განათლება,მთავარი,სიახლეები

სექსუალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა – პროექტი ახალგაზრდებისთვის აჭარაში

07.02.2020 • 4098
სექსუალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა – პროექტი ახალგაზრდებისთვის აჭარაში

ორგანიზაცია „საქართველოს შემეცნებითი ცენტრი“ (Cognitive Center of Georgia) 14-დან 29 წლის ახალგაზრდებისთვის აჭარაში იწყებს საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც შეეხება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებსა და კვლევას. შეხვედრები დაგეგმილია აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში.

რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირება და თემების განხილვა შეხვედრების დროს?

პროექტის ხელმძღვანელი რუსა სახეჩიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკითხები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და მათგან თავის დაცვა, აბორტი და თანმდევი პრობლემები, ასევე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, სექსუალური შევიწროება, კიბერუსაფრთხოება და ა.შ.

„სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სასაუბროდ მოწვეული გვყავს სოფი ბერია და გვანცა კვინიკაძე, რომლებიც ბოლო წლებში ამ მიმართულებით აწარმოებენ კვლევებს. სოფი ბერაია 2018 წლის აპრილში გახდა YouAct-ის – ევროპის ახალგაზრდული ქსელის წევრი და  სექსუალური განათლების შესახებ შექმნილი პირველი ქართული ვებგვერდის თანაავტორი. გვანცა კვინიკაძე კი გენდერის სპეციალისტია.

თავიდან მხოლოდ გოგონების დატრენინგება გვქონდა იდეაში, თუმცა რეგისტრაცია გაიარეს ბიჭებმაც და ეს ძალიან კარგია, რადგან მხოლოდ ერთი მხარისთვის ინფორმაციის მიწოდება ნაკლებად ეფექტურია, თანაც ეს არის საკითხები, რომელიც პარტნიორთან არის დაკავშირებული, ამიტომ მათი ცოდნა, ამ კუთხითაც აგვაცილებს პრობლემებს“, – ამბობს რუსა სახეჩიძე.

მისი თქმით, ჩვენს საზოგადოებაში ბევრი საკითხის მიმართ არსებობს მიდგომა, რომ „ისედაც ყველაფერი ვიცით“ და რა საჭიროა ამაზე საუბარი, „ამიტომ, კარგია, რომ დაინტერესება საკმაოდ დიდია ახალგაზრდების მხრიდან“.

„სოფი ბერაია ისაუბრებს ანატომიაზე და ჩაშლილი იქნება ბევრი საკითხი ამ მიმართულებით. სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცე ასეთ შემთხვევებში, ან იმ შემთხვევაში, თუკი პარტნიორს აღმოაჩნდება გადამდები ინფექცია.

გვანცა ისაუბრებს აბორტზე, თანმდევ პრობლემებზე, ასევე ქალის უფლებაზე და მითებზე, სექსუალურ შევიწროებაზე, სტერეოტიპებზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს რელიგიური თუ ეთნიკურ-კულტურული სტიგმებით.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ იმის ცოდნა, როგორ უნდა ისაუბრონ ამ საკითხებზე ეთიკურად. ექნებათ ცოდნა სწორი ტერმინების გამოყენებაზე, სტატისტიკაზე, კვლევებზე და ა.შ“.

რუსა სახეჩიძის თქმით, ერთ-ერთი საკითხი იქნება კიბერუსაფრთხოებაც, თუ როგორ შიძლება დავიცვათ თავი პერსონალური ინფორმაციის გავრცელებისგან. სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მუთიძე ახალგაზრდებს ესაუბრება სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე, მისი პოლიტიკური თუ ფილოსოფიური ასპექტების გათვალისწინებით, „იმ  პროცესებზე, რაც მიმდინარეობს ამ მიმართულებით მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში“.

რუსა  სახეჩიძის თქმით, ამ დროისთვის პროექტში მონაწილეობის სურვილი 90-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა, რომელთა ასაკი 15-16-დან 21-23 წლამდე.

შეხვედრების ციკლი 15 თებერვლიდან დაიწყება, პირველი შეხვედრა ბათუმში გაიმართება.

საგანმანათლებლო პროექტის გარდა, 8 მარტს დაგეგმილია აქცია-პერფორმანსი ევროპის მოედანზე, რომელიც გამოძახილი იქნება იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც გასულ წელს ჩილეში ქალებმა, თავიანთი უფლებების დასაცავად გამართეს.

„დაახლოებით ასეთივე პერფორმანსი გვინდა რომ გაიმართოს ბათუმშიც. აპრილში კი ვგეგმავთ დისკუსიას, ოთხი მოწვეული სტუმარი გვეყოლება, სადაც ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რომელიც ამ შეხვედრების პროცესში გაჩნდება“, – გვეუბნება რუსა სახეჩიძე.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: