მთავარი,სიახლეები

ბიჭები მინდობით აღზრდიდან

16.07.2018 • 3550
ბიჭები მინდობით აღზრდიდან

ცოტნე მალე 18 წლის გახდება. ეს მისთვის ორმაგად ემოციური დაბადების დღეა – ხდება სრულწლოვანი და მიდის იმ სახლიდან, სადაც 4 წელი ცხოვრობდა მინდობით. ძალიან უნდა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს, მაგრამ მას კიდევ 7 და-ძმა ჰყავს და მათთან დაშორებაზე ფიქრი არ ასვენებს.

ცოტნეს მსგავსად შემოდგომაზე სხვა ბიჭებს და გოგოებსაც უსრულდებათ 18 წელი – ისინიც მინდობით აღზრდაში არიან. სად მიდიან მოზარდები მინდობით აღზრდიდან, როცა 18 წელი უსრულდებათ? – ბევრ მათგანს  წასასვლელი არსად აქვს.

ცოტნე და მისი შვიდი და-ძმა მინდობით ოჯახში

ცოტნე 18 წლის 10 ნოემბერს გახდება. და-ძმებთან ერთად ბათუმთან ახლოს ცხოვრობს მინდობით აღმზრდელის ოჯახში. მათი საცხოვრებელი სახლიდან ულამაზესი ხედი იშლება – ზღვა და სანაპიროზე მომდგარი ფერადი გემები. ცოტნეს უმცროსი ძმა ამბობს, რომ როცა გაიზრდება, მეზღვაური გამოვა. რვა და-ძმა ამ დასახლებაში, მინდობით აღზრდაში მას შემდეგ გაიყვანა სახელმწიფომ, რაც ბავშვებს მშობლები დაეღუპათ – ეს ამბავი ოთხი წლის წინ მოხდა. ცოტნე მაშინ 14 წლის იყო, ყველაზე  უმცროსი კი – ჩვილი.

ცოტნეს წარსულმა გავლენა იქონია მის მომავალზე. ცოტას ლაპარაკობს, „რთული ხასიათი მაქვსო“ – ამბობს. როცა ეკითხები, თუ რას გულისხმობს, აზუსტებს – „ჩვენი ამბის შემდეგ გავხდი ფეთქებადი. ადვილად ვბრაზდები. ახლა, როცა სიბრაზე წამომივლის, ვარჯიშს ვიწყებ,  ნერვები რომ ვაკონტროლო… ჩემი ხასიათიდან გამომდინარე უმეტესად მამიდასთან ვარ“.

ცოტნე მამიდას იმ ქალს ეძახის, ვისთანაც მინდობით იმყოფება. ოჯახში სხვა ქალებიც ცხოვრობენ, მაგრამ მამიდასთან უფრო მშვიდად გრძნობს თავს.

მეგობრები გყავს, ვისთანაც საინტერესო თემებზე ლაპარაკობ? – ცოტნე ამ კითხვას ფიქრის შემდეგ პასუხობს:

„საუბარი ძალიან არ მიყვარს. არ ვარ გახსნილი ბიჭებთან. ორი ძმაკაცი მყავს. ერთთან ვარ უფრო გახსნილი. ისიც ჩემსავით „მოყვანილი ბიჭია“, ოღონდ მას მშობლები ჰყავს. მას უკვე შეუსრულდა 18 წელი და მგონი მიდის საქართველოდან“.

ურთიერთობას მეგობართან ასე აღწერს: „ზოგადად, როცა ვბრაზდები, ვიკეტები. ერთხელ ასე რომ დამინახა, მოვიდა და ვისაუბრეთ. ახლაც რომ მეწყება ეს, მესაუბრება, მხარში მიდგას. სხვას არ დაველაპარაკებოდი. მშობლებზე იყო საუბარი და არ დაველაპარაკებოდი. მან ჩემს შესახებ იცის ყველაფერი, მე თვითონ ვუთხარი, რაც მაქვს გადატანილი და გამოვლილი. მან იცის, როგორ უნდა მომექცეს. მეორე ძმაკაცთან ცოტა ხნის წინ დავიწყე ურთიერთობა. ისიც აქ ცხოვრობს, ჩემთან ერთად დადის ფეხბურთზე“.

ამბობს, რომ როცა ბრაზდება, ჩუმდება და „ეს ხელს უშლის ცხოვრებაში“. სწორედ ასეთ დროს ეხმარებოდა მეგობარი, რომელიც უკვე შორს არის. ამბობს, რომ არ იცის რას იზამს მის გარეშე.

ცოტნეს უმცროს ძმებზე ვეკითხები. „ჩხუბით არ ვჩხუბობ, მაგრამ შეიძლება ვერც შემამჩნიონ,  გული რომ მატკინეს… მე ვარ ასეთი, ისინი მხიარულები არიანო“, – ამბობს და აგრძელებს – „ჩემი აზრით, მე იმიტომ ვარ ასეთი, რომ უფროსი ვარ. ამათზე უფრო ბევრს ვდარდობ და ვფიქრობ. ჩემს თავზე თითქმის არა. აი, სულ იმაზე ვფიქრობ, რას ვიზამ, როცა გავხდები სრულიად ჩემს თავზე პასუხისმგებელი, როგორ მოვიქცევი… ჩემთვის ბედნიერება იქნება მაშინ, როცა ჩემი დები და ძმები ყველა ერთად ვიქნებით, ანუ როცა ყველა ჩემთან ერთად იქნება. როცა აქედან გავალ, მექნება უფლება ისინიც წავიყვანო ჩემთან ერთად და მეურვეობა ავიღო მათზე, მაგრამ არ ვაპირებ მათ გაყვანას – რომ გავიყვანო, სწავლას შეეშვებიან, განსაკუთრებით – ორი. ამიტომ აქ იქნებიან ჯერ“.

საუბარში მსახიობობაზე მეოცნებე ძმა ერთვება. „იმიტაციებს ვაკეთებ კარგად. ჩემს ძმასაც დავცინი. როცა ვაშავებ, მაშინ უფრო ბრაზდება, ვიდრე მაშინ, როცა დავცინიო“, – ამბობს მხიარულად.

„ცოტას მაბრაზებენ, მაგრამ, ძირითადად, მიჯერებენ“, – ასე პასუხობს ძმის რეპლიკას ცოტნე.

მინდობით აღმზრდელი მამიდაც იქვეა და ისმენს ბიჭების ლაპარაკს, მერე მესამეს ახასიათებს: „ცეკვის ნიჭი აქვს და მასაჟს აკეთებს კარგად, მასაჟისტი უნდა გახდესო“.

რა გჭირდება ყველაზე მეტად, როცა 18 წლის ხდები? – ვეკითხები ცოტნეს.

„ჩემი და-ძმებისთვის ყველაზე დიდი საჭიროება არის სახლი. მე მარტო ვერაფერს შევძლებ, თანადგომა მჭირდება. სახლი, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, გამიფორმეს, ფოტოები გადაიღეს და თქვეს, რომ გავაკეთებთ ბავშვის გამოსვლამდეო. ოთხი ოთახია, მაგრამ შიგ არ იცხოვრება, სახლს საყრდენი აქვს დაშლილი. შესაძლოა ჩამოინგრეს. თქვეს, რომ დაინგრევაო“ – ამბობს ცოტნე.

ადრე, როცა მშობლები ცოცხლები იყვნენ, ეს ოთხი ოთახიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა. სწორედ ეს ქონება გადასცა და-ძმებს სახელმწიფომ.

ცოტნე ფიქრობს, რომ სახლის მოწესრიგებაში თავადაც მიიღებს მონაწილეობას. პროფესიული კოლეჯში ისწავლა 9 თვე და კარგად დაამთავრა. „ფილების მოპირკეთება, აბანოების მოწყობა ვისწავლე, სამშენებლო ობიექტებზე შემიძლია მუშაობაო“ – ყვება.

სამი თვის წინ ცოტნეს ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა. „ჩემი ოჯახიდან გამომდინარე ყველაფრის, ჩემი საყვარელი ფეხბურთის მიმართაც დაკარგული მქონდა ინტერესი. სამი თვის წინ ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბში დავიწყე ვარჯიში. მიზნები მაქვს, სიტუაცია მიჩვენებს რა გამომივა. ვცდილობ, რაც შემიძლია, მაგრამ ფეხბურთი თუ არ გამომივიდა, მერე ჩემს პროფესიას მოვკიდებ ხელს“.

მანამდე ბევრი რამ იქნება ცოტნეს ცხოვრებაში. ფიქრობს, რომ ჯერ ბებიასთან და დედის ძმებთან გადავა საცხოვრებლად. ამბობს, რომ მიწაზე იცის მუშაობა და ხეზე – ყველაფრის გაკეთება შემიძლიაო.

აღმზრდელი მამიდაც იმედიანადაა: „ცოტნე ნამდვილი ბუნების შვილი, საუკეთესო მონადირე, საუკეთესო მეთევზეა. ცოტნეს მამა ყოფილა კარგი მონადირე, მგლებზე ნადირობდა… შუა ტყეში რომ ჩააგდო გამოსავალს იპოვის. ნებისმიერი მძიმე სიტუაციიდან პოულობს გამოსავალს. დამოუკიდებელია, ხელობა ესმის, ხატავს, კაფელის პროფესიაში საუკეთესო ქულები იმიტომ მიიღო, რომ საუკეთესო ფიგურები შექმნა.

მწყდება გული, რომ მიდის, მაგრამ ჩვენც ხშირად ვინახულებთ და, იმედი მაქვს, თვითონაც გვინახულებს. ვთვლი, რომ საუკეთესო ვაჟკაცი გავზარდეთ. ვერც ერთი მეზობელი ვერ იტყვის, რომ ცუდი ბიჭია, თავდაჭერილია, ზრდილობიანი, მაგრამ მორიდებულია“.

„ამოვალ ყოველთვის და ვნახავ და-ძმებს“, – ასრულებს ცოტნე.

როცა უკან 18 წელი დარჩა, წინ კი მთელი ცხოვრება 

ილიას 18 წელი ზუსტად ერთი თვის წინ შეუსრულდა. ისიც ცოტნეს მსგავსად ბათუმის შემოგარენში ცხოვრობდა მინდობით.

„როდესაც 18 წლის არ ვიყავი, მეგონა, რომ თამაშგარე მდგომარეობაში ვცხოვრობდი. ახლა ხალხის ნაკადს უნდა შევუერთდე. ვფიქრობ, ახლა ჩემი დროა და ცხოვრება უნდა გავაგრძელო. ახლა შემიძლია თვითონ გადავწყვიტო ჩემი მომავალი, კარიერა…“, – ასე უყურებს ილია თავის ცხოვრებას და იმას, რომ მასზე სახელმწიფო მეტად აღარ იზრუნებს.

ის მინდობითი აღზრდიდან დედასთან წავიდა.

ილიას დედა აქამდე არ ცხოვრობდა საქართველოში. „იცოდა, რომ მინდობა მიმთავრდებოდა და მაგიტომ ჩამოვიდაო“, – მეუბნება. დედასთან ერთად ბინას ქირაობს. არც ილია მუშაობს და არც დედა. ილია ამბობს, რომ დოკუმენტებს აწესრიგებს და იტალიაში უნდა გაემგზავროს, იქ და ჰყავს.

ილიას გეგმებში სწავლის გაგრძელება შედის, ოღონდ იტალიაში. უნდა, რომ თეატრალურზე ისწავლოს. „დედიკო იმუშავებს, მეც ვიმუშავებ მიმტანადო“.

ამ მიზნის მიღწევამდე ილიას ბარიერების დაძლევა მოუწევს – საატესტატო გამოცდებზე ფიზიკა დარჩა ჩასაბარებელი.

„საშუალოდ ვსწავლობდი თავიდან. მე-12 კლასში მივხვდი, რომ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. ბევრს ვერთობოდი, მაგრამ თავისუფალ დროს წიგნებსაც ვკითხულობდი. აგათა კრისტი, შერლოკ ჰოლმსი… ვფიქრობ, აუცილებლად მექნება ჩემი წიგნიც დასაწერი“, – ამბობს ილია.

წიგნი არა, მაგრამ აქამდე ერთ სასკოლო ფილმში გადაიღეს. ფილმმა საქართველოს პროკურატურის პროექტში გაიმარჯვა – თემა ბულინგი იყო. „აჭარაში პირველ ადგილი ავიღეთ. ჩვენს სკოლაში ბულინგზე არ გამიგია, მაგრამ მე ეს ყველაფერი წარმოვიდგინე და ისე დავწერე. მჩაგვრელის და ჩაგრულის ისტორიას როცა წერ, უნდა წარმოიდგინო შენ როგორი იქნები მჩაგვრელის ან ჩაგრულის როლში. მე მჩაგვრელი ვიყავი ამ როლში“, – ამბობს ილია. ფილმი სკოლის მოსწავლეებმა გადაიღეს და ერთად დაამონტაჟეს.

ძალადობაზე საუბრის დროს ილია ფიქრდება და ამბობს, რომ „ეს შეიძლება ოჯახიდან მოდიოდეს, ზოგს კი სიამოვნებს – შეიძლება ჩაცმის გამოც კი დაჩაგროს“.

ილია თვალებანთებული ყვება, რომ გამარჯვებით წახალისებულმა კიდევ ერთი სცენარი დაწერა – ამბავი ბიჭზე, რომელსაც  მამა იპოვის.

გამარჯვებაზე საუბრის შემდეგ ილიას რამდენიმე წლით უკან ვაბრუნებ – ყვება, რომ 7 წლის იყო, როცა ბათუმში ჩამოვიდა, მერე იყო კახეთი – ცხოვრება ბებიასთან და მამის „ძველ ცოლთან“, იქედან სამტრედიაში წავიდა და დის ოჯახში ცხოვრობდა, მერე ისევ ბათუმში. სულ თავიდან კი თბილისში, ავლაბარში ცხოვრობდა. და-ძმები დიდი ხანია არ უნახავს, მამა კი ზუსტად რვა წელია.

„მინდობაში 15 წლიდან გამიყვანეს. მანამდე დედის მეგობართან ვიყავი და იმან გამომიშვა. ეს გაიგეს მასწავლებლებმა, მაშინ კახაბრის სკოლაში ვსწავლობდი და მინდობით აღზრდაც მაქედან წამოვიდა, სოცმუშაკმა მიმიყვანა ოჯახში“, – იხსენებს ილია თავის იმ დროინდელ ისტორიას, როცა პრაქტიკულად ქუჩაში დარჩა.

რა იქნებოდა მინდობის პროგრამის გარეშე? – ამის წარმოდგენა ილიას უჭირს. ამბობს, რომ ეს პროგრამა პირადად მას ძალიან დაეხმარა:

„მთელი სამი წელი თავს ვგრძნობდი საკუთარ ოჯახში – მეგონა, რომ აქ ვარ დაბადებული. ბედნიერებაა, როცა თავს ასე გრძნობ. სადაც ვცხოვრობდი, იმ ოჯახს თავისი შვილები ჰყავდა – თემო ჩემი ძმაა და იზო ჩემი დაა. თემო 24 წლისაა, იზო 19-ის. მეც მათთვის ძმა ვიყავი. მათთან განშორება გამიჭირდა… მე რომ გამომიშვეს, ჩვენს ოჯახში ახალი ბიჭი მიიყვანეს – დიმიტრი 14 წლისაა. ცოტა ხანი ერთადაც ვიყავით. ეს ოჯახი ისეთია, არ გაუჭირდება. ვერ იგრძნობს, რომ მინდობით არის“.

მინდობის დასრულების შემდეგ სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს? – „სახელმწიფო შეიძლება იმით დაეხმაროს, რომ სამუშაო მისცეს, ან პროფესია შეასწავლოს. მეტი რითი შეიძლება დაეხმაროს, სახლს ვერ უყიდის… ისე, მაგ დროს უფრო უნდა დახმარება ადამიანს. რა ხდება 18 წლის ადამიანისთვის, ვისაც არც დედა ჰყავს და არც მამა. სად უნდა იცხოვრო? ყველაფერი თავიდან იწყება“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი:

მარი წერეთელი

მაშინ, როდესაც დიდი ბავშვთა სახლები გვქონდა, ქვეყანაში 6000 ბავშვი ცხოვრობდა ბავშვთა სახლებში. დღეს ჩვენ, ჯამში, სახელმწიფო ზრუნვაში გვყავს 2 000-მდე ბავშვი, ლიცენზირებული ბავშვთა სახლების ჩათვლით – სამი ბავშვთა სახლია ლიცენზირებული, აქედან ორში არიან შშმ ბავშვები – ესაა კოჯრის ბავშვთა სახლი და ჩვილ ბავშვთა სახლი, სადაც ჯამში 89 ბავშვი ცხოვრობს. ასევე, საპატრიარქოს ფერიის ბავშვთა სახლი, სადაც 108 ბავშვი იყო ბოლოს.

სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს გააძლიეროს ოჯახები და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო არ იყვნენ ბავშვები გამოყვანილი ოჯახებიდან. დღევანდელი მონაცემებით, ბავშვების მეტი წილი მინდობით აზრდაში არის ძალადობის გამო. ასეთი სიტუაციებში ბავშვების ოჯახებიდან განცალკევება ხდება და მაშინ, როცა არიან მიტოვებული ან ობოლი ბავშვები.

ამ კუთხით გაიზარდა როგორც ცნობიერება, ისე მგრძნობელობა. თუ 2010 წელს ძალადობაზე შეტყობინება იყო 49, 2017 წლისთვის – 840-ს მიაღწია. როდესაც ბავშვთა დაცვის რეფერირების დოკუმენტი შეიქმნა [მთავრობის დადგენილება, რომელმაც გააფართოვა ჩართული სუბიექტები], ყველას დაევალა ძალადობის იდენტიფიცირება და ასევე შეტყობინების მექანიზმის შექმნა. ცხადია, შარშან 840-ვე ბავშვი არ გამოგვიყვანია ოჯახიდან და ძალიან მცირეა გამოყვანილი, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ძალადობა გვაქვს, როდესაც საჭიროა მათი გამოყვანა, განცალკევება.

18 წლამდე სოცმომსახურების სააგენტო და ჩვენ ვართ ამ ბავშვების კანონიერი წარმომადგენლები. მათ ჩვენ ვამზადებთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის 14-15 წლიდან. მათი დიდი ნაწილი ბრუნდება საკუთარ ოჯახში.

18+ კი უფრო მასშტაბური თემა: თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლში არის ბავშვი და აგრძელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას, მას 18 წლის შემდეგაც ვტოვებთ საოჯახო ტიპის სახლში. 2017 წლიდან, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვი, რომელიც აგრძელებს სწავლას, ასევე 21 წლამდე რჩება მინდობაში.

ეს არის კომპლექსური თემა, რაზედაც ვმუშაობთ სხვადასხვა უწყებასთან ერთად. ძალიან კარგად არის ჩართული საპატრიარქო, ასევე ისეთი სერვის-მომწოდებელი, როგორიც არის „SOS ბავშვთა სოფელი“, „კარიტასი“… მათ აქვთ 18-ს შემდგომი პროგრამები ბავშვებისთვის. ნაწილი ბავშვებისა, რომლებიც გადიან მინდობით აღზრდიდან, ვცდილობთ მოვამზადოთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, მივცეთ პროფესიული განათლება.

ზოგადად, თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. რაც შეეხება ქობულეთის კონკრეტულ ქეისს, ადგილობრივი თვითმმართველობა კარგად თანამშრომლობს ჩვენთან. ჩვენ მათ მივმართავთ საცხოვრისის [რვა ობოლი ბავშვის სახლის – ავტორი] მოწესრიგებაზე. გარკვეული აქტივობები მათ ექნებათ.

 

 


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის დონორი: ევროკავშირი. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. პროექტის პარტნიორები არიან: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE) . პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational

გადაბეჭდვის წესი


ასევე: