მთავარი,სიახლეები

ყოფილი ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი და „მეტროს“ მფლობელი ბიზნესს ერთად იწყებენ

07.02.2020 • 4138
ყოფილი ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი და „მეტროს“ მფლობელი ბიზნესს ერთად იწყებენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი და ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გალიფ ოზთურქთან  პარტნიორობის ფარგლებში ძალების მოსინჯვას სადაზღვევო სექტორში გეგმავს. შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ ყოფილმა მინისტრმა 2019 წლის 24 დეკემბერს დააფუძნა, ის კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელია. 2020 წლის თებერვალში კი, ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერის ახალდაფუძნებულმა კომპანიამ და სს „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა, გალიფ ოზთურქმა, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისგან მიიღეს თანხმობა „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას“ აქციების შეძენაზე.

კომპანიის შესყიდვის თაობაზე გალიფ ოზთურქი ხაზგასმით განმარტავს, რომ ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერის კომპანიას „მეტრო ჰოლდინგმა“ სესხი გამოუყო და თანამშრომლობაც მისი ინიციატივა იყო. ამავე განცხადებით, დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იქნება.

„კომპანიის განვითარებისთვის დიდი წარმატებაა, რომ ჩვენი მოწვევით სწორედ ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ ბატონი დიმიტრის კომპანიას ჩვენივე ინიციატივით გამოვუყავით ფინანსური რესურსი (სესხი), რათა სწორედ ეს კომპანია გამხდარიყო ჩვენი პარტნიორი. ბატონი დიმიტრი დაგვთანხმდა და დღეს შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. დარწმუნებული ვართ, კომპანია წარმატებული იქნება და შევძლებთ ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში წვლილის შეტანას“, – აცხადებს „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გალიფ ოზთურქი.

„საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ 2013 წელს თურქეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს. კომპანია მომხმარებელს  დაზღვევის ფართო არჩევანს სთავაზობს.

კომპანიის ინფორმაციით, მხარეებმა ამ უფლების მოსაპოვებლად საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან  არაერთი მნიშვნელოვანი პროცედურა გაიარეს:

შესწავლილ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მათ შორის, ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის შემძენი პირის ფინანსური მდგომარეობისა და ფულის წარმოშობის შესახებ, გარიგების ღირებულების ფარგლებში. ამასთან, მნიშვნელოვანი წილის შემძენმა აქციონერებმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, შალვა ახრახაძემ და ოზგურ გუვენმა დააკმაყოფილეს დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებული აქციონერების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები.

კრიტერიუმების მიხედვით, პირს ეკრძალება იყოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის. ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს მას სადაზღვევო საქმიანობას, თუ წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა“.

„მეტრო ჰოლდინგი“ არაერთ შვილობილ კომპანიასა და სააქციო საზოგადოებას ფლობს საქართველოში, მათ შორისაა „მეტრო ატლას ჯორჯია“.

2015 წელს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ „თურქმა მეცენატმა [გალიფ ოზთურქმა] გამოთქვა სურვილი, ქველმოქმედების მიზნით, სოლიდარობის ფონდში” გადარიცხოს დამატებით 500 000 ლარი“. მანამდე გალიფ ოზთურქმა 1 მილიონი ლარი გადარიცხა იმავე ფონდში. ამ პერიოდში დიმიტრი ქუმსიშვილი ვიცე-პრემიერი იყო.

გალიფ ოზთურქმა გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრის ფოტოები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მთლიანობაში, საქართველოს მთავრობის „სოლიდარობის ფონდში“, 3 მილიონამდე ლარი აქვს გადარიცხული გალიფ ოზთურქს.

_____

ამავე თემაზე:

სკვერი ბარბარეს ეკლესიის გვერდით მთავრობამ კომპანიას დაუბრუნა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: