მთავარი,სიახლეები

„ოცნების ქალაქში“ უკანონო მშენებლობისთვის 6 000 ლარის გადახდა მოუწევთ – საურავი და ჯარიმა  

06.09.2019
„ოცნების ქალაქში“ უკანონო მშენებლობისთვის 6 000 ლარის გადახდა მოუწევთ – საურავი და ჯარიმა  

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ხუთი ოჯახი ბათუმის მერიას საცხოვრებელი სახლის უკანონო მშენებლობისთვის 2018 წელს 3000 ლარით დაუჯარიმებია. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ თეა ქონდარიძეს ახლახან მერიის მიერ 2019 წლის 10 აპრილს გამოცემული დადგენილებაც ჩააბარეს, სადაც წერია, რომ მას ჯარიმის გადაუხდელობის გამო დამატებით 3000 ლარის საურავი დაეკისრა. შესაბამისად, ახლა თეა ქონდარიძეს მერიისთვის 6 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. თუმცა, ეს თანხა შეიძლება ისევ გაიზარდოს.

დადგენილებაში, რომელსაც ხელს მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი, მირიან მეტრეველი აწერს, ასევე ნათქვამია, რომ დაჯარიმებულს ეს თანხა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში უნდა გადაეხადა.

მერიის დადგენილების თანახმად, 2019 წლის 22 მარტს უწყება გაუგზავნეს თეა ქონდარიძეს, რომლითაც საკითხის განსახილველად ზეპირ სხდომაზე მიიწვიეს, სადაც ის არ გამოცხადებულა. ამიტომაც მერიამ გადაწყვეტილება მიიღო და მას საურავის სახით ჯარიმის ოდენობის თანხა – 3000 ლარი დააკისრა.

სამთავრობო კომისიის ინფორმაციით, რომელმაც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები აღწერა, აქ 1500-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, მათგან ნახევარზე მეტს ქოხი უკანონოდ აქვს აშენებული. აქ მცხოვრებთა თქმით, მერიის ჯარიმის შესახებ დადგენილება მხოლოდ ხუთმა ოჯახმა მიიღო.

რა ნიშნით გამოარჩია მერიამ ეს ხუთი ოჯახი, ჯერჯერობით, უცნობია. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პასუხის გასაცემად ჯერ კიდევ ემზადებიან. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონების ბაზების ტერიტორიაზე ოჯახებმა, რომელთა ნაწილი აცხადებდა, რომ ეკომიგრანტები იყვნენ ან არ გააჩნდათ საცხოვრებელი, ხის ფიცრულები ააგეს და დასახლდნენ, თუმცა თანდათან ხის ნაგებობებს კაპიტალური შენობები ჩაენაცვლა.

ტერიტორია, სადაც „ოცნების ქალაქია“ გაშენებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაცია 2019 წლის 9 თებერვალს დაიწყო.

ამავე თემაზე:

ოცნების ქალაქში უკანონო მიშენებისთვის ოჯახები 3000 ლარით დააჯარიმეს

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: