განათლება,სიახლეები

ბათუმში კერძო სკოლების ნაწილმა სწავლის საფასური 500-ლარით გაზარდა – რა ეღირება სწავლა

05.09.2019 • 6033
ბათუმში კერძო სკოლების ნაწილმა სწავლის საფასური 500-ლარით გაზარდა – რა ეღირება სწავლა

ბათუმში ამ დროისთვის სულ 17 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. სკოლების ნაწილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სექტემბრიდან მოსწავლეებს სწავლის საფასური გაეზრდებათ. კერძო სკოლები სწავლის საფასურის გაზრდას ლარის ინფლაციას უკავშირებენ. საჯარო სკოლებში გამოცხადებული მასწავლებლების ვაკანსიების გამო კერძო სკოლებში შესაძლოა გაჩნდეს კადრების პრობლემაც.

500 ლარით გაზარდა სწავლის გადასახადი სკოლა „გიმნაზია 21-ე საუკუნის“ ადმინისტრაციამ. დირექტორი ირინა ქიქავა ამბობს, რომ გაზრდილი ტარიფი მხოლოდ ახალ მოსწავლეებს შეეხება, ძველი მოსწავლეები კი წელიწადში 2000 ლარს გადაიხდიან. წელს სკოლამ 35 პირველკლასელი მიიღო.

დირექტორი ამბობს, რომ სკოლა ნაქირავებ შენობაშია და მათ არენდის საფასურის გადახდა უწევთ. „მასწავლებლებს შარშან გაეზარდათ ხელფასები, წელს ჯერ არ ვიცით. ვნახოთ, როგორი იქნება ბიუჯეტი“, – გვეუბნება ირინა ქიქავა.

500 ლარით გაზარდა სწავლის საფასური „ევრო 2000“-მაც. სკოლის დირექტორი მარინე ცივაძე ამბობს, რომ გაზრდილი გადასახადი ახალ მოსწავლეებს შეეხება. სკოლაში სწავლის წლიური საფასური 3 ათასი ლარია.

„წელს მივიღეთ 160 პირველკლასელი. კონტინგენტი გვეზრდება, არ შემცირებულა. მინიმუმ ორი კლასი ყოველ წელს გვემატება. ჩვენ სასწავლო წლის ბოლოს ვადგენთ ახალ ბიუჯეტს და აპრილში უკვე ვაწვდით ინფორმაციას მშობლებს“, – ამბობს ის. დირექტორის თქმით, საჯარო სკოლებში გამოცხადებული ვაკანსიები არ ასახულა მათ სკოლაზე და პედაგოგების რაოდენობას ინარჩუნებენ.

„იყო დაანონსებული, რომ საჯარო სკოლაში იზრდებოდა ხელფასები, ამიტომ ცოტათი ჩვენც უნდა გაგვეზარდა.

სკოლა „გორდაც“ ერთ-ერთი  მაღალკონტინგენტიანი კერძო სკოლაა ბათუმში, დირექტორის ნინო მურვანიძის თქმით, ლარის ინფლაციის გამო წელსაც გაიზარდა გადასახადი, თუმცა ამის შესახებ მშობლები ინფორმირებულნი იყვნენ.

„ახალი სკოლა ავაშენეთ და სესხი გვაქვს გამოტანილი, ამიტომ ავუხსენი მშობლებს. მე-11 კლასში დაემატა 150 ლარი, მე-12 კლასში – 100 ლარი. დანარჩენი კლასები 250 ლარით მეტს გადაიხდიან.

ნინო მურვანიძის თქმით, საჯარო სკოლებში გამოცხადებული კონკურსებიც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს კადრებზე, რადგან რამდენიმე პედაგოგმა სკოლიდან წასვლის შესახებ უკვე აცნობა.

„არასწორი იყო, როცა კონკურსი გამოაცხადეს 21 აგვისტოს, რადგან როცა მე ვიცოდი, რომ სექტემბერში მასწავლებელი მყავდა, ახლა აღმოჩნდა, რომ რამდენიმემ მიიღო მონაწილეობა საჯარო სკოლების კონკურსებში და წასვლას აპირებენ.

მე მესმის ამ პედაგოგების, რადგან სახელმწიფო საჯარო სკოლის პედაგოგებს უკეთეს პირობებს უქმნის, მათთვის უფასოა ტრენინგები, სემინარები, ხელფასებიც იზრდება, აქვთ სახელმწიფო დაზღვევა, საშვებულებოსაც უფრო მეტს აძლევენ, ამიტომ მასწავლებელს ურჩევნია ასეთი გარემო, სახელმწიფო კერძო სკოლების დასუსტების ხარჯზე აძლიერებს საჯარო სკოლებს“, – გვეუბნება ნინო მურვანიძე. მისი თქმით, სახელმწიფომ კერძო სკოლის პედაგოგებსაც იგივე პირობები უნდა შეუქმნას, რაც საჯარო სკოლებში აქვთ.

„გამოდის, რომ ჩვენ ვუზრდით საჯარო სკოლებს კადრებს და ჩვენ ვრჩებით შემდეგ კადრების გარეშე. ეს მაშინ, როცა თავის დროზე არ მიიღეს ეს ხალხი სკოლებში, მე ვაძლევდი მათ უფრო მაღალ ხელფასს.

რას იზამს სახელმწიფო, როცა ავტორიზაცია დაიწყება? იმავე სტანდარტებს დაუწესებს საჯარო სკოლებს, რასაც ჩვენ გვთხოვს? თუკი ჩვენ ერთ მოსწავლეზე 4 კვ/მეტრი მოგვეთხოვება, საჯარო სკოლები რას გააკეთებენ, სად მიჰყავთ ბავშვები? მე კიდევ ვისაუბრებ ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – ამბობს ნინო მურვანიძე.

200 ლარით გაზარდა სწავლის საფასური „შპს განათლებამ“. დირექტორი,  ქეთევან გოშხეთელიანი ამბობს, რომ გაითვალისწინეს მშობლების დაბალი შემოსავლები.

„1800 ლარი იყო და გახდა 2000 ლარი. აკრედიტაციის პირობებით ჩვენ უფლება გვაქვს მივიღოთ 271 პირველკლასელი, ამიტომ სტაბილურად ვინარჩუნებთ 233-250 მოსწავლეს“. ქეთევან გოშხეთელიანი ამბობს, რომ მასწავლებლების ხელფასსაც ყოველწლიურად ზრდის სკოლა. თუმცა რამდენი პროცენტით, არ აკონკრეტებს.

სექტემბრიდან სწავლის საფასურის გაზრდას არ აპირებს სკოლა „ნიკე“ , სადაც სწავლის საფასური წლიურად  2 300 ლარია.

„წელს 52 პირველკლასელი მივიღეთ. შარშანაც თითქმის იგივე იყო. საჯარო სკოლის კონკუსებში 1-2 პედაგოგი მონაწილეობს, ისინი, ვისაც ნაკლები დატვირთვა ჰქონდა, სხვები შეთავსებით მუშაობენ“. – გვეუბნება სკოლის დირექტორი იზო ტაკიძე.

სწავლის საფასურის 200 ლარით გაზრდაზე ფიქრობენ სკოლა „თაობა 21“-შიც. დირექტორი ომარ მიქელაძე ამბობს, რომ გადასახადი მხოლოდ მაღალკლასებში იმ მოსწავლეებისთვის გაიზრდება, ვინც წელს გადავა.

რაც შეეხება კადრებს. დირექტორის თქმით, საჯარო სკოლის კონკურსში მონაწილეობა მიიღო მათემატიკის მასწავლებელმა და ის კერძო სკოლას ტოვებს, „სხვა პედაგოგებისგან სკოლის დატოვებაზე ინფორმაცია არ მაქვს“, – გვეუბნება ის.

საჯარო სკოლებიდან საპენსიო ასაკის პედაგოგების გასვლის გამო საჯარო სკოლებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსები მიმდინარეობს. საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, ამიტომ კერძო სკოლებიდან საჯაროში გადამსვლელთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: