მთავარი,სიახლეები

TV იმედი ტორესა მოსიმ და პაატა შამუგიამ დატოვეს

04.09.2019 • 3182
TV იმედი ტორესა მოსიმ და პაატა შამუგიამ დატოვეს

ტელეკომპანია „იმედიდან“ ორი თანამშრომელი – პაატა შამუგია და ტორესა მოსი წავიდა. ტელევიზიიდან თანამშრომლების წასვლა „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს – „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“  უკავშირდება. ფილმში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებში ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის შედეგად „ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი მოიპოვა“.

„სამი მოთხოვნა მქონდა სულ – წაშლილიყო ვიდეო, არხს მოეხადა ბოდიში და რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ იმ ადამიანისთვის, ვინც ვიდეოს გაშვებაზე პასუხისმგებლობა აიღო. ჩემი აზრით, ყველანაირი გონივრული ვადა გავიდა, არხს გადაწყვეტილება რომ მიეღო ამ სრულიად გაუგონარ შემთხვევაზე. როდესაც კონკრეტული თანამშრომელი იღებს პასუხისმგებლობას ისეთი პროდუქტის გაშვებაზე ეთერში, რომელიც არხზე არ მომზადებულა, არ შეესაბამება არხის სარედაქციო პოლიტიკას, არ შეესაბამება ამ არხის არანაირ სტანდარტს, არანაირ ჟურნალისტურ სტანდარტს, ბუნებრივია, ამას უნდა მოჰყოლოდა ამ ადამიანის მიმართ კონკრეტული შედეგი. ეს არ მოხდა, ბუნებრივია, რომ ამ დროს არხი იხდის ბოდიშს, იმიტომ, რომ ისეთი პროდუქტი მოხვდა ეთერში, რომელიც არ უნდა მოხვედრილიყო. ამის მიუხედავად ეს არ გააკეთეს,” –  ამბობს ტორესა მოსი “ბათუმელებთან”.

ტორესა მოსიმ “იმედი” 2 სექტემბერს დატოვა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკის შემდეგ არხმა ვიდეო წაშალა, არ შესრულდა ორი მნიშვნელოვანი მოთხოვნა – “იმედს” ოფიციალურად არ მოუხდია ბოდიში, ასევე, არანაირი დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაუკისრებიათ ნიკა ლალიაშვილისთვის, რომელმაც ამ ფილმთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

“ვთვლი, რომ გადაიკვეთა ის ძალიან მნიშვნელოვანი წითელი ხაზები ჩემთვის, რომლის მიღმაც შეუძლებელია იმუშაო იმ ორგანიზაციაში, რომელიც პროფესიულ სტანდარტს ასე პასუხობს. რაღაც კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადამედგა. მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. არ ყოფილა არანაირი ზეწოლა. არ დასმულა ასე საკითხი – ან წადი, ან დარჩი. მე თვითონ ჩავთვალე, რომ ჩემთვის შეუძლებელი იყო თანამშრომლობის გაგრძელება,” – ამბობს ტორესა მოსი.

ტელეკომპანია “იმედი” დღეს, 4 სექტემბერს, დატოვა პაატა შამუგიამ. “იმ პრორუსული ვიდეოს ავტორის და ჩემი ერთ ტელევიზიაში ყოფნა არ გამოდიოდა,” –  უთხრა მან “ბათუმელებს”.

11 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმი ეთერში გავიდა, საზოგადოების ნაწილმა „იმედი“ რუსული ნარატივის გავრცელებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თვითონაა.

15 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების ნაწილმა ფეისბუკზე ინდივიდუალურად გამოაქვეყნა ერთი და იმავე შინაარსის ტექსტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამავე ტელეარხის მიერ აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის „ერთ-ერთ მთავარ ხაზს“ ემიჯნებოდნენ.

ნიკა  ლალიაშვილმა კრიტიკის  მიუხედავად არ გაიზიარა „იმედის“ ჟურნალისტების შეხედულება. მას მიაჩნდა, რომ ფილმი სასარგებლო და დროული იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: