მთავარი,სიახლეები

ღალატის ბრალდებით დაკავებულის ცხოვრება – გოჩა თავდუმაძის საქმე

25.11.2012 • 2821
ღალატის ბრალდებით დაკავებულის ცხოვრება – გოჩა თავდუმაძის საქმე

გოჩა თავდუმაძის დაკავება მედიამ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ფართოდ გააშუქა. მაშინ პოლიცია აცხადებდა, რომ დაკავებულის ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღეს მოსასმენი აპარატურა და ეჭვმიტანილი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაშია ბრალდებული. საბოლოოდ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ თავდუმაძე დრამატულ თეატრსა და სხვა დაწესებულებებში 80 ათასზე მეტი ლარის ღირებულების ვიზუალური კონტროლის, ვიდეოჩამწერი და სხდომების წასაყვანი აპარატურის მითვისებაში დაადანაშაულა. საქმის მასალებში თავდუმაძე მოხსენიებულია, როგორც სახელმწიფო დაცვის სამსახურის დანაყოფის უფროსი.

განსასჯელი ამბობს, რომ გათავისუფლების დროს შემდეგი პირობები წაუყენეს – არ ელაპარაკო ჟურნალისტებს, არ წახვიდე რუსეთში… გოჩა თავდუმაძე 8-წლიან დუმილს არღვევს და ყვება იმაზე, თუ რატომ დააკავეს, როგორ გაათავისუფლეს, როგორ აიძულებდა პროკურატურა უფასო შრომას:

დაკავების დროს თქვეს, რომ მანქანის საბარგულში მქონდა მოსასმენი აპარატურა, გადამცემები, მაშხალა და ვმუშაობდი რუსეთის სასარგებლოდ. 24 საათი ვყავდი პოლიციაში. მათ ვეკითხებოდი, ვიყავი თუ არა დაკავებული. მეუბნებოდნენ, რომ არა. ვეკითხებოდი – შეიძლება წავიდე? მეუბნებოდნენ – არა. 29 ნოემბერს, დაკავებიდან 48 საათში, სასამართლოში მიმიყვანეს. უნდოდათ პოლიტიკური მუხლის წაყენება – სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობა, მაგრამ შემდეგ შეცვალეს მუხლი.

საქმე ჩქარი ტემპით შეკერეს და იმდენად ბევრი შეცდომაც დაუშვეს, რომ ოთხმა მოსამართლემ თქვა უარი საქმის ბოლომდე მიყვანაზე. შესაბამისად, ამ დრომდე არ გავუსამართლებივარ.

9 თვეს ვიჯექი ციხეში, აქედან ერთი თვე ვიყავი სამინისტროში, კანონით სამინისტროში მხოლოდ 3 დღეს უნდა დავეტოვებინე… მათ ვუხსნიდი, რომ გაცილებით ადვილია ინფორმაციის გადაცემა ინტერნეტით და ამ საქმეს გადამცემი არ სჭირდება. 9 თვის მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა მემუშავა: ბათუმში ჩამოდიოდნენ უკრაინის, აზერბაიჯანისა და ჩვენი პრეზიდენტები. შეხვედრა თეატრში იმართებოდა. სინქრონული თარგმანი და მიკროფონების გამართულად მუშაობა უზრუნველვყავი ამ შეხვედრაზე. ამის შემდეგ ციხეში აღარ დავუბრუნებივარ.

  • თქვენ თქვით, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ თავდაცვისა და შს მინისტრებისგან მიიღეთ შეკვეთა. რა სამუშაო შეასრულეთ?

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თითქმის ორი წელი ჩემთვის ხელი არ უხლიათ. წვრილ-წვრილ დაკვეთებს ვიღებდი კერძო სახლებში.

ერთ დღესაც დამიძახეს ბაჩო ახალაიასთან, ახალი დანიშნული იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. ეს ომის შემდეგ იყო. ახალაიამ როდესაც გაიგო, რომ ღალატის მუხლით დამაკავეს, თავის მოადგილესთან გადამამისამართა. მათ უნდოდათ რადიოსიხშირე გაეკონტროლებინათ – მაღალ მთებზე სპეციალურ რეტლანსლატორებს ვაყენებდი.

დეტალურად არ შემიძლია იმის თქმა, რაც თავდაცვის სამინისტროში გავაკეთე – საიდუმლო ინფორმაციაა.

რადიოსიხშირეზე ლაპარაკი ექვემდებარება კონტროლს. ვინც არასანქცირებულად იყენებს რადიოსადგურებს, კანონს არღვევს. არის სპეციალური სკანერები, რომლითაც ეს კონტროლდება.

  • ბათუმის იუსტიციის სახლში რა პროექტი დაგიკვეთათ ხელისუფლებამ?

იუსტიციის სამინისტროში დავამონტაჟე აპარატურა, რომელიც ინტერნეტით მშენებლობის კონტროლის შესაძლებლობას იძლეოდა. იძულებული ვიყავი, ჩემი ძირითადი სამუშაო მიმეტოვებინა, მაშინაც პროკურატურიდან დამირეკეს და მითხრეს – თუ არ გინდა დაგაკავოთ, მიდი, იმუშავე.

  • იცით ვინც გირეკავდათ?

არასდროს შევხვედრივარ იმათ, ვინც მირეკავდა. საჭირო მასალებს სამუშაო ადგილზე მახვედრებდნენ. იუსტიციის სახლის შემთხვევაში კი საქმის პროკურორმა დამირეკა – ფრიდონი ერქვა. მითხრა რა უნდა გამეკეთებინა. სამუშაოზე წასვლა მხოლოდ იმიტომ არ მინდოდა, რომ ვმუშაობდი იმ სასტუმროში, რომელიც სტადიონის ადგილზე შენდება. პრეზიდენტმა დაათვალიერა ეს სასტუმრო, რის შემდეგაც მითხრეს, რომ იმავეს გაკეთება უნდოდათ იუსტიციის სახლზეც.

  • შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ იუსტიციის სახლზე იმუშავეთ?

რანაირად ვერ დავამტკიცებ. ის ვერ დავამტკიცე, რომ უმაღლეს საბჭოდან აპარატურა ნებართვით გავიტანე – მითხრეს, რომ მოვიპარე და მორჩა.

  •  იუსტიციის სახლზე მუშაობის შემდეგ თანხა გადაგიხადეს?

არა. იქ თურქული ფირმა მუშაობდა და სხვებიც, მე თითქოს რჩევებს ვაძლევდი.

  • ანუ საქმე თქვენ შეასრულეთ, მაგრამ ფული სხვამ მიიღო?

შეიძლება მიიღეს კიდეც ან არც მიუღიათ. ბუღალტერიაში არ ჩამიხედია. ისე, თავიდანაც მგონი იმის გამო დამაკავეს, რომ უფასო მუშაობაზე უარი ვთქვი.

  • რას გულისხმობთ?

რევოლუციის შემდეგ ლევან ვარშალომიძემ შემომთავაზა მუშაობის გაგრძელება. მე დავთანხმდი და 4 თვე, ნოემბრამდე ვმუშაობდი. გაფორმებული არ ვყოფილვარ, მაგრამ ტექნიკა მე მებარა. ერთ დღესაც ვარშალომიძის დაცვის უფროსმა, კაზაზიშვილმა გადმომცა, – ლევანმა თქვა, 170 ლარად იმუშავოსო. მე ამ თანხის სანაცვლოდ მუშაობაზე უარი ვთქვი. ორ დღეში დამაკავეს.

  • იყავით ეჭვმიტანილი სახელმწიფო ქონების მითვისებაში, მაგრამ პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან იღებდით შეკვეთას?

ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ამ ამბების შემდეგ მე ლევან ვარშალომიძის სახლშიც ვმუშაობდი. საშხაპის შუშის გამოსაცვლელად წამიყვანეს.

  • ბევრი ადამიანი დააპატიმრეს, ბევრიც საპროცესოთი გაათავისუფლეს. თქვენ რატომ მოგექცნენ განსხვავებულად, ასეთი განუმეორებელი სპეციალისტი ხართ

არ ვიცი, შეიძლება მათ მოვწონდი. არც იმას ვიტყვი, რომ მე დეფიციტური სპეციალისტი ვარ… შეუცვლელი სპეციალისტი არ არსებობს – ხვალვე შეიძლება ჩემნაირი სპეციალისტის ნახვა სუფთა წარსულით, მე ხომ პატიმარი ვიყავი.

  •  თქვენ თქვით, რომ სინქრონულად იწერდით უმაღლესი საბჭოს სხდომების მიმდინარეობას, ამის დოკუმენტი თუ არსებობს?

აპარატურა, რომლის მითვისებაშიც მე დამდეს ბრალი, პირადად ასლან აბაშიძეს ეკუთვნოდა. ყოველ შემთხვევაში, მიკროფონები არავის ბალანსზე არ იყო აყვანილი. რევოლუციის მერე ეს აპარატურა გამოყარეს თეატრიდან, უმაღლეს საბჭოში კი ადგილი არ ჰქონდათ. როდესაც მიხეილ მახარაძე გახდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვკითხე რა მექნა აპარატურისთვის. მან მითხრა, რომ ჯერ მე მქონოდა და ადგილს მერე მოუნახავდნენ. ეს გაგრძელდა ოთხ თვეს. ამ პერიოდში აპარატურა უმაღლეს საბჭოში 15-ჯერ მივიტანე, დავამონტაჟე, შემდე ავალაგე და ისევ წავიღე. ამხელა აპარატურის რამდენჯერმე შეტანა და გამოტანა უმაღლეს საბჭოში, სადაც არის დაცვა, უსაფრთხოების სამსახური, ნებართვის გარეშე შესაძლებელია?!

ბრალდება კი სწორედ ამ აპარატურის მითვისება იყო.

  • გაქვთ იმის მტკიცებულება, რომ ნამდვილად მიიტანეთ აპარატურა?

საქმეში დევს „მითვისებული“ ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც თეატრის ბუღალტერი და დირექტორი აწერენ ხელს.

  • ახლა რას ითხოვთ?

არაფერს, თავისუფლებას ვითხოვ.

  • თქვით, რომ გერმანიიდან იღებდით დაკვეთებს. ახლაც ახერხებთ უცხოეთში მუშაობას?

გერმანიიდან 15-დღიანი მონტაჟის დაკვეთები მქონდა, ეს ყველაზე კომფორტული საქმე იყო. ერთი წლის წინ ისევ მივიღე იგივე დაკვეთა, მაგრამ არ გამიშვეს. ელჩს ვუთხარი გასასამართლებელი რომ ვიყავი. საელჩომ იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია. წარმოუდგენელია, მაგრამ იქედან მიწერეს, რომ მე პროკურატურასთან ქონებრივი პრეტენზია მაქვს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: