მთავარი,რეკლამა,სიახლეები

აჭარაში 5000 ტონა თხილის მოსავალს ელიან – საჭიროა 3-4 საშრობის მოწყობა

05.09.2019 • 2568
აჭარაში 5000 ტონა თხილის მოსავალს ელიან – საჭიროა 3-4 საშრობის მოწყობა

2019 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თხილის მოსავლის რეკორდულ რაოდენობას ელიან. საუბარია, დაახლოებით 5 000 ტონა თხილზე, რაც ქვეყანაში წარმოებული თხილის 10 %-ია. ფაროსანამ უკან დაიხია, თუმცა დარგში არსებული პრობლემები ამით არ ამოწურულა. ამ საკითხებზე სასაუბროდ გუშინ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორს გიორგი თოდუას და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს მერაბ ჭითანავას შეხვდა.

შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან

შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან

შეხვედრაზე განიხილეს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიღწევები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო გეგმები, რაც თხილის დარგში არსებულ გამოწვევებს უკავშირდება.

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს სამი ძირითადი მიმართულებით ეხმარება:

[checklist]

  • ცოდნა და შრომის ორგანიზება
  • შესაწამლი აპარატებით უზრუნველყოფა
  • პესტიციდებთან წვდომა

[/checklist]

„ასოციაციაში გასულ წელს 1500 წარმატებული ფერმერი გვყავდა. წელს გავფართოვდით და გურიაში, აჭარასა და იმერეთში ფერმერთა ჯგუფებიც გვყავს. მათ ასოციაციის აგროკონსულტანტები ემსახურებიან, ტარდება ტრენინგები და ასევე მიმდინარეობს ჩვენი გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი,” – ამბობს გიორგი თოდუა, ასოციაციის დირექტორი.

მხარეები აჭრაში დარგის განვითარებისთვის მემორანდუმს გააფორმებენ.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა და მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი გიორგი თოდუა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით, ასოციაციამ ფერმერებს 1450 ცალი შესაწამლი აპარატი დაურიგა, მათ შორის აჭარაში – ქობულეთსა და ხელვაჩაურში. შედეგად, წინა წლებთან შედარებით, თხილის ხარისხი უკეთესია, ფერმერების უმრავლესობამ მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღო.

ასოციაცია ფერმერებს წამლობის ოპტიმალურ, იაფ და გამოცდილ სქემას სთავაზობს. ესაა ექვსი წამლობა, რომლის ღირებულება 280 ლარია.

გიორგი თოდუას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თხილის წარმოებაში აჭარის პოტენციალი გამოვიყენოთ. თუმცა, ამ პოტენციალის გამოყენებას რეგიონში 3-4 საშრობის მოწყობა სჭირდება:

„ მთავარია, არსებულ თხილის ბაღებს სათანადოდ მოვუაროთ და ახალი ბაღები გავაშენოთ. მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად აუცილებელია თხილის მოსავალი დროზე ავიღოთ და გავაშროთ. საშრობი ძალიან საჭიროა. აჭარაში მაღალი ტენიანობის თხილია და მისი გაშრობა უმნიშვნელოვანესია. აჭარას 3-4 საშრობი სჭირდება“.

რატომ არის საჭირო საშრობი და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია?

ფერმერმა უნდა იცოდეს რა ხარისხის თხილი აქვს და ამის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიაშია შესაძლებელი. ბაზარსა და ლაბორატორიაში დადგენილ ფასს შორის სხვაობა 1,5 ლარია.

„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებით ავითვისოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და ეს სტანდარტები საქართველოში დავნერგოთ. როცა თხილის ინდუსტრიის განვითარებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ვგულისხმობთ იმას, რომ ფერმერებმა მაქსიმალურად დიდი შემოსავალი მიიღონ,“ – აღნიშნავს თოდუა.

კარგი მოსავალი აჭარაში

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მთავრობის, ასოციაციისა და დონორების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ფაროსანამ უკან დაიხია.

„წელს კარგი შედეგი გვაქვს, პრევენციული ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების ზეგავლენა შესუსტდა და კარგ მოსავალს ველოდებით. საუბარია დაახლოებით 5 ათას ტონა თხილზე, რაც მთელი ქვეყანაში არსებული მოსავლის 10 პროცენტია.“

დარგის განვითარებაზე საუბრისას მინისტრი სისტემურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

„არ გვაქვს ტექნოლოგიურად აღჭურვილი ობიექტები, სადაც თხილის  მოსავალი აღების შემდეგ გამოშრება და დასაწყობდება. დღეს ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ასოციაციის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯები გადავდგათ თხილის წარმოების განსავითარებლად. ვფიქრობ, აჭარა ერთ-ერთი წარმატებული რეგიონი იქნება თხილის წარმოების სფეროში.“

შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორს გიორგი თოდუას და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს მერაბ ჭითანავა ესწრებოდნენ

შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორს გიორგი თოდუას და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს მერაბ ჭითანავა ესწრებოდნენ

ამ მიზნის მისაღწევად და მუშაობის უკეთ ორგანიზებისთვის, მხარეებმა მზაობა გამოთქვეს გააფორმონ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

„თხილის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანია საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის როლი. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და ვფიქრობ, რომ ეფექტურად ვითანამშრომლებთ,“ – განაცხადა შეხვედრაზე ტიტე აროშიძემ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: