კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერის გაყინული იდეა

05.09.2019 • 2737
ბათუმის მერის გაყინული იდეა

ძველ ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც ბათუმის მერიამ მესაკუთრეებისგან, მისი გადარჩენის მიზნით გამოისყიდა. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. ამ სახლს დაახლოებით ექვსი წლის წინ ხანძარი გაუჩნდა და სახლის შიდა ნაწილი დაიწვა. მესაკუთრეებმა მისი აღდგენა ვერ შეძლეს.

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მისი ამ თანამდებობაზე არჩევიდან მალევე [2018 წლის პირველ თებერვალს] შეჰპირდა საზოგადოებას, რომ ისტორიული სახლების გადარჩენაზე იზრუნებდა. მერის იდეა ამ სახლების გამოსყიდვა, მათი პირვანდელი იერ-სახით და მასშტაბით შენარჩუნების პირობით გასხვისება იყო.

ლაშა კომახიძე ამბობდა, რომ  შენობების გამოსყიდვის შემდეგ ეტაპზე შეიმუშავებდნენ ამ შენობების რეაბილიტაციის პროექტებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით და ინვესტორებს პირობიან საინვესტიციო წინადადებებს შესთავაზებდნენ. მიუხედავად ამისა, მერიამ მხოლოდ ერთადერთი სახლის გამოსყიდვა შეძლო და ეს სახლიც ამ დრომდე მერიის ბალანსზე რჩება. ის ვერ გაასხვისეს, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ სახლი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა. ბათუმის საკრებულოსთვის გადაგზავნილი ინფორმაციით, მის გასხვისებას პირობიანი აუქციონით გეგმავდნენ.

ბათუმის მერის ამ იდეას ბევრი თავიდანვე ეჭვის თვალითა უყურებდა, თუმცა მაშინ მოქმედი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც კი, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ეს საკითხი კერძო სექტორს აინტერესებდა. მაშინ არ დაუსახელებიათ და არც ახლა ვიცით, რომელმა კომპანიებმა გამოთქვეს პროექტში ჩართვის სურვილი. იდეის გახმოვანებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ კი მერიიდან მივიღეთ პასუხი, რომ კერძო სექტორიდან ამ მიმართულებით ინტერესი არ გამოიკვეთა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, იდეა კვლავ ძალაშია და „მერია, აჭარის მთავრობასთან ერთად, აქტიურად განაგეძობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვას.“

ამის დასადასტურებლად  მერიიდან მოგვწერეს, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ფონდ ,,ქართუსთან“ ერთად რეაბილიტაციას უწევს კულტურული მემკვიდრეობის 10 ძეგლს. მერია კი, თავის მხრივ, დამატებით კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.

„რაც ცხადყოფს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის მსგავსი მასშტაბები აქამდე არ ყოფილა“, – ნათქვამია მერიის მიერ გამოგზავნილ პასუხში.

საინტერესოა, რატომ განიხილავს მერია სტატუსმინიჭებული სახლების სარეაბილიტაციო პროცესს, როგორც ისტორიული განაშენიანებისა და ძეგლების ფონურ ნაგებობებზე უპრეცედენტო მასშტაბის ზრუნვად? – ამ კითხვაზე პასუხი მერიის მიერ გამოგზავნილ წერილობით ინფორმაციაში არ იკვეთება.

ძეგლის მატარებელ შენობებს ბათუმშიც და მთელი ქვეყნის მასშტაბით კანონი იცავს და მათზე ზრუნვა სახელმწიფო სტრუქტურებს ისედაც ევალებათ. მერმა როდესაც თავისი იდეა გაახმოვანა, ისაუბრა ფონური ნაგებობების გადარჩენაზე და არა სტატუსმინიჭებულ სახლებზე.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია ისტორიული სახლების გამოსყიდვაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: