მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყდა, განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაცია მისცა, სასწავლო პროცესი გაგრძელებულიყო დისტანციურად.
მასწავლებლების დიდი ნაწილი ონლაიპლატფორმა Zoom-ში ჩაერთო. ბოლო მონაცემებით, პროგრამის მომხმარებელთა რაოდენობა 2020 წლის 14 მარტისთვის 67 პროცენტითაა გაზრდილი, თუმცა SpaceX-ში უარი თქვეს Zoom-ის გამოყენებაზე, უსაფრთხოების ზომების გამო.
მანამდე კი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ბოსტონის ოფისმა Zoom-თან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა და მომხმარებლებს მოუწოდა, არ გაეზიარებინათ შეხვედრების ბმული და ის საჯარო არ გაეხადათ. ეს მოწოდება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ორმა ამოუცნობმა პირმა სკოლის გაკვეთილის სესიაზე შეაღწია.
რა უნდა გავითვალისწინოთ Zoom-ში მუშაობის დროს, რომ არ გავხადოთ პირადი მონაცემები და კონფიდენციალური ინფორმაცია საჯარო?
„ბათუმელები“ CyberHouse-ის თანადამფუძნებელს მიშა ბასილაიას ესაუბრა. მისი თქმით, Zoom-ში მუშაობის დროს აუცილებელია მომხმარებელმა დაიცვას შემდეგი წესები:
[checklist]
-
-
- არ უნდა შევქმნათ საჯარო შეხვედრა;
- შეხვედრის ორგანიზატორმა უნდა დაიტოვოს desktop-ის გაზიარების უფლება;
- დაადოს პაროლი შეხვედრას;
- მხოლოდ ელექტრონული ფოსტით ან სმს-ით დაუგზავნოს პაროლი შეხვედრის მონაწილეებს.
-
[/checklist]„Zoom-ის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ძალიან ბევრი ონლაინშეხვედრა, რომლებიც ამ პროგრამით მიმდინარეობდა, გახდა საჯარო. ჰაკერები და რაღაც ბოროტი განზრახვის მქონე პირები ადვილად აგნებდნენ ამ შეხვედრებს, შედიოდნენ შეხვედრაში და აზიარებდნენ პორნოგრაფიას ან რამე ისეთ მასალებს, რომლებიც იყო შეურაცხმყოფელი და ა.შ“, – ამბობს მიშა ბასილაია.
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინსივრცეში სხვა ალტერნატივებიც არსებობს, Zoom-ს უპირატესობას ანიჭებენ მისი მოქნილობის გამო. „პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია 100-ზე მეტი ადამიანის ჩართვა, ამიტომ სკოლებმა, უნივერსიტეტებმა ამერიკაშიც და ევროპაშიც ამის გამო ზუმის გამოყენება დაიწყეს. შემდეგ იმდენად გავრცელდა ამაზე კიბერშეტევები, რომ FB-ც კი გამოუშვა რეკომენდაციები.
ბევრი კონფიდენციალური შეხვედრა იმართებოდა, მინისტრების, სხვადასხვა მთავრობის წევრების და ასეთ შეხვედრებზე შეაღწიეს უცხო პირებმა და გაასაჯაროვეს ინფორმაციები“, – გვეუბნება ბასილაია.
მისი თქმით, პროგრამის გამოყენების დროს, გარდა იმისა, რომ პაროლი უნდა დავადოთ შეხვედრას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო მაგიდის, ანუ desktop-ის გაზიარების უფლება მხოლოდ შეხვედრის ორგანიზატორს ჰქონდეს, შეხვედრაზე უცხო პირები რომ არ მოხვდნენ.
მიშა ბასილაიას თქმით, გარდა ამ სისუსტისა, ზუმს ჰქონდა ფეისბუქის აუთენტიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციას აწვდიდა ფეისბუქს. „ეს არ არის ძალიან კრიტიკული, თუმცა შესაძლოა გახდეს პრობლემის საფუძველი.
საუბარი იყო იმაზეც, რომ მონაწილეებს შორის შეხვედრა დაშიფრული უნდა ყოფილიყო, თუმცა გაირკვა, რომ ეს შიფრაციაც რეალურად მუშაობს ზუმის სერვერამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ ზუმის თანამშრომლებს შეუძლიათ ჩაიხედონ ონლაინშეხვედრებში. ელოდებიან, რომ ამ პრობლემასაც მოაგვარებენ Zoomში“, – ამბობს მიშა ბასილაია.
ბასილაიას თქმით, ონლაინშეხვედრებისა თუ კონფერენციებისთვის უსაფრთხო და საკმაოდ მოთხოვნადია GoToMeeting და Cisco Webex პროგრამებიც, რომელთაც ასევე აქვთ უფასო პლატფორმები, თუცა გარკვეული შეზღუდვებით.