ლერმონტოვის ქუჩაზე, მრავალსართულიანი ბინებით გარშემორტყმულ შიდა ეზოში, ათამდე ბარაკის ტიპის სახლია. ყველა სახლიდან კვამლი ამოდის, აქ ადამიანები ჯერ კიდევ შეშის ღუმელით თბებიან. ბარაკებს ოთხი ქუჩა ესაზღვრება – თაყაიშვილი, ლერმონტოვი, ჭავჭავაძე და პუშკინი. დასახლება ქუჩებიდან არ ჩანს. თუ სპეციალურად არ მიხვალ, ვერაფერსაც ვერ შენიშნავ – აქ ყველა ღარიბია.
ლია ბოლქვაძე სამი შვილის მარტოხელა დედაა. ბარაკის ტიპის სახლში სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. ორი ბავშვი სკოლაში დადის, ერთი რამდენიმე დღის წინ მიიყვანა ბაღში. მისი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. აქამდე ვერ მუშაობდა, რადგან თავის პატარა შვილს მარტო ვერ ტოვებდა. ახლა კი სამსახურს ეძებს, რომ შემოსავალი გაიჩინოს.
„ერთი სოციალურით რამდენი უნდა გააკეთო? ქირაც გადაიხადო და კომუნალური გადასახადებიც არ გამოდის. სამ ბავშვს რამდენი რამ სჭირდება ხომ იცით,“ – ამბობს ლია.
მისი სოციალური ქულა 1000-ია, რაც ნიშნავს, რომ უკიდურესად ღარიბი ჯგუფს მიეკუთვნება. ბარაკი, რომელშიც ცხოვრობს, ნაქირავები აქვს და ყოველთვიურად 200 ლარს იხდის. სარგებლობს უფასო სასადილოთი და სახელმწიფოსგან მიღებულ სოციალურ დახმარებას გადასახადებსა და ქირაში ანაწილებს.
ამბობს, რომ ბავშვთა კვების ვაუჩერი, რომელსაც სახელმწიფო აძლევს, მნიშვნელოვნად ეხმარება, თუმცა იქვე ამატებს, რომ ვაუჩერით მხოლოდ სურსათის ყიდვა შეუძლია.
„კვების ვაუჩერით ბარათზე ირიცხება 90 ლარი, თითო ბავშვზე 30 ლარი. საჭმლის გარდა ვერაფერს ვერ ყიდულობ ამით. ამ დროს, საჭმელი თუ უნდა, იმ ბავშვს კბილის პასტა და შამპუნიც ხომ უნდა? ყოფილა მომენტი, როცა არ მქონია ჰიგიენური საშუალებების ყიდვის ფული. საჭმელს აიღებ უფასო სასადილოში, მაგრამ ჭამის გარდა ჰიგიენაც ხომ გინდა?“ – კითხულობს ლია.
მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა, მისთვის მთავარი აქცენტი შვილებისთვის განათლების მიცემაა. ლია ერთ შემთხვევას იხსენებს.
„ძალიან მინდოდა ჩემი უფროსი გოგო ინგლისურში მომემზადებინა. ერთი ქალი იყო, რომელიც ინგლისურ ენაში ამეცადინებდა ბავშვებს. მოველაპარაკე და შევიდა ეს ქალი ჩემს მდგომარეობაში. კვირაში ერთხელ ვულაგებდი სახლს, ის ბავშვს ამეცადინებდა ამის სანაცვლოდ. ვერ აღგიწერთ, როგორ გავიჭირვე მაშინ, მაგრამ გაამართლა. ახლა ჩემი უფროსი გოგო შუათანას ამეცადინებს და აღარ მჭირდება მომზადებაში ფულის გადახდა.
ღმერთს მადლობას იმაზე ვეუბნები, რომ ძალიან გაგებული შვილები მყავს, ზედმეტად არაფერს არ მოგთხოვენ. რომ იციან, რომ რაღაც ზღვარს იქით შესაძლებლობა არ გვაქვს, პირიქით მეუბნებიან და მამხნევებენ, „არაა პრობლემა დე, მაინც არ გვინდოდაო“, – ამბობს ლია.
თავად განათლება ვერ მიიღო. მხოლოდ ცხრა კლასი დაამთავრა. შემდეგ დაქორწინდა. ახლა ამბობს, რომ არ უნდა მისმა შვილებმაც მსგავსი გამოიარონ.
„ვიცი, რომ უსწავლელი ამ ქვეყანაში და თან ამ დროში დაკარგული ხარ. არ მინდა, ჩემმა შვილებმაც სახლები ალაგონ,“ – ამბობს ლია.
ლიას ერთადერთი ოცნება საკუთარი ბინაა. სწორედ ამაში სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას.
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მინდა მივმართო, თორნიკე რიჟვაძეს, თუ მიგვიღებს. თუ არადა, მერე პრემიერ-მინისტრს უნდა მივწერო წერილი. აღვუწერო ჩვენი მდგომარეობა. მარტოხელა დედებმა იმ ერთი სოციალურით რამდენი უნდა გავაკეთოთ?
ახლა მინდა მე ჩემი შვილებისთვის ნორმალური ცხოვრება, თორემ ესენი რომ გაიზრდებიან და რამეს მიაღწევენ, მერე არც მთავრობის დახმარება მინდა და არც არაფერი. ჩემი შვილები მერე მათ თავსაც მიხედავენ და მეც მომხედავენ,“ – ამბობს ლია.
38 წლის რუსუდან ბერიძეც მარტოხელა დედაა. უკვე დიდიხანია ორ შვილს მარტო ზრდის. გოგო 12 წლისაა, ბიჭი – 15 წლის. ორივე ბავშვი სკოლაინტერნატში დადის.
სახლი, რომელშიც რუსუდანი ორ შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს, სულ 15 კვ.მეტრია. დაახლოებით 3 კვ. მეტრზე, შესასვლელში სამზარეულო აქვს მოწყობილი, პატარა ოთახი კი ორადაა ფარდით გაყოფილი. „სასტუმრო ოთახში“ შეშის ღუმელი, ტელევიზორი და პატარა ტახტი დგას. ფარდის მიღმა – საწოლი და ტანსაცმლის კარადა.
საპირფარეშო ეზოშია, სააბაზანო საერთოდ არ აქვს, ამიტომ ბავშვებს უმეტესად მეზობელთან აბანავებს. რუსუდანი ამბობს, რომ მიუხედავად არასახარბიელო პირობებისა, ეს უკეთესი საცხოვრებელია იმასთან შედარებით, სადაც ადრე ცხოვრობდა. მისმა შვილებმა ფეხი ვაგონში აიდგეს, რომელიც ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე იდგა და მარტოხელა დედა ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.
https://www.facebook.com/batumelebi/videos/208403980316542/
რუსუდანს საშუალო განათლება აქვს, შემდეგ დაქორწინდა, ორი შვილი გააჩინა. როგორც თვითონ ამბობს, მეორე შვილის გაჩენიდან მალევე მისი ქმარი წავიდა და ორი შვილით ღია ცის ქვეშ დატოვა.
„ძალას ჩემი შვილები მაძლევენ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ განათლება მიიღონ და ისე არ იტანჯონ, როგორც მე ვიტანჯები“, – ამბობს ის.
რუსუდანის სტაბილური შემოსავალი სოციალური დახმარებაა – 220 ლარი. ამასთან, როგორც მარტოხელა დედა 50 ლარს იღებს დამატებით.
„ეს თანხა რაში მეყოფა? დავდივარ, სახლებს ვალაგებ, ეზოს მოხვეტა რომ დამჭირდეს, მაგასაც არ ვითაკილებ ჩემი შვილებისთვის. სტაბილურ სამსახურში ვერ ვმუშაობ. გოგოს მკურნალობა სჭირდება. ყოველ თვეში სამი-ოთხი დღე მიწევს თბილისში წასვლა და ექიმთან ჩაყვანა. სასადილოში დავიწყე მრეცხავად მუშაობა. თვეში ერთი დღე მქონდა სულ დასვენება. როცა ფულს გიხდიან, იქ შენი პრობლემები არ აინტერესებთ. ექიმთან წასვლის დრო რომ მოვიდა, იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი,“ – ამბობს რუსუდანი.
რუსუდანის თქმით, ახლა მისთვის პრიორიტეტი შვილებისთვის განათლების მიცემაა, მაგრამ ამისთვის საჭირო ფინანსები არ აქვს.
„მთელი ჩემი ცხოვრება არის მცდელობა ყველა ზედმეტი თეთრი, რომელიც საკვებს და სხვა საჭიროებებს ზემოდან მრჩება, ჩავდო ჩემი შვილების განათლებაში. იმიტომ, რომ არ მინდა ჩემი შვილები ჩემსავით იყვნენ. მე რომ ცოტა მეტი შემოსავალი მქონდეს, მოვამზადებდი ბავშვებს მათემატიკაში, ინგლისურში და რუსულში. უფრო კარგ განათლებას მივცემდი, ვიდრე ახლა იღებენ,“ – ამბობს რუსუდანი.
რუსუდანი ფიქრობს, თუ ბინა ექნება და ქირაში ფულის გადახდა აღარ მოუწევს, შეძლებს უკეთესად იცხოვროს და მის შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ.
_____
2020 წლისთვის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 139 976 მოზარდი. ისინი 16-წლამდე ბავშვები არიან.
წელს 83 065 მოზარდზე გაიცა „ბავშვის კვების ბარათით“, რომელზეც ყოველთვიურად 30 ლარი ირიცხება.
სოციალურად დაუცველის სტატუსითა და 50-ლარიანი შემწეობით საქართველოში 139 976 მოზარდი სარგებლობს.