მთავარი,სიახლეები

ოცნების ქალაქში უკანონო მიშენებისთვის ოჯახები 3000 ლარით დააჯარიმეს

06.09.2019 • 2160
ოცნების ქალაქში უკანონო მიშენებისთვის ოჯახები 3000 ლარით დააჯარიმეს

ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ხუთი ოჯახი ბათუმის მერიამ უკანონო მიშენებებისთვის დააჯარიმა. მოსახლეობის ინფორმაციით, ერთმა ოჯახმა, რომელიც „ოცნების ქალაქში“ შვიდ წელზე მეტია ერთ ოთახში ცხოვრობს, დამატებით ერთი ოთახი მიაშენა. „ქმარი დაბრუნდა ციხიდან და  ბავშვისთვის ცალკე ოთახი მოაწყვეს“, –  გვიყვება სოფო ბერიძე. მისი მეზობლის, ჟუჟუნა მოსიძის ინფორმაციით კი, უკანონო მიშენებისთვის დააჯარიმეს ისეთი ოჯახიც, რომელსაც საპირფარეშო არ ჰქონდა და მიშენებული ფართობი მის მოსაწყობად გამოიყენა.

კიდევ სამი მსგავსი შემთხვევისთვის ოჯახები მერიამ ჯერ 3000 ლარით დააჯარიმა, შემდეგ კი ჯარიმის გაორმაგების შესახებ გააფრთხილა. გარდა ამისა, მერიის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სახელმწიფო შემწეობებიდან ჩამოეჭრებათ თანხა, ან საერთოდ შეუწყდებათ ასეთი დახმარება.

რის საფუძველზე დააჯარიმა მერიამ „ოცნების ქალაქის“ მცხოვრები ოჯახები ისედაც უკანონოდ აშენებულ სახლებზე მიშენებებისთვის? – ამის გარკვევას მერიაში ვცდილობთ. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ასევე გვაინტერესებს, როგორ დააჯარიმა მერიამ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები 3000 ლარით, მაშინ როცა სამშენებლო კომპანიების მიერ შეთანხმებული პროექტის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმები ხშირად თანხის ამ ოდენობას არ აღწევს.

ოცნების ქალაქში დაჯარიმებულები და მათი მეზობლები საპროტესტო აქციას მართავენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: