განათლება,მთავარი,სიახლეები

google-ის 20 წლის მოხალისე დეველოპერი საქართველოდან

06.02.2020 • 4916
google-ის 20 წლის მოხალისე დეველოპერი საქართველოდან

20 წლის თამთა კაპანაძე შარშან Google-მა სტუდენტ ლიდერებს შორის შეარჩია, რომ საკუთარ უნივერსიტეტში „გუგლთან“ ერთად Google Developer Student Club – „გუგლის“ დეველოპერთა სტუდენტური კლუბი გააკეთოს. 

თამთა ახალციხიდანაა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის მიმართულებაზე სწავლობს. მან შარშან გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაფინანსებულ სემინარებზე ვებპროგრამირება და ციფრული მარკეტინგი ისწავლა. სწორედ ამ სემინარების ტრენერებისგან შეიტყო თამთამ, რომ „გუგლი“ ევროპაში მოხალისე დეველოპერებისთვის კონკურსს აცხადებდა. „გუგლმა“ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 60 მოხალისე სტუდენტი აარჩია კონკურსისა და გასაუბრების წესით. ერთ-ერთი თამთა კაპანაძე აღმოჩნდა. 

„გუგლდეველოპერების კლუბის პროექტს ევროპის მასშტაბით პირველად აკეთებს „გუგლი“ და გადავწყვიტე მეცადა. არ მეგონა გასაუბრების ეტაპზეც თუ გადავიდოდი, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 3 000 კონკურსანტს შორის მთელ ევროპაში 60 აგვარჩიეს, მათ შორის მეც. კონკურსში გამარჯვებულები ოქტომბერში პარიზის „გუგლის“ ოფისში მიგვიწვიეს სამიტზე. ჩვენი მიზანი „გუგლის“ სერვისების პოპულარიზება და პროგრამირების პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა, პროგრამისტებისთვის კი იმ სერვისების მიწოდებაა, რაც მათ პროგრამირების პროცესს გაუადვილებს,” – ამბობს თამთა კაპანაძე, „გუგლის“ დეველოპერი საქართველოში, რომელმაც პარიზის ვებსამიტიდან დაბრუნების შემდეგ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში „გუგლის“ კლუბი შექმნა და 5 ვორქშოპი ჩაატარა კლუბის გეგმების განსაზღვრისა და სამომავლო საქმიანობის შესახებ. 

თამთა კაპანაძის „გუგლის“ კლუბის პირველი ოფიციალური ღონისძიება 20 თებერვალს „გუგლის“ ორგანიზებული პროგრამირების გუნდური შეჯიბრის მასპინძლობა იქნება.  ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოყვარულ, დამწყებ და პროფესიონალ პროგრამისტთა 2-4-კაციან გუნდებს. რეგისტრაციის გავლა კი 17 თებერვლამდეა შესაძლებელი. შეჯიბრი 20 თებერვალს, 21:30 საათზე დაიწყება და შუაღამის 2:00 საათამდე გასტანს. პროგრამისტთა ჩემპიონატის შედეგები 25 თებერვალს გახდება ცნობილი.

ონლაინკვალიფიკაციის რაუნდს კი Developer Student Club Akaki Tsereteli State University-სა და WomenTechmakers Georgia-ს გუნდი უმასპინძლებს DSC Akaki Tsereteli State University Hub-ში, სადაც მონაწილეებისათვის სპეციალურად სამუშაო სივრცე იქნება შექმნილი.

„ეს არის „გუგლის“ გლობალური ჩემპიონატი და წელიწადში ერთხელ იმართება მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს. ჩემპიონატის დროს გუნდებს „გუგლი“ აძლევს კონკრეტულ დავალებებს. პროგრამირების სასურველ ენას ჩემპიონატის მონაწილეები თავად ირჩევენ. 

ქუთაისში ჩემპიონატს პირველად ვმასპინძლობთ. ამის საშუალება მოგვცა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ონლაინსაკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წელს გადაცილებულ პირებს, ხოლო ფინალურ რაუდნზე – 18 წელს გადაცილებულებს,”- ამბობს თამთა კაპანაძე. 

ფინალური რაუნდი „გუგლის“ საერთაშორისო ოფისში გაიმართება.

ჩემპიონატის შემდეგ „გუგლის“ კლუბი 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე, ტექნოლოგიური ფესტივალის ჩატარებას გეგმავს. 

თამთას მიაჩნია, რომ პროგრამირება დროის მსვლელობასთან ერთად სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან პროფესიად იქცევა და გეგმავს საკუთარი პროფესია აუცილებლად პროგრამირებას დაუკავშიროს.

„მათემატიკის კარგი ცოდნა პროგრამირებისთვის საუკეთესო საფუძველია, კომპიუტერული მეცნიერებები უნივერსიტეტში არჩევითი საგნებია ჩემთვის და ანდროიდდეველოპერობას ვგეგმავ, ამ სისტემისთვის აპლიკაციების შექმნა ჩემი დიდი ინტერესია. რა ტიპის აპლიკაციებს შევქმნი, ეს დამკვეთებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი საქმე ძალიან მოთხოვნადი იქნება. ახლა სწორედ აპლიკაციების შექმნის სწავლას ვიწყებ.

„გუგლის“ ვორქშოპებმა პარიზში დამარწმუნა, რომ ეს მიმართულება ჩემია. საერთოდ ყველაზე მეგობრული კომპანიაა, მაგალითად, „გუგლის“ პარიზის ორგანიზაციის წარმომადგენელი სულ კონტაქტზეა, ყველა კონტინენტის კლუბთან უწევს კონტაქტი, ყველასთვის ინდივიდუალური და სხვადასხვაგვარი რჩევების მიცემა უწევს: რაც გერმანიაში მუშაობს, მაგალითად, ის საქართველოში არ იმუშავებს და ამიტომ.  მიუხედავად ამისა, მაინც ყველასთან ახერხებს აქტიურ კონტაქტს, მანძილი ხელს არ გვიშლის, გავცვალოთ იდეები და რეკომენდაციები,“- ამბობს თამთა.

თამთა კაპანაძე – „გუგლის“ მოხალისე დეველოპერი საქართველოდან

ტექნოლოგიების მიმართ მისი დიდი ინტერესი შემთხვევითი არ არის. თავადაც აქტიურად იყენებს უამრავ სხვადასხვა აპლიკაციას და დარეგისტრირებულია თითქმის ყველა დიდ სოციალურ ქსელში. თამთას ყველაზე საყვარელი აპლიკაცია მათემატიკის აპლიკაციაა, რომელიც გრაფიკებსაც კი გიდგენს წარმოსახვისთვის და შემთხვევითობების პრიციპით ამოცანებსაც გთავაზობს ამოსახსნელად. 

თამთა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრიცაა და შარშან ქუთაისში ახალგაზრდების საჭიროებებს იკვლევდა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მათი ძირითადი პრობლემა სამუშაო ადგილების სიმცირე, არაანაზღაურებადი სტაჟირება, ქალაქში თვითრეალიზებისა და გართობისთვის მოსახერხებელი ადგილების არარსებობა და უნივერსიტეტის ლექციების მოუხერხებელი გრაფიკია, რაც მათ ართმევს დასაქმების შესაძლებლობას.   

„ვიცი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ყველგან აქვთ საქართველოში ახალგაზრდებს, მაგრამ ქუთაისსა და ჩემს მშობლიურ ახალციხეშიც არანაკლებ მწვავედ დგას ეს საკითხი. ახალციხეში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, იქვე განვითარება, დასაქმება რომ გინდოდეს, არაფერი გამოგივა. მიუხედავად ამისა, ჩემი მიზანი ამ მდგომარეობის შეცვლა და ახალციხეში დაბრუნებაა,” – ამბობს თამთა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: