მთავარი,სიახლეები

ლაიქების ომი და მობილიზაციის დროს დაშვებული შეცდომები მთავრობაში

26.02.2020
ლაიქების ომი და მობილიზაციის დროს დაშვებული შეცდომები მთავრობაში

წუხელ [25 თებერვალი] აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჟურნალისტების ფეისბუქჩატში დაწერა: „თქვენი დახმარება საჭირო იქნება როგორც თავმჯდომარის, ასევე იმედის გვერდზეც“. მას შეეშალა – პრესცენტრის თანამშრომელი სინამდვილეში მიმართავდა არა ჟურნალისტებს, არამედ „ჩვენებს“. ის მომხრეებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თორნიკე რიჟვაძის ლაივზე „საბრძოლველად“ ანუ კომენტარების დასაწერად მოუხმობდა.

მოწოდება ჟურნალისტების საერთო ჩატიდან რამდენიმე წამში წაშალეს. თუმცა ჟურნალისტებს ამ ჩანაწერის სქრინი უკვე გაკეთებული ჰქონდათ და გაავრცელეს კიდეც.

ამის შემდეგ მთავრობის ჩატში დაწერეს, რომ ისინი არავითარ მობილიზებას არ გეგმავდნენ.

„რაც —- დაწერა, არ არის ჩვენი სტილი და ფორმა. სიცხე აქვს, წევს ეს მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო)“, – ეს იყო პირველი განმარტება, რაც მთავრობის პრესსამსახურის თანამშრომელმა იმავე ჩატში დაწერეს.

სქრინი მთავრობის ჩათიდან

დღეს გავრცელებული განმარტებით კი აღმოჩნდა, რომ „სიციხიანი“ თანამშრომლის განცხადება აბსოლუტურად საქმიანი იყო და არა ფანტაზიის ნაყოფი, რადგან მთავრობის პრესსამსახურმა დღეს ასეთი განმარტება გამოაქვეყნა:

„აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადება ხელისუფლების ნებისმიერი აქტივობის დროს, პრესსამსახური ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგი ინფორმაციის სანდოობის მხრივ, მათ შორის სოციალურ მედიაში. ასევე, მოამზადოს ანგარიში ყველა შესაბამისი უწყებისთვის, რათა გაუმჯობესდეს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ხარისხი და ინფორმაციის სწორი მიწოდება. ბოლო პერიოდში სოციალურ სივრცეში გახშირებულია ინფორმაციის დამახინჯების ფაქტები. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იმყოფება სრულ მზადყოფნაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით. გუშინ გავრცელებული შეტყობინებით, პრესსამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლებს პირდაპირი ეთერის დროს მოსალოდნელი „ფეიქ-ნიუსების“ მონიტორინგისკენ და შეკითხვებზე საპასუხო რეაგირებისკენ მოუწოდა. შეტყობინებაში ნათქვამია: „შემოგვასევენ ბოტებს და დაგვჭირდება ბრძოლა,“ რაც პრესსამსახურის თანამშრომლების სათანადო რეაგირებისკენ მოწოდებაა. ამ შეტყობინებას მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია. საუბარია არა ხელოვნურად ვინმეს მობილიზებაზე, არამედ ე.წ. „ბოტებისგან“ და „ფეიქ-ნიუსებისგან“ მოსახლეობის დაცვაზე“.

საქმე იმაშია, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სვოტ ანალიზში“ წუხელ, 25 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მართლაც მონაწილეობდა და, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის მუხედავად მობილიზებაც მოხერხდა.

რა ტიპის მობილიზებას გულისხმობდა პრესცენტრის თანამშრომელი, ამის გაგება მთავრობის თავმჯდომარის ფესიბუქის გვერდიდან მარტივად შეიძლება, გადაცემის ვიდეოს არაერთი მოწონება და დაახლოებით ასეთი კომენტარები აქვს: „წარმატებები ახალგაზრდა ლიდერს“. კომენტარების ავტორები, ძირითადად, საჯარო მოხელეები, ახალგაზრდული ცენტრის  წევრები და მოხალისეები არიან.

ეს არ არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, როცა ფეისბუქჩატში „მობილიზაციას“ აცხადებენ მთავრობაში დასაქმებული მოხელეები. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შეცდომა აჭარის განათლების სამინისტროს პრესცენტრში დაუშვეს გასულ თვეში, როცა „მობილიზაციის“ შესახებ ასევე ჟურნალისტის ჩატში დაწერეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: