შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ხ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1985 წელს დაბადებულ მ.ა.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“ – აცხადებს შსს.
ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ეთერ (მეხფულე) გერძაძე ბათუმთან ახლოს, სალიბაურში ცხოვრობს. 71 წლის ქალი მარტოხელაა. ამბობს, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს და ახლა მხოლოდ პენსიის იმედზეა დარჩენილი. სჭირდება საკვები და ჰიგიენის საშუალებები. სახლში ქურთუკით დაგვხვდა, ცეცხლს მხოლოდ საღამოობით ანთებს, შეშას ზოგავს. ყველაზე მეტად ხელებზე სცივა, ამიტომ ხელებს პატარა გაზის ბალონზე ითბობს, ეს იმ შემთხვევაში, თუ ბალონში შევსებულია.
ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი, რადგან სასადილოები მხოლოდ ქალაქებშია. სალიბაურიდან ბათუმში ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად, დღეში ერთი ლარი სჭირდება. ამბობს, რომ დიდად სიარულიც აღარ შეუძლია, ამიტომ ურჩევნია პური იყიდოს და ჭამოს.
“ლობიო მომიტანეს, მაგრამ ვერ შევჭამე. პური ვიყიდე და იმის ჭამის თავიც არ მქონდა დღეს. მგონი წნევა მქონდა, მაგრამ წნევის აპარატი არ მაქვს, რომც მქონდეს, არავინ მყავს, რომ წნევა გამიზომოს,” – ამბობს ეთერ გერძაძე.
ეთერ გერძაძემ დამშვიდობებისას ეს გვითხრა, „ერთი 50 ლარით რომ დამეხმაროს ვინმეო“.
რედაქციისგან:
თუ ეთერ გერძაძის დახმარებას გადაწყვეტთ, უყვარს ხილი, განსაკუთრებით ვაშლი. ასევე ყველი, ხორცი, საქონლის კონსერვი და ბრინჯი. სჭირდება ჰიგიენური საშუალებები, განსაკუთრებით სველი სალფეთქი. მისი თქმით, დაბანას ვერ ახერხებს და სველი სალფეთქით იწმენდს ტანს.
ეს შვლები დღეს, 7 თებერვალს, მარინა პაქსაძემ გადაიღო ხულოში, ავტომობილიდან. „ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხიდან, სამსახურიდან ვბრუნდებოდი მანქანით და გზაზე შემხვდენ“ – გვითხრა მარინამ. მისივე თქმით, ამ გზაზე შვლები არაერთხელ უნახავს, თუმცა გადაღების შესაძლებლობა აქამდე არ ჰქონია.
პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ იქ, სადაც სახელმწიფო ამ დრომდე მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის აშენების უფლებას არ აძლევს, მუსლიმები აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და სხვა რეგიონებიდან სადისკუსიოდ შეიკრიბნენ. დისკუსია ისე დასრულდა, რომ არავის უხსენებია მეჩეთის უკანონოდ აშენება. მუსლიმებმა რამდენჯერმე ახსენეს, რომ „ეს ამბავი ლამაზად უნდა დასრულდეს“.
მუსლიმი თემის სარჩელს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 18 თებერვალს განიხილავს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბერს უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სასამართლომ სარჩელის კიდევ ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობდა მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას. “ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა,” – აღნიშნა გადაწყვეტილების მიღების დროს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.
„ვთქვათ და სააპელაციომაც უარი გვითხრა, მერე რა ვქნათ?“ – ჰკითხა ერთ-ერთმა მუსლიმმა თამთა მიქელაძეს დისკუსიის დროს. თამთა მიქელაძე „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელია. ეს ორგანიზაცია მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს და დღევანდელი დისკუსიაც „სოლიდარობის პლატფორმის“ ფარგლებში მოაწყო.
„შესაძლოა, ეს პროცესი ისევ გაგრძელდეს. შესაძლოა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ ამას სავარაუდოდ ბათუმის მერია უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. შესაძლოა, სააპელაციომ უკან დაუბრუნოს ბათუმის სასამართლოს ეს სარჩელი ხელახლა განსახილველად… პროგნოზი ჭირს. მე მგონია, რომ გზა, რომელსაც თქვენ ირჩევთ, არის სამართლიანი და სამართლებრივი გზით უფლების მოპოვება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი… პრინციპულად და ფილოსოფიურად მნიშვნელოვანია, როცა სახელმწიფო ინსტიტუციებს აიძულებ და ათქმევინებ, რომ შენ გაქვს უფლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ ნაბიჯებსაც თქვენ დემოკრატიულად მიიღებთ,“ – მიმართა მუსლიმ თემს თამთა მიქელაძემ.
თამთა მიქელაძეს დარბაზიდან უთხრეს, რომ ამ სახელმწიფოში არაფერი იცვლება და არც მუსლიმი თემის ინტერესებზე ზრუნავს ვინმე. მოსაზრებას მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი არ დაეთანხმა და კითხვის ავტორს მიანიშნა, რომ დარბაზში, სადაც დისკუსია იმართებოდა, სუნიტ მუსლიმებთან ერთად შიიტებიც არიან და, მაგალითად, მეჩეთებში სიარული ქალებმაც დაიწყეს.
„გეთანხმებით, რომ პრობლემაა საპატრიარქოს ინტერესები, რომელიც გაძლიერებულია პოლიტიკური კლასების მიერ…. აჭარაში ისლამი რაღაცნაირად უჩინარია. მაღალმთიან აჭარაშიც როცა ავდივართ, არ გრჩება განცდა, რომ აქ მუსლიმები ცხოვრობენ, მთავრობას არაფერი ეტყობა, რომ ის დიდწილად უნდა წარმოადგენდეს მუსლიმების ინტერესებს. ის, რომ ბათუმში ამდენი ხანი მეჩეთს ვერ ვაშენებთ, სწორედ ეს პოლიტიკაა, რომელიც უფრო სამართლიან გარემოს არ ქმნის ყველასთვის,“ – აღნიშნა თამთა მიქელაძემ.
„სადაც რწმენა იზღუდება, იქ განვითარებაზე საუბარი ზედმეტია…“ – იყო რეპლიკა დარბაზიდან.
დღევანდელ დისკუსიას „სოლიდარობის პლატფორმის“ აქტივისტებიც ესწრებოდნენ. რამზან გორგიშვილმა პანკისის ხეობიდან თქვა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი ილუსტრაციაა იმის, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს.
„…ეს პოლიტიკა არის რეპრესიული და დისკრიმინაციული ქართველი მუსლიმი თემის მიმართ. ეს პლატფორმა გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო ახლოს გვქონდეს შეხება ერთმანეთთან… პანკისშიც არის ბევრი პრობლემა, როცა ძალის დემონსტრირება ხდება: მაჩალიკაშვილის საქმე, ჰესების მშენებლობა. მე ვფიქრობ, რომ ხშირად რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, ვიდრე ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა. ჩვენ ვთავაზობთ სახელმწიფოს დემოკრატიულად პროცესების წარმართვას, ამის საპასუხოდ კი, ისინი ქმნიან ბარიერებს, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალონ,“ – თქვა რამზან გორგიშვილმა.
აზერაბიჯანული თემიდან ბათუმელ მუსლიმებს აქტივისტმა, ქამრან მამედოვმაც მიმართა. მისი აზრით, ბათუმის ახალი მეჩეთი მხოლოდ სამლოცველო ადგილი აღარ არის.
„…ეს არ არის მხოლოდ თქვენი ბრძოლა. მგონია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებს, რადგან უკავშირდება ადამიანურობას, ჰუმანურობას… ეს მეჩეთი ჩემთვის არაა მარტო სამლოცველო. ეს არის ადგილი ჩაგრული ჯგუფების გაძლიერების ორგანიზებისთვის. ჩვენ თემს არ ჰქონია ორგანიზების ისტორია და ეს საკითხი გახდა საკითხი, რომელმაც გააძლიერა თემი. ამ პროცესის მიმართ ვართ აბსოლუტურად ყველა სოლიდარულები,“ – აღნიშნა ქამრან მამედოვმა.
ქამრან მამედოვი
დისკუსიის ბოლოს სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრა თამთა მიქელაძემაც, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა:
„შესაძლოა, რაღაც ტიპის განსხვავებები არსებობდეს რეგიონებს შორის, მაგრამ ამ სხვაობების მიუხედავად, ჩვენ ამავდროულად ძალიან ღარიბები ვართ, აჭარაში, რაჭაში თუ სხვაგან მსგავსი პრობლემები გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემებზე ვისაუბროთ, საერთო ჩაგვრაზე, სიღარიბეზე, ეკონომიკურ უთანასწორობაზე, კულტურულ განსხვავებებზე… ჩვენ ერთმანეთის მიმართ უფრო სოლიდარულები უნდა გავხდეთ.
სოლიდარობის პლატფორმის პირველი შეხვედრა დაიგეგმა ბათუმში, რადგან ახალი მეჩეთის მშენებლობა არის ყველაზე სახალხო და ხმამაღალი მოძრაობა სამართლიანობის და ღირსების პროცესში,“ – თქვა თამთა მიქელაძემ.
ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთშიდისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში
ხელვაჩაურის მერია მესამე წელია, რაც სოფელ ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობას ვერ იწყებს. ბაღის მშენებლობაზე ტენდერი მერიამ ხელახლა გამოაცხადა – შეცვლილი პირობით და ნაკლებ ფასად. წინა ტენდერის შეწყვეტის მიზეზი კერძო კომპანიის საჩივარი გახდა, რომელიც დავების საბჭომ დააკმაყოფილა.
შეწყვეტილ ტენდერში საწყისი ფასი 2 474 610 ლარი იყო, ერთ-ერთი პრეტენდენტი კი მერიას მშენებლობას 2 111 999 ლარად სთავაზობდა. ხელახალი ტენდერი ამჯერად 2 335 400 ლარითაა გამოცხადებული.
[toggle title=”ტენდერის შეწყვეტაზე დეტალურად ნახეთ აქ”]ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის გამო დავების საბჭოში კომპანია „არგუსმა“ უჩივლა.
კომპანია მიიჩნევდა, რომ კონკრეტული ტიპის მშენებლობის გამოცდილების მითითება, რაც ტენდერის პირობაში იყო ასახული, ზღუდავდა ჯანსაღ კონკურენციას და ახდენდა პრეტენდენტთა დისკრიმინაციას. კომპანიას არ ეთანხმებოდა ხელვაჩაურის მერია, თუმცა ეს უკანასკნელი შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ გაამტყუნა.
გასაჩივრებული პუნქტი: „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით შესრულებული უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების, ან სკოლების, ან ბაგა-ბაღების, ან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ოდენობით; მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების, ან სკოლების, ან ბაგა-ბაღების, ან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით“.
ეს პუნქტი ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში ასეა ჩამოყალიბებული: „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 01 თებერვლის ჩათვლით შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის მშენებლობის სამუშაოების მიწოდება საერთო ღირებულებით არანაკლებ 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით; მათ შორის იმავე პერიოდში განხორციელებული უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო, საოფისე ან/და საცხოვრებელი დანიშნულების მქონე ერთი მინიმუმ ორ-სართულიანი შენობის მშენებლობის სამუშაოები, არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ღირებულებით (გამოცდილებაში არ ჩაითვლება გზების, ხიდების, გვირაბების და სხვა მსგავსი საინჟინრო-ნაგებობების მშენებლობა). ამასთან აღნიშნული შენობა აუცილებლად უნდა იყოს დასრულებულ მდგომარეობაში, რომელზედაც პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დადებითი რეკომენდაცია გაცემული შემსყიდველის მიერ, რომლითაც დადგინდება, რომ პრეტენდენტმა სრულად და ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები; ამასთან გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები“.
გასაჩივრებული იყო ასევე სხვა პუნქტიც: „იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს კერძო პირის/ფირმის მიერ შესრულებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების, ან სკოლების, ან ბაგა-ბაღების, ან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამუშაოებს, აღნიშნულზე ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) მშენებლობის ნებართვის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბ) დასრულებულ მშენებლობაზე (საბოლოო ექსპლუატაციაში მიღებაზე) გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გ) შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული ფორმა N2-ები და აღნიშნულ ფორმა N2-ებში მითითებულ ფასთა ადეკვატურობის დამადასტურებელი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა…“.
ეს პუნქტი ხელახლა გამოცხადებული ტენდერის პირობებიდან საერთოდ ამოღებულია.
ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 22 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება.
პირობის მიხედვით: „სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი ეტაპების გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღია და დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 1-ლი აგვისტოს ჩათვლით“.
—
ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2017 წელს ხარვეზიანი პროექტით და მეწყერსაშიშ ნაკვეთზე დაიწყო, რის გამოც პროექტი ვერ განხორციელდა. ახალი ნაკვეთი იმ ტერიტორიის მომიჯნავედ მდებარეობს, რომელიც მეწყერსაშიშია და სადაც ბაღი უნდა აშენებულიყო.
2017 წელს ხელშეკრულება 770 542 ლარზე იყო გაფორმებული და ბაღის მშენებლობა 2018 წლის ივნისში უნდა დამთავრებულიყო.
აღნიშნული მშენებლობის თაობაზე საუბარია აუდიტის ანგარიშშიც, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთმა კომპანიამ 2018 წელს შეისყიდა საპროექტო დოკუმენტაციის საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ახალშენში ბაღის მშენებლობისთვის მერიის მიერ შეძენილი საპროექტო დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი და მისი გამოყენება მოცემულ მიწის ნაკვეთზე საბავშვო ბაღის ასაშენებლად დაუშვებელი იყო. მუნიციპალიტეტს კი, პროექტის ავტორის მიმართ, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოსთვის დაჯარიმების მექანიზმი არ გამოუყენებია.
3 201 266 ლარია გამოყოფილი ხელვაჩაურის სოფლების: მახოს, სიმონეთის, ევგენიძეების, მაღლაკონის და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის გაზიფიცირებისთვის. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მახოსa და სიმონეთის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2 700 688 ლარითაა გამოცხადებული. წინადადებების მიღება კი 2020 წლის 23 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება.
სამუშაოების შესრულება/მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარულ დღეს.
500 578 ლარითაა გამოცხადებული ტენდერი ხელვაჩაურის სოფლების: ევგენიძეების, მაღლაკონის და ასევე შუახევის სოფელ ხიჭაურის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 28 თებერვალს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება.
ამ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოების შესრულება/მიწოდების ვადა კი 60 კალენდარულ თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
ორივე ტენდერის პირობის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადაში „ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შესახებ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა (დასკვნა უნდა მოიცავდეს როგორც ტექნიკურ, ასევე სახარჯთაღრიცხვო ნაწილს).
—
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია არის სახელმწიფო კომპანია, რომელსაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაევალა ქვეყნის მასშტაბით სოფლების გაზიფიცირება [კვლევა, პროექტირება, მშენებლობა] 2019-2021 წლებში.
ამ გეგმით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ქვეყნის მასშტაბით, უნდა უზრუნველყოს 223 დასახლებულ პუნქტში არსებული 58 894 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. პროექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება 209 მილიონი ლარია.
აჭარის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები და გაზიფიცირების კუთხით შესასრულებელი სამუშაოები ნახეთ ბმულზე:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი და ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გალიფ ოზთურქთან პარტნიორობის ფარგლებში ძალების მოსინჯვას სადაზღვევო სექტორში გეგმავს. შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ ყოფილმა მინისტრმა 2019 წლის 24 დეკემბერს დააფუძნა, ის კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელია. 2020 წლის თებერვალში კი, ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერის ახალდაფუძნებულმა კომპანიამ და სს „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა, გალიფ ოზთურქმა, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისგან მიიღეს თანხმობა „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას“ აქციების შეძენაზე.
კომპანიის შესყიდვის თაობაზე გალიფ ოზთურქი ხაზგასმით განმარტავს, რომ ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერის კომპანიას „მეტრო ჰოლდინგმა“ სესხი გამოუყო და თანამშრომლობაც მისი ინიციატივა იყო. ამავე განცხადებით, დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იქნება.
„კომპანიის განვითარებისთვის დიდი წარმატებაა, რომ ჩვენი მოწვევით სწორედ ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ ბატონი დიმიტრის კომპანიას ჩვენივე ინიციატივით გამოვუყავით ფინანსური რესურსი (სესხი), რათა სწორედ ეს კომპანია გამხდარიყო ჩვენი პარტნიორი. ბატონი დიმიტრი დაგვთანხმდა და დღეს შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. დარწმუნებული ვართ, კომპანია წარმატებული იქნება და შევძლებთ ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში წვლილის შეტანას“, – აცხადებს „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გალიფ ოზთურქი.
„საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ 2013 წელს თურქეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს. კომპანია მომხმარებელს დაზღვევის ფართო არჩევანს სთავაზობს.
კომპანიის ინფორმაციით, მხარეებმა ამ უფლების მოსაპოვებლად საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან არაერთი მნიშვნელოვანი პროცედურა გაიარეს:
შესწავლილ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მათ შორის, ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის შემძენი პირის ფინანსური მდგომარეობისა და ფულის წარმოშობის შესახებ, გარიგების ღირებულების ფარგლებში. ამასთან, მნიშვნელოვანი წილის შემძენმა აქციონერებმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, შალვა ახრახაძემ და ოზგურ გუვენმა დააკმაყოფილეს დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებული აქციონერების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები.
კრიტერიუმების მიხედვით, პირს ეკრძალება იყოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის. ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს მას სადაზღვევო საქმიანობას, თუ წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა“.
„მეტრო ჰოლდინგი“ არაერთ შვილობილ კომპანიასა და სააქციო საზოგადოებას ფლობს საქართველოში, მათ შორისაა „მეტრო ატლას ჯორჯია“.
2015 წელს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ „თურქმა მეცენატმა [გალიფ ოზთურქმა] გამოთქვა სურვილი, ქველმოქმედების მიზნით, სოლიდარობის ფონდში” გადარიცხოს დამატებით 500 000 ლარი“. მანამდე გალიფ ოზთურქმა 1 მილიონი ლარი გადარიცხა იმავე ფონდში. ამ პერიოდში დიმიტრი ქუმსიშვილი ვიცე-პრემიერი იყო.
გალიფ ოზთურქმა გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრის ფოტოები.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მთლიანობაში, საქართველოს მთავრობის „სოლიდარობის ფონდში“, 3 მილიონამდე ლარი აქვს გადარიცხული გალიფ ოზთურქს.
მიმდინარეობს რეგისტრაცია1,5-კრედიტქულიან ტრენინგზე, რომელიც გამოცხადებულია ინგლისურის მასწავლებლებისთვის.
ტრენინგი ბრიტანეთის საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროგრამის – „პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე, მასწავლებლის სახელმძღვანელო წიგნის შექმნა და სატრენინგო პროგრამა“ ფარგლებში ჩატარდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ბრიტანეთის საბჭოს ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში დანერგონ პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებლები შეძლებენ პროექტების ინტეგრირებას ენის სწავლების პროცესში.
ტრენინგი რეკომენდებულია როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის ინგლისური ენის ყველა მოქმედი მასწავლებლისათვის.
რეგისტრაცია 16 თებერვლამდე გრძელდება, თუმცა ადგილები შეზღუდულია და 125 პედაგოგის დარეგისტრირების შემთხვევაში შესაძლოა, პროგრამაში ვეღარ ჩაერთოთ. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე.
ორგანიზაცია „საქართველოს შემეცნებითი ცენტრი“ (Cognitive Center of Georgia) 14-დან 29 წლის ახალგაზრდებისთვის აჭარაში იწყებს საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც შეეხება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებსა და კვლევას. შეხვედრები დაგეგმილია აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში.
რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირება და თემების განხილვა შეხვედრების დროს?
პროექტის ხელმძღვანელი რუსა სახეჩიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკითხები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და მათგან თავის დაცვა, აბორტი და თანმდევი პრობლემები, ასევე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, სექსუალური შევიწროება, კიბერუსაფრთხოება და ა.შ.
„სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სასაუბროდ მოწვეული გვყავს სოფი ბერია და გვანცა კვინიკაძე, რომლებიც ბოლო წლებში ამ მიმართულებით აწარმოებენ კვლევებს. სოფი ბერაია 2018 წლის აპრილში გახდა YouAct-ის – ევროპის ახალგაზრდული ქსელის წევრი და სექსუალური განათლების შესახებ შექმნილი პირველი ქართული ვებგვერდის თანაავტორი. გვანცა კვინიკაძე კი გენდერის სპეციალისტია.
თავიდან მხოლოდ გოგონების დატრენინგება გვქონდა იდეაში, თუმცა რეგისტრაცია გაიარეს ბიჭებმაც და ეს ძალიან კარგია, რადგან მხოლოდ ერთი მხარისთვის ინფორმაციის მიწოდება ნაკლებად ეფექტურია, თანაც ეს არის საკითხები, რომელიც პარტნიორთან არის დაკავშირებული, ამიტომ მათი ცოდნა, ამ კუთხითაც აგვაცილებს პრობლემებს“, – ამბობს რუსა სახეჩიძე.
მისი თქმით, ჩვენს საზოგადოებაში ბევრი საკითხის მიმართ არსებობს მიდგომა, რომ „ისედაც ყველაფერი ვიცით“ და რა საჭიროა ამაზე საუბარი, „ამიტომ, კარგია, რომ დაინტერესება საკმაოდ დიდია ახალგაზრდების მხრიდან“.
„სოფი ბერაია ისაუბრებს ანატომიაზე და ჩაშლილი იქნება ბევრი საკითხი ამ მიმართულებით. სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცე ასეთ შემთხვევებში, ან იმ შემთხვევაში, თუკი პარტნიორს აღმოაჩნდება გადამდები ინფექცია.
გვანცა ისაუბრებს აბორტზე, თანმდევ პრობლემებზე, ასევე ქალის უფლებაზე და მითებზე, სექსუალურ შევიწროებაზე, სტერეოტიპებზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს რელიგიური თუ ეთნიკურ-კულტურული სტიგმებით.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ იმის ცოდნა, როგორ უნდა ისაუბრონ ამ საკითხებზე ეთიკურად. ექნებათ ცოდნა სწორი ტერმინების გამოყენებაზე, სტატისტიკაზე, კვლევებზე და ა.შ“.
რუსა სახეჩიძის თქმით, ერთ-ერთი საკითხი იქნება კიბერუსაფრთხოებაც, თუ როგორ შიძლება დავიცვათ თავი პერსონალური ინფორმაციის გავრცელებისგან. სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მუთიძე ახალგაზრდებს ესაუბრება სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე, მისი პოლიტიკური თუ ფილოსოფიური ასპექტების გათვალისწინებით, „იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს ამ მიმართულებით მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში“.
რუსა სახეჩიძის თქმით, ამ დროისთვის პროექტში მონაწილეობის სურვილი 90-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა, რომელთა ასაკი 15-16-დან 21-23 წლამდე.
შეხვედრების ციკლი 15 თებერვლიდან დაიწყება, პირველი შეხვედრა ბათუმში გაიმართება.
საგანმანათლებლო პროექტის გარდა, 8 მარტს დაგეგმილია აქცია-პერფორმანსი ევროპის მოედანზე, რომელიც გამოძახილი იქნება იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც გასულ წელს ჩილეში ქალებმა, თავიანთი უფლებების დასაცავად გამართეს.
„დაახლოებით ასეთივე პერფორმანსი გვინდა რომ გაიმართოს ბათუმშიც. აპრილში კი ვგეგმავთ დისკუსიას, ოთხი მოწვეული სტუმარი გვეყოლება, სადაც ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რომელიც ამ შეხვედრების პროცესში გაჩნდება“, – გვეუბნება რუსა სახეჩიძე.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“.
მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან პირველად სრულად გაშიფრეს 38 სახეობის კიბოს უჯრედის გენეტიკური ინფორმაცია და შეადგინეს სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების გამომწვევი დნმ-ის მუტაციის კატალოგი.
კვლევა – „ყველა ტიპის კიბოს გენომის სრული ანალიზი“ 10 წელზე მეტხანს გრძელდებოდა და მასში 1300 გენეტიკოსი მონაწილეობდა 37 ქვეყნიდან. კვლევის შედეგები ხუთშაბათს გამოქვეყნდა ოცამდე სამეცნიერო ჟურნალში ერთდროულად – წერს BBC.
მეცნიერების თქმით, კიბოს განვითარება შეიძლება შევადაროთ პაზლს, რომელიც 100 ათასი ნაწილისგან შედგება. აქამდე ცდილობდნენ აეწყოთ პაზლი ყოველი მეასე ფრაგმენტით, ახლა კი შესაძლებელია საერთო სურათის დანახვა.
„კიბოს წარმოქმნასა და განვითარებაზე შეგროვებული ინფორმაციის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ კიბოს დიაგნოსტირების მეთოდები ადრეულ ეტაპზე, ასევე, თერაპიის უფრო ზუსტი მეთოდები და პაციენტებს წარმატებით ვუმკურნალოთ“, – განაცხადა ლინკოლნ სტაინმა, კვლევის საკოორდინაციო კომიტეტის წევრმა.
ნებისმიერი კიბოს მიზეზი დნმ-ის მუტაციაა, თუმცა მეცნიერებმა ცოტა იციან იმის შესახებ, ზუსტად სად და როგორ ხდება გენეტიკური კოდის „გატეხვა“, რომელიც კიბოს წარმოქმნას იწვევს.
კვლევის მონაწილეებმა სრულად გაშიფრეს 38 სახეობის კიბოსგან დაავადებული, თითქმის 2 800 პაციენტის კიბოს უჯრედების გენეტიკური ინფორმაცია.
მასშტაბური კვლევის შედეგი რამდენიმე ათეული აღმოჩენაა, დაწყებული კიბოს გამომწვევი, ე.წ. „წამყვანი მუტაციის“ ზუსტი მდებარეობიდან და რაოდენობიდან, სხვადასხვა ქსოვილის კიბოს უჯრედების მოულოდნელ გენეტიკურ დამთხვევამდე.
მათ შორის გაირკვა, რომ რამდენიმე სახეობის კიბოსადმი მიდრეკილება შეიძლება ჩამოყალიბდეს დიაგნოზის დასმამდე ათწლეულებით ადრე, ხანდახან ბავშვობაშიც კი.
„ეს აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად იმაზე უფრო ადრე ჩარევის შესაძლებლობა, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით“, – ამბობს პროფესორი პიტერ კემბელი, კვლევის მონაწილე.
მისივე თქმით, ყველაზე საოცარი აღმოჩენაა ის, თუ როგორ განსხვავდება ერთი პაციენტის კიბოს გენომი მეორე პაციენტის გენომისაგან.
იყო მოულოდნელი დამთხვევებიც, მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ერთმა და იმავე „წამყვანმა მუტაციამ“ შესაძლოა გამოიწვიოს ძუძუს კიბო ქალში და პროსტატის კიბო – კაცში. ეს იმას ნიშნავს, რომ ძუძუს კიბოს მკურნალობის მეთოდები შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს პროსტატის კიბოს მკურნალობის დროსაც.
კვლევის შედეგად შედგენილი გენური მუტაციების კატალოგი შესაძლებლობას იძლევა თავიდან იქნას აცილებული არასწორი დიაგნოზი, რასაც ხანდახან აქვს ადგილი სხვა დაავადების სიმპტომების დამთხვევის გამო.
კვლევის შედეგად კიბოს უჯრედების ნიმუშების 5 პროცენტში „წამყვანი მუტაცია“ ვერ გამოვლინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გენეტიკური კოდის კრიტიკული „გატეხვის“ ზუსტი ადგილი ჯერ კიდევ დასადგენია.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2020 წელს 30-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის კი, ჯამში, ბიუჯეტში 21 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
სამინისტრო, მიმდინარე წელს, უშუალოდ სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს. ამჯერად გთავაზობთ 12 პროგრამას:
ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია
პროგრამა ითვალისწინებს ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის რეაბილიტაციის კურსების მიწოდებას.
ძვალ-სახსროვანის სისტემის დეფორმაციის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;
ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობაში.
[/checklist]
პროგრამა მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, მასაჟს, ელექტროფორეზს, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას.
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: მომსახურება ანაზღაურდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა (178 ლარი). წლის განმავლობაში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, 1 კურსი – არანაკლებ 30 სარეაბილიტაციო ღონისძიებისა.
ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია
პროგრამა ითვალისწინებს განსაზღვრული დიაგნოზის მქონე ბავშვთა სამედიცინო მეთვალყურეობას, ფიზიკური თერაპიას, მეტყველების თერაპიას, ბავშვისა და მშობლის ფსიქოლოგიურ დახმარებას.
ბავშვთა ცერებრალური დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის დაუზუსტებელი) დაზიანების, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე 3 წლისა და მეტი (18 წლამდე) ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე, ამ მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები.
[/checklist]
პროგრამა მოიცავს თერაპიულ ინტერვენციას, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიის, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის სეანსებს; ექიმის მეთვალყურეობას; ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარებას.
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: გაწეული მომსახურება (1 კურსი – არანაკლებ 10 დღისა და ჯამში არანაკლებ 22 ღონისძიებისა) ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 1 კურსის ღირებულება 330 ლარის ოდენობით (წელიწადში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება არაუმეტეს 8 სარეაბილიტაციო კურსი, პროგრამაში ჩართვის პერიოდის გათვალისწინებით).
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია
პროგრამა ითვალისწინებს, აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას სადღეღამისო ცენტრში.
შშ მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბავშვის ჩართვა ქვეპროგრამაში განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 15 დღეს, ბენეფიციარის მომსახურება დაფინანსდება დღეში – 20 ლარით, ხოლო თანმხლები პირის (მშობელი ან ოჯახის სრულწლოვანი წევრი) დღეში – 10 ლარით.
ბავშვთა ადრეული განვითარება
პროგრამა ითვალისწინებს, განსაზღვრული დიაგნოზის მქონე იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და თვითმოვლითი უნარების განვითარებას, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი) მომსახურების გაწევას (თვეში არანაკლებ 8 შეხვედრისა).
ამასთან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მხოლოდ ინდივიდუალურ მომსახურებას, 3 წლის ასაკის ზემოთ ჯგუფურ მომსახურებასა (არანაკლებ თვეში 4 შეხვედრისა).
0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც აქვთ განვითარების ეტაპების დაყოვნება, შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია პროგრამით გათვალისიწინებული IჩD-10-დიაგნოზებით (მათ შორის: დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, განვითარების ზოგადი აშლილობა, მეტყველების განვითარების აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენილობა).
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – ერთი კურსის ღირებულება 152 ლარის ოდენობით, პროგრამაში ჩართვის თვიდან ყოველ თვე საბიუჯეტო წლის ბოლომდე, არაუმეტეს ბავშვის 7 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით.
აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია
პროგრამა ითვალისწინებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას.
ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. მომსახურება მოიცავს 12 კურსს (1 კურსი-15 სეანსი, მათ შორის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის მინიმალური რაოდენობა-12 სეანსი).
პროგრამა ითვალისწინებს, სმენაპროთეზირებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებით უზრუნველყოფას. წლის განმავლობაში დაფინანსდება 2 კურსი (კურსი მოიცავს მეტყველების თერაპიის 10 ვიზიტს, მათ შორის 5 ინდივიდუალურ და 5 ჯგუფურ მეცადინეობას, მუსიკათერაპიის 4 ვიზიტს).
10 წლის ასაკამდე სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები.
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – ერთი კურსი 310 ლარის ოდენობით.
დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა
პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების დროებითი, 24-საათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებით, მომარაგებას ტანისამოსითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებაში, პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობას.
სხვადასხვა პრობლემების თანადგომის ქსელის არმქონე დედები 10 წლამდე ასაკის ბავშვით (ბავშვებით) ან ორსული ქალები (26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა).
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: მომსახურება დაფინანსდება დღეში 17 ლარით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე.
ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა
პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების დროებითი, 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით. გათვალისწინებულია პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება, ასევე, ფსიქოტროპული და საჭიროებისამებრ, თანმხლები სომატური დაავადებების მედიკამენტებით მკურნალობა.
პაციენტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება მულტიდისციპლინარული მეთოდით ინდივიდუალური მართვის გეგმის შესაბამისად, სხვა სომატური გართულების შემთხვევაში გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.
დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (IჩD-10) ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით (F00- F009) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პირები, რომელთა მართვა სახლის პირობებში შეუძლებელია და ამავე დროს ვერ აკმაყოფილებენ სტაციონარული მომსახურების პირობებს.
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: მომსახურება დაფინანსდება დღეში 25 ლარით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე.
ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა
არაუმეტეს 24 ბენეფიციარზე გათვლილი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსებით დაკომპლექტებული საცხოვრისი, მომსახურებას განახორციელებს 24 საათის განმავლობაში: სამჯერადი კვება, ბენეფიციარების უზრუნველყოფა პირადი ჰიგიენის ნივთებით, ბენეფიციარის საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად აღჭურვილი ფიზიკური გარემო, სხვადასხვა აქტივობების და გასართობი თუ სხვა ღონისძიებების მიწოდება. პაციენტებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შედგენილი ინდივიდუალური ზრუნვის გეგმის შესაბამისად.
18 წლისა და მეტი ასაკის პირი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, არ აღენიშნება სოციალური და დამოუკიდებლი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დეფიციტი და არ აქვს შესაბამისი მხარდამჭერი გარემო;
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: მომსახურება დაფინანსდება დღეში 35 ლარით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა
პროგრამა ითვალისწინებს გადაადგილების პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის ბავშვები) და ხანდაზმულთა, ხოლო ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების შემთხვევაში – 6 წლისა და უფროსი ასაკის შშ სტატუსის მქონე ბავშვები/პირების სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფას.
18 წლამდე ასაკის ნებისმიერი ხარისხის სმენადაქვეითების მქონე ბავშვები.
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: მომსახურება დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის საფუძველზე) არაუმეტეს 1400 ლარისა, სხვა ბენეფიციართათვის – 263 ლარით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა
პროგრამა ითვალისწინებს, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირების, მათ შორის იძულებითი წოლითი რეჟიმის მქონე ხანგრძლივად მოავადე პაციენტების უზრუნველყოფას დამხმარე/მოვლის საშუალებებით (ფუნქციური საწოლი, ჟანგბადის კონცენტრატორი, ასპირატორი, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, შშმ პირთათვის განკუთვნილი ამწე, კოხლეარული იმპლანტის პროცესორი, ხმის წარმომქმნელი აპარატი).
მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი პირები;
თავშესაფარის კონტიგენტი.
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულება დაფინანსდება სრულად ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტისა.
პროგრამების მოსარგებლე2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე წელსაც აგრძელებს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელებას. სამინისტროს 2020 წლის ყველა ასეთი პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119
ტელეფონი: +995 (0422) 247972, +995 (0422) 24-79-64
ელ–ფოსტა: info.molhs@molhs.gov.ge
ვისაც ხელოვნება უყვარს, ალბათ, ერთხელ მაინც მონდომებია იმ ადგილების ნახვა, სადაც მისი საყვარელი ნამუშევრები შეიქმნა. მაგალითად, ცნობილია, რომ იმპრესიონისტები ნავით მდინარეზე გადაადგილდებოდნენ ან ღია ცისქვეშ მოლბერტით ისხდნენ და დროში წამით შეჩერებულ კადრებს ხატავდნენ. თუმცა როგორც ინგლისელი მწერალი ვირჯინია ვულფი იტყოდა: “ქალმა რომ დაწეროს რომანი, სჭირდება ფული და საკუთარი ოთახი” ( “A Room of One’s Own” 1929). ვიტყოდი, საკუთარი ოთახი ყველას სჭირდება, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ცდილობს საკუთარ წარმოსახვას რამე გამოსტყუოს და ხელშესახებად აქციოს.
ამ სტატიაში ნახავთ ცნობილი არტისტების სახელოსნოებს, რომლებიც დღემდე ხელუხლებლადაა შენარჩუნებული და თუ ესტუმრებით, გონებაში ჰოლოგრამულად აუცილებლად აღიდგნეთ კრიზისში თუ შემოქმედებით აკმეზე მყოფ არტისტებს.
ჟოან მირო
მალიორკა, ესპანეთი
ფოტო: Alexandra Moss, Flickr.
ესპანელი მხატვარი და მოქანდაკე ჟოან მირო ცნობილია თავისი ბიომორფული სკულპტურებითა და აბსტრაქტული სურათებით, რომლებიც შთაგონებულია დადაიზმით, რასაც ის პარიზში ეზიარა და ასევე, იაპონური კალიგრაფიით.
როცა მირო სამუდამოდ გადასახლდა ბარსელონადან მალიორკაზე, გაანადგურა ძალიან ბევრი თავისი ნამუშევარი, რათა მიეცა გზა ახალი ეტაპისთვის მის შემოქმედებაში. ფონდი The Fundació Pilar i Joan Miró კი შექმნა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა თავისი სახელოსნო მომავალი არტისტების შთაგონებისთვის. შენობა, რომელიც, ერთგვარი მუზეუმიცაა და არტისტის 6000-მდე ნამუშევარს ინახავს, მირომ შეიძინა თავისი ფართომასშტაბიანი შრომებისთვის. დღეს ამავე სახლის ფარეხში მოწყობილია სტამბაც, რომელიც მიროს ეპოქის შესაბამისადაა აღდგენილი და მასპინძლობს ვორკშოფებს ბეჭდვით დაინტერესებული არტისტებისთვის.
რენე მაგრიტი
ბრიუსელი, ბელგია
ფოტო: Mattia Camellini, via Flickr.
ბრიუსელში, Rue Esseghem-ის 135 ნომერში მდებარე სახლში სიურეალისტი მხატვარი რენე მაგრიტი ხშირად მართავდა სალონურ საღამოებს თანამოძმე სიურეალისტებისთვის. ამავე სახლში დახატა მან თავისი უცნაური და დამაფიქრებელი ნამუშევრების ნახევარზე მეტი. ასევე ძირითადად, არტეფაქტებს ნახატებისთვის სწორედ სახლში პოულობდა: სარკე, სავარცხელი, ჩანგლები და კოვზები, რომლებსაც მაგრიტის მოყვარულები აუცილებლად აღმოაჩენენ მის სახელოსნოში სტუმრობისას.
მაგრიტის ოჯახმა ეს სახლი 1954 წელს დატოვა. მას შემდეგ კი სახლი მრავალჯერ გაქირავდა, სანამ ის არ გამოისყიდეს და სახლმუზეუმად არ აქციეს. სახლის მეორე სართულზე იხილავთ ასევე მაგრიტის ნამუშევრებსაც.
ჯორჯია ო’კიფი
აბიქუიუ, ნიუ-მექსიკო
Georgia O’Keeffe Museum.
1949 წელს, მას შემდეგ, რაც ჯორჯია ო’კიფმა თავისი გენიალური აბსტრაქტული ყვავილების სერიის შექმნა დაიწყო, გასცდა ნიუ იორკს და მოგზაურობა დაიწყო ნიუ მექსიკოში, აკვირდებოდა ბუნებას, უდაბნოს, ლანდშაფტებს…
აბიქუიუში მდებარე სახლი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ჯორჯიამ 1945 წელს შეიძინა, დღეს კი ის ეროვნულ ღირშესანიშნაობად მიიჩნევა. ის აქ 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამ პერიოდში მან უამრავი ნამუშევარი შექმნა, რომლებიც უკავშირდება სახლს, მიდამოებს, მდინარე ჩამას და ხედებს მასზე.
ჯექსონ პოლოკი & ლი კრასნერი
ისტ ჰემპტონი, ნიუ იორკი
ფოტო: John Griffin
ჯექსონ პოლოკი და ლი კრასნერი ერთმანეთს 1941 წელს შეხვდნენ ახალგაზრდა აბსტრაქტული ექსპრესიონისტების გამოფენაზე, სადაც თურმე ორივე მათგანი მონაწილეობდა. 1945 წელს კი იქორწინეს და გადავიდნენ ისტ ჰემპტონში. პოლოკმა გაარემონტა და სახელოსნოდ გადააკეთა ერთგვარი ბეღელი, რომელშიც კრასნერი პოლოკის გარდაცვალების შემდეგაც ხატავდა.
წლების შემდეგ რესტავრატორებმა სახხელოსნოს იატაკი აღადგინეს და შეინარჩუნეს, რომელიც თავადაც პოლოკის ნახატებს ჰგავს და იმეორებს მხატვრის სტილს. ასევე კედლებზე იხილავთ ორივე მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ფოტომასალას. კრასნერის ანდერძის თანახმად, სახლიცა და სახელოსნოც საგანმანათლებლო ფუნქციით უნდა დატვირთულიყო შემდეგი თაობის არტისტებისთვის. მათ ოფიციალურ საიტზე კი განთავსებულია არქივი და სასწავლო მასალები. პოლოკისა და კრასნერის სახლი და სახელოსნო ვიზიტორებისთვის ღიაა მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
ლერმონტოვის ქუჩაზე, მრავალსართულიანი ბინებით გარშემორტყმულ შიდა ეზოში, ათამდე ბარაკის ტიპის სახლია. ყველა სახლიდან კვამლი ამოდის, აქ ადამიანები ჯერ კიდევ შეშის ღუმელით თბებიან. ბარაკებს ოთხი ქუჩა ესაზღვრება – თაყაიშვილი, ლერმონტოვი, ჭავჭავაძე და პუშკინი. დასახლება ქუჩებიდან არ ჩანს. თუ სპეციალურად არ მიხვალ, ვერაფერსაც ვერ შენიშნავ – აქ ყველა ღარიბია.
ლია ბოლქვაძე სამი შვილის მარტოხელა დედაა. ბარაკის ტიპის სახლში სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. ორი ბავშვი სკოლაში დადის, ერთი რამდენიმე დღის წინ მიიყვანა ბაღში. მისი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. აქამდე ვერ მუშაობდა, რადგან თავის პატარა შვილს მარტო ვერ ტოვებდა. ახლა კი სამსახურს ეძებს, რომ შემოსავალი გაიჩინოს.
„ერთი სოციალურით რამდენი უნდა გააკეთო? ქირაც გადაიხადო და კომუნალური გადასახადებიც არ გამოდის. სამ ბავშვს რამდენი რამ სჭირდება ხომ იცით,“ – ამბობს ლია.
მისი სოციალური ქულა 1000-ია, რაც ნიშნავს, რომ უკიდურესად ღარიბი ჯგუფს მიეკუთვნება. ბარაკი, რომელშიც ცხოვრობს, ნაქირავები აქვს და ყოველთვიურად 200 ლარს იხდის. სარგებლობს უფასო სასადილოთი და სახელმწიფოსგან მიღებულ სოციალურ დახმარებას გადასახადებსა და ქირაში ანაწილებს.
ამბობს, რომ ბავშვთა კვების ვაუჩერი, რომელსაც სახელმწიფო აძლევს, მნიშვნელოვნად ეხმარება, თუმცა იქვე ამატებს, რომ ვაუჩერით მხოლოდ სურსათის ყიდვა შეუძლია.
„კვების ვაუჩერით ბარათზე ირიცხება 90 ლარი, თითო ბავშვზე 30 ლარი. საჭმლის გარდა ვერაფერს ვერ ყიდულობ ამით. ამ დროს, საჭმელი თუ უნდა, იმ ბავშვს კბილის პასტა და შამპუნიც ხომ უნდა? ყოფილა მომენტი, როცა არ მქონია ჰიგიენური საშუალებების ყიდვის ფული. საჭმელს აიღებ უფასო სასადილოში, მაგრამ ჭამის გარდა ჰიგიენაც ხომ გინდა?“ – კითხულობს ლია.
მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა, მისთვის მთავარი აქცენტი შვილებისთვის განათლების მიცემაა. ლია ერთ შემთხვევას იხსენებს.
„ძალიან მინდოდა ჩემი უფროსი გოგო ინგლისურში მომემზადებინა. ერთი ქალი იყო, რომელიც ინგლისურ ენაში ამეცადინებდა ბავშვებს. მოველაპარაკე და შევიდა ეს ქალი ჩემს მდგომარეობაში. კვირაში ერთხელ ვულაგებდი სახლს, ის ბავშვს ამეცადინებდა ამის სანაცვლოდ. ვერ აღგიწერთ, როგორ გავიჭირვე მაშინ, მაგრამ გაამართლა. ახლა ჩემი უფროსი გოგო შუათანას ამეცადინებს და აღარ მჭირდება მომზადებაში ფულის გადახდა.
ღმერთს მადლობას იმაზე ვეუბნები, რომ ძალიან გაგებული შვილები მყავს, ზედმეტად არაფერს არ მოგთხოვენ. რომ იციან, რომ რაღაც ზღვარს იქით შესაძლებლობა არ გვაქვს, პირიქით მეუბნებიან და მამხნევებენ, „არაა პრობლემა დე, მაინც არ გვინდოდაო“, – ამბობს ლია.
თავად განათლება ვერ მიიღო. მხოლოდ ცხრა კლასი დაამთავრა. შემდეგ დაქორწინდა. ახლა ამბობს, რომ არ უნდა მისმა შვილებმაც მსგავსი გამოიარონ.
„ვიცი, რომ უსწავლელი ამ ქვეყანაში და თან ამ დროში დაკარგული ხარ. არ მინდა, ჩემმა შვილებმაც სახლები ალაგონ,“ – ამბობს ლია.
ლიას ერთადერთი ოცნება საკუთარი ბინაა. სწორედ ამაში სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას.
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მინდა მივმართო, თორნიკე რიჟვაძეს, თუ მიგვიღებს. თუ არადა, მერე პრემიერ-მინისტრს უნდა მივწერო წერილი. აღვუწერო ჩვენი მდგომარეობა. მარტოხელა დედებმა იმ ერთი სოციალურით რამდენი უნდა გავაკეთოთ?
ახლა მინდა მე ჩემი შვილებისთვის ნორმალური ცხოვრება, თორემ ესენი რომ გაიზრდებიან და რამეს მიაღწევენ, მერე არც მთავრობის დახმარება მინდა და არც არაფერი. ჩემი შვილები მერე მათ თავსაც მიხედავენ და მეც მომხედავენ,“ – ამბობს ლია.
38 წლის რუსუდან ბერიძეც მარტოხელა დედაა. უკვე დიდიხანია ორ შვილს მარტო ზრდის. გოგო 12 წლისაა, ბიჭი – 15 წლის. ორივე ბავშვი სკოლაინტერნატში დადის.
სახლი, რომელშიც რუსუდანი ორ შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს, სულ 15 კვ.მეტრია. დაახლოებით 3 კვ. მეტრზე, შესასვლელში სამზარეულო აქვს მოწყობილი, პატარა ოთახი კი ორადაა ფარდით გაყოფილი. „სასტუმრო ოთახში“ შეშის ღუმელი, ტელევიზორი და პატარა ტახტი დგას. ფარდის მიღმა – საწოლი და ტანსაცმლის კარადა.
საპირფარეშო ეზოშია, სააბაზანო საერთოდ არ აქვს, ამიტომ ბავშვებს უმეტესად მეზობელთან აბანავებს. რუსუდანი ამბობს, რომ მიუხედავად არასახარბიელო პირობებისა, ეს უკეთესი საცხოვრებელია იმასთან შედარებით, სადაც ადრე ცხოვრობდა. მისმა შვილებმა ფეხი ვაგონში აიდგეს, რომელიც ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე იდგა და მარტოხელა დედა ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.
რუსუდანს საშუალო განათლება აქვს, შემდეგ დაქორწინდა, ორი შვილი გააჩინა. როგორც თვითონ ამბობს, მეორე შვილის გაჩენიდან მალევე მისი ქმარი წავიდა და ორი შვილით ღია ცის ქვეშ დატოვა.
„ძალას ჩემი შვილები მაძლევენ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ განათლება მიიღონ და ისე არ იტანჯონ, როგორც მე ვიტანჯები“, – ამბობს ის.
რუსუდანის სტაბილური შემოსავალი სოციალური დახმარებაა – 220 ლარი. ამასთან, როგორც მარტოხელა დედა 50 ლარს იღებს დამატებით.
„ეს თანხა რაში მეყოფა? დავდივარ, სახლებს ვალაგებ, ეზოს მოხვეტა რომ დამჭირდეს, მაგასაც არ ვითაკილებ ჩემი შვილებისთვის. სტაბილურ სამსახურში ვერ ვმუშაობ. გოგოს მკურნალობა სჭირდება. ყოველ თვეში სამი-ოთხი დღე მიწევს თბილისში წასვლა და ექიმთან ჩაყვანა. სასადილოში დავიწყე მრეცხავად მუშაობა. თვეში ერთი დღე მქონდა სულ დასვენება. როცა ფულს გიხდიან, იქ შენი პრობლემები არ აინტერესებთ. ექიმთან წასვლის დრო რომ მოვიდა, იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი,“ – ამბობს რუსუდანი.
რუსუდან ბერიძე
რუსუდანის თქმით, ახლა მისთვის პრიორიტეტი შვილებისთვის განათლების მიცემაა, მაგრამ ამისთვის საჭირო ფინანსები არ აქვს.
„მთელი ჩემი ცხოვრება არის მცდელობა ყველა ზედმეტი თეთრი, რომელიც საკვებს და სხვა საჭიროებებს ზემოდან მრჩება, ჩავდო ჩემი შვილების განათლებაში. იმიტომ, რომ არ მინდა ჩემი შვილები ჩემსავით იყვნენ. მე რომ ცოტა მეტი შემოსავალი მქონდეს, მოვამზადებდი ბავშვებს მათემატიკაში, ინგლისურში და რუსულში. უფრო კარგ განათლებას მივცემდი, ვიდრე ახლა იღებენ,“ – ამბობს რუსუდანი.
რუსუდანი ფიქრობს, თუ ბინა ექნება და ქირაში ფულის გადახდა აღარ მოუწევს, შეძლებს უკეთესად იცხოვროს და მის შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ.
_____
2020 წლისთვის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 139 976 მოზარდი. ისინი 16-წლამდე ბავშვები არიან.
წელს 83 065 მოზარდზე გაიცა „ბავშვის კვების ბარათით“, რომელზეც ყოველთვიურად 30 ლარი ირიცხება.
სოციალურად დაუცველის სტატუსითა და 50-ლარიანი შემწეობით საქართველოში 139 976 მოზარდი სარგებლობს.
ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩა ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე წუთით გადაკეტა. ისინი აღმაშენებლის 546-ში მცხოვრები ცეცხლაძეების ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
„ისევ შეხლა-შემოხლაა. ქუჩის გადაკეტვა მას შემდეგ შეწყდა, როცა აქ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში კობა ნაკაიძე მოვიდა. მევახშეს, ვისი ვალიც აქვს ოჯახს, შეხვედრა არ სურს. ოჯახი ითხოვს ვალის გადავადებას,“ – გვითხრა ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ.
თამაზ ბაკურიძის თქმით, ცეცხლაძეების ოჯახმა სესხი – 40 ათასი ამერიკული დოლარი კერძო მევახშისგან აიღო და ამ დროისთვის 150 ათასი დოლარის დაბრუნებას სთხოვენ. თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ მევახშემ სახლი აუქიონზე გაყიდა. ამ სახლიდან გამოსახლების პროცესი კი, რამდენჯერმე გადაიდო.
„მე ადრეც ვცადე მოლაპარაკება, შევუთანხმდით კიდეც იმ პირს, ვისი ვალიც ჰქონდა ოჯახს, მაგრამ ეს მოლაპარაკება ჩაიშალა… ახლა ისევ ვცდილობ მასთან შეხვედრას, მაგრამ ვერ ვუკავშირდები,“ – ამბობს კობა ნაკაიძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
აღსრულების პოლიციას ჯერ გამოსახლების პროცესი არ დაუწყია. ადგილზე არიან ქობულეთის მერიის ხელმძღვანელი პირებიც.
„გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება გერმანიის ადგილობრივი სავაჭრო პალატების პრეროგატივაა…“ – მოგვწერეს გერმანიის საელჩოდან. საელჩოს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვით მიმართა გერმანიაში დასაქმების შესახებ – პირველი მარტიდან გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმება შეუძლიათ, მათ შორის, მათ, ვისაც პროფესიული განათლება აქვთ.
გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული განათლების ხანგრძლივობა ორი წელი უნდა იყოს იმისთვის, რომ თქვენი კვალიფიკაცია გერმანულმა მხარემ დაადასტუროს. გერმანიის საელჩოს ვკითხეთ, რომელი უწყებები ახდენენ საქართველოში მიღებული უმაღლესი და პროფესიული განათლების კვალიფიკაციის დადასტურებას და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მოქალაქეს ორწლიანი პროფესიული განათლება არ აქვს?
„გერმანიაში სამუშაოდ გამგზავრების წინაპირობა არის ის, რომ გერმანიაში აღიარებული იქნეს გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული განათლების დიპლომი. როგორც წესი, აღიარებისთვის საჭიროა პროფესიული განათლების მინიმუმ ორწლიანი კურსის გავლა.
გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება გერმანიის ადგილობრივი სავაჭრო პალატების პრეროგატივაა. ყველას შეუძლია ამ ვებგვერდზე https://www.anerkennung-in-deutschland.de/tools/berater/de/ ჩაწეროს თავისი პროფესია და მიუთითოს ადგილი გერმანიაში, სადაც მას სურს დასაქმება, რის შემდეგაც ვებგვერდი უჩვენებს, თუ რომელი გერმანული უწყებაა კომპეტენტური მისი პროფესიული კვალიფიკაციის აღიარებისათვის,“ – მოგვწერეს გერმანიის საელჩოდან.
აკადემიური კვალიფიკაციის [უმაღლესი განათლების] აღიარებას ახორციელებს გერმანიის კულტურის სამინისტროთა კონფერენცია. ყველას აქვს შესაძლებლობა „anabin“-ის მონაცემთა ბაზაში (https://anabin.kmk.org/anabin.html) გადაამოწმებს, აღიარებულია თუ არა მისი უნივერსიტეტის დიპლომი გერმანიაში. თუ მონაცემთა ბაზაში თქვენი სპეციალობა არ არის მოცემული, მაშინ საკვალიფიკაციო საბუთები აღიარებისთვის ეგზავნება კულტურის სამინისტროთა კონფერენციას,“ – მოგვწერეს გერმანიის საელჩოდან.
2020 წლის პირველ მარტს გერმანიაში ძალაში შევა „სპეციალისტთა იმიგრაციის შესახებ“ კანონი, რომლითაც შეიცვლება ქვეყანაში ყოფნის შესახებ უკვე მოქმედი კანონისა და უცხოელთა დასაქმების შესახებ დადგენილების შესაბამისი დებულებები. გერმანიის საელჩოს განმარტებით, ამ ეტაპზე შეზღუდული არ არის სფეროები, სადაც დასაქმებაა შესაძლებელი.
„ჩვეულებრივ ყველა პროფესიაში არის შესაძლებელი დასაქმება. ამისათვის, უბრალოდ, საჭიროა, რომ ვიზის მოთხოვნამდე აღიარებული იყოს დაინტერესებული პირის პროფესიული კვალიფიკაცია,“ – გვიპასუხეს გერმანიის საელჩოში.
ბათუმის მერიის მიერ უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირებაზე გამოცხადებული ტენდერები არ შედგა. ქუჩის ცხოველებზე მიმდინარე წლის იანვრიდან არავინ ზრუნავს, შესაბამისად, მერიამ გადაწყვიტა ორი თვის მომსახურება ტენდერის გარეშე შეისყიდოს, რისთვისაც 58 950 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამ პერიოდში კი, ტენდერს მესამედ გამოაცხადებს [უკვე აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით მომსახურების შესყიდვაზე].
პირველ ორ არშემდგარ ტენდერში თანხა 252 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. ბიუჯეტში ცვლილების შემდეგ კი, ეს თანხა ჯამში 314 ათას ლარამდე გაიზრდება.
„საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის „ცოფის პრევენციის მიზნით 2019-2023 წლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ შესაბამისად, სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნული წლების განმავლობაში უნდა განეხორციელებინა როგორც პატრონიანი, ასევე თავშესაფარში განთავსებული შინაური ცხოველების [ძაღლი, კატა] ვაქცინაცია. ამის გამო მოხდა ერთეულის ფასის დაწევა 90 ლარიდან 80 ლარამდე და ელექტრონული ტენდერები გამოცხადდა ჯამში 252 ათასი ლარით… თუმცა, შემდგომ ვაქცინაციის ჩატარების პრერორგატივა გადმოეცა ისევ თვითმმართველობას და აქედან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს კვლავ ვაქცინაციის თანხის გათვალისწინება და ერთეულის ფასის გაზრდა 10 ლარით – 90 ლარამდე [მომსახურებაში შედის ქალაქის ტერიტორიიდან უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების [ძაღლი, კატა] დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურები, ტრავმირებული ცხოველის მკურნალობა , მათ შორის ოპერაციული მკურნალობა,“ – აცხადებს ბათუმის მერია.
მერიის ინფორმაციით, „ამ ეტაპისათვის გაზრდილია უპატრონო ცხოველებზე შეტყობინებების რაოდენობა“, რის გამოც მიზანშეწონილად მიაჩნია ბიუჯეტში ცვლილებების შეტანამდე განხორციელდეს პირდაპირი წესით ხელშეკრულების გაფორმება ორი თვის ვადით.
„რამდენადაც მიმდინარე ეტაპზე ბათუმში გაზრდილია ტურისტული ნაკადი, უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობის ღონისძიების შეუფერხებლად განხორციელება [ვაქცინაცია, სტერილიზაცია, დაბირკვა] წარმოადგენს უმოკლეს ვადაში გასატარებელ ღონისძიებას,“ – აცხადებს მერია.
მერიის განაცხადი 2 თვის მომსახურების პირდაპირი წესით შესყიდვაზე, შესყიდვების სააგენტომ 12 თებერვლამდე უნდა განიხილოს.
თბილისში მცხოვრებ კაცს ბ.ბ.-ს 2 წლით გამოსაცდელი ვადა შეუფარდეს ქალზე ადევნებისთვის. განაჩენის მიხედვით, ის ორი წლის განმავლობაში „ახორციელებდა ადევნებას“.
განაჩენის მიხედვით, ბრალდებული 2018 წლის მარტიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით „ახორციელებდა ადევნებას ე.პ.-ს მიმართ. არ აძლევდა ამ უკანასკნელს ნორმალური ცხოვრების საშუალებას, სისტემრატრად მიდიოდა და უთვალთვალებდა, როგორც სამუშაო ადგილას, ასევე საცხოვრებელ სახლთან… ტელეფონის საშუალებით ასევე ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, მუდმივად ურეკავდა და წერდა მოკლე ტექსტური სახის შეტყობინებებს,“ – აღნიშნულია განაჩენში.
დაზარალებულის ჩვენებით, ამ ქმედებებმა მისი ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და „ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება.“
ბრალდებულმა დანაშაული სრულად აღიარა. მას სადავოდ არ გაუხდია ამ საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებები.
„ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, „ფსიქოტერორის“ მსხვერპლია,“ – აღნიშნავს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე განაჩენში. – „სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის უფლება, დაცული იყოს სხვა პირთა მხრიდან არასასურველი კომუნიკაციისაგან, უფლება იცხოვროს მშვიდ, მყუდრო გარემოში. ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს, მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამას ემატება შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვა“.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ბრალდებულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაუთვალა პირობით და ორწლიანი გამოსაცდელი ვადა დაუნიშნა.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 7 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსის 3 143 ახალი შემთხვევა, მათგან 962 მძიმედ მწვავედ მიმდინარე.
7 თებერვლის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 31 161 შემთხვევა, სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 26 359-ს.
7 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილის 636 და გამოჯანმრთელების 1 540 შემთხვევა.
ჩინეთის გარეთ 25 ქვეყანაში დაფიქსირებულია 227 დადასტურებული შემთხვევა: ტაილანდი 25, იაპონია 45, სინგაპური 28, ტაივანი 11, მალაიზია 12, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 23, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 5, ვიეტნამი 10, კამბოჯა 1, ნეპალი 1, ფილიპინები 3, ინდოეთი 3, შრი-ლანკა 1, საფრანგეთი 6, გერმანია 12, იტალია 2, გაერთიანებული სამეფო 2, რუსეთი 2, ბელგია 1, ფინეთი 1, ესპანეთი 1, შვედეთი 1, ამერიკის შეერთებული შტატები 12, კანადა 5, ავსტრალია 14.
ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მშენებლებმა სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო მოედანი. მათ წასვლასთან ერთად საქართველოს ამ ეტაპზე ხელიდან გამოეცალა რეგიონში სტრატეგიული გეოპოლიტიკური თამაშის წესების შეცვლის შანსი.
პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში ცოტა თუ ენდობა პროექტის ჩაგდების მთავრობისეულ ოფიციალურ მიზეზს — „ვალდებულებების შეუსრულებლობას“. არაერთი აქტორისთვის არის ცხადი, რომ „ქართულ ოცნებას“ — ბიძინა ივანიშვილს — არ სურდა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პორტი აეშენებინა.
კონსორციუმთან კონტრაქტის გაუქმების პარალელურად, ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი — მათ შორის ისინი, ვინც საქართველოს საკითხებზე აქტიურად მუშაობენ — საქართველოს ხელისუფლებისთვის ბოლო პერიოდში გაგზავნილ წერილებში, დემოკრატიის უკუსვლასთან ერთად, ანაკლიის პორტის საკითხზეც გამოთქვამენ კრიტიკას.
იმის მიუხედავად, რომ მმართველ გუნდში ამას ჯიუტად უარყოფენ, პროექტის ჩაგდება და გუნდის ცალკეული წევრების განცხადებები კითხვის ნიშნებს აჩენს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შესახებ.
„ნეტგაზეთი“ ამ სტატიით ცდილობს პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ერთიან ანალიზსა და გარკვევას, თუ რატომ არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უფრო მეტი, ვიდრე რიგითი ინფრასტრუქტურული პროექტი, ვინ რა სარგებელსა თუ ზიანს იღებს ნავსადგურის აშენება-არაშენებით და ვინ და რატომ რჩება დამდგარი შედეგით მოგებული.
„საუკუნის პროექტი“, რომელიც არ შედგა
ანაკლია, შავი ზღვის სანაპირო, 2017 წლის 24 დეკემბერი — პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საზეიმო ღონისძიებაზე სიმბოლურად პირველ ნიჩბებს ასობენ ანაკლიის პორტის ასაშენებლად; კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.
გიორგი კვირიკაშვილი და მამუკა ხაზარაძე საფუძველს უყრიან ანაკლიის პორტს. 24.12.2017 წელი. ფოტო: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი
გადის ორი წელიწადი და გიორგი კვირიკაშვილი პრემიერობიდან გადამდგარია, პროექტის თანადამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული, რის შემდეგაც მათ პოლიტიკური პარტია აქვთ შექმნილი, პორტის მშენებლობა კი შეწყვეტილია.
დროის ამ ორ მონაკვეთს შორის გადაჭიმულია ჯაჭვი მოვლენებისა, რომლებიც საშინაო პოლიტიკაში, საგარეო ურთიერთობებსა და გეოპოლიტიკაშია გადახლართული და სადაც, ადგილობრივი გავლენიანი ფიგურების გარდა, ჩინეთის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესები იკვეთება.
პირველი ნაბიჯები
საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეა არაერთ წელს ითვლის — ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროიდან იღებს სათავეს, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში „ლაზიკის“ პროექტის სახეს იღებს და „ქართული ოცნების“ პერიოდში (თითქოს) კრისტალიზდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC-ის) მიერ მშენებლობის დაწყებით.
კონსორციუმი 2014 წელს დაარსდა. შპს-ის ფორმით არსებული კონსორციუმის მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში დღემდე რჩებიან სააქციო საზოგადოება „ანაკლია ჰოლდინგი“ 99.99%-იანი წილით და სახელმწიფო — სიმბოლური, 0.01%-იანი წილით.
პროექტს სათავეში ედგნენ დიდი ხნის ბიზნესპარტნიორები, TBC ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. კონსორციუმში, „თიბისი ჰოლდინგთან“ და სხვებთან ერთად, შედიოდნენ ამერიკული კომპანიები, SSA Marine და „კონტი ჯგუფი“, რომლის პროექტში მონაწილეობაზეც დამფუძნებლები და პროექტის მხარდამჭერები დიდ იმედებს ამყარებდნენ.
პორტის ასაშენებლად სახელმწიფოს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს — გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას — საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც კონსორციუმს პორტის მშენებლობისა და მისი ოპერირების უფლება მიენიჭა.
პორტის მშენებლობის პირველი ფაზის სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. რამდენიმე თვის განმავლობაში ნავსადგურის მშენებლობა შეუფერხებლად გრძელდებოდა.
ცვლილებების ქარი
საზოგადოებისთვის მოულოდნელად, 2018 წლის 13 ივნისს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც მამუკა ხაზარაძის მეგობარი იყო, თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის ოფიციალურ მიზეზად გაეროს ბავშვთა ფონდის, „იუნისეფის“ კვლევა დასახელდა, რომელმაც მწვავე სოციალური მდგომარეობა აჩვენა — რომ „ქვეყანაში ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს“.
ოფიციალური ვერსიით, სწორედ ამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის დაკისრება იყო კვირიკაშვილის წასვლის საფუძველი, თუმცა ამ ვერსიას ცოტამ თუ დაუჯერა.
მაშინვე გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობა, რომლის თანახმადაც ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მკაცრად ესაუბრა კვირიკაშვილს ხაზარაძესთან დაკავშირებით და მათი დაპირისპირების მთავარი მიზეზი ანაკლიის პორტის მშენებლობა გახდა.
გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი თბილისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაციაზე, 23.05.2016. ფოტო: პრემიერის პრესსამსახური
ამას, მართალია, „ქართული ოცნების“ წევრები დღემდე არ ადასტურებენ, თუმცა მმართველი გუნდიდან წამოსულმა ეკა ბესელიამ 2019 წლის ივლისში დაადასტურა, რომ იმ შეხვედრაზე, რაც კვირიკაშვილის გადადგომას უძღოდა წინ, „კრიტიკული და უარყოფითი განწყობა გამოჩნდა ამ პროექტისა და მათ შორის, ამ პროექტის სათავეში მყოფი მამუკა ხაზარაძის მიმართ“.
თანდათან ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ ივანიშვილის სკეპტიციზმი გამოიკვეთა. ასე, მაგალითად: 2019 წლის 10 აპრილს „იმედზე“ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტი არ არის „ხიბლიანი ბიზნესპროექტი“;
2019 წლის ოქტომბერში მამუკა ხაზარაძის მონათხრობს თუ დავუჯერებთ „მთავარ არხზე“, მან ივანიშვილისგან 2017 წელს შემდეგი სიტყვები მოისმინა:
„იცი რა, მოდი, შევეშვათ ანაკლიას. შენ, ეტყობა, გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი… რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!… ვფიქრობდი, რომ ჩინური სახელმწიფო კომპანია უნდა ყოფილიყო ინვესტორი და ახლა ამის პერსპექტივას ვეღარ ვხედავ“…
ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ „კვირიკაშვილი გადაჰყვა პოპულარობას დასავლეთში“ და აშშ-ში კვირიკაშვილის ვიზიტი გაიხსენა. 2017 წლის მაისში შტატებში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში დაუგეგმავად მიიღო, რაც იშვიათი დიპლომატიური ჟესტია.
ამ შეხვედრას ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსიც ესწრებოდა, რომელიც კვირიკაშვილის უშუალო მასპინძლად სახელდებოდა.
გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპი და მაიკ პენსი თეთრი სახლის ოვალურ ოფისში. 8 მაისი, 2017.
მოგვიანებით, 24 მაისს, მაიკ პენსმა კვირიკაშვილი ვაშინგტონში, საკუთარ რეზიდენციაში მიიღო.
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პენსის რეზიდენციაში. 24.05.2017
კვირიკაშვილის გადადგომიდან სულ რამდენიმე კვირაში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ TBC-ის დამფუძნებლების წინააღმდეგ პროკურატურა გამოძიების დაწყებას გეგმავდა ფულის გათეთრების საქმეზე, თუმცა ეს ამბავი ოფიციალურად არ დადასტურებულა, თიბისი ბანკმა კი უარყო.
მოგვიანებით დადასტურდა, რომ გავრცელებული ცნობა ნამდვილი იყო, — გამოძიება 10 წლის წინანდელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით 2018 წლის 2 აგვისტოს მართლაც დაწყებულა, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მხოლოდ 2019 წლის იანვარში აწვდიან პროკურატურის საგანგებო ბრიფინგზე.
სწორედ აქედან იწყება ღია დაპირისპირებების ტალღა ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის. საპარლამენტო შეხვედრების, სატელევიზიო ინტერვიუების, განცხადებებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე, თანდათან მყარდება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს აღარ სურს ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა, მინიმუმ ანაკლიის კონსორციუმთან ერთად.
ამ შთაბეჭდილებას შემდეგი გარემოებაც ამყარებს: 2019 წლის 29 მაისს ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფოს, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტროს, 2 მაისს დაუმტკიცებია ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები კომპანია „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის“. ამას ანაკლიის კონსორციუმი ანაკლიის პორტისთვის საფრთხის შემცველად აფასებს და განგაშს ტეხს.
უკან დახევა?
ეს საკითხი მეორე დღესვე იწურება იმით, რომ ეკონომიკის სამინისტრო აუქმებს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირობების დოკუმენტს; მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საკითხი მასთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა; ერთ პირს — ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელ გრიგოლ კაკაურიძეს თანამდებობიდან ათავისუფლებენ.
ფოთის ნავსადგურის ეპიზოდიდან ორი კვირაც არაა გასული, რომ კვირიკაშვილის შემცვლელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, რომელიც საერთო ბრიფინგზე ანაკლიის პორტის მხარდასაჭერად ცალსახა განცხადებას აკეთებს:
„გამოვთქვი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და დაიცავს საქართველოს რუსული თუ ჩინური მტაცებლური ეკონომიკური გავლენებისგან. ამ ვითომ-მეგობრებს გულში არ უდევთ საქართველოს საუკეთესო ინტერესები“…
პროექტი მაინც ჩაიშალა
ამის შემდეგ მთავრობას, ერთი შეხედვით, ანაკლიის პორტის აშენების ენთუზიაზმი დაუბრუნდა: 12 ივნისს, პომპეოს განცხადებიდან მეორე დღესვე, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პროექტის ფინანსური დახურვის ვადა 6 თვით გადაუწია.
თუმცა ამ ნაბიჯის პარალელურად განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ პორტის მომავალი და მოჩვენებითი ენთუზიაზმი გააქრო:
ზუსტად 12 დღეში, 24 ივნისს, ჯაფარიძესა და ხაზარაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს 16 754 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების, ბრალდებით, წინა წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
ბიზნესპარტნიორები კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებს ტოვებენ. თუმცა საქმეს ვერც ამან უშველა: ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ 8 აგვისტოს გამოაცხადა, რომ პროექტიდან გადიოდა. არადა, „კონტი ჯგუფის“ მფლობელი კურტ კონტი, რომელიც მამუკა ხაზარაძის ჯგუფელი იყო უნივერსიტეტში, ხაზარაძის თქმით, საქართველოში ინვესტირების ერთ-ერთი ინიციატორი იყო.
ვადა, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის საკუთარი კაპიტალის შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სასესხო ვალდებულებების შესახებ პირველადი საბუთები უნდა წარედგინა, არაერთგზის გადადების შემდეგ, 30 დეკემბერს ამოიწურა. საბოლოოდ, 2020 წლის 9 იანვარს, მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი ოფიციალურად შეწყვიტა.
მაია ცქიტიშვილი
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს. ახლა საუბარია კონკურსის ხელახლა გამოცხადებაზე, სადაც ახალი პრეტენდენტები უნდა გამოჩნდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ მიიღებს ინტერესთან გამოხატვაში მონაწილეობას.
გაჩერების ოფიციალური მიზეზი
პროექტის ჩავარდნისა და მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან ხელშეკრულების ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.
კერძოდ, „ნეტგაზეთთან“ საუბარში დავით ჯავახაძე, ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტოს [ეს უწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია] დირექტორი ამბობს, რომ კონსორციუმმა:
ვერ შეძლო საკუთარი კაპიტალის $120 მილიონის წარმოდგენა;
ვერ შეძლო $400-მილიონიანი სესხის მოძიება;
ვერ მოახერხა პორტის კომერციულ ოპერატორთან და მშენებლ ორგანიზაციასთან მშენებლობაზე ხელშეკრულების გაფორმება;
ვერ წარმოადგინა წინასამშენებლო გარანტია $20 მილიონის ოდენობით;
ვერ წარმოადგინა სამშენებლო გარანტია $40 მილიონის ოდენობით;
სხვა მიზეზი?
კონსორციუმში ამ მიზეზს შეცდომაში შემყვანად აღიქვამენ იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფომ პროექტისთვის კრიტიკულ მომენტში დამფუძნებლების წინააღმდეგ მოულოდნელად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, რამაც, მათი მტკიცებით, არსებული და პოტენციური ინვესტორები დააფრთხო. ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს.
კითხვაზე, რამდენად დამაჯერებელია მთავრობის პოზიცია ამ საკითხზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი (და ბოლო) თავმჯდომარე დავით რაქვიაშვილი, რომელიც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას მუშაობდა, „ნეტგაზეთს“ ეუბნება:
„მეორე ბოლოდან უნდა შევხედოთ მთელ ამ ამბავს — ის, რა შედეგიც დადგა, ცალსახად არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის არახელსაყრელი შედეგი“.
დავით რაქვიაშვილი
„ცხადია, როდესაც ასეთი მაღალია მარჟა, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზეა საუბარი, ყველაფერი უნდა ეღონა, პირველ რიგში, სახელმწიფოს, რომელიც ამ პროექტის მთავარი ლოკომოტივია, რათა ამ პერსპექტივას ხორცი შესხმოდა“, – ამბობს იგი.
თუმცა სანამ პასუხი გაეცემა კითხვას, სხვა რა მიზეზი შეიძლება პროექტის გაჩერებას ჰქონოდა (და ვინ რჩება ამ შედეგით მოგებული), მიმოვიხილოთ, რატომ ანიჭებდნენ ანაკლიის ნავსადგურს ასეთ მნიშვნელობას — ვისთვის რას ცვლიდა?
პირველი ღრმაწყლოვანი პორტი
საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.
შავი ზღვის აკვატორიაში ღრმაწყლოვანი პორტები შემდეგია: რუმინეთის „კონსტანცა“, ბულგარეთის „ბურგასი“, უკრაინის „ოდესა“, „ილიჩევსკი“ და „იუჟნი“, თურქეთის „ერდერიმი“ და „რიზე“ და რუსეთის „ტუაფე“ და ნოვორასიისკი“ და ჯერ კიდევ ბოლომდე დაუსრულებელი „ტამანი“.
ღრმაწყლოვან ნავსადგურს სხვა, სტანდარტული პორტებისგან წყლის სიღრმე განასხვავებს, რაც ასევე დიდი ზომისა და მძიმედ დატვირთული გემების მიღების შესაძლებლობას გულისხმობს.
ანაკლიის პორტის პროექტი. წყარო: ანაკლიის განვითარების კონსორიცუმი
პროექტის გათვლების თანახმად, 2021 წლისთვის, როცა მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებული უნდა ყოფილიყო, პორტის სიღრმე იქნებოდა 16 მეტრი — გაცილებით მეტი, ვიდრე ფოთისა და ბათუმის პორტები — და შეეძლებოდა, პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის (ანუ დიდი საკონტეინერო) გემები მიეღო.
სპეციალისტები სხვადასხვა არგუმენტით განმარტავენ პორტის სტრატეგიულობას — იმას, თუ რატომ იქნებოდა პორტი მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის.
რატომ სტრატეგიული?
სტრატეგიულობა, როგორც საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი ბათუ ქუთელია განმარტავს, ხანგრძლივი ინტერესების მსახურებას ნიშნავს: „სტრატეგიული პროექტი პოლიტიკური თუ გეოგრაფიული ცვლილებების მიუხედავად თავის მნიშვნელობას ინარჩუნებს არაერთი განზომილებით — ეს არის საერთაშორისო და შიდა ეკონომიკა, ქვეყნის პოლიტიკური ფუნქცია და სამხედრო და უსაფრთხოების კომპონენტი“. ანაკლიის პორტი კი, მისი თქმითვე, ზუსტად ჯდება ამ განსაზღვრებაში.
ეკონომიკურ ნაწილში, სხვა ასპექტებთან (სამუშაო ადგილები) ერთად, სპეციალისტები გულისხმობენ დამატებითი ტვირთებით მიღებულ პოტენციურ შემოსავალს. თუკი, მაგალითად, ფოთის პორტმა, „ეი-პი-ემ ტერმინალსის“ თანახმად, 2017 წელს 6,6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, ანაკლიის კონსორციუმი წერდა, რომ მათი პორტის გამტარუნარიანობა განვითარების 9-ვე ფაზის დასრულების შემდეგ 100 მლნ ტონა იქნებოდა. ტვირთების გაზრდილი ოდენობა კი თავისთავად გულისხმობს მეტ გადასახადსა და შემოსავალს.
პორტი, როგორც უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი თეონა აქუბარდია გვეუბნება, არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო შემდეგი აზრითაც: „საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც ქვეყანამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით შეიძინა, ღრმაწყლოვანი პორტი გაცილებით უფრო მეტად გააძლიერებდა და დამატებით სტრატეგიულ მნიშვნელობას შესძენდა“.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი (რუკაზე მწვანე ხაზით). წყარო: wikimedia commons
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლის მშენებლობაც ედუარდ შევარდნაძის პერიოდში დაიწყო და სააკაშვილის პრეზიდენტობისას, 2005 წელს დასრულდა, მსოფლიოში სიგრძით მეორე ნავთობსადენია; მას აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთის ქალაქ ჯეიჰანში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე გადააქვს ნავთობი.
როგორც აქუბარდია ამბობს, ნებისმიერი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება მრავალმხრივ არის მნიშნველოვანი: „ეკონომიკა და უსაფრთხოების საკითხები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და ამ შემთხვევაშიც, პორტის მშენებლობას მოჰქონდა უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტიები. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ აქ იდებოდა ინვესტიციები სტრატეგიული პარტნიორის [აშშ-ის] მხრიდან, მეორე მხრივ, ამ პორტს მრავალი ქვეყანა გამოიყენებდა, რაც განაპირობებდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების ამაღლებას“, – ამბობს აქუბარდია, რომელიც უშიშროების საბჭოს გაუქმებამდე საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა.
„ლოჯისტიკური ხაზის შემკვრელი“
უშიშროების საბჭოს მდივნის კიდევ ერთი ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია, რომელიც პოსტს 2011-2013 წლებში იკავებდა, მანამდე კი, 2008 წლიდან, საქართველოს ელჩი იყო აშშ-ში, „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ ანაკლიის პორტი გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მყარად დაუმკვიდრებდა ადგილს მსოფლიო ლოჯისტიკურ რუკაზე, როგორც მთავარ სატრანზიტო ხაზს სამხედრო თუ არასამხედრო მიზნებისთვის. მაგალითისთვის მას ასეთი ისტორია მოჰყავს:
„როდესაც ავღანეთში ოპერაცია [ISAF, ნატოს „საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების“ მისია] პიკში გადავიდა, ამერიკა-ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა და რუსეთმა ნელ-ნელა დაიწყო ავღანეთში ჯარების მომარაგების სატრანზიტო გზაზე გადაადგილების შეზღუდვა, რამაც ალტერნატიული გზის საჭიროება გააჩინა.
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე ტვირთი ავღანეთში ავიაციით ჩადის ხოლმე, მაგრამ დანარჩენი, ანუ ტვირთის დაახლოებით 80%-ის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ხდება სახმელეთო-სარკინიგზო და საზღვაო გზების კომბინაციით.
საწყის ეტაპზე, როდესაც რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ ისე არ იყო არეული, როგორც ბოლო პერიოდში, ტრანზიტი ძირითადად ხდებოდა ორი გზით: ჩრდილოეთ განაწილების ქსელის (NDN – Northern Distribution Network-ის) და ავპაკის (AfPak), ანუ ავღანეთ-პაკისტანის მონაკვეთის, გამოყენებით“.
NDN-ის ორივე მარშრუტი. წყარო: https://www.globalsecurity.org/
NDN-ის თავდაპირველი ხაზი რიგის პორტში იწყებოდა ბალტიის ზღვაზე, სარკინიგზო გზით რუსეთის ტერიტორიაზე გადიოდა, შემდეგ ყაზახეთსა და უზბეკეთს კვეთდა და ასე აღწევდა ავღანეთის ჩრდილოეთ საზღვარს, საიდანაც დანიშნულების საბოლოო წერტილამდე სატვირთო მანქანებით მიდიოდა ჰინდუ კუშის მთების გავლით; მეორე ხაზით — „ავპაკით“ — ინდოეთის ოკეანიდან ხდებოდა ტვირთების მიწოდება.
ბათუ ქუთელია იხსენებს: „ავღანეთ-პაკისტანის კორიდორს პრობლემები ექმნებოდა [თავდასხმები თალიბანის მხრიდან და ა,შ]; NDN თავდაპირველად კარგად მუშაობდა, მაგრამ როდესაც აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ლოჯისტიკური პრობლემები შეექმნათ დასავლეთისთვის ავღანეთში, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა პარალელური გზის ძიება.
ეს უკვე 2009-2010 წელია, როდესაც შევიმუშავეთ ახალი გზა — NDN-South, ანუ ჩრდილო განაწილების ქსელის სამხრეთის შტო. სწორედ მაშინ შემოვიდა ფოთში დანიური ბიზნესკონგლომერატი „მაერსკი“, რომელიც გემების ერთ-ერთი უდიდესი ოპერატორია მსოფლიოში.
ამ ხაზით ჩვენ სამხედრო ლოჯისტიკურ რუკაზე გავჩნდით, როგორც სტაბილური ალტერნატივა. მთელი ამ ლოჯისტიკური ტრანზიტის 90%-მა, მათ შორის ავიასაწვავმა, გადმოინაცვლა საქართველოზე, საიდანაც აზერბაიჯანისა [კასპიის ზღვიდან] და ცენტრალური აზიის [თურქმენეთისა და უზბეკეთის] გავლით მიჰქონდათ ეს ტვირთი. ამან ძალიან დიდი სტაბილურობა შესძინა ოპერაციას, რადგან ეს იყო გზა, რომელზეც რუსეთს არ ჰქონდა გავლენა — ის ვერ ბლოკავდა ამ ლოჯისტიკურ ხაზს.
გარდა ამისა, ამან მაშინ ეკონომიკურადაც საკმაოდ დიდი სარგებელი მოიტანა სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა, რადგან პროცესში ქართული კომპანიები იყვნენ ჩართულნი.
ბათუ ქუთელია. ფოტო: ნეტგაზეთი
მოგვიანებით, როდესაც საუბარი დაიწყო ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე და ამის პარალელურად დაიწყო უკანა ტრანზიტზე საუბარი, აქაც შეიქმნა პრობლემები. ჯარის გამოყვანას კიდევ უფრო მეტად მგრძნობიარობა აქვს, რადგან უსაფრთხოების რისკები მაღალია. ნაწილი მოდის ავიაციით, მაგრამ ტვირთი უნდა წამოვიდეს უახლოეს მეგობრულ ქვეყანაში — ასეთი ერთი თურქეთი იყო, მეორე კი- საქართველო.
ამ საკითხზე 2011 წლიდან დავიწყეთ მუშაობა და 2012 წელს უკვე კარგად აკინძული პაკეტი გვქონდა, თუ როგორ უნდა ემუშავა უკუტრანზიტს. თუმცა 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში, უკუტრანზიტის მთელი ეს ფუნქცია გადავიდა თურქეთში.
ერთი სიტყვით, ეს იყო ჩვენი კარგი შანსი, რომელიც არ გამოვიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს შანსი ჯერ კიდევ არ არსებობს და არ სჭირდება გამოყენება“.
ქუთელია განმარტავს, რომ ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზასთან და კარგად გამართულ აეროპორტებთან ერთად ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა „შექმნიდა მულტიმოდალური ლოჯისტიკური ხაზის კონცეფციას — არა ცალკეულ ლოჯისტიკურ გზას, არამედ ლოჯისტიკურ ქსელს“.
„რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი“
კიდევ ერთი ფუნქცია, რომელსაც ანაკლიის პორტისთვის მოიაზრებდნენ, შავ ზღვაში რუსეთის ექსპანსიას უკავშირდება — რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიას, რამაც შავ ზღვაზე სამხედრო ბალანსი შეცვალა.
„შარშან, მაგალითად, რუსეთმა ჩაატარა შავ ზღვაზე დიდი სამხედრო წვრთნები და ამ წვრთნების წინ გამოაცხადა დახურული კვადრატები შავ ზღვაზე. რეალურად რამდენიმე დღით მთელი შავი ზღვა კომერციული საქმიანობისთვის ჩაკეტა“, – გვეუბნება ბათუ ქუთელია. მისი თქმით, ამან ბევრ კითხვის ნიშანთან ერთად გააჩინა საჭიროება, რაიმე შემაკავებელი ძალა ყოფილიყო, რომ მომავალში რუსეთმა ბოროტად არ გამოიყენოს თავისი შავ ზღვაზე მდებარეობა.
„ძალთა ბალანსი დაირღვა უკვე რუსეთის მიერ და ამიტომაც გაზარდა ნატომ თავისი სამხედრო წვრთნები შავ ზღვაზე, რათა შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს პუტინის სხვა აგრესიული ქმედებების მიმართ“, – ამბობს ქუთელია და ამავე კონტექსტში ახსენებს ამერიკისა და ნატოს უპრეცედენტოდ დიდ სამხედრო სწავლებას „ევროპის მცველს“ (Defender Europe 20).
წვრთნებში საქართველოც მონაწილეობს. ქუთელიას განმარტებით, სწავლების ერთ-ერთი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შესაძლო კონფლიქტურ საომარ თეატრში ამერიკული და მოკავშირეების ევროპული სამხედრო ბაზებიდან ტექნიკის გადასროლა.
„იმის მიუხედავად, რომ წვრთნებისთვის ფოთის პორტს იყენებენ, მას კომერციული დატვირთვა აქვს“, – ამბობს ქუთელია.
2019 წლის სექტემბერში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი USNS Yuma T-EPF-8 ფოთის პორტში ვერ შევიდა, ვინაიდან აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ნავმისადგომი კომერციულ გემს ჰქონდა დაკავებული.
ამის გათვალისწინებით ამბობს ქუთელია, რომ ახალ პორტს, თეორიულად, დამატებით ამ სამხედრო ოპერაციისთვისაც ექნებოდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. „ერთი სიტყვით, საქართველოსთვის ეს იყო შანსი, რომ გაეზარდა ჩვენი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ნატოსთვის“, – ამბობს იგი.
ექსპერტების თქმით, სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც ანაკლიის პორტის აშენება, აშშ-ნატოსთან საქართველოს დაახლოების ფონზე, რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამის გარდა, სახელდება რისკი, რომ ანაკლიის პორტი ტვირთებს წაართმევს რუსეთის ნოვოროსიისკის პორტს.
„ატლანტიკური საბჭოს“ ცნობით, შავ ზღვაზე რუსეთის ნოვოროსიისკის პორტი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო ჰაბია. რუსეთის ტვირთების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ პორტზე მოდის (მთელი რუსეთის საიმპორტო და საექსპორტო ტვირთის 20%); ამასთან, ტვირთების გადაზიდვის კუთხით ეს პორტი ევროპაში მე-5 ადგილს იკავებს.
„ლოგიკურად, კარგად გამართული პორტი „ანაკლია“ ნოვოროსიისკის პორტს მართლაც წაართმევდა ტვირთებს“, – ამბობს ქუთელია და განმარტავს: „ყველა მაჩვენებლით, ანაკლიის პორტი მოახერხებდა უკეთესი სერვისის შეთავაზებას და გააიაფებდა გადაზიდვას. თანაც, რუსეთი ნოვოროსიისკის პორტისა და, ზოგადად, პორტების კონტროლს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. არადა, არაერთი ქვეყნის, მათ შორის, ცენტრალური აზიის ქვეყნების, ინტერესია, ჩამოეხსნან რუსულ ლოჯისტიკურ დამოკიდებულებას. ამიტომაც, ძალიან დიდი უზბეკური, ყაზახური და სხვა ცენტრალური აზიის ტვირთები საქართველოდან უფრო კომფორტულად ივლიდა, ვიდრე, ვთქვათ, ნოვოროსიისკი-რუსეთის მიმართულებით“.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთმა, კერძოდ კი რუსულმა კონსორციუმმა RusMorPort-მა, 2013 წელს დაიწყო ტამანის პორტის მშენებლობა ქერჩის სრუტესთან [ქერჩის სრუტე შავ და აზოვის ზღვებს აკავშირებს] და 2019 წელს გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთი აჩქარებს მისი მშენებლობის საბოლოოდ დასრულების პროცესს.
„ის, რაც აშშ-სთვის საჰაერო პროგრამა იყო“
ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე მხოლოდ ადგილობრივი სპეციალისტები არ საუბრობენ. მაგალითად, გადამდგარი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, რომელიც ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი იყო 2014-17 წლებში, „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენებით გაიზრდება საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO-ში) გაერთიანების შანსი.
„რუმინეთი მაშინვე მიიღებს სარგებელს, კონსტანცას პორტი [უდიდესი პორტი შავ ზღვაზე] გახდება მნიშვნელოვანი პორტი, მდინარე დუნაი გახდება მნიშვნელოვანი არტერია, რადგან დაიწყება კონტეინერების გადაზიდვა დუნაის მეშვეობით, ევროპის შუაგულისაკენ… მე წარმომიდგენია, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები რეგულარულად ეწვევიან ხოლმე ანაკლიის პორტს მონტრეს კონვენციის შეზღუდვების ფარგლებში, რაც ასევე გააძლიერებს კოლექტიურ უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში“, — გვითხრა 2019 წლის სექტემბერში ჰოჯესმა, რომელიც ამჟამად ევროპული პოლიტიკის ანალიტიკურ ცენტრში (CEPA) მუშაობს.
[მონტრეს კონვენცია 1936 წელს დადებული ხელშეკრულებაა, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე სრულ კონტროლს თურქეთს ანიჭებს და საზღვაო ხომალდების ტრანზიტს არეგულირებს].
გენერალი ბენ ჰოჯესი. ფოტო: AP
ჰოჯესის შეფასებით, „ანაკლიის პორტი საქართველოსთვის იქნება ის, რაც აშშ-სთვის იყო საჰაერო პროგრამა [გრანდიოზული პროექტი, რისი ნაწილიც არის NASA – აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო]“.
ჩინეთის ინტერესი?
კიდევ ერთი საერთაშორისო აქტორი, რომელიც ანაკლიის პორტით არის დაინტერესებული, ჩინეთია. ანაკლიის პორტი კარგად ჯდება ჩინეთის ამბიციურ პროექტში — „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ (ამჟამად ეწოდება „სარტყელისა და გზის ინიციატივა (BRI)). ამ მულტიმილიარდიან პროექტს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩაუყარა საფუძველი.
BRI ემსახურება ჩინურ ეკონომიკურ სტრატეგიას, რათა ჩინეთში დამზადებულ პროდუქციას უკეთესი წვდომა ჰქონდეს ევროპულ ბაზრებზე. ამ პროექტის ფარგლებში ჩინეთის სახელმწიფო სხვადასხვა ქვეყნის პორტსა თუ სატრანსპორტო დაწესებულებებში წილების შესყიდვას ცდილობს და ახორციელებს, ავითარებს ინფრასტრუქტურას და დებს ინვესტიციებს თითქმის ყველგან — ევროპაში, აზიაში (ახლო აღმოსავლეთი), ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.
პორტები მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ჩინური ინტერესი/კაპიტალია, მათ შორის ფოთის პორტი. რუკა: New York Times
ჩინეთთან დაკავშირებული კომპანიები საქართველოშიც ფუნქციონირებენ: ფოთში, ანაკლიის სამხრეთით ახლომდებარე საპორტო ქალაქში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-ს ჩინური კონგლომერატი — CEFC China Energy ფლობს; ამასთან, საქართველოში არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში [სარკინიგზო თუ საგზაო მშენებლობების] ჩინური კომპანიები იმარჯვებენ, მათ შორის „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“, რომელსაც მსოფლიო ბანკმა გასულ წელს 9 თვით აუკრძალა ტენდერებში მონაწილეობა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ იი თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. ფოტო: საგარეო სამინისტრო
ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას შემდეგი გარემოება აჩვენებს: 2016 წელს გამოცხადებულ ტენდერში ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინტერესი რამდენიმე ჩინურმა კომპანიამ გამოხატა; მეორე ეტაპზე გადავიდა ქართულ-ჩინური კონსორციუმი, თუმცა, ქართულ-ამერიკულ „ანაკლიასთან“ დამარცხდა [დამარცხებულ კონსორციუმში შედიოდნენ ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (ჩინეთი); BRITISH ECO POWER LTD (დიდი ბრიტანეთი); სპარტაკ ერაგია – ფიზიკური პირი].
ამასთან, სახელმწიფო ლიდერებს შორის BRI-ს საკითხზე არაერთი შეხვედრა გამართულა ბოლო წლების განმავლობაში როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში. მაგალითად, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ იი 2019 წლის მაისში ეწვიასაქართველოს. ვიზიტისას, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, „ყურადღება გამახვილდა „სარტყლისა და გზის“ გლობალურ ინიციატივაზე და ამ პროექტში საქართველოს უფრო მეტ ჩართულობაზე; ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ის სრულად იზიარებს საქართველოს მისწრაფებას გახდეს სატრანსპორტო-სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრი ევროპასა და აზიას შორის“.
2015 და 2017 წლებში თბილისში ჩატარდა მაღალი დონის ფორუმები, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ და „სარტყლისა და გზის ფორუმი“. 2017 წელსვე ჩინეთი საქართველოს ზომით მე-3 სავაჭრო პარტნიორი გახდა თურქეთისა და რუსეთის შემდეგ და აზერბაიჯანს გადაასწრო.
თუმცა იმის ფონზე, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობს, აშშ-ის ინტერესებში არ შედის ჩინეთის რაიმე სახით მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში. აშშ-ის ეს პოზიცია სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნათლად დააფიქსირა ბახტაძესთან ბრიფინგზე, როდესაც ჩინეთს, რუსეთთან ერთად, საქართველოს „მოჩვენებითი მეგობარი“, მათ ეკონომიკას კი „მტაცებლური“ უწოდა.
ამის გათვალისწინებით, ბათუ ქუთელია ამბობს: „სამწუხაროა, მაგრამ ჩინეთის სტრატეგიული ინტერესები ჩვენთან რეგიონსა და ანაკლიასთან მიმართებაში ემთხვევა არა აშშ-ის, არამედ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს. ხოლო საქართველოს სტრატეგიული ინტერესები კი 100%-ით ემთხვევა აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს“.
„რუსეთის საფრთხის გამო“ – რეალური მიზეზი
რუსეთის ოფიციალურ პირებს, მართალია, დამოუკიდებლად არ გაუკეთებიათ ანაკლიის პორტის საწინააღმდეგო განცხადებები, თუმცა ისტორიას შემორჩა 2019 წლის 13 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის კომენტარი მაიკ პომპეოს ზემოხსენებულ ნათქვამზე: „საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს“.
გრიგორი კარასინი
საქართველომ კი, საბოლოო ჯამში, ასე გადაწყვიტა: ანაკლიის პორტი ამ ეტაპზე არ აშენდება. სწორედ ზემოთ განხილული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევდნენ სპეციალისტები, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებებში რუსეთის ფაქტორი გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო.
2020 წლის 9 იანვარს, მას შემდეგ, რაც ანაკლიის კონსორციუმთან ოფიციალურად გაუქმდა კონტრაქტი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულიამ, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრია, ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინების გამო შეაფერხა.
რომან კაკულია
კაკულია დაეთანხმა ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, რომელიც ასე იყო ფორმულირებული, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებაში ბიძინა ივანიშვილმა „დაინახა საფრთხე რუსეთთან ურთიერთობაში, ამიტომ მეორე ხელით დაიწყო მთავარი მოთამაშეების, ხაზარაძისა და ჯაფარიძის დისკრედიტაცია, პროექტისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა, რადგან ურჩევნია, ამას ხაზარაძის დევნა დაერქვას, ვიდრე თქვას, რომ ეს არის საფრთხეების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება“.
მოგვიანებით კაკულიამ უკან დაიხია და თქვა, რომ „ცალსახად“ არ უთქვამს, რომ რუსულ საფრთხეებთან დაკავშირებული მოსაზრებები იყო კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი. თუმცა კომენტატორებისთვის ცალსახაა, რომ კაკულიას ეს განცხადება რეალურ სურათს ასახავს.
თეონა აქუბარდიამ, მაგალითად, „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში კაკულიას ამ ნათქვამს „აღიარებითი ჩვენება“ უწოდა, ხოლო ამ გადაწყვეტილების მიღმა მდგარ პოლიტიკას — „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ — მცდარი, ეროვნულ ინტერესებთან შეუსაბამო პოლიტიკა.
„ვინ იანგარიშა ამ პროექტის ინტერესების წინააღმდეგობა რუსეთის საფრთხესთან? ამას როდესაც ასე ღიად ამბობენ, სერიოზული პრობლემაა. მით უმეტეს, იმ სხვა მიმდინარე თემებთან ერთად, როდესაც ქართულ ოცნებას ბრალს დებენ რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში“, – ამბობს აქუბარდია.
თეონა აქუბარდია. ფოტო: ნეტგაზეთი
მისი შეფასებით, აშკარაა, რომ „საქართველოს ხელისუფლებას აქვს კურსი, რომ რუსეთთან წავიდეს ისეთ დათმობებზე, რომლებიც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ეს კურსი სხვადასხვა დონეზე ვლინდება, მათ შორის მცოცავი ოკუპაციის საკითხსა და მთლიანად საქართველოს საგარეო პოლიტიკაში“. ანაკლიის პორტზე გადაწყვეტილებაც ამ კონტექსტში ეწერება: „ჩანს, ყველაფერი შეეწირა საქართველოს მთავრობის უაზროდ გაუთვლელ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში“.
ამ გარემოებას უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი ასე აკრიტიკებს: „ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო გადადგამს და იქნება მისთვის ეროვნული სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი, სამწუხაროდ, რუსეთისთვის გამაღიზიანებელი იქნება და ასე თუ შევხედავთ, არაფერი არ უნდა გავაკეთოთ და ავირჩიოთ ჭაობი, რაც ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს“…
სახელმწიფო აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება; მთავრობის (ინფრასტრუქტურის მინისტრის) განცხადებით, ისინი ხელახლა ემზადებიან ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისთვის.
რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისში გასულ წლებში არაერთხელ გამხდარა რუსეთის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის მსხვერპლი. დღეს, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ამ ლაბორატორიის დახმარებით საქართველოს დამოუკიდებლად, მყისიერად შეუძლია კორონავირუსის დადგენა.
კორონავირუსი და ლუგარის ლაბორატორია
საქართველო 4 დღის განმავლობაში ელოდა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამიდან თავისი ორი მოქალაქის ანალიზების პასუხებს კორონავირუსზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საეჭვო შემთხვევების დიაგნოსტირებისთვის მასალები ნიდერლანდებში 31 იანვარს გააგზავნა. 4 თებერვალს დილით, როდესაც ნიდერლანდებიდან პასუხი ჩამოვიდა, საქართველოს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, კორონავირუსი ადგილზე დაედგინა.
ახალი კორონავირუსის დადგენა 4 თებერვლიდან შესაძლებელია ლუგარის ლაბორატორიაში. მანამდე ლაბორატორიას გააჩნდა დიაგნოსტირებისთვის საჭირო აპარატურა, თუმცა არ ჰქონდა რეაქტივი (ქიმიური ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ლაბორატორიებში სხვადასხვა სახის სამუშაოებისათვის, მაგალითად, სამედიცინო ანალიზისთვის). შესაბამისად, პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ლუგარის ლაბორატორიაში ჯერ რამდენიმე ათეულ ვირუსზე იკვლევდნენ, ხოლო თუ არცერთი დადასტურდებოდა, საზღვარგარეთ ისეთ ლაბორატორიაში გზავნიდნენ, სადაც ახალი კორონავიურუსის დიაგნოსტირება იყო შესაძლებელი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) ახალი კორონავირუსის რეაქტივი გერმანიის ბუნდესვერის ინსტიტუტისგან და მიუნჰენში საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით მიიღო. შედეგად, კორონავირუსის დიაგნოსტირების ვადები რამდენიმე დღიდან რამდენიმე საათამდე შემცირდა.
“აქამდე ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირების შესაძლებლობა მხოლოდ დიდ განვითარებულ ქვეყნებს ჰქონდათ. თავდაპირველად ევროპაში მხოლოდ ორი ლაბორატორია იყო, სადაც ახალი კორონავირუსის დადგენა იყო შესაძლებელი: გერმანიაში და ნიდერლანდებში. ლუგარის ლაბორატორიაში ყველა საჭირო თანამედროვე აპარატურა გვაქვს, შესაბამისად, მხოლოდ რეაქტივი გვაკლდა. აქამდე 5 კორონავირუსის დადგენა შეგვეძლო, ახლა უკვე შეგვეძლება, ახალი კორონავირუსიც დავადგინოთ. ქვეყნები რიგში დგანან იმისთვის, რომ რეაქტივები მიიღონ. ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა რიგის გარეშე მოგვაწოდეს, რისთვისაც მინდა, მათ და საქართველოს საკონსულოს მიუნჰენში მადლობა გადავუხადო”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” NCDC-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძის თქმით, ადრეულ დიაგნოსტირებას აღნიშნული ვირუსული დაავადების მკურნალობისთვის – არა, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეპიდემოოლოგიური თვალსაზრისით.
“წარმოიდგინეთ, თუ ვირუსი დასტურდება, ადამიანი უნდა იყოს იზოლაციაში, რომ მისგან არ მოხდეს ამ ინფექციის გავრცელება. ამიტომ ვირუსის შეკავების ფაზაზე ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, დროულად იცოდე, რასთან გვაქვს საქმე, რომ ერთი მხრივ, ადამიანები ტყუილად არ იყვნენ იზოლირებულნი და მეორე მხრივ, თუ საფრთხეა, ყველაფერი გაკეთდეს საჭიროებისამებრ”, – აცხადებს იმნაძე.
პაატა იმნაძე
საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც კორონავირუსის დადგენა შესაძლებელია. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით ვირუსის დადგენის საჭირო აპარატურა აზერბაიჯანსა და სომხეთში, აშშ-ის დახმარებით მოწყობილ ლაბორატორიებსაც გააჩნიათ. თბილისმა მათ შესთავაზა, რომ საჭიროების შემთხვევაში რეაქტივის მიწოდებით დაეხმარება. ამასთან, უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გეგმავს, ქვეყნები მოამარაგოს.
ლუგარის ლაბორატორიის აღმოჩენები
ადამიანებსა და ცხოველებში საშიში დაავადებების გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირების სასიცოცხლო მნიშვნელობა კორონავირუსის საფრთხემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ამან ხაზი გაუსვა ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობსაც, რომელიც მანამდე ძირითადად კრემლის პროპაგანდისტული კონსპირაციების ჭრილში ხვდებოდა ყურადღების ცენტრში.
“მთელი ჩვენი საქმიანობა ესაა – საქართველოს ღამურებიც შესწავლილი გვაქვს, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ღამურები კორონავირუსების მატარებლები არიან. ეს კვლევები წლებია მიმდინარეობს, ჯერ კიდევ ახალი კორონავირუსის გამოვლენამდე. მსოფლიოში პირველად ღამურებში ჩვენ ვიპოვეთ ბრუცელოზის გამომწვევი. ღამურების გარდა, მაგალითად, დავდევთ მღრნელებს ისეთ დაუსახლებელ ადგილებში, სადაც ადამიანი შეიძლება არც კი დადიოდეს. გასულ ზაფხულს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, გარკვეული სახეობის მღრნელში შავი ჭირის გამომწვევი გამოვყავით. ვაწარმოეთ საინფორმაციო კამპანია მიმდებარე რაიონებში – ექიმები, მოსახლეობა გავაფრთხილეთ, რა უნდა ექნათ, თუ მკვდარ მღრნელებს ნახავდნენ”, – ყვება პაატა იმნაძე.
ლუგარის ლაბორატიის ყველაზე დიდი აღმოჩენა კი ახმეტა ვირუსია.
პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში გავრცელებული ბაქტერიების და ვირუსების შესწავლა აუცილებელია იმის ცოდნისთვის, თუ სად რა რისკები შეიძლება იყოს.
“ლუგარის ლაბორატორია იკვლევს, რომ ვიყოთ ფრთხილად და ვიყოთ დაცულები. პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ის თანამშრომელი, ვინც ამაზე მუშაობს”, – აღნიშნავს იმნაძე.
კორონავირუსზე რუსული დეზინფორმაცია
ლუგარის ლაბორატორია არაერთხელ გამხდარა რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის სამიზნე, “რენტივიმ” ახლა უკვე კორონავირუსსაც დაუკავშირა დაუსაბუთებლად 7 იანვრის სიუჟეტში “მუტაცია, საიდუმლო ლაბორატორია თუ პროვოკაცია: საიდან გაჩნდა კორონავირუსი”, ერთ-ერთ ვერსიად გახმიანდა, რომ კორონავირუსის გავრცელება აშშ-ის ინტერესშია, ამერიკული ლაბორატორიები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აზიის ქვეყნების გარშემოც მუშაობენ.
პაატა იმნაძე ამბობს, რომ მსგავს პროპაგანდას მიჩვეულია და ამის მიზეზი შესაძლოა ისიც არის, რომ რეგიონის ქვეყნებს დიაგნოსტირებაში დახმარებისთვის მოსკოვისთვის მიმართვა აღარ სჭირდებათ.
“ადრე ასეთი რაღაცები რომ ხდებოდა, გასაგებია, მეზობელი ქვეყანაა, ჩვენზე მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ დიაგნოსტიკაში და უნდა მიგვემართა მათთვის, რომ დახმარება გვეთხოვა. ახლა პირიქით, შეიძლება სხვას დავეხმაროთ”, – ამბობს იმნაძე.
ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ ლუგარის ლაბორატორია უსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიაა, თავად რუსეთს კი გააჩნია მე-4 დონის ლაბორატორია “ვექტორი” ნოვოსიბირსკში, რომელიც უფრო საშიშ ვირუსებზე მუშაობს, ვიდრე ეს დაშვებულია მესამე დონეზე. უსაფრთხოების მეოთხე დონის ლაბორატორია ფუნქციონირებს ბელარუსის რესპუბლიკაშიც. ამასთან, პაატა იმნაძის თქმით, აშშ-ის კონგრესმა თავის დროზე სწორედ რუსეთიდან დაიწყო ნანის და ლუგარის ერთობლივი საფრთხის შემცირების ხელშეწყობის პროგრამის ამოქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა ბირთვული და ქიმიური განიარაღების საქმეში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დახმარებას, და დააფინანსეს ლაბორატორია “ვექტორის” გაძლიერებაც. შემდეგ პროგრამა გავრცელდა რეგიონის სხვა ქვეყნებზე.
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მშენებლობა საქართველოში დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო-ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების “ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” საფუძველზე.
შეთანხმების ფარგლებში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში ხორცილდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის საერთო მოცულობა დღემდე შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას. პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი.
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის უახლესი შენობა სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 8-10 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.
დღეს, 7 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს. ხვალ, შაბათს, დილიდან თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი, ღამით დაიწყება თოვა და ტემპერატურა დაიკლებს, კვირას და ორშაბათს კი მოსალოდნელია თოვა.
ზღვაზე იქნება 4-5-ბალიანი შტორმი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავის ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი – 20-25 მეტრი წამში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისთვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებდნენ,“ – აღნიშნულია საგამოძიებოს განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3-წლამდე ვადით.
მდინარე მაჭახელადან ინერტულ მასალებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე იღებენ. კანონდარღვევა ვერც მოსახლეობის პროტესტმა და ვერც გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეაგირებამ შეაჩერა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ინერტული მასალების ინტენსიური ამოღების შემდეგ, მდინარემ ნაპირების მიტაცება დაიწყო, სადაც მათ ბოსტნები აქვთ.
ერთ-ერთი ადგილობრივის, ვაჟა ხინკილაძის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა მდინარეზე თითქმის ყოველდღე მუშაობს და დატვირთული მანქანა მდინარის სანაპიროდან დღეში რამდენჯერმე გადის:
„თუ წყალი ადიდდა, მიდიან, თუ არა, აქ არიან, ინტენსიურად მუშაობენ. მივმართეთ ზედამხედველობის სამსახურს, დავრეკეთ ცხელ ხაზზე, ამოვიდნენ და გვითხრეს გავაჩერეთო, მაგრამ მეორე დღეს ისევ გააგრძელეს მუშაობა. ახლა განცხადება დავწერეთ, მეზობლებმა მოვაწერეთ ხელი და გაგზავნილი გვაქვს გარემოს დაცვაში.“
ინფორმაციას, რომ მდინარე მაჭახელაში ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვების ფაქტები დაფიქსირდა, არ უარყოფენ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში. აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსის, ნატო დავითაძის ინფორმაციით, მაჭახლის ხეობიდან ბოლო ათი დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე ორჯერ დარეკეს და ერთხელ წერილობითაც მიმართეს. ამას ემატება კიდევ ერთი შემთხვევა, როცა მდინარის კალაპოტიდან მასალების უკანონოდ ამოღება დეპარტამენტმა გეგმიური მონიტორინგის დროს გამოავლინა. ამავე ხეობიდან „ბათუმელებს“ გამოუგზავნეს ვიდეოკადრები, რომელზეც მდინარიდან ინერტული მასალის უკანონოდ ამოღების ფაქტია ასახული. ავტორის თქმით, ეს ვიდეო გასულ სამშაბათს, 4 თებერვალსაა გადაღებული.
სამსახურის უფროსის ნატო დავითაძის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შეტყობინების მიღების ორივე შემთხვევაში დეპარტამენტის სპეციალისტები ადგილზე გავიდნენ. ერთ შემთხვევაში მათ დარღვევა დააფიქსირეს, მეორედ კი დარღვევის გამოვლენა ვერ შეძლეს:
„როცა მივედით, არაფერი არ დაგვხვდა.“
ნატო დავითაძემ ვერ დაგვისახელა ასევე დამრღვევი კომპანია. მისი ინფორმაციით, კანონს ფიზიკური პირები არღვევენ, მათი სახელებისა და გვარების გაცემის უფლება კი დეპარტამენტს არ აქვს. დეპარტამენტში არც ის იციან, ხომ არ მუშაობენ ეს პირები რომელიმე კომპანიაში.
მდინარეებიდან ინერტული მასალების ამოღებაზე ლიცენზიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გასცემს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მდინარე მაჭახელაზე ასეთი ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა ნებართვა გაცემულია მდინარის პირას უკვე დასაწყობებული მასალების გატანაზე.
საქმე იმაშია, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ლიცენზიები გასცა იმ დასაწყობებული მასალების გატანაზე, რომელიც კომპანია „აჭარა ენერჯი 2007“-მა, თავის დროზე, მდინარე ჭოროხის იმ უბნიდან ამოიღო, სადაც ჰესი მოაწყო. შეთანხმების შესაბამისად, ამოღებული ინერტული მასალა კომპანიამ სახელმწიფოს გადასცა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სწორედ ეს მარაგი გაყიდა აუქციონის წესით, ჯამში, 4 მილიონ 555 000 ლარად. ლიცენზიის მფლობელი სამი კომპანია გახდა.
მაჭახელში ვარაუდობენ, რომ ლიცენზიის მქონე კომპანიები [ან რომელიმე კომპანია], რომლებმაც მასალების გატანის უფლების მოსაპოვებლად დიდი ფული დახარჯეს, მდინარე მაჭახელადან ინერტულ მასალებს დიდი ოდენობით იპარავენ, სახელმწიფო კი ამ პროცესის გაკონტროლებისას ისეთი მკაცრი არ არის, რომ დამრღვევმა დარღვევის გამეორება ვერ გაბედოს: „დღეში 20 მანქანა გადის“.
მდინარე მაჭახელაში ინერტული მასალების უნებართვოდ ამოღების ფაქტს იქ მცხოვრებლები ყველაზე ხშირად სწორედ დასაწყობებულ მასალებთან ახლოს აფიქსირებენ. ადგილობრივებს აქვთ ეჭვი, რომ მდინარიდან ინერტულ მასალებს უკანონოდ იღებს იგივე კომპანია, რომელსაც ლიცენზია აქვს დასაწყობებული ინერტული მასალის გატანაზე – ეს ლიცენზია კომპანიას მდინარის პირას თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. ეს, თავის მხრივ, იმასაც ნიშნავს, რომ ძვირადღირებულ სასარგებლო წიაღისეულს კერძო კომპანიები უფასოდ მოიპოვებენ.
„ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ კომპანია სწორედ იმიტომ შევიდა აუქციონში და გადაიხადა თანხა, რომ ჰქონდა მოლოდინი, მასალებს მდინარის კალაპოტიდანაც მოიპოვებდა, რაც მისთვის იქნებოდა დანახარჯის შევსება, ან ორმაგი მოგება. ეს გამოუვათ კიდეც, რადგან თითქმის ყოველდღე მუშაობენ და მოიპოვებენ მასალებს უფასოდ“, – ამბობს როინ მალაყმაძე.
მაჭახელა – ადგილი მდინარის სანაპიროზე, სადაც უკანონოდ მოიპოვებენ ინერტულ მასალებს
კომპანიები მდინარეებთან ინერტული მასალის დასაწყობებაზე თანხმობის მისაღებად მუნიციპალიტეტებსაც მიმართავენ. ამ გზით კომპანიას ტერიტორიაზე შეაქვს ლეგალურად მოპოვებული მასალა დასაწყობების მიზნით, შემდეგ კი იწყებს მდინარიდან მასალების უკანონოდ მოპოვებას. სქემის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი გამოჩნდება, კომპანიის ტექნიკა მიმართულებას ცვლის და ირწმუნება, რომ მდინარიდან კი არ იღებს მასალას, არამედ მდინარესთან დასაწყობებული საკუთარი მასალა გააქვს. ეს ხრიკი კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, ფაქტობრივად უფასოდ მოიპოვონ ძვირადღირებული ინერტული მასალა.
ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურში დღეს განგვიმარტეს, რომ ამ ეტაპზე რაიმე სახის თანხმობა მდინარე მაჭახელასთან ინერტული მასალების დასაწყობებაზე მერიას გაცემული არ აქვს. მერიის იურისტის, თემურ გაწერელიას თქმით, ასეთი თანხმობები მუნიციპალიტეტს გაცემული ჰქონდა და ამაში ის პრობლემას ვერ ხედავს. „რატომ უნდა იყოს მერია წინააღმდეგი, თუ ვინმე ადგილის გამოყენებას ითხოვს? ამ შემთხვევაში უპრიანია იჯარის წესის გამოყენება“, – გვითხრა მან და განგვიმარტა, რომ მუნიციპალიტეტი ინერტული მასალის დასაწყობებაზე არანაირ ნებართვას არ გასცემს და ეს მხოლოდ თანხმობაა იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას მასალების მოპოვებაზე ლიცენზია უკვე აქვს.
„მუნიციპალიტეტი მხოლოდ თანხმობას აცხადებს, ე.ი. არ მიდის წინააღმდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომპანიას ინერტული მასალის მოპოვების სპეციალური ლიცენზია. არის შემთხვევები, როდესაც მდინარის პირას ვერ ჩადიან იმიტომ, რომ მოუხერხებელი ადგილია, როცა ვარდნა დიდია და ხრამივითაა, ამიტომაც მდინარიდან ამოღებულ მასალას იქვე ყრიან, რომ შესასვლელი გზა გააკეთონ. ეს არის წერტილები, რომელსაც გარემოს დაცვა აკონტროლებს. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ თანხმობა გვქონდა დასაწყობებაზე“, – გვითხრა თემურ მოწყობილმა.
კანონმდებლობით მდინარის ნაპირების განკარგვაზე მუნიციპალიტეტს უფლებამოსილება არ გააჩნია და არც იმის განსაზღვრაა მუნიციპალიტეტის კომპეტენცია, როგორ ამოიღებს მასალებს ლიცენზირებული კომპანია. წყლის დაცვის შესახებ კანონით, მდინარის წყალდაცვითი ზოლი სახელმწიფო ქონების სააგენტოს ეკუთვნის. მდინარის წყალდაცვით ზოლად კი მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, „რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად.
წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს. მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის დადგენილია 50 მეტრი.“
ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის ინფორმაციით, მას ასეთი შეთანხმებები მართლაც გაცემული აქვს, თუმცა ამ გადაწყვეტილებებს ის ქონების სააგენტოს, ასევე გარემოს დაცვის სამსახურს უთანხმებს: „კომპანიას, რომელსაც უნდოდა, რომ გამეცა თანხმობა მასალების დასაწყობებაზე, ვუპასუხე, რომ მე წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართოს ნებართვაზე.“
მაჭახელში ამბობენ, რომ თუ ვითარება არ შეიცვლება, პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავენ: „თუ ამას მთავრობა უარყოფს, მაშინ ჩვენ მოვიქცევით ასე: მდინარეზე შესულ ტექნიკას გამოსასვლელ გზას დავუკეტავთ და მთავრობას ფაქტის წინაშე დავაყენებთ. ჩვენ ამის გაგრძელებას არ დავუშვებთ“.
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძის აჭარის ტელევიზიიდან წასვლას „პოლიტიკურ ზეწოლად“ აფასებს. ნათია ზოიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის პირველი მოადგილის პოსტი 2 თებერვალს დატოვა. მანამდე მას ტელევიზიის ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ხელშეკრულება შეუცვალა და მოვალეობად მხოლოდ ანგარიშების მომზადება დაუტოვა.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ზეწოლის ბოლო მაგალითის გამო, რაც ძირს უთხრის ქვეყანაში პოლიტიკურ პლურალიზმს და სიტყვის თავისუფლებას – ამ კვირაში ნათია ზოიძემ თანამდებობა დატოვა, როგორც აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილემ,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აქვე ნახავთ ნათია ზოიძის ციტატას მისი ფეიქბუქპოსტიდან: „იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება…“
ორგანიზაცია თავის განცხადებაში აქცენტს აკეთებს რამდენიმე დღის წინ აჭარის ტელევიზიაში შექმნილ ალტერნატიულ პროფკავშირზეც, რომელმაც ნათია ზოიძის სამსახურიდან წასვლის შემდეგ მიიჩნია, რომ ეს „სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფაქტია“.
„ნათია ზოიძის გადაყენება მიუთითებს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე მზარდია… მთავრობის მოკავშირეები სულ უფრო მეტ კონტროლს იღებენ კრიტიკულ, ან დამოუკიდებელ მედიაზე,“ – აცხადებს ჟან კავალიერი, RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. იგი საქართველოს მთავრობას მოუწოდეს მედიის დამოუკიდებლობის და პლურალიზმის დაცვის გარანტიები შექმნას.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საუბრობს სხვა მედიასაშუალებებზეც, რომლებსაც პრობლემებიც შეექმნათ, მაგალითად, „რუსთავი 2“-ს, სადაც მესაკუთრეები შეიცვალნენ, ასევე ტელევიზიებზე, რომლებსაც ფინანსური სანქციები დაუწესეს. საერთაშორისო ორგანიზაცია ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ შერჩევით მიდგომას ხედავს.
„მთავრობა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისა“ და „იმედისთვის“ 15 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადის გადავადებას დათანხმდა, მაშინ როდესაც კრიტიკულ მედიასთან მიმართებით მან მსგავსი მიდგომა არ გამოიყენა,“ – აღნიშნულია განცხადებაში. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედია მფლობელების – ნიკა გვარამიას და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავებზეც აკეთებს აქცენტს.
20 წლის თამთა კაპანაძე შარშან Google-მა სტუდენტ ლიდერებს შორის შეარჩია, რომ საკუთარ უნივერსიტეტში „გუგლთან“ ერთად Google Developer Student Club – „გუგლის“ დეველოპერთა სტუდენტური კლუბი გააკეთოს.
თამთა ახალციხიდანაა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის მიმართულებაზე სწავლობს. მან შარშან გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაფინანსებულ სემინარებზე ვებპროგრამირება და ციფრული მარკეტინგი ისწავლა. სწორედ ამ სემინარების ტრენერებისგან შეიტყო თამთამ, რომ „გუგლი“ ევროპაში მოხალისე დეველოპერებისთვის კონკურსს აცხადებდა. „გუგლმა“ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 60 მოხალისე სტუდენტი აარჩია კონკურსისა და გასაუბრების წესით. ერთ-ერთი თამთა კაპანაძე აღმოჩნდა.
„გუგლდეველოპერების კლუბის პროექტს ევროპის მასშტაბით პირველად აკეთებს „გუგლი“ და გადავწყვიტე მეცადა. არ მეგონა გასაუბრების ეტაპზეც თუ გადავიდოდი, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 3 000 კონკურსანტს შორის მთელ ევროპაში 60 აგვარჩიეს, მათ შორის მეც. კონკურსში გამარჯვებულები ოქტომბერში პარიზის „გუგლის“ ოფისში მიგვიწვიეს სამიტზე. ჩვენი მიზანი „გუგლის“ სერვისების პოპულარიზება და პროგრამირების პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა, პროგრამისტებისთვის კი იმ სერვისების მიწოდებაა, რაც მათ პროგრამირების პროცესს გაუადვილებს,” – ამბობს თამთა კაპანაძე, „გუგლის“ დეველოპერი საქართველოში, რომელმაც პარიზის ვებსამიტიდან დაბრუნების შემდეგ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში „გუგლის“ კლუბი შექმნა და 5 ვორქშოპი ჩაატარა კლუბის გეგმების განსაზღვრისა და სამომავლო საქმიანობის შესახებ.
თამთა კაპანაძის „გუგლის“ კლუბის პირველი ოფიციალური ღონისძიება 20 თებერვალს „გუგლის“ ორგანიზებული პროგრამირების გუნდური შეჯიბრის მასპინძლობა იქნება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოყვარულ, დამწყებ და პროფესიონალ პროგრამისტთა 2-4-კაციან გუნდებს. რეგისტრაციის გავლა კი 17 თებერვლამდეა შესაძლებელი. შეჯიბრი 20 თებერვალს, 21:30 საათზე დაიწყება და შუაღამის 2:00 საათამდე გასტანს. პროგრამისტთა ჩემპიონატის შედეგები 25 თებერვალს გახდება ცნობილი.
ონლაინკვალიფიკაციის რაუნდს კი Developer Student Club Akaki Tsereteli State University-სა და WomenTechmakers Georgia-ს გუნდი უმასპინძლებს DSC Akaki Tsereteli State University Hub-ში, სადაც მონაწილეებისათვის სპეციალურად სამუშაო სივრცე იქნება შექმნილი.
„ეს არის „გუგლის“ გლობალური ჩემპიონატი და წელიწადში ერთხელ იმართება მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს. ჩემპიონატის დროს გუნდებს „გუგლი“ აძლევს კონკრეტულ დავალებებს. პროგრამირების სასურველ ენას ჩემპიონატის მონაწილეები თავად ირჩევენ.
ქუთაისში ჩემპიონატს პირველად ვმასპინძლობთ. ამის საშუალება მოგვცა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ონლაინსაკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წელს გადაცილებულ პირებს, ხოლო ფინალურ რაუდნზე – 18 წელს გადაცილებულებს,”- ამბობს თამთა კაპანაძე.
ფინალური რაუნდი „გუგლის“ საერთაშორისო ოფისში გაიმართება.
ჩემპიონატის შემდეგ „გუგლის“ კლუბი 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე, ტექნოლოგიური ფესტივალის ჩატარებას გეგმავს.
თამთას მიაჩნია, რომ პროგრამირება დროის მსვლელობასთან ერთად სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან პროფესიად იქცევა და გეგმავს საკუთარი პროფესია აუცილებლად პროგრამირებას დაუკავშიროს.
„მათემატიკის კარგი ცოდნა პროგრამირებისთვის საუკეთესო საფუძველია, კომპიუტერული მეცნიერებები უნივერსიტეტში არჩევითი საგნებია ჩემთვის და ანდროიდდეველოპერობას ვგეგმავ, ამ სისტემისთვის აპლიკაციების შექმნა ჩემი დიდი ინტერესია. რა ტიპის აპლიკაციებს შევქმნი, ეს დამკვეთებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი საქმე ძალიან მოთხოვნადი იქნება. ახლა სწორედ აპლიკაციების შექმნის სწავლას ვიწყებ.
„გუგლის“ ვორქშოპებმა პარიზში დამარწმუნა, რომ ეს მიმართულება ჩემია. საერთოდ ყველაზე მეგობრული კომპანიაა, მაგალითად, „გუგლის“ პარიზის ორგანიზაციის წარმომადგენელი სულ კონტაქტზეა, ყველა კონტინენტის კლუბთან უწევს კონტაქტი, ყველასთვის ინდივიდუალური და სხვადასხვაგვარი რჩევების მიცემა უწევს: რაც გერმანიაში მუშაობს, მაგალითად, ის საქართველოში არ იმუშავებს და ამიტომ. მიუხედავად ამისა, მაინც ყველასთან ახერხებს აქტიურ კონტაქტს, მანძილი ხელს არ გვიშლის, გავცვალოთ იდეები და რეკომენდაციები,“- ამბობს თამთა.
თამთა კაპანაძე – „გუგლის“ მოხალისე დეველოპერი საქართველოდან
ტექნოლოგიების მიმართ მისი დიდი ინტერესი შემთხვევითი არ არის. თავადაც აქტიურად იყენებს უამრავ სხვადასხვა აპლიკაციას და დარეგისტრირებულია თითქმის ყველა დიდ სოციალურ ქსელში. თამთას ყველაზე საყვარელი აპლიკაცია მათემატიკის აპლიკაციაა, რომელიც გრაფიკებსაც კი გიდგენს წარმოსახვისთვის და შემთხვევითობების პრიციპით ამოცანებსაც გთავაზობს ამოსახსნელად.
თამთა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრიცაა და შარშან ქუთაისში ახალგაზრდების საჭიროებებს იკვლევდა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მათი ძირითადი პრობლემა სამუშაო ადგილების სიმცირე, არაანაზღაურებადი სტაჟირება, ქალაქში თვითრეალიზებისა და გართობისთვის მოსახერხებელი ადგილების არარსებობა და უნივერსიტეტის ლექციების მოუხერხებელი გრაფიკია, რაც მათ ართმევს დასაქმების შესაძლებლობას.
„ვიცი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ყველგან აქვთ საქართველოში ახალგაზრდებს, მაგრამ ქუთაისსა და ჩემს მშობლიურ ახალციხეშიც არანაკლებ მწვავედ დგას ეს საკითხი. ახალციხეში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, იქვე განვითარება, დასაქმება რომ გინდოდეს, არაფერი გამოგივა. მიუხედავად ამისა, ჩემი მიზანი ამ მდგომარეობის შეცვლა და ახალციხეში დაბრუნებაა,” – ამბობს თამთა.
ლონდონში დასრულდა აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის ცოლის, ზამირა გაჯიევას საქმის განხილვა, – წერს BBC. ეს საქმე განსაკუთრებით იმითაა მნიშვნელოვანი, რომ შესაძლოა ამას მოჰყვეს დიდ ბრიტანეთში მცხოვრები იმ პირების ქონების წარმომავლობის შესწავლა, რომელთა სიმდიდრის წყაროც დაუდგენელია.
ზამირა გაჯიევას ქმარი, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაჰანგარ გაჯიევი 2016 წელს ბაქოს სასამართლომ გაასამართლა თაღლითობის, გაფლანგვისა და თანხის მითვისების ბრალდებით. ზამირა გაჯიევა ბოლო წლებია დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. იგი 2018 წელს გახდა დიდი ბრიტანეთის ახალი ანტიკორუფციული კანონის პირველი სამიზნე, რომელიც დაუდგენელი წარმოშობის სიმდიდრეს ეხება. გაჯიევამ ორჯერ გაასაჩივრა ორდერი, თუმცა 5 თებერვალს მისი სააპელაციო სარჩელი სასამართლომ არ მიიღო და გაჯიევა გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში ვეღარ შეძლებს.
გაჯიევამ დიდ ბრიტანეთში ძალიან მდიდრული ცხოვრებით მიიქცია ყურადღება. მან ლონდონში 20 მილიონ ფუნტ სტერლინგად ღირებული უძრავი ქონება შეიძინა – , 16 მილიონი ფუნტი სტერლინგი კი უნივერმაღ Harrods-ში დახარჯა.
დიდ ბრიტანეთში მოსახლეობა უკმაყოფილოა, რომ ლონდონი საეჭვო კაპიტალის თავშესაფრად იქცა – წერს BBC. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში შეიმუშავეს ახალი ინსტრუმენტი, „დაუდგენელი სიმდიდრის ორდერი“, რაც სამართალდამცავებს უფლებას აძლევს სიმდიდრის წარმომავლობის დასაბუთება მოითხოვონ.
ახლა გაჯიევამ 7 დღის ვადაში უნდა დაასაბუთოს სიმდიდრის კანონერი წარმომავლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტო მიმართავს სასამართლოს მისი ქონების კონფისკაციის მოთხოვნით, ქონება გაიყიდება და მიღებული თანხა დიდი ბრიტანეთის ხაზინაში შევა.
თუ კი გაჯიევა წარმოადგენს შემოსავლის კანონიერ წყაროებს, დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს [NCA] 60 დღე აქვს მისი ანგარიშების შესასწავლად და ამის შედეგ გადაწყდება, დაიხურება საქმე თუ NCA დაიწყებს გაჯიევას ქონების კონფისკაციის საქმეს.
BBC წერს, რომ როგორადაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, „დაუდგენელი სიმდიდრის“ მფლობელებს არაფერი ემუქრებათ, ქონების ჩამორთმევა მათ დამნაშავეებად არ აქცევს, რადგან საქმე განიხილება არა სისხლის სამართლის, არამედ სამოქალაქო კოდექსის ფარგლებში.
„დაუდგენელ სიმდიდრეზე“ ორდერი შეიძლება გამოწეროს სასამართლომ მხოლოდ პოლიტიკურ ფიგურებზე ევროპის გარეთ და მძიმე დანაშაულში ეჭვიმიტანილებზე, მოქალაქეობის მიუხედავად.
გაჯიევას ორდერი, რომელიც 2018 წლის თებერვალში გამოიწერა, პირველია. სასამართლოში კიდევ სამი მსგავსი საქმე უნდა შევიდეს. ვისზე გამოიწერება ორდერები უცნობია, თუმცა BBC-ს ცნობით, NCA-მ განაცხადა, რომ გამოიწერება ორდერები პირებზე აფრიკიდან, აზიიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან.
BBC წერს, რომ NCA სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. „ეს ახალი კანონია და ჩვენ გვესმოდა, რომ საქმე სასამართლომდე მივიდოდა. გადაწყვეტილებით კმაყოფილები ვართ, შეიქმნა პრეცედენტი, რომელიც დაგვეხმარება შემდეგ შემთხვევებში“, – განაცხადა NCA -ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი ფოტოხაფანგით გადაღებულ ნიამორების ფოტოებს ავრცელებს.
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მიუნიციპალიტეტში მდებარეობს და მოიცავს სამი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, ასას აღკვეთილსა და როშკის ბუნების ძეგლს.
ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონის კვამლგაწოვისა და ხანძარქრობის სისტემების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე 3 605 629 ლარით ტენდერია გამოცხადებული. ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა.
პირობის მიხედვით, სამუშაოს შესრულების სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვე. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2020 წლის 22 თებერვალს დაიწყება და 27 თებერვალს დასრულდება.
შესასრულებელი სამუშაოს სახეობებია: სახანძრო სარქველები; კვამლგაწოვა, დაწნეხვა, კომპენსაცია; ქაფი; გაზით (NOVEC) ქრობა; გაზით ქრობის სისტემა; სატრანსფორმატორო CO2, ლოკალური ქრობა; სახანძრო სისტემის მართვა; გამათბობელი კაბელები, ფარები; უკუკავშირის სისტემა; სპრინკლერული სისტემა; დამიწების სისტემა; სამშენებლო ნაწილი.
ამასთან, „ყველა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე სამუშაოების წარმოების ვადა და განხორციელების მეთოდი შეთანხმებული უნდა იქნას სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების მწარმოებელ მესამე პირთან/პირებთან, რაც უნდა დადასტურეს მხარეებს შორის გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტით. დოკუმენტი შექმნისთანავე უნდა წარედგინოს შემსყიდველს და ზედამხედველს“.
შპს „სტადიონში“ ადრე განაცხადეს, რომ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადამდე გაცილებით ადრე [2020 წლის მარტში] დასრულდეს. საფეხბურთო სტადიონს კომპანია „ანაგი“ აშენებს, რომელთანაც ხელშეკრულება დღგ-ს ჩათვლით, ჯამში, 141 869 522 ლარზეა გაფორმებული.
25-28 მარტს თბილისი რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები არიან, როგორებიცაა: 5 გრემის ჯილდოს მფლობელი საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი დაიან რივსი, ჯაზის ლეგენდები კენი ბარონი, დეივ ჰოლანდი და ჯონათან ბლეიქი, ბრიტანეთის ამომავალი ვარსკვლავი, ევროპის საფესტივალო სეზონის ყველაზე მოთხოვნადი არტისტი აიანა უიტერ-ჯონსონი.
ტრადიციულად, წლევანდელ ფესტივალში ჯაზ-ლეგენდებთან ერთად სხვადასხვა თაობის ქართველი ჯაზ-შემსრულებლებიც მონაწილეობენ. მსმენელის წინაშე უახლესი პროექტებით წარდგებიან გუჯა მარდინის კვარტეტი, ლუკა თოფურიას კვარტეტი, რეზო კიკნაძის სიქსტეტი და გია რაქვიაშვილის ტრიო.
თბილისის 23-ე ჯაზ-ფესტივალს 25 მარტს რუსთაველის თეატრში ბრიტანელი ჯაზ-მუსიკოსის აიანა უიტერ-ჯონსონის კონცერტი გახსნის, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე წარდგება კენი ბარონისა და დეივ ჰოლანდის ტრიო. ამავე დღეს, საფესტივალო ჯაზ-საღამოს კლუბ „ზინგერში“გუჯა მარდინის კვარტეტი დაასრულებს.
26 მარტს, რიგით მეორე საფესტივალო დღეს, კლუბ „ზინგერში“ ლუკა თოფურიას კვარტეტის კონცერტი გაიმართება, ხოლო 27 მარტს მსმენლის წინაშე რეზო კიკნაძის სიქსტეტი წარდგება.
რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს 28 მარტს რუსთაველის თეატრში ლეგენდარული დაიან რივსი დახურავს, რომელიც მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება.
ბოლო საფესტივალო დღეს მეორე კონცერტიც გაიმართება – კლუბი „ზინგერი“ ამჯერად გია რაქვიაშვილის ტრიოს უმასპინძლებს.
ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ჯაზის ვირტუოზები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ. პირველ მასტერკლასს 26 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აიანა უიტერ-ჯონსონი გამართავს, ხოლო 28 მარტს რუსთაველის თეატრში სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის დაიან რივსი ღია რეპეტიციას ჩაატარებს და მომავალი ვოკალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს.
თბილისის რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.
ჯაზ -ფესტივალში მონაწილე არტისტების მასპინძელია „შავი ლომი“.
ფესტივალის მედიამხარდამჭერები: მარკეტერი, ნეტგაზეთი, რადიო ფორტუნა, Financial.
ევროინტეგრაციის თემაზე სასაუბროდ სკოლაში მოვიწვიეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის რეგიონალური წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი. მან აუდიტორიას საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორია, განვითარების ეტაპები გააცნო და ევროკავშირის დაარსების, ფუნქციონირების, მიზნებისა და პრინციპების შესახებ ესაუბრა. მსმენელებს ყველა იმ უპირატესობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ეხება.
სპიკერმა ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რომლებიც ამ პროცესში არსებობს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი დეზინფორმაციის პირობებში; აუცილებელია, ახალგაზრდობა იცნობდეს მასთან გამკლავების ეფექტურ გზებს, მით უფრო, რომ სკოლა „ევრო-2000“-სს მჭიდრო ურთიერთობები აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი პროფილის სასწავლებლებთან და ინტენსიურად ახორციელებს გაცვლით პროგრამებსაც.
„სწავლა ხალისით, გზა ევროპისკენ“ – ეს სკოლის დევიზია და უკვე 20 წელია ჩვენ, პედაგოგები, ადმინისტრაცია, მოსწავლეები და მშობლები ერთად ვემსახურებით მომავალი თაობების აღზრდას.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“, თუმცა ამ კანონის მიღებამდე და ძალაში შესვლის შემდეგაც [2020 წლის 13 იანვრიდან], აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები აჭარაში კანონდარღვევითაა აღმართული.
[highlight color=”blue”]უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონით[/highlight], „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის წესი განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით“.
[highlight color=”red”]საქართველოს კანონის[/highlight] – „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ – მეორე თავის მე-7 მუხლით: „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე დიდი ზომის და აღმართული უფრო მაღლა“.
აჭარის ტერიტორიაზე კი, საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დღიდან [2018 წლის 16 დეკემბერი] ამ დრომდე, ადმინისტრაციულ შენობებსა და სხვა ადგილებში, აჭარისა და საქართველოს დროშები აღმართულია ერთნაირი ზომის და ერთნაირ სიმაღლეზე.
კანონით, „საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.
საქართველოს და აჭარის დროშები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაზე / 6.02.2020
ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთნაირი ზომისა და თანაბარ სიმაღლეზე საქართველოსა და აჭარის დროშების გამოფენა/აღმართვა არის თუ არა საქართველოს და აჭარის კანონების დარღვევა? და ვის ეკისრება [ან დაეკისრა თუ არა] პასუხისმგებლობა და რა ფორმით, კანონის დარღვევისთვის? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.
„თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტთან ერთად მუშაობს კანონში – „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ – ცვლილებების შეტანაზე, რაც ითვალისწინებს აგრეთვე აღნიშნული კანონის მეორე თავის მე-7 მუხლის ცვლილებას“, – მოგვწერეს ჰერალდიკის საბჭოდან გუშინ, 5 თებერვალს.
—
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონი, 2018 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა ძალაში. იმის თაობაზე, რომ აჭარაში სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესი დარღვეული იყო, „ბათუმელები“ 2018 წლის დეკემბერშივე წერდა. ჰერალდიკის საბჭოში მაშინაც განაცხადეს, რომ კანონში შევიდოდა ცვლილება.
ჰერალდიკის საბჭოში მაშინ ისიც გვითხრეს, რომ ამ შემთხვევაში დასადგენია, თუ რა პასუხისმგებლობაზე იქნება საუბარი: „თუ ხულიგნობის მუხლით იქნება დარღვევა, ასეთ დროს პასუხისმგებლობა განსაზღვრულია კანონმდებლობით, სხვა დეტალები კი, დასაზუსტებელია“.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელ წევრად უმაღლესმა საბჭომ დღეს, 6 თებერვალს, ტარიელ გოგიტიძე აირჩია. იგი ასლან აბაშიძის სამთავრობო დაცვის სპეცსამსახურში მუშაობდა 1994 წლიდან 2004 წლამდე, ვიდრე ასლან აბაშიძეს ქვეყნის დატოვება მოუხდებოდა. 2018 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ტარიელ გოგიტიძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა ბათუმის საარჩევნო ოლქში.
ტარიელ გოგიტიძის მიერ უმაღლეს საბჭოში წარდგენილი CV-ის მიხედვით, იგი 2004 წლიდან 2014 წლამდე უმუშევარი იყო. ტარიელ გოგიტიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ პერიოდში, ძირითადად, ცალკეულ კომპანიებს იურიდიულ მომსახურებას უწევდა. 2014 წლიდან დღემდე ტარიელ გოგიტიძე შპს „საფინანსო საკრედიტო ბიუროს“ კრედიტოფიცერად მუშაობდა. ტარიელ გოგიტიძე 4 მარტიდან შეუდგება უსკო-ში მუშაობას, ის გუგული დუაძეს ჩაანაცვლებს.
უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ტარიელ გოგიტიძეს 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. უსკო-ს წევრობის მეორე კანდიდატი მალხაზ ბოლქვაძე იყო. მას ორმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საბჭოს სხდომას დღეს ენმ არ დასწრებია.
„რიგგარეშე სესიამდე ორივე კანდიდატს წამყვან-საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს. აღნიშნულმა კომიტეტმა მათი სამოქმედო გეგმების განხილვის შემდეგ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, რეკომენდაცია ტარიელ გოგიტიძეს გაუწია,“ – აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„…ქობულეთის მუნიციპალიტეტში ს.-ის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.ბ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ. კერძოდ: არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ.ბ.-ს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი დაარტყა თავის არეში, რის შემდეგაც ხელები მოუჭირა ყელზე… დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია განაჩენში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობისთვის ქობულეთში მცხოვრებ კაცს 120 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდეს.
ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა. მას სადავოდ არ გაუხდია პროკურატურის მიერ ამ საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებები მათ შორის, ვიზუალური დათვალიერების ოქმი, რომელიც პოლიციელებმა შემთხვევის ადგილზე შეადგინეს. ამ ოქმის მიხედვით, ქალის „კისრის წინა ნაწილში გამოხატულია სამი სხვადასხვა ზომისა და ფორმის მოწითალო ფერის ლაქები სისხლნაჟღენთების სახით“.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებული დამნაშავედ მიიჩნია და 150 საათით შეუფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული გირაოთი გათავისუფლებამდე პატიმრობაში იყო 7 დღე, მას სასჯელი 30 დღით შეუმცირდა.
„გოჩა თავდუმაძემ 2019 წლის ნოემბერში დაამზადა ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მომყვანი ელექტრომოწყობილობა…“ – აღნიშნულია დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, რომელიც სუს-ის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი პროკურორი, მაია სილაგაძე აწერს ხელს. გოჩა თავდუმაძე ერთ-ერთია იმ 6 ბრალდებულს შორის, რომლებიც სუს-მა 30 იანვარს დააკავა.
გამოძიების ვერსიით, ჯგუფი თბილისში ძმების – გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობას ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით გეგმავდა. დაკავებული 6 პირიდან 4 ბათუმიდანაა – მათ შორის, გოჩა თავდუმაძე, რომელსაც სხვების მსგავსად აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს და სხვებისგან განსხვავებით წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
გოჩა თავდუმაძეს გამოძიება ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადებასა და გასაღებას ედავება ჯგუფურად. ბრალდების მიხედვით, მას ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრები ნუგზარ ბეჟანიძე დაუკავშირდა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მომყვანი დისტანციური მართვის პულტის დამზადება შეუკვეთა. გოჩა თავდუმაძის ადვოკატი კი ამბობს, რომ გოჩამ ადამიანების აფეთქების შესახებ არაფერი იცოდა და მიიჩნია, რომ ნუგზარ ბეჟანიძეს დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობა თევზაობისთვის სჭირდებოდა.
„…ნუგზარ ბეჟანიძემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ფეთქებადი ნივთიერება – ტროტილი, რაც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და შეინახა მის საცხოვრებელ ბინაში – მეჯინისწყლის დასახლება… ნოემბერში როლანდ ბერიძემ იური მჟავანაძესთან ერთად ნუგზარ ბეჟანიძეს შეუკვეთა ორი ცალი დისტანციურად მოქმედი ასაფეთქები მოწყობილობის დამზადება. ნუგზარ ბეჟანიძემ დახმარება სთხოვა მის ნაცნობს – გოჩა თავდუმაძეს და მოწყობილობის დასამზადებლად გადასცა როლანდ ბერიძის მიერ შეძენილი ორი ცალი მობილური ტელეფონი და ოთხი ცალი სიმბარათი,“ – ვკითხულობთ დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ.
ამავე დადგენილების მიხედვით, მეჯინისწყლის დასახლებაში ნუგზარ ბეჟანიძემ და გოჩა თავდუმაძემ საცდელი აფეთქებაც მოაწყვეს მას შემდეგ, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მომყვანი ელექტრომოწყობილობა გოჩა თავდუმაძემ დაამზადა.
„…მიუტანა ნუგზარ ბეჟანიძეს მის საცხოვრებელ სახლში, სადაც მიაერთეს ელექტროდეტონატორები და დაამაგრეს ტროტილი და მოახდინეს საცდელი აფეთქება“, – აღნიშნულია დადგენილებაში.
გამოძიების ვერსიით, საბოლოოდ ასაფეთქებლი მოწყობილობა ნუგზარ ბეჟანიძემ გადასცა როლანდ ბერიძეს. დადგენილებაში არ არის ნახსენები, რა ფინანსური სარგებელი მიიღო გოჩა თავდუმაძემ ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მომყვანი მოწყობილობის დამზადებისთვის.
„ის არის მაღალი დონის IT სპეციალისტი, მუშაობს რამდენიმე კერძო კომპანიაში ერთდროულად და ლოგიკურად ამ გარიგებაში მონაწილეობა გოჩას არ დასჭირდებოდა,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე, რომელიც გოჩა თავდუმაძის ინტერესებს იცავს. მან ბრალდებულის ვერსია გაგვაცნო:
„გოჩა ამბობს, რომ იცნობდა ნუგზარს და მან მართლაც სთხოვა დისტანციური მოწყობილობის დამზადება ვიდეო კამერების დისტანციური ჩართვისთვის. გოჩას მისცეს 120 დოლარი და ავტონაწილებში ნაყიდი პულტით დაამზადა ეს მოწყობილობა. მისი თქმით, იქ არ ყოფილა საუბარი ტროტილზე, მას არ ჰქონია არანაირი ასაფეთქებლი ნივთიერება. როცა მიუტანა ეს პულტი სახლში, უთხრა, იცოდეთ, ბრაკონიერობას თუ აპირებთ, მე არ მომადგეს ვინმეო… მე არ ვიცი, რა ხდება სხვების შემთხვევაში, მაგრამ გოჩა თავდუმაძის საწინააღმდეგო მტკიცებულებები ამ საქმეში არ არსებობს,“ – გვითხრა დავით ჯაფარიძემ.
მტკიცებულებები მოწმეთა ჩვენებებია, ასევე თავად ბრალდებულების გამოკითხვის ოქმები და ჩხრეკის ოქმები – ბრალდების ვერსიით, 2020 წლის 22 ნოემბერს ნუგზარ ბეჟანიძის სახლიდან სამართალდამცველებმა ორი ცალი ტროტილის კოჭა [სულ 150 გრამი] ამოიღეს.
ადვოკატი დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ გოჩა თავდუმაძის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ერთი მტკიცებულება არსებობს – ნუზარ ბეჟანიძის ჩვენება.
„გოჩა თავდუმაძე დააკავეს მხოლოდ ნუგზარ ბეჟანიძის ცრუ ჩვენების საფუძველზე, ის ხელს აფარებს რეალურ დამნაშავეებს. მე ველი გამამართლებელ განაჩენს, რადგან უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, უნდა არსებობდეს მინიმუმ 2 პირდაპირი მტკიცებულება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად,“ – ამბობს დავით ჯაფარიძე.
ნუგზარ ბეჟანიძე, ასევე როლანდ ბერიძე და იური მჟავანაძე მუშაობდნენ ასლან აბაშიძის და მისი შვილის – გიორგის დაცვის სამსახურში. გოჩა თავდუმაძე კი ასლან აბაშიძის მმართველობის დროს უშიშროების თანამშრომელი იყო ინტერნეტკომუნიკაციების კუთხით. იგი 2004 წელს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დააკავეს. მაშინ პოლიცია აცხადებდა, რომ დაკავებულის ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღეს მოსასმენი აპარატურა და ეჭვმიტანილი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაშია ბრალდებული. საბოლოოდ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ თავდუმაძე დრამატულ თეატრსა და სხვა დაწესებულებებში 80 ათასზე მეტი ლარის ღირებულების ვიზუალური კონტროლის, ვიდეოჩამწერი და სხდომების წასაყვანი აპარატურის მითვისებაში დაადანაშაულა. თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გოჩა თავდუმაძე 2016 წელს გაამართლა.
ამჯერად, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გოჩა თავდუმაძეს 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.