მთავარი,სიახლეები

დუმბაძის ქუჩაზე რვასართულიანი სახლის აშენებას არჩილ ხაბაძის მეგობრის კომპანია გეგმავს

25.02.2017 • 3745
დუმბაძის ქუჩაზე რვასართულიანი სახლის აშენებას არჩილ ხაბაძის მეგობრის კომპანია გეგმავს

ბათუმში, ევროპის მოედნის გვერდით, დუმბაძის#12-24 -ა-ში, კაფე “ვინილის” ერთსართულიანი შენობის ადგილას რვასართულიანი სახლის მშენებლობას შპს “ახალი ერა” გეგმავს.

დუმბაძის #12-24 -ა-ს გვერდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყოფილი პირველი აფთიაქის სამსართულიანი შენობა მდებარეობს, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აგებული, ანუ ეს ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავ ზონაშია, სადაც კანონითაა განსაზღვრული, რა შეიძლება განთავსდეს და რა – არა.

კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ვკითხულობთ, რომ დამცავი ზონის დადგენის ერთ-ერთი მიზანია ისტორიულად ჩამოყალიბებული ხედებისა და პანორამების, ასევე იმ კულტურული კონტექსტის შენარჩუნება, რომელიც ხელს შეუწყობს ძეგლისა და მისი გარემოს დაცვას და ძეგლის, როგორც ისტორიის მოწმის, როლის შენარჩუნებას.

იმის მიუხედავად, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონას და ქალაქის ისტორიულ განაშენიანებას კანონი იცავს, ამ ადგილზე რვასართულიანი სახლის მშენებლობა დასაშვებად ჩათვალა აჭარის წინა მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, რომელმაც კომპანია “ახალ ერას” შუამდგომლობა გაუწია ბათუმის მერიასთან. არჩილ ხაბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია “ქართული ოცნებიდან”.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ პროექტი ე.წ. “ბარაკული პროგრამის” ფარგლებში იყო განხილული. ეს პროექტი ბათუმში ამორტიზებული, ბარაკული ტიპის სახლების ნაცვლად ახალი სახლების აშენებას ითვალისწინებდა დეველოპერების ხელშეწყობის სანაცვლოდ. 

აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ დეველოპერების ხელშეწყობა საჭიროდ ჩათვალეს დუმბაძის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში, სადაც 1 კვ მეტრი ფართობის ფასი ყველაზე მაღალია. კომპანია “ახალი ერას” ერთ-ერთი მეწილე, რომელსაც არჩილ ხაბაძემ მერიასთან გაუწია შუამდგომლობა დუმბაძის ქუჩაზე რვასართულიანი სახლის ასაშენებლად, ბიზნესმენი ლევან ხიმშიაშვილია, არჩილ ხაბაძის მეგობარი.

არჩილ ხაბაძესთან რომ დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს, ეს ლევან ხიმშიაშვილმა “ბათუმელებთანაც” დაადასტურა 2014 წელს, როცა ლევან ხიმშიაშვილის კიდევ ერთმა კომპანიამ, “მეგა პალასმა”, ნორმატიულ ფასზე 30 პროცენტით იაფად იყიდა მიწის ნაკვეთი გორგილაძის ქუჩაზე.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, “ახალ ერას”, რომელიც დუმბაძის ქუჩაზე გეგმავს მშენებლობას, ამჟამად სამი მეწილე ჰყავს, რუსეთის მოქალაქე თამაზ ბექაია და საქართველოს მოქალაქეები  ლევან ხიმშიაშვილი და ჯუმბერ ზოიძე, რომელიც, ასევე, კომპანია “მეგა პალასის” 50-პროცენტიანი მეწილეა.

რვასართულიანი სახლის პროექტი შეთანხმებულია, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის – ამბობს ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე:

“მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ ეტაპად, პირველი ეტაპი გავლილი აქვს. ნებართვის გაცემის სტადია არ არის დასრულებული. რადგან ეს არის ე.წ. “ბარაკული პროგრამით”, ამას სჭირდებოდა სამმხრივი მემორანდუმი ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და დამკვეთს შორის, სამივე მხარე იღებდა ვალდებულებას, რომ თუ, ვთქვათ, დეველოპერი ვერ შეასრულებდა ვალდებულებას, ამ ვალდებულებას აიღებდა თავზე ან ბანკი, ან აჭარის ფინანსთა სამინისტრო. მემორანდუმი არ ჰქონდათ, შესაბამისად, ნებართვა არ არის გაცემული.”

ამჟამად “ახალი ერა” დუმბაძის ქუჩაზე რვასართულიანი სახლის პროექტში ცვლილებების შეტანას ითხოვს. პროექტის ავტორებს ფასადის გადახალისება სურთ მოდერნის სტილში და კოლონების გადაადგილება. საკითხი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულმა ზონალურმა საბჭომ უნდა განიხილოს.

ამ საბჭომ, სხვა შემადგენლობით, ერთხელ უკვე დაუჭირა მხარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში რვასართულიანი სახლის მშენებლობას.  2015 წლის ოქტომბერში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ, რომელსაც ესწრებოდნენ: სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი, აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი  კახა შაშიკაძე, სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და შემდგომში დირექტორის მოადგილე ბიძინა აფხაზავა, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზაალ მამუჭაძე, ქალაქის არქიტეტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე და აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვლადიმერ მგალობლიშვილი, ერთხმად დაამტკიცა პროექტი.

ბოლო თვეებში საბჭოს რამდენიმე წევრი შეიცვალა. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე, რომელიც ახლაც საბჭოს წევრია, ამბობს, რომ შეიცვალა ამ საკითხის განხილვის კონტექსტიც:

“თავის დროზე შუამდგომლობა პროექტს გაეწია აჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარის მიერ ბარაკულ პროგრამაში მონაწილეობის გამო. იმ პერიოდში ასე გადაწყდა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რაც ბარათაშვილის #24-ს უკავშირდება, აჟიოტაჟი და უკმაყოფილება საზოგადოების მხრიდან – უკვე სულ სხვა სურათს და რეალობას ხატავს. პროექტის ძველი ვარიანტი შეთანხმებულია და ახალი ვარიანტი, რაც არის წარმოდგენილი, სივრცითი ფორმითაც იგივეა, მაგრამ ამ რეალობიდან გამომდინარე, განხილვა თავიდან იქნება და წინასწარ ვინ რა პოზიციას დაიჭერს, ამის თქმა რთულია.”

ირაკლი ახალაძე თავს იკავებს პასუხისგან კითხვაზე – დაუჭერს თუ არა მხარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში რვასართულიანი სახლის პროექტს.

რვასართულიანი სახლის პროექტი

რვასართულიანი სახლის პროექტი

დუმბაძის ქუჩა ისტორიული ბათუმის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა და დღევანდელ ბათუმში გამონაკლისია, იმ თვალსაზრისით, რომ ქუჩას თითქმის შენარჩუნებული აქვს ისტორიული განაშენიანების მასშტაბი, სახლების უმრავლესობა აქ დაბალსართულიანია. ამ პატარა ქუჩაზე ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის გარდა მდებარეობს კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შენობა, რომელშიც ძველ ბათუმში ბელგიის საკონსულო იყო განთავსებული.

ბელგიის ყოფილი საკონსულოს შენობა დუმბაძის ქუჩაზე

ბელგიის ყოფილი საკონსულოს შენობა დუმბაძის ქუჩაზე

დუმბაძის ქუჩა რომ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ბათუმში, ამას ბათუმის მერიის არჩევანიც მოწმობს, რომელიც, ბოლო წლებია, რამდენიმე ქუჩასთან ერთად, დუმბაძის ქუჩაზეც გეგმავს ქალაქის მთავარ სახალხო დღესასწაულს – “ბათუმობას”. ქალაქის დღესასწაულზე დუმბაძის ქუჩას სადღესასწაულოდ რთავენ და “ბათუმობისას” ყველაზე მეტ ფოტოს ბათუმელები და ქალაქში ჩამოსული ტურისტები, სწორედ ამ ქუჩაზე იღებენ.

"ბათუმობა". საღამო დუმბაძის ქუჩაზე. დათო ტრაპაიძის ფოტო

“ბათუმობა”, საღამო დუმბაძის ქუჩაზე. დათო ტრაპაიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: