ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარის დროშები აჭარაში კვლავ კანონდარღვევითაა აღმართული – ჰერალდიკის საბჭოს განმარტება

06.02.2020 • 3221
აჭარის დროშები აჭარაში კვლავ კანონდარღვევითაა აღმართული – ჰერალდიკის საბჭოს განმარტება

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“, თუმცა ამ კანონის მიღებამდე და ძალაში შესვლის შემდეგაც [2020 წლის 13 იანვრიდან], აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები აჭარაში კანონდარღვევითაა აღმართული.

[highlight color=”blue”]უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონით[/highlight], „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის წესი განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით“.

[highlight color=”red”]საქართველოს კანონის[/highlight] – „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ – მეორე თავის მე-7 მუხლით: „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე დიდი ზომის და აღმართული უფრო მაღლა“.

აჭარის ტერიტორიაზე კი, საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დღიდან [2018 წლის 16 დეკემბერი] ამ დრომდე, ადმინისტრაციულ შენობებსა და სხვა ადგილებში, აჭარისა და საქართველოს დროშები აღმართულია ერთნაირი ზომის და ერთნაირ სიმაღლეზე.

კანონით, „საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

საქართველოს და აჭარის დროშები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაზე / 6.02.2020

ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთნაირი ზომისა და თანაბარ სიმაღლეზე საქართველოსა და აჭარის დროშების გამოფენა/აღმართვა არის თუ არა საქართველოს და აჭარის კანონების დარღვევა? და ვის ეკისრება [ან დაეკისრა თუ არა] პასუხისმგებლობა და რა ფორმით, კანონის დარღვევისთვის? –  ჰკითხა „ბათუმელებმა“ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.

„თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტთან ერთად მუშაობს კანონში – „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ – ცვლილებების შეტანაზე, რაც ითვალისწინებს აგრეთვე აღნიშნული კანონის მეორე თავის მე-7 მუხლის ცვლილებას“, – მოგვწერეს ჰერალდიკის საბჭოდან გუშინ, 5 თებერვალს.

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონი, 2018 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა ძალაში. იმის თაობაზე, რომ აჭარაში სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესი დარღვეული იყო, „ბათუმელები“ 2018 წლის დეკემბერშივე წერდა. ჰერალდიკის საბჭოში მაშინაც განაცხადეს, რომ კანონში შევიდოდა ცვლილება.

ჰერალდიკის საბჭოში მაშინ ისიც გვითხრეს, რომ ამ შემთხვევაში დასადგენია, თუ რა პასუხისმგებლობაზე იქნება საუბარი: „თუ ხულიგნობის მუხლით იქნება დარღვევა, ასეთ დროს პასუხისმგებლობა განსაზღვრულია კანონმდებლობით, სხვა დეტალები კი, დასაზუსტებელია“.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/174288/

მთავარი ფოტო: საქართველოს და აჭარის დროშები ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე / 6.02.2020

გადაბეჭდვის წესი