მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების განხილვას იწყებს 

04.09.2019
უმაღლესი საბჭო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების განხილვას იწყებს 

მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ საკითხი აჭარის უმაღლეს საბჭოში 5 ან 6 სექტემბერს დარეგისტრირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დეპუტატები შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას უფრო აქტიურ რეჟიმში განიხილავენ და მხოლოდ კომენტარებით აღარ შემოიფარგლებიან.

რაც შეეხება ცვლილების მიმართ უმრავლესობის მზაობას, პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს უკვე დაფიქსირებული აქვს ნება, რომ საბჭო ამ ცვლილებისთვის მზადაა და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციებიც გაიმართა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 წევრია და მათგან 6 მაჟორიტარია. თუ აჭარის კონსტიტუციაში შევა ცვლილება და მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება, მაშინ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, როგორც საქართველოს პარლამენტის შემთხვევაში, პროპორციული წესით აირჩევენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, როცა  „ქართულ ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ეს საქართველოში რუსი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ მოთხოვნად დააყენეს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არჩევნებში მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას გულისხმობს. პროპორციული წესით არჩევნებისას ამომრჩეველი მხოლოდ ერთ ბიულეტენს იღებს, ირჩევს პარტიას და აღარ ირჩევს კონკრეტულ პირებს [ მაჟორიტარებს] მაჟორიტარული უბნების მიხედვით.

პროპორციული სისტემის მოქმედებისას საარჩევნო ოლქი მრავალმანდატიანია და პარტიებს შორის მანდატები ნაწილდება ოლქში მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: