მთავარი,სიახლეები

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება – 7 სექტემბერს პლატფორმამდე მგზავრობა უფასოა

06.09.2019
გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება – 7 სექტემბერს პლატფორმამდე მგზავრობა უფასოა

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. დღეს შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმაზე ფესტივალის მიმდინარეობასა და ფრინველებზე დაკვირვების მონაცემებს შეაჯამებენ. ღონისძიებას უცხოელი და ქართველი ორნითოლოგები, ეკოტურისტები, ფრინველებზე დამკვირვებლები, გიდები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მას, ვინც ჯერ არ დაკვირვებია მთებზე მოწყობილი პლატფორმებიდან აჭარაში ფრინველების მიგრაციის ულამაზეს სანახაობს, ხვალ, 7 სექტემბერს, ეძლევა ამის შესაძლებლობა. 7 სექტემბერს, 12 საათზე, ბულვარის ტურისტული ცენტრიდან სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე ბოლო ტურის მონაწილეები წავლენ. ტრანსპორტს, ბინოკლებსა და გიდის მომსახურებას გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის ორგანიზატორი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

მგზავრობა, ბინოკლები და გიდის მომსახურება ყველა დაინტერესებული პირისთვის უფასოა.

ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმს აჭარაში დიდი პოტენციალი აქვს. ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“  მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. ფესტივალი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ფოტო გადაღებულია ამ წლის ფესტივალზე

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნა. ყოველდღიურად ფესტივალზე დასწრების მსურველებს საშუალება ჰქონდათ შემეცნებით-გასართობ ტურებში მიეღოთ მონაწილეობა და ფრინველთა მიგრაციას სახალვაშოსა და შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმებიდან, ასევე, ჭოროხის დელტასა და კოლხეთის ეროვნულ პარკში დაკვირვებოდნენ.

საღამოობით, სასტუმრო ოაზისში გამართულ პრეზენტაციებზე, მოწვეული სტუმრები ფესტივალის მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ. მათ შორის იყვნენ ფესტივალის სპეციალური სტუმრები – ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის დამფუძნებელი დიდ ბრიტანეთში ტიმ ეპლტონი, შუა აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ასოციაციის პრეზიდენტი რობ შელდონი და ბლოგერი, ექსპერტი მაიკ ჰენდერსონი.

2,3,4,5 სექტემბერს გაიმართა პრეზენტაციები და ლექციები სასტუმრო „ოაზისში“. საღამოს პრეზენტაციებზე დასასწრებად ტრანსპორტირება იქნება უფასო. გამგზავრება – ბულვარის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრიდან.

გასვლითი ტურები 2,3,4,5 სექტემბერს პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ადგილებზე სრულად იყო უზრუნველყოფილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრს:  +995 577 90 90 93.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: