Batumelebi | „ეს ბოტების სკანდალსაც უკავშირდება“ – აჭარის მთავრობიდან IT სპეციალისტი გაუშვეს „ეს ბოტების სკანდალსაც უკავშირდება“ – აჭარის მთავრობიდან IT სპეციალისტი გაუშვეს – Batumelebi
RU | GE  

„ეს ბოტების სკანდალსაც უკავშირდება“ – აჭარის მთავრობიდან IT სპეციალისტი გაუშვეს

„სამსახურიდან გამოშვება უკავშირდება ბოტების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, ასევე „ქართული ოცნების“ შიგნით კონკრეტულ პირებს შორის დაპირისპირებას,“ – ამბობს ბერდია ბერიძე. იგი ბოლო 7 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის აპარატში IT სპეციალისტად მუშაობდა. ბერდიას შრომითი ხელშეკრულება 31 მარტს შეუწყვიტეს.

ბერდია ბერიძისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებაში წერია, რომ იგი სამსახურში 6 მარტს არ გამოცხადდა, ერთი დღით გამოუცხადებლობა კი მისი სამსახურიდან პირდაპირ გათავისუფლების მიზეზი გახდა.

„იმ დღეს, ადრე დილით, 7 საათზე მომიწია თურქეთში წასვლა, ბებიაჩემისთვის წამალი უნდა მეყიდა, რომელიც აქ არ იყიდება… სამწუხაროდ, სამსახურში წინასწარ გაფრთხილება ვერ მოვახერხე, რაზეც შემდეგ მოვუბოდიშე. ახსნა-განმარტებაც მოისმინეს, მაგრამ არ გაითვალისწინეს. შენიშვნის და საყვედურის გარეშე, პირდაპირ გამომიშვეს სამსახურიდან. მეორე დღეს თანამშრომლებთან გამომშვიდობება მინდოდა და არც კი შემიშვეს შენობაში. აქამდე დისციპლინური გადაცდომა არ მქონია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბერდია ბერიძე,

გათავისუფლების ბრძანებაში არ არის დაკონკრეტებული, რა ზიანი მიადგა აჭარის მთავრობის აპარატს ბერდია ბერიძის ერთი დღის გაცდენით.

„ბერდია ბერიძის მიერ ჩადენილია მძიმე გადაცდომა. შესაბამისად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბერდია ბერიძის არყოფნით შეფერხდა სამსახურის საქმიანობა, სამსახურს არ ჰყავს სხვა მოსამსახურე, რომელიც შეასრულებდა ბერდია ბერიძისთვის დაკისრებულ ფუნქციებს, მას მეტ პასუხისმგებლობას სძენდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისადმი. ბერდია ბერიძისთვის თანაზომიერი პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლება,“ – ვკითხულობთ ბრძანებაში, რომელსაც აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი აწერს ხელს.

„არჩილ ჩიქოვანს ადრეც სურდა ჩემი სხვაგან გადაყვანა, მაგრამ არ მოხერხდა… ის არის დაპირისპირებული კახა მიქელაძესთან, რომელიც აქამდე „ქართულ ოცნებაში“ იყო. მე ვმეგობრობ კახა მიქელაძესთან. ვფიქრობ, რომ ამის გამო გამიშვეს… 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ წევრი ვარ, 2013 წლიდან აჭარის მთავრობაში ვმუშაობდი,“ – აღნიშნავს ბერდია ბერიძე.

რეალურად რა გახდა IT სპეციალისტის სამსახურიდან გაშვების მიზეზი? – ბერდია ბერიძის თქმით, არჩილ ჩიქოვანმა მას ზეპირად უსაყვედურა იმის გამო, რომ 6 მარტს, როცა იგი სამსახურში არ იყო, სათათბირო ოთახში პროექტორი ვერ ჩართეს.

„ბათუმელებთან“ საუბრის დროს ბერდია ბერიძემ თქვა, რომ იგი აჭარის მთავრობის აპარატის საიტზე არ მუშაობდა, მხოლოდ მივლინებების შესახებ ტვირთავდა ინფორმაციას და მუშაობდა თანამშრომლებთან ტექნიკური გამართულობის კუთხით.

„…ასევე ვმუშაობდი ფეისბუქგვერდზე. ბოტებზე რომ იყო ატეხილი აჟიოტაჟი, მაგ თემაზეც ბევრი მაქვს სათქმელი… მაგ თემასაც უკავშირდება. არჩილ ჩიქოვანი ეჭვიანია, რეალურად, არ ვიცი, რა მოხდა,“ – დასძინა ბერდია ბერიძემ. ამ ეტაპზე დეტალებზე და კონკრეტულად „ბოტების სკანდალზე“ საუბრისგან მან თავის შეკავება არჩია. ის სამართლებრივ დავას აპირებს.

„ბოტების სკანდალი“ აჭარის მთავრობაში ბერდია ბერიძის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა – 25 თებერვალს, როცა თორნიკე რიჟვაძე „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობდა, აჭარის მთავრობის პრესცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბოტების“ წინააღმდეგ მობილიზების შესახებ გზავნილი შეცდომით ჟურნალისტების ფეისბუქჩატში ჩააგდო.

რა ზიანი მიადგა აჭარის მთავრობას ბერდია ბერიძის სამსახურში არყოფნით და გამოყენებული იყო თუ არა მის მიმართ აქამდე დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა – ვკითხეთ აჭარის მთავრობის პრესცენტრს, საიდაც წერილობით მოგვწერეს ის, რაც ბრძანებაში წერია.

მთავრობის პრესცენტრიდან მოწერილ ინფორმაციაში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბერდია ბერიძე 6 მარტს თურქეთში გადავიდა.

„დისციპლინური წარმოების შედეგად დადგინდა, რომ ბერდია ბერიძე 2020 წლის 6 მარტს, თვითნებურად, შეტყობინების გარეშე არ გამოცხადდა სამსახურში, გადაკვეთა საზღვარი, გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში. ბერდია ბერიძის არყოფნის დროს იდგა მისთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელების საჭიროება, მას არ ჰყავს შემცვლელი, სხვა მოსამსახურე ვერ შეასრულებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს, ვინაიდან საჭიროა სპეციალური ცოდნა, აღნიშნულის გამო შეფერხდა სამსახურის საქმიანობა, შესაბამისად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით გადაცდომა მძიმედ იქნა მიჩნეული,“ – მოგვწერეს აჭარის მთავრობის პრესცენტრიდან.

„ეს ბრძანება დაუსაბუთებელია“, – მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე. იგი განმარტავს, რომ დასაბუთებული არ არის კონკრეტული გარემოებები, რამაც გამოიწვია სამსახურის შეფერხება. ბრძანებაში ასევე არაა მითითებული, გამოიკვლიეს თუ არა ბერდია ბერიძის სამსახურში არყოფნის მიზეზი, ასევე ის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიმართ იყო თუ არა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

„როგორც გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძვლებიდან ჩანს, დამსაქმებელი არ ახდენს იმის დაკონკრეტებას, რა მიზეზით მოხდა ბერდია ბერიძის გათავისუფლება, მხოლოდ ზოგადი ფორმულირებით შემოიფარგლება… იმ პირობებში, როდესაც დასაქმებული სამსახურიდან ვალდებულების უხეში დარღვევის ელემენტზე მითითებით თავისუფლდება, დამსაქმებელი ვალდებულია დაადასტუროს გარემოებები იმის შესახებ, რომ გათავისუფლებული თანამშრომელი თავს ვალდებულებებს ჯეროვნად ვერ ართმევდა, ან არ ასრულებდა. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს სახეზე,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე.

_________

მთავარი ფოტო: არჩილ ჩიქოვანი და ბერდია ბერიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი