მთავარი,სიახლეები

მერიის პასუხი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთ: შესაძლოა, ჯარიმა გასამმაგდეს

06.09.2019 • 1925
მერიის პასუხი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთ: შესაძლოა, ჯარიმა გასამმაგდეს

„ოცნების ქალაქში“ უკანონო მშენებლობებისთვის დაჯარიმებულ ხუთ ოჯახთან დაკავშირებით ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა განგვიმარტა, რომ საუბარია იმ ოჯახებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც მერიამ შეტყობინების საფუძველზე მოახერხა. ირაკლი მოქიამ გვითხრა ისიც, რომ ამ მოქალაქეებს მხოლოდ 3000-ლარიანი ჯარიმა და საურავი კი არა, შესაძლოა გასამმაგებული ჯარიმაც დაეკისროთ – ამას ითვალისწინებს კანონი, რომელიც ამავე ჯარიმის გაუქმების შესაძლებლობასაც უშვებს. რას ნიშნავს იდენტიფიცირება შეტყობინების საფუძველზე და რას აპირებს მერია? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ ირაკლი მოქიამ უპასუხა.

  • ბატონო ირაკლი,  როგორ ამოარჩიეთ „ოცნების ქალაქში“ ხუთი ოჯახი, რომლებმაც სახლი უკანონოდ ააშენეს, იქ ხომ ყველას უკანონოდ აქვს ქოხი აშენებული?

როდესაც ინფორმაცია შემოდის შეტყობინებით ან სხვა სახით, მერია იწყებს ავტომატურ რეაგირებას, „პროდუქტის უსაფრთხოების თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით. თქვენ რაზეც საუბრობთ, ძველი დადგენილებაა. გვაქვს კიდევ უფრო ადრინდელი წარმოებებიც, თუ არ ვცდები, რამდენიმე წლის წინ მთლიანად გადავაგზავნეთ სააღსრულებო ბიუროში ის ტერიტორია საკადასტრო კოდებით იძულებით დემონტაჟზე, სადაც არის განთავსებული „ოცნების ქალაქი“.

არ ვიცი, თქვენთვის არის თუ არა ცნობილი – მერიამ ნაწილობრივი დემონტაჟი განახორციელა კიდეც  იქ [„ოცნების ქალაქში“] საკუთარი ხარჯებით, სააღსრულებო ბიუროსთან ერთად. შემდეგ რაღაც მიზეზების გამო ეს დემონტაჟი შეჩერდა. არ მახსოვს – ან თანხა აღარ გვეყო, ან რესურსი. ეს იყო 2014 ან 2015 წელი, ზუსტად არ მახსოვს. იქედან მოყოლებული ინფორმაციას გვაწვდიან იდენტიფიცირებულს – სახელით-გვარით და პირადი ნომრით. ძალიან ბევრი ერთი და იმავე სახელისა და გვარის ადამიანია „ოცნების ქალაქში“. ამ ხუთ მოქალაქეზე კი ინფორმაცია მიიღო მერიამ შიდა მოკვლევით, ან ფინანსთა სამინისტროდან, ან მოქალაქისგან. დადასტურებულია, რომ მშენებლობა უკანონოდ აქვთ განხორციელებული.

  • ანუ ვიღაცის იდენტიფიცირება მოახდინეთ, ამოარჩიეთ და აჯარიმებთ იმიტომ, რომ შეტყობინება შემოგივიდათ?

გეუბნებით კიდევ ერთხელ, ამორჩეული არ არის. თუ ამორჩეულია, ეს ინფორმაციის მომწოდებელს უნდა ჰკითხოთ და არა ჩვენ.

  • შეტყობინების გარეშე არ იცოდით, რომ „ოცნების ქალაქში“ სახლები უკანონოდ ააშენეს?

უბრალოდ ეს იდენტიფიცირებული, დაზუსტებული ინფორმაციაა. რამდენიმე წლის წინ ჩვენთვის, როგორც ერთი კონკრეტული სამსახურისთვის, იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ყველა ერთად გადავეცით სააღსრულებო ბიუროს იძულებით დემონტაჟზე. ამის შემდგომ ვისი იდენტიფიცირებაც მოახერხა მერიამ – მოახერხა. ჩემთვის ცნობილი არ არის, მთლიანი დემონტაჟი რის გამო ვერ მოხდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამის შემდეგ შემოვიდა უკვე დადგენილ-დაზუსტებული შეტყობინება. მარტო ხუთზე არ არის მაქ საუბარი, ეს ხუთი ახლაა თორემ, ისე ძალიან ბევრია. საკმაოდ დიდი რაოდენობაა და თუ ეს დეტალურად გაინტერესებთ, წერილობით გიპასუხებთ.

  • გამოდის, ხვალ-ზეგ საურავის დაკისრებაზე წერილებს სხვებიც მიიღებენ?

ვისაც საურავი დაეკისრა, აბსოლუტურად ყველას ჩაბარდა დადგენილება დაჯარიმებაზე. ამ შემთხვევაში წარმოება დაწყებული გვქონდა მანამდე, 2018 წლის დეკემბერში კი გამოიცა ეს დადგენილება ამ საკითხზე, ზუსტად არ მახსოვს, როდის დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ამ ჯარიმის სამართლებრივი ნაწილი თუ გაინტერესებთ, იმ შემთხვევაშია შესაძლებელი შეჩერება, თუ პირველი ჯარიმა გაუქმდება, თორემ პირდაპირ წერია კანონმდებლობაში… თქვენი კითხვის არსი რა არის, რატომ დავაჯარიმეთ თუ საიდან მივიღეთ ეს ინფორმაცია, თუ კიდევ სხვები რატომ არ დაჯარიმდნენ?

  • მე მაინტერესებს რამდენად გაძლევთ კანონი შესაძლებლობას ერთი და იმავე დარღვევისთვის, ვთქვათ, ათიდან დააჯარიმოთ ხუთი? 

ისევ გეუბნებით, რომ მხოლოდ ამ ხუთზე არ არის საუბარი, ბევრი ობიექტია, რომელზეც მერიაში წარმოება დაწყებულია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჰპირდა ოცნების ქალაქში მცხოვრებთ, რომ მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფს. სანამ ამ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, მთავრობამ აღიარა მათი სოციალური ყოფა და გამოთქვა სურვილი, რომ შეუქმნას მათ ღირსეული ცხოვრების პირობები.

კი ბატონო, ასეა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თუ პირველი ჯარიმა გაუქმდება, ავტომატურად გაუქმდება საურავიც. თქვენ რასაც მეუბნებით, ეს გუშინ ან გუშინწინ არ დაწყებულა.

  • ადგენილებაში წერია, რომ 2018 წლის დეკემბერში დააჯარიმეთ და ერთი თვის ვადა მიეცით, მაგრამ საურავი 2019 წლის აპრილში დაარიცხეთ, რატომ?

მაქ ზუსტად იქნება დღეების მიხედვით საურავი გამოთვლილი – 30 დღის შემდეგ 2019 წლის აპრილამდე.

  • ისიც აგვიხსენით, როგორ მოხდა, რომ სამშენებლო კომპანიას უკანონო მიშენებისთვის, ზოგჯერ სართულის დაშენებისთვის, 1000 ლარით აჯარიმებთ და „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს 3000 ლარი დააკისრეთ?

განსხვავება იმაშია, რომ კანონი ნებართვის არსებობის შემთხვევაში დარღვევაზე 1000 ლარს ითვალისწინებს, ხოლო უნებართვო მშენებლობაზე – 3000 ლარს, თანაც ასამმაგებს.

  • რატომ დაემუქრნენ თქვენი თანამშრომლები ამ ოჯახებს შემწეობის წართმევით ან ამ თანხების ჩამოჭრით?

ჩემს თანამშრომლებს ამის უფლებამოსილება არ აქვთ და არც გააკეთებდნენ ამას. მე არ ვიცი, ვინ რა თქვა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: