მთავარი,სიახლეები

აჭარაში აჭარის დროშები კანონდარღვევითაა აღმართული

19.12.2018
აჭარაში აჭარის დროშები კანონდარღვევითაა აღმართული

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონით, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა ძალაში, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან  ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე დიდი ზომის და აღმართული უფრო მაღლა.

აღნიშნული წესი დღეს აჭარის ტერიტორიაზე დარღვეულია. სამთავრობო თუ მუნიციპალურ საჯარო დაწესებულებებზე, ასევე კომერციულ ორგანიზაციებთან აღმართული აჭარისა და საქართველოს დროშები ერთი ზომის და ერთ სიმაღლეზეა განთავსებული.

საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები აჭარის მთავრობის შენობაზე

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს პოზიცია იყო, რომ სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ზომები ერთნაირი ყოფილიყო, თუმცა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში ეს ასე არ არის.

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონი 2018 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდა. ჰერალდიკის საბჭოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კანონის მიღების მიზანი იყო ყველა სახელმწიფო სიმბოლო ერთ კანონში მოქცეულიყო და ის პარლამენტის საპროცედურო კომიტეტში მომზადდა, „შესაძლოა, ცოტა ნაჩქარევად იქნა მიღებული კანონი და მასში ამ კუთხით [დროშის ზომები] ალბათ ცვლილება შევა“.

მოქმედი კანონით, „საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

ჰერალდიკის საბჭოში გვითხრეს, რომ ამ შემთხვევაში დასადგენია ისიც, თუ რა პასუხისმგებლობაზე იქნება საუბარი: „თუ ხულიგნობის მუხლით იქნება დარღვევა, ასეთ დროს პასუხისმგებლობა განსაზღვრულია კანონმდებლობით, სხვა დეტალები კი, დასაზუსტებელია“.

საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სხვა ქვეყნის დროშის აღმართვის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სახელმწიფო დროშა არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის დროშაზე მცირე ზომის.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ 14 იანვარია დადგენილი.

დროშები ბათუმის მერიის შენობის თავზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.