მთავარი,სიახლეები

მაკრონი: ჩვენ ვართ ომში, მტერი აქვეა, უხილავი და მოუხელთებელი

17.03.2020
მაკრონი: ჩვენ ვართ ომში, მტერი აქვეა, უხილავი და მოუხელთებელი

 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალური მიმართვა ფრანგ ხალხს:

______________

„Covid – 19-ის ეპიდემია შესაძლოა ზოგიერთ ჩვენგანს შორეული პერსპექტივა ეგონა, მაგრამ ის ჩვენს ახლანდელ, არსებულ რეალობად იქცა.

მიუხედავად განგაშისა და მძიმე ვითარებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი ისევ არის პარკებსა და ბარებში, არ ითვალისწინებენ აკრძალვებს ყველაფრის დახურვის აუცილებლობაზე, თითქოს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა.

თუ არ დავიცავთ წესებს, შესაძლოა ვიქცეთ ვირუსის უსიმპტომო მატარებლებად და დავაავადოთ საკუთარი მეგობრები, მშობლები, ჩვენმა წინდაუხედაობამ შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ჩვენთვისვე ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობა, სიცოცხლე.

ჩვენ ვართ ომში, ვიბრძვით ჯანმრთელობისთვის. არ ვიბრძვით ჯარით რომელიმე ერის წინააღმდეგ. მტერი აქვეა, უხილავია და მოუხელთებელი. მის დასამარცხებლად ჩვენი მობილიზებაა საჭირო.

ჩვენ ვართ ომში და ხელისუფლების, პარლამენტის ყველა ძალისხმევა ახლა უნდა მოხმარდეს ეპიდემიასთან ბრძოლას. დღისით თუ ღამით არ გვაქვს უფლება, რაიმე სხვამ მიიპყროს ჩვენი ყურადღება.

ჩვენ ომში ვართ. ერი პასუხისმგებლობას იღებს თავის ბავშვებზე სოფლებსა და ქალაქებში, საავადმყოფოებში, სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველა ადამიანზე, ვინც ამ ომში წინა ხაზზეა და იბრძვის. მათ აქვთ უფლება, სახელმწიფოსგან მიიღონ ყველაფერი, რისი მიცემაც მათთვის ქვეყანას შეუძლია. ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დასჭირდებათ დაცვა.

ნიღბები, გელი, სადეზინფექციო საშუალებები, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გარემოს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. ამ ყველაფერზე იზრუნებს სახელმწიფო.

დიახ. ჩვენ ომში ვართ, და ამ პერიოდში ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ყველაზე მოწყვლად რეგიონებს. მე მინდა ვუთხრა ჩვენს მედპერსონალს, რომლებიც პირისპირ ებრძვიან ვირუსს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ საავადმყოფოები გადავსებისგან, პაციენტთა უკონტროლო ნაკადებისგან, რისი ნიშნებიც უკვე იყო.

მსოფლიო და საფრანგეთი ძალიან რთულ ეტაპს გადის. არ ვიცით, რა იქნება მომავალში. დღეები გადის და პრობლემებს პრობლემები ცვლის. ჩვენ უნდა დაველოდოთ პრეპარატების ექსპერიმენტულ ვადებს. უნდა შევძლოთ რეალობასთან ადაპტირება და  უსაფრთხოების ყოველდღიურ რეჟიმში ყოფნა. ამასობაში დადგება დრო, როცა განკურნების ეფექტურ საშუალებებს მიაგნებენ მეცნიერები.

მჯერა, შევძლებთ ერთსულოვნებას. გთხოვთ, ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და არ მივეცეთ არანაირ პანიკას. ჩვენ გავიმარჯვებთ ომში და ეს რთული პერიოდი ძალიან ბევრს გვასწავლის სამომავლოდ. ბევრი ურყევი მტკიცებულება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ბევრი რამ, რაც შეუძლებელი გვეგონა, შესაძლებელი აღმოჩნდება.

მოდით, არ დავნებდეთ, ვიმოქმედოთ და გვახსოვდეს, რომ გავიმარჯვებთ“.

[ქვეყნდება შემოკლებით]


17 მარტის მონაცემებით (12:59) საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 6 655 ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 148-ს აღწევს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: