მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხელვაჩაურის მერიას 2,4-მილიონიანი ტენდერის გამო დავების საბჭოში უჩივლეს

06.10.2019 • 2139
ხელვაჩაურის მერიას 2,4-მილიონიანი ტენდერის გამო დავების საბჭოში უჩივლეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის გამო კომპანია „არგუსი“ დავების საბჭოში უჩივის. კომპანია მიიჩნევს, რომ კონკრეტული ტიპის მშენებლობის გამოცდილების მითითება, რაც ტენდერის პირობაშია ასახული, ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და ახდენს პრეტენდენტთა დისკრიმინაციას. კომპანიას არ ეთანხმება ხელვაჩაურის მერია, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილება კი ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მუნიციპალიტეტის მერიამ ხელახალი ტენდერი 2019 წლის 16 სექტემბერს გამოაცხადა და წინადადებების მიღება დაწყებულია. სატენდერო თანხა 2 474 610 ლარია. ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2017 წელს ხარვეზიანი პროექტით და მეწყერსაშიშ ნაკვეთზე დაიწყო, რის გამოც პროექტი ვერ განხორციელდა. ახალი ნაკვეთი კი იმ ტერიტორიის მომიჯნავედ მდებარეობს, რომელიც მეწყერსაშიშია და სადაც ბაღი უნდა აშენებულიყო.

კომპანია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ ორ მოთხოვნას ასაჩივრებს:

[checklist]

  • პირველი: „… ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების, ან სკოლების, ან ბაგა-ბაღების, ან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 000 000 ლარის ოდენობით“.
  • მეორე: „იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს კერძო პირის/ფირმის მიერ შესრულებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების, ან სკოლების, ან ბაგა-ბაღების, ან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამუშაოებს, აღნიშნულზე ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) მშენებლობის ნებართვის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბ) დასრულებულ მშენებლობაზე (საბოლოო ექსპლუატაციაში მიღებაზე) გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გ) შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული ფორმა N2-ები და აღნიშნულ ფორმა N2-ებში მითითებულ ფასთა ადეკვატურობის დამადასტურებელი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა…“.

[/checklist]

„ჩამონათვალი არის დისკრიმინაციული და ზღუდავს შესყიდვებში მონაწილეთა რაოდენობას, ამასთან არ არის პროპორციული ამ კონკრეტული შესყიდვის ობიექტის, ვინაიდან ამომწურავადაა ჩამოთვლილი ის ობიექტები, რომელთა მშენებლობის გამოცდილებაც მოეთხოვება პრეტენდენტს. საბავშვო ბაღი მოცემულ შემთხვევაში მიეკუთვნება მესამე კლასის შენობა-ნაგებობას და სატენდერო დოკუმენტაციაში შესაძლებელია მითითებული ყოფილიყო, რომ პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა არანაკლებ მესამე კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის გამოცდილება“, – მიაჩნიათ კომპანიაში.

კომპანია დისკრიმინაციულად და არაპროპორციულად აფასებს კონკრეტულად „საცხოვრებელი სახლის“ მშენებლობის გამოცდილების მოთხოვნას: „მოცემულ შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლის მსგავს შენობა-ნაგებობას წარმოადგენს მაგალითად სასტუმრო, რომლის მშენებლობის გამოცდილებაც პრეტენდენტს, ტენდერის მიხედვით არ ეთვლება გამოცდილებად. ამასთან, საბავშვო ბაღი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება იყოს 3 სართულზე მაღალი [ამ შემთხვევაში მესამე სართულზე დასაშვებია მხოლოდ ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახების განთავსება]. გაურკვეველია რა მიზანს ემსახურება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გამოცდილების მოთხოვნა“.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ მათთვის გასაგებია, როცა შემსყიდველი პრიორიტეტს ანიჭებს მსგავსი ობიექტების მშენებლობის გამოცდილებას, როგორიცაა მაგალითად სკოლის მშენებლობა, მაგრამ „იმავე დონის სამშენებლო სირთულისა და რეგულაციების მქონედ მივიჩნევთ მაგალითად, ადმინისტრაციული დანიშნულების შენობას (საპატრულო პოლიციისათვის, თუ სახანძრო სამსახურისათვის განკუთვნილი შენობები], ორსართულიან ინდივიდუალური საცხოვრებელ სახლს, სპორტულ კომპლექსს და ა.შ. კონკრეტული ტიპის მშენებლობის გამოცდილების მითითება ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და ახდენს პრეტენდენტთა დისკრიმინაციას“.

მეორე შემთხვევაში კი, კომპანიის საჩივარში აღნიშნულია, რომ „კონკრეტული მოთხოვნები არ არის წაყენებული სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მიმართ, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პრეტენდენტებს და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ამ კონკრეტულ ელ.ტენდერში მონაწილეობის მიღებას. როგორც კერძო დაკვეთის შედეგად აშენებულ შენობას სჭირდება ექსპულატაციაში მიღება, ისევე სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე აშენებული შენობა უნდა იქნეს მიღებული ექსპულატაციაში. ამასთან, ექსპულატაციაში მიღება არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშენებლობის განმახორციელებლი პირის მიერ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე… რამდენიმე წლის წინ შესრულებულ სამუშაოზე, პრეტენდენტს მოეთხოვება გასწიოს დამატებითი ხარჯები და ელ.ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, დაჩქარებული წესით ჩაატაროს ექსპერტიზა შესრულებული სამუშაოების ფასთა ადეკვატურობაზე. ამ დოკუმენტების მოთხოვნა პრეტენდენტს, რომელსაც „კერძო პირის/ფირმის“ დაკვეთით აქვს შესრულებული სამუშაოები, აწვება მძიმე ტვირთად და ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის ელ.ტენდერში მონაწილეობას [ექსპერტიზის დასკვნას სჭირდება გარკვეული დრო, საშუალოდ 1 თვე, რომელიც არასაკმარისია მოცემულ შემთხვევაში – ელ.ტენდერის გამოცხადებიდან – „წინადადების მიღება დასრულებულია“-მდე]“.

კომპანია ითხოვს „შემსყიდველ ორგანიზაციას დაევალოს სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამის პუნქტში მითითებული პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნები შესაბამისობაში მოიყვანოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონთან.“

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისია არ ეთანხმება შპს „არგუსის“ მოსაზრებებს არაპროპორციულ მიდგომასთან დაკავშირებით, ვინაიდან სატენდერო კომისიამ გამოცდილების შესახებ მოთხოვნა განსაზღვრა არა კონკრეტულად ერთი, არამედ რამდენიმე მიმართულებით [საგანმანათლებლო დაწესებულებების, ან სკოლების, ან ბაგა-ბაღების, ან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამუშაოები]“ – აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიისგან დავების საბჭოში გაგზავნილ წერილში.

რაც შეეხება „კერძო პირის/ფირმის“ დაკვეთით შესრულებული სამუშაოების გამოცდილებას და შესაბამისი დოკუმენტების მოთხოვნას, ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულებების წარმოდგენის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციისთვის თვალნათელია, თუ რა სამუშაოები აქვს შესრულებული პრეტენდენტს წარმოდგენილი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის საფუძველზე – დოკუმენტაცია იტვირთება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში… ხოლო ვინაიდან კერძო პირის/ფირმის მიერ შესრულებულ მშენებლობის სამუშაოებზე პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად ვერ იქნება წარმოდგენილი გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, აქედან გამომდინარე განსაზღვრა სატენდერო კომისიამ შესაბამის დოკუმენტაციაში მითითებულ ფასთა ადეკვატურობის დამადასტურებელი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა, რათა შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეაფასოს პრეტენდენტის მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოები“.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ აუქციონის გარეშე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის სადავო პუნქტით დადგენილი მოთხოვნები პროპორციულია შესყიდვის ობიექტთან მიმართებაში, არ ზღუდავს კონკურენციას და არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას, შესაბამისად საჩივარი საფუძველს მოკლებულია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს“, – აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიისგან დავების საბჭოში გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს მუნიციპალიტეტის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე აწერს.

ვინაიდან დავების საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის, ტენდერი ამ ეტაპზე ჩვეულებრივად გრძელდება, სადაც წინადადებების მიღება 2019 წლის 8 ოქტომბერს დასრულდება.

ბაღის შენობის მშენებლობა კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 დღეში უნდა დაიწყოს და 2020 წლის 1-ლი სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. თუ სატენდერო პროცედურები დროში გაიწელა [დავის ან სხვა მიზეზით] ბაღის მშენებლობის დასრულების ვადაც შესაბამისად დროში გადაიწევს.

ამ თემაზე:

ახალშენში საბავშვო ბაღი ახალ ადგილზე აშენდება – ადრე ბაღი მეწყერსაშიშ ზონაში შენდებოდა

 მთავარი ფოტო: ახალშენის ახალი ბაღის პროექტიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: