მთავარი,სიახლეები

ხრეშის ქურდები და მათი მფარველები

06.02.2020 • 5057
ხრეშის ქურდები და მათი მფარველები

მდინარე მაჭახელადან ინერტულ მასალებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე იღებენ. კანონდარღვევა ვერც მოსახლეობის პროტესტმა და ვერც გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეაგირებამ შეაჩერა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ინერტული მასალების ინტენსიური ამოღების შემდეგ, მდინარემ ნაპირების მიტაცება დაიწყო, სადაც მათ ბოსტნები აქვთ.

ერთ-ერთი ადგილობრივის, ვაჟა ხინკილაძის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა მდინარეზე თითქმის ყოველდღე მუშაობს და დატვირთული მანქანა მდინარის სანაპიროდან დღეში რამდენჯერმე გადის:

„თუ წყალი ადიდდა, მიდიან, თუ არა, აქ არიან, ინტენსიურად მუშაობენ. მივმართეთ ზედამხედველობის სამსახურს, დავრეკეთ ცხელ ხაზზე, ამოვიდნენ და გვითხრეს გავაჩერეთო, მაგრამ მეორე დღეს ისევ გააგრძელეს მუშაობა. ახლა განცხადება დავწერეთ, მეზობლებმა მოვაწერეთ ხელი და გაგზავნილი გვაქვს გარემოს დაცვაში.“

ინფორმაციას, რომ მდინარე მაჭახელაში ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვების ფაქტები დაფიქსირდა, არ უარყოფენ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში. აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსის, ნატო დავითაძის  ინფორმაციით, მაჭახლის ხეობიდან ბოლო ათი დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე ორჯერ დარეკეს და ერთხელ წერილობითაც მიმართეს. ამას ემატება კიდევ ერთი შემთხვევა, როცა მდინარის კალაპოტიდან მასალების უკანონოდ ამოღება დეპარტამენტმა გეგმიური მონიტორინგის დროს გამოავლინა. ამავე ხეობიდან „ბათუმელებს“ გამოუგზავნეს ვიდეოკადრები, რომელზეც მდინარიდან ინერტული მასალის უკანონოდ ამოღების ფაქტია ასახული. ავტორის თქმით, ეს ვიდეო გასულ სამშაბათს, 4 თებერვალსაა გადაღებული.

ხრეშის ქურდები

მდინარე მაჭახელადან ინერტულ მასალებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე იღებენ. კანონდარღვევა ვერც მოსახლეობის პროტესტმა და ვერც გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეაგირებამ შეაჩერა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ინერტული მასალების ინტენსიური ამოღების შემდეგ, მდინარემ ნაპირების მიტაცება დაიწყო, სადაც მათ ბოსტნები აქვთ.ნახეთ ვრცლად: https://batumelebi.netgazeti.ge/news/252111/

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ხუთშაბათი, 06 თებერვალი, 2020

სამსახურის უფროსის ნატო დავითაძის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შეტყობინების მიღების ორივე შემთხვევაში დეპარტამენტის სპეციალისტები ადგილზე გავიდნენ. ერთ შემთხვევაში მათ დარღვევა დააფიქსირეს, მეორედ კი დარღვევის გამოვლენა ვერ შეძლეს:

„როცა მივედით, არაფერი არ დაგვხვდა.“

ნატო დავითაძემ ვერ დაგვისახელა ასევე დამრღვევი კომპანია. მისი ინფორმაციით, კანონს ფიზიკური პირები არღვევენ, მათი სახელებისა და გვარების გაცემის უფლება კი დეპარტამენტს არ აქვს. დეპარტამენტში არც ის იციან, ხომ არ მუშაობენ ეს პირები რომელიმე კომპანიაში.

მდინარეებიდან ინერტული მასალების ამოღებაზე ლიცენზიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გასცემს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მდინარე მაჭახელაზე ასეთი ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა ნებართვა გაცემულია მდინარის პირას უკვე დასაწყობებული მასალების გატანაზე.

საქმე იმაშია, რომ  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ლიცენზიები გასცა იმ დასაწყობებული მასალების გატანაზე, რომელიც კომპანია „აჭარა ენერჯი 2007“-მა, თავის დროზე, მდინარე ჭოროხის იმ უბნიდან ამოიღო, სადაც ჰესი მოაწყო. შეთანხმების შესაბამისად, ამოღებული ინერტული მასალა კომპანიამ სახელმწიფოს გადასცა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სწორედ ეს მარაგი  გაყიდა აუქციონის წესით, ჯამში, 4 მილიონ 555 000 ლარად. ლიცენზიის მფლობელი სამი კომპანია გახდა.

მაჭახელში ვარაუდობენ, რომ ლიცენზიის მქონე კომპანიები [ან რომელიმე კომპანია], რომლებმაც  მასალების გატანის უფლების მოსაპოვებლად დიდი ფული დახარჯეს, მდინარე მაჭახელადან ინერტულ მასალებს დიდი ოდენობით იპარავენ, სახელმწიფო კი ამ პროცესის გაკონტროლებისას ისეთი მკაცრი არ არის, რომ დამრღვევმა დარღვევის გამეორება ვერ გაბედოს: „დღეში 20 მანქანა გადის“.

მდინარე მაჭახელაში ინერტული მასალების უნებართვოდ ამოღების ფაქტს იქ მცხოვრებლები ყველაზე ხშირად სწორედ დასაწყობებულ მასალებთან ახლოს აფიქსირებენ. ადგილობრივებს აქვთ ეჭვი, რომ მდინარიდან ინერტულ მასალებს უკანონოდ იღებს იგივე კომპანია, რომელსაც ლიცენზია აქვს დასაწყობებული ინერტული მასალის გატანაზე – ეს ლიცენზია კომპანიას მდინარის პირას თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. ეს, თავის მხრივ, იმასაც ნიშნავს, რომ ძვირადღირებულ სასარგებლო წიაღისეულს კერძო კომპანიები უფასოდ მოიპოვებენ. 

„ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ კომპანია სწორედ იმიტომ შევიდა აუქციონში და გადაიხადა თანხა, რომ ჰქონდა მოლოდინი, მასალებს მდინარის კალაპოტიდანაც მოიპოვებდა, რაც მისთვის იქნებოდა დანახარჯის შევსება, ან ორმაგი მოგება. ეს გამოუვათ კიდეც, რადგან თითქმის ყოველდღე მუშაობენ და მოიპოვებენ მასალებს უფასოდ“, – ამბობს როინ მალაყმაძე.

მაჭახელა – ადგილი მდინარის სანაპიროზე, სადაც უკანონოდ მოიპოვებენ ინერტულ მასალებს

კომპანიები მდინარეებთან ინერტული მასალის დასაწყობებაზე თანხმობის მისაღებად მუნიციპალიტეტებსაც მიმართავენ. ამ გზით კომპანიას ტერიტორიაზე შეაქვს ლეგალურად მოპოვებული მასალა დასაწყობების მიზნით, შემდეგ კი იწყებს მდინარიდან მასალების უკანონოდ მოპოვებას. სქემის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი გამოჩნდება, კომპანიის ტექნიკა მიმართულებას ცვლის და ირწმუნება, რომ მდინარიდან კი არ იღებს მასალას, არამედ მდინარესთან დასაწყობებული საკუთარი მასალა გააქვს. ეს ხრიკი კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, ფაქტობრივად უფასოდ მოიპოვონ ძვირადღირებული ინერტული მასალა.

ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურში დღეს განგვიმარტეს, რომ ამ ეტაპზე რაიმე სახის თანხმობა მდინარე მაჭახელასთან ინერტული მასალების დასაწყობებაზე მერიას გაცემული არ აქვს. მერიის იურისტის, თემურ გაწერელიას თქმით, ასეთი თანხმობები მუნიციპალიტეტს გაცემული ჰქონდა და ამაში ის პრობლემას ვერ ხედავს. „რატომ უნდა იყოს მერია წინააღმდეგი, თუ ვინმე ადგილის გამოყენებას ითხოვს? ამ შემთხვევაში უპრიანია იჯარის წესის გამოყენება“, – გვითხრა მან და განგვიმარტა, რომ მუნიციპალიტეტი ინერტული მასალის დასაწყობებაზე არანაირ ნებართვას არ გასცემს და ეს მხოლოდ თანხმობაა იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას მასალების მოპოვებაზე ლიცენზია უკვე აქვს.

„მუნიციპალიტეტი მხოლოდ თანხმობას აცხადებს, ე.ი. არ მიდის წინააღმდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომპანიას ინერტული მასალის მოპოვების სპეციალური ლიცენზია. არის შემთხვევები, როდესაც მდინარის პირას ვერ ჩადიან იმიტომ, რომ მოუხერხებელი ადგილია, როცა ვარდნა დიდია და ხრამივითაა, ამიტომაც მდინარიდან ამოღებულ მასალას იქვე ყრიან, რომ შესასვლელი გზა გააკეთონ. ეს არის წერტილები, რომელსაც გარემოს დაცვა აკონტროლებს. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ თანხმობა გვქონდა დასაწყობებაზე“, – გვითხრა თემურ მოწყობილმა.

კანონმდებლობით მდინარის ნაპირების განკარგვაზე მუნიციპალიტეტს უფლებამოსილება არ გააჩნია და არც იმის განსაზღვრაა მუნიციპალიტეტის კომპეტენცია, როგორ ამოიღებს მასალებს ლიცენზირებული კომპანია. წყლის დაცვის შესახებ კანონით, მდინარის წყალდაცვითი ზოლი სახელმწიფო ქონების სააგენტოს ეკუთვნის. მდინარის წყალდაცვით ზოლად კი მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, „რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად.

წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს. მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის  დადგენილია 50 მეტრი.“

ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის ინფორმაციით, მას ასეთი შეთანხმებები მართლაც გაცემული აქვს, თუმცა ამ გადაწყვეტილებებს ის ქონების სააგენტოს, ასევე გარემოს დაცვის სამსახურს უთანხმებს: „კომპანიას, რომელსაც უნდოდა, რომ გამეცა თანხმობა მასალების დასაწყობებაზე, ვუპასუხე, რომ მე წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართოს ნებართვაზე.“

მაჭახელში ამბობენ, რომ თუ ვითარება არ შეიცვლება, პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავენ: „თუ ამას მთავრობა უარყოფს, მაშინ ჩვენ მოვიქცევით ასე: მდინარეზე შესულ ტექნიკას გამოსასვლელ გზას დავუკეტავთ და მთავრობას ფაქტის წინაშე დავაყენებთ. ჩვენ ამის გაგრძელებას არ დავუშვებთ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: