯერ არ გამიყიდია. ფასი არ აქვს, არ იყიდება. 1 კილო თხილი 3 – 3,50 ლარი ღირს. მაშინ, როცა სამეგრელოში თხილი ღირს 6 ლარი. გვაინტერესებს, რატომაა ასეთი განსხვავება. აქციები რომ გავმართეთ, საერთოდ დაიკეტა თხილის მიმღები პუნქტები და აღარ იღებენ თხილს,” – ამბობს ემზარ მართალიშვილი, სოფელ ქაქუთის მცხოვრები.
მიმღები პუნქტების დაკეტვაზე ჩივის ლეღვაში მცხოვრები ბიჭიკო ჯინჭარაძეც.
“ორ ჰექტარზე მაქვს ახალი ბაღი გაშენებული. წელს ტონა თხილი მოვკრიფე, ჩემმა მეზობელმა 5 ტონა მოკრიფა. ვერ ვყიდით ვერც ერთი. ტელევიზიით გამოვიდა მთავრობა, დააბრალეს მიმღებ პუნქტებს და თქვეს, ჩვენ ხვალიდან მოვაგვარებთო. მოვედი, მაინტერესებს რას გვეტყვიან. თან ვერ გავიგეთ, შევინახოთ ეს თხილი, არ შევინახოთ, 3 ლარად რანაირად გავყიდოთ. თან სექტემბერი მოდის და უფრო დავარდება ფასი,” – ამბობს ბიჭიკო ჯინჭარაძე.
რით დაეხმარება სამთავრობო ჯგუფი მეთხილე ფერმერებს იმ ფონზე, როცა მთავრობა თხილის მოსავლის კომპენსირებას არ გეგმავს? – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ “ბათუმელებთან” 29 აგვისტოს ისაუბრა.
„ეს ჯგუფი დაეხმარება ფერმერებს მწარმოებლებთან კომუნიკაციაში, თუ როგორ უნდა ჩააბარონ თხილი, რადგან თხილის ჩაბარებასაც თავისი მეთოდი აქვს. ნედლ თხილს, ზოგადად, ტენიანობა აქვს უფრო მაღალი. გამომშრალი თხილის ტენიანობა კი დაახლოებით ექვსი პროცენტია. ასეთი თხილის ფასი უფრო მაღალია. რადგანაც ფასის დარეგულირებაში ვერ ვერევით, ფერმერებს მივაწვდით ინფორმაციას, როგორ უნდა დაიცვან ტექნოლოგიები მოსავლის ჩაბარებისას, რომ ფასი იყოს ხარისხის შესაბამისი. მწარმოებლები, რომლებსაც შემდეგ პროდუქტი ექსპორტზე გააქვთ, მშრალ თხილს ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი უნდა ფლობდნენ ინფორმაციას, თუ რა ფასი დახვდებათ ადგილზე“, – განმარტა მინისტრმა.
აქციის მონაწილეები 12 საათზე შეიკრიბნენ მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან. ისინი, ჯერჯერობით ისევ იქ დგანან. ამ დროისთვის [13:00] ფერმერებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხვდება.
„მამა დავასაფლავე და იმ დღეს მაშინდელმა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მომთხოვა განცხადება დაწერე და წადიო. გუშინ დედა დავასაფლავე და ეს ამბავი მოხდა… ემთხვევა რაღაცები, საეჭვოა,“ – ამბობს ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, გურამ ხოზრევანიძე ღურტას საბავშვო ბაღში გამგესა და თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ.
ღურტას საბავშვო ბაღში კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 29 აგვისტოს, TV25-მა გაავრცელა. სიუჟეტში ბაღის გამგე აცხადებს, რომ ის პრობლემას ვერ ხედავს თანამშრომლებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში, რაც ბავშვების თვალწინ ხდება. ამ დაპირისპირების დროს ვიდეოკადრებში ისმის, რომ ბავშვები ტირიან.
გურამ ხოზრევანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კონფლიქტი ღურტას საბავშვო ბაღში „დიდი ხნის ამბავია“ და საბავშვო ბაღების გაერთიანება პერიოდულად მოკვლევას ახორციელებს.
„გატარებულია ადმინისტრაციული სასჯელებიც ორივე მხარის მიმართ… თუ დეტალურად გაინტერესებთ, მობრძანდით და ადგილზე ნახეთ. პირდაპირ ვერ გაათავისუფლებ ვინმეს, თუ არ იქნება დაცული კანონი და შინაგანაწესი. არ უნდა გაათავისუფლო ისე, რომ მერე სასამართლო მოგიგოს“, – გვითხრა გურამ ხოზრევანიძემ. ის ამბობს, რომ ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ვიდეოკადრები ჯერ არ უნახავს და ამ ეტაპზე არ იცის, რა რეაგირებას მოახდენს ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანება.
გურამ ხოზრევანიძის თქმით, ამ პროცესში „ფარდის უკან ვიღაც დგას“:
„შამილიშვილს მაშინ ვკითხე, რატომ უნდა წავიდე-მეთქი და ვერ მიპასუხა. ახლა არავის უთქვამს წადიო, მაგრამ საეჭვოა ეს ყველაფერი. აჯობებს პირდაპირ მითხრან, თუ ჩემი წასვლა უნდათ… როგორც ჩანს, მავანი ვერ ისვენებს, ვინც ფარდის უკან დგას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გურამ ხოზრევანიძემ.
2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერი 41 000 აბიტურიენტიდან 28 740-მა აბიტურიენტმა დაძლია. მათგან 1011-მა აბიტურიენტმა 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო.
მთლიანობაში სახელმწიფო გრანტი 6546-მა სტუდენტმა მოიპოვა. მათ შორის 70%-იანი დაფინანსება მოიპოვა 1 455-მა სტუდენტმა და 50%-იანი დაფინანსება – 4 083-მა.
საერთო თვალსაზრისით, 2019 წლს ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერი აბიტურიენტების 71-მა%-მა დაძლია.
„არ უნდა გაგვპარვოდა, ასეთი პრობლემა თუ იყო. მეც ვარ ნაწილობრივ დამნაშავე… მედეა მამულაძეს უნდა ეწყინოს, უნდა ეტკინოს, ბაღი უნდა დატოვოს,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. ანზორ ბოლქვაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ხულოში, სოფელ ღურტას საბავშვო ბაღის გამგე „მხარდამჭერად“ ასახელებს.
ღურტას საბავშვო ბაღის გამგესა და თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ვიდეოკადრები გუშინ, 29 აგვისტოს, TV25-მა გაავრცელა. სიუჟეტში ბაღის გამგე აცხადებს, რომ ის პრობლემას ვერ ხედავს თანამშრომლებათან დაპირისპირებაში, რაც ბავშვების თვალწინ ხდება. ფიზიკურ დაპირისპირების დროს ვიდეოკადრებში ისმის, რომ ბავშვები ტირიან.
„არანაკლებს მაყენებენ თვითონ… სამთავრობო მაფიაა ჩარეული და უნდათ ჩემი მოქნევა. პოლიციას მივმართე, შეკრულია გუნდი და პოლიციაც ჩემ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ინტრიგნულებზე ნუ მედევნებით, გვერდზე გავიდეთ და ვისაუბროთ, თუ გინდა… არც ვახტანგ ბერიძისგან მაკლია მხარდაჭერა, არც ანზორ ბოლქვაძიდან და არც უშიშროებიდან. ანზორ ბოლქვაძეს ისევ შევაწუხებ,“ – უთხრა ღურტას საბავშვო ბაღის გამგემ, მედეა მამულაძემ, TV25-ს.
ანზორ ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მედეა მამულაძე მას გუშინაც დაუკავშირდა ტელეფონით, მაგრამ არ შეხვდა. დეპუტატი არ მალავს, რომ ბაღში არსებულ კონფლიქტზე აქამდეც ჰქონდა ინფორმაცია.
რატომ არ მიმართა ვინმეს დეპუტატმა, ან რატომ არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ?
„გათავისუფლებული იყო ეს ქალი ერთხელ ბაღიდან და სასამართლომ აღადგინა. ჩემი აზრი იყო და ახლაც იმავეს ვიტყვი, რომ ის უნდა გადავიყვანოთ სხვა სამსახურში. არ ვამბობ, რომ საბავშვო ბაღში უნდა იმუშაოს სადმე, ქუჩაში არ უნდა დარჩეს. მას კრედიტი აქვს, ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ ოჯახშიც ვერ ითევს ღამეს… ადრეც ვიცოდი ამ კონფლიქტებზე და მაშინ გაათავისუფლეს. მერე სასამართლომ აღადგინა და თითქოს დამშვიდდა სიტუაცია. ალბათ ეწყინება ეს, მაგრამ რაც შედეგს მოუტანს ახალ თაობას, ის უნდა გაკეთდეს,“ – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ. მისივე თქმით, ის ამ თემაზე უკვე ესაუბრა ხულოს მერს, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – საბავშვო ბაღები ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ექვემდებარება.
„ბათუმელებმა“ სცადა ხულოს მერთან დაკავშირება, თუმცა ვახტანგ ბერიძე ამ დრომდე ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს.
ღურტის საბავშვო ბაღში კონფლიქტი არც ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირისთვის არ უნდა ყოფილიყო საიდუმლო, რადგან ბაღის გამგის მხრიდან თანამშრომლების მიმართ ლანძღვა-მუქარის ტექსტები ბაღის ფეისბუქგვერდზე ღიად არის გამოქვეყნებული.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა 2019 წლის ეროვნული გამოცდების ბოლო მონაცემები. აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ გადაამოწმონ „ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე, აგრეთვე „ნედლ“, გათანაბრებულ, სკალირებულ და მინიმალურ გამსვლელ ქულაზე თითოეულ საგანში“.
აბიტურიენტი თავის მონაცემებს ნახავს naec.ge-ს სისტემაში შესვლით. შედეგების მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც [სმს. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
აბიტურიენტებს, რომლებმაც საგამოცდო ბარიერი გადალახეს, უკვე შეუძლიათ რეგისტრაციის გასავლელად მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
24 წლის ბაჩო ისაშვილი ინგილოა, ქართველებით კომპაქტურად დასახლებული კახის რაიონიდან. კახ-ინგილოს ქართული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 17 წლისამ გადაწყვიტა საქართველოში გადმოსულიყო საცხოვრებლად. ბაჩო 7 წელია უშედეგოდ ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას და როგორც თავად ამბობს, ერთადერთი სურვილი აქვს, სპორტულ შეჯიბრებებზე საქართველოს სახელით იასპარეზოს.
არის სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ტურნირის გამარჯვებული: მოპოვებული აქვს ევრაზიის თასი კუნგ-ფუ სანდაში, კავკასიის ჩემპიონია ხელჩართულ ჩხუბში, თბილისის პირველობის გამარჯვებული MMA-ში, სანდაში კი საქართველოს სამგზის ჩემპიონი გახდა. არის ასევე კუდოს მესამე კიუს მწვანე ქამრის მფლობელი და კუდოს საქართველოს ჩემპიონი.
,,7 წელია ამაოდ ვითხოვ საქართველოს მოქალაქეობას. სამწუხაროა, რომ არ ითვალისწინებენ ჩემს სპორტულ მიღწევებს, ჩემ თვალწინ 6 თვეშიც მიუციათ მოქალაქეობა ახალჩამოსულებისთვის, ვინც ბიზნესი დაიწყო საქართველოში. არ მაქვს ლეგალურად დასაქმების უფლება საქართველოში, მიწევს მშენებლობებზე მუშაობა – მერე კი დარბაზში ვარჯიში და ფოლკლორულ ანსამბლში სიმღერა. ხანდახან დარბაზში ვავარჯიშებ ბავშვებს, ხალხურ სიმღერებსაც ვასწავლი, ოღონდ უსასყიდლოდ. ამჯერად მეგობრის სახლში ვცხოვრობ, თვითონ გერმანიაშია, მერე რა იქნება, არ ვიცი, აზერბაიჯანში ვერ ვხედავ საკუთარ მომავალს, საქართველოში ცხოვრება მინდა“, – ამბობს ბაჩო ისაშვილი.
ბაჩო ისაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა კუდოში და პირველი ადგილი დაიკავა
გასულ წელს ჩინეთიდან და იტალიიდან, ბრძოლაში წესების გარეშე, ჰქონდა 66 კგ. წონით კატეგორიის ტურნირზე მიწვევა, სადაც ვერ წავიდა. ყოველწლიურად არაერთი საერთაშორისო ტურნირიდან მოსდის მოწვევა, თუმცა მოქალაქეობის არქონის გამო საზღვარგარეთ საქართველოს სახელით ვერ ასპარეზობს.
საქართველოს მოქალაქეობის კანონში, მოქალაქეობის გამონაკლისი წესით მინიჭების შესახებ (მუხლი17) წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია, წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.
ბაჩო წლებია მღერის ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლში ,,ჰერულა“ და 2016 წელს ანსამბლ „ჰერულასთან“ ერთად გახდა საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ ანსამბლებს შორის გამართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების კონკურსის გამარჯვებული, დაჯილდოვდა საქართველოს დიასპორის მინისტრის მიერ. ბაჩო ანსამბლის სოლისტია და სპორტული შეჯიბრებების მსგავსად, ვერც მუსიკალურ ფესტივალებზე მიდის საზღვარგარეთ.
ბაჩო ისაშვილი მეგობრებთან ერთად, ტურნირის შემდეგ
ამჯერად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ირიცხება, თუმცა სწავლას ვერ აგრძელებს. არალეგალურად ცხოვრების პირობებში მუშაობას, სპორტს, ფოლკლორული ანსამბლის მეცადინეობებს და უნივერსიტეტს ერთმანეთს ვერ უთავსებს და სწავლა შეწყვიტა. მისი ოცნება უცხოეთში სპორტულ შეჯიბრებებზე საქართველოს სახელით ასპარეზობაა.