მთავარი,სიახლეები

შეხვედრა ბათუმის ახალ მეჩეთში – „რა ვქნათ, სააპელაციოც თუ უარს გვეტყვის?“ 

07.02.2020 • 3510
შეხვედრა ბათუმის ახალ მეჩეთში – „რა ვქნათ, სააპელაციოც თუ უარს გვეტყვის?“ 

პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ იქ, სადაც სახელმწიფო ამ დრომდე მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის აშენების უფლებას არ აძლევს, მუსლიმები აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და სხვა რეგიონებიდან სადისკუსიოდ შეიკრიბნენ. დისკუსია ისე დასრულდა, რომ არავის უხსენებია მეჩეთის უკანონოდ აშენება. მუსლიმებმა რამდენჯერმე ახსენეს, რომ „ეს ამბავი ლამაზად უნდა დასრულდეს“.

მუსლიმი თემის სარჩელს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 18 თებერვალს განიხილავს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბერს უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სასამართლომ სარჩელის კიდევ ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობდა მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას. “ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა,” – აღნიშნა გადაწყვეტილების მიღების დროს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

„ვთქვათ და სააპელაციომაც უარი გვითხრა, მერე რა ვქნათ?“ – ჰკითხა ერთ-ერთმა მუსლიმმა თამთა მიქელაძეს დისკუსიის დროს. თამთა მიქელაძე „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელია. ეს ორგანიზაცია მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს და დღევანდელი დისკუსიაც „სოლიდარობის პლატფორმის“ ფარგლებში მოაწყო.

„შესაძლოა, ეს პროცესი ისევ გაგრძელდეს. შესაძლოა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ ამას სავარაუდოდ ბათუმის მერია უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. შესაძლოა, სააპელაციომ უკან დაუბრუნოს ბათუმის სასამართლოს ეს სარჩელი ხელახლა განსახილველად… პროგნოზი ჭირს. მე მგონია, რომ გზა, რომელსაც თქვენ ირჩევთ, არის სამართლიანი და სამართლებრივი გზით უფლების მოპოვება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი… პრინციპულად და ფილოსოფიურად მნიშვნელოვანია, როცა სახელმწიფო ინსტიტუციებს აიძულებ და ათქმევინებ, რომ შენ გაქვს უფლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ ნაბიჯებსაც თქვენ დემოკრატიულად მიიღებთ,“ – მიმართა მუსლიმ თემს თამთა მიქელაძემ.

თამთა მიქელაძეს დარბაზიდან უთხრეს, რომ ამ სახელმწიფოში არაფერი იცვლება და არც მუსლიმი თემის ინტერესებზე ზრუნავს ვინმე. მოსაზრებას მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი არ დაეთანხმა და კითხვის ავტორს მიანიშნა, რომ დარბაზში, სადაც დისკუსია იმართებოდა, სუნიტ მუსლიმებთან ერთად შიიტებიც არიან და, მაგალითად, მეჩეთებში სიარული ქალებმაც დაიწყეს.

„გეთანხმებით, რომ პრობლემაა საპატრიარქოს ინტერესები, რომელიც გაძლიერებულია პოლიტიკური კლასების მიერ…. აჭარაში ისლამი რაღაცნაირად უჩინარია. მაღალმთიან აჭარაშიც როცა ავდივართ, არ გრჩება განცდა, რომ აქ მუსლიმები ცხოვრობენ, მთავრობას არაფერი ეტყობა, რომ ის დიდწილად უნდა წარმოადგენდეს მუსლიმების ინტერესებს. ის, რომ ბათუმში ამდენი ხანი მეჩეთს ვერ ვაშენებთ, სწორედ ეს პოლიტიკაა, რომელიც უფრო სამართლიან გარემოს არ ქმნის ყველასთვის,“ – აღნიშნა თამთა მიქელაძემ.

„სადაც რწმენა იზღუდება, იქ განვითარებაზე საუბარი ზედმეტია…“ – იყო რეპლიკა დარბაზიდან.

დღევანდელ დისკუსიას „სოლიდარობის პლატფორმის“ აქტივისტებიც ესწრებოდნენ. რამზან გორგიშვილმა პანკისის ხეობიდან თქვა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი ილუსტრაციაა იმის, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს.

„…ეს პოლიტიკა არის რეპრესიული და დისკრიმინაციული ქართველი მუსლიმი თემის მიმართ. ეს პლატფორმა გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო ახლოს გვქონდეს შეხება ერთმანეთთან… პანკისშიც არის ბევრი პრობლემა, როცა ძალის დემონსტრირება ხდება: მაჩალიკაშვილის საქმე, ჰესების მშენებლობა. მე ვფიქრობ, რომ ხშირად რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, ვიდრე ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა. ჩვენ ვთავაზობთ სახელმწიფოს დემოკრატიულად პროცესების წარმართვას, ამის საპასუხოდ კი, ისინი ქმნიან ბარიერებს, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალონ,“ – თქვა რამზან გორგიშვილმა.

აზერაბიჯანული თემიდან ბათუმელ მუსლიმებს აქტივისტმა, ქამრან მამედოვმაც მიმართა. მისი აზრით, ბათუმის ახალი მეჩეთი მხოლოდ სამლოცველო ადგილი აღარ არის.

„…ეს არ არის მხოლოდ თქვენი ბრძოლა. მგონია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებს, რადგან უკავშირდება ადამიანურობას, ჰუმანურობას… ეს მეჩეთი ჩემთვის არაა მარტო სამლოცველო. ეს არის ადგილი  ჩაგრული ჯგუფების გაძლიერების ორგანიზებისთვის. ჩვენ თემს არ ჰქონია ორგანიზების ისტორია და ეს საკითხი გახდა საკითხი, რომელმაც გააძლიერა თემი. ამ პროცესის მიმართ ვართ აბსოლუტურად ყველა სოლიდარულები,“ – აღნიშნა ქამრან მამედოვმა.

ქამრან მამედოვი

დისკუსიის ბოლოს სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრა თამთა მიქელაძემაც, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა:

„შესაძლოა, რაღაც ტიპის განსხვავებები არსებობდეს რეგიონებს შორის, მაგრამ ამ სხვაობების მიუხედავად, ჩვენ ამავდროულად ძალიან ღარიბები ვართ, აჭარაში, რაჭაში თუ სხვაგან მსგავსი პრობლემები გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემებზე ვისაუბროთ, საერთო ჩაგვრაზე, სიღარიბეზე, ეკონომიკურ უთანასწორობაზე, კულტურულ განსხვავებებზე… ჩვენ ერთმანეთის მიმართ უფრო სოლიდარულები უნდა გავხდეთ.

სოლიდარობის პლატფორმის პირველი შეხვედრა დაიგეგმა ბათუმში, რადგან ახალი მეჩეთის მშენებლობა არის ყველაზე სახალხო და ხმამაღალი მოძრაობა სამართლიანობის და ღირსების პროცესში,“ – თქვა თამთა მიქელაძემ.

 

ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთში

დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: