განათლება,მთავარი,სიახლეები

არის თუ არა მზად თქვენი შვილი პირველ კლასში წასასვლელად – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

11.08.2019 • 2964
არის თუ არა მზად თქვენი შვილი პირველ კლასში წასასვლელად – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, როცა შვილი სასკოლო ასაკს აღწევს და პირველ კლასში უნდა წავიდეს, როგორ უნდა გაიგოს მშობელმა არის თუ არა ის სასკოლო პასუხისმგებლობის ასაღებად მზად? – „ბათუმელების“ კითხვებს ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი რუსუდან ბერიძე პასუხობს.

  • ქალბატონო რუსუდან, როგორ უნდა გაიგოს მშობელმა, არის თუ არა ბავშვი სკოლაში წასასვლელად მზად, პირველკლასელს ვგულისხმობ?

რამდენიმე ისეთი საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა შემოწმდეს. ამას ორი სიტყვით შეიძლება ვუწოდოთ ბავშვის სკოლისთვის მზაობა. თუკი  სკოლის მასწავლებელს კარგი გამოცდილება აქვს, მან იცის ეს როგორ შეამოწმოს, თუმცა ეს მაინც, ძირითადად, ფსიქოლოგის საქმეა: თუკი სპეციალისტი კომპეტენტურია, შეიძლება ადვილად დაადგინოს,  რამდენად შეუძლია ბავშვს ახალ გარემოში ადაპტირება, მას ყველაზე მეტად სწორედ ეს უჭირს. ასევე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რამდენად აქვს ფიზიკური მზაობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ფსიქოლოგიური მზაობაა – სწორედ ამაზეა დამოკიდებული, შემდეგ როგორ ისწავლის ის.

თუკი ბავშვი ვერ შეეგუება ახალ გარემოს, ახალ რეჟიმს, ახალ პირობებს, მოთხოვნებს, მაშინ არ უნდა აწვალო და ნაადრევად არ უნდა წაართვა სკოლამდელი ასაკი – არ უნდა იჩქარო სკოლაში შეყვანა, რადგან ის შემდეგ ჩამორჩება და ჩამოყალიბდება სუსტ მოსწავლედ.

  • რამდენად ხშირად მოგმართავენ მშობლები იმის გასარკვევად, არის თუ არა ბავშვი სკოლისთვის მზად?

მე ვერ გეტყვით, რომ ყველა მშობელი თვლის ამას საჭიროდ, მაგრამ მომართვიანობა არის. ეს შემთხვევები ძირითადად გვაქვს მაშინ, როდესაც მშობელს ჰყავს 5 წლის ბავშვი და უნდა თავის 6 წლის შვილთან ერთად შეიყვანოს სკოლაში – ერთად რომ ჰყავდეს. ეს დიდი შეცდომაა, მაგრამ ამ შეცდომას ხშირად უშვებენ.

  • რამდენად მნიშვნელოვანია, სკოლაში შესვლისას ბავშვს შეეძლოს მესამე პირისთვის ინფორმაციის გადაცემა. თუ ეს ის დეტალია, რაც სკოლაში უნდა ისწავლოს?

რა თქმა უნდა, კომუნიკაციის უნარი უნდა ჰქონდეს. მე ბაღში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. ბაღში ბავშვებს ვუკითხავდით ზღაპარს, მოთხრობას და მას თავისი სიტყვებით ამბავი უნდა გადმოეცა, გამოეყო დადებით და უარყოფითი პერსონაჟები. ვასწავლიდით, რომ მოთხრობა ან ზღაპარი თავისი აზრით გაეგრძელებინა. ეს თუ არ იცის ბავშვმა, გაკვეთილის მომზადება ძალიან გაუჭირდება.

მე, პირადად, მქონია შემთხვევები, როდესაც შემიმოწმებია ბავშვი და მითქვამს, რომ ნაადრევია შეყვანა და უნდა მომზადდეს. ამისთვის კარგია ბაღი, სადაც ბავშვები ეჩვევიან ახალ გარემოს, უფროს ასაკობრივ ჯგუფში არის მოსამზადებელი პროგრამები – ბევრ სიახლეს ეჩვევიან, ასევე ურთიერთობებს და ეს ყველაფერი თამაშით ისწავლება, იქ მათ ამას არავინ აიძულებს. ეს, ბუნებრივია, უფრო სახალისოა და ამიტომაც უფრო ადვილად ითვისებენ სიახლეებს. შესაბამისად, უნარებიც უვითარდებათ.

  • რას ეტყვით იმ მშობლებს, რომლებიც სკოლაში წასვლამდე ასწავლიან შვილებს წერა-კითხვას?

სკოლამდელი დაწესებულების უფროს ჯგუფს, სადაც სკოლისთვის ამზადებენ ბავშვებს, აქვთ სპეციალური პროგრამა, რომელშიც არ არის გათვალისწინებული წერა-კითხვის ცოდნა. შეიძლება რამდენიმე ხმოვანი ვასწავლოთ, სიტყვის დამარცვლა, ლექსები, სურათების აღწერა, თავისუფალი საუბარი და აზრის გადმოცემა, მაგრამ არამცდაარამც წერა-კითხვა.

მე, პირადად, როგორც სპეციალისტი, უამრავ პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვი, რომელმაც უკვე იცის წერა-კითხვა, ანგარში ასის ფარგლებში და ასე შემდეგ, მშობელი ასწავლის და უხარია, რომ მისი ბავშვი სკოლაში შედის მომზადებული… შემდეგ რა ხდება? – ბავშვს აღარ აინტერესებს ის, რასაც მასწავლებელი სხვა ბავშვებს ასწავლის. ნელ-ნელა ის კარგავს ინტერესს იმის მიმართ, რაც სხვა ბავშვებმა არ იციან, ახალია და სწავლობენ. ამიტომ უყურადღებოდ ეკიდება სწავლის პროცესს. შესაბამისად, როცა გაივლის იმ პერიოდს, რაც მან იცოდა და სიახლეებზე გადადიან, შეიძლება ეს პერიოდი ვეღარ შენიშნოს. ეს ასევე ჩამორჩენას იწვევს სწავლაში.

ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა იცოდეს ბავშვმა წერა -კითხვა, ასის ფარგლებში მიმატება. უნდა იცოდნენ ის, რაც გათვალისწინებულია პროგრამით. ზედმეტი მხოლოდ ხელის შემშლელი შეიძლება დარჩეს. გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ. ბავშვმა უნდა იცოდეს ელემენტარული მათემატიკა, სურათების აღწერა, შეიძლება რაღაც პატარა მოთხრობა შეადგინოს თავისი ფანტაზიით, სურათის მიხედვით. ეს უვითრებს მას აზროვნებას.

სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვი უნდა ვარჯიშობდეს ყურადღების კონცენტრაციაზე, ემოციის გამოხატვასა და სხვისი ემოციების ამოცანებაზე. თვალის და ხელის კოორდნაციაზე უნდა ავარჯიშო, ასევე წვრილი და მსხვილი მოტორიკის განვითარებაზე. აი, ეს ამზადებს ბავშვს სკოლისთვის და არ ანბანის დაზეპირება.

  • შეიძლება თუ არა ბავშვი სრულყოფილად ვერ გამოთქვამდეს ყველა ბგერას და მაინც შევიყვანოთ სკოლაში. ხომ არ გახდება ის თავიდანვე დაცინვის ობიექტი?

თუ ბავშვი მზად არის ფსიქოლოგიურად, სოციალურად და ასაკიც უწყობს ხელს, მაშინ მშობელმა უნდა მიმართოს ლოგოპედს, რომ გაუმჯობესდეს ასოების გამოთქმა. ლოგოპედი სკოლამდელ დაწესებულებაშიც მუშაობს, მაგრამ თუ მშობელს ეჭვი შეეპარა მის კომპეტენციაში, მაშინ თავად უნდა დაეხმაროს ბავშვს სპეციალისტთან კონსულტაციით. იციან ლოგოპედებმა ბავშვს როგორ გაამართინონ საუბარი.

თუკი ბავშვი სხვაგვარად მზად არის და მხოლოდ რამდენიმე ბგერას ვერ გამოთქვამს სწორად, მაშინ არ ღირს  სკოლიდან ჩამოტოვება. ბუნებრივია, სასურველია თუ ამ პრობლემის აღმოფხვრას სკოლაში მისვლამდე შეძლებს.

  • ბავშვების სრულ უმრავლესობას ძალიან უხარია სკოლაში მისვლა. ეს განწყობა ძალიან მალე სევდით, საბოლოოდ კი სკოლის შეძულებით მთავრდება. რატომ?

ბავშვს ახასიათებს მიმბაძველობა მეგობრების ან და-ძმების მიმართ, რომლებიც სკოლაში დადიან და მასაც უნდა წასვლა. ეს რაღაც ახალია, ისინი დადიან, ესე იგი, კარგია და მასაც უჩნდება ინტერესი. იქ არის ჩანთა, კომპიუტერი, რაც იწვევს აჟიტირებას. მაგრამ შემდეგ, როდესაც რეალობის წინაშე დგება, აღმოჩნდება, რომ ეს ის არ ყოფილა, რაც ეგონა. ამას მოჰყვება იმედგაცრუება.

რუსუდან ბერიძე, ფსიქოლოგი

ბავშვებს არ უყვართ რეჟიმი, ვერ ეგუებიან მერხთან ჯდომას, რასაც მათ აიძულებენ, მასწავლებლის ნებართვის გარეშე საპირფარეშოშიც კი ვერ გადიან. მერე იწყება დავალებები, რაც ბავშვებს პირველ ხანებში ასევე უჭირთ. ვერ ეგუებიან, როცა მშობელი აიძულებს ჯდომას და მეცადინეობას. ასე ნელ-ნელა ეს აჟიტირება ქრება. არიან ისეთები, რომლებსაც ეს პროცესი სულ მოსწონთ, მაგრამ დიდი უმრავლესობას უჭირს ეს და ის სიხარული, რაც დასაწყისში ჰქონდათ, აღარ რჩებათ.

მათთვის დაწესებული დისციპლინის პირობებში ბავშვები სრულიად სხვა რეჟიმში ექცევიან. ეს მათთვის არის დიდი პასუხისმგებლობა – სახლში მისულმა  დავალება უნდა შეასრულოს. ეს ძალიან ძნელი შესასრულებელია ბავშვისთვის, თუკი ის ამისთვის მზად არ არის. ეს იწვევს იმას, რომ ბავშვი ვერ ეგუება სასკოლო პროცესს და ჩამორჩება, ანუ მთელი წლები სუსტ მოსწავლედ რჩება.

მე, მაგალითად, ჩემი შვილი შვიდი წლის ასაკში შევიყვანე სკოლაში. რაღაცაში ხელი შემეშალა და… როდესაც შევამოწმე, შევატყვე, რომ ვერ იყო მზად. ერთი წელი დავაგვიანე და მივეცი იმის საფუძველი, რომ არ გაჭირვებოდა და ნორმალურადაც სწავლობდა მთელი 12 წელი. მშობლებს რატომღაც ეს არ უნდათ, ბავშვს უშლიან ხელს იმაში, რომ ნორმალურად შეხვდეს სირთულეებს.

 

გადაბეჭდვის წესი