მთავარი,სიახლეები

2 მილიარდი ლარი გამოიყო სამუშაო ადგილებისა და კომპანიების შესანარჩუნებლად – გახარია

01.04.2020 • 2636
2 მილიარდი ლარი გამოიყო სამუშაო ადგილებისა და კომპანიების შესანარჩუნებლად – გახარია

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. პრემიერი არ გამორიცხავს კრიზის ფონზე ეკონომიკა აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ „ეს დახმარება იყოს კიდევ უფრო გასაზრდელი.“

გარდა ამისა, გახარიამ აღნიშნა, რომ გამოყოფილი თანხა არ მოიცავს კორონავირუსთან ბრძოლის თანხას, უშუალოდ ვირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის პრემიერის ინფორმაციით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ის ღონისძიებები, რასაც ჩვენ ახლა ვატარებთ ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, იქონიებს ზეგავლენას ეკონომიკურ შედეგებზეც და ჩვენ დღეს არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ვისაუბროთ ეკონომიკის იმ ზრდაზე, რომელზეც წლის დასაწყისში ვსაუბრობდით.

ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ დღეს ვფუნქციონირებთ და სახელმწიფო ფუნქციონირებს კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღო პირდაპირი ეკონომიკური ზიანი. ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი და დაკარგეს სამუშაო ადგილები,“ – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, მთავრობა განიხილავს ასევე იმ ადამიანების „პირდაპირ დახმარებასაც“, მას შემდეგ, რაც მათ იდენტიფიცირებას მოახდენენ.

„ეს კრიზისი განსხვავდება, შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი როგორც დროის თვალსაზრისით, რამდენ ხანს გაგრძელდება, ასევე ეკონომიკაზე მიყენებული ზიანით. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ ყველა სხვა აქტორისგან განსხვავებით მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად გამოვიყენოთ თუნდაც ის მწირი შესაძლებლობები ჩვენი ეკონომიკის, რომელიც გვაქვს. ამიტომაც დღეის მდგომარეობით გამოიყო ორი მილიარდი ლარი ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით. ეს დახმარება მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად. ეს თანხა უნდა გამოვიყენოთ რაციონალურად,“ – განაცხადა პრემიერმა.

გახარიამ დღევანდელ გამოსვლაში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ საჭიროა რაციონალური და ეფექტური ხარჯვა როგორც ვირუსთან ბრძოლის ნაწილში, ასევე ბიუჯეტთან მიმართებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: