ბავშვები, რომლებიც დიდებად იბადებიან

ავტორი: სალომე დუმბაძე, ბსუ-ს სტუდენტი

ცხოვრება თანაბარ სტანდარტებს არ უქმნის ყველას და ეს სტანდარტი ვრცელდება ხმამაღალ საუბარზეც… მაგრამ მაინც ვიტყვი… მე დავიბადე და გავიზარდე იმ სოფელში, სადაც არ იყო ინტერნეტი, არც ტელევიზორზე ყურების დრო გვქონდა დიდად. იქ დავიბადე, სადაც ჯერ კიდევ 12 წლის ბავშვებს ეზოში სათამაშოდ მიუწევთ გული, მაგრამ ყოველ დილით მამლის ყივილზე დგებიან და საღამოს 2 საათზე იძინებენ, რადგან უნდა მოასწრონ საქმეც და მეცადინეობაც.

ამ ბავშვებისთვის მთავარი არ არის რა აცვიათ, ეხამება თუ არა მათი ტანსაცმელი  ფეხსაცმელს. არ აქცევენ ყურადღებას ლაქის შერჩევისას ფერს. ისინი ხელებდახეთქილები, ფრჩხილებში ტალახით ცდილობენ იყვნენ ლამაზები. მათ უკვე იციან საკუთარი შრომის შედეგი. თმა ყოველთვის შეკრული აქვთ, რადგან საჭმლის მომზადებისას თმის ღერი არ უნდა ჩაუვარდეთ საჭმელში. ისინი სწავლობენ ქსოვას, ლაგებას, ძროხების მოწველას, მიწაზე მუშაობას, სწავლობენ, თუ რომელ ნარგავს რამდენი წყალი სჭირდება და რა სიღრმეში უნდა დაირგოს, სწავლობენ უფროსების პატივისცემას.

უზრდელობად მიიჩნევა შენ წინ მიმავალ მოხუცს უბოდიშოდ გაუსწრო, სირცხვილია წუწუნი იმაზე, რომ დაიღალე, მათ არ აქვთ დაღლის უფლება, ისინი შრომობენ დღის ბოლომდე და შებინდებისას ბოსელში საქმის დასრულების შემდეგ, სირბილით მიდიან სამეცადინოდ.

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს სოფელში ყველა მოზარდი ფრიადოსანია, ისინი ხედავენ რეალობას, რომელშიც უწევთ ცხოვრება, მაგრამ წუწუნის უფლება არ აქვთ, ამიტომ ისინი გვიანობამდე მეცადინეობენ. მათ უნდათ თავი დააღწიონ მძიმე შრომას, უნდათ ღირსეული მომავალი, ამიტომაც ყველაზე კარგად იციან სწავლის ფასი. და ბევრს მეცადინეობენ, მაგრამ მათი თანატოლებისგან განსხვავებით სასწავლო პროგრამებს მაინც ჩამორჩებიან. იცით, რატომ? – იმიტომ, რომ სკოლაში არ აქვთ სათანადო გარემო განათლების მისაღებად.

ჩემს სოფელში მხოლოდ 9 კლასამდეა სწავლა შესაძლებელი. ხისგან ნაშენი და ცისფრად შეღებილი სკოლა სოფლის ცენტრში დგას, აქ ზამთარში გათბობის ერთადერთი საშუალება არის ღუმელი, რომელიც ხის შენობას, მოგეხსენებათ, ისე ვერ ათბობს, როგორც საჭიროა. მახსოვს, კვამლით გავსებულ ოთახში თვალებაცრემლებულებს როგორ გვიტარდებოდა გაკვეთილი, სამი მეტრი სიმაღლის თოვლში სიცხიანები როგორ მივიკვლევდით გზას მე და ჩემი ძმა, არაფერი არ გაკეთებულა სტადიონის გარდა, ისიც იმიტომ გაკეთდა, რომ ყოველწლიურად სოფელში იმართება „სელიმობა“, დღესასწაული, რომელზეც უამრავი ადამიანი იყრის თავს, მათ შორის ბათუმიდან ჩასული პოლიტიკოსები. ეზოც ყოველთვის მზადყოფნაშია.

არ მესმის, ამ დღესასწაულზე შეკრებილები მაინც როგორ ვერ ამჩნევენ სკოლას, რომელიც გადახუნდა და ალაგ-ალაგ ჭუჭრუტანები ძველ სახლს მოგაგონებს; საკლასო ოთახებს, სადაც სიცივე ძვალ-რბილში ატანს, არაფერს ვამბობ არაჰიგიენურ და აყროლებულ საპირფარეშოებზე, რომელიც უკანა ეზოში დგას. მაგიდის ჩოგბურთი ერთადერთი გასართობია სპორტის გაკვეთილზე. ნუ, თუ ზამთარი არ არის და არ წვიმს. შესაძლოა გარეთ ფეხბურთის თამაშიც, მაგრამ მხოლოდ ბიჭებისთვის. აბა, ვის გაუგია გოგო ბურთს მისდევდეს.

ბიბლიოთეკაში განთავსებული კლასგარეშე ლიტერატურა იმდენად მწირია, რომ ლამის ორჯერ გადავიკითხე. გაგიკვირდებათ და, წიგნების უმრავლესობაც რუსულ ენაზეა, სკოლაში კი რუსული არ ისწავლება. ამ ყველაფრის ფონზე მხოლოდ ეზო აინტერესებთ და ზრუნავენ მის  მოწესრიგებაზე.

აქაურ ბავშვებს სასწავლო წლის დასაწყისში ნაყიდი შარვალი, კაბა და ერთი წყვილი ფეხსაცმელი გათვლილი აქვთ მთელ წელზე – წლის ბოლომდე. აქ ოჯახის ყველა წევრი მუშაობს მიწაზე, სადაც კარტოფილი, ლობიო, კომბოსტო და სხვა ბოსტნეული მოჰყავთ, ძროხებს წველიან და ამზადებენ რძის პროდუქტებს – ყველს და ნადუღს… მერე ამ ყველაფერს ყიდიან თეთრებში. ასე ყიდულობენ მთელი წლის სამოსს – შარვალს, კაბას, ფეხსაცმელს. თუ საზამთროდ ქურთუკიც იყიდე, ესე იგი, იმ წელს გვარიანად გივაჭრია.

ჩემი სოფლის ბიჭები 14 წლის ასაკში უკვე თურქეთში მიდიან ჩაის საკრეფად, ასე ყიდულობენ სასკოლო ნივთებს და ოჯახსაც ორი თეთრით ეხმარებიან.

ჩვენ სკოლაში არ გვყავდა უცხო ენის სპეციალისტები, გერმანულ ენას ვსწავლობდით, რომელსაც ბიოლოგიის მასწავლებელი გვასწავლიდა, არ ვსწავლობდით ინგლისურს, არც რუსულს – არც ერთი ამ საგნის მასწავლებელი არ გვყავდა. ახლა სკოლაში არიან უცხო ენების სპეციალისტები, მაგრამ ამჯერად არ არიან მოსწავლეები, თითქმის არ არიან. ჩემი ასაკის ვინც იყო, ყველა წამოვიდა ქალაქში სასწავლებლად და არ მგონია, მათგან ვინმე უკან დაბრუნდეს.

ჩემს სოფელს ბუმბერაზი მთები აკრავს გარს. ბავშვობაში ვერც კი წარმომედგინა, რომ შესაძლებელი იყო ამ მთების მიღმა გასვლა და სხვა სტანდარტებით ცხოვრება. ჩემ მსგავსად ეს ბევრს ვერ წარმოედგინა. ყველას მიაჩნდა, რომ ეს  ჩვეულებრივი ამბავი იყო – ბავშვები ვალდებულნი იყვნენ შეესრულებინათ ზემოთ აღწერილი ყველა საქმე. ყოველთვის მაშინებდა ამ მთების სიდიადე, გამთენიისას მზე როდესაც ამოიწვერებოდა, ერთი მთის ზურგიდან და დაეშვებოდა მეორე მთის კალთებზე, სულ მეგონა, დედამიწა ამით შემოიფარგლებოდა და ამაზე ფიქრი სულს მიხუთავდა…

ეს ყველაფერი ბავშვობის მოგონებაა, მე ამ სოფლიდან წლების წინ წამოვედი და სკოლაც სხვა გარემოში დავამთავრე.

თავდაპირველად ქალაქში სხვა გარემო აღმოჩნდა ჩემთვის, აქ გავიცანი მოწესრიგებული გოგონები, რომლებიც არც ხმამაღლა სიცილს უშინდებიან და არც თავიანთ ქალურ მოთხოვნილებებზე ხმამაღლა საუბარს, აქ ბევრი თავისუფალი დრო არსებობდა…

ადაპტირების ეტაპი რთული აღმოჩნდა ჩემთვის, სოფლელობა შუბლზე მეწერა თითქოს, გავხდი ბულინგის მსხვერპლი ჩემი ჩაცმულობის გამო, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია. ამ ყველაფერმა  მომცა მოტივაცია, უფრო მეტი წამეკითხა და ისე მოხდა, რომ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ერთადერთი აღმოვჩნდი, ვინც კარგი შედეგი დადო და ერთ-ერთი ვიყავი კლასის იმ სამ მოსწავლეს შორის, ვინც პირველივე ცდაზე ჩააბარა უნივერსიტეტში. გამომდინარე იქედან, რომ დამატებით  მხოლოდ ზოგად უნარებსა და ინგლისურში ვემზადებოდი, ვფიქრობ, კარგი შედეგიც იყო.

დარწმუნებული ვარ, რომ ასე მხოლოდ ჩემს სოფელში არ ხდება და ამ პირობებში ძალიან ბევრ მოზარდს უწევს ცხოვრების დაწყება. ამის მიუხედავად, იქ დარჩენილებს არ მოვუწოდებ, მიატოვონ მამაპაპური სახლები, მაგრამ თავი არ უნდა დაზოგონ განათლების მისაღებად. მხოლოდ ასე დაეხმარებიან საკუთარ თავს, მერე, ალბათ, სოფელს, ოჯახს და ქვეყანასაც განვითარებაში. გათავისუფლდნენ სოფლელის დამამცირებელი გაგებისგან, რაც, სხვათა შორის, სოფლელსაც და ქალაქელსაც ერთნაირად ჰგონია დამამცირებელი. მინდა ირწმუნონ საკუთარი თავის, რომ მთებს მიღმა არსებობს უსაზღვრო შესაძლებლობები; ირწმუნონ, რომ შეუძლებელი არაფერია… მინდა, რომ მთებივით დიდი იმედი ჩაესახოთ გულებში და დაისახონ მიზნები.

დიახ, არ ღირს არავის იმედად ყოფნა, მით უფრო, რომ აშკარაა, ამ კატეგორიის ბავშვებისთვის სახელმწიფო ჯერ კიდევ დიდხანს ვერ მოიცლის.

სულ ეს არის… რატომღაც მომინდა, რომ წლების შემდეგ, სასწავლო წლის დაწყების წინ, ეს მეთქვა.

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 სექტემბრის 21 საათიდან 14 სექტემბრის 21 საათამდე აჭარის ზღვისპირა ზოლსა და მთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 23-28 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 17-22 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა: კარგი. ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ(2-3ბალი);
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +25.5 გრადუსი.

ასეთივე ამინდი შენარჩუნდება კვირას, 15 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში. დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო, 16 სექტემბრის ღამით – ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექაა მოსალოდნელი. 17 და 18 სექტემბერს კი, ობსერვატორიის პროგნოზით, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი / 13.09.2019 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

საგნების ჩამონათვალი, რომლებიც უნივერსიტეტებმა 2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის აირჩიეს

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების ჩამონათვალი, რომლებიც აბიტურიენტებმა 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში.

ცენტრის ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, დეკემბრის ბოლომდე კიდევ შეიტანონ ცვლილება აღნიშნულ ჩამონათვალში.

უმაღლესი სასწავლებლების მიერ განსაზღვრული საგნების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ასეთია: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

აბიტურიენტებს ასევე მოუწევთ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სამი სავალდებულო საგნის – ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა/ისტორიის – ჩაბარება.

მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა;
  1. უცხოური ენა;
  1. ბიოლოგია;
  1. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, ცენტრის ინფორმაციით, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.

ერთ ოჯახში მცხოვრებ 6 ბიჭსა და 4 გოგოს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი არ აქვთ

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი იწყებს კამპანიას ერთ ოჯახში მცხოვრები 12 ბავშვის მხარდასაჭერად. 6 ბიჭსა და 4 გოგოს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი არ აქვთ, ამიტომ ბავშვები 15 სექტემბერს სკოლაში წასვლას ვერ ახერხებენ.

ბავშვები ერთი ოჯახის წევრები არიან და შემდეგ კლასებში სწავლობენ: მე-2, მე-3, მე-6, მე-8, მე-9. 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ერთ-ერთი მენეჯერი, ქეთი ადეიშვილი აცხადებს, რომ ვისაც სურს და შეუძლია ამ ბავშვებს სასკოლო ინვენტარი ან ტანსაცმელი შეუძინოს, მიმართოს  ორგანიზაციას მისამართზე – ბათუმი, მემედ აბაშიძის #48.

ბავშვები აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ.

 

სატვირთო მანქანა ხულოში საკარმიდამო ნაკვეთში გადავარდა

ხულოში, სოფელ ხიხაძირში, სატვირტო ავტომანქანა საკარმიდამო ნაკვეთში გადავარდა. ტრანსპორტში ორი პირი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა, რომელიც ხულოს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

სასკოლო წიგნები მნიშვნელოვნად გაძვირდა

კერძო სკოლის მოსწავლის ერთ-ერთი მშობელი ამბობს, რომ მეოთხე კლასის სახელმძღვანელოების შეძენა წელს 161 ლარი დაუჯდა, მაშინ როცა გასულ წელს წიგნებში 80 ლარი გადაიხადა. 161 ლარად მშობელმა 7 სახელმძღვანელო შეიძინა, მოსწავლის რვეულთან ერთად. გამოდის, რომ ამ მშობელმა ერთ წიგნში, საშუალოდ, 23 ლარი გადაიხადა.

ერთ-ერთი მშობელი „ფეისბუქით“ გამოგვეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ სასკოლო წიგნების შესაძენად 150 ლარი გადაიხადა.

საჯარო სკოლების მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოებით სახელმწიფო უზრუნველყოფს, კერძო სკოლების მოსწავლეებს კი, სახელმძღვანელოების შეძენა საკუთარი ხარჯებით უწევთ.

როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში გვითხრეს, 2019 წელს სახელმწიფოს ერთი ერთეული წიგნის დაბეჭდვა 4.19 ლარი დაუჯდა, სამუშაო რვეულის კი – 2.65 ლარი.

2018 წელს კი, მათი განცხადებით, წიგნის ბეჭდვის საშუალო ერთეულის ღირებულება შეადგენდა 2.83 ლარს, ხოლო რვეულის – 2.45 ლარს.

სამინისტროს ინფორმაციით, ფასის ზრდა ლარის კურსის დაცემამ გამოიწვია.

„ის წიგნი, რომელიც სახელმწიფოს გამომცემლობამ დაუბეჭდა, ვთქვათ, 1.12 თეთრში,  შეუძლია სხვას 5 ლარად მიჰყიდოს. ეს საბაზრო ეკონომიკაა და ამას ვერავის დაუშლის, რადგან ქაღალდი, საღებავი, ლითონის ფირფიტები, რომლებზეც ხდება ტექსტების აკრეფა, ყველაფერი უცხოეთიდან შემოდის,“ – გვითხრეს  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში.

ამ დროისთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.9624-ია. გასულ წელს კი, ამ პერიოდში, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.61 იყო.

რატომ მოსთხოვა რაფაელს რომის პაპმა ცნობილი ფრესკიდან ქალი წაეშალა 

XVI საუკუნის დასაწყისში რომის პაპის, იულიუს II-ს ბრძანებით, რაფაელმა ვატიკანის სასახლის მოხატვა დაიწყო.

ფრესკა – „ათენის სკოლა“ 1511 წლით თარიღდება. მასზე გამოსახულ ფილოსოფოსებს შორის არიან: პლატონი, არისტოტელე, სოკრატე, ჰერაკლიტე და სხვები.

რაფაელს, როცა მან ფრესკაზე მუშაობა დაასრულა, პაპმა ჰკითხა, თუ ვინ იყო მოაზროვნეებს შორის გამოსახული  მშვენიერი ქალი.

რაფაელმა განმარტა, რომ ეს იყო ჰიპათია ალექსანდრიელი – ათენური სკოლის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი ქალი. ფილოსოფიის პროფესორი, ასტრონომი, მათემატიკოსი და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე იმ პერიოდისთვის.

ამის მოსმენის შემდეგ პაპმა მოსთხოვა რაფაელს, რომ ჰიპათიას ფიგურა ამოეღო ფრესკიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ მოხდა…

ეს ფაქტი საინტერესოა თანმხლები გარემოების გამოც – დღეს მიიჩნევა, რომ ჰიპათია ალექსანდრიელის ქვებით ჩაქოლვა სწორედ ქრისტიანული ეკლესიის დაკვეთა იყო. 

529 წელს იმპერატორმა იუსტინიანემ დახურა ათენის ნეოპლატონური სკოლა და აკრძალა ანტიკური ფილოსოფიის სწავლება. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, გავლენის მქონე სფეროებმა დაიწყეს ფილოსოფოსების წარმართებად შერაცხვა და დევნა. მოაზროვნეების დიდმა ნაწილმა სპარსეთში, ხოსრო ანუშირვანის კარს შეაფარა თავი, რადგან ის აღმოსავლეთში ხელოვნებისა და ფილოსოფიის მფარველად მიიჩნეოდა.

ჰიპათიას ისტორია კი ნამდვილად შთამბეჭდავია. ის დაიბადა 370 წელს ალექსანდრიაში. გასული საუკუნის ასტრომეცნიერი კარლ სეიგანი წიგნში – „კოსმოსი“ საუბრობს ჰიპათიაზე და ამბობს, რომ იმ პერიოდში, როცა ქალებს ძალიან მწირი არჩევანი ჰქონდათ ცხოვრებაში და განიხილებოდნენ როგორც საკუთრება, ჰიპათია თამამად და თავისუფლად დააბიჯებდა მამაკაცთა გავლენებით სავსე სივრცეებში. ის მსურველებს ასწავლიდა ფილოსოფიას, ასტრონომიას, მათემატიკას. 

ასევე ჰიპათიას გამოგონებებს შორისაა: წყლის გამოსახდელი ხელსაწყო – დისტილატორი; არეომეტრი – რომლითაც ზომავენ სითხის სიმკვრივეს. 

ჰიპათიამ დახვეწა და გააუმჯობესა პტოლემეოსის შექმნილი ასტროლაბი – ხელსაწყო, რომლითაც ტელესკოპის გამოგონებამდე სარგებლობდნენ ასტრონომები ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის. 

ჰიპათიას მამა, თეონი, გამოჩენილი ფილოსოფოსი იყო, მათ ერთდროულად ეკუთვნით კომენტარები დიოფანტეს „არითმეტიკის“ შესახებ. ჰიპათიას ეკუთვნის ასევე განმარტება-კომენტარები ევკლიდეს “საწყისების” მამისეულ კომენტარებზე.

ქალი ფილოსოფოსი აქტიურად იყო ჩართული ალექსანდრიის სამოქალაქო ცხოვრებაში. ის დაახლოებული იყო ქალაქის პრეფექტ ორესტესთან და როგორც ამბობენ, გავლენაც ჰქონდა მასზე.

ჰიპათიას მკვლელობა

ჰიპათიას მკვლელობაში იმდროინდელ ალექსანდრიის ეპისკოპოსს კირილეს ადანაშაულებენ ისტორიკოსები. კირილეს შესახებ ვკითხულობთ, რომ მან შექმნა სახელდახელო ჯგუფი ქრისტიანებისგან, რომლებიც არბევდნენ ებრაელ მოსახლეობასა და სინაგოგებს.

ეს ღიად გააკრიტიკა ორესტესმა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ აითვალწუნა კირილემ ჰიპათიაც, მიიჩნია რა, რომ ქალის გავლენით იყო ორესტესის ეს პოზიცია ნაკარნახევი.

ჰიპათია ქრისტიანების ორგანიზებულმა ჯგუფმა ქვებით ჩაქოლა.

დღემდე კირილე წმინდანად მიიჩნევა მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში.

ჰიპათიას მკვლელობა / წყარო – Mary Evans Picture Library / Alamy

ჰიპათია ალექსანდრიელი აზროვნების ისტორიაში დღემდე კაშკაშა ფიგურაა. მისივე სახელს ატარებს 1884 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი და კრატერი მთვარეზე.

2009 წელს ალეხანდრო ამენაბარმა გადაიღო ფილმი „აგორა“, რომელიც ჰიპათიას ცხოვრებას აღწერს.

იხილეთ Ted-ის მომზადებული ვიდეო ჰიპათიას მკვლელობის შესახებ.

ნარგიზ ჯინჭარაძე – ბოშები საკმარისად არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში

ნარგიზ ჯინჭარაძე,  ქობულეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი

ბოშები საკმარისად არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში.  მას შემდეგ, რაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს მათთან და გააქტიურდა ეს პრობლემა, იქედან თუ ავითვლით, ინტეგრაციის საკმაოდ კარგი ხარისხი და დინამიკაა, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის.

 ეს არის გრძელვადიანი საკითხი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელწიფოსა და საზოგადოების როლებს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა უმცირესობების მიმართ და ისეთი მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფის მიმართ, როგორიც ბოშები არიან. აქ ძალიან ბევრია სამუშაო. ვერ ვიტყვით, რომ არაფერი არ კეთდება, მაგრამ საკმარისი არ არის ეს ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.

ასევე განსაკუთრებულია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. სტერეოტიპები, ბოშების მიმართ გულგრილი და ზიზღნარევი დამოკიდებულება არსებობს და ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი. საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამას ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სოციალურმა სამსახურმა, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვამ. ყველას აქვს შეხება ამ სოციუმთან, ყველასთან არის სამუშაო.

ჩვენი კანონმდებლობა არეგულირებს, მაგალითად, განათლების ხელმისაწვდომობას ყველასთვის. მაგრამ შესაცვლელია ფორმები ურთიერთობის, ეს სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს. თუ ბოშასთვის სახელმწიფო ენა არ არის ქართული, მისი ბრალი ხომ არ არის, რომ ოჯახში არ ლაპარაკობენ ქართულად და ვერ ახერხებს ის რეგისტრაციის გავლას, ონლაინრეგისტრაციას, განცხადების დაწერას.

მშობელს არც აქვს ხოლმე სურვილი ჩარიცხოს თავისი შვილი სკოლაში და საბოლოოდ ამ ბავშვისთვის ხელმიუწვდომელია განათლება. ამიტომ არის განსაკუთრებით სენსიტიური თემა და განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. 

სტერეოტიპები შემიძლია დავყო ასაკობრივად, მაგალითად, ახალგაზრდებს უკეთესი დამოკიდებულა აქვთ ბოშების მიმართ, ვიდრე 30 წელს გადაცილებულ ადამიანებს.  ადამიანები სტერეოტიპებისგან გათავისუფლებას თავისით ვერ მოინდომებენ, თუ მათ არ ექნებათ მოტივაცია. ჩვენი საზოგადოების ცნობიერება იმ დონეზე არ არის, რომ თავისთავად იმუშაოს სტერეოტიპების აღმოფხვრაზე. ამისთვის უნდა იყოს მოტივატორები და ამაზე სახელმწიფომ და ხალხმა ერთსულოვნად უნდა იზრუნოს. საბავშვო ბაღებში, სკოლებში, საჭიროა წამახალისებელი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ თემის სოციალიზაციას და სამოქალაქო ინტეგრაციას. იგივე თვითმმართველობას შეუძლია კვოტირება შემოიღოს თემის წარმომადგენელისთვის, რომელიც ადვოკატირებას გაუწევს თემის პრობლემებს.

ივანიშვილმა და სახელმწიფომ გზები გაცვალეს

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა კომპანია „ურეკი რედიზენსმა“ და სახელმწიფომ ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] მათ საკუთრებაში არსებული გზები ერთმანეთს გადაუცვალეს. გზა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თავის რეზიდენციასთან მისასვლელად აქამდეც სარგებლობდა და გადაკეტილიც კი ჰქონდა, სახელმწიფომ 1-ელ აგვისტოს დაირეგისტრირა საკუთრებაში. მეორე გზა კი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთრებად 2011 წელს დაირეგისტრირა, შეკვეთილის პლაჟზე გადის.

გზების გაცვლაზე საქართველოს მთავრობამ თანხმობა 2019 წლის 23 აგვისტოს განკარგულებით განაცხადა, რომლის საფუძველზეც 3 სექტემბერს ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. სახელმწიფომ „ურეკი რეზიდენსის“ გზა სახელმწიფო საკუთრებად 6 სექტემბერს დაარეგისტრირა, „ურეკი რეზიდენსმა“ კი, სახელმწიფო გზა თავის საკუთრებაში – 9 სექტემბერს.

საქართველოს მთავრობას 23 აგვისტოს განკარგულება გასაჯაროებული არ აქვს. განკარგულების ელექტრონული ასლი „ბათუმელებმა“ მთავრობისგან 29 აგვისტოს ოფიციალურად გამოითხოვა. ამის შემდეგ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის ქონების ურთიერთგადაცემაზე ხელშეკრულებაც გაფორმდა, მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებიც შეიცვალა, თუმცა დოკუმენტის ასლი მთავრობის კანცელარიიდან დღემდე არ მიგვიღია.

„თქვენი წერილი 2019 წლის 5 სექტემბერს გადაიგზავნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში და პასუხს სამინისტრო მოგაწვდით“, – გვითხრეს დღეს, 12 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში.

გადაცვლილი გზები

გზა [1], რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სარგებლობდა და რომელიც სახელმწიფომ საკუთრებაში 1-ელ აგვისტოს დაირეგისტრირა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და 3066 კვ.მ-ია. გზა შემოღობილია და შლაგბაუმი დგას. გზის ირგვლივ მხოლოდ „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთებია, ორი გამონაკლისის გარდა, რომლებსაც სხვა კერძო მესაკუთრეები ჰყავს. თუმცა, გზასა და კერძო ნაკვეთებს შორის არის ტერიტორია, რომელიც ჯერ რეესტრში არავის საკუთრებად არ არის რეგისტრირებული, მათ შორის არც სახელმწიფო საკუთრებაში. ვინაიდან ეს გზა ახლა „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია, მას კომპანია უკვე კანონიერად ჩაკეტავს. კერძო მესაკუთრეები კი, გადასაადგილებლად, ისევ მათ ნაკვეთებსა და ამ გზას შორის არსებული ტერიტორიით ისარგებლებენ.

გზა [2], რომელიც 2019 წლის 6 სექტემბრამდე, საჯარო რეესტრის მონაცემებით „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში იყო – 3067 კვ.მ-ია. ეს ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ის, როგორც „ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტებით ირკვევა, 2004 წლის აპრილში ციცინო ივანაშვილმა ერთ-ერთი კერძო პირისგან იყიდა 6 120 აშშ დოლარად. 2011 წლიდან, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ეს ნაკვეთი ჯერ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში იყო, შემდეგ – ბერა ივანიშვილის, რომელმაც ის „ურეკი რეზიდენსის“ კაპიტალში შეიტანა.

გზა [1] – მარცხნივ და გზა [2] – მარჯვნივ, რომლებიც სახელმწიფომ და „ურეკი რეზიდენსმა“ ერთმანეთს გაუცვალეს /ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“ / 11.08.2019
გზა[1] ქვემოთ და გზა[2] ზემოთ – გზის მონაკვეთები, რომლებიც კომპანიამ და სახელმწიფომ ერთმანეთს გაუცვალეს
[highlight color=”red”]შპს „ურეკი რეზიდენსი[/highlight] ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. 2017 წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს, საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა.

ამ თემაზე:

სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს

„მალფისენტი, სიბნელის ჯადოქარი” – დისნეის ახალი ფილმი 18 ოქტომბერს გამოვა

2019 წლის 18 ოქტომბერს დისნეის სათავგადასავლო ზღაპრის მეორე სერიის პრემიერაა დაგეგმილი.„მალფისენტი, სიბნელის ჯადოქარი“ ასე ჰქვია ,,მძინარე მზეთუნახავის“ მოტივებზე გადაღებულ ზღაპარს, რაც 2014 წელს გადაღებული ,,მალფისენტის“ გაგრძელებაა და ,,მძინარე მზეთუნახავის“ სულ სხვა ვერსიას გვთავაზობს.

ზღაპარში ჯადოქარ მალფისენტის მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი შეასრულებს.

დისნეის ფილმი გვიამბობს, თუ როგორ და რატომ გაბოროტდა ყველაზე სევდიანი და ცნობილი ჯადოქარი მალფისენტი ისე, რომ მან პატარა პრინცესა ავრორაც კი დაწყევლა.

შავრქიან ჯადოქარ მალფისენტსა და მომავალ დედოფალს დაძაბული ურთიერთობა აქვთ, გამუდმებულ ბრძოლებში ისინი მოკავშირეების არმიებს ქმნიან, რაშიც მავრები და მაგიური არსებებიც ერთვებიან.

ფილმის რეჟისორი იოაჰიმ რონინგია. ჯოლისთან ერთად ფილმში მთავარ როლებს მიშელ პფაიფერი, ელ ფანინგი და დევიდ გიასი ასრულებენ.

 

 

განათლების მინისტრმა 2018 წელს ავტომანქანაში 47 500 ევრო გადაიხადა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, გასულ წელს ორი ძვირადღირებული ავტომანქანა იყიდა, ერთი თავისთვის, მეორე კი – ცოლისთვის.

მინისტრმა 47 500 ევროდ ავტომანქანა „LAND ROVER RANGE ROVER VELAR“-ის 2017 წლის მოდელი შეიძინა. მან გასულ წელს მეუღლეს „MAZDA CX 5“ აჩუქა, რაშიც 36 000 ლარი გადაიხადა. ამ მანქანის შეძენის თარიღადაც მინისტრს 2018 წელი აქვს მითითებული.

მინისტრმა ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა ისიც, რომ ახალი ავტომანქანები სესხით შეიძინა, გასულ წელს კი ამ სესხიდან 141 835 ლარი დაფარა.

ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მინისტრმა 2019 წლის 13 აგვისტოს შეავსო, სადაც 2018 წლის გასავლებზე ჩაწერა. სწორედ ამ დეკლარაციაშია მითითებული ხარჯებზე, რაც ავტომანქანების შეძენას უკავშირდებოდა.

მიხელი ბატიაშვილი განათლების მინისტრად მამუკა ბახტაძემ 2018 წლის 12 ივლისს წარადგინა.

მინისტრის მიერ შევსებულ დეკლარაციაში ორივე ავტომანქანების შეძენის წლად მითითებულია 2018 წელი.

შენიშვნა: მასალის გამოქვეყნებიდან მალევე დაგვიკავშირდა სამინისტროს პრესსამსახური, რომელმაც განმარტა, რომ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ლენდ როვერ რანჯ როვერ ველარი“ შეიძინა კერძო სექტორში მოღვაწეობის დროს, 2018 წლის 22 მარტს.

იქედან გამომდინარე, რომ მიხეილ ბატიაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ ავტომანქანების შეძენის წელი აქვს მითითებული, პრესსამსახურს „ბათუმელებმა“ სთხოვა რაიმე დოკუმენტი, რითაც დადასტურდებოდა, რომ ავტომანქანები მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრად დანიშვნამდე შეიძინა.

პრესსამსახურმა წერილობით შემდეგი გვაცნობა:

„გადახდილ იქნა 82 115 ლარი კრედიტით და 59 700 ლარი კერძო დანაზოგიდან, რომელიც მას ასევე ბიზნესში მოღვაწეობის პერიოდში ჰქონდა, რაც ასახულია დეკლარაციაში. რაც შეეხება მეუღლისთვის მანქანის ჩუქებას – განხორციელდა 2018 წლის ივნისში, ასევე, მინისტრობამდე. მანამდე აღნიშნულ მანქანას ბატიაშვილი წლების განმავლობაში ფლობდა. აღსანიშნავია, რომ ბატიაშვილის მეუღლემ მანქანის ჩუქების შემდგომ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადიც – 7200 ლარი“.

 

ბათუმში 12 ქუჩაზე აბონენტებს ღამით წყალმომარაგება შეუწყდებათ

შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, სარემონტო სამუშაოების გამო 12 სექტემბრის ღამის 12:00 საათიდან 13 სექტემბრის დილის 8:00 საათმდე წყალმომარაგება შეუწყდება ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებს:

  • მელიქიშვილის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩიდან ოსტროვსკის ქუჩამდე;
  • 26 მაისის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩიდან ოსტროვსკის ქუჩამდე;
  • ვაჟა-ფშაველას ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩიდან ოსტროვსკის ქუჩამდე;
  • ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩიდან ოსტროვსკის ქუჩამდე;
  • სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩიდან მამია კომახიძის ქუჩამდე;
  • მამია კომახიძის ქუჩა – სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე;
  • ჩაიკოვსკის ქუჩა – სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე;
  • გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა – სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე;
  • პუშკინის ქუჩა – სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე;
  • ჭავჭავაძის ქუჩა – სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე;
  • ბესიკის ქუჩა – მელიქიშვილის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე;
  • სევასტოპოლის ქუჩა – სრულად.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.

ყველაფერი ნატოში შესვლასთან დაკავშირებით [მოკლედ]

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 10 სექტემბერს, თბილისში ვიზიტისას თქვა, რომ შეცდომა იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) არ მიცემა.

ამას  გარდა რასმუსენმა სიტყვასიტყვით თქვა:

“მე ვფიქრობ, თქვენ საქართველოს შიგნით უნდა გქონდეთ დისკუსია, მისაღებია თუ არა ალიანსში საქართველოს გაწევრიანება იმ პირობით, რომ მე-5 მუხლმა დაფაროს მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები და ამას პასუხი უნდა გავცეთ ნატოშიც”.

ანუ რასმუსენმა თქვა, რომ ქვეყნის შიგნით უნდა დაიწყოს დისკუსია, მისაღები არის  თუ არა საქართველოსთვის პირველ ეტაპზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე.

რას ნიშნავს მეხუთე მუხლი? – „ყველა ერთისათვის ერთი ყველასათვის“

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის [NATO] ხელშეკრულების მე-5 მუხლი გულისხმობს, რომ ნატოს ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა აღიქმება ყველა წევრ ქვეყანაზე თავდასხმად. ასეთ შემთხვევაში, ალიანსი დახმარებას გაუწევს საფრთხის ქვეშ მყოფ წევრ ქვეყანას ან ქვეყნებს და განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით. მე-5 მუხლი ნატოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 12 სექტემბერს ამოქმედდა, აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მომდევნო დღეს.

 

 

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო უარს ამბობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ  ტერიტორიებზე?

არა, ეს ამას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო შედის ნატოში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, მაგრამ მეხუთე მუხლი ვრცელდება მხოლოდ მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებზე მანამ, სანამ ოკუპირებულ  ტერიტორიებზე კონფლიქტი არ მოგვარდება.

ეს არის  ე.წ. „გერმანული მოდელი“.

რას ნიშნავს გერმანული მოდელი?

დასავლეთ გერმანია ნატოს წევრი 1955 წელს გახდა. 35 წლის შემდეგ, 1990 წელს, ანუ როცა ცივი ომი დასრულდა, ბერლინის კედელი დაინგრა და გერმანია გაერთიანდა,  აღმოსავლეთ  გერმანიაც  გახდა ნატოს წევრი. ამჟამად გერმანია ნატოს სრულფასოვანი წევრია.

თუ საქართველო ნატოში შევა და მუხლი არ გავრცელდება ქვეყნის ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთზე,  ამით  საერთაშორისო არენაზე  რამე  შეიცვლება?

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოკერი ფიქრობს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„გვსურს, ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი რეინტეგრაცია ვიხილოთ. ანდერს ფოგ რასმუსენმა გაახმოვანა მნიშვნელოვანი იდეა. საქართველომ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს ძალისმიერად ამ ტერიტორიების შემოერთებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხოლოდ მშვიდობიან გზას განიხილავს.

ნატოს შეუძლია იმავე იდეას დაეყრდნოს და თქვას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მაგრამ გარკევული პერიოდი გამოვრიცხავთ მე-5 მუხლის ამოქმედებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რათა კონფლიქტის პრევენცია მოვახდინოთ”.

 

მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი და მიმინო გაუშვეს

მაჭახელას ეროვნულ პარკში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველი და მიმინო გაუშვეს.

როგორც გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, მიმინო და შველი ადგილობრივებმა მდინარეში იპოვეს. მათ მცირე დაზიანებები ჰქონდათ, „ადგილობრივები ჩვენ დაგვიკავშირდნენ, ჩაერთო დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოც, უმკურნალეს შველს და მიმინოს და შემდეგ გაუშვეს პარკში,“- გვითხრეს ზედამხედველობის დეპარტამენტში.

მაჭახელას ეროვნული პარკი აჭარაში, მდინარე მაჭახელი ხეობაში, 8 733 ჰექტარზეა განთავსებული.  ტერიტორია ეროვნულ პარკად 2012 წელს გამოცხადდა, უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

“ახალი მეჩეთის აშენებაზე” სასამართლო გადაწყვეტილებას 26 სექტემბერს მიიღებს

„ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმის“ განხილვა დასრულდა. გადაწყვეტილებას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე 26 სექტემბერს გამოაცხადებს.

დღეს, 12 სექტემბერს, გამართული ბოლო სხდომის დასაწყისში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე დაინტერესდა, რა ბედი ეწია მხარეებს შორის მოლაპარაკებას, რის გამოც სასამართლო განხილვა შეჩერებული იყო. სხდომა მალევე გაგრძელდა, რადგან მერიის იურისტმა და მუსლიმი თემის დამცველმა იურისტებმაც მოსამართლეს უთხრეს, რომ შეთანხმება ვერ შედგა.

“გაოცებული ვარ მერიის ადმინისტრაციის დამოკიდებულებით… კომუნისტური წესით გვითხრეს, გადმოგვეცით მიწის ნაკვეთიო. ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას… 8 ეკლესიაა იქ ირგვლივ, სადაც ახალი მეჩეთი უნდა აშენდეს… ჩემი ბაბუა და თქვენი ბაბუა,” – მიმართა მოსამართლეს მუსლიმი თემის წარმომადგენელმა, ნოდარ პაქსაძემ, თუმცა რეპლიკა მოსამართლემ შეაწყვეტინა.

“იქნებ, მხოლოდ საქმის ირგვლივ ისაუბროთ, რეპლიკა ამას ითვალისწინებს…” – აღნიშნა მოსამართლემ.

“სასამართლო არის თავისუფალი და მე იმედი მაქვს, რომ თქვენ მიიღებთ თავისუფალ და სამართლიან გადაწყვეტილებას… დღეს ქვაფენილზე ლოცულობენ მუსლიმები, ეს არის სირცხვილი,” – დასძინა ნოდარ პაქსაძემ.

“ეს საქმე ისტორიულია… მე ვხედავ, ისევე როგორც თქვენ, როგორ ცდილობენ ისინი  მათი მოქალაქეობის აღიარებას. ის 12 ათასი ხელმოწერა, რაც შეგროვდა, ამის დადასტურებაა. მე ვფიქრობ, რომ ტერმინი “სენსიტიური” კი არ უნდა გამოვიყენოთ, არამედ “ისტორიული”, – ამ რეპლიკით მიმართა მოსამართლეს თამთა მიქელაძემ. იგი “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელია. ეს ორგანიზაცია “ტოლერანტობის დს მრავალფეროვნების ინსტიტუტთან” ერთად მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს.

თამთა მიქელაძემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არის მუსლიმი თემისთვის მიუღებელი მერიის წინადადება – გადაეცეს მუსლიმების მიერ შეძენილი მიწა მუსლიმთა სამმართველოს. მან თქვა, რომ ამ თემის აზრით, სამმართველო პოლიტიკურ გავლენების ქვეშაა.

“მე მჯერა, რომ თქვენც ისტორიულ როლს შეასრულებთ ამ პროცესში,” – მიმართა მოსამართლეს თამთა მიქელაძემ.

“მერიის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული. მეტიც, დასაბუთება საერთოდ არ არსებობს,” – აღნიშნა სხდომაზე მუსლიმი თემის ინტერესების კიდევ ერთმა დამცველმა, მერი ალაფიშვილმა.

“ჩვენი შეთავაზება იყო ის, რომ მხარედ ამ პროცესში გამოსულიყო საქართველოს მუსლიმთა სამმართველო. მე არ მინახავს გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ პირდაპირ დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება,” – აღნიშნა სასამართლო პროცესზე ბათუმის მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ სამართლებრივად მერიას “დისკრეციული უფლებამოსილების” განხორციელებაში სასამართლო ვერ ჩაერევა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების რესურსი ამოწურული არ არის… მხარეები თუ საბოლოოდ პოზიციებს შეაჯერებენ, ეს იქნება საუკეთესო შედგება. ეს აუცილებლად დადგება, მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს,“ – თქვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მხარეების რეპლიკების მოსმენის შემდეგ.

_____

ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ შეიტანა. ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. სასამართლოს მუსლიმმა თემმა 2018 წლის 10 ივნისს მიმართა. ამ საქმის განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ივლისში უნდა დაესრულებინა იმ შემთხვევაში, თუკი მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმება ვერ შედგებოდა. შეთანხმება მერიაში 9 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ვერ შედგა. ამის შემდეგ მოსამართლე შვებულებაში გავიდა.

ბათუმში 30 წლის ქალს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, 30 წლის ქალს ავტომანქანა დაეჯახა, დაშავებული მედცენტრში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. ადგილზე იმყოფება პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ნახეთ და მოისმინეთ Creams-ის ახალი ვიდეოკლიპი

ბათუმელმა არტისტმა Creams-მა, იგივე ნათია ჭიჭინაძემ ახალი ვიდეოკლიპი ატვირთა თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

სიმღერა – Die 4 you რიგით მესამე სოლონამუშევარია. ამ წლის მანძილზე უკვე გამოვიდა კლიპები  Sleep on me და Lov.

ნათია მანამდე ბენდთან ერთად მოღვაწეობდა.

განიხილება გასხვისებაც და იჯარაც – ჯაბა ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს შენობაზე ჩაქვში

„ჩაქვში მდებარე შენობასთან დაკავშირებით რაც იქნება რაციონალური და ოპტიმალური, ყველა ვარიანტს განვიხილავთ. მიდის საუბრები. კონკრეტული და დეტალური, საინვესტიციო პოტენციალის თვალსაზრისით, ჯერ არ არის, თუმცა ინტერესი არის. განიხილება ქონების გასხვისებაც, გრძელვადიანი იჯარაც, გააჩნია რა ტიპის შემოთავაზება იქნება. მთავარია სექტორი, ინვესტიციის მოცულობა, დასაქმებულთა რაოდენობა. ამ ჭრილში რა შემოთავაზებაც იქნება, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ  ყველა კარგი ვარიანტი განვიხილოთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით.

ჩაქვში, მიგინეიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა დატოვოს. რეგიონის საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ბათუმში, იმ შენობაში გააგრძელებს, სადაც ამ დრომდე ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი იყო განთავსებული. ეს არის ბათუმის ყოფილი N1 საავადმყოფოს შენობა ლუკა ასათიანის, გორგასლისა და თავდადებულის ქუჩებს შორის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ამ შენობის რემონტში, ექვსი წლის წინ, 6.4 მილიონი ლარი დაიხარჯა. დღეს კი, შეიძლება ითქვას, შენობა სავალალო მდგომარეობაშია – თითქმის ყველა მხრიდან ჩადის წყალი, ამორტიზებულია კედლები და იატაკი. დაზიანებულია მინის კარები.

კონკრეტულად როდის დაიწყებენ ახალ შენობაში მუშაობას, უმაღლეს საბჭოში არ იციან. ინფორმაცია არ აქვთ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც.

„ჩვენ ჩავერთვებით ქონების განკარგვაში მას  შემდეგ, როცა გამოთავისუფლდება შენობა [ჩაქვში]. პროცედურულად როდის უნდა გადმოვიდნენ, ინფორმაცია არ გვაქვს“, – გვითხრა ჯაბა ფუტკარაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია ჩაქვში მდებარე 2 540 კვ/მ შენობა, სადაც ჯერჯერობით უმაღლესი საბჭოა განთავსებული. ამ შენობაზე 13 154 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთია მიმაგრებული, რომელიც ასევე აჭარის საკუთრებაა.

Biaff-ის ჩვენებები ღია ცის ქვეშ – ფილმები, რომლებსაც ევროპის მოედანზე ნახავთ

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალზე Biaff 2019  ფილმების ჩვენება გაიმართება კინოთეატრ აპოლოსა და ევროპის მოედაზე – ღია ცის ქვეშ. ყოველ სექტემბერს Biaff-ის  ღია ცის ქვეშ მოწყობილ ჩვენებებს უამრავი მაყურებელი ჰყავს, წელს კი ევროპის მოედანზე სანახავი ფილმების განრიგი ასეთია:

 

16 სექტემბერი

20.30 –აღლუმი“, ნინო ჟვანია, საქართველო, 2018;87 წთ.

22.00 – FILM surprise

 

17 სექტემბერი

20.30 – გამჭვირვალე სამყარო“, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი, საქართველო, 2018; 82 წთ.

22.30 – ბიუზჰალტერი“, ვეიტ ჰელმერი, გერმანია / აზერბაიჯანი, 2018; 90 წთ.

 

18 სექტემბერი

20.30 – GEO – საბჭოთა პროპაგანდის მიღმა“(ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები), 60 წთ.

22.00 – GEO-თეთრი ქარავანი“, ელდარ შენგელაია, საქართველო, 1964; 97 წთ.

 

19 სექტემბერი

20.30 – პუნტო რაიას კინოფესტივალის (პოლონეთი) საუკეთესო აბსტრაქტული/ექსპერიმენტული ფილმების კოლექცია 2018 , 70 წთ.

22.00 – SC3 (111 წთ.) – ზღვის ტალღები“, ამირ გოლამი, ირანი, 2018; 16 წთ. შესანიშნავი 60 დღე“, ტაევუ კიმ, სამხრეთ კორეა 2019; 9 წთ.ღმერთი ურჩხული“, აგუსტინა სან მარტინი, არგენტინა, 2019; 10 წთ.აიღე, ვიქტორია ჰანტი, ავსტრალია, 2019; 9 წთ.ბრმა სიყვარული“, ბიძინა გოგიბერიძე, გერმანია, 2019; 18 წთ.გამორჩეული გრძნობები“, კერენ მარჩიანო, საფრანგეთი, 2019, 11 წთ. მანო მანოლუიზა კურვასორი, საფრანგეთი, 2018; 23 წთ.ანა“, დეკელ ბერენსონი, უკრაინა / ისრაელი / დიდი ბრიტანეთი, 2019; 15 წთ.

 

20 სექტემბერი

20.30 – ეს ცხოვრება“, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი, საქართველო, 2016; 85 წთ.

21.30 – SC2 (136 წთ.) – – ბაგატელი“, დენიელ ლევინი, აშშ, 2019; 30 წთ. დელირიუმი“, ვაჰიდ & ნავიდ ნამი, ირანი, 2019; 16 წთ.ბებო აქსო“, მეგი ბასილია, ისრაელი, 2019; 26 წთ. იმედი“, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019; 26 წთ.კივილი“, ტომ სტენკო, რუსეთი, 2019; 24 წთ. ინდაური“, ამირ მასუდ სოჰეილი, ავღანეთი, 2019; 15 წთ.

 

21 სექტემბერი

20.30 – SC4 GEO (133 min.)ცხოველი“, ამირან დოლიძე, საქართველო, 2019; 30 წთ. ცუდი ხალხი“, გიორგი თავართქილაძე, საქართველო, 2019; 20 წთ. კარს მიღმა“, ნიკა ქურდაძე, საფრანგეთი / საქართველო, 2019; 31 წთ.გაბანა“, ნიკოლოზ გუგუშვილი, საქართველო, 2019; 30 წთ.ტრადიცია“, სოსო ბლიაძე, საქართველო, 2019; 22 წთ.

22.00 – GEO Shorts – ინტერაქტივი“, „მარქსის ქუჩა 12“, დევნილი“ 60 წთ.


ამავე თემაზე:

დეკანოზ მამალაძის ძმა: ჩემსა და მამაოს მეუღლეებს თურქეთში გადასვლის უფლება არ მისცეს

„სახელმწიფო უკვე ზღვარგადასული მეთოდებით ებრძვის ჩემს ოჯახს,“ – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე. მისი თქმით, დღეს, 11 სექტემბერს, მესაზღვრეებმა სარფის გამსვლელ პუნქტზე მისი ოჯახის წევრებს თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდეს.

„დღეს მამაოს მეუღლე და ჩემი მეუღლე სარფში თურქეთის მხარეს გადადიოდნენ იმისთვის, რომ ბავშვებისთვის სასკოლოდ რაღაცები ეყიდათ იაფად. გაურკვეველი მიზეზით ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვარზე არ გადაუშვეს. ეს უკვე არის მთელი ჩვენი ოჯახის დევნა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. ამით მაინც ვერ დაგვაშინებთ და მოვითხოვ ოფიციალურად პასუხს ამაზე,“ – წერს თორნიკე მამალაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, კონკრეტული პირის საზღვის კვეთა პერსონალური ინფორმაციაა, თუმცა უწყებამ ამ შემთხვევის შესახებ შესაძლოა განმარტება მოგვიანებით გააკეთოს.

2019 წლის 30 აგვისტოს თორნიკე მამალაძემ ასევე „ფეისბუქში“ დაწერა, რომ ერთ-ერთი ეპისკოპოსი მას მოკვლით დაემუქრა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას გამოძიება პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მცდელობას ედავებოდა.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ აქ

რა შემთხვევაში შეგიძლიათ დასაქმდეთ სკოლაში სახელმწიფო პროგრამით

პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგების საჯარო სკოლიდან გასვლის შემდეგ სკოლებში გაჩენილ ვაკანსიებზე კონკურსები მიმდინარეობს. სკოლების გარკვეულმა ნაწილმა სასურველი კადრები შეარჩია, თუმცა ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ 1 500 ვაკანსიაა.

იმ შემთხვევაში, თუკი სკოლები არსებული ვაკანსიების შევსებას სასწავლო წლის დასაწყისში ვერ შეძლებენ, სკოლაში შესვლის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით, რომელსაც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერონული ცენტრი და აჭარის განათლების სამინისტრო ახორციელებს.

პროგრამას „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“, აჭარის განათლების სამინისტრო რამდენიმე წელია, რაც ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 30 პედაგოგი დასაქმდა საჯარო სკოლებში, ძირითადად, მაღალმთიან რეგიონებში.

რა ხდება მიმდინარე წელს და როდის შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს პროგრამაში ჩართვა?

სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პროგრამით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს მას შემდეგ შეეძლებათ, როცა სკოლები ვაკანტურ ადგილებზე კონკურსს დაასრულებენ.

„ჯერ არ ვიცით რომელ სკოლებში გვექნება ვაკანსიები, ეს გაირკვევა კონკურსების შემდეგ. ანალიზის შემდგომ შეგვეძლება 30 მასწავლებელი ამ პროგრამის ფარგლებში დავასაქმოთ,“ – ამბობს ნაზობროლა ბერიძე-გაბაიძე.

მისი თქმით, გასულ წელს პროგრამის ფარგლებში 30 მასწავლებელი დაასაქმეს. პროგრამის ფარგლებში პედაგოგებთან ერთწლიანი ხელშეკრულება ფორმდება. იმ შემთხვევაში, თუკი დასაქმებული მასწავლებელი შემდგომ წელსაც გადაწყვეტს იმავე სკოლაში მუშაობის გაგრძელებას, მას ხელშეკრულებას სამინისტრო ისევ უფორმებს.

თუ დატოვებს პროგრამით მოსარგებლე პირი სკოლას,  გაჩენილ ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდება.

„იმ პედაგოგებს, რომლებიც გასულ წელს დასაქმდნენ პროგრამით, შეუძლიათ სკოლების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა და მუდმივად დასაქმდნენ, მაგრამ ამ პროგრამით მოსარგებლე პედაგოგები ძირითადად ქალაქებში ცხოვრობენ და 1000-ლარიანი დანამატია ერთ-ერთი წამახალისებელი იმისთვის, რომ ცოტა ხნით გადავიდნენ მაღალმთიანეთში. თუ არ მიიღებენ ისინი კონკურსებში მონაწილეობას, გასაკვირი არ იქნება, რადგან მათი შემოსავლის წყარო მცირდება, ბუნებრივია.

ჩვენ გარანტია ვერც ერთ მასწავლებელს ვერ მივეცით იმაზე, რომ თუკი, ვთქვათ, კონკურსებში არ მიიღებენ მონაწილეობას და სკოლა მათ ნაცვლად სხვა პედაგოგს აიყვანს, ჩვენ მოგვიწევს ჩვენი დასაქმებული მასწავლებლების იმ სკოლებში გაშვება, სადაც დარჩება ვაკანსიები, “- ამბობს ნაზობროლა ბერიძე-გაბაიძე.

თუმცა, მისი თქმით, სამინისტროს პოზიციაა, რომ სკოლებს საბოლოო ჯამში ჰყავდეთ მათი მასწავლებლები, რომლებიც არ იქნებიან პროგრამაზე მიბმული.

„ჩვენი პროგრამა არის დროებითი ზომა, მაგრამ ეს სკოლაში განათლების ხარისხის მდგრადობას ხელს ვერ უწყობს, იმიტომ, რომ მასწავლებელი რიგ შემთხვევაში იცვლის ოჯახურ მდგომარეობას და ვეღარ აგრძელებს მუშაობას სოფლის სკოლაში, ან რთულ კლიმატურ პირობებში დიდხანს ცხოვრება უჭირს. ამიტომ არიან მასწავლებლები, რომლებიც პროგრამას ტოვებენ მსგავსი მიზეზების გამო“.

ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძის თქმით, თუკი პირი პროგრამის ფარგლებში უწყვეტად არის დასაქმებული სკოლაში, მას მომავალ წელს სხვა კონკურსანტებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება და ხელშეკრულება ავტომატურად უგრძელდება. „თუკი ერთწლიანი წყვეტა ექნება,  მაშინ ხელახლა უწევს კონკურსის გავლა“.

პროგრამის ფარგლებში დასაქმების მსურველს ნებისმიერ დროს შეუძლია სამინისტროში წარადგინოს დოკუმენტაცია და ვაკანსიის შემთხვევაში გამოცხადებულ კონკურსში ჩაერთოს.

პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პედაგოგები ათასლარიან დანამატს იღებენ იმასთან ერთად, რასაც სკოლაში საათობრივი დატვირთვით გამოიმუშავებენ.

პროგრამის ბიუჯეტი 2019 წლისთვის 300 ათასი ლარია.

რაც შეეხება მეორე პროგრამას  – „ასწავლე საქართველოსთვის“, რომელსაც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერონული ცენტრი ახორციელებს, პროგრამის ხელმძღვანელი ლალი წიკლაური ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში რამდენი პედაგოგის დასაქმებას შეძლებენ, ეს კონკურსების დასრულების შემდეგ ეცოდინებათ.

„ჯერჯერობით არ ვიცით რამდენი ვაკანსია გაჩნდება კონკურსების შემდეგ, ველოდებით პროცესების დასრულებას,“- გვითხრა ლალი წიკლაურმა.

მისი თქმით, კონკურსი მოიცავს გასაუბრების ეტაპს. დასაქმების მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია იმ საგანში, რომლის სწავლებასაც სკოლაში აპირებს.

ლალი წიკლაურის თქმით, პროგრამაში ჩართული პირები კვალიფიციური პედაგოგები არიან და ამ კადრებზე მოთხოვნა უფრო მაღალია.  „წელს 185 პედაგოგი გვყავდა პროგრამაში  ჩართული.  არის ტენდენცია, რომ ყოველ წელს მინიმუმ ხუთი პედაგოგი მაინც ტოვებს სკოლას, ახალი სასწავლო წლისთვის რამდენი პედაგოგი დარჩება, ამის შესახებ კონკურსისების დასრულების შემდეგ გვეცოდინება,“- ამბობს წიკლაური.

განმეორებითი კონკურსები საჯარო სკოლებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე 14-15 სექტემბერს გაიმართება. საჯარო სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს იწყება.

დეპუტატები კაბინეტებს თავიანთი ხარჯით შეღებავენ – უმაღლესი საბჭოს მომავალი შენობა [ფოტო]

აჭარის უმაღლესი საბჭო ხელოვნების უნივერსიტეტის ყოფილ შენობაში გადასასვლელად ემზადება. ეს შენობა [ყოფილი პირველი საავადმყოფო], რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თავის დროზე მთლიანად გაარემონტეს და იქ სასწავლო უნივერსიტეტი განთავსდა. შენობის რემონტში, ექვსი წლის წინ, 6,4 მილიონი ლარი დაიხარჯა. დღეს კი, შეიძლება ითქვას, შენობა სავალალო მდგომარეობაშია – თითქმის ყველა მხრიდან ჩადის წყალი, ამორტიზებულია კედლები და იატაკი. დაზიანებულია მინის კარები.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია ხარჯთაღრიცხვის შედგენა, თუ რა თანხა დასჭირდება შენობის გარემონტებას. მანამდე, უმაღლესი საბჭო საკუთარი ძალებით გარკვეულ სამუშაოებს უკვე ატარებს. მიმდინარეობს ინტერნეტის ქსელის, ელექტროობის და სხვა სამუშაოები.

„მიმდინარე სამუშაოები 2019 წლის ეკონომიით მიღებული თანხით კეთდება. დეპუტატებს მოუწიათ საწვავის დაზოგვა, ასევე გარკვეულ ვაკანსიებზე არ აგვიყვანია თანამშრომლები და სახელფასო ფონდიდან მათთვის განკუთვნილი სახელფასო თანხა ამ შენობას მოხმარდება. ამასთან, ჩაქვში მდებარე შენობაში უნდა მოგვეწესრიგებინა სხდომათა დარბაზი, რისთვისაც თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გვქონდა გათვალისწინებული [იგეგმება სხდომების პირდაპირი ტრანსლირება და სხვ.]. ეს თანხაც ამ შენობაში დარბაზის მოწესრიგებას მოხმარდება. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს წევრების კაბინეტებს, ისინი [მათ შორის საბჭოს თავმჯდომარეც – ავტ.] სამღებრო სამუშაოებს საკუთარი ხარჯებით ჩაატარებენ. ვინაიდან შენობა ძეგლია, ყველა სამუშაო შეთანხმებულია და შეთანხმდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან,“ – გვითხრეს უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში.

აჭარის უმაღლეს საბჭოში, შრომის ანაზღაურების შესახებ ვრცლად ნახეთ ბმულზე.

ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში რომ წყალი ჩადიოდა და კედლები რამდენიმე ადგილას დაზიანებული იყო, ამის შესახებ „ბათუმელები“ სამი წლის წინაც წერდა. ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა, ერმილე მესხიამ, მაშინ განაცხადა, რომ წყალი შენობაში 2012 წლიდან ჩადის, ანუ მას შემდეგ, რაც შენობის რეაბილიტაცია დასრულდა.

[red_box]ამ თემაზე ვრცლად: ხელოვნების უნივერსიტეტში წყალი ჩამოდის[/red_box]

ხელოვნების უნივერსიტეტი ამჯერად გორგილაძის ქუჩაზე, ყოფილი კოლეჯის შენობაში გადავიდა. ეს შენობაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მის გარემონტებაში ბიუჯეტიდან დაახლოებით 3,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

4 735 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სადაც 4 055 კვ/მ საერთო ფართობის [უმაღლესი საბჭოს მომავალი შენობა] ნაგებობა დგას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და მისი მოსარგებლე, საჯარო რეესტრის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია ის შენობა [2 540 კვ/მ.] და მიწის ნაკვეთი [13 154 კვ/მ] ჩაქვში, სადაც ჯერჯერობით უმაღლესი საბჭოა განთავსებული. განიხილება ამ ქონების გასხვისებაც და იჯარაც, განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში, კანონით, 117 საშტატო ერთეულია. ამაში შედის უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიც. აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტი 5 216 800 ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის გეგმით გათვალისწინებულ თანხაზე 170 ათასი ლარით მეტია. აქედან უშუალოდ ხელფასებისთვის 3 433 200 ლარია გათვალისწინებული.

ფოტორეპორტაჟი შენობიდან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და სადაც აჭარის საკანონმდებლო ორგანომ უნდა გააგრძელოს მუშაობა:

ოთახი, სადაც უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზი მოეწყობა. მარჯვნივ – დაზიანებული კედელი ამავე დარბაზში / 11.09.2019
ამ ოთახში, სადაც დღეს წყალი ჩადის, რომელიმე დეპუტატის კაბინეტი განთავსდება / 11.09.2019
წყლისგან დაზიანებული კედელი შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და სადაც უმაღლესი საბჭო უნდა განთავსდეს / 11.09.2019
შენობა, სადაც ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი იყო განთავსებული / 11.09.2019
დაზიანებული იატაკი და კედელი / 11.09.2019
სოკო შენობის მეორე სართულზე / 11.09.2019
კედელი დერეფანში სადაც წყალი ჩადის და ფარდა, რომელიც აქ ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტმა დატოვა / 11.09.2019
დაზიანებული მინის კარი, რომელიც წებოვანი ლენტით გაუმაგრებიათ უნუვერსიტეტელებს / მინაჩამტვრეული რამდენიმე კარი დააფიქსირა აქ „ბათუმელებმა“ 11.09.2019

ხელოვნების უნივერსიტეტის რექრტორის ყოფილი კაბინეტი [მარცხნივ] და ამ კაბინეტის გვერდით მდებარე ოთახი შენობაში, სადაც უმაღლესი საბჭო გადადის / 11.09.2019
ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ყოფილი და უმაღლესი საბჭოს მომავალი შენობა ზუბალაშვულის ქუჩის [სკვერის] მხრიდან / 11.09.2019

შენობა და ეზო ლუკა ასათიანის ქუჩის მხრიდან / 11.09.2019
მთავარი ფოტო:  შენობა ბათუმში, ლუკა ასათიანის N 37-ში [ხედი ვახტანგ გორგასლის ქუჩის მხრიდან] / ფოტო: თედო ჯორბენაძე/„გაზეთი ბათუმელები“ / 11,09.2019

ამ შენობაში აჭარის მთავრობის გადასვლაზეც იყო საუბარი, თუმცა, საბოლოოდ უმაღლესი საბჭოს გადასვლა გადაწყდა.

რაც შეეხება მთავრობას და სამინისტროებს, აჭარის ბიუჯეტიდან 2018 წელს 542 800 ლარია გადახდილი პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში აჭარის მთავრობის ახალი შენობა უნდა აშენებულიყო. მშენებლობისთვის თანხა კი არც მიმდინარე წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული და არც 2020 წლის ბიუჯეტის მუშა პროექტში დევს. ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 28 მილიონი ლარია საჭირო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაახლოებით სამი თვის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შესაბამისი თანხა ამ ეტაპზე არ აქვთ.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობის ახალი შენობის აშენებას 28 მილიონი ლარი დასჭირდება – პროექტი

 

Biaff 2019 – რა ფილმებს აჩვენებენ კინოთეატრ აპოლოში – ყოველდღიური განრიგი

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი Biaff 2019  15-22 სექტემბერს ჩატარდება.  „აპოლოში“ დაგეგმილი საფესტივალო ჩვენებების ყოველდღიური განრიგი ასეთია:

 

16 სექტემბერი

12.00 –მაფიის გადაღება, კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019; 94 წთ.

14.00 – თეთრი ქარავანი“, ელდარ შენგელაია, საქართველო, 1964; 97 წთ.

16.00 –სიცარიელე, ალექსი სალმენპერა, ფინეთი, 2018; 97 წთ.

18.00 –ბიუზჰალტერი“, ვეიტ ჰელმერი, გერმანია / აზერბაიჯანი, 2018; 90 წთ.

20.00 –ეთერი, ქშიშტოფ ზანუსი, პოლონეთი / უკრაინა/ლიტვა/უნგრეთი/იტალია, 2018; 118 წთ.

22.30 –ალფა: მკვლელობის უფლება, ბრილიანტე მენდოზა, ფილიპინები, 2018; 94 წთ.

 

17 სექტემბერი

12.00 – ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი, 2019; 77 წთ.

14.00 – საბჭოთა პროპაგანდის მიღმა“ (ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები), 60 წთ.

16.00 – ახალგაზრდა აჰმედი“, ლუკ დარდენი, ჟან-პიერ დარდენი, ბელგია / საფრანგეთი, 2019; 90 წთ.

18.00 – დღის სასიამოვნო დასასრული, იაცეკ ბორცუხი, პოლონეთი, 2019; 96 წთ.

20.00 –სამი დის ზღაპარი, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019; 108 წთ.

22.30 –ტრანზიტი, კრისტიან პეტცოლდი, გერმანია/საფრანგეთი, 2019; 101 წთ.

 

18 სექტემბერი

12.00 – სამასთვის, უაად ალ ქათები/ედუარდ უატსი, დიდი ბრიტანეთი/აშშ, 2019; 95 წთ.

14.00 – ჩრდილოეთის სული, შონ მაკალისტერი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 73 წთ.

16.00 – პუნტო რაიას კინოფესტივალის (პოლონეთი) საუკეთესო აბსტრაქტული/ექსპერიმენტული ფილმების კოლექცია 2018 -70წთ.

18.00 – და იქმნა ნათელი,მარკო სკოპი, სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთი, 2019; 93 წთ.

20.00 – სატყუარა“, მარკ ჯენკინი, დიდი ბრიტანეთი, 2019; 89 წთ.

22.00 – ოქროს ხელთათმანი“, ფატიჰ აკინი, გერმანია / საფრანგეთი, 2019; 115 წთ.

 

19 სექტემბერი

12.00 –სიყვარულის ავტომობილი, ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019; 103 წთ.

14.00 – კინომექანიკოსი, იური შილოვი, უკრაინა/პოლონეთი, 2019; 72 წთ.

15.30 – ეს ცხოვრება“, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი, საქართველო, 2016; 85 წთ.

17.30 – სეზონის დასასრული“, ელმარ იმანოვი, გერმანია / აზერბაიჯანი / საქართველო, 2019; 92 წთ.

19.30 – მენკილერი“, ვალერი რედ-ჰორსი აშშ, 2017; 74 წთ.

21.30 – მოღალატე, მარკო ბელოკიო, იტალია/საფრანგეთი/ბრაზილია/გერმანია 2019; 145 წთ.

 

20 სექტემბერი

12.00 – როცა ხურმები იზრდებაჰილალ ბაიდაროვი, აზერბაიჯანი/ავსტრია, 2019; 118 წთ.

14.00 – ბაგატელი“, დენიელ ლევინი, აშშ, 2019; 30 წთ. დელირიუმი“, ვაჰიდ & ნავიდ ნამი, ირანი, 2019; 16 წთ.ბებო აქსო“, მეგი ბასილია, ისრაელი, 2019; 26 წთ. იმედი“, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019; 26 წთ.კივილი“, ტომა სტენკო, რუსეთი, 2019; 24 წთ. ინდაური“, ამირ მასუდ სოჰეილი, ავღანეთი, 2019; 15 წთ.

16.30 – ახალი გაფრენა სოლარისზე“, ირაკლი კვირიკაძე, რუსეთი, 2019; 45 წთ.

17.30 –სასიამოვნო გულგრილობა, კივანჩ სეზერი, თურქეთი, 2019; 94წთ.

19.30 – მბრძანებლის ხმა“, გეორგი პალფი, კანადა / უნგრეთი / საფრანგეთი / შვედეთი / აშშ; 2018; 108 წთ.

22.00 – გამოფენა კოსმოსში, თოკო მზარელუა, საქართველო, 2019, 30 წთ.

22.30 – ბატონი ჯონსი“, აგნიეშკა ჰოლანდ, პოლონეთი /დიდი ბრიტანეთი/უკრაინა 2019; 119 წთ.

 

21 სექტემბერი

12.00 –მოსავალი, მიშო ანთაძე, საქართველო, 2019; 70 წთ.

13.30 –საბჭოთა პროპაგანდის მიღმა“ (ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები), 60 წთ.

GEO – ინტერაქტივი“, „მარქსის ქუჩა 12“, დევნილი“60 წთ.

16.00 – ცხოველი“, ამირან დოლიძე, საქართველო, 2019; 30 წთ. ცუდი ხალხი“, გიორგი თავართქილაძე, საქართველო, 2019; 20 წთ.  კარს მიღმა“, ნიკა ქურდაძე, საფრანგეთი / საქართველო, 2019; 31 წთ. გაბანა“, გიგა ბაინდურაშვილი, საქართველო, 2019; 30 წთ. ტრადიცია“, სოსო ბლიაძე, საქართველო, 2019; 22 წთ.

18.30 –სიზმრების ციხესიმაგრე“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019; 86 წთ.

20.30 –უკაცრავად, ვერ მოგისწარით, კენ ლოუჩი, დიდი ბრიტანეთი /საფრანგეთი/ბელგია, 2019; 100 წთ.

22.30 – ახალგაზრდა აჰმედი“, ლუკ დარდენი, ჟან-პიერ დარდენი, ბელგია / საფრანგეთი, 2019; 90 წთ.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ფილმებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრში BIAFF ინფოცენტრში.

საკონკურსო ფილმებს შორისაა სრულმეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

გარდა საერთაშორისო კონკურსისა, კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საინტერესო არასაკონკურსო სექციები, მათ შორის:

დიდოსტატთა კოლექციაეს სექცია წარმოგიდგენთ ცნობილი კინორეჟისორების უახლეს ფილმებს.

სპეციალური ჩვენებები – კინოფესტივლის სტუმრების ან პარტნიორების კინოფილმების პროგრამა.

ქართული პანორამაარასაკონკურსო ჩვენებით წარმოდგენილი იქნება ბოლო 2 წლის ქართული მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები (ასევე კინოკლასიკა).

წელს ბათუმის კინოფესტივალს არაერთი საპატიო სტუმარი ეყოლება. ისინი პრესკონფერენციებსა და მასტერკლასებს გამართავენ, რაც საინტერესო იქნება როგორც კინოს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, ასევე, ზოგადად, კინომოყვარულებისთვის.

2006 წელს დაარსებული კინოფესტივალი წელს მეთოთხმეტედ იმართება და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ქალაქ ბათუმის მერია.


ამავე თემაზე

იტალიელი და აზერბაიჯანელი მწერლები ზემო აჭარაში ლიტერატურულ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას

19-22 სექტემბერს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში  ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ იტალიელი, აზერბაიჯანელი და ქართველი მწერლები, გამომცემლები და კარიკატურისტები.

იტალიელი მწერალი დომენიკო პოლიტო, მხატვარი ალესანდრო ალეგრა, აფაგ მესუდა გამომცემელი და მწერალი აზერბაიჯანიდან, მწერალი და მთარგმნელი იმირ მამედლი, ასევე აზერბაიჯანიდან და კარიკატურისტი – კემო საქართველოდან. ასეთია წელს ფესტივალში მონაწილეთა შემადგენლობა.

საფესტივალო დღეებში ჩატარდება საჯარო ლექციები, პოეზიის საღამოები, ლიტერატურულ-თეატრალური პეფორმანსი “ანბანთქება”, ფოლკლორული კონცერტები და გამოფენები. ქართული ლექსების მიხედვით კი, მხატვრები ფერწერულ ტილოებს  შექმნიან.

ლიტერატურული ფესტივალი აჭარაში მეშვიდე წელია იმართება. მისი მიზანი თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა და აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაცია.

წელს ფესტივალი ანა ლაშხელის ხსოვნას ეძღვნება და მასზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ პოლონეთში სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2019 წლის 10 სექტემბერსსაქართველოს რკინიგზის” დელეგაციამ  პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კრაკოვში გამართულ რიგით მესამე სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

“საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ პოლონეთის სამთავრობო უწყებები, მსხვილი ბიზნესის და სექტორის უცხოელი წარმომადგენლები

დავით ფერაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, ისაუბრა ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ სატრანსპორტო დერეფნებზე და „საქართველოს რკინიგზის ინიცირებულ სხვადასხვა პროექტებზე. კონფერენციის ფარგლებში „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციამ ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა  PKP LHS წარმომადგენლებთან და შეჯერდა ერთობლივი სამოქმედო გეგმა ევროპააზიაევროპას მარშრუტზე დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით, მათ შორის ბაქოთბილისიყარსის სარკინიგზო მარშრუტის გამოყენებით

ქართულმა მხარემ, კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველორუმინეთსა და საქართველოუკრაინას შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კონტეინერების გადაზიდვის ხანგრძლივობას და ღირებულებას შავ ზღვაზე.

სასკოლო ასაკის 10 ბავშვი ერთ ოჯახში – რატომ ვერ მიდის ყველა სკოლაში

Batumelebi.ge  იწყებს კამპანიას „ბოშები გელაურიდან“. კამპანიის ფარგლებში გაეცნობით ქობულეთში, სოფელ გელაურში მცხოვრები ბოშების ყოველდღიურობას, საქმიანობას, ადათებს. დღეს მოგითხრობთ ბოშების ერთ ოჯახზე, სადაც 12 ბავშვი ცხოვრობს. მათგან ათი სკოლაში დადის. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა რამდენიმე დღეში დაიწყება, ბავშვებს სკოლაში წასასვლელად საჭირო ნივთები ჯერ კიდევ არ აქვთ.

დარიკო მელამედოვა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ეს დარიკო მელამედოვაა. ცხოვრობს გელაურში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დარიკო ბოშაა. იღებდა სოციალური დახმარებას, რომელიც დროებით შეჩერებული აქვს. სოციალური დახმარების შეწყვეტა სწავლის დაწყებას დაემთხვა. ამიტომ იძულებულია 16 სექტემბერს სკოლაში მხოლოდ პატარები გაუშვას.

„დიდების გაშვება უფრო ძვირი ჯდება. ხომ იცით ყველაფერი ძვირია, 50-60 ლარი უნდა მაინც თითოს. ამ წელს კარგი ვაჭრობა არ იყო და საკმარისი ფული ვერ მოვაგროვე,“ –  ამბობს დარიკო.

გელაურში 26 ბოშა ოჯახი ცხოვრობს

გელაურში 26 ბოშა ოჯახი, დაახლოებით 263 ბოშა ცხოვრობს. ბოშა ბავშვების ნაწილი განათლებას ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლაში იღებს, ნაწილი კი სკოლაში არ დადის. სკოლაში წაუსვლელობის რამდენიმე მიზეზი აქვთ. მათ შორის ერთ-ერთ მიზეზად ბოშები ტანსაცმლისა და სასკოლო ნივთების უქონლობას ასახელებენ.

გელაური

 

შენ, დააზღვიე სტიქიისგან უფასოდ ავტომობილი?  

როცა ახალი ამბებში ძლიერი წვიმის, ქარიშხლის, სეტყვის ან მეწყრის პროგნოზს გადმოსცემენ, ერთადერთი, რაზეც ბათუმელი ლევან ხაბურზანია არასდროს ღელავს, მისი „მეგობარი“, ნაცრისფერი „ფოლკსვაგენია“.

ლევანის „ფოლკსვაგენი“ ღია ცის ქვეშ დგას, მაგრამ მისი მფლობელის სიმშვიდის მიზეზი ავტომანქანის უფასო დაზღვევაა, რომლითაც იგი დაახლოებით ერთი წელია სარგებლობს.

„ჩემთვის ავტომობილი ფუფუნების საგანი არაა, ეს ყოველდღიური აუცილებლობაა.

ავტომობილის სადაზღვევო პოლისი – „სტიქია“ „ჯიპიაი ჯოლდინგმა“ შემომთავაზა სრულიად უფასოდ და ცხადია, დავთანხმდი.

არ მაქვს საშუალება, სტიქიამ დააზიანოს მანქანა და მეორე შევიძინო, ახლა კი, რამე რომ მოხდეს, დაზღვევა სრულად ამინაზღაურებს ზარალს, ამიტომ მშვიდად ვარ“ – ამბობს ბატონი ლევანი.

მძღოლი – ლევან ხაბურზანია

ლევან ხაბურზანიას ერთგულ „ფოლკსვაგენს“ პოლისი „სტიქია“ საბედნიეროდ ჯერ არ დასჭირვებია, მაგრამ დავით გოგაშვილისთვის კი ეს პოლისი ნამდვილი ხსნა აღმოჩნდა.

ბატონი დავითისთვის მისი სატვირთო ავტომობილი შემოსავლის მთავარი წყაროა. იგი ორი კვირის წინ რთველიდან ქარხანაში ბრუნდებოდა ყურძნის ჩასაბარებლად, როცა უეცრად ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა, ხე მოგლიჯა და მანქანას დაეცა.

სტიქიის შედეგად სატვირთო მანქანის ძარა დეფორმირდა და რომ არა პოლისი „სტიქია“, დავით გოგაშვილის ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩებოდა.

ამ ინციდენტის შედეგად კი დავითის ოჯახი არ დაზარალებულა, ერთი მარტივი მიზეზის გამო: დავით გოგაშვილმა ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევის უფასო პოლისი ზაფხულში გააფორმა, ქარიშხალი კი ამ პოლისით დაზღვეული რისკია.

კომპენსაციის სახით ავტომფლობელმა 1800 ლარი მიიღო. „რომ არა ეს დაზღვევა, გამიჭირდებოდა მანქანის აღდგენა და მწყობრში ჩაყენება“ – ამბობს ბატონი დავითი.

ახლა კი, დროა მეტი გაიგოთ ჯიპიაი ჰოლდინგის პოლისის შესახებ, რომელიც თქვენს საყვარელ ავტომობილს სტიქიისგან უფასოდ დააზღვევს.

 

რა არის უფასო პოლისი „სტიქია“?

პოლისი ,,სტიქია“ ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური სოციალური პროექტია და საჩუქრად გადაეცემა ავტომობილის მფლობელ ყველა ფიზიკურ პირს. თუ ავტომობილი წყალდიდობის, დიდთოვლობის, ქარიშხლის, მეწყერის, ღვარცოფის ან მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, ანაზღაურდება მანქანის შეკეთების ან ჩანაცვლების ხარჯები სრულად.

 

ვის შეუძლია სარგებლობა?

პოლისით სარგებლობა შეუძლია განურჩევლად ყველა ფიზიკურ პირს, ჯიპიაი ავტომობილების სტიქიისგან დაზღვევას უკვე მეხუთე წელია აფინანსებს და მსურველებს უფასოდ სთავაზობს. ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევა გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს.

 

რატომაა პოლისი „სტიქია“ უფასო?

სტიქიისგან უფასო ავტოდაზღვევა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სოციალური პროექტია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ შეიქმნა და მისი მიზანი საზოგადოების ფინანსურ დაცულობაზე ზრუნვა, სადაზღვევო კულტურის განვითარებაა.

4 წლის განმავლობაში ჯიპიაის პროგრამაში 80 000 ავტომფლობელი ჩაერთო, საჩუქრად გაცემული პოლისების საფუძველზე ჯიპიაიმ მხოლოდ წელს ასზე მეტ დაზღვეულს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

 

როგორ დავაზღვიოთ ავტომობილი სტიქიისგან უფასოდ?

სტიქიისგან დაზღვევის სოციალურ პროგრამაში ჩასართავად ნებისმიერმა მსურველმა უნდა დარეკოს ჯიპიაის ცხელ ხაზზე: 032 2505 111.

არსებობს მეორე, მარტივი გზაც: მიჰყევით ბმულს და დარეგისტრირდით ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.

 

და ბოლოს, რატომ ,,ჯიპიაი ჰოლდინგი“?

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე დიდი წილი – 19% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ, ისე საცალო მიმართულებით. კომპანიის 6 ფილიალში დასაქმებულია 830 ადამიანი ემსახურება 150,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით კი „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ყველაზე მეტი ადამიანი ენდობა.

 

კიდევ გაქვთ კითხვები?

დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე: 032 2505 111, მოგვწერეთ ელექტორნულ ფოსტაზე – info@gpih.ge,  ეწვიეთ ,,ჯიპიაი ჰოლდინგის“ ვეგვერდს და ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს.

ზღვაზე ძებნა-გადარჩენა – ბათუმში მასშტაბური წვრთნები იგეგმება

13 სექტემბერს შავ ზღვაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩატარდება.

წვრთნების მიზანი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობის მე-2 დონის დაღვრისას ბრძოლისათვის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობის შემოწმებაა, ასევე, იმის შემოწმება, თუ რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებენ შესაბამისი ორგანოები ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციისას.

წვრთნებს კოორდინაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი გაუწევს.

წვრთნები ორ ადგილას – ზღვაში და ნაპირზე გაიმართება. მასში სრულად ჩაერთვება „ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმით“  გათვალისწინებული სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები. მონაწილეობას მიიღებს შავი ზღვის ქვეყნების 6 გემი, 4  კატარღა, 2 ბუქსირი და 1 შვეულმფრენი.

ბათუმში დღეს დაიწყო  შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენცია.

კონფერენციაზე შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და შავ ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილება.

„მნიშვნელოვანია მსგავსი კონფერენცია, იმიტომ, რომ მზად ვიყოთ, კოორდინირებულად და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ ინციდენტების დროს შავ ზღვაზე,“ – ამბობს საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი.

კონფერენცია ბათუმში

 

 

რა ელით ოცნების ქალაქში დაჯარიმებულებს – მთავრობის თავმჯდომარის განმარტება

„ჩემი ინფორმაციით ეს არის ძველი ადმინისტრაციული წარმოებები და, რა თქმა უნდა, როგორც შიდა ადმინისტრაციული მოკვლევით, ასევე, სასამართლო წესით მოხდება ამ ყველაფრის გადახედვა. კონკრეტული თანამდებობის პირის ჩარევა მიზანშეწონილი არაა,“ – ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „ოცნების ქალაქში“ დაჯარიმებული მოქალაქეების საკითხს.

გასულ კვირას „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მათზე დაკისრებული ჯარიმები გააპროტესტეს.

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები 5 ოჯახი ბათუმის მერიამ საცხოვრებელი სახლების უკანონო მშენებლობისათვის 2018 წელს 3-3 ათასი ლარით დააჯარიმა. 2019 წლის აპრილში მათ გადაუხდელი ჯარიმის გამო საურავი დააკისრა და ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა.

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ირაკლი მოქიამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ შესაძლოა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს გასამმაგებული ჯარიმაც დაეკისროთ.

ტერიტორია, სადაც „ოცნების ქალაქია“ გაშენებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაცია 2019 წლის 9 თებერვალს დაიწყო და სამუშაო ჯგუფმა სულ 1 727 ჯიხური/სახლი აღწერა.

– – –

„სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამის მიხედვით, აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები 1 550 ოჯახის ბინით უზრუნველყოფას გეგმავს.

„ოცნების ქალაქში“ დაპირებული მრავალბინიანი სახლის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. საბოლოო პროექტი და მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაცია კი სამინისტროს ერთი თვის წინ უნდა ჰქონოდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, სამინისტროს საბოლოო პროექტი დღემდე არ ჩაუბარებია.

ბათუმში მომდევნო ორ დღეს დღისით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით დღეს, 11 სექტემბერს, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში, დღისით ძირითადად შენარჩუნებული იქნება მშრალი ამინდი.

11 სექტემბრის 21 საათიდან 12 სექტემბრის 21 საათამდე კი მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 23-28 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 17-22 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში – ღამით 3-8, დღისით 10-15 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა – კარგი. ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ (2-3 ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +26 გრადუსი.

13 სექტემბერს, პარასკევს, აჭარის მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა, დღისით ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

 

რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები აჭარაში – თორნიკე რიჟვაძის განმარტება

აჭარაში 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,4 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. “ბათუმელებმა” აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჰკითხა, რა არის ინვესტიციების შემცირების მიზეზი.

“2018 წლის პირველი კვარტალიდან დაწყებული ჩვენ გვქონდა კლების ტენდენცია და შემდეგ უკვე 2019 წლის პირველ კვარტალში გვქონდა 209 %-იანი ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების.  რაც შეეხება მეორე კვარტალს, მეორე კვარტალში შეიმჩნევა კლების ტენდენცია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, ექვსთვიან ჭრილში ჩვენ გვაქვს 64 %-იანი შესრულება, რაც არის გასული წლის მაჩვენებელთან მიმართებაში ზრდის ტენდენცია და საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილები,” – განმარტა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ წლის ბოლომდე ინვესტიციების ზრდას ელის.

“სამუშაო ადგილებს ქმნის როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე, ქმნის ადგილობრივი ინვესტიციები. ჩვენი გეგმა არის წლის ბოლომდე 3 მილიარდი ლარის საინვესტიციო პორტფელი და 6 ათასი სამუშაო ადგილი”, – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

2019 წლის პირველ კვარტალში აჭარაში პირდაპირმა უცხოური ინვესტიცია 26 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო ამავე წლის მეორე კვარტალში – 22,5 მილიონი აშშ დოლარი.

ამავე თემაზე:

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია – საქსტატი

ავარია აეროპორტის გზატკეცილზე – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაშავებული BAU-ში გადაიყვანეს.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 36 წლის კაცი და მას სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება.

 

 

პროდიუსერი ჰოლივუდიდან გეილი ანე ჰურდი, გელა ბაბლუანი და სხვები – Biaff 2019-ის მასტერკლასები

კინოფესტივალი BIAFF- ყოველწლიურად  საინტერესო კინოპროგრამას წარუდგენს მაყურებელს როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სექციებში. ფესტივალს ყოველ წელს ბევრი მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყავს – რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები და ა.შ.

კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს ჩატარდება. 2006 წელს დაარსებული კინოფესტივალი წელს მეთოთხმეტედ იმართება და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ქალაქ ბათუმის მერია.

უკვე ცნობილია საკონკურსო ფილმების პროგრამა, რომელშიც სრულმეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები შედის. ცნობილია ასევე არასაკონკურსო ფილმების ჩამონათვალიც, რომელიც ტრადიციულად ,,დიდოსტატთა კოლექციის” სექციაში იქნება ნაჩვენები.

წელს ბათუმის კინოფესტივალს არაერთი საპატიო სტუმარი ეყოლება, ისინი პრესკონფერენციებსა და მასტერკლასებს გამართავენ, რაც საინტერესო იქნება როგორც კინოს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, ასევე, ზოგადად, კინომოყვარულებისთვის.

ფესტივალის ფარგლებში საპატიო სტუმრების პრესკონფერენციებისა და მასტერკლასების განრიგი ასეთია:

 

16 სექტემბერი

12.30-14.00 პოლ შრედერი (აშშ)მასტერკლასი/Q&A

პოლ შრედერი ცნობილი ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორია. მუშაობდა მარტინ სკორსეზესთან და არის ისეთი ცნობილი ფილმების სცენარისტი, როგორიცაა – „ტაქსის მძღოლი“, „ცოფიანი ხარები“, „ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი“ და ა.შ.

16.00 – 17.00 – დენის ლავანი (საფრანგეთი), ვეიტ ჰელმერი (გერმანია) – Q&A/პრესკონფერენცია

დენის ლავანი ცნობილი ფრანგი მსახიობი, თანამედროვე ფრანგული კინოს ცნობილი წარმომადგენელია. შესრულებული აქვს მრავალი საინტერესო როლი, მათ შორის ფრანგი რეჟისორის, ლეო  კარაქსის ფილმებში.

17.00-18.30 – ქშიშტოფ ზანუსი (პოლონეთი) – მასტერკლასი/Q&A

ცნობილი პოლონელი რეჟისორის, ქშიშტოფ ზანუსის ფილმებს მიღებული აქვთ უამრავი პრიზი მრავალ ცნობილ კინოფესტივალზე, მათ შორის – კანში, ლოკარნოში, როტერდამი, ვენეციაში,  მონრეალში, ტოკიოში, ჩიკაგოში და ა.შ. 

ადგილმდებარეობა:  სასტუმრო „WYNDHAM Batumi“ (საკონფერენციო დარბაზი, სართული #2) – აბაშიძის . 33 (ევროპის მოედნის პირდაპირ)

 

19 სექტემბერი

12.30-13.00 – პრესკონფერენცია – „გამოფენა კოსმოსში“ –  რომანოზი/თოკო მზარელუა

13.00-14.00 – ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) –  მასტერკლასი/Q&A

სცენარისტი და რეჟისორი ალექსანდრე მინდაძე მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის (ვენეცია, ბერლინალე და ა.შ.) და ჯილდოს მფლობელია.

ადგილმდებარეობა:  სასტუმრო „WYNDHAM Batumi“ 

16.00 – 17.30 – “WIFT-Caucasus” პანელი – „წარმატების ფორმულა“, საპატიო სტუმარიგეილი ანე ჰურდი, აშშ.

გეილი ანე ჰურდი ჰოლივუდის ერთ-ერთი გავლენიანი და ცნობილი პროდიუსერია. იყო პროდიუსერი ფილმებისა –  The Terminator, The Walking Dead, Armageddon, Aliens და ა.შ.).

ადგილმდებარეობა:  სასტუმრო „RADISSON BLUE Batumi“(საკონფერენციო დარბაზი, სართული #2)  – ნინოშვილის .1 

 

20 სექტემბერი 

13.00-14.30 – “როგორ ვაწარმოოთ ფილმის პრომოუშენი ოსკარის და ოქროს გლობუსის დაჯილდოების ნომინაციისთვის” – ტატიანა დეტლოფსონი, აშშ.

ფესტივალების და კინოფილმების პრომოუშენის ექსპერტი ამერიკიდან. ტატიანა დეტლოფსონი  კოორდინაციას უწევდა კინოფილმის ოსკარზე და ოქროს გლობუსზე ნომინირებული მრავალი უცხოენოვანი ფილმის პრომოუშენს. მათ შორის ქართული ფილმების – „მანდარინები“ (ზაზა ურუშაძე), „საშიში დედა“ (ანა ურუშაძე), „სხვისი სახლი“ (რუსუდან გლურჯიძე).

ადგილმდებარეობა:  სასტუმრო „WYNDHAM Batumi“ 

 

21 სექტემბერი 

12.30-13.30 – „CREATIVE EUROPE-ის პროგრამის შესაძლებლობები მხატვრული ფილმებისთვის“ – დიანა მაღლაკელიძე, ქეთი შენგელია (“შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში”)

15.00-15.40 – პრესკონფერენცია / შეხვედრა – მოკლემეტრაჟიანი ფილმების ქართველ რეჟისორებთან

16.00-17.30 –  „ახალი ქართული კინოსკოლის“ პრეზენტაცია – შეხვედრა გელა ბაბლუანთან

ადგილმდებარეობა:  სასტუმრო „WYNDHAM Batumi“ 

 

მასტერკლასებზე დასწრება თავისუფალია.

გაითვალისწინეთმასტერკლასების ჩატარების თარიღი/დრო შესაძლებელია შეიცვალოს (მონაწილეების მგზავრობის განრიგის ცვლილებების შემთხვევაში). ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება კინოფესტივალის საიტზე (www.biaff.org, Facebook გვერდზე (www.facebook.com/biaffbatumi) და ასევე ბეჭდური სახით გავრცელდება კინოთეატრაპოლოში“.

 


ამავე თემაზე:

 

„გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები ოზურგეთის სასამართლომ გააფრთხილა

ოზურგეთის სასამართლომ „გააღვიძე ოლიგარქის“ ანუ შეკვეთილში გამართული აქციის ხუთივე მონაწილე სამართალდამრღვევად მიიჩნია. ოზურგეთის სასამართლოს თავმჯდომარე ბიძინა სტურუამ მათ სახდელის სახით გაფრთხილება მისცა.

„ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფრთხეს,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, საია-ს იურისტი. ის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ინტერესებს იცავდა.

„ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი ვერ გახდება ამა თუ იმ ადამიანის მიერ იმ უფლებებით სარგებლობა, რომლებიც ადამიანის არსებობის საფუძველს წარმოადგენს,“ – აღნიშნულია ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საია-ს იურისტი „გაუგებარს“ უწოდებს სასამართლოს დასაბუთებას. მისი აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იკითხება მკაფიოდ, რის გამო არ მიიჩნია მოსამართლემ შეკრებად აქცია „გააღვიძე ოლიგარქი“.

„სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს განჭვრეტადი და ყველასთვის გასაგები… მთავრობის დადგენილება, რომელიც აწესებს შეზღუდვებს ხმაურთან მიმართებაში, არ ვრცელდება კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და მანიფესტაციის უფლებაზე, რითაც სარგებლობდნენ აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები… ასე შეიძლება ნებისმიერ აქციაზე გაზომონ ხმაურის დონე და იგი დადგენილ სტანდარტზე მაღალი აღმოჩნდეს,“ – აღნიშნავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე. საია ოზურგეთის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

აქცია „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეების: ლაშა ადამიას, გია ხალვაშის, ანზორ გუბაევის, ხათუნა ბერიძისა და ბონდო თედორაძის წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 26 ივლისს შეადგინა. ოქმში ეწერა, რომ აქციის მონაწილეები დასაშვებ ზღვარზე მეტად ხმაურობდნენ და ეს სპეციალური აპარატურით გაზომეს. სამართალდარღვევის ოქმს თან ახლდა ვიდეოჩანაწერებიც.

საპროტესტო აქციები ივანიშვილის რეზიდენციასთან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიწყო. რეზიდენციასთან აქციის მონაწილე რამდენიმე ადამიანი შიმშილობდა – ისინი ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ.

მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია შეკვეთილში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

FLEX-ის გაცვლით პროგრამაში მოსწავლეთა შერჩევა დაიწყო

მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში FLEX-ი, მოსწავლეთა შერჩევა დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემთხვევაში, მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით.

პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ კარგი და საუკეთესო აკადემიური მოსწრება, ფლობდნენ ინგლისურ ენას და უნდა აკმაყოფილებდნენ აშშ-ის ვიზის მოთხოვნებს.

ბათუმში პროგრამაში მონაწილეობის მსურველები ტესტირებაზე უნდა გამოცხადდნენ 5 ოქტომბერს, მე-10 საჯარო სკოლის შენობაში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 2003 წლის 1-ელი იანვრიდან 2005 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ პირებს.

კონკურსანტებმა ტესტირების დროს უნდა იქონიონ დაბადების მოწმობა ან პასპორტი, ერთი ფოტოსურათი 3×4-ზე და შავი საწერი კალამი.

FLEX-ი არის მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა აშშ-ში, რომელსაც სრულად აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, ასევე,  პროგრამის მიზანია გაიცნონ ახალგაზრდებმა ამერიკული ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და ა.შ.

პროგრამა საქართველოში 24-ედ ხორციელდება.

ტესტირების განრიგი ქალაქების მიხედვით

ბათუმის ბულვარში ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

9 სექტემბერს, ბათუმის ბულვარში, „ალი და ნინოს“ ქანდაკების მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. იუნესკოს მშვიდობის არტისტი ღია ცის ქვეშ ბათუმელი მსმენელის წინაშე შოპენის და შუბერტის მუსიკალური ნაწარმოებებით წარსდგა. კონცერტში მონაწილეობა მიიღო სოფო ხალვაშმა და საქსაფონზე რამდენიმე ცნობილი კომპოზიცია შეასრულა.

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი ბათუმის ბულვარში
ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი ბათუმის ბულვარში

„მოხარული ვარ, რომ  ბათუმის ბულვარმა უმასპინძლა ისეთი მაღალი დონის პიანისტს, როგორიც ქალბატონი ელისო ბოლქვაძეა. ნამდვილად განსხვავებული საღამო შედგა – ჩვენ მოვისმინეთ ცნობილი კლასიკური ნაწარმოებები არაჩვეულებრივ გარემოში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში. ამავდროულად, კლასიკური მუსიკის საღამო მთლიანად საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, მზად ვართ დავუთმოთ ბულვარის სივრცე მსგავსი ტიპის  კონცერტებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ბავშვების დასახმარებლად მცირედი წვლილი მაინც შეიტანა“- განაცხადა ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი ბათუმის ბულვარში
ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი ბათუმის ბულვარში

„ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი საღამო შედგა სოფო ხალვაშთან ერთად, ჩვენ შევძელით, რომ ზღვის სანაპიროზე არაორდინალურ გარემოში კონცერტი გაგვემართა ბათუმელებისთვის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ბათუმის ბულვარს მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის“ – განაცხადა ელისო ბილქვაძემ.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების რიგით მეშვიდე ფესტივალის ფარგლებში გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიური ჯგუფის შშმ ბავშვებს.

ღონისძიება ფონდის „ლირა“ სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ერთობლივი ორგანიზებითა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი ბათუმის ბულვარში
ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი ბათუმის ბულვარში

Exit mobile version