კვირის ამბები

რას ნახავთ კინტრიშის ნაკრძალში

02.09.2014 • 6838
რას ნახავთ კინტრიშის ნაკრძალში

 

„როცა სანაპიროზე ცხელა, მთაში გასეირნება ძალიან კარგია. ნაკრძალი იწყება ზღვის დონიდან 350 მეტრიდან და მთავრდება ზღვის დონიდან 2500 მეტრზე“, – ამბობს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი ამირან ხინიკაძე. მისი თქმით, წელს კინტრიშის ნაკრძალში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა. თუ გასულ წელს კინტრიშს 2300 ტურისტი სტუმრობდა, წელს, ბოლო მონაცემებით, ნაკრძალი უკვე 2800-მდე ტურისტმა მოინახულა.

 

 

ტბიყელის ტბა, კინტრიშის ნაკრძალი
ტბიყელის ტბა, კინტრიშის ნაკრძალი

„უმრავლესობა ქართველია, თუმცა ბევრი უცხოელი ტურისტია, მათ შორის რუსები და უკრაინელები სჭარბობენ, არიან სომხები და აზერბაიჯანელებიც, ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა. 2007 წლიდან აქვს კინტრიშს ნაკრძალის სტატუსი და ჯერ არ ყოფილა წელი, როცა ტურისტების კლება ყოფილიყოს,“ – ამბობს ამირან ხინიკაძე. ადგილზე ჩამოსულ ტურისტებს ვიზიტორთა ცენტრში ან ნაკრძალის ტერიტორიაზე, კარვებში შეუძლიათ ღამის გათევა. 

 

 

რას ვნახავთ კინტრიშის ნაკრძალში? კინტრიშის ნაკრძალის დირექტორი ამბობს, რომ  ნაკრძალში ორი ტურისტული ბილიკია: „პირველი ბილიკი უფრო მარტივია, ერთი დღის მანძილზე ტურისტს შეუძლია დაათვალიეროს ქვის თაღოვანი ხიდი მდინარე კინტრიშზე, ბზების კორომი, ჩანჩქერი, წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი, უძველესი ღვინის მარანი. ამ ყველაფრის ნახვა ერთ დღეში შეიძლება.

 

 

მეორე ბილიკი კი ცოტა უფრო რთულია და გრძელი, ორი-სამი დღე სჭირდება ტურისტს. მეორე ბილიკის სიგრძე სამანქანო გზაზე 18 კილომეტრია, შემდეგ საფეხმავლო გზა კი _ 14 კილომეტრი. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე არის ტბა ტბიყელი, რომლის ნახვითაც ინტერესდებიან ტურისტები. კარგ ამინდში ტბიდან მოჩანს კავკასიონი, ბათუმი, ფოთი, ქობულეთი… ძალიან საინტერესო მარშრუტია. აქ საჭიროა კარვის და საგზლის წაღება. გზად არის საინფორმაციო დაფები, რომლებიც ტურისტს აწვდის ინფორმაციას, რას შეხვდებიან გზაზე. მაგალითად, სოფელ დიდვაკეში არის ძველი უთხოვარის ხეები. გერმანელი ექსპერტების მონაცემებით, ეს 2500-წლოვანი ხეებია. გიდის საჭიროება თუ იქნება, ჩვენ გვყავს კერძო, რუსულ და ინგლისურენოვანი გიდები“.

 

 

კინტრიშის ნაკრძალში ჩასულ ტურისტს ორდღიანი მარშრუტისთვის საჭირო აღჭურვილობა ადგილზე შეუძლია იქირავოს. ნაკრძალის დირექტორის თქმით, ორადგილიანი კარვის დაქირავება, რომელსაც თან ახლავს საძილე ტომარა, დღე-ღამეში 10 ლარი ღირს, ზურგჩანთა – 5 ლარი. ნაკრძალში სულ სამი ცხენი ჰყავთ, ერთი დღით ცხენის დაქირავება 35 ლარი ღირს. 

 

მათ კი, ვინც ვიზიტორთა ცენტრთან მდებარე ნაკრძალის სასტუმროში გეგმავს დარჩენას, უფრო კომფორტულადაც შეუძლიათ ღამის გათევა. „გვაქვს ექსვსადგილიანი სასტუმრო კომპლექსი, ერთი ორადგილიანი და ერთი ოთხადგილიანი ნომერი. ერთი საწოლის ღირებულება 15 ლარია დღეში. არის სამზარეულო, სველი წერტილები, საშხაპე. ვიზიტორთა ცენტრთან ახლოს, მდინარის პირას არის საპიკნიკე ადგილები, სადაც ტურისტს შეუძლია დაისვენოს, კოცონი დაანთოს, გაერთოს. 15 ლარი ღირს საპიკნიკე ადგილი მთელი დღე,“ – ამბობს ამირან ხინიკაძე.

 

 

უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე კაფე-ბარი ან რესტორანი არ არის, თუმცა ამირან ხინიკაძის თქმით, სოფელ ჭახათიდან ნაკრძალამდე რამდენიმე კაფე-ბარია, სადაც ტურისტებს კერძების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ.

 

 

რაც შეეხება ტრანსპორტს, ქობულეთიდან უშუალოდ კინტრიშის ნაკრძალამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ტურისტი ქობულეთიდან სოფელ ჭახათამდე უნდა მივიდეს. ნაკრძალის დირექტორის თქმით, ამ მიმართულებით ქობულეთიდან დღეში სამჯერ გადის სამარშრუტო ტაქსი: დილას, შუადღეზე და საღამოს, ჭახათიდან ნაკრძალამდე კი რვა კილომეტრია.

 

 

ამირან ხინიკაძე ამბობს, რომ უცხოელი ტურისტები ამ გზას ძირითადად ფეხით გადიან, თუმცა შესაძლებელია ქობულეთში ტრანსპორტის, ტაქსის ან სამარშრუტო ტაქსის დაქირავება და ნაკრძალამდე მოსვლა. მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსის ფასი საშუალოდ 70-80 ლარია, თუმცა ფასი მოლაპარაკების საგანია. 

 

 

 

კინტრიშის ნაკრძალი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ბათუმიდან კინტრიშის ნაკრძალამდე მისვლას მაქსიმუმ ორი საათი სჭირდება. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: