მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ახალშენში საბავშვო ბაღი მეწყერსაშიშ მიწაზე შენდებოდა – ტენდერი და დავა გრძელდება

10.03.2019 • 2826
ახალშენში საბავშვო ბაღი მეწყერსაშიშ მიწაზე შენდებოდა – ტენდერი და დავა გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წელს ხარვეზიანი პროექტით და მეწყერსაშიშ ნაკვეთზე დაიწყო. პროექტი ამის გამო ვერ განხორციელდა. მშენებელ კომპანია „ლადასთან“ ხელვაჩაურის მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა და პროექტის ხელახლა შესაძენად ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. მერიას მშენებელი კომპანია სასამართლოში 151 842 ლარის ანაზღაურებას სთხოვს, ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანია „ვეგა+“ კი დავების საბჭოში უჩივის. მუნიციპალიტეტის საქმიანობით სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც დაინტერესდნენ.

საბავშვო ბაღის მშენებლობის თაობაზე საუბარია აუდიტის ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, კომპანია „ლადამ“ 2018 წელს შეისყიდა საპროექტო დოკუმენტაციის საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ახალშენში ბაღის მშენებლობისთვის შეძენილი საპროექტო დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი და მისი გამოყენება მოცემულ მიწის ნაკვეთზე საბავშვო ბაღის ასაშენებლად დაუშვებელი იყო. მუნიციპალიტეტს კი პროექტის ავტორის მიმართ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოსთვის დაჯარიმების მექანიზმი არ გამოუყენებია.

მოგვიანებით, იმ ადგილას, სადაც საბავშვო ბაღი უნდა აშენებულიყო, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევით აღმოჩნდა, რომ სამშენებლო უბანი მდებარეობდა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, რომლის გააქტიურების საშიშროება მოსალოდნელია. ამიტომ ამ ტერიტორიაზე ბაღის მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის.

„ლადასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მერიამ ხელახალი პროექტის შესაძენად გამოაცხადა ტენდერი, რომლის მიხედვითაც, ახალი ბაღის შენობა სხვა ნაკვეთზე უნდა დაპროექტდეს. სატენდერო თანხა 36 650 ლარია. ახალი ნაკვეთი იმ ტერიტორიის მომიჯნავედ მდებარეობს, რომელიც მეწყერსაშიშია და სადაც ბაღი უნდა აშენებულიყო.

ხელახალი პროექტის შესაძენად გამოცხადებული ტენდერიც პრობლემური აღმოჩნდა – მონაწილე შპს „ვეგა+“ დავების საბჭოში წარდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტმა მას მოსთხოვა ისეთი დოკუმენტების დადასტურება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, რომელიც არ არის შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარსადგენად, მაგალითად, „სამუშაოს დაკვეთის ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ კანონის მიხედვით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დოკუმენტის დადასტურება ნიშნავს დოკუმენტისთვის ორგანიზაციის იურიდიული ძალის მინიჭებას. მოცემულ შემთხვევაში კი, თუ შემსყიდველის ლოგიკას მივყვებით, რამდენიმე წლის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც პრეტენდენტი ინახავს ოფისში, არ ჰქონია იურიდიული ძალა, რადგან არ აქვს კვალიფიციური ელ.ხელმოწერა“.

„შემსყიდველი ორგანიზაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს და ჰგონია, რომ ყველა დოკუმენტს სჭირდება კვალიფიციური ელ.ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელ. შტამპი, მაშინ, როდესაც, კვალიფიციური ელ.ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელ. შტამპით დადასტურება საჭიროა მხოლოდ იმ დოკუმენტებისთვის, რომელიც შექმნილია უშუალოდ პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისთვის წარსადგენად, როგორიცაა, მაგალითად, ფასების ცხრილი“, – აღნიშნულია საჩივარში.

„ვეგა+“ საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ ხელვაჩაურის მერიამ, „შესყიდვის იმავე ობიექტზე გამოაცხადა ხელახალი ტენდერი, ვინაიდან წინა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ხელახალ ტენდერში, მას შემდეგ, რაც ზეპირსიტყვიერად დავუსაბუთეთ შპს „ვეგა+“-სთვის უკანონოდ მონიჭებული დისკვალიფიკაცია, მერიამ გაითვალისწინა ჩვენი არგუმენტები და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციისთვის აღარ არის მოთხოვნილი კვალიფიციური ელ.ხელმოწერით დადასტურება. აქედან გამომდინარე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უკანონოდ მისცა დისკვალიფიკაცია „ვეგა+“-ს, მოსთხოვა რა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ისეთი დოკუმენტების დადასტურება, რომელიც კანონის თანახმად, არ საჭიროებს ასეთ  დადასტურებას“.

შესყიდვების სააგენტოსგან მომჩივანი კომპანია მოითხოვს „ბათილად იქნეს ცნობილი სოფელ ახალშენის საბავშვო ბაღის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის სატენდერო კომისიის ოქმი, „ვეგა+“-ის დისკვალიფიკაციის თაობაზე და აუქციონის გარეშე ელექტრონულ ტენდერში „ვეგა+“ გამოცხადდეს გამარჯვებულად“.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშიდან:

ახალშენის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ლადასთან“ 770 542 ლარზე 2017 წლის ოქტომბერში გააფორმა. პროექტი კი კომპანია ARCH STYLE-სგან 2000 ლარად შეიძინა. აუდიტი თავის ანგარიშში მიუთითებს, რომ ამ მოცულობის დოკუმენტის შესყიდვა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად იმთავითვე იყო რისკის შემცველი: პროექტი არ იქნებოდა ხარისხიანი და გამოსადეგი, რაც დადასტურდა კიდეც პროექტის შესრულების ეტაპზე.

„პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარე ფერდობზე რამდენჯერმე განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია სამუშაოთა შეფერხება. მშენებელმა კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულება შეწყდა. მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 38 527 ლარი და არ აუნაზღაურებია კომპანია „ლადასთვის“ შესრულებული სამუშაოს ღირებულება. 2018 წლის მარტიდან ხელვაჩაურის სასამართლოში მიმდინარეობს დავა. შპს „ლადა“ ითხოვს 151 842 ლარის ანაზღაურებას, რაზეც ხელვაჩაურის მერია უარს აცხადებს დაუსაბუთებლობისა და კანონიერი საფუძვლის არარსებობის გამო“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო ჩაეტარებინა ნიადაგის კვლევა შენობის პროექტისა და მშენებლობისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის მომზადებამდე, რაც არ განხორციელებულა. საპროექტო დოკუმენტაციას არ ახლდა გეოლოგიური დასკვნა, ტოპოგრაფიული და გენერალური გეგმა და მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

მიწის ნაკვეთები ახალშენში: 1. მეწყერსაშიში ტერიტორია, სადაც საბავშვო ბაღის მშენებლობა იყო დაგეგმილი; 2. ტერიტორია, სადაც საბავშვო ბაღის შენობა ახლა უნდა დაპროექტდეს.

ხელვაჩაურის მერიის საქმიანობას დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს – ამ ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახურში ადასტურებენ, თუმცა არ საუბრობენ კონკრეტულ დეტალებზე, რას სწავლობს უსაფრთხოების სამსახური მერიაში. 

ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ, ათი დღის წინ [პირველ მარტს] „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ მათთან საფინანსო სამსახური შევიდა, რომელიც  ახალშენში კიდევ ერთი პროექტის – კულტურის სახლის მშენებლობით დაინტერესდა.

ახალშენის კულტურის სახლზე საუბარია აუდიტის იმ ანგარიშში, რომელიც 2019 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნდა. აუდიტის ამავე ანგარიშში საუბარია  ახალშენის საბავშვო ბაღზეც.

ამ თემაზე:

სუს-ი ხელვაჩაურში ახალშენის კულტურის სახლის საქმეს სწავლობს

მთავარი ფოტო: მიწის ნაკვეთები ახალშენში: 1 – მეწყერსაშიში ტერიტორია, სადაც საბავშვო ბაღის მშენებლობა იყო დაგეგმილი და 2 – მომიჯნავე ტერიტორია, სადაც საბავშვო ბაღის შენობა ახლა უნდა დაპროექტდეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: