მთავარი,სიახლეები

ბათუმში საბავშვო ბაღის გარეშე წელს 1 659 ბავშვი დარჩა

05.09.2019 • 3197
ბათუმში საბავშვო ბაღის გარეშე წელს 1 659 ბავშვი დარჩა

წელს ბათუმში  საბავშვო ბაღის გარეშე 1659 ბავშვი დარჩა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ბაღებში მოხვედრას გასულ წელსაც ცდილობდნენ, თუმცა ადგილის არარსებობის გამო ისევ ბაღის გარეშე დაჩნენ.

საერთო ჯამში ბათუმში 33 მოქმედი ბაღია, ამ ბაღებში აღსაზრდელების საერთო ლიმიტი კი – 8 080. წელს საბავშვო სააღმზრდელო კურსი სრულად დაასრულა და ბათუმის სკოლების პირველ კლასებში გადანაწილდა 2 577 ბავშვი. ამდენივე აღსაზრდელი მიიღო ბათუმის ბაღების გაერთიანებამ.

გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის და ბაღის გარეშე დარჩენილი 1659 ბავშვიდან შესაძლოა რამდენიმე მობილობისა და ჯგუფებში გადანაწილების შემდეგ ისევ მიიღონ.

სკოლამდელი დაწესებულების უფროს ჯგუფებს, აქვთ სპეციალური პროგრამა, რის მიხედვითაც  ბავშვებს სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებენ – იგებენ ბევრ სიახლეს და ეჩვევიან ურთიერთობას. ბავშვებს, რომლებიც ბაღის გარეშე რჩებიან, შესაბამისად, უფრო მეტი სირთულე ელით სასკოლო ცხოვრების დაწყების ეტაპზე.

საბავშვო ბაღების დეფიციტი ბოლო რამდენიმე წელია აწუხებს ბათუმს. ამ წლებში რამდენიმე საბავშვო ბაღი აშენდა კიდეც, თუმცა ეს საკმარისი არ არის. წელს ბათუმში არც ერთი ახალი ბაღი არ გახსნილა, სარემონტო სამუშაოები კი მხოლოდ  27-ე საბავშვო ბაღს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის დაწყებულია მხოლოდ ერთი ბაღის მშენებლობა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება და 2020 წელს უნდა დასრულდეს. დამატებით ბაღის მშენებლობა წელს ბათუმში ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

საბვშვო ბაღებში ახალი სასწავლო სეზონი 16 სექტემბერს დაიწყება.

რატომ არის აუცილებელი ბავშვისთვის საბავშვო ბაღში სიარული ნახეთ აქ:

არის თუ არა მზად თქვენი შვილი პირველ კლასში წასასვლელად – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: