„გრძელდება სასამართლო გამოძიება. ამ ეტაპზე ბრალდების მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს,“ – ამბობს ადვოკატი ირმა ჭკადუა. ის ქობულეთში $2 800 000 ღირებულების ურანის გაყიდვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გოჩა გოგიტიძის ინტერესებს იცავს. სუს-მა 3 მარტს ამ საქმეზე რომან ქათამაძეც დააკავა.
„პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. რამდენჯერმე ვიყავი ჩასული და გადაიდო. სხვა არაფერი ვიცი, ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა ბრალდებულ რომან ქათამაძის მეუღლემ, ეკა ოქროპირიძემ.
გამოძიების ვერსიით, „აღნიშნული პირები ბირთვული მასალა “ურანის” გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს “ურან-238”-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის“.
რას ამბობენ თავად ბრალდებულები? – ადვოკატი ირმა ჭკადუა აღნიშნავს, რომ ბრალდებულებს სასამართლოსთვის ჩვენება ჯერ არ მიუციათ და საქმის დეტალებზე ვერ დაგველაპარაკება, ვიდრე მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამის შესახებ არ შეუთანხმდება. მორიგი პროცესი ოქტომბერშია ჩანიშნული. ორივე ბრალდებული ამ ეტაპზე წინასწარ პატიმრობაში რჩება.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბირთვული მასალების გაყიდვის მცდელობაში ბრალდებულებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
7 სექტემბერს, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“-ს ბაქანზე გაჩერდება.
მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:
07/ 09/2019 თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena– თბილისი #884/883
გასვლა- თბილისი
ჩასვლა-Black Sea Arena
ჩასვლა-ბათუმი
გამოსვლა-ბათუმი
გამოსვლა-Black Sea Arena
ჩამოსვლა- თბილისი
12:40
17:25
18:23
23:50
0:38
5:15
ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 7 სექტემბერს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 8 სექტემბერს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!
Trash Hero –არის საერთაშორისო მოხალისეობრივი პროექტი, ერთგვარი ეკოლოგიური მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც ადამიანები აგროვებენ ნაგავს ქალაქის შემოგარენში, რეკრეაციულ ზონებსა და სანაპიროებზე. წელს ამ მოძრაობას მოხალისეები ბათუმიდანაც შეუერთდნენ. აპრილის შემდეგ მათ უკვე დასუფთავების 13 აქცია მოაწყვეს, რომლებშიც ჯამში 91 აქტივისტი იყო ჩართული, შედეგად კი 1206 კგ ნაგავი მოაგროვეს.
Trash Hero Batumi-ის ერთ-ერთი ძირითადი წევრი, ანდრეი დიაჩენკო ამბობს, რომ ისინი ყოველკვირეულად იკრიბებიან და დასუფთავების აქციებს აწყობენ: “ვიკრიბებით ყოველ კვირას, თუ ამინდი გვიწყობს ხელს. ჩვენგან ხუთი მოხალისე მუდმივად მონაწილეობს დასუფთავების აქციებში, დანარჩენი მოხალისეების რაოდენობა კი იცვლება, გვიერთდებიან ახალი ადამიანები…“
მოხალისეები საჯარო სივრცეებს ირჩევენ. „ვირჩევთ ლამაზ ადგილებს, რომლებიც დაბინძურებულია… გვინდა, ბუნებისთვის სასარგებლო საქმე გავაკეთოთ და თვალისთვისაც სასიამოვნო იყოს ეს ხედები. წინასწარ ვთანხმდებით ადგილზე და გავდივართ. ყველაზე დიდი პრობლემა პლასტმასია, ძალიან ბევრი პლასტმასის ბოთლია, პოლიეთილენის პარკები… პლაჟზე რას არ შეხვდებით, სათამაშოებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს…” – ამბობს ანდრეი – „ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, თუ ახალი მოხალისეები შემოგვიერთდებიან, მსურველებს შეუძლიათ ჩვენს ფეისბუქზე ნახონ ადგილი, სადაც დავაპირებთ ნაგვის შეგროვებას და შეუძლიათ პირდაპირ იქვე შემოგვიერთდნენ, თან წამოიღონ ცოტა საკვები და წყალი, მუშაობის შემდეგ კოლექტიური პიკნიკისთვის …”.
კვირას, 8 სექტემბერს, Trash Hero-ს მოხალისეები აეროპორტის მიმდებარე პლაჟს დაასუფთავებენ. დეტალებისთვის გადადით ბმულზე.
ანდრეი ამბობს, რომ მხოლოდ ნაგვის მოგროვებით დაბინძურების პრობლემა ვერ მოგვარდება, საჭიროა ღონისძიებები, რომლებიც პრობლემის პრევენციას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, თუ მოხალისეების რაოდენობა გაიზრდება, ისინი ნარჩენების მართვის შესახებ სკოლებში, ბავშვებთან შევედრებსაც აპირებენ.
“ჩვენ არაკომერციული ორგანიზაცია ვართ, არანაირი დაფინანსება არ გვაქვს, შემოწირულობებს თანხის სახით არ ვიღებთ, მაგრამ თუ ვინმეს სურვილი ექნება, მათ შორის ადგილობრივ ბიზნესმენებს, რომ ხელთათმანებით, ტომრებით, ლანჩით ან ტრანსპორტით დაგვეხმარონ, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ ძირითადად ჩაქვში, შეკვეთილში და ისეთ პლაჟებზე დავდივართ, სადაც არავინ ასუფთავებს ზღვიდან გამორიყულ თუ სხვა სახის ნაგავს. ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი შეკვეთილი იყო. ასეთ ადგილებამდე ქალაქიდან შორია, განსაკუთრებით ჭირს ტრანსპორტირება, თუ ბევრი ადამიანი გროვდება,” – ამბობს ანდრეი.
ბათუმში, ბაგრატიონის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მდებარე სკვერში, მრავალწლოვან ნარგავებს თხრიან. მოსახლეობა ამბობს, რომ აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მცირდება სკვერის ტერიტორიაც, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან. მათივე თქმით, ადგილზე დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ აქვთ პროექტი მერიისგან, რომლის მიხედვითაც ფართოვდება ტროტუარი, ამოთხრილ ხეებს კი, სკვერის სიღრმეში გადარგავენ.
„ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები, ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში. კერძოდ, კეთდება გურამიშვილის ქუჩა. რაც შეეხება მცენარეებს, გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, დროებით ამოღებულია ორი ძირი ბარბარისი, რომელსაც სამუშაოების დასრულებისთანავე კვლავ დარგავენ. რაც შეეხება ტროტუარს, არ ფართოვდება. იყო 2,5 მეტრი სიგანის და სამუშაოების დასრულების შემდეგაც, ასეა პროექტით განსაზღვრული, დარჩება კვლავ 2,5 მეტრი“, – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.
მოქალაქემ ფოტომასალა მოგვაწოდა და გვითხრა, რომ უკვე ამოღებულია ოთხი ძირი ხე.
სკვერი გურამიშვილის ქუჩაზე
ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ „ჭაობში“ რამდენიმე ქუჩის [მათ შორის გურამიშვილის ქუჩის] მოწესრიგებაზე ხელშეკრულება კომპანია „დაგთან“ 2019 წლის 25 თებერვალს გააფორმა 6 293 513 ლარზე. სამუშაოები ამ ქუჩებზე 2019 წლის 2 ივლისამდე უნდა დასრულებულიყო.
ბათუმის მერიაში თავდაპირველად ისიც გვითხრეს, რომ სამუშაოები არა სკვერში, არამედ კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აღნიშნული სკვერის ნაწილი, როგორც „ბათუმელებმა“ გადაამოწმა, მართლაც კერძო საკუთრებაშია. სკვერი სულ 676 კვადრატული მეტრია. აქედან 396 კვ/მ ბათუმის მერიის საკუთრებაა, ხოლო 280 კვ/მ – ზინეთლ თავართქილაძის [საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით. ამავე ამონაწერით, ეს ნაკვეთი თავართქილაძის საკუთრებაში 2005 წელს არის დარეგისტრირებული, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე].
ბაგრატიონის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მდებარე სკვერი ბათუმში. ყვითელი ფერით მონიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა, დანარჩენი კი – ბათუმის მერიის.
პატიმრების სასამართლოში, ასევე სამედიცინო კლინიკებში გადასაყვანად პენიტენციურ სამსახურს 29 ახალი ავტომანქანა გადასცეს. ტრანსპორტის ნაკლებობაზე „ბათუმელები“ აქამდეც წერდა, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც ბევრჯერ იყო შემთხვევა, როცა ბრალდებულის წარმოდგენას ბადრაგის სამსახური უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებდა.
„პირველად იქნა შეძენილი სპეციალიზებული, ქარხნული წესით დამზადებული, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით და პროფესიონალური საავტომობილო ციფრული რადიოსადგურით აღჭურვილი ავტომანქანები, მათ შორის, შშმ პირებზე ადაპტირებული. მიმდინარე წლის ბოლოს პენიტენციურ სისტემაში მოცემული მანქანების დეფიციტი მთლიანად იქნება აღმოფხვრილი,“ – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტომანქანების გადაცემის დროს კომენტარი იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა.
„აქამდე შესყიდული მანქანების ე.წ. საბადრაგო მანქანებად კუსტარული წესით გადაკეთება ხდებოდა. კერძოდ, მოცემულ მანქანებში დაახლოებით 1.5 ტონა რკინის კონსტრუქცია მონტაჟდებოდა, რომლის სიმძიმეს მანქანის ძრავი ვერ უძლებდა და მწყობრიდან მალე გამოდიოდა. ამასთან, 2015 წლის შემდეგ ესკორტის ავტოპარკი არ განახლებულა და მანქანების შეძენა მხოლოდ მიმდინარე წელს განხორციელდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტროში ასევე განმარტეს, რომ არსებობდა ესკორტის ოფიცერთა დეფიციტიც, თუმცა 129 ოფიცერი კონკურსის წესით შეარჩიეს და „ესკორტის ოფიცერთა დეფიციტის გამო ჩაშლილი სასამართლო პროცესების რაოდენობა ორჯერ შემცირდა“.
Clio Awards-ის სტუდენტური პრინტის ნომინაციაში ბათუმელი სტუდენტის ბიჭიკო ვარშანიძის გუნდმა ოქროს პრიზი მოიპოვა. გამარჯვებულების სია დღეს, 4 სექტემბერს, გახდა ცნობილი.
Clio Awards – 1960 წლიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯილდოა სარეკლამო, კრეატიულ და საკომუნიკაციო სფეროში. 1991 წელს ჟურნალმა – “Time” დაჯილდოება აღიარა, როგორც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მოვლენა სარეკლამო ბაზარზე.
ბიჭიკო ამჟამად Miami Ad School Berlin-ში სწავლობს. ევროპის მასშტაბით Miami Ad School Berlin-ი ერთ-ერთი უკონკურენტო კრეატიული ინოვაციების სკოლაა.
გამარჯვებული პრინტ კამპანიის სახელწოდებაა Share to Perfect – „გააზიარე სრულყოფილება“. პროდუქტი/სერვისის კატეგორიაში პოსტერები მოამზადეს ფაილების სატრანსფერო საიტ WeTransfer-სთვის.
ბიჭიკო ვარშანიძის გუნდის მიერ მომზადებულ პოსტერებზე გამოსახული არიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმიან პარტნიორებს/კოლეგებს ნამუშევრებს უზიარებენ საიტის საშუალებით.
ბიჭიკო ვარშანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კრეატიულ სფეროში ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია: „ჩემი კარიერისთვის, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ღირებულია.
Miami Ad School – ძალიან კარგი ადგილია კრეატივის და რეკლამის სფეროში მუშაობის სურვილის მქონე ადამიანებისთვის. სკოლა ძალიან დამეხმარა ამ ჯილდოსკენ მიმავალ გზაზე.”
ბიჭიკო ბათუმში დაიბადა. თავდაპირველად სტამბოლში, მარმარას უნივერსიტეტში სწავლობდა ბიზნესის მართვას. ბათუმში დაბრუნების შემდეგ მარკეტინგულ სფეროში მუშაობდა და ამ პერიოდში გადაწყვიტა თავი კრეატიული რეკლამის მიმართულებით ეცადა. მოიძია საჭირო უნივერსიტეტი და მისაღები გამოცდებისთვის მზადებას შეუდგა – უკვე მეორე წელია, რაც ბერლინში სწავლობს.
ამ ხნის მანძილზე სტაჟირება ევროპის რამდენიმე წამყვან კომპანიაში გაიარა, რაც, როგორც თვითონ ამბობს, საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა.
სწავლის დასრულების შემდეგ მას არტ დირექტორის დიპლომი ექნება.
ბიჭიკო ვარშანიძე ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, სამომავლოდ როგორ მოიქცევა, მაგრამ, ჯერჯერობით, სურს ევროპის მასშტაბით განავითაროს თავისი უნარები.
ბიჭიკოსთან ერთად გუნდში ლიზა კირმსე, ტერეზა შმიტცი და როდრიგო პარნასი იყვნენ.
ჯამში სამი პოსტერია:
ცნობილი დიზაინერი სტეფანო გაბანა უზიარებს ახალ კოლექციას დომენიკო დოლჩეს. D&Gპოლ მაკარტნი უზიარებს სიმღერას “Yesterday” ჯონ ლენონს
სტივ ჯობსი უზიარებს მაკინტოშის პროექტს სტივ ვოზნიაკს
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე. შეზუდვა შეეხება ასევე ბაგრატიონისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთს. შეზღუდვა ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.
შეზღუდვის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:
N8 მუნიციპალური ავტობუსი – ლეონიძის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩები;
N11 მუნიციპალური ავტობუსი – ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანისა და ლერმონტოვის ქუჩები;
N42 მიკროავტობუსი – ორბელიანის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩები.
ფინკა ბანკის საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მსმენელთა მიღება 4 სექტემბრიდან განახლდა. პროგრამა 3 თვიანია. მონაწილეები შეისწავლიან არა მხოლოდ საკრედიტო პროდუქტების მახასიათებლებს, არამედ ისეთ თემებს, როგორიცაა ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, გაყიდვების ტექნიკები, მომსახურების სტანდარტი და კომუნიკაციის უნარები. პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის მთავარი ნაწილია.
სწავლების პროცესში პროგრამის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია200 ლარი და ასევე ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
„ფინკა ბანკი სწავლის და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს მათ, ვისაც სურს კარიერა დაიწყოს ან გააგრძელოს საბანკო სფეროში. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მოტივირებულები არიან ისწავლონ და განვითარდნენ. სწავლების პროცესი ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში მიმდინარეობს, საქართველოს 30 ქალაქში. პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და ჩვენი მსმენელების 70% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პარალელურად მსმენელები იღებენ სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით და აქვთ საშუალება იმისა, რომ დამატებით გამოიმუშაონ ბონუსი“, ამბობს ლელა თოფურია, ფინკა ბანკის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი.
საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 4 სექტემბერს განახლდა და 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფინკა ბანკის ვებგვერდზე, კარიერის განყოფილებაში www.FINCA.ge ასევე, ფინკა ბანკის ფილიალებში.
“თავს დამნაშავედ ვცნობ,” – უპასუხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ნარკოტიკულ საშუალებაზე ყალბი მოწმობის გაცემაში ბრალდებულმა ექიმმა. ბრალდებული გელა გ. ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. იგი გირაოს საფუძველზე ჰყავს სასამრთლოს გათავისუფლებული.
ექიმი-უროლოგი გელა გ. სამართალდამცველებმა 17 ივლისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ფულის მიღების სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების მისაღებად ყალბ ცნობებს გასცემდა.
საქმის მასალების მიხედვით, ექიმი ნარკოტიკის ყალბი მოწმობის გაცემაში დაახლოებით 150 ლარს იღებდა, რაც ორი-სამი დღის საკმარის “მეტადონის” დოზას მოიცავდა.
მას შემდეგ, რაც ექიმმა ბრალი აღიარა, მოსამართლემ მას კანონის კონკრეტული მუხლი გააცნო, რომლის მიხედვითაც ექიმს ჯარიმა ელის, ან თავისუფლების აღკვეთა – 6-დან 10 წლამდე.
წინასასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დასაშვებად და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ სასამართლოში წარმოადგინა. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლე მოწმეების ჩვენებებს ვეღარ მოისმენს.
მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე მხარეებმა ასევე უთხრეს, რომ “მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების მისაღწევად”.
“კომენტარს საქმის დასრულების შემდეგ გავაკეთებ,” – გვითხრა ბრალდებულმა გელა გ.-მ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
ჩვენთან გასაუბრების დროს მან ასევე თქვა, რომ ამჟამად შვებულებაშია.
თიბისიმ Apple Pay-ს პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიება სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა, სადაც დამსწრე აუდიტორიას გადახდის ინოვაციური სერვისის და მისი გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოში ამოქმედებიდან ამ დრომდე Apple Pay-ზე უკვე თიბისის 15 000-ზე მეტი ბარათი გააქტიურდა.
Apple Pay მობილური გადახდების ინოვაციური სერვისია, რომლით სარგებლობა iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის მომხმარებლებს შეუძლიათ. Apple Pay მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში გადახდას უფრო სწრაფს, მარტივს, უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.
Apple Pay უკვე ხელმისაწვდომია Apple-ის ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც თიბისი ბანკის ბარათით/ბარათებით სარგებლობს. გადახდების განხორციელება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ Apple-ის მოწყობილობების საშუალებით ყველგან, სადაც ხელმისაწვდომია უკონტაქტო გადახდა ან Apple Pay. Apple Pay-ს ინსტალაცია ძალიან მარტივია და მისი გამოყენებისას თიბისის მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ ყველა იმ სარგებელს, რასაც ისინი მანამდე, თიბისი ბანკის საკრედიტო ან სადებეტო ბარათით სარგებლობისას იღებდნენ.
უსაფრთხოება Apple Pay-ს მთავარი შემადგენელი ნაწილია. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. ამის ნაცვლად, იქმნება უნიკალური ნომერი Apple-ის მოწყობილობისთვის, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება ამავე მოწყობილობის დაცულ ელემენტზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.
iphone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა უკვე შესაძლებელია მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში, თვითმომსახურების აპარატებსა და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. Apple Pay-ით აპლიკაციებში ან Safari-ში ონლაინ შოპინგისას, გადახდის გრძელი ფორმების შეყვანა საჭირო აღარ არის. Apple Pay –თ თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი.
თიბისი ბანკის ბარათებით Apple Pay-თ სარგებლობის ინსტრუქცია განთავსებულია მითითებულ ბმულზე: www.tbcapplepay.ge.
უკვე ორი თვეა, რაც საქართველოში ქალებს შეუძლიათ ხანმოკლე პროცედურის საშუალებით, უახლესი მეთოდით მკერდიდან მოიცილონ არასასურველი წარმონაქმნები, საეჭვო კვანძები და ფიბროადენომები.
ვაკუუმ რეზექციის – ანუ გამოტუმბვით ამოჭრის (VAE) მეთოდი ამერიკაში 10 წელზე მეტია რაც პოპულარულია, ის არაოპერაციული მეთოდია სარძევე ჯირკვლებიდან წარმონაქმნების მოსაცილებლად.
ბათუმში კლინიკა „ნიუ პლაზმას“ დამფუძნებელი, მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე გვიყვება: „ჩვენთან ეს მეთოდი აქამდე არ არსებობდა. ინფორმაცია არც პაციენტებს ჰქონდათ და არც ექიმებს. ამავდროულად ყოველთვის არის უდიდესი საჭიროება კვანძების დროული და სწორი დიაგნოსტიკისა და ამისათვის ჩვენ დავუკავშირდით ესტონურ კომპანიას, რომელიც შუამავალია ევროპის ქვეყნებში, ჩამოვიტანეთ ამერიკიდან აპარატი და დავნერგეთ ეს მეთოდი ჩვენთან.
მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე
უკვე ორი თვეა, რაც „კლინიკა ნიუ პლაზმაში“ პირველი პროცედურები ჩატარდა. თავიდან დავიწყეთ უშუალოდ ჩამოსული სპეციალისტების მეთვალყურეობით, ახლა კი დამოუკიდებლად ვთავაზობთ ამ სერვისს პაციენტებს.
მეთოდის დაუფლებაში დამეხმარა გამოცდილებამ ძუძუს ბიოფსიებში, რომელთაც უკვე თითქმის 10 წელი ექოსკოპიური კონტროლით ვაკეთებ. ვაკუუმ რეზექცია კი ბიოფსიის გაუმჯობესებული და თანამედროვე ვარიანტია, რადგან ვაკუუმრეზექცია თავიდან შექმნილი იყო როგორც დიაგნოსტიკური მეთოდი, შემდეგ კი განმტკიცდა მისი სამკურნალო ნაწილიც.
ძუძუში შეიძლება ბევრი სახის კვანძი ჩნდებოდეს. მთავარია, ჩვენ მოვახერხოთ დროული დიაგნოსტირება და განსაზღვრა – კვანძი კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი, შეიცავს სამომავლოდ რაიმე გადაგვარების რისკს თუ არა.
სამწუხაროდ, ამის შეფასება მხოლოდ ვიზუალური დაკვირვებით და მისი ნაწილობრივი ბიოფსიით ხშირად შეუძლებელია. ვაკუუმრეზექცია კი იძლევა იმის საშუალებას, რომ კვანძი სრულად ამოვიღოთ, შემდეგ კი გავაგზავნოთ ლაბორატორიაში, სადაც მორფოლოგი დაადგენს 100%-ან დიაგნოზს.
ამავდროულად ვაკუუმრეზექცია არის უსაფრთხო: ამდენი ხნის განმავლობაში ჩატარებული მრავალი კვლევის თანახმად, ამ მეთოდის შედეგები ღია ოპერაციებისგან არ განსხვავდება და ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებულ არავითარ რისკს არ შეიცავს.
როცა არსებობს საშაულება, რომ სამომავლო საფრთხე თავიდან აიცილო ახლა ადვილად, რატომ უნდა გადადო ეს სამომავლოდ?
[highlight color=”green”]არსებობს უამრავი უპირატესობა, რაც ვაკუუმრეზექციას ოპერაციული მეთოდისგან გამოარჩევს:[/highlight]
[checklist]
დრო – პროცედურა დაახლოებით 15-წუთიანია, როცა ღია ოპერაციებს რამდენიმე საათამდე დრო და ხშირად სტაციონარში დარჩენა აჭირდება
ფასი – იმ ფონზე, რომ ვაკუუმრეზექცია დაახლოებით იმდენივე ღირს, რაც სტანდარტული ოპერაცია, ეს მეთოდი თავიდან აგაცილებთ შემდეგომ ძვირადღირებულ სტაციონარულ და აღდგენით მკურნალობას
კომფორტი – ვაკუუმ რეზექციის მეთოდი კეთდება ადგილობრივი გაუტკივარებით, სრულიად უმტკივნეულოდ.
სილამაზე – არ რჩება ნაწიბურები და ძუძუს ფორმა არ იცვლება
უსაფრთხოება – როგორც აღვნიშნეთ, მეთოდი უსაფრთხოა. ამის დასტური ისიცაა, რომ წელიწადში მილიონ-ნახევარზე მეტი პროცედურა ტარდება მსოფლიოში.
[/checklist]
სამომავლოდ იგეგმება მეთოდის აქტიური დანერგვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რათა ვაკუუმრეზექციის მეთოდი გახდეს პოპულარული და ხელმისაწვდომი ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის.
ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 568 10 44 10
სიახლეების მისაღებად მოგვყევით ფეისბუქგვერდზე:კლინიკა ნიუ პლაზმა – New Plasma Clinic
აჭარის სოფლებში მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთებში დათვი შეეჩვია.
რატომ გამოდიან მტაცებელი ცხოველები დასახლებულ პუნქტებში, უქმნიან თუ არა საფრთხეს ადამიანს და როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი თქვენს თხილის ბაღს ან სიმინდის ყანას დათვი შემოეჩვია? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესის“ კონსერვაციის პროგრამის დირექტორს, ბიოლოგ ბეჟან ლორთქიფანიძეს ესაუბრა:
„აჭარაში ფართოდაა გავრცელებული, როდესაც დათვები თხილის ბაღებში ან სიმინდის ყანებში შედიან და მოსავალს ანადგურებენ.
დეტალური კვლევა გვაქვს ჩატარებული მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დათვების გადმოსვლის ფაქტებია დაფიქსირებული. ეს აჭარის პრობლემაა. მოსახლეობა ასეთი შემთხვევების დროს ხშირად გამოსავალს დათვის მოკვლაში ხედავს. მაგრამ ერთი დათვის ადგილას მოვა მეორე, ამიტომ მოკვლით ეს პრობლემა არ გვარდება.
პრობლემის მოსაგვარებლად მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ მცხოვრებლებს შევთავაზეთ გამოეყენებინათ ე.წ. ელექტროღობეები. ამ ღობეებში გადის დენი, მაგრამ ეს დენი ისე არის გარდაქმნილი, რომ უსაფრთხოა როგორც ცხოველის, ისე ადამიანისთვის. როდესაც მტაცებელი ღობეს ეხება, ცხოველი იღებს დიდ დარტყმას და ის მეტი აღარ ეკარება ამ ყანის პერიმეტრს, რომელსაც ელექტროღობე აქვს შემორტყმული.
იმის საილუსტრაციოდ, რამდენად ეფექტური იყო ჩვენ მიერ დამონტაჟებული ღობეები, დავაყენეთ ფოტოხაფანგები. შედეგად, გვაქვს კადრები, როდესაც, მაგალითად, დათვი მიჰყვება ამ ღობეს და ვერ ბედავს შიგნით შესვლას. ასევე, არის კადრები, როგორ ცდილობს ღორების კოლტი სიმინდის ყანაში შესვლას.
მართალია, ელექტროღობე მოითხოვს ერთჯერად დანახარჯს, მაგრამ უსაფრთხოა და წლების განმავლობაში დაცულია სასოფლო-სამეურნეო მიწები.
უკეთესია მოსახლეობამ ერთჯერადად დახარჯოს თანხა, შემოავლოს ელექტროღობეები, ვიდრე, ვთქვათ, მიმართონ სამინისტროს სპეცნებართვის მიღებაზე, რომ ამოღებული იყოს პრობლემური ინდივიდი ბუნებიდან.
მზის ენერგიაზე მომუშავე ღობეებს გარდამქმნელების დახმარებით შეუძლია დიდი ზომის ყანები მოიცვან
ეს საკმაოდ ბიუროკრატიული პროცესია – იმისათვის, რომ დაზარალებულმა მიიღოს ნებართვა მტაცებლის ბუნებიდან ამოღებაზე [მოკვლაზე], საჭიროა მიმართოს ჯერ გამგეობას, შემდეგ გამგეობა წერს წერილს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სადაც განხილვის და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ეს ყველაფერი მიდის მთავრობასთან დასამტკიცებლად. ამის შემდეგ, როდესაც მიიღებს ნებართვას, უკვე ოფიციალურად ქირაობენ მონადირეებს და ცალკეული ინდივიდს იღებენ ბუნებიდან.
ეს იმხელა პროცედურაა… ერთხელ რომ დააზიანებს დათვი ყანას, ნებართვის მიღების დროს ის შეიძლება ასი ან/და 200 კილომეტრით იყოს მოშორებული იმ ადგილს.
ამასთან, აჭარაში ყანები ახლოსაა ტყესთან, ეს აძლევს ცხოველს იმის განცდას, რომ უსაფრთხოა იქ შესვლა. ამიტომ რაც არ უნდა პრობლემური ინდივიდი ამოვიღოთ, იქ პრობლემა მაინც დარჩება, ერთს მოკლავ, მეორე გაჩნდება.
როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა?
ვფიქრობ, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ისე მუნიციპალიტეტმა უნდა წამოაყენონ პრობლემა და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ხალხს მიეწოდოს ელექტროღობეები. ელექტროღობე დაიცავს როგორც დათვისგან, ისე გარეული ღორების კოლტისა და მაჩვისგან სიმინდის ყანებს.
რამდენიმე სახის ელექტროღობეა. ერთია, რომელიც მუდმივ დენზე მუშაობს, ანუ ჩვენ შეგვიძლია სახლში შევაერთოთ და იმაზე იმუშაოს, თუკი ჩვენი ყანა ახლოსაა სახლთან ან მუდმივი დენის წყაროსთან. მეორე ღობეა, რომელიც მზის ელემენტებით იკვებება და საკმაოდ ეფექტურია იმ ადგილებში, სადაც მუდმივი დენის წყარო არ არის.
მზის ენერგიაზე მომუშავე ღობეებს, გარდამქმნელების დახმარებით, შეუძლიათ დიდი ზომის ყანები მოიცვან, რაც საშუალებას აძლევს რამდენიმე ოჯახს, რომელთაც გვერდიგვერდ აქვთ ყანები, შეამხანაგდნენ და გაიყონ ხარჯები.
თუ მუნიციპალიტეტები და სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლები სუბსიდირებას მოახდენენ, ან მოხდება ისე, რომ იაფად შემოიტანენ ელექტროღობეებს ან შეღავათიანი განვადებით მისცემენ ადგილობრივებს, კარგი იქნება.
ეს ძალიან დაეხმარება, ერთი მხრივ, ბუნებას – არ მოვკლავთ ცხოველს, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი, მეორე მხრივ, მოსახლეობა იქნება წყნარად, რომ მათ ყანებში აღარ შევა არც დათვი, არც ღორი და არც მაჩვი.
ელექტროღობე მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?
თურქეთში ასევე პრობლემაა დათვების მიერ როგორც თხილის პლანტაციების, ისე თაფლის მეურნეობების დარბევა. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი არის სწორედ ელექტროღობეების დაყენება.
ვფიქრობ, მოსახლეობამ იმიტომ უნდა გაიღოს გარკვეული თანხა, რომ იგივე საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, თუ უფასოდ რიგდება დამცავი მექანიზმები, ხშირად ხვდება ისეთი ადამიანის ხელში, რომელსაც არ აინტერესებს, აღარ იყენებს ან მერე ყიდის.
გარდა დათვებისა, არის საუბარი, რომ მგლებიც ესხმიან თავს მოსახლეობის საბინადრო ტერიტორიას. ეს რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული?
კოლხეთში შეინიშნება მგლების არეალის გავრცელება, სადაც არ იყო მგელი და ახლა შემოდის. ვფიქრობ, საქმე გვაქვს სინანთროპულ მგლებთან, რომლებიც ადამიანებთან ახლოს ცხოვრებას მიეჩვიენ. ეს თუ ასეა და კვლევის საგანია, საჭიროა, სინანთროპული მგლების ამოღება ბუნებიდან.
მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება ამოღება. მხოლოდ ერთი ნადირობა არ წყვეტს პრობლემას.
მგლები ოჯახებით ცხოვრობენ და როდესაც ამოვიღებთ რამდენიმე ინდივიდს ამ ოჯახიდან, ეს ოჯახები ისევ გააგრძელებენ თავდასხმებს და ამიტომ პრობლემა არ აღმოიფხვრება.
საჭიროა პროფესიონალი მონადირეები, რომლებიც შეძლებენ იმ სინანთროპული მგლის მიდევნებას და ზუსტად იმ ინდივიდების ამოღებას, რომლებიც პრობლემატურები არიან. ოღონდ არ უნდა გახდეს ეს იმის საბაბი, შეიკრიბონ მონადირეები, წავიდნენ, დაეცნენ ხეობას და იქ ამოჟუჟონ მგლები. შეიძლება ის მგლები არ იყვნენ დამნაშავეები. იმათ თუ ამოწყვეტ, მათ ადგილს დაიკავებს გვერდზე მდგომი ოჯახი, ამ შემთხვევაში არეულობა იწყება და უფრო მატულობს თავდასხმები.
რატომ მოდიან ადამიანის საცხოვრებელთანახლოს მგლები?
სინანთროპული მგლები შეჩვეულნი არიან ადამიანთან ახლოს ყოფნას და იმ საკვების მიღებას, რომლითაც ადამიანი იკვებება. ნაგავსაყრები ხშირად იწვევენ ასეთი ჯგუფების ჩამოყალიბებას და ხშირად სოფლები თუ ქალაქები ღია ნაგავსაყრებით სარგებლობენ. ამიტომ აქ უკვე არის როგორც ტურების, ისე მგლების შეჩვევის მაღალი ალბათობა.
როგორც კი გავრცელდება ინფორმაცია მგლის მიერ თავდასხმაზე, მოსახლეობა მაშინვე ითხოვს, რომ ამოხოცონ მტაცებლები. ემოციური ფონი სავსებით გასაგებია – ფერმერს და სოფლის მცხოვრებს, რომელსაც ერთი ძროხა ჰყავს, ამით ოჯახს კვებავს და მას მგელი დაუგლეჯს, პროტესტი ექნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმი, რომ დაიცვას მოსახლეობა დათვებისა და მგლებისგან. უნდა ჩამოყალიბდეს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც დატრენინგებულია, ცნობს მგლის კვალს, ცნობს იმ დაზიანებებს, რომლებიც მგლებისგანაა მიყენებული. როგორც კი ცხელ ხაზზე შემოვა განაცხადი, მიდის ადგილზე, ახდენს შესწავლას და იქვე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.
როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა მტაცებლების თავდასხმის დროს?
არც დათვი და არც მგელი არ ესხმის ადამიანს თავს. არის შემთხვევები, როდესაც დათვმა დატორა ადამიანი, მაგრამ ხშირად ეს ადამიანის მიერაა პროვოცირებული, მაგალითად, ან დაჭრილია დათვი, ან ხაფანგშია. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ქცევა განსაზღვრავს, დაგვესხმება თუ არა დათვი. თავიდან უნდა ვიყოთ გაუნძრევლად, შემდეგ შეგვიძლია ხმამაღლა დავიწყოთ ლაპარაკი და ნელ-ნელა უკან დავიხიოთ.
რაც შეეხება მგლებს, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მგელი ყოველთვის გარბის ადამიანისგან. იყნოსავენ ხოლმე და მანამდე მიდიან, სანამ ადამიანი დაინახავს. დათვიც ისე შეიძლება გაიპაროს, ჩვენ ვერც კი დავინახოთ. ყველა მტაცებელი გაურბის ადამიანს, თუ არ არის ადამიანისგან პროვოცირებული.
ბათუმში გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებენ. ევროპის მოედანზე მოქალაქეები არიან შეკრებილნი და ამბობენ, რომ გახარიას გაპრემიერება დაუშვებელია.
„არ ვარ პარტიული, ამ ნიშნით ნამდვილად არ ვარ მოსული. მაღელვებს ის, რაც მჭირს დღეს. მე პირადად შეურაცხყოფილი ვარ, ასეთი ადამიანის გამო. ბრძანება შეიძლება გახარიას გაცემული არაა და ზუსტად იმიტომ დაგვისვა დღეს პრემიერად მისი თავი ივანიშვილმა, მაგრამ ამას ხომ მნიშვნელობა არ აქვს. პასუხისმგებელი პირი იყო ეს ადამიანი.
არაფერზე პასუხი არ უგია, მოიყვანეს და დაგვინიშნეს პრემიერ-მინისტრად. ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. და ვინც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ყველამ უნდა გამოხატოს თავისი პროტესტი. აქ მოვედი იმიტომ, რომ ეს ჩემი ვალია იმ ბავშვების წინაშე, ვისაც 20 ივნისს თვალები დასთხარეს,“ – ამბობს აქციის მონაწილე ნატალია მდინარაძე.
„გავრილოვის ღამის შემოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი რომ გახდება საქართველოში პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი, ეს არის მიუღებელი და სილის გაწვნა ქართულ საზოგადოებაზე. მე როგორც მოქალაქე, გამოვდიარ ევროპის მოედანზე და სოლიდარობას ვუცხადებ ქართველ ახალგაზრდებს,“ – ამბობს აქციის მონაწილე ლაშა ადამია.
ბათუმის პარალელურად დღეს საპროტესტო აქცია – „სირცხვილია“ იმართება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ.
მშენებლები ისევ დაჟინებით ითხოვენ ახალი სახლების მშენებლობის ნებართვას ისტორიული სახლების დემონტაჟის ხარჯზე. დაჟინებით ამტკიცებენ იმასაც, რომ ეს სახლები ავარიულია და საცხოვრებლად აღარ ვარგა. მოთხოვნა, ძირითადად, ისევ ქალაქის ცენტრზე მოდის, მათ შორის რამდენიმეს უკვე აქვს შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოსთან, ზოგი კი პასუხს ელოდება.
სხდომებზე მსგავსი საკითხები ხშირად უფრო ახალი პროექტების მოწონება-დაწუნების ჭრილში განიხილება და არა ამ სახლების გადარჩენის, ცენტრალური ქუჩების ისტორიული იერსახის შენარჩუნების კონტექსტში.
ბოლო სხდომაზე ზონალური საბჭოს წევრებმა დასანგრევად გამიზნულ 5 სახლზე იმსჯელეს, მათ ადგილებზე ინვესტორებს ახალი მრავალბინიანი სახლების მშენებლობა სურთ. რა გადაწყვიტა საბჭომ მხოლოდ მას შემდეგ გვეცოდინება, რაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო 2 სექტემბერს გამართული სხდომის ოქმს მოამზადებს.
ამ საკითხებს შორის განიხილეს შპს „მინი 77“-ის წინადადება. ეს კომპანია ითხოვს მშენებლობის შეთანხმებას ბათუმში, გორგილაძის #22-ში, ძეგლის დაცვის ზონაში. პროექტის რენდერის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში კომპანია არამხოლოდ ამ მისამართზე მდებარე ერთსართულიანი ბელეტაჟის დანგრევას, არამედ მიმდებარედ არსებული ერთსართულიანი შენობების ათვისებასაც გეგმავს. ზონალურ საბჭოში წარდგენილი ინფორმაციით, კომპანიას სამშენებლოდ 1016 კვადრატული მეტრი ტერიტორია აქვს გათვალისწინებული.
ბათუმი, გორგილაძის #22
შპს „მინი 77“ ამ ადგილზე მშენებლობის უფლების მოპოვებას დიდი ხანია ცდილობს. მან რამდენჯერმე მიმართა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს ორი 10-სართულიანი კორპუსის აშენების ნებართვის მოთხოვნით, თუმცა საბჭომ მას უარი უთხრა. ამჯერად კომპანიამ სიმაღლე გაანახევრა და 5-სართულიანი სახლის მშენებლობის მოთხოვნით მიმართა.
შპს „მინი 77“-ის პროექტის რენდერი
დანგრევა ემუქრება ლუკა ასათიანის #8-ში მდებარე ისტორიულ სახლსაც. ისტორიული ცნობების მიხედვით, სახლი ლუკა ასათიანის #8-ში მე-19 საუკუნეში აუშენებიათ. ამ სახლში 1917 წელს ალექსანდრე თიროშვილს უცხოვრია. ალექსანდრე თიროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი იყო.
ლუკა ასათიანის #8
ინვესტორი ამ ადგილზე [360 კვადრატულ მეტრზე] შვიდსართულიანი შენობის აშენებას გეგმავს. ეს საკითხი ერთადერთი იყო, რაზედაც თავმჯდომარემ – ზაურ ახვლედიანმა საბჭოს წევრებს შესთავაზა, რომ ამ თემაზე ორი მიმართულებით ემსჯელათ. პირველი – უნდა დაინგრეს თუ არა ეს შენობა, რომელსაც ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ისტორიული შენობაა და პირდაპირ ძეგლს ესაზღვრება, მეორე კი მოსწონთ თუ არა წარმოდგენილი პროექტი. სხდომაზე საბჭოს წევრებმა, ძირითადად, მაინც წარდგენილ არქიტექტურულ პროექტზე იმსჯელეს.
პროექტის ავტორმა საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების აუცილებლობა ასე ახსნა – „გაფართოება უნდათ აქ მცხოვრებლებს“. კითხვაზე – როგორ წარმოგიდგენიათ 350 კვადრატულ მეტრზე 7-სართულიანი შენობა, მან უპასუხა: „მშვენივრად წარმომიდგენია“. სხდომაზე იმყოფებოდა ასევე ერთ-ერთი მესაკუთრეც, რომელმაც თქვა, რომ სიმაღლის დაკლების შეთავაზება მშენებლისთვის სასურველი არ არის, რადგან მან ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საერთოდ უარი თქვას პროექტზე, რაც აქ მცხოვრებთ „არ აწყობთ“.
მესაკუთრე არსებული ორსართულიანი სახლის დანგრევას და ახალი შენობის აშენებას გეგმავს ვაჟა-ფშაველას #26-შიც. სხდომაზე პროექტი არქიტექტორმა წარადგინა. მისი თქმით, არსებული შენობა ამორტიზებულია, ამიტომაც ის უნდა დაანგრიონ და იმავე პარამეტრების ტერასული ტიპის შენობა ააშენონ, სადაც დამკვეთი სასტუმროს გახსნას გეგმავს. ზონალური საბჭოს წევრებს პროექტი მოეწონათ. მათი აზრით, კარგია მესაკუთრე მასშტაბების გაზრდას რომ აღარ ითხოვს [პროექტი სხვა მასშტაბებით ადრეც იყო ზონალურ საბჭოზე წარდგენილი].
სასტუმროს აშენებას ძეგლების დაცვის ზონაში კომპანია „ოქსოი გრუპ ბათუმი“ გეგმავს. კომპანიის მფლობელი თურქი ბიზნესმენი ეროლ აქსიოა.
ვაჟა-ფშაველას #26. ინვესტორი აპირებს მარჯვნივ მდებარე სახლის დანგრევას და მის ნაცვლად იმავე მასშტაბის სასტუმროს მშენებლობას
ორი ორსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე გეგმავენ ასევე რვასართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გორგასლის #91-93-ის მიმდებარედ. ამ ქუჩაზე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ძველი განაშენიანების სიმაღლეები.
გორგასლის #31
გორგასლის #93
მთავარი ფოტო: გორგასლის #91-93-ში დაგეგმილი პროექტის რენდერი
1-10 სექტემბერს ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი იმართება, რომლის ფარგლებშიც ბათუმს კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები და ახალგაზრდა, ვირტუოზი შემსრულებლები ესტუმრნენ. ფესტივალი პირველ სექტემბერს იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნა და 10 სექტემბერს ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტით დასრულდება.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი UNESCO-ს პატრონაჟით უკვე მეშვიდე წელია იმართება.
წელს დრამატული თეატრის საკონცერტო დარბაზში გაცოცხლდება ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, სენსანსის, შოპენის, ლისტის და რაველის ნაწარმოებები. 3, 5, 6, 7 და 10 სექტემბერს კონცერტები 20:00 საათზე გაიმართება.
ფესტივალის მომდევნო დღეების საკონცერტო პროგრამა ასეთია:
3 სექტემბერი
ჯანკარლო დე ლორენცო – დირიჟორი/იტალია / ბათუმის ფესტივალის ორკესტრი
დავით ალადაშვილი – ფორტეპიანო/საქართველო
კლაუდიო მანსუტი – კლარნეტი/იტალია
პროგრამა: ბეთჰოვენი – „ეგმონტი“ უვერტიურა, მოცარტი – კონცერტი კლარნეტისთვის ლა მაჟორი
ბეთჰოვენი – საფორტეპიანო კონცერტი #5 თხზ.73
5 სექტემბერი
ალექსანდრა მასალევა – ფორტეპიანო/რუსეთი
პროგრამა: მიშელ სონი – „ნაპირები“ დიურანის გამოცემა, ლისტი – საფორტეპიანო სონატა სი მინორი
ლისტი – „რიგოლეტო“ პერიფრაზი
6 სექტემბერი
ლიდი სოლომონი – ფორტეპიანო/საფრანგეთი
პროგრამა: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, სონი, რაველი
7 სექტემბერი
გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო
10 სექტემბერი
ფორტეპიანოს „მომავლის ვარსკვლავები“ – დასკვნითი გალა კონცერტი
#სირცხვილია – გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას ბათუმში გააპროტესტებენ. საპროტესტო აქცია დღეს, 3 სექტემბერს, 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება.
„დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია გადაყენების ნაცვლად, დააწინაურა. საკუთარი მოქალაქეების დამასახიჩრებელი, დამნაშავე მინისტრის დაწინაურება არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა ღია ომი გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებას. ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ. გავრილოვის 19 პატიმარი უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. გამოდი გარეთ, გამოხატე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე.
19:00-ზე, ევროპის მოედანზე, ბათუმში – ქვეყნის სამსახურში!,” – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმის პარალელურად დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. ორგანიზატორები „სირცხვილიას“ აქციების ლიდერები არიან.
„მაგარი გასაროზგი ტიპი ხარ!!! შეგხვდები ვიწრო გზაზე!“ „შენ ყველაფრის მკადრებელი ყოფილხარ და ახლოდან რომ სადმე შემხვდები აი, მაშინ დაგფერთხავ, როგორც უნდა“, „მარტო ჩემთან არ შეგშლია შენ, ბევრთან შეგეშალა და ბოლოს ვიღაცა თან გაგაუპატიურებს და თან ცხვირ-პირს გაგიერთიანებს!“ – TV25-ის ჟურნალისტი, ეკა ბარამიძე ამბობს, რომ ამ და სხვა მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მედეა მამულაძისგან იღებს.
მედეა მამულაძემ გუშინ, 2 სექტემბერს, დატოვა ხულოში, სოფელ ღურტას საბავშვო ბაღის გამგის თანამდებობა. მანამდე რამდენიმე დღით ადრე – 29 აგვისტოს, TV25-მა სიუჟეტი მოამზადა ღურტას საბავშვო ბაღში გამგესა და თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ. სიუჟეტში ბაღის გამგე აცხადებს, რომ ის პრობლემას ვერ ხედავს თანამშრომლებთან დაპირისპირებაში, რაც ბავშვების თვალწინ ხდება. მედეა მამულაძემ იმავე სიუჟეტში ჟურნალიტს უთხრა, რომ ის ბაღში „კაროლივით ზის“ და პარლამენტის წევრი – ანზორ ბოლქვაძე მფარველობს, ასევე ხულოს მერი და სუს-ი.
„იმავე დღეს დამირეკა, ვიდრე სიუჟეტი ეთერში გავიდოდა,“ – გვიყვება ჟურნალისტი ეკა ბარამიძე, – „მე მასთან შეხება მანამდე მქონდა პროფესიული კუთხით. რადგან მაღალმთიანეთის თემებს ხშირად ვაშუქებ, ჩათვალა, რომ მე ვამზადებდი ამ სიუჟეტსაც. ვუთხარი, რომ შვებულებაში ვიყავი და შეეძლო პირდაპირ დაერეკა სიუჟეტის ავტორის – სულხან მესხიძისთვის. ის ძალიან გაბრაზებული იყო და ისევ მირეკავდა. საბოლოოდ, მისი ტელეფონის ნომერი დავბლოკე, მაგრამ ამ დრომდე ვიღებ მუქარის შემცველ შეტყობინებებს, მათ შორის ცემის და ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ“.
„როცა სიუჟეტი ეთერში გავიდა, მედეა მამულაძემ ოჯახის მამაკაც წევრებს მალაპარაკა. ისინი ვიდეოს წაშლას მთხოვნდნენ კატეგორიულად. ჩემი უარის შემდეგ მედეა მამულაძემ მითხრა, რომ თავს მოიკლავდა. ამის შესახებ მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს… ეკა ბარამიძე მუშაობს მაღალმთიანეთში და არსებობს დიდი რისკი, რომ მუშაობის პროცესში იგი ჟურნალისტს თავს დაესხას. ფეისბუქგვერდზე გვწერენ, რომ ამ ქალს მართლა უნდა ვუფრთხილდეთ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სულხან მესხიძემ, TV25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა მედეა მამულაძეს, თუმცა მან მაშინვე გამორთო მობილური ტელეფონი, როცა გაიგო, რომ ჟურნალისტი დაუკავშირდა.
ტელევიზიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მოთხოვნით TV25-მა უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.
„გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, ვიდეოში მონაწილე პირის მუქარის საფუძველზე, რომ ვიდეოს არწაშლის შემთხვევაში ჩაიდენდა თვითმკვლელობას. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა საქმესთან დაკავშირებული მასალის შესწავლა,“ – მოგვწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
ბათუმში არდაგანის ტბის ლაზერული შადრევნის აუდიოსისტემის განახლებისთვის „ბათუმის ბულვარს“ 215 668 ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურებას ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია.
ლაზერული [ე.წ. მოცეკვავე] შადრევნის აუდიოსისტემის განახლება [თანმდევი მომსახურება, მონტაჟი, ინსტალაცია, ტესტირება, ტრენინგი] უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეტაპობრივად, 60 კალენდარული დღის განმავლობაში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 10 სექტემბერს დაიწყება და 13 სექტემბერს დასრულდება.
– – – – –
დღემდე მოუგვარებელია არდაგანის ტბის დაბინძურების პრობლემა. ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია განთავსებული, წვიმის დროს სანიაღვრე არხებიდან ბინძურდება, ხოლო მშრალ ამინდში დაჭაობებას იწყებს. ტბის დაჭაობების მიზეზი დაუდგენელია და ამ კუთხით მას არც არავინ იკვლევს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, დღეს, 3 სექტემბერს, 1 აშშ დოლარი 2,9614 ლარი, ხოლო 1 ევრო 3,2481 ლარი ღირს [გუშინ ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო: 1 აშშ დოლარი – 2,9457, ხოლო 1 ევრო – 3,2523 ლარი]. ხვალინდელ ოფიციალურ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს საღამოს გამოაცხადებს.
„შევხვდებით მეორე ეტაპზე“ – ასე დაემშვიდობენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს სდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ შპს „ბათ ინვესტის“ დირექტორს სოფო ნებიერიძეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება შედგა. „ბათ ინვესტი“ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 -ში, სადაც ძეგლი უნებართვოდ დაანგრიეს, შვიდსართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.
კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ პროექტი ამჯერად მოიწონა. სხდომას საბჭოს ექვსი წევრი ესწრებოდა [სხდომას მხოლოდ ზვიად ბურჭულაძე არ ესწრებოდა], ამ ექვსიდან ოთხმა დადებითი პოზიცია სხდომაზე ხმამაღლა დააფიქსირა.
„წარმოდგენილი ესკიზებიდან ეს ყველაზე მეტად მისაღებია ჩემთვის, ყვითელი ფერი და კიდევ რამდენიმე დეტალი არ მომწონს, თუ დახვეწავთ, კარგი იქნება,“ – განაცხადა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ნუგზარ ძნელაძემ, საკითხის განხილვისას, რაზეც კომპანიის დირექტორისგან მიიღო პირობა, რომ პროექტის მეორე ეტაპის შეთანხმებისთვის ამ შენიშვნებს გაითვალისწინებენ.
პროექტი მოიწონეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა დავით ზოიძემ და სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ოლეგ ბოლქვაძემაც. დადებითი პოზიცია ჰქონდა ასევე მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელს მირიან მეტრეველს.
უჭერენ მხარს თუ არა პროექტის პირველი ეტაპის შეთანხმებას მხარს – თავიანთი პოზიცია სხდომაზე მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს და კიდევ ერთ წევრს, გიზო ფარცხალაძეს არ დაუფიქსირებიათ, თუმცა მათ არც ის უთქვამთ, რომ დადებით გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
ვაჟა-ფშაველას #13 , პროექტის რენდერი
შპს „ბათ ინვესტი“, იგივე შპს „სლავა 2015“-ია [კომპანიამ მხოლოდ სახელი და დირექტორი შეიცვალა]. კომპანიას ამავე მისამართზე ორსართულიანი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დანგრევის გამო პროკურატურაში ედავებოდნენ. დავა მას შემდეგ შეწყდა, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ მიწის ნაკვეთს ძეგლის სტატუსი მოუხსნა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ დროისთვის ტერიტორიას ძეგლის სტატუსი აღარ აქვს, სამშენებლო პროექტს ძეგლების საბჭო აღარ განიხილავს, პროექტს განიხილავს და ითანხმებს სააგენტოს ზონალური საბჭო, საბოლოოდ, მშენებლობის ნებართვას კი ბათუმის მერია გასცემს.
შპს „ ბათ ინვესტის“ სამშენებლო პროექტის რამდენიმე ვარიანტი ზონალურმა საბჭომ დაიწუნა, ამჯერად კი, ფოტოზე წარმოდგენილ ვიზუალზე, პარამეტრებსა და მის დახვეწაზე შეჯერდნენ.
დღეიდან ვითიბი ბანკის ბარათების მფლობელები შეძლებენ ისარგებლონ მარტივი და უსაფრთხო პირადი გადახდების ინსტრუმენტით Apple Pay, რომელიც მთლიანად ცვლის მობილური გადახდებს და ხდის მათ უფრო მარტივს და სწრაფს.
Apple Pay დაფუძნებულია უსაფრთხოებაზე და კონფენდენციალურობაზე. ბარათის ნომრის დამატებისას, Apple Pay არ ინახავს მას არც მოწყობილობაზე და არცApple -ის სერვერებზე. სანაცვლოდ ხდება მოწყობილობის უნიკალური ნომრის მინიჭება, რომელიც იშიფრება და უსაფრთხოდ ინახება თქვენი მოწყობილობის ჩიპში – „უსაფრთხო ელემენტი“.
Apple Pay-ს დაყენება მარტივია. საკრედიტო და სადებეტო ბარათის დამატება ხდება აპლიკაციით Wallet, სავაჭრო ობიექტებში გადახდა შესაძლებელია ტელეფონით iPhone SE, iPhone 6 და უფრო გვიანი მოდელებით, ასევე Apple Watch -ით.
ონლაინ ან აპლიკაციით რაიმეს შეძენის დროს Apple Pay იძლევა მარტივ, Touch ID -ზე ერთი შეხებით გადახდის შესაძლებლობას, ასევე გვერდითი ღილაკის ორჯერ დაჭერით ან Face ID -ს გამოყენებით IPhone X –ს შემთხვევაში. ამასთან ერთად საჭირო აღარ არის, დოკუმენტებში საკონტაქტო მონაცემების ხელით შევსება, განმეორებით მიწოდების ან ანგარიშის დეტალების შეყვანა. შენაძენის გადახდისას აპლიკაციით ან ბრაუზერში Safari, Apple Pay მუშაობს iPhone 6 -ს ან შემდგომი მოდელის ტელეფონებზე, ასევე ხელმისწვდომია iPad Pro, iPad Air 2, iPad mini 3 -ს და უფრო ახალ მოდელებზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Apple Pay,2012 წლის შემდგომ გამოშვებული Mac-ზე რომელზედაც დაყენებულია სისტემა macOS Sierra, ხოლო გადახდის დადასტურება შესაძლებელია ტელეფონით iPhone 6, შემდგომი მოდელის ტელეფონებით, Apple Watch -ის გამოყენებით და ასევე MacBook Pro -ს Touch ID -ზე თითის მიკარებით.
ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს.საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.
„ფეხბურთელ შოთა მამინაშვილს 2017 წელს შპს „სითი სპორტში“ სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია“, – ეს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნაში წერია. 31 წლის შოთა მამინაშვილი 2017 წელს მცხეთაში, ფეხბურთის სათამაშო მოედანზე გარდაიცვალა.
„ის გარდაიცვალა გულგრილობის გამო… ჩემი შვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა, მას რომ სამედიცინო შემოწმება გაევლო. მისთვის ადრენალინი რომ გაეკეთებინათ იგივე მოედანზე, ცოცხალი იქნებოდა. ექსპერტიზის დასკვნაში გამოჩნდა, რომ თურმე რამდენიმე მიკროინფარქტი გადაუტანია მანამდე. ეს საქმე აუცილებლად მივა ბოლომდე,“ – ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა, ლოლიტა იაშვილი.
ბათუმელი შოთა მამინაშვილი საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“ თამაშობდა. ამ კლუბს სამედიცინო მომსახურების მისაღებად კონტრაქტი „სითი სპორტთან“ ჰქონია გაფორმებულია. სამედიცინო რეგულირების სააგენტომ კი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ „ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია“.
„ეს არის ფეხბურთის ყველა საერთაშორისო რეგულაციის დარღვევა… თავიდან გაკვეთას არ ვთანხმდებოდი. კიდევ კარგი, რომ სიმართლე გაირკვა,“ – აღნიშნავს ლოლიტა იაშვილი. ის ახლა კონკრეტული შედეგის დადებას პროკურატურისგან ელის. ამ დრომდე სამართალდამცავ ორგანოებს ფეხბურთელის დედისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ და არც არავის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა.
„საქმის ძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით [სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით], რადგან დედა აფიქსირებს საჩივარში, რომ არასათანადო დახმარება აღმოუჩინეს. ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვალება გამოიწვია გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობამ,“ – მოგვწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან.
„ეს ფეხბურთელი მე არ მომიყვანია, შუა სეზონი იყო… ყველა გადის ჩვენთან სამედიცინო შემოწმებას“, – გვითხრა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ პრეზიდენტმა ზაზა ჯანაშიამ. მას კონკრეტულად სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნის შესახებ ვკითხეთ, სადაც აღნიშნულია, რომ ფეხბურთელს, რომელიც სათამაშო მოედანზე გარდაიცვალა, „სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია“.
„მე არ მიმიღია ასეთი დასკვნა და თქვენ სად ნახეთ? არა მგონია, გავლილი არ ჰქონოდა. ეს გამოძიების საქმეა, მე ვერაფერს გეტყვით,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ზაზა ჯანაშიამ.
„არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ შოთა მამინაშვილს სამედიცინო შემოწმება უტარდებოდა?“ – ამ შეკითხვამ „ზუგდიდის“ პრეზიდენტი გააღიზიანა. „რა დოკუმენტებს მთხოვ? შეურაცხმყოფელ კითხვებს მისვამთ“, – გვითხრა მან.
გამოძიებას არც არჩილ ფარტენაძის შემთხვევაზე დაუდია კონკრეტული შედეგი. 28 წლის არჩილ ფარტენაძე ქედის „ბეთლემში“ თამაშობდა და ისიც ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ეს 2015 წლის საქმეა და ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს წერილობით უნდა მივმართოთ.
„არაფერი არ გარკვეულა, ექსპერტიზაც არ ჩატარებულა… სამედიცინო შემოწმება, როგორც ვიცი, გავლილი ჰქონდა,“ – ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის ძმა, მამუკა ფარტენაძე.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, პაატა დიასამიძის თქმით, ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმებას მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია არეგულირებს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ფიფას და უეფას მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს. „გამოძიებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ შემთხვევებზე, ანუ ვის რა ვალდებულება ჰქონდა და შესაბამისი პასუხისმგებლობა გამოკვეთოს,“ – აღნიშნავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პრაქტიკოსი მასწავლებლების, მასწავლებლობის მსურველებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეების აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. დაინტერესებულ პირებს შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.
წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.
გასწორებული 38 000 ნაშრომიდან გასაჩივრდა სულ 2 400 ნაშრომი. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეიცვალა (მოემატა ან დააკლდა) 985 ნაშრომის შემთხვევაში.
რაც შეეხება სამაგისტრო გამოცდებს. 2019 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირდა 12 000-მდე კანდიდატი, გასწორდა 10 300 ნაშრომი, ხოლო გასაჩივრდა – 285. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად კი შეფასება შეეცვალა 140 კანდიდატს.
პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს ნოემბრის თვის დასაწყისში კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა არ იცვლება, როცა ხელისუფლება პრემიერებს აქტიურად ცვლის. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ამ გზით ხელისუფლებას სურს ილუზიის შექმნა – „მეფე შიშველი არ არის“.
რას ნიშნავს ქვეყნისთვის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მეშვიდე წელს მეხუთე პრემიერი გვეყოლება? – კორნელი კაკაჩიას ამ თემაზე ვესაუბრეთ.
ბატონო კორნელი, შვიდ წელიწადში მეხუთე პრემიერი ეყოლება საქართველოს. რას ნიშნავს ქვეყნისთვის პრემიერების ამ სიხშირით ცვლა? რამდენად შესაძლებელია კონკრეტული პოლიტიკის განხორციელება, როცა პრემიერი, ფაქტობრივად, რამდენიმე თვით ხარ?
პრემიერ ბახტაძის გადადგომა მიუთითებს არსებული სახელისუფლებო სისტემის კრიზისზე. ასეთი ხშირი ცვლილებები ტრადიციადაც კი იქცა. იგივე ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც: როცა მმართველი პარტია ვერ ახერხებს ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებას, რასაც საზოგადოება ელოდება, ხელისუფლება ცდილობს უკმაყოფილების ამ მეთოდებით განელებას. ამ პროცესის ნაწილია პრემიერ ბახტაძის გადადგომაც. ხელისუფლებაში ისიც იციან, რომ 2020 წლის არჩევნები მოახლოვებულია და მაინცდამაინც სახარბიელო რეიტინგი არ აქვთ.
პრემიერების ასეთი ხშირი ცვლა, გარდა იმისა, რომ არ ქმნის სტაბილურობის შეგრძნებას ქვეყანაში, ასევე ხელს უშლის საქართველოს საერთაშორისო იმიჯსაც, რადგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ვერც კი ახერხებენ ჩვენი პრემიერების სახელების დამახსოვრებას, ისე ხდება მათი პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორება. პრემიერმა ბახტაძემ მედიაში განაცხადა, რომ მან საკუთარი მისია შეასრულა, მაგრამ მისი მმართველობის შედეგი სხვა რამეზე მეტყველებს. როგორც სოციალურ მედიაში უკვე გაჟღერდა, ეს მართლაც პრემიერობის სტაჟირებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ქვეყნის კეთილგონივრულ მართვას. ბიძინა ივანიშვილს სურდა პრემიერი, რომელიც წინასაარჩევნო ციკლამდე მიიყვანდა ქვეყანას, მაგრამ ასე არ მოხდა – დაპირებების უმრავლესობა, რაც უკავშირდებოდა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემების გაუმჯობესებას, პლურალისტური მედია გარემოს შექმნა თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა ვერ შესრულდა. ამ ნაბიჯით ხელისუფლება ცდილობს, გარკვეული ილუზიები შეუქმნას საზოგადოების ნაწილს, ვისაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ სჯერა, რომ „მეფე შიშველია“, რომ თითქოს „ოცნება“ ჯერ კიდევ არის ძალა, რომელსაც რაღაცის ახალი იდეების ჩამოყალიბება შეუძლია.
მამუკა ბახტაძემ გააკეთა ვრცელი განმარტება გადადგომის შესახებ. გასაგები იყო თუ არა თქვენთვის, რის გამო დატოვა მან პრემიერის პოსტი, თუკი წარმატებული იყო?
მგონი, ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია იცის, ვინ წყვეტს პრემიერების ბედს ამ ქვეყანაში. მით უმეტეს, ბახტაძე არასდროს არ იყო მოქმედი პოლიტიკოსი და, ბუნებრივია, ის ვერ შედგებოდა, როგორც ქვეყნის ლიდერი. ფართო საზოგადოება ვერც კი ამჩნევდა მას. მაგალითად, ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსნას, მაგრამ არავინ ითხოვდა ფორმალურად ქვეყნის პირველი პირის ბახტაძის გადადგომას.
გიორგი გახარიას გაპრემიერებით რა შეიძლება მოიგოს „ოცნებამ“?
გიორგი გახარიას გაპრემიერება ძალიან სარისკო იქნება, რადგან გიორგი გახარიას პოლიტიკური იმიჯი საზოგადოებაში საკმაო ნაწილში დიდი ხანია შერყეულია. ივანიშვილმა პერსონალური მოსაზრებებიდან გამომდინარე ეს ნაბიჯი გადადგა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ფაქტს, რაზეც დიდი ხანია ეჭვობენ, რომ მის პოლიტიკურ გუნდს „მოკლე სათადარიგო სკამი“ აქვს. ივანიშვილს, ეტყობა, გარემოცვაში არ ჰყავს ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია გარკვეული ქმედებების ისე უყოყმანოდ აღსრულება, როგორც მის პირად კონფიდანტს – გახარიას, რომელსაც ის კარსმომდგარი არჩევნების წინ ყველაზე მეტად ენდობა.
რატომ აწყობს „ქართულ ოცნებას“ ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება?
ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი ხისტი ქმედებებით შეუძლია ოპოზიციის დემონიზაცია, სხვადასხვა საეჭვო წარმოშობის სოციალური მოძრაობებისა და პოლიტიკური ძალების ანუ სატელიტური პარტიების მობილიზაცია. ღარიბაშვილს საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს ასევე ეკლესიასთანაც. აქედან გამომდინარე, ის ეცდება გამოიყენოს ყველა ეს ბერკეტები ოპოზიციის მარგინალიზებისთვის, რომ ამით გაუხანგრძლივოს მმართველობა არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს, რომელიც უკვე კარგა ხანია ხელისუფლების გახანგრძლივებისთვის იბრძვის.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს რამდენად ელოდებით? გაჩნდა ვერსიაც, რომ ხელისუფლებას სურს პროპორციულ საარჩევნო სისტემას აარიდოს თავი.
არა მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ამაზე წავიდეს. ეს იქნება ხარაკირი ხელისუფლებისთვის. ამაზე წასვლა, ფაქტობრივად, პოლიტიკურ თვითმკვლელობას ნიშნავს და ამ გადაწყვეტილების სავარაუდო საფასური იქნება კატასტროფული როგორც მმართველი ძალისთვის, ასევე ქვეყნის სტაბილურობისთვის.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალახმელასთან [დოლოგანი], მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მთაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კეთდება კარიერთან მისასვლელი გზა, სადაც ფიზიკურმა პირმა, ლევან ხოზრევანიძემ, 266 000 კუბური მეტრი წიაღისეული უნდა მოიპოვოს. ლევან ხოზრევანიძეს წიაღისეული სოფელ ჭარნალის მიმდებარედ უნდა მოეპოვებინა, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იქ მას წინააღმდეგობა მოსახლეობამ გაუწია.
„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2013 წლის სექტემბრის ბრძანებით, ლევან ხოზრევანიძეზე გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია სოფელ ჭარნალის მიმდებარედ „ჭარნალის ანდეზიტო-ბაზალტის გამოვლინებაზე“. ლიცენზიის მოქმედების ვადა იყო 5 წელი; მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა კი – 266 000 კუბ/მ. ლიცენზიის მფლობელს იქ მოპოვებითი სამუშაოები მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო არ უწარმოებია. საქართველოს მთავრობის 2018 წლის ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე, ლევან ხოზრევანიძეზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში შევიდა ცვლილება და გაიცა ახალი ლიცენზია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალახმელას მიმდებარედ „ანდეზიტო-ბაზალტის გამოვლინებაზე“ – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.
მთავრობის განკარგულებით, ლევან ხოზრევანიძემ სოფელ ჭალახმელასთან, 26 600 კვ/მ ფართობზე, ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე, უნდა განახორციელოს 266 000 კუბ/მეტრი ოდენობის ანდეზიტო-ბაზალტის მოპოვება „აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი დასკვნით [გეოსაინფორმაციო პაკეტით] განსაზღვრული პირობების შესაბამისად“.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ხოზრევანიძეს რაიმე ვალდებულება, რომ მოპოვებული მასალა კონკრეტული დანიშნულებით იქნება გამოყენებული, არ აქვს.
თავდაპირველად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭარნალის მიმდებარე ტერიტორიაზე „ჭარნალის ანდეზიტო-ბაზალტის გამოვლინებაზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაზე აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წლის აგვისტოში გამოაცხადა. საწყისი ფასი იყო 10 000 ლარი, ბიჯი – 1000 ლარი. აუქციონზე ლიცენზია ერთი ბიჯით, ანუ 11 000 ლარად ლევან ხოზრევანიძემ შეიძინა. სწორედ ამ ლიცენზიის საფუძველზე უნდა მოიპოვოს წიაღისეული მან სოფელ ჭალახმელასთან.
სამუშაოები სოფელ ჭალახმელასთან / 22.08/2019 / ფოტო: „ბათუმელები“სამუშაოები სოფელ ჭალახმელასთან / 22.08/2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ქედის სოფელ დოლოგანში კიდევ ორ კარიერზეა ლიცენზია გაცემული. ერთ-ერთი აქედან სოფელ ჭინკაძეებშია. ეს ის სოფელია, სადაც 2018 წლის 31 ოქტომბერს, კლდის აფეთქებისას, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში თამაშის დროს 6 წლის ბიჭი დაიღუპა.
პრემიერობის კანდიდატად რამდენიმე წუთის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულმა გიორგი გახარიამ, მთავრობაში ცვლილებები დაანონსა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური იქნება, ხოლო თავდაცვის მინიტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს წარადგენენ.
მოქმედი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კი უშიშროების საბჭოში გადაინაცვლებს.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავად გადადგა გუშინ თანამდებობიდან. ის წელიწადი და ორი თვე იყო პრემიერი.
დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა.
გახარიას გადადგომის მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ არ შეწყვეტილა. გახარიას შს მინისტრის პოსტზე ყოფნისას, პოლიციამ და სპეცრაზმმა 20 ივნისის ღამეს თბილისში საპროტესტო აქცია დაარბია.
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს, 3 სექტემბერს, დილით გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერობის ახალი კანდიდატი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება.
პრემიერმინისტრის პოსტზე მის დასახელებას წინ უძღოდა 2 სექტემბერს გამოქვეყნებული მამუკა ბახტაძის ფეისბუკპოსტი გადადგომის შესახებ, ხოლო მმართველი პარტიის ოფისში დილის 9 საათიდან იმართებოდა ჯერ პოლიტიკური საბჭოს, შემდეგ კი საპარლამენტიო უმრავლესობის სხდომა.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად პარტიის ოფისთან იმართება აქცია “სირცხვილია”, რომლის მონაწილეებიც უკვე 2 თვეზე მეტია, მართავენ აქციებს შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. როგორც აქტივისტები ამბობენ, 20-21 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ უნდა გადამდგარიყო გიორგი გახარია და თუ გახარია ახალი პრემიერი იქნება, ეს იქნება მისი დაწინაურება და შესაბამისად, მთელი გუნდი იქნება პასუხისმგებელი მის ქმედებებზე.
გიორგი გახარია 1994 წლიდან 2013 წლამდე სწავლობდა და მუშაობდა მოსკოვში, რუსეთში. მან საქართველოში 2013 წელს ბიზნესომბუდსმენად დაიწყო მუშაობა და ამ პოზიციას 2016 წლის ივლისამდე ინარჩუნებდა. 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან კი ეკავა ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი.
გიორგი გახარიამ თქვა, რომ თავად ხელმძღვანელობდა თბილისში 20-21 ივნისის აქციის დარბევას, რა დროსაც არაერთმა ადამიანმა დაკარგა თვალი, პოლიციელების ნასროლი რეზინის ტყვიებით კი დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებისა და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ზ.ი. დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 684 აბი, ხოლო მისი დროებითი საცხოვრებელი სახლიდან 263 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს,“ – აცხადებს შსს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დღეს, 2 სექტემბერს ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების რიგით მეშვიდე ფესტივალის მორიგი კონცერტი გაიმართა დრამატულ თეატრში.
დავით მუქერიას დირიჟორობით, კონცერტი ბათუმის ფესტივალის ორკესტრმა აზარშვილის სიმებიანი ორკესტრის ნოქტიურნით გახსნა, შემდეგ კი მსმენელმა იტალიელი ფლეიტისტის, ლუიზა სელოს შესრულებით ფესტივალის ორკესტრთან ერთად, ვივალდის კონცერტი ფა მაჟორი და ფილიპ ემანუელ ბახის რე მინორი მოისმინა.
ფლეიტის კონცერტები შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტით გაგრძელდა, იტალიელი პიანისტის, ალექსანდრე გაჯიევის შესრულებით.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების რიგით მეშვიდე ფესტივალი, ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტით საზეიმოდ გაიხსნა გუშინ, პირველ სექტემბერს.
კონცერტზე მსმენელის წინაშე გახსნის დღეს ფესტივალის საპატიო სტუმარი და მონაწილე, იტალიელი გიტარისტი კლაუდიო პიასტრა წარსდგა.
ფესტივალი წელს განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მსმენელს კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების და ახალგაზრდა ვირტუოზების მოსმენის შესაძლებლობა ბათუმში პირველიდან ათ სექტემბრამდე ექნება.
ფესტივალი 10 სექტემბერს კლასიკური მუსიკის ახალგაზრდა ვირტუოზების კონცერტით დასრულდება.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი, ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელიც UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით უკვე მეშვიდე წელია იმართება.
ხვალ, 3 სექტემბრის საკონცერტო პროგრამაშია ბეთჰოვენის უვერტიურა ,,ეგმონტი“, მოცარტის კონცერტი კლარნეტისთვის ლა მაჟორი და ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი #5. ორკესტრს 3 სექტემბერს იტალიელი დირიჟორი ჯანკარლო დე ლორენცო უდირიჟორებს, კლარნეტის პარტიას ასრულებს იტალიელი კლაუდიო მანსუტი. ორკესტირის პიანისტი კი 3 სექტემბერს დავით ალადაშვილი იქნება.
ციხის ცხოვრებაზე გადაღებული ფილმების უმრავლესობა ბოევიკია, იშვიათად, მაგრამ ამ თემაზე კომედიებსაც იღებენ. ციხესთან ასოცირდება ადამიანურ შიშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი – თავისუფლების დაკარგვის შიში. მოცემულ ფილმებში პატიმრების თვალით შიგნიდანაა დანახული ციხის ცხოვრება. ყველა თანხმდება, რომ დანაშაულისთვის სასჯელის მოხდა ლოგიკურია, მაგრამ ციხის თემაზე გადაღებულ ფილმებში ნაჩვენები გარემოებები მოვლენებს სულ სხვა მხრიდან წარმოაჩენს და მთავარი გმირების, პატიმრების მიმართ თანაგრძნობით ავსებს მაყურებელს.
მეცამეტე – 13th (2016)
დოკუმენტური ფილმი ამერიკის ციხის ცხოვრებას აღწერს და აჩვენებს მაყურებელს რა როლი აქვს რასობრივ თანასწორობას ერის ცხოვრებაში.
ფილმის სათაური ამერიკის კონსტიტუციის მეცამეტე თავს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მონობა გაუქმებულია, მაგრამ ფილმი აჩვენებს, რომ ეს მხოლოდ ზედაპირული შეთანხმებაა და მონობა ციხეში დანაშაულისთვის სასჯელის ფორმადაც გამოიყენება, რიგ შემთხვევებში.
დოკუმენტური ფილმი აღწერს ციხის ბიზნესის ნამდვილ ისტორიას და უდიდეს მოგებას, რასაც მასობრივად იღებენ პატიმართა მონური შრომის ხარჯზე.
თორმეტწლიანი ღამე – A Twelve Year Night (2018)
ურუგვაი, 1973 წელი. ტუპამაროელი პარტიზანების ნაწილი, ვინც სამხედრო დიქტატურასთან სასტიკ დამარცხებას გადაურჩა, დააპატიმრეს და უმოწყალოდ აწამეს. მათ ციხის კედლებში 12-წლიანი გამოკეტვა ელით.
ფილმში რამდენიმე მთავარ გმირს სამხედრო დიქტატურის წარმომადგენლები იტაცებენ. გამტაცებლებს ეკრძალებათ პატიმრების დახოცვა, მაგრამ არ ეკრძალებათ მათი სიგიჟის ზღვრამდე მიყვანა და წამება.
სამი პატიმარი ცალ-ცალკე, ერთკაციან საკანში იხდის სასჯელს და ასე უნდა გაგრძელდეს 12 წელი.
2018 წლის ეს ფილმი რეჟისორმა ალვარო ბრენჩერამ გადაიღო და ამავე წელს კანის კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა.
შუაღამის თავისუფლება (2018) – Freedom at Midnight (2018)
ინდური თრილერი ჩვეულებრივ ადამიანზე მოგვითხრობს, რომელიც სასტიკ ციხეს აღწევს თავს და გაქცევის ურთულეს გეგმას ადგენს საყვარელი ქალის გადასარჩენად. ეს თითქოს კარგად ნაცნობი სიუჟეტი, მსახიობების ოსტატობით, გაქცევის სულ სხვანაირი ისტორიაა. ფილმი გამორჩეულია იმითაც, რომ ციხის ეპიზოდები ინდოეთში, ტირუვანანტაპურამის ციხეშია გადაღებული და ყველა სცენა რეალისტურია.
სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი – The Stanford Prison Experiment (2015)
ჰოლივუდური ფილმი ციხის საშინელ ექსპერიმენტზეა. 1971 წელს სტენფორდელი პროფესორი ფილიპ ზიმბარდო 20 სტუდენტს ექსპერიმენტში მონაწილეობას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც მათ ციხის ზედამხედველებისა და პატიმრების როლები უნდა მოირგონ. იმიტირებული ციხე სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფშია მოწყობილი. ფილმი აჩვენებს რა ემართებათ ადამიანებს, როცა საკუთარ სოციალურ როლში ბოლომდე შედიან და სისტემურ მოწყობას პროტესტის გარეშე ემორჩილებიან. ფილმის სიუჟეტი პროფესორ ზიმბარდოს რეალური ექსპერიმენტის ფაქტებზეა აგებული.
შემდეგი სამი დღე – The Next Three Days (2010)
ფრანგული ფილმის ამ რიმეიქში მთავარ როლებს რასელ ქროუ, ელიზაბეტ ბენქსი და ლიამ ნისონი ასრულებენ. ბენქსის გმირი ქალი ირწმუნება, რომ ის შეცდომით დაადანაშაულეს საკუთარი ბოსის მკვლელობაში, რისთვისაც სამუდამო პატიმრობას უსჯიან.
ქალი მკვლელობის ადგილის დატოვებისას ნახეს და მისი თითის ანაბეჭდები იარაღზეც აღმოჩნდა. პატიმრის მეუღლე, ჯონი, რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობს ცოლის ციხიდან დახსნას. საბოლოოდ ჯონი ლარას ციხიდან გატაცების გეგმას შეიმუშავებს. რასელ ქროუს პერსონაჟი ციხიდან გაქცევის ოსტატი აღმოჩნდება.
გაქცევა შოუშენკიდან – Shawshank Redemption (1994)
მე-20 საუკუნის 40-იანი წლები წარმატებული ბანკირი ენდი დუფრეინი ახალ ცხოვრებას იწყებს შოუშენკის ციხეში. ის ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობისათვის იხდის სასჯელს. თუმცა, ფილმის ფინალში გამოჩნდება, რომ მკვლელი სრულიად სხვა ადამიანია. თავის ცოდნას ყოფილი ბანკირი ციხის ამორალური ზედამხედველისთვის ბუღალტრად მუშაობაში იყენებს. მთავარ გმირს პატიოსნების და გათავისუფლების მუდმივი იმედის გამო ციხეში ხანგრძლივი ყოფნის მანძილზე სხვა პატიმრები უმეგობრდებიან, მათ შორის ხანდაზმული პატიმარი, სახელად რედი. ფილმში მთავარ როლებს ტიმ რობინსი და მორგან ფრიმანი ასრულებენ.
მიყვარხარ ფილიპ მორის – I Love You Phillip Morris (2009)
რეალურ ამბებზე დაფუძნებული კომედიური ფილმი გლენ ფიკარისა და ჯონ რეკვის სარეჟისორო დებიუტია.
პოლიციელი სტივ რასელი თაღლითობისთვის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, სადაც ის ქარიზმატულ ფილიპ მორისს ხვდება. რასელი მთელ ცხოვრებას მორისს უძღვნის იმ შედეგების მიუხედავად, რაც ამ ყველაფერს მოჰყვება.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
„დარღვევა გამოვლინდა ყველგან, სადაც ბავშვი მოხვდა,“ – ამბობს ზაალ კაპანაძე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. მას 16 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე ვკითხეთ. სააგენტოს უფროსი აქცენტს აკეთებს სამედიცინო დაწესებულებების ჯარიმებზე, ასევე ექიმების პასუხისმგებლობაზე. სააგენტოს უფროსი არ თვლის, რომ პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვინც მთლიანად სისტემაზეა პასუხისმგებელი, ვინც ლიცენზია გასცა და ასევე რეანომობილი არ გადასცა ამბროლაურს, სადაც დასასვენებლად ასული 16 წლის ლუკა ფოფხაძე 20 ივლისის ღამით ცუდად გახდა.
კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ლუკა ფოფხაძე თავდაპირველად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამროლაურის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით, მოზარდი თბილისში წაიყვანეს ლენტეხიდან ჩამოსული რეანომობილით, თუმცა ლუკა გზაში ცუდად გახდა. ის ტყიბულში მდებარე „ევექსის“ კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი ქუთაისში გადაიყვანეს – ინტერვენციული მედიცინის ცენტრში. ლუკა ფოფხაძე დღეს, 2 სექტემბერს გარდაიცვალა.
„ყველა ეტაპზე გამოვლინდა დარღვევა. სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ჩვენ შევადგინეთ სამართალდარღვევის ოქმები, რასაც სასამართლო განიხილავს. კლინიკები, სავარაუდოდ, 10 ათას ლარამდე დაჯარიმდებიან…. გამოიკვეთა ორი ექიმის მხრიდან უკანონო საექიმო საქმიანობის შემთხვევაც. ისინი ატარებდნენ იმ სამედიცინო მანიპულაციებს, რისი უფლებამოსილებაც არ ჰქონდათ. ისინი არ ატარებდნენ შესაბამის ზომებს, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი პროტოკოლებით. მათ საკითხს უახლოეს პერიოდში პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს,“ – გვითხრა ზაალ კაპანაძემ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.
ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ რეანომობილი ამბროლაურში არ იყო, ლენტეხიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩამოსულს კი ტექნიკური ხარვეზები ჰქონდა, რაც თავად სააგენტომ დაადასტურა?
„სააგენტო მსგავსი ტიპის გამოძიებას არ ატარებს, რომ ეს დაადგინოს, სააგენტო საგამოძიებო ფუნქციით არაა აღჭურვილი… სამინისტრომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევები არ მოხდეს. სამინისტრო და სააგენტო მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს, გაამკაცრებს აუცილებლად სანებართვო, სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და მაქსიმალურად ეცდება, რომ შეამოწმოს ყველა კლინიკა,“ – უთხრა ზაალ კაპანაძემ „ბათუმელებს“.
რატომ ჰქონდა რეანომობილს ტექნიკური პრობლემა, თუკი მას ლიცენზიას ფლობდა?
სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსმა გვიპასუხა, რომ საქმე საკანონმდებლო ხარვეზთან გვაქვს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა კონკრეტულ მანქანაზე გაიცეს ლიცენზია, შემდეგ კი ამ ლიცენზიით სხვა რეანომობილებმაც ისარგებლონ.
„ეს საკითხი მუშავდება. სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ აღმოიფხვრას ხარვეზი…“ – დასძინა ზაალ კაპანაძემ.
რატომ არ გრძნობს პასუხისმგებლობას ხელისუფლება? – ესეც ვკითხეთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს.
„საქართველოში არის 2800 სამედიცინო დაწესებულება. გადამოწმება ხდება პერმანენტულად სალიცენზიო-სანებართვო პირობებზე, თუმცა მთლიანად ამის მოცვა, არ ვიცი. სამედიცინო დაწესებულებებიც სცოდავენ… ის მწუხარებას გამოხატავს… ეს იყო გადაცდომა სერვისის მიწოდების პროცესში და ყველა ამ პირის მიმართ გატარდება მკაცრი ღონისძიება,“ – გვითხრა ზაალ კაპანაძემ.
პეტიციის შედეგად ამბროლაურს რეანომობილი გადასცეს. პეტიციის შეგროვება საზოგადოებამ 26 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, როცა 16 წლის მოზარდი გაუმართავი რეანომობილის გამო კომაში ჩავარდა. მოზარდი ქუთაისის კლინიკაში დღეს, 2 სექტემბერს, გარდაიცვალა.
„პეტიციას ჰქონდა შედეგი – ახალი რეანომიბილი გადასცეს ჩვენს მუნიციპალიტეტს. აქამდე მხოლოდ ლენტეხში იყო რეანომობილი,“ – გვითხრა ლამარა ბოჭორიშვილმა, პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა. იგი ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში მუშაობს.
16 წლის მოზარდი, რომელიც გარდაიცვალა, შეუძლოდ 22 ივლისს რაჭის ერთ-ერთ სოფელში გახდა, სადაც იგი დასასვენებლად იმყოფებოდა. კლინიკაში გადმოყვანის დროს არსებობდა რეანომობილის პრობლემა – მანქანა მის გადასაყვანად ლენტეხიდან წამოვიდა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა. გზაში დამატებითი პრობლემა შეიქმნა რეანომობილის გაუმართაობის გამო. ბიჭის მდგომარეობა გზაში დამძიმდა.
ინფორმაცია რეანომობილის გაუმართაობაზე დაადასტურა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომაც. უწყებამ 25 ივლისს შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „პირველადი მოკვლევით გამოვლინდა, რომ კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს“.
რა გაირკვა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ამ ფაქტის მოკვლევის შედეგად? – უწყებაში განმარტებას დაგვპირდნენ და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი, რომელიც 22 ივლისიდან ქუთაისის კლინიკაში იყო მოთავსებული და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
მოზარდი შეუძლოდ რაჭის ერთ-ერთ სოფელში გახდა, სადაც ის დასასვენებლად იმყოფებოდა. კლინიკაში გადმოყვანის დროს არსებობდა რეანომობილის პრობლემა – ვინაიდან რაჭაში რეანომობილები არ არის, მანქანა მის გადასაყვანად ლენტეხიდან წამოვიდა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა. გზაში დამატებითი პრობლემა შეიქმნა რეანომობილის გაუმართაობის გამო. ბიჭის მდგომარეობა გზაში დამძიმდა.
ინფორმაცია რეანომობილის გაუმართაობაზე დაადასტურა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომაც. უწყებამ 25 ივლისს შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „პირველადი მოკვლევით გამოვლინდა, რომ კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს“.
ამ ფაქტის შემდეგ, 26 ივლისს, გავრცელდა პეტიცია რაჭაში რეანომობილის მოთხოვნით. პეტიციის ტექსტში წერია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს, კერძოდ, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს არ ჰყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც პრობლემა ექმნება ადამიანის სიცოცხლეს.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF-ი 2019 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება. 2006 წელს დაარსებული კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ბათუმის მერია.
საკონკურსო სექციაში შედის მხატვრული, დოკუმენტური და მოკლმეტრაჟიანი ფილმები. კინოფესტივალ BIAFF 2019-ის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა უკვე ცნობილია.
საერთაშორისომხატვრულიფილმებისჟიური
ალექსანდრე მინდაძე, რუსეთი – ჟიურის თავჯდომარე
ტატიანა დეტლოფსონი, აშშ
მარტინ ბლეინი, დიდი ბრიტანეთი
კარმენ გრეი, დიდი ბრიტანეთი
რუსუდან გლურჯიძე, საქართველო
საერთაშორისოდოკუმენტურიფილმებისჟიური
ქშიშტოფ გიერატი, პოლონეთი – ჟიურის თავჯდომარე
გასიდე გოლმაკანი, ირანი
კარენ ავეტისიანი, სომხეთი
ოლეს იანჩუკი, უკრაინა
ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი, საქართველო
მოკლემეტრაჟიანიფილმებისჟიური
ოთარ შამათავა, საქართველო – ჟიურის თავჯდომარე
პოლ თილჯეს, ლუქსემბურგი
დევიდ ლორენცი, გერმანია
ქართულიფილმისკრიტიკოსთაჟიური
ლელა ოჩიაური – ჟიურის თავჯდომარე
ნინო მხეიძე
სალომე კიკალეიშვილი
კინოფესტივალ BIAFF-ისჩვენებებიგაიმართება:
[checklist]
კინოთეატრ „აპოლოში“
სასტუმრო “Wyndham”-ის საკონფერენციო დარბაზში
ღია ცის ქვეშ, ერას მოედანზე
[/checklist]
კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასასწრებად საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფოცენტრში.
საფესტივალო ფილმების სრული სია და ჩვენებების განრიგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე საქართველომ ოთხი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა და მეხუთეს მოლოდინშია.
2012 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გახდა, რომელიც ამ პოსტს 2013 წლის 17 ნოემბრამდე იკავებდა. ივანიშვილი ქვეყანას პრემიერის რანგში 13 თვის განმავლობაში მართავდა.
2013 წლის ნოემბერში, მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელები ერთხმად სთხოვდნენ არ წასულიყო, ივანიშვილი თანამდებობიდანაც გადადგა და პოლიტიკიდანაც წავიდა. პრემიერის პოსტზე მან ირაკლი ღარიბაშვილი დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობამდე წლების მანძილზე ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ფონდ „ქართუში“ მუშაობდა.
ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრად ორი წელი და ერთი თვე იმუშავა. 2015 წლის 24 დეკემბერს ის თანამდებობიდან მოულოდნელად გაუშვეს. ოფიციალურად ღარიბაშვილმა თქვა, რომ გადადგომა მისი თავისუფალი არჩევანი იყო. მაშინ იმდენად დაუგეგმავი იყო ეს ცვლილებები, რომ საახალწლო მისალოცი ბარათები ადრესატებს ღარიბაშვილის, როგორც პრემიერის ხელმოწერით მისი გადადგომის შემდეგ მიუვიდათ.
ღარიბაშვილმა გადადგომის შემდეგ დიდი მადლობა გადაუხადა უკვე პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს და თქვა, რომ ის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება.
ქართული მედია დღეს აქტიურად წერს, რომ ღარიბაშვილს „ქართული ოცნება“ შს მინისტრის თანამდებობაზე აბრუნებს.
2015 წლის 30 დეკემბერს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდა. ის ამ პოსტს ყველაზე ხანგრძლივად, ანუ 2018 წლის 13 ივნისამდე იკავებდა. 2 წლისა და 7 თვის შემდეგ – 2018 წლის ივნისში კვირიკაშვილიც გადადგა. გადადგომის შემდეგ კვირიკაშვილი დუმილს ინარჩუნებდა და გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობდა. მხოლოდ გადადგომიდან ხუთი თვის შემდეგ გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც თქვა: „მთელი ეს პერიოდი სიჩუმე ვარჩიე და არც ახლა ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას; და არა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემს სათქმელში ბევრია საამაყოც და, რა თქმა უნდა, სასინანულოც. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა”.
სანამ კვირიკაშვილი პრემიერი გახდებოდა, ის ღარიბაშვილის მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა, მანამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. ეკონომიკის მინისტრობამდე კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკ “ქართუს” ხელმძღვანელობდა.
კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მედია წერდა, რომ ივანიშვილმა პრემიერს თიბისის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესთან მეგობრობა ვერ აპატია. მამუკა ხაზარაძე დღეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული. მას აღკვეთი ღონისძიებს სახით 700 ათასი ლარი გირაო შეუფარდეს. პრობლემები შეექმნა თიბისი ჯგუფის საუკუნოვან პროექტს – ანაკლიის პორტის მშენებლობასაც.
2018 წლის ივნისში კვირიკაშვილი პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძემ შეცვალა. ეს უკანასკნელი საქართველოს მთავრობას წელიწადი და ორი თვე მართავდა. მამუკა ბახტაძე “ქართული ოცნების” მეორე პრემიერია, რომელმაც ვერ მოასწრო პარლამენტისთვის წლიური ანგარიშის წარდგენა. მას პარლამეტში გამოსვლა 27 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ 20 ივნისის მოვლენების გამო ეს გამოსვლა გადაიდო.