მთავარი,სიახლეები

„თევზის რესურსი გაზრდილია“, ანუ რატომ დაუშვეს თევზჭერა ბათუმის ნავსადგურში? 

27.03.2020 • 2337
„თევზის რესურსი გაზრდილია“, ანუ რატომ დაუშვეს თევზჭერა ბათუმის ნავსადგურში? 

ბათუმის ნავსადგურის ღია ნაწილში თევზჭერა დაუშვეს. სეინერები უკვე იქაც იჭერენ თევზს, სადაც სატვირთო გემები ჩერდებიან. ეს გადაწვეტილება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 19 მარტს მიიღო და იგი 5 აპრილამდეა ძალაში.

სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, დაშვებული გახდა სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ბათუმის ნავსადგურის გახსნილ [ღია] ნაწილში. აქვე მითითებულია კოორდინატები და ის, რომ ერთზე მეტი თევსაჭერი გემი აკვატორიაში არ უნდა შევიდეს.

რის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ? როგორ იმოქმედებს ეს ბიოსისტემაზე და რა ეკონომიკური სარგებელი მიიღო ამით ქვეყანამ?

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ სააგენტოს ნავსადგურის ტერიტორიაზე თევზჭერის დაშვება თევზის მომპოვებელი ლიცენზიანტების ასოციაციამ ითხოვა.

„ისინი თავის პოზიციას ასაბუთებდნენ იმით, რომ თევზის რესურსი არის გაზრდილი, თუმცა კვოტის ათვისება ვერ ხერხდება, რამდენადაც ქაფშიის გუნდები [ჯოგები] თავმოყრილია ნავსადგურის თევზჭერისთვის აკრძალულ რაიონში.

თევზჭერის დარგის განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტია და დღეს შექმნილ გარემოებებში კიდევ უფრო მეტად ითვალისწინებს ბიზნესის საჭიროებებს. ამიტომ, სააგენტოსა და სახელმწიფო უწყებების მიერ მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული საქართველოს თევზის მომპოვებელი ლიცენზიანტების თხოვნა,“ – მოგვწერეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან. აქვე დასძინეს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასევე სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტთან და ეკონომიკის სამინისტროსთან არის შეთანხმებული.

სააგენტოს პრესსამსახურში განმარტეს, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, რომელმა კომპანიამ მოიპოვა ლიცენზია, ან რა სარგებელი მიიღო ამით ქვეყნის ეკონომიკამ. უწყებაში განმარტეს, რომ ეს ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს. ჩვენ ამ უწყებასაც მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე ინფორმაცია არ მიგვიღია.

ნავსადგურის კაპიტანი, თენგიზ გადელია, რომელიც ახლა თევზსაჭერი გემის ნავსადგურში შესვლას აკონტროლებს, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თევზსაჭერი გემი ნავსადგურში მხოლოდ განსაზღვრულ საათებში შემოდის, როცა სატვირთო გემები არ გადაადგილდებიან და მათ მოძრაობას საფრთხე არ ექმნება.

„არ ვიცი, რატომ დაუშვეს, ალბათ, სახელმწიფოს ასე სჭირდებოდა… ჩვენ ვცდილობთ, ისეთ ინტერვალში შემოვუშვათ საღამოობით, როცა სხვა გემი არ შემოდის და არ გადის, არ ქმნის ეს სირთულეს,“ – ამბობს თენგიზ გადელია.

ასოციაციის „ფლორა და ფაუნას“ თავმჯდომარე, არჩილ გუჩმანიძე თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს არ შეუქმნის ბიომრავალფეროვნებას და „გარემოსდაცვითი მდგენელის გამო არ იყო ამ დრომდე შეზღუდული ნავსადგურში თევზჭერა“.

„ეს აკრძალვა იყო იმიტომ და არის ბევრს სხვა პორტშიც, რომ გემების მიმოსვლას არ შეეშალოს ხელი. როგორც ჩანს, ახლა ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ასე გადაწყვიტეს“, – გვითხრა არჩილ გუჩმანიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: