მთავარი,სიახლეები

რა გავლენას მოახდენს 500-მილიონიანი პროექტი ფიჭვნარის ნაქალაქარსა და ქობულეთის ნაკრძალზე

04.09.2019 • 4141
რა გავლენას მოახდენს 500-მილიონიანი პროექტი ფიჭვნარის ნაქალაქარსა და ქობულეთის ნაკრძალზე

ქობულეთში 180 ჰექტარი ტერიტორია აჭარის მთავრობამ კერძო კომპანია „გრინ რეზორტს“ 2019 წლის მარტში 6 040 265 ლარად მიჰყიდა. კომპანიში მიიჩნევენ, რომ მათთვის გადაცემული ტერიტორია „სახეშეცვლილი, დეგრადირებული გარემოა, რომელსაც ამჟამად არანაირი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური თუ ეკონომიკური ფუნქცია არ გააჩნია“. თუმცა ეს ტერიტორია უშუალოდ ესაზღვრება ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და აღკვეთილს, ნაწილობრივ ფიჭვნარის ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიასაც მოიცავს.

„გრინ რეზორტს“ მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს. კომპანიის პროექტი მოიცავს მრავალფუნქციური სასტუმრო, საკურორტო-გამაჯანსაღებელი და საცხოვრებელი კომპლექსის – Green Resort-ის მშენებლობას.

რა ზემოქმედებას მოახდენს ეს პროექტი ფიჭვნარის ნაქალაქარზე, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე და რას გეგმავს კომპანია? – პირველ რიგში, პროექტის განსახორციელებლად, კანონით, საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის [გზშ] მომზადება. გზშ-ს მომზადებამდე კი, კომპანიამ სკოპინგის განაცხადით უკვე მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის გადაწყვეტილებას ელოდება.

სკოპინგი, ეს არის პროცედურა, როდესაც დგინდება, თუ რა ინფორმაცია უნდა შეგროვდეს გზშ-ს ჩატარებისას და როგორ უნდა იყოს ეს მასალა წარმოდგენილი გზშ-ს ანგარიშში. სკოპინგის საფუძველზე დგება ამ ანგარიშის ტექნიკური დავალება. „გრინ რეზორტის“ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა კი სამინისტროში ნებისმიერ პირს შეუძლია 2019 წლის 27 სექტემბრამდე.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე [რომელიც „გრინ რეზორტისთვის“ მიყიდულ ტერიტორიას ესაზღვრება] სფაგნუმიან ტორფნარს – „ისპანი 2“-ს რამსარის კონვენცია იცავს. გარდა ამისა, კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიებიკინტრიშისმტირალასა და მაჭახელას პარკები ის ადგილებია, რომლებსაც იუნესკოში მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზეა წარდგენილი. იუნესკოს აღიარების შემთხვევაში კი, კოლხეთის ტორფნარები – „იმნათი“, ასევე ქობულეთის „ისპანი1“, „ისპანი2“ და ტყეები, იქნება პირველი მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი საქართველოში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას იუნესკო 2019 წლის ოქტომბერში მიიღებს.

„ტორფნართან არავითარი კავშირი არ აქვს გრუნტის წყლებს… საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ [300-500 მ] ესაზღვრება ქობულეთის დაცულ ტერიტორიას, გათვალისწინებულია გოლფის სათამაშო მოედნის მოწყობა, შესაბამისად, რაიმე სერიოზული უარყოფითი ზემოქმედების მოხდენა დაცული ტერიტორიის ძირითად ჰაბიტატზე და მის ფლორასა და ფაუნაზე მოსალოდნელი არ არის,“ – აღნიშნულია „გრინ რეზორტის“ სკოპინგის ანგარიშში.

სკოპინგის ანგარიშიდან

თუ „ისპანი2“-ს რამსარის კონვენცია და სტატუსიც იცავს, სახელმწიფოს მხრიდან დაუცველია იქვე ახლოს ფიჭვნარის ანტიკური ხანის სამაროვნები. სპეციალისტთა შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში ეს ერთადერთი და უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი უყურადღებობით ნადგურდება. მეცნიერთა აზრით, ფიჭვნარის დაცვის საუკეთესო მექანიზმი მისთვის სტატუსის მინიჭებაა. ფიჭვნარის ნამოსახლარები 1976 წლიდან დაცული ტერიტორია იყო – ძეგლის სტატუსი ჰქონდა. წინა ხელისუფლებამ ყველა ძეგლს სტატუსი გაუუქმა და მათი ხელახალი აღიარება-რეგისტრაცია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ შედგა ფიჭვნარის ნამოსახლარის, როგორც უძრავი ძეგლის პასპორტიც, არქეოლოგებმა მისთვის სტატუსის მინიჭებას დღემდე ვერ მიაღწიეს.

ადგილი, რომელზედაც ფიჭვნარის ნამოსახლარებია, 2010 წლის მონაცემებით სახელმწიფო საკუთრება იყო. ამავე წელს იმ ტერიტორიის ნაწილი, სადაც სამაროვნები იყო, ხელისუფლებამ თავისუფალ ტურისტულ ზონად გამოაცხადა, სასტუმროების აშენების მიზნით. ნაწილი ტერიტორიის გასხვისდა, თუმცა დღემდე იქ მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა.

არქეოლოგიური ძეგლის გარკვეული ტერიტორია ამჯერად აჭარის მთავრობამ „გრინ რეზორტს“ ისე მიჰყიდა, რომ ეს ადგილები არქეოლოგიურად კვლავ შეუსწავლელია.

„საპროექტო ტერიტორიაზე მდებარეობს ფიჭვნარის ნაქალაქარი… გათხრები საპროექტო ტერიტორიაზე ამჟამადაც მიმდინარეობს. როგორც პროექტის კონცეფციაში იქნა აღნიშნული, გათვალისწინებულია გათხრების ადგილის დაცვა-კეთილმოწყობა და მუზეუმის მოწყობა. პროექტის განხორციელებამ მაღალი ალბათობით შესაძლოა აღურიცხავი არქეოლოგიური ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს მიწის სამუშაოების შესრულებისას… [ამიტომ] რაიმე არქეოლოგიური ნიმუშის აღმოჩენის შემთხვევაში, მშენებლობის პროცესი იმ კონკრეტულ უბანზე შეჩერდება. აღმოჩენის შესწავლისთვის მოწვეულნი იქნებიან ექსპერტ-არქეოლოგები და მათი რეკომენდაციის შემთხვევაში კომპანია ხელს შეუწყობს ობიექტის კონსერვაციას ან საცავში გადატანას. სამუშაოები განახლდება შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ“ – აღნიშნულია „გრინ რეზორტის“ სკოპინგის ანგარიშში.

სკოპინგის ანგარიშიდან

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებებით, ქობულეთში აღნიშული მიწის ნაკვეთების გაყიდვით ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ნასყიდობის ხელშეკრულებით კი, რომელიც ბათუმელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოაწოდეს, ინვესტორს არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.

ამ თემაზე ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/193098/

მთავარი ფოტო: green resort / რენდერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: