ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 150 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 330 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 544 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 34 321 ერთეული [+20]
  • MLRS – 1 538 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 239 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 78 928 ერთეული [+250]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 918 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 66 795 ერთეული [+72]
  • სპეცტექნიკა – 3 993 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 95 554 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 635 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 907 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 611 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 166 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 46 163 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსებს არ აქვთ მაღალი ტემპი, გარღვევების ძალა არ შესწევთ“ – ინტერვიუ გენერალთან

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„რუსებს არ აქვთ მაღალი ტემპი, გარღვევების ძალა არ შესწევთ“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსები დიდი მსხვერპლის ხარჯზე, ნელი ტემპით ახერხებენ რაღაცნაირად წინ წაწევას. ეს იმდენად ნელა ხდება, რომ უკრაინელები ახერხებენ შემდეგი თავდაცვითი ზღუდეების მოწყობას,“ – უკრაინაში ომს ისევ ყურადღებით აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, წლის ბოლომდე ისევ განახლდება მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე, მანამდე კი, რუსები პოკროვსკის აღებას ეცდებიან. პოკროვსკის აღების შემთხვევაში, მეტი პირობით მივლენ მოლაპარაკებაზე რუსებიო – ამბობს გადამდგარი გენერალი.

„რუსები ცდილობენ, რომ ქვეითად, სამ-ხუთკაციანი ჯგუფებით მოახერხონ და გადაიარონ ქალაქის მისასვლელები, რამენაირად მოახერხონ შეღწევა. მათ მუდმივად დრონებით ურტყამენ. სამიდან ერთი კაცი თუ მიაღწევს თავის დანიშნულების წერტილს, ითვლება, რომ ეს წარმატებულად მოხერხდა.

ფრონტის ხაზზე უკრაინელები დრონებით საკმაოდ ეფექტურად მოქმედებენ. ოთხჯერ შემცირდა ჯავშანტექნიკის დანაკარგები რუსეთის შეიარაღებული ძალებში… ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ, ვთქვათ, უფრო დაცულია ეს ტექნიკა – უბრალოდ აღარ იყენებს რუსეთი ამ ტექნიკას, რადგან მუდმივად ხდება დრონების მსხვერპლი… ტანკები და ჯავშანტექნიკა რუსებისთვის გადაიქცა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებად, რომ ოღონდ ვინმე სადმე მიიყვანოს,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ხდება ფრონტის ხაზზე? როგორც ვიცით, ურთულესი მონაკვეთი პოკროვსკია…

დიახ, ასეა. ამ ეტაპზე პოკროვსკშია კონცენტრირებული ძირითადი მოქმედებები.

რუსეთი აგრძელებს ძალების დაგროვებას ქალაქების პოკროვსის და მირნოგრადის ცენტრებში. მირნოგრადის დასავლეთით მდებარე კაზაცკის რაიონში დაიწყეს შეღწევა. პოკროვსკის უკვე ჩრდილოეთ სექტორში წარმოებს ბრძოლები, თუმცა პოკროვსკის ცენტრში მდებარე გამგეობის შენობაზე უკრაინელებმა ჩამოაგდეს რუსული დროშა და უკრაინული აღმართეს. ანუ, უკრაინელებიც ახერხებენ ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსები სრულად ვერ აკონტროლებენ დაკავებულ ტერიტორიას.

2022 წელს, როცა ომი დაიწყო რუსეთმა, მთელს უკრაინაში რუსეთის დაჯგუფება იყო 180 – 190 000. პოკროვსკის შეზღუდულ მიმართულებაზე რუსეთს ახლა გამოყვანილი ჰყავს 100 000.

ვფიქრობ, 10-15 დღის შემდეგ სავარაუდოდ დადგება მოცემულობა, როცა უკრაინელები დილემის წინაშე დადგებიან: უნდა გადაწყვიტონ ჯარის გაყვანა და უკან დახევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინელებს მოუწევთ ალყაში მოქმედება.

  • რუსები ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ ალყის შეკვრას, ახლა გამოსდით?

ჯერჯერობით, მთლიანად ალყის შეკვრამდე 3-დან 5 კილომეტრამდეა დარჩენილი. ვერ იტყვი, რომ უკვე რუსები აკონტროლებენ პოკროვსკის ან მირნოგრადს. ეს ორი ქალაქია ფაქტობრივად, სადაც ძირითადი ბრძოლები მიმდინარეობს.

ქალაქში მიდის ბრძოლები. ეს ბრძოლები არის ქაოსური სახის, მცირე ჯგუფებს შორის. საცეცხლე კონტაქტებია მოკლე მანძილზე. ჰაერში აქტიურად დრონების ბატონობაა ორივე მხრიდან. არ არის გამორიცხული, რომ ვინაიდან რუსები უკვე ახერხებენ ქალაქში შესვლას, შემდეგი შეტევების ორგანიზებაც შეძლონ.

  • შეიძლება, ალყაშიც განაგრძონ ბრძოლა უკრაინელებმა? რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამას?

შესაძლოა, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება, რომ უკრაინამ განაგრძოს ალყაში ბრძოლა და შემდგომ ეცადონ ალყის გარღვევას ან გამოიყენონ ალყაში ბრძოლა სხვა მიმართულებებზე თავიანთი მოქმედებების გასაძლიერებლად.

რუსები ცდილობენ, რომ ქვეითად, სამ-ხუთკაციანი ჯგუფებით მოახერხონ და გადაიარონ ქალაქის მისასვლელები, რამენაირად მოახერხონ შეღწევა. მათ მუდმივად დრონებით ურტყამენ. სამიდან ერთი კაცი თუ მიაღწევს თავის დანიშნულების წერტილს, ითვლება, რომ ეს წარმატებულად მოხერხდა. აი, ასე, თანდათანობით ხდება ძალების დაგროვება.

  • რუსების სტრატეგია რა არის, თქვენი დაკვირვებით? პოკროვსკში მებრძოლი მე-7 სადესანტო ბრიგადის ინფორმაციით, ქალაქში შეჭრილი რუსი ჯარისკაცები ტერიტორიაზე გამაგრებას არ აპირებენ, მათი მიზანია გააგრძელონ წინსვლა და უკრაინელების ძალების შემდგომი გახლეჩა.

რუსები ჯგუფდებიან და აგრძელებენ შეტევას. რა თქმა უნდა, პოზიციას აწყობენ და აგრძელებენ შეტევას. გრიშინო არის დასახლებული პუნქტი პოკროვსკის ჩრდილოეთით და იქ აპირებენ შეტევის გაგრძელებას. ყოველ შემთხვევაში, ვექტორი ასეთი ჩანს. მირნოგრადში, რომელიც პოკროვსკის გვერდითაა, ასევე ბრძოლები მიმდინარეობს. ნახევარი მირნოგრადი უკვე აღებული აქვთ რუსებს.

მირნოგრადი მძიმე დღეშია – ის უფრო ადვილად შეიძლება მოწყვიტონ უკრაინულ ძალებს. ამ ეტაპზე უკრაინელები არ აძლევენ საშუალებას შექმნან ეს ალყა რუსებმა. გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ უკრაინელების დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფი „თემური“ ახორციელებს პოკროვსკში მდებარე ქარხნის ტერიტორიის რუსებისგან გაწმენდას. ზოგადად, სპეცდანიშნულების შეყვანამ ბრძოლაში საშუალება მისცა უკრაინელებს, შეექმნათ დერეფანი, რომლის საშუალებითაც დამხმარე ძალები შეიყვანეს.

ამავე დროს მიდის წმენდა დასახლებული პუნქტების რუსებისგან გასათავისუფლებლად. იქ არის დოპროპოლიეს შვერილი, პოკროვსკი-მირნოგრადის ჩრდილოეთით. ამ მიმართულებით რუსების გარღვევაზე წინა ინტერვიუში გესაუბრეთ. უკრაინელებმა შეძლეს და გაანადგურეს რუსების ეს დაჯგუფება სრულად.

სიმართლეს ჰგავს მოსაზრება, რომ გერასიმოვის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, ნოემბრის შუამდე მოახერხებს თუ არა პოკროვსკის აღებას.

  • 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ, როცა რუსებმა ბახმუტი აიღეს, პოკროვსკია შემდეგი ქალაქი, რომლის აღებასაც რუსები ამ დრომდე ცდილობენ?

დიახ, მაგრამ პოკროვსკი არ არის დიდი ქალაქი. თუ პოკროვსკი აიღეს, ბახმუტის შემდეგ ერთადერთი ქალაქი იქნება წელიწად-ნახევრიანი ბრძოლების შემდეგ, რომლის აღებაც რუსებმა შეძლეს.

  • ეს ტემპი რას აჩვენებს?

ეს აჩვენებს იმას, რომ რუსებს არ აქვთ მაღალი ტემპი – არ შესწევთ ძალა, გარღვევები განახორციელონ. რუსები უამრავი მსხვერპლის ხარჯზე, ნელი ნაბიჯებით ახერხებენ რაღაცნაირად წინ წაწევას. ეს იმდენად ნელი ტემპით ხდება, რომ უკრაინელები ახერხებენ შემდეგი თავდაცვითი ზღუდეების მოწყობას.

  • პოკროვსკის აღება თუ შეძლეს, ეს რა სახის წარმატებაა რუსებისთვის, გარდა იმისა, რომ კრემლის პროპაგანდა ამას გამოიყენებს?

სამწუხაროდ, მედია ზედმეტ ყურადღებას აქცევს პოკროვსკის მიმართულებას. უკრაინელებიც, აი, დიდ ყურადღებას აქცევენ ამას, რაც არასწორია. პოკროვსკის ბრძოლა დაემთხვა ტრამპის მოლაპარაკებებს. შესაბამისად, ორივე მხარე ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ფრონტზე არ აქვს ცუდი მდგომარეობა.

სინამდვილეში, პოკროვსკი ერთი საშუალო ზომის დასახლებული პუნქტია, რომელსაც წელიწად-ნახევარია იღებენ რუსები და რომც მოახერხონ მისი აღება, რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ დარჩება ე.წ. ჯიბე. ეს არის და ეს. ასე რომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა პოკროვსკის აღებას არ აქვს.

რუსებმა რომ მთლიანად აკონტროლონ დონბასი, მათ უნდა აიღონ ყველაზე ძლიერად გამაგრებული კრამატორსკი-სლავიანსკის აგლომერაცია. იქამდე მისვლისთვის კი, რუსებმა უნდა აიღონ სხვა დასახლებული პუნქტები: კონსტანტინოვკა, დრუჟკოვკა და სხვა.

ამ ტემპებით თუ გაგრძელდა რუსების სვლა, ისინი დონბასის დაკავებას მინიმუმ ხუთ წელს მაინც მოანდომებენ.

რუსები ასევე ცდილობენ, გაიუმჯობესონ ვითარება კუპიანსკში. ეს ხარკოვის მიმართულებაა. მათ მდინარე სევერნი დონეცკის ნაწილი გადალახეს, ნაწილი – ვერა. აქაც მიმდინარეობს ბრძოლები, მაგრამ არა ისეთი, როგორც პოკროვსკის მიმართულებაზე.

არის გარკვეული მოქმედებები ზაპოროჟიეს რაიონშიც: მას შემდეგ რაც რუსების ორი ჯავშანკოლონა იქნა მთლიანად განადგურებული ტოკმაკთან, რუსებმა მაინც სცადეს, წასულიყვნენ წინ, თუმცა აბსოლუტურად უშედეგოდ.

  • ასევე, დრონებით და რაკეტებით განაგრძობენ შეტევას რუსები. ორი დღის წინ ოდესის პორტებს დაარტყეს ისევ. თქვენი აზრით, რატომ გახდა ოდესა ისევ რუსების სამიზნე?

მსგავსი დარტყმები მუდმივად ხდება, თანაც არამარტო ოდესაზე. უკრაინელებიც ურტყამენ დრონებით რუსეთს. უკრაინელებმა შეცვალეს თავისი აქცენტი და უკვე არამარტო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და საწყობებს ურტყამენ, არამედ ელექტრო-ენერგეტიკულ ობიექტებს.

როგორც რუსებმა დაიწყეს დარტყმები უკრაინის და კიევის ელექტრო ობიექტებზე, სიმეტრიულად უკრაინელებმა დაიწყეს დარტყმები რუსეთზე, მაგალითად, თუ 2024 წელს ასეთი იყო 27 დარტყმა, 2025 წელს უკვე 39 დარტყმაა.

ამის შედეგი იყო ის, რაც ვნახეთ: უშუქოდ დარჩენილი რაიონები რუსეთში. უკრაინელებს გააჩნიათ საშუალება, დარტყმები განახორციელონ რუსეთში დაახლოებით 1000 კილომეტრ სიღრმეზე.

ეს უფრო მაინც არის მორალური ზემოქმედების საშუალება. უკრაინელები კი იძახიან, ელექტროენერგია გამოიყენება საომარი მოქმედებების ორგანიზებისთვისო, მაგრამ ძირითადად მაინც ეს არის სარკისებრი პასუხი იმაზე, რასაც აკეთებს რუსეთი, რომ რუსეთის მოქალაქეებმაც იგრძნონ ზამთრის სიმძიმე, როცა უშუქოდ, გათბობის გარეშე რჩება ქალაქების მთელი რაიონები.

უკრაინელებს აქვთ გარკვეული უპირატესობა დრონების გამოყენებაში. დრონების მართვის დანაყოფები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით არის 2%. ექსპერტები თვლიან, რომ თუკი ეს რაოდენობა გაიზრდება 5%-მდე, შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ფრონტის ხაზზე უკრაინელები დრონებით საკმაოდ ეფექტურად მოქმედებენ. მაგალითად, ოთხჯერ შემცირდა ჯავშანტექნიკის დანაკარგები რუსეთის შეიარაღებული ძალებში: 2024 წელს რა დანაკარგიც ჰქონდათ 1 კვირაში, იმდენივე დანაკარგი აქვთ ახლა თვეში. ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ, ვთქვათ, უფრო დაცულია ეს ტექნიკა – უბრალოდ აღარ იყენებს რუსეთი ამ ტექნიკას, რადგან მუდმივად ხდება დრონების მსხვერპლი, ფრონტის ხაზამდეც ვერ აღწევენ. ტანკები და ჯავშანტექნიკა რუსებისთვის გადაიქცა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებად, რომ ოღონდ ვინმე სადმე მიიყვანოს.

ამის საპირისპიროდ უკრაინელები ახერხებენ ჯავშანტექნიკის გამოყენებას. ჯერ ერთი, თავდაცვაში არიან და ნაკლებად სჭირდებათ გადაადგილება და გადასროლა. მეორეც – ჰაერში დრონების ბატონობის პირობებში უკრაინული დრონსაწინააღმდეგო აპარატები ძალიან აქტიურად არიან ჩართული. ამაზე რუსი სამხედროები წუწუნებენ, რომ აი, ჩვენს მზვერავ დრონებზე ხდება დარტყმები უკრაინელების დრონგამანადგურებლების მხრიდანო.

მხედველობაში მისაღებია სეზონიც: ნოემბერში ტერიტორიაზე გავლა კიდევ უფრო რთულდება წვიმის და ტალახის გამო. ამავდროულად, ღრუბლიანობის და ნისლის გამო რთულდება დრონების გამოყენება.

საინტერესო ოპერაცია განახორციელეს უკრაინელმა უპილოტოების ოპერატორებმა: მათ სახმელეთო რობოტ-ევაკუატორის საშუალებით მე-7 ცდაზე გამოიყვანეს დაჭრილი მებრძოლი, რომელიც 33 დღე იყო მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში. უკანა გზაზე რობოტმა განიცადა საჰაერო დარტყმები, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქება, დაკარგა ბორბალი, მაგრამ დაჭრილი იმყოფებოდა დაჯავშნულ კაფსულაში და უვნებლად იქნა გამოყვანილი.

  • თქვენი აზრით, რატომ გააქტიურდა საუბარი ბირთვულ საფრთხეზე? პუტინმა დააანონსა, რომ კრემლი შეისწავლის ბირთვული იარაღის გამოცდების დაწყების მიზანშეწონილობას. მან ახალი საკონტინენტთაშორისო ფრთოსანი რაკეტის, „ბურევესტნიკის“ და პოტენციურად ბირთვული შეიარაღების მატარებელი წყალქვეშა აპარატის „პოსეიდონის“ გამოცდის შესახებ განაცხადა. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ქცევის ფონზე ბირთვულ ცდებს დაიწყებშეერთებული შტატებიც.

ეს „ბურევესტნიკი“ არავინ იცის გამოსცადეს თუ არა. თუ გამოსცადეს, რატომ არ აჩვენეს ჰაერში „ბურევესტნიკის“ ფრენის ვიდეო? რაც იქნა ნაჩვენები, იყო მულტიპლიკაცია.

მეორეცაა, რომ „ბურევესტნიკი“ ახალი არ არის. გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელები და საბჭოთა კავშირიც მუშაობდნენ იმაზე, რომ ბირთვული ძრავა დაეყენებინათ ფრთოსან რაკეტაზე. ეს არის ჩვეულებრივი ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც ბირთვული ძრავა აძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტი ხანი იფრინოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთ რაკეტას შეუძლია უფრო შორს გაფრინდეს.

„ბურევესტნიკი“ გამოყოფს ძალიან დიდ სითბურ ველს, ამიტომაც მისი აღმოჩენა ადვილია – გიგანტური, რადიოაქტიური გამონაბოლქვი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ რაკეტას. თანაც, ზებგერითი სიჩქარეც არ გააჩნია. მაშინ ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ ასეთი რაკეტა არ იქნება არაფრის მომტანი და გაანებეს თავი. პუტინის მხრიდან კი, ეს მორიგი მუქარაა.

რომელი ბირთვული იარაღის გამომყენებელია პუტინი ამერიკის წინააღმდეგ? ვინმეს ჰგონია მსოფლიოში, რომ პუტინი მზად არის, ამერიკას ბირთვული ომი გამოუცხადოს? რა თქმა უნდა – არა.

  • ამასობაში, რამდენად ძლიერდება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები, განსაკუთრებით ამ მოცემულობაში, როცა ტრამპმა ტომაჰავკებისმიწოდებაზე საბოლოოდ უარი უთხრა ზელენსკის, თუმცა ბრიტანეთმა უკრაინას ისევ გაუგზავნა ფრთოსანი რაკეტები – Storm Shadow?

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში ხდება სამხედრო ტექნიკის ძალაუნებური მოდერნიზება. ის ძველი, წინა თაობების ტექნიკა, რომელსაც უკრაინა იღებდა, მეტწილად არის უკვე საბრძოლო დანაკარგებში.  დახმარება, რომელსაც უკრაინა იღებს, უფრო და უფრო თანამედროვე ხდება.

მაგალითად, უკრაინამ ბოლოს მიიღო იტალიური ჯავშანმანქანები Centurio, დამატებით იღებს ბრიტანულ შეიარაღებას: Storm Shadow-ს, იგივე ფრანგულ SCALP-ს.

ახლა თუ Taurus-ი მოხვდება უკრაინელების ხელში, ეს უკვე 500-კილომეტრიანია.

„ტომაჰავკი“ მაღალტექნოლოგიური, მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტაა, რომელსაც გადააქვს 450 კილოგრამი ასაფეთქებელი მუხტი, მაგრამ იგივე „ფლამინგო“, რომელიც უკრაინელებმა შექმნეს, მიფრინავს 3500 კილომეტრამდე, მას თითქმის ტონამდე ასაფეთქებელი მუხტი გადააქვს. მართალია, „ფლამინგო“ არ არის მაღალტექნოლოგიური, მაგრამ უკრაინელებმა ასევე შექმნეს ბრიტანელების დახმარებით შორი მანძილისთვის „ნეპტუნი“, რომელიც 2000 კილომეტრზე მიფრინავს.

იმიტომ, რომ „ტომაჰავკი“ არ მისცა ამერიკამ უკრაინას და ამით უკრაინას რაღაც დააკლდება, ასე არ არის. ცხადია, უკეთესი იყო, რომ მიეღოთ, მაგრამ რაღაც გარღვევა ამით არ იქნება.

არც ისაა გამორიცხული, რომ უკრაინამ ეს „ტომაჰავკები“ მიიღოს. სავარაუდოდ ეს არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აღებული, გარკვეული პაუზა, რომ რუსები დაიყოლიონ და დასვან მოლაპარაკების მაგიდასთან.

  • რამდენად სწრაფად უმცირებს ომის რესურსებს რუსეთს სანქციები, მათ შორის, ნავთობზე დაწესებული სანქციები? თქვენი აზრით, რამდენი წელი შეიძლება დასჭირდეს რუსეთის გამოფიტვას, რომ მას მოუწიოს უკან დახევა?

ეს სანქციები ძირითადად მოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე. რუსეთმა შეძლო სამხედრო მრეწველობაზე გადაწყობა, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა მიმართულებები დასუსტდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკის დასუსტება ირიბად აისახება სამხედრო შემადგენლობაზე, თუმცა, პირველ რიგში, ეს აისახება ეკონომიკურ და სოციალურ მაჩვენებლებზე.

ამ ტემპით და ამ ინტენსიობით, რასაც დღეს ვუყურებთ, რუსეთს შეუძლია კიდევ ხუთი-რვა წელიწადი კიდევ გააგრძელოს ომი – პუტინისთვის ხალხის სოციალური პირობები მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის.

ასე რომ, სანქციები დაუწესდა რუსეთს და ომს დაამთავრებს, ასე არ არის. ეს არის ის ნაბიჯები, რაც აიძულებს რუსეთს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდეს.

  • რუსეთი ამ დრომდე უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე? ფიქრობთ, რომ ამაზე დათანხმება მოუწევს პუტინს?

პუტინი ახლაც თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ მას სურს ეს თავისი პირობებით. ამიტომაც, ცდილობს რუსეთი, რომ პოკროვსკი აიღოს და გასწორებული ფრონტით მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

  • თუ პოკროვსკის საკითხი წლის ბოლომდე გაირკვევა, უკრაინელები მის დაცვას შეძლებენ, თუ რუსები აიღებენ, ელოდებით მოლაპარაკების განახლებას ცეცხლის შეწყვეტაზე?  

დიახ, ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე მოლაპარაკების რეჟიმი გააქტიურდება.

ამ ეტაპზე ტრამპის ყურადღება გადასულია ვენესუელაზე, მაგრამ მაინც ყველა ფაქტორი მიდის იქითკენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მოხდეს დასხდომა.

მახინჯაურში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

დღეს, 7 ნოემბერს, საღამოს ხანძარი იყო მახინჯაურში. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად დაიწვა სასხვენო გადახურვა და დაზიანდა სახლის მეორე სართული.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

რა ხდება ახლა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში – ნავთობი რუსული კვალით

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც 2025 წლის მარტში უნდა დაეწყო მუშაობა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

„რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“  ამ თვეში ნავთობის პირველი პარტია გაუგზავნა საქართველოში, ყულევში გახსნილ ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას,“ – დაწერა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ 21 ოქტომბერს, LSEG-ის გემების მონაცემებსა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით.

რუსული ნავთობის ყულევის ნავსადგურში შემოტანა დაადასტურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმაც.

„2 ოქტომბერს, ყულევის  საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი KAYSERI, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან [უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან] გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და  შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები [ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით]. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში,“ – წერია შემოსავლების სამსახურის მიერ 21 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებამ არ დაასახელა ნავთობის გამომგზავნი და მიმღები კომპანიები და ეს „საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან“ თავის შეკავებით ახსნა.

ტვირთის კუთვნილებაზე განცხადება არ გაუვრცელებია არც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

რაც შეეხება ტვირთის შენახვის ადგილს – შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული საქონლის შენახვის ადგილების კლასიფიკატორის მიხედვით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ერთადერთი საბაჟო საწყობი შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ კუთვნილ ტერიტორიაზე [ყულევის ნავთობტერმინალში] მდებარეობს.

ამ კომპანიის მფლობელია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია „სოკარი“.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

  • რა ხდება ახლა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში

ქალაქ ფოთს რომ გასცდები და მდინარე რიონს გადახვალთ, სანავიგაციო რუკა გიჩვენებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ ორი გზა მიდის – ერთი გრძელი, მეორე – მოკლე. ქარხნისკენ მიმავალი მოკლე გზის გადასახვევთან ავტობუსის გაჩერებაა, სადაც მანქანა შევაჩერეთ იმის გადასამოწმებლად, სწორად მივდიოდით თუ არა.

„ნავთობის ქარხანას ეძებთ ბიძინა ივანიშვილი რომ აშენებს? კი, სწორად მიდიხართ,“ – გვითხრა გაჩერებაზე მდგარმა უცნობმა კაცმა და ხელით გვაჩვენა მიმართულება – „ხრეშიანი გზაა, 15-20 წუთში მიხვალთ ქარხანასთან“.

გზა, რომელიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ მიდის, კოლხეთის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. სამანქანე გზა რკინიგზის ლიანდაგს გასდევს. ეს ფოთისა და ყულევის ტერმინალების დამაკავშირებელი უმოკლესი გზაა.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კოლხეთის ეროვნული პარკის შუაგულში დგას. ქარხნის ტერიტორია ჯერ სრულად შემოსაზღვრული არაა. ღიაა ის ნაწილიც, სადაც ნავთობის გადასაქაჩი მილები გადის – ქარხნიდან ყულევის ნავთობტერმინალამდე.

მილები და მის პარალელურად ახალგაყვანილი სამანქანე გზა შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ გადის ტერმინალამდე.

ტერიტორია, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას აშენებენ, „ბლექ სი პეტროლიუმის“ საკუთრებაშია, მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები და მიწა, რომელზეც მილსადენი გადის, სახელმწიფოს მიერ „ბლექ სი პეტროლიუმზე“ აღნაგობისა და სარგებლობის უფლებით 44-49 წლის ვადით არის გადაცემული.

საჯარო რეესტრის მონაცემებით კი ის ადგილი, სადაც ქარხნისთვის რკინიგზა უნდა გაიყვანონ, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებშია და „ბლექ სი პეტროლიუმზე“ „მურყანის სახეობის ხე-ტყის ჭრის ნებართვით – განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით განსაზღვრული ვადის [5 წლის] გასვლის შემდეგ – 44 წლამდე ვადითაა გადაცემული სარგებლობაში“.

„ბლექ სი პეტროლიუმის“ ტერიტორია [წითელი ფერით, სადაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აშენებენ] და „ბლექ სი პეტროლიუმზე“ აღნაგობით და სარგებლობით გადაცემული ტერიტორიები [იასამნისფერი]. მწვანე ხაზებით კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაა დაშტრიხული
  • მუშაობს თუ არა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

დაიწყო თუ არა ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ფუნქციონირება მარტის თვეში, როგორც ეს დაგეგმილი იყო? – ეს იყო კითხვა, რომელიც „ბათუმელებმა“ ქარხანასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა პირს დაუსვა.

ეს და სხვა ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალურმა დირექტორმა, კითხვაზე არ გვიპასუხა არც სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და არც ერთ-ერთი მფლობელი კომპანიის დირექტორმა.

მუშაობს თუ არა ქარხანა? – ამ შეკითხვით მივმართეთ „საქართველოს განვითარების ფონდსაც“, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული. ეს სახელმწიფო ფონდი კი პროექტის თანაპარტნიორია.

„აღნიშნული [ინფორმაცია] წარმოადგენს უშუალოდ საწარმოს კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ამიტომ ამ საკითხებზე გთხოვთ, მიმართოთ უშუალოდ საწარმოს,“ – მოგვწერეს „საქართველოს განვითარების ფონდიდან“.

„საცდელი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, ოფიციალურად ჯერ არ გაუხსნიათ,“ – მხოლოდ ეს გვითხრეს ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქარხნის ტერიტორია ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებშია.

თუ ქარხანა არ მუშაობს, სად წავიდა 100 ათას ტონაზე მეტი ნედლი ნავთობი, ხოლო თუ მუშაობს, მოხდა თუ არა ამ ნავთობის გადამუშავება ქარხნის მიერ? – ეს არის კიდევ ერთი კითხვა, რომელზე პასუხიც ამ დრომდე ვერ მივიღეთ ვერცერთი პასუხისმგებელი პირისგან.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. 2/11/2025
  • ვის ეკუთვნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ყულევში

ყულევის ნავთობტერმინალი და ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ორი სხვადასხვა ობიექტია და ერთმანეთისაგან დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილითაა დაშორებული.

ყულევის ნავთობტერმინალი აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია „სოკარს“ ეკუთვნის, ხოლო ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ახლაც მშენებლობის ეტაპზეა, „ბლექ სი პეტროლიუმს“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი, დიზაინერ მაკა ასათიანის კომპანიაა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ბლექ სი პეტროლიუმის“ წილის 70.66%-ს ფლობს შპს „მკ კაპიტალი“, ხოლო 29.34%-ს შპს „დუნამის“.

თავის მხრივ, შპს „მკ კაპიტალის“ 70%-ის წილის მფლობელია მაკა ასათიანი, ხოლო 30%-ს ფლობს შპს „თრეიდ სთოუნ იბერია“.

რაც შეეხება შპს „დუნამის“, კომპანიის 100%-იან წილს დავით ფოცხვერია ფლობს, რომელიც ამავდროულად არის „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი.

„ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ ჩახნაშვილი და მაკა ასათიანის ქმარი, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენი კონსტანტინე გოგელია.

კომპანიის გენერალური დირექტორია დავით ფოცხვერია, ხოლო დირექტორი – მიხეილ ჭკუასელი.

შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ 100%-იანი წილი დაგირავებულია 50 მილიონ აშშ დოლარად.

გირავნობის ხელშეკრულება 2024 წლის 25 ივლისს დაიდო, „ბაზისბანკს“, ბანკ „ქართუს“, „ხალიკბანკს“, „საქართველოს განვითარების ფონდს“, შპს „თრეიდ სთოუნ იბერიასა“ და „ბლექ სი პეტროლიუმს“ შორის.

შპს „თრეიდ სთოუნ იბერიამ“, რომელსაც წარმოადგენდა მიხეილ ჭკუასელი და მაკა ასათიანის წარმომადგენელმა კონსტანტინე გოგელიამ, „ბლექ სი პეტროლიუმის“ 100%-იანი წილი 360 თვით, ანუ 30 წლით დააგირავეს.

ცნობისათვის, „საქართველოს განვითარების ფონდი“ სახელმწიფო საკუთრებაა. 50 მილიონ დოლარიდან ამ სახელმწიფო ფონდის წილი კი, მინიმუმ 5 მილიონი დოლარია.

დაახლოებით 1 წლის წინ საქართველოს მთავრობამ მოიწონა „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „ბლექ სი პეტროლიუმის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის შესახებ და გამოსცა განკარგულება, რომლითაც პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, განმარტებითი ბარათი კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია.

ამასთან, მთავრობის სხვა განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მხრიდან განსახორციელებელი დაფინანსების ოდენობამ გადააჭარბოს 5 მილიონ აშშ დოლარს... ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის, განმარტებითი ბარათი, მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.“

  • სახელმწიფოს თანადგომა „ბლექ სი პეტროლიუმს“

„ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 22 ოქტომბერს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე.

ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ამავე პროექტის პრეზენტაციაზე გაავრცელეს, ითქვა, რომ მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„2028 წლის ბოლოსთვის, საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება. ამის შემდეგ, „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტები, ასევე პროდუქტი გავა ექსპორტზე ევროპაში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე,“ – ეწერა საქართველოს მთავრობის სახელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის პრეზენტაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე გამართეს.

პრეზენტაციის ფოტოებზე ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრის გვერდით ზის მაკა ასათიანი, ქარხნის უმსხვილესი აქციონერი, მომდევნო რიგში, მათ გასწვრივ რუსეთში მომუშავე ბიზნესმენი კონსტანტინე გოგელია. გოგელიას გვერდით კი დავით ფოცხვერია, „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი.

პირველ რიგში ირაკლი კობახიძე, მაკა ასათიანი, კონსტანტინე გოგელია და დავით ფოცხვერია ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე. 2024 წლის 22 ოქტომბერი, მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო

ფოტომასალის მიხედვით, პრეზენტაციას ესწრებოდა კახი ჟორდანია, მაკა ასათიანის შვილი პირველი ქორწინებიდან.

კახი ჟორდანიას სახელი ქარხნის პრეზენტაციიდან ერთი წლის შემდეგ, მიმდინარე წლის ოქტომბერში, გამოჩნდა რუსული გამოცემა „პროექტის“ გამოძიებაში, რომელმაც დაწერა, რომ არსებობს კავშირები ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ ოჯახსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელობას შორის.

კერძოდ, „პროექტის“ თანახმად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლის, მაკა ასათიანის ვაჟი, კახი ჟორდანია, რუსეთში ერთობლივ ბიზნესს მართავს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) უფროსის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის ვაჟთან, სერგეი ალექსეევთან ერთად.

„პროექტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაკა ასათიანის შვილი, კახი ჟორდანია ნავთობის ბიზნესში იყო ჩართული.

2016 წლიდან 2023 წლამდე ის ფლობდა რუსულ ნავთობტრეიდერ Oil Energy Group-ს, რომლის წლიური შემოსავალი იმ დროს 17,5 მილიარდ რუბლს [215,3 მლნ აშშ დოლარი] აღწევდა.

ამას გარდა, 2018 წლიდან კახი ჟორდანია ფლობს 25%-იან წილს კომპანიაში „СДО-Логистик“. ეს კომპანია ნავთობპროდუქტების საავტომობილო ტრანსპორტირებით არის დაკავებული. კომპანიის შემოსავალი 2024 წელს 838 მილიონი რუბლი [10,4 მლნ დოლარი] იყო.

„პროექტის“ თანახმად, კახი ჟორდანიას ბიზნესპარტნიორი და „СДО-Логистик“-ის ძირითადი აქციონერი [51%] არის ვინმე სერგეი ალექსეევი. როგორც „პროექტმა“ გაარკვია, აღნიშნული პირი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის [ГРУ] მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის შვილია.

„პროექტის“ ინფორმაციით, არსებობს კავშირები რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ხელმძღვანელობას და ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ ოჯახს შორის
  • ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის ისტორია

ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წელს იყო დაგეგმილი. ნასყიდობის ხელშეკრულება 2012 წლის 26 ივნისს დაიდო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსს და შპს SOCAR Georgia Investments-ს შორის.

პროექტი არ განხორციელდა და მისი განხორციელების ვალდებულება კომპანია შპს „ფაზის ოილზე“ გადავიდა. ვალდებულებები ვერც ამ კომპანიამ შეასრულა.

გამოცემა BMG.ge-ს თანახმად, სახელმწიფომ კომპანია „ფაზის ოილი“, რომელსაც თავდაპირველად უნდა განეხორციელებინა პროექტი, ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი 20 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა ჩამოაწერა.

საბოლოოდ, ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი 2023 წელს „ბლექ სი პეტროლიუმს“ გადაეცა, 2024 წელს კი, პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია ჩატარდა.

  • ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის შეცვლილი რეგულაცია

2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა დადგენილება, რომლითაც დიზელის საწვავის იმპორტთან დაკავშირებული არსებული ნორმა შეცვალა.

კერძოდ, ამ ცვლილების შედეგად, დასაშვები გახდა დაბალი ხარისხის დიზელის შემოტანა.

„ნავთობის გადამუშავების ლიცენზიისა და წლიურად არანაკლებ 1 მილიონი ტონის გადამუშავების სიმძლავრის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის მიერ იმპორტირებული დიზელის საწვავი შესაძლებელია, არ შეესაბამებოდეს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს, თუ აღნიშნული დიზელის საწვავი გამოყენებული იქნება მხოლოდ სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში“, – წერია დადგენილებაში.

ერთადერთი ქარხანა სადაც მსგავსი მოცულობის ნავთობის გადამუშავებაა შესაძლებელი, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.

  • ინტერესთა კონფლიქტი

ლევან დავითაშვილი 2024 წლის 22 ოქტომბერს პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. ის ამ რანგში დაესწრო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პრეზენტაციას.

დავითაშვილი თანამდებობიდან 2025 წლის 24 ივნისს გადადგა.

2025 წლის 26 სექტემბერს ლევან დავითაშვილი „ბლექ სი პეტროლიუმის“, ყულევში მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს.

ამ კანონის მიხედვით, საჯარო სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს განთავისუფლების დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არა აქვს, მიიღოს შემოსავალი ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, იყო თუ არა კანონდარღვევა ლევან დავითაშვილის იმ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა, რომელსაც მინისტრობის დროს კურირებას უწევდა.

„შეგიძლიათ მოიკითხოთ და მიიღოთ შესაბამისი ზომები, მე არ ვიცი. კანონი თუ ირღვევა, მაშინ კანონი უნდა აღსრულდეს, მაგრამ მე არ ვიცი. კანონს ეწინააღმდეგება თუ არ ეწინააღმდეგება მე არ ვიცი, გავარკვიოთ ერთად. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის კომპანიას და იმ შემთხვევაში თუ კანონია დარღვეული, კომპანიამ უნდა მიიღოს ზომები“, – ასეთი იყო ირაკლი კობახიძის პასუხი დასმულ შეკითხვაზე.

  • კითხვები, რომელსაც არ პასუხობენ

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალურ დირექტორს, დავით ფოცხვერიას. კომპანიის დოკუმენტაციაში არსებულ ტელეფონის ნომერზე მას შეტყობინებაც გავუგზავნეთ და გავაცანით საკითხი, რომელზეც გვსურდა კომენტარი. მან ჩვენს შეტყობინებაზე ამ დრომდე არ უპასუხია.

პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ არსებულ შეკითხვებზე, რომელიც ოფიციალურ მეილზე გავუგზავნეთ „ბლექ სი პეტროლიუმსაც“. 

კომპანიის პასუხებს, მიღების შემთხვევაში, აქვე შემოგთავაზებთ. 

რაც შეეხება კახი ჟორდანიას, მასთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ შეძლო. 

ხულო-თაგოს საბაგირო ისევ გაჩერებულია – 2026 წელს წინასაპროექტო კვლევაა დაგეგმილი

ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევას აჭარის მთავრობა მომავალ წელს შეისყიდის. პროექტის დასაფინანსებლად 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 200 000 ლარი გაითვალისწინეს.

ხულო-თაგოს საბაგირო ერთი წელია გაჩერებულია. როგორც მმართველი კომპანიის დირექტორმა, ემზარ აბულაძემ გვითხრა, საბაგირო აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა, არ იყო უსაფრთხო, ამიტომაც ახლის შესყიდვა გადაწყვიტეს.

საბაგირო

არსებული საბაგირო 1985 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. ეს საბაგირო წლების განმავლობაში დაბა ხულოსა და სოფელ თაგოს აკავშირებდა ერთმანეთთან. საბაგირო გზის სიგრძე 1720 მეტრია, სიმაღლე კი – 280 მეტრი. საბაგიროთი მგზავრობისას ხულოს ულამაზესი ხედების დათვალიერებაა შესაძლებელი, რის გამოც ის ტურისტების დიდ ინტერესს იწვევდა.

საბაგიროს განახლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამის ფარგლებშია დაგეგმილი. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ 368 000 ლარია.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ასევე ზანკები-გოდერძის გადასასვლელის და ჭანჭახის უღელტეხილი-ბეშუმის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 300 000 ლარი. ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევა კი დაფინანსდება 200 000 ლარით.

ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში ჩირუხის მთის ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 500 000 ლარია გათვალისწინებული, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარება კი 368 000 ლარის ფარგლებში უნდა მოხდეს.

რატომ ვერ დაასაბუთებს „ოცნება“ საბოტაჟის ბრალდებას – ინტერვიუ

„მათი ეს მოქმედება, პირველ რიგში, იმპულსური, ნერვული ხასიათის რეაქციაა, ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკაზე ოდნავ მაინც დაფიქრდნენ“ – ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე „ოცნების“ პროკურატურის განცხადებაზე, რის მიხედვითაც უკვე პატიმრობაში მყოფ ოპოზიციის ლიდერებს საბოტაჟსა და „უცხო ქვეყნისთვის“ მტრულ საქმიანობაში დახმარებაში დებენ ბრალს.

როგორ აპირებს „ოცნება“ ამტკიცოს საბოტაჟი და რატომ არ ასახელებს იმ „უცხო ქვეყნებს“, რომლებსაც ის მტრად მოიხსენიებს? – „ბათუმელები“ სანდრო ბარამიძეს ამ თემაზე ესაუბრა.

  • ბატონო სანდრო, „ქართულმა ოცნებამ“ პატიმრობაში მყოფ ოპოზიციის ლიდერებს ახალი ბრალდებები წაუყენა და მათ საბოტაჟსა და „უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში“ დახმარებას ედავება. შეიძლება თუ არა მსგავსი ბრალდება სხვა ოპონენტების წინააღმდეგაც გამოიყენოს „ოცნებამ“ და გაუჭირდება თუ არა მას ამ ბრალის დამტკიცება?

რამდენიმე მომენტს გამოვყოფ. პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ბრალის წარდგენა მოხდა მეორე დღეს, როცა ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გაფართოების ანგარიში საქართველოსთან მიმართებით, სადაც უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული ბოლო წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები და კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ისიც კი თქვა, რომ საქართველოსთვის უბრალოდ აღარ არის არანაირი გზა დარჩენილი იმისთვის, რომ ამ ვითარებაში გახდეს ევროკავშირის წევრი და რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსიდან დარჩა მხოლოდ სახელი.

ასე მოხდა შარშან ნოემბერშიც, როდესაც ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა უკიდურესად ნეგატიური რეზოლუცია საქართველოს შესახებ და მეორე დღეს, 28 ნოემბერს, გამოვიდა კობახიძე და თქვა, რომ ვაჩერებთ ყველანაირ მოლაპარაკებებს ევროკავშირთანო.

აქედან გამომდინარე, მათი ეს მოქმედება, პირველ რიგში, იმპულსური, კონვულსიური, ნერვული ხასიათის რეაქციაა. ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკაზე ოდნავ მაინც დაფიქრდნენ, – არა, უბრალოდ, ახორციელებენ ისეთ მოქმედებას, რომელიც მიანიშნებს, რომ სჯიან საქართველოს მოქალაქეებს იმისთვის, რომ თვითონ ჩააგდეს ყველაფერი ევროკავშირთან და საერთოდ ჩვენ დასავლურ პარტნიორებთან ურთიერთობაში.

მეორე საკითხი: ივანიშვილის მიზანია ჩაახშოს, დახუროს დემოკრატია საქართველოში, დახუროს წარმომადგენლობითი დემოკრატია, პოლიტიკური პლურალიზმი და ასეთ ვითარებაში ქვეყანაში დარჩეს ვითომ პარტიები რომ არსებობენ, უცნაური, მართლა თითო-ოროლა კაციანი, ნაყიდი რომ აქვთ მათი ლოიალობა და სხვა აღარავინ.

თუ არჩევანი არ გვექნება, მაშინ, ბუნებრივია, არჩევნებიც, როგორც ასეთი, არ იქნება.

ასეთი არჩევნები საბჭოთა კავშირშიც ტარდებოდა, მაგრამ არჩევნებს არავინ არ უწოდებდა და ეს უნდა, რომ გააკეთოს ივანიშვილმა დღეს.

ფაქტობრივად, ეს ახალი ბრალი, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს სტილში გამოტანილი განაჩენით უნდათ, რომ გახადონ პრეიუდიციად, რადგან იმ სარჩელში რაიმე დასაბუთებული მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, რომ ფაქტების დადგენის, ასე ვთქვათ, მოვალეობა მე არ გამაჩნია, იმიტომ, რომ ფაქტები აგერ დაადგინა ვთქვათ თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ ბრალის საქმეში.

  • „ოცნება“ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებზე ამბობს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენთვის საერთაშორისო სანქციების დასაწესებლადო. რა ტიპის „ბრალია“ ეს. ან რა ფორმით უნდა ამტკიცოს ეს ბრალდების მხარემ?

არცერთ ბრალში ეს არ ჯდება. მოგეხსენებათ, რომ სამი მუხლით მიმდინარეობდა აქამდე გამოძიება, ამ გამოძიების ფარგლებში იყო, რომ ჯერ ნანუკას ფონდი და სხვა ფონდების წარმომადგენლები დაკითხეს მაგისტრანტ მოსამართლესთან და მერე სექტემბერში, უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ შორის, ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეკა გიგაურიც დაკითხეს. ეს იგივე გამოძიებაა, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის, ეგრეთ წოდებული უცხო ქვეყნისთვის დივერსიულ საქმიანობაში დახმარების გაწევის ბრალდებით.

სანქციების საკითხი არცერთი მუხლის კვალიფიკაციაში არ ჯდება. ჯერ ერთი, როცა ამბობ, რომ „მტრულ სახელმწიფოს“, მტრულ ორგანიზაციას დაეხმარე, იქვე უნდა მიუთითო, ვინ არის ეს მტრული სახელმწიფო, რომელია ეს უცხო სახელმწიფო, რომელიც მტრულ საქმიანობას ეწევა და იყენებს ამ ადამიანების დახმარებას.

  • როგორ ფიქრობთ, შეძლებენ იმას, რომ სასამართლოში ხელი დაადონ ვთქვათ ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას, როცა მოუწევთ „მტრულ სახელმწიფოს“ განმარტება?

არ ვიცი, თუმცა, თუმცა რაღაც ალუზიები და მინიშნებები ამ კუთხით არის დაფიქსირებული წულუკიანის კომისიის დასკვნაში, რომელიც საფუძვლად უდევს ვთქვათ, საკონსტიტუციო სარჩელს [ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე].

ერთი-ორ ადგილას ამერიკის ყოფილი ელჩის გამონათქვამია მითითებული, ევროკავშირის ყოფილი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის სიტყვებია მითითებული, თუმცა პირდაპირ იმის თქმა, რომ ვიღაცას ხელს ადებენ, ასე არ არის, რა თქმა უნდა.

  • თუ პირდაპირ ვერ დაასახელებენ „მტრულ ქვეყნებს“, მაშინ როგორ დაამტკიცებენ ბრალს. ვისთვის მუშაობდნენო, რას იტყვიან?

მარტო ეს არ არის, რასაც ვერ დაამტკიცებენ. საერთოდ, ვერცერთ მუხლთან მიმართებით ვერ დაამტკიცებენ ბრალს. მათ შორის საბოტაჟის მუხლთან მიმართებით, ასე ვთქვათ, არანაირი საფუძველი არ არსებობს, არათუ მტკიცებულებები.

ისინი არც აღწერენ ქმედებებს, რაში გამოიხატა ეს ყველაფერი. უნდა აღწერო რაღაც მოქმედება, რომ თქვა, ეს ქმედება შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის ამა და ამ მუხლით დადგენილი დანაშაულის შემადგენლობას. ასეთი რამე უბრალოდ არც არის აღწერილი.

საბოტაჟს აბრალებენ ფაქტობრივად ყველას. ზოგის შემთხვევაში მარტო საბოტაჟია ბრალად წაყენებული. იგივე გვარამია, მელია, ხაზარაძე, ჯაფარიძეს მარტო საბოტაჟში აქვთ ბრალი წაყენებული და რაში გამოიხატა საბოტაჟი? ეს აღწერილი არ არის.

თუ ლაპარაკია იმაზე, რომ რუსთაველზე მიმდინარეობდა პერმანენტული აქციები, აქ საბოტაჟი რაში ვლინდება?

საბოტაჟი არის ის, როდესაც, ხელს უშლი ვთქვათ პარლამენტის მუშაობას ისე, რომ ის მუშაობას ვერ ახერხებს. ასეთი რამ არ ყოფილა.

მოგეხსენებათ, იგივე რუსული კანონის მიღების პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მართლა მასობრივი აქციები იმართებოდა ყოველდღიურად პარლამენტის წინ, ერთი წამით არ შეუჩერებია პარლამენტს მუშაობა და ერთმანეთის მიყოლებით იღებდნენ კანონებს, მათ შორის ეს რუსული კანონიც მიიღეს თვე-ნახევარში. ამიტომ, საბოტაჟი რაში ვლინდება, თუ ხელი რეალურად ამ აქციებმა ვერ შეუშალა პარლამენტის მუშაობას?!

პროკურორმა უნდა იფიქროს ამაზე, მაგრამ სად აქვს მაგათ ან ფიქრის უნარი ან ფიქრის ვალდებულება. მათი ერთადერთი ვალდებულებაა, რასაც ეტყვიან, ის გააკეთონ.

  • ბრალდებაში საუბარია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე [„აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად…“]. მსგავსი ბრალდება შესაძლოა ყველა ოპონენტის წინააღმდეგ გამოიყენონ, მით უმეტეს, თუ არც ბრალდების დასაბუთება დასჭირდებათ. ამ ნაწილზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?  

მე ჯერ ეს წაყენებული ბრალდებები და მით უმეტეს მტკიცებულებები არ წამიკითხავს, ამიტომ არ ვიცი რას ეყრდნობა ბრალდება. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ამისთანა მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს.

  • ასევე, თქვეს, რომ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე აწვდიდნენ ინფორმაციასო. არადა ამაზე უცხოური მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას და ეს ვერ იქნებოდა დამალული.

არ ვიცი რას ეყრდნობა მათი ბრალდებები, მაგრამ მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირის, ევროპარლამენტის დონეზე იქნება ეს, ევროკომისიის თუ მათი ხელმძღვანელების გამონათქვამების დონეზე, მთავარი საყვედურები „ქართული ოცნებისკენ“ არის მიმართული, სადაც საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევებზე. იმიტომ, რომ ქუჩაში ადამიანებს სცემდნენ, აწამებდნენ, უსამართლოდ ასამართლებდნენ, უსამართლოდ აპატიმრებდნენ, აკავებდნენ და ამის გამო აკისრებენ მათ სანქციებს.

ამის გამოა, რომ დასავლეთი აღარ გვიდგას გვერდით და ამას უკვე დემოკრატიული უკუსვლა კი არა, უკვე დიქტატორის დამყარება ჰქვია.

რა შუაშია აქ ირანი, ნავთობი ან სანქციები.

  • ადამიანებს რომ სცემდნენ ეს იყო ფაქტი, რადგან ამ ყველაფერს აშუქებდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედია. რის საფუძველზე იტყვიან, რომ უცხო ქვეყნებს აწვდიდნენ ინფორმაციას პოლიტიკოსები? ეს ხომ ისედაც ფაქტი იყო.

ვერაფერს ვერ დაამტკიცებენ.

ეს სანქციებიც სინამდვილეში არის შესვლაზე აკრძალვები ანუ მგზავრობის აკრძალვები უცხო ქვეყნებში და ესეც ცალკეულ ქვეყნებში, ხომ? ზოგ შემთხვევაში გერმანია, ჩეხეთი და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი განპირობებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევით და არა იმის გამო, რომ საქართველოა რაღაცაში მხილებული.

აქ ლაპარაკია ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე, ლაპარაკია ხელისუფლების მიტაცებაზე, ლაპარაკია სამართლის უზენაესობის მოშლაზე და დემოკრატიის დამარცხებაზე. ამიტომ არის, რომ მთელი დასავლეთი, „ქართულ ოცნებას“ განიხილავს როგორც ავტორიტარულ რეჟიმს.

  • სააკაშვილის ფაქტორის შემოტანა რაში დასჭირდათ და იმის თქმა, რომ თურმე პატიმრობაში მყოფი პირი სოციალური ქსელებით ამხობდა „ოცნების“ ხელისუფლებას?

პროპაგანდისტული ტრიუკია ესეც და ამით უნდათ რაღაცნაირად „გაამყარონ“ მათი ფუყე, ვითომ სარჩელი, რომელიც შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

საზოგადოებაზე მათი ცარიელი ფრაზები გავლენას ვერ მოახდენს, რადგან რაიმე დასაყრდენი არ აქვთ. მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი უჭირავთ და ისიც ზოგი მოსყიდვით, ზოგი დაშინებით, ეს არის სულ მათი რესურსი.

საზოგადოებაში რა დასაყრდენიც აქვთ, ეს აჩვენა თუნდაც ამ თვითმმართველობის არჩევნებმა, სადაც უამრავმა ადამიანმა საერთოდ არც მიიღო მონაწილეობა და რომელიღაც კალაძემ სულ რაღაც 20%-ი მიიღო თბილისის საარჩევნო ოლქის.

ამ 20%-საც ვერ აიღებდა, რომ არ ყოფილიყო შიშის ფაქტორი, რომ არ ყოფილიყო ადმინისტრაციული ზეწოლის და პენსიაზე, ხელფასზე დამოკიდებული ადამიანების ფაქტორი.

  • არასამთავრობოებიც იყო ნახსენები, რომ თითქოს მათთან ერთად მოქმედებდნენ ოპოზიციის ლიდერები. ფიქრობთ, რომ ეს სპეციალურად ჩაწერეს, რომ შემდეგი ისრები მათზე გადაიტანონ?

რა თქმა უნდა. ტყუილად არ არის ეს ფრაზა გამოყენებული. გადავლენ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ პირდაპირ ნადირობაზე, ამას ვნახავთ გარკვეულ დროში.

  • მთავარი მაინც იკითხება პირადი შურისძიება ივანიშვილის ან მისი პარტიის იმ წარმომადგენლების, რომლებიც დაასანქცირა დასავლეთმა? რადგან აქცენტი სწორედ ამაზე და ძალაუფლების შენარჩუნებაზეა გაკეთებული. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ყველაზე მთავარი რაც იკითხება არის ის, რომ ივანიშვილს, რასაკვირველია, ძალიან არ უნდა ძალაუფლების დაკარგვა და ის იმდენად შორს წავიდა ამ თავის ავტორიტარულ და რეპრესიულ პოლიტიკაში, სახელმწიფოს მიტაცებაში და ასე შემდეგ, რომ მისთვის უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არის, გარდა იმისა, რომ ამ ჭაობში კიდევ უფრო ღრმად შეტოპოს.

თუმცა, არცერთ დიქტატორს ბოლომდე, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ გასვლია. საბოლოო ჯამში დაინგრა ისეთი ძლევამოსილი დიქტატორები, დიქტატურები, როგორიც იყო იგივე საბჭოთა კავშირი, ნაცისტური გერმანია და უფრო უახლესი მაგალითებიც გვაქვს სირიის და ლიბიის სახით.

  • თუმცა, გვაქვს სხვა მაგალითებიც თუნდაც აზერბაიჯანის ან იგივე თურქეთის სახით, სადაც დღემდე ავტორიტარული რეჟიმები მართავენ. ალბათ იმავეს იმედი აქვს ივანიშვილსაც?

თურქეთი და აზერბაიჯანი ორი სხვადასხვა რამ არის მაინც. მაგრამ საბოლოო ჯამში, რით დამთავრდება ეს ამბავი, როდესაც ერდოღანს აღარ ექნება უკვე არჩევნებში მონაწილეობის საკონსტიტუციო უფლება, მერე ვნახავთ.

ალიევს რაც შეეხება, იქ ცოტა სხვაგვარი ვითარებაა იმ კუთხით, რომ ალიევი, რა თქმა უნდა, ავტორიტარული მმართველია, მაგრამ, მეორე მხრივ, ალიევს აქვს ძალიან მყარი საფუძველი ნავთობის და გაზის სახით, რაც, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ საფუძველს უქმნის მის რეჟიმს.

გარდა ამისა, ალიევის წარმატებები, იგივე ყარაბაღთან მიმართებით და ასე შემდეგ, განაპირობებს აზერბაიჯანული საზოგადოების ლოიალობას მის მიმართ. ამისთანა ფაქტორები ამ ქვეყანაში არ არის, არც ნავთობი და გაზი აქვს ივანიშვილს და მით უმეტეს, არც რაიმე წარმატება.

  • მაგრამ აქვს რუსეთის მხარდაჭერა.

კი ბატონო, რუსეთის მხარდაჭერა აქვს და ამაზე დგას სინამდვილეში, მისი რეჟიმის განგრძობითობის ფაქტორი, რომ რუსეთის ემისარია და რუსულ რეჟიმს მიტმასნილი ფიგურა.

მაგრამ როდესაც რუსულ რეჟიმს დაემართება რაღაც განსხვავებული, მაგალითად, უკრაინაში მარცხის მერე, რაშიც დარწმუნებული ვარ, ეს ჯაჭვური რეაქციით გამოიწვევს რაღაც შედეგებს ივანიშვილის რეჟიმისთვის.

___________

ფოტოზე: სანდრო ბარამიძე. კადრი „ფორმულას“ ვიდეომასალიდან.

ამავე თემაზე: 

8 ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო

„მთავარია გჯეროდეს“ – გჯეროდეს, რომ ცოდნის ძიება არასდროს მთავრდება, გჯეროდეს, რომ კითხვების დასმა და ნიუანსებზე დაკვირვება უკეთეს პასუხებამდე მიგიყვანს. სწორედ ამიტომ თიბისიმ, განათლების პროგრამის ფარგლებში, ნიკო ნერგაძესთან ერთად YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ დაიწყო.

პოდკასტის კონცეფცია მომდინარეობს ავტორის პირადი ცნობისმოყვარეობიდან სწრაფი პასუხების მიღმა არსებულ კითხვებსა და კონტექსტის კვლევაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალურ მედიაში გავრცელებული „იცით თუ არა რომ“ ტიპის ინფორმაციებმა შეიძლება აუდიტორია შეცდომაში შეიყვანოს.

ვიდეო სერიების მიზანია ისეთ თემებზე საუბარი, რომლებიც ხშირად ზედმეტად მარტივდება საჯარო დისკუსიებში. რეალურად კი სიღრმისეულ ანალიზს, კონტექსტს და ნიუანსურ მიდგომას მოითხოვს.

პროექტის ხედვა ემყარება იდეას, რომ ჭეშმარიტება იშვიათადაა შავ-თეთრი. ავტორებისთვის მთავარი სწრაფი პასუხები არ არის პირიქით, მათ სურთ აჩვენონ, რას ამბობს თანამედროვე მეცნიერება, როგორ მიდიან მკვლევრები დასკვნებამდე, რა რჩება უპასუხოდ და რა ნიუანსები არსებობს თითოეულ თემაში.

„ჩვენს ვიდეოებში „სწრაფი პასუხები“ ნამდვილად არ გვაინტერესებს. ჭეშმარიტება იშვიათად არის შავ-თეთრი; ყოველთვის არის ნიუანსი, ყოველთვის არის კონტექსტი. სწორედ ეს ხდის საკითხს საინტერესოს. ჩვენი ამოცანა არ არის, ვინმეს ვუთხრათ, რა როგორ იფიქროს. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ: „აი, რა აქვს ნათქვამი მეცნიერებას, აი, როგორ მივიდნენ მკვლევრები ამ დასკვნამდე, აი, რა კითხვები რჩება ჯერ კიდევ უპასუხოდ“ და „აი, ასეთი ნიუანსი არსებობს“ – ნიკო ნერგაძე, ჟურნალისტი, ვიდეო სერიების ავტორი.

YouTube პოდკასტის პირველ ეპიზოდში საუბარია ძალადობასა და ვიდეოთამაშებზე; განხილულია თუ რა როლს ასრულებს გენეტიკა და აღზრდა ქცევაზე, როგორ ყალიბდება კვლევების შედეგები, რა ახდენს გავლენას თავად მეცნიერებზე და რატომ შეიძლება 10 წლის წინანდელი კვლევაც კი დღეს მოძველებულად ჩაითვალოს.

„არის ერთი ნიუანსის“ ახალ ეპიზოდებში, ორ კვირაში ერთხელ, ნიკო ნერგაძე სხვადასხვა სამეცნიერო და სოციალური თემის სიღრმისეულ განხილვას შესთავაზებს აუდიტორიას.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოების ინტერესს, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.

„ოცნების“ შემწირველი ბათუმში ისტორიულ სახლებს ანგრევს – ნებართვა მერიამ გასცა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ისტორიულ სახლებს ანგრევენ. შპს „ეკოლაინი“ აქ ახალი მრავალბინიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. კომპანიის წილების ასი პროცენტი შპს „ბათმშენს“ ეკუთვნის, რომლის მფლობელიც „ოცნების“ შემწირველი როინ დუმბაძეა. 2023-2025 წლებში როინ დუმბაძემ მმართველ პარტიას 118 000 ლარი შესწირა.

ახალი პროექტი ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის #38, 38ა,40, 42-ში მდებარე სივრცეს მოიცავს, ქუჩის ამ ნაწილს მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული ჰქონდა ძველი იერსახე, ორსართულიანი სახლებით და ღია აივნებით, რომლებსაც შიდა მხარეს საერთო ეზო ჰქონდა. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აქ 13 შენობა უნდა დაანგრიონ.

ჰაიდარ აბაშიძის #38-ში სახლების შემოღობვა დაიწყეს, შიდა ეზოში არსებული შენობების ნგრევა კი უკვე დაწყებულია.
ფოტო: „ბათუმელები“

ადგილზე გვითხრეს, რომ ეზოს ნაწილში ძირითადად ე.წ. ბარაკები იყო განთავსებული, გზის პირას მდებარე ორსართულიანი სახლები კი დაძველდა და დაიბზარა:

„რა თქმა უნდა, მერჩივნა სახლი, მაგრამ დაძველდა, დაბზარულია უკვე. არ მქონდა შესაძლებლობა, რომ გამერემონტებინა, ინვესტორმა კარგი პირობები შემოგვთავაზა, კმაყოფილი ვარ“.

აქ ერთიანი სამშენებლო ფართობის მოსაწყობად შპს „ეკოლაინმა“ რამდენიმე საკადასტრო ერთეული გააერთიანა და მშენებლობისთვის 2738 კვ.მეტრი მიიღო. სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით შპს „ეკოლაინი“ 30-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. შენობის სიმაღლე 101.2 მეტრი იქნება, მშენებლობის ნებართვა 2024 წლის 26 ივლისით თარიღდება.

შეცვლის თუ არა ბათუმის ახალი მერი ქალაქის განაშენიანების პოლიტიკას, ჯერ არ ვიცით. ამ დროისთვის ქალაქს ჯერ ისევ არ აქვს განაშენიანების გენერალური გეგმა და არც კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებია დამტკიცებული.

ბათუმის მერიაში კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცების პროცედურის დაწყება, 2016 წელს მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს დააანონსეს. 2021 წელს კი ამ საკითხზე მივიღეთ მორიგი განმარტება, რომ დამცავი ზონების დამტკიცებაზე მერია მას შემდეგ დაიწყებს ზრუნვას, როცა ქალაქს გენგეგმა ექნება.

თუმცა როდის ექნება ქალაქს გენგეგმა, ეს საკითხი ახლაც ისევე გაურკვეველია, როგორც ბოლო ოცი წლის განმავლობაში.

ქობულეთის შემოვლით გზაზე მაქსიმალური სიჩქარე 70 კმ/საათამდე შეამცირეს

ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობის დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათიდან 70 კმ/საათამდე შეამცირეს.

რატომ შემცირდა სიჩქარის მაქსიმუმი ქობულეთის შემოვლით გზაზე? – ამ ერთადერთი კითხვით „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ ოფიციალურად, წერილობით უნდა მივმართოთ.

დასაშვები სიჩქარის შემცირების მიზეზი, ჩვენი ვარაუდით, შეიძლება იყოს ამ გზაზე გახშირებული ავარია და/ან დაზიანებული ადგილები სავალ ნაწილზე.

ქობულეთის შემოვლით გზაზე დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 90-დან 70 კმ/საათამდეა შემცირებული / 1.11.2025

ქობულეთის შემოვლით გზაზე, მაგალითად, დაზიანებულია სადეფორმაციო ნაკერი, რაც ავტომობილების მოძრაობისთვის საფრთხის შემცველია.

გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ დაახლოებით ერთი თვის წინ უთხრეს, რომ დაზიანებული კონსტრუქციის შესახებ ინფორმირებულნი არიან და ის მთლიანად უნდა შეიცვალოს, მანამდე კი, გზის მოვლის სამუშაოები ტარდება, ამასთან, ეს ადგილიც ზედამხედველობის ქვეშაა.

მოვლას რაც შეეხება, რკინის კონსტრუქციის დაზიანებულ ნაწილებს პერიოდულად ერთმანეთთან ადუღებდნენ, ამ დროისთვის კი, სადეფორმაციო ნაკერზე ლითონის სქელი ფურცელია მთელ სიგრძეზე დამაგრებული.

სადეფორმაციო ნაკერი ადრე[ზემოთ] და ახლა [ქვემოთ] – ქობულეთის შემოვლით გზაზე

სადეფორმაციო ნაკერი არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ხიდის/ესტაკადის ცალკეულ სექციებს შორის მოძრაობის საშუალებას იძლევა და ამით მის სტრუქტურულ მთლიანობას ინარჩუნებს. ასეთი ლითონის ელემენტები იცავს ბეტონის კონსტრუქციას დაბზარვისგან და ხიდს აძლევს მოქნილობას ტემპერატურის ან დატვირთვის ცვლილების დროს.

ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელიც ორზოლიანია, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად უსაფრთხო არ არის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან 2025 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ქობულეთის შემოვლით გზაზე 105 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 35 და დაშავდა სულ ცოტა 221 ადამიანი [მხოლოდ 2025 წლის ზაფხულში ამ გზაზე ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 15-მდე დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანებიც]. ამ გზაზე 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში მომხდარი ავარიების შესახებ კი მონაცემები არ გვაქვს.

ეს გზა, ისევე როგორც ბათუმის შემოვლითი გზა, არ არის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი [ავტობანი]. არის ორზოლიანი და სავალ ზოლებს შორის არ აქვს გამყოფი ბარიერი.

ქობულეთის შემოვლითი გზის საერთო სიგრძე დაახლოებით 31,3 კმ-ია. ამ გზის პირველი მონაკვეთი [ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან – ქობულეთის სოფელ გვარამდე] 2013 წელს გაიხსნა, ხოლო მეორე მონაკვეთი [ქობულეთის სოფელ გვარადან – მახინჯაურის გვირაბამდე] – 2018 წელს.

თავის მხრივ ქობულეთის შემოვლითი გზა გრიგოლეთი-ქობულეთის 4-ზოლიანი ავტობანის გაგრძელებაა. ეს ავტობანი, სადაც მაქსიმალური დაშვებული სიჩქარე 110 კმ/საათია, სოფელ შეკვეთილთან უერთდება ორზოლიან ქობულეთის გზას, სადაც ახლა უკვე დაშვებულია მაქსიმუმ 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა.

გრიგოლეთი-ქობულეთის[ჩოლოქი] ავტობანი
ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.

პროექტი ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელურად დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს [ასაშენებელი გზა მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს, მრუდების გაუმჯობესების მიზნით.]

ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელური ახალი გზის სიგრძე 30.37 კილომეტრი იქნება.

გათვალისწინებულია ორი დამატებითი კვანძის მოწყობა და არსებული გვირაბების პარალელურად 2 ახალი, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბები აშენდება სოფ. ქვედა აჭყვასთან და დაბა ჩაქვთან. პირველი გვირაბის [ქვედა აჭყვასთან] სიგრძე შეადგენს 250 მეტრს, ხოლო მეორე გვირაბის [ჩაქვთან] – 164 მეტრს.

საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე კი 120 კმ/სთ იქნება.

ამ თემაზე ვრცლად:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

პროკურატურამ დაარღვია კანონი, დასავლეთს მიანიჭა მტრული ქვეყნების სტატუსი – კომენტარი

ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ 6 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ფაქტობრივად დაარღვია კანონი ოპოზიციური ლიდერებისათვის ახალი ბრალის წარდგენისას.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. პროკურატურის სწორედ ამ განცხადებას ეხმიანება ირაკლი მელაშვილი და განმარტავს, რატომ დაარღვია კანონი თავად პროკურატურამ.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ირაკლი მელაშვილის ტექსტს.

„როდესაც სახელმწიფო თავის მოქალაქეს აბრალებს სხვა მტრულ სახელმწიფოსთან ურთიერთობას, თან ღია პოლიტიკურ ურთიერთობებზეა საუბარი და არა შპიონაჟზე, აქ რამდენიმე საკითხია აუცილებლად გასარკვევი.

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, იურიდიულად რას გულისხმობს ტერმინ „მტრულ სახელმწიფოში“ პროკურატურა? ვინ დაადგინა ოფიციალურად, რომელია საქართველოსთვის მტრული სახელმწიფო? რომელი დოკუმენტის საფუძველზე? პროკურატურა არ არის უფლებამოსილი თავად, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ეს საკითხი.

დემოკრატიულ ქვეყნებში, ძირითადად, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტები და კონცეფციები განსაზღვრავს, რომელია მტრული სახელმწიფოები და რა კრიტერიუმებით ხდება ამ სიაში რომელიმე ქვეყნის შეყვანა. ამ დოკუმენტით მტრული სახელმწიფოების სიაში მოხვედრა არის უცხო ქვეყნისთვის ასეთი სტატუსის ოფიციალურად მინიჭების ერთადერთი საკანონმდებლო საფუძველი.

უსაფრთხოების პოლიტიკურ დოკუმენტებში, როგორც წესი, მითითებულია, თუ რა მიზეზებით ენიჭება სახელმწიფოს ეს სტატუსი. მაგალითად: დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია [NSS 2025] პირდაპირ საუბრობს „მტრულ სახელმწიფოებზე” (hostile states) და „მოწინააღმდეგეებზე” [adversaries]. აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია [NSS] გამოყოფს მტრულ სახელმწიფოების ორ ძირითად ჯგუფს, ევროკავშირის სტრატეგიული კომპასი [Strategic Compass, 2022 წელი] და სხვა დოკუმენტები [მაგ., ევროპული უსაფრთხოების სტრატეგია] ასევე მოიცავს მტრული სახელმწიფოების თემას.

დავძებნე და საქართველოს არცერთ პოლიტიკურ დოკუმენტში დასავლეთის ქვეყნები არ არის შეყვანილი „მტრული სახელმწიფოს“ რიგებში. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტში კი აშშ [7.1 პუნქტი], ევროკავშირი [5.2] და უკრაინა [7.2] არათუ მტრულ სახელმწიფოებად, არამედ სტრატეგიულ მოკავშირეებად მოიხსენიებიან. ეს დოკუმენტი ძალაშია და არავის გაუქმებია.

მეორე საკითხია, რომ მთავრობას, თუნდაც ოფიციალურად ჰქონდეს დადგენილი მტრული სახელმწიფოების სია, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საკუთარ მოქალაქეებს, რათა მოქალაქე ინფორმირებული იყოს ასეთ სახელმწიფოსთან მისი ურთიერთობის დაუშვებლობაზე. თუ არცერთი არსებობს და არც მეორე, მაშინ რის საფუძველზე წარუდგენენ ბრალს ნებისმიერ მოქალაქეს „მტრულ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზე”, თუ ბრალის წარდგენის დღისათვის სახელმწიფოს არც ერთი ოფიციალური აქტით არ იყო დადგენილი ასეთი სახელმწიფოების არსებობა?

რას ნიშნავს ტერმინი „თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოსთან?”

მაგალითად, მე ღიად და საჯაროდ ვაკრიტიკებდი როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის ხელისუფლებებს, კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის თუ სხვა პოლიტიკური საკითხებისადმი ჩემი განსხვავებული შეხედულებებიდან გამომდინარე. ამას ვაკეთებდი, როგორც ქართველებთან, ასევე უცხოელებთან ურთიერთობაში, მედიაში, პირისპირ საუბრებში თუ კონფერენციებზე, მათ შორის, მოვითხოვდი, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს მიეღოთ ზომები იმ თანამდებობის პირების მიმართ, ვინც ჩართული იყო კორუფციასა და საქართველოს მოქალაქეების უფლებების მასობრივ შელახვაში.

თუ ეს ვინმეს აზრით „სხვა სახელმწიფოსთან თანამშრომლობაა”, გილოცავთ, თქვენ სსრკ-ში დარჩენილხართ. ეს იყო საბჭოთა პრაქტიკა, როცა უცხოელებთან მშობლიური სსრკ-ს კრიტიკა იკრძალებოდა და რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აღორძინდა, მაგალითად, რუსეთსა და ბელარუსში.

ინფორმაციისათვის, 1975 წლიდან მოყოლებული, როდესაც ჰელსინკიში ხელი მოეწერა ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის დოკუმენტს, ადამიანის უფლებების, თავისუფალი არჩევნების, სიტყვის თუ მედიის თავისუფლებების დაცვის საკითხები უკვე აღარ არის ქვეყნების მხოლოდ საშინაო საქმე, იგი წევრი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მონიტორინგს ექვემდებარება. საქართველო კი, ამ დოკუმენტს მიერთებულია, ანუ იურიდიული ვალდებულება აქვს შეასრულოს მისი მოთხოვნები.

„დასავლეთის იმპერიალისტურ, მტრულ ქვეყნებთან” თანამშრომლობის მოტივით საქართველოში ბოლო გასამართლებულები იყვნენ: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვა ქართველი დისიდენტები, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. ისინი მაშინდელი ხელისუფლების და პროკურატურის აზრით, მტრულ არხებს სსრკ-ზე, საბჭოთა სისტემასა თუ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე მადისკრედიტირებელ ინფორმაციას აწვდიდნენ და ეწეოდნენ ანტისაბჭოთა აგიტაცია – პროპაგანდას. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ამას სსრკ-ც აღარ შვრებოდა.

დემაგოგიის თავიდან ასაცილებლად სპეციალურად ხაზს ვუსვამ, მე მაშინდელ დისიდენტებს არ ვადარებ ახლანდელ ოპოზიციონერ ლიდერებს, ძალიან კარგად ვიცი, რომ ცა და დედამიწაა სხვაობა, მაგრამ ეს არ ცვლის ხელისუფლებების ქმედებებისადმი ჩემს დამოკიდებულებას. მე ვადარებ მაშინდელი და ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკას ამ კუთხით, ვინაიდან სსრკ-ს დროს, ოფიციალური პროპაგანდა განსხვავებულად მოაზროვნეებს, ვინც იბრძოდა სსრკ-ს პოლიტიკის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად მოიხსენიებდა „დასავლეთის აგენტებად“.

აგრეთვე, ვაფასებ იმ ხალხის რეაქციას, ვინც დღეს ამართლებს პროკურატურის მიერ ოპოზიციის ლიდერების მიმართ მტრულ ქვეყნებთან თანამშრომლობის მოტივით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

საზოგადოების ამ ნაწილის რეაქცია და არგუმენტები ანალოგიურია სსრკ-ს დროინდელი ტელევიზიით შრომითი კოლექტივების წარმომადგენლების გამოსვლებისა, რომლებიც მკაცრად გმობდნენ დისიდენტების, შემდეგში კი ეროვნული მოძრობის ლიდერების „ანტისახელმწიფოებრივ”, „ექსტრემისტულ” საქმიანობას და „იმპერიალისტურ ქვეყნებთან მათ თანამშრომლობას”.

შეგიძლიათ მაშინდელ არქივებს გადახედოთ და დარწმუნდებით, რომ ერთი ერთშია მაშინდელი და ახლანდელი ქოცების არგუმენტები. (როგორც ჩანს, მაშინაც ესენი იყვნენ)ასე რომ, Back in the USSR!“ – წერს ფეისბუქზე ირაკლი მელაშვილი.

ამავე თემაზე: 

8 ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

„მშობლები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო“ – მასწავლებელი

„ადამიანები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო“ – ამბობს ხელოვნების მასწავლებელი, გიორგი ლიპარიშვილი „ბათუმელებთან“. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ მიერ დაანონსებულ „განათლების რეფორმაზე“, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, კატასტროფული და უკან გადადგმული ნაბიჯია.

  • ბატონო გიორგი, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება აპირებს სკოლებში მე-12 კლასის გაუქმებას, გვინდა ვიცოდეთ მასწავლებლების აზრი ამ თემაზე. რას ფიქრობთ ამ ცვლილებაზე, რას კარგავს ამით მოსწავლე, სკოლა და თუნდაც, მასწავლებელი?

ეს მარტო მე-12 კლასის გაუქმება ხომ არ არის, ერთობლივად დაანონსდა განათლების რეფორმები, ხომ?! უნივერსიტეტების შემცირება, პროფესორების შემცირება და ეს ყველაფერი გამოიწვევს უმუშევრობასაც.

ქალაქი სტუდენტებისგანაც დაიცლება, რადგან ბევრი ვერ შეძლებს სხვა ქალაქში გადასვლას საცხოვრებლად და ის ამბავიც, რომ თითქოს ნებისმიერს შეეძლება მე-12 კლასი ევროპაში დახუროს და გააგრძელოს, ესეც ხომ სიყალბე და ტყუილია, არა?!

ევროპაში მე-12 კლასის დამთავრება კი არა, სკოლებში საჭმლის პრობლემაა და ის ვერ მოგვარდა ჯერ. სანიტარული პრობლემები მოუგვარებელია და ახლაც ბევრ სკოლაში მუნია გავრცელებული. რატომ გავრცელდა, იქნებ წყალი არ არის ისევ სკოლებში და ამაზე ილაპარაკოს ვინმემ.

აქ მთავარი ამბავი არის ის, რომ ნაკლები გასასვლელი ჰქონდეთ ახალგაზრდებს ევროპაში და ევროპულ ღირებულებებთან ბმა იყოს უფრო ნაკლები. ამიტომ მიაბეს ამ ყველაფერს უნივერსიტეტების „რეფორმა“, რომ ბევრი სტუდენტიც ვეღარ გახდეს.

ერთდროულად ამდენი მოსწავლე რომ დაამთავრებს მომავალში სკოლას – ახლანდელი მე-12 და მე-11 კლასი, რას იზამენ, სად მიჰყავთ ეს ადამიანები. ან მე-12 კლასი თუ იყო პრობლემა, აქამდე რატომ არ ვლაპარაკობდით, ახლა რატომ გახდა სალაპარაკო.

  • სინამდვილეში მე-12 კლასია პრობლემა თუ სხვა რამ, რომლის აღიარებაც არ უნდა სახელმწიფოს?

პრობლემა არის განათლებული ადამიანი ქვეყანაში. რაც ნაკლებად განათლებული ადამიანი იქნება ქვეყანაში, უფრო მარტივია მისი მართვა, მისი დასაქმება დაბალი ანაზღაურებით, მისი როგორც გინდა ისე გადასროლა და მის გონებაში უფრო მარტივად შეღწევა, რადგან აქ განვითარების გაქრობაზეა საუბარი.

გახსოვთ, წინა წელს რაღაც ნაწარმოებები ამოიღეს აბიტურიენტის მასალებიდან, ახლა იმასაც გააქრობენ, რაც დარჩა, თუ მე-12 კლასს გააუქმებენ. ყველაფერს მე-11-ში ხომ ვერ ჩატენიან.

მოსწავლე თუ ვერ ხვდება, მოსწავლის მშობელი ხომ ხვდება, მაგრამ დუმს ან ფიქრობს – „ადრეც ხომ იყო 11 წელი სწავლა“.

ადრე ამდენი შესაძლებლობებიც არ იყო. არც უნივერსიტეტის დიპლომის აღიარება იყო. ადრე ისიც იყო, რომ ევროპულ ჯილდოს ვერ აიღებდი, ევროპაში სამოგზაუროდაც კი ვერ მიდიოდი და ახლა ეს ყველაფერი ერთმანეთს ებმება.

ჩემი აზრით, ეს არ არის განათლების, უფრო გაუნათლებლობის რეფორმაა, რომ განათლებამ უკან დაიხიოს. წარსულისკენ, უკუსვლისკენ უფროა მიმართული ეს ნაბიჯი.

სავარაუდოდ, რამდენიმე სკოლას ამის უფლებას დაუტოვებენ, რომ მე-12 კლასი ჰყავდეს, მაგრამ მერე ალბათ ამაზე დაიწყება ჩაწყობა, ან ძვირადღირებული იქნება იქ სწავლა და ყველას შვილი მაინც ვერ ივლის. თავიანთი შვილების ტოტს არ მოჭრიან ამ შემთხვევაში.

  • მათი შვილები ისედაც ევროპულ სკოლებში სწავლობენ და ალბათ არ დასჭირდებათ.

ისეთ სკოლებში, რომელთაც ისედაც აქვთ აკრედიტაცია და შეეძლებათ სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ.

ადამიანები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო, აღმოჩნდება, რომ ხელისუფლება თავის ტოტს კი არ ჭრის, ჩვენ გვიჭრის ტოტს, რომ ვერ განვვითარდეთ, ვერ მივაღწიოთ იმ კენწერომდე, რომელიც ტკბილია.

თან ვინ აკეთებს რეფორმას, ესეც ხომ მნიშვნელოვანია? განათლების მკვლევარია, ექსპერტია, რამდენად იცის განათლების პროცესები, სასკოლო მიდგომები, აქვს თუ არა უცხოეთის გამოცდილება, ევროპული ღირებულებები განათლებაში და ასე შემდეგ, ხომ? ამ შემთხვევაში ასე არ ხდება.

მეც მქონდა შესაძლებლობა ცოტა ხნით ევროპულ სკოლაში მემუშავა და საოცრება ხდება იქ. ბავშვები ველოსიპედებით დადიან, ირჩევენ განათლებას, პროფესიულ განათლებასაც ეუფლებიან, ჯერ იმდენი სახელოსნო აქვთ ბავშვებს სკოლაში… ჩვენთან კი რა ხდება, საერთოდ გათიშეს განათლება, სპორტი და ხელობა ერთმანეთისგან. თითქოს სპორტი ზედმეტია. მეორადი გახადეს და ახლა თიშავენ განათლებისგანაც, რომ ადამიანმა განათლებით, აზროვნებით არ დაიცვას თავი, არ იფიქროს. უნდათ, რომ მიმყოლები ვიყოთ, მდინარის დინება საითაც წაგვიყვანს, მხოლოდ იქით წავიდეთ და არა ის, რომ იალქნიანი გემით შევცუროთ სწავლაში, განათლებაში და განვითარებაში.

  • რას ფიქრობენ თქვენი კოლეგები ამ ყველაფერზე. არსებობს შიგნით წინააღმდეგობა, რომ არ მიიღონ ეს თავსმოხვეული რამ?

ამაზე ხმაური არ ჩანს, თითქოს ელოდებიან, რა მოხდება. ჩვენ ეგ გვჭირს ხოლმე, რომ ხშირად ვერ ვიყენებთ სიბრძნებს, როგორც მაგალითს, როგორც გამოცდილებას. ხომ ვიცით სიბრძნე – ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდება, მაგრამ მაინც ურმის გადაბრუნებას ველოდებით და მერე, შეიძლება გვიანი იყოს. მერე ასე მარტივად აღარ ხდება ცვლილება.

მართლა ასე ხომ არ არის, წილხვედრი ერი ვართ და მაინც გადავრჩებით, რომ ვიძახოთ. თუ განათლება არ გვექნება, თუ ბრძოლის უნარი აღარ გვექნება, ფიქრის უნარი არ გვექნება და ძალა აღარ გვექნება, რა გადაგვარჩენს?

ერთხელ გადაგვარჩინა ხომ? როცა რუსული ტანკების პირისპირ იდგა ენა და ადამიანი. მაშინაც ადამიანების ერთობამ იხსნა ეს ყველაფერი, როცა უნდოდათ, რომ რუსული ენა გავრცელებულიყო ყველგან – სკოლაში, სასამართლოში, ბაღში და ბეწვზე გადავრჩით მაშინ. ის ადამიანები ახლაც ცოცხლები არიან და მოვუსმინოთ, გავიგოთ, გავიაზროთ, რა ხდებოდა, რომ იმავე საფრთხის წინაშე ვართ ახლაც.

ეს არ არის მხოლოდ ის, რომ „მე-12 კლასი იყოს თუ არა“ ან „უნივერსიტეტს ჰქონდეს ან არ ჰქონდეს შენობა“, უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვართ.

მაშინ, როცა სტუდქალაქებს უნდა აშენებდე, მეტ სივრცეს უნდა უთმობდე უნივერსიტეტებს, შენ აკლებ ამ სივრცეებს, უპატარავებ სტუდენტებს არეალს და რატომ?! რატომ ცლი ქალაქს სტუდენტებისგან?! – იმიტომ, რომ გეშინია, არ გაიღვიძონ და არ დაუპირისპირდნენ რეჟიმს.

სტუდენტს არჩევანს უზღუდავ, მოსწავლეს უზღუდავ, რისთვის ამზადებ მაშინ? დაკეტილი კარებიდან როგორ გააღწიოს და ბნელი ოთახიდან როგორ გავიდეს.

  • თქვენ ამბობთ, რომ ცოდნის გამოყენებას ვერ ვახერხებთ ცხოვრებაშიო. მასწავლებელს ხომ არ აკლია ცოდნა, სხვას გადასცემს, ხომ? მაშინ რატომ ხდება, რომ იმას, რასაც სხვას ასწავლის, მასწავლებელი თავად ვეღარ იყენებს კრიტიკულ მომენტში. თავადაც ელოდება ურმის გადაბრუნებას?

ისევ გაუნათლებლობისკენ მივდივართ…

  • მაგრამ ამ ადამიანებს ხომ არ აკლიათ განათლება?

მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის, გვჭირდება სწორი აზროვნებაც. თუ ადამიანი უარყოფს ყველაფერს, რისგანაც ადამიანი შედგება; უარყოფს თანაგრძნობას, უარყოფს სხვა ადამიანის აღიარებას, უარყოფს თანასწორობას, აღარ გამოდის ადამიანი, ხომ?!

ამიტომ, ბავშვებს მარტო კონკრეტული საგანი კი არ უნდა ვასწავლოთ, ფიქრო უნდა ვასწავლოთ, რომ კითხვები გაუჩნდეთ. ცეცხლის ანთებას უნდა ჰგავდეს სწავლა, რომ მოსწავლემ იცოდეს, როგორ გათბეს ამ ცოდნით, როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა საჭირო დროს და განათლებული ადამიანი კი არ იყოს მხოლოდ, არამედ მოაზროვნე ადამიანი იყოს, სწორი ღირებულებებით და გარჩევა იცოდეს თეთრის და შავის.

მოქალაქეებად უნდა ვაქციოთ ადამიანები, რომ ნათელი და ბნელი არ აერიოთ ერთმანეთში და არ გაჩუმდნენ, როცა ხედავენ, რომ თავზე ქვეყანა ექცევათ, განათლებაც ექცევა და ყველაფერი.

  • ბოლო დროს „ოცნების“ ხელისუფლებამ ბევრი შემზღუდავი კანონი მიიღო. ისეთი კანონებიც, რომლებიც ზღუდავს მასწავლებელსაც და ხდის მთლიანად ხელმძღვანელზე დამოკიდებულს. რას მივიღებთ საბოლოო ჯამში, თუ მათი ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს?

თუ ასე გაგრძელდება, ჩვენ მივიღებთ საოცარ სიჩუმეს, რომელიც დაემსგავსება ქარიშხლის წინ დასადგურებულ სიჩუმეს. მივიღებთ დიდ უკუსვლას, რადგან ეს კანონები ხომ კონტროლის, დაშინების, გაჩუმების და კიდევ უფრო „ჩუმად იყავის“ ნაწილია – „შენ არაფერი დაგეგმო, შენ არაფერი გააკეთო უჩემოდ, ყველა ნაბიჯი უნდა ვიცოდე შენი“…

ან დამატებითი სამუშაოს გარეშე რამდენი ადამიანი იარსებებს ამ ქვეყანაში? ეს ხელფასების გაზრდაც დაახლოებით იმას ჰგავს, ცოტა ხნის წინ ვითომ რომ გაზარდეს საათების მიხედვით.

ან საათებით როგორ გავზრდით ხელფასს, როცა სოფლები იცლება ბავშვებისგან, სკოლები იცლება. ერთი სკოლა ვნახე, სადაც 16 ბავშვი და 25 მასწავლებელია. როგორ უნდა გაეზარდოს იმ მასწავლებელს ხელფასი, როცა ერთი მე-12 -კლასელი ჰყავს. ეს ხომ აბსურდია.

  • ტოტალური კონტროლისკენ მივდივართ?

კი, 1984-სკენ [ჯორჯ ორუელის დისტოპიური რომანი] მივდივართ. ყველაფერს უნდა ვხედავდეთ და ვაკონტროლებდეთ.

იმ დღეს მეგობარმა გამახსენა, ადრე თქვი, წიგნებს კი არა, ერთმანეთს აღარ ვკითხულობთო და ზუსტად ეს დაგვემართა, რომ აღარც ერთმანეთის მოკითხვით ვართ დაკავებული და აღარც წიგნებს ვკითხულობთ, რომ თეთრი და შავი გავარჩიოთ.

თუ ჩვენ ისტორია დავივიწყეთ, მაშინ გამოდის, რომ თავიდან უნდა დავიწყოთ მტერთან ურთიერთობა და ის იმავეს გაგვიკეთებს, რასაც ადრე გვიკეთებდა, იმავე მეთოდებით, როგორც 21 წლის ოკუპაციის მერე, რომ არ განვითარებულიყო ქვეყანა და ადამიანები.

ავთო ვარაზის მამა, რომელიც ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი, ვერც კი წავიდა. ოთარ ჭილაძე სხვა ქვეყანამ წარადგინა ნობელის პრემიაზე, საქართველომ ვერც კი გაბედა, რომ წარედგინა. ეს ხომ სიყალბეა, რომ თითქოს მერაბ კოსტავას პატივს მივაგებთ, ვითომ მის სახლ-მუზეუმს ვხსნით და ამავე დროს ევროპულ განათლებას ვებრძვით. აქ ხომ კავშირებია მნიშვნელოვანი. თუ ამ ყველაფერს დავივიწყებთ, მომავალი როგორ ავაშენოთ.

ეს დაახლოებით იგივეა, სახლს საძირკველი მოაჭრა და მეორე სართულიდან აშენო. აშენდება? ხე ხომ ვერ გაიხარებს ფესვების გარეშე. ეს ფესვებია ჩვენი ისტორიაც.

დღეს კი წყალში გადასროლა, გადარეცხვა გამოდის ჩვენი ისტორიის, გონებიდან და მეხსიერებიდან და მალე – წიგნებიდანაც.

რას ედავება პროკურატურა რვა ოპოზიციონერ ლიდერს

6 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს  სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დასდო ბრალი.

რვა ლიდერიდან სამს, ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს პროკურატურა ედავება, რომ „ოცნების“ ლიდერებსა და სხვა პირებს სანქციები მათი წყალობით დაუწესდათ.

  • რომელ ლიდერს რას ედავება პროკურატურა

ელენე ხოშტარიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ელენე ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გიორგი ვაშაძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა გვარამიას 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნიკა მელიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მამუკა ხაზარაძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამუკა ხაზარაძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

8 ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ბახმაროში კოტეჯების უკანონოდ მშენებლობის გამო 2 პირი დააკავეს

სუს-ის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბახმაროში, სახელმწიფო მიწაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობის გამო 2 პირი დააკავეს.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სხვა საკურორტო ზონებში, ხშირია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, თვითნებურად გასხვისებისა და მშენებლობის შემთხვევები. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაკავებულია 2 პირი.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის სარგებლობაში გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე, კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ, ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს 11 000 აშშ დოლარი მოსთხოვა და აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7 ათასი დოლარის წინასწარ გადაცემა.

მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც, მშენებლობის პროცესში, ასევე, მისი დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა.

2025 წლის 5 ნოემბერს, მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქემ ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7 ათასი დოლარი. თანხის გადაცემის შემდეგ ბრალდებული შეხვდა აიპი კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ.

მას შესთავაზა სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის ნაწილის გადაცემა. თუმცა, „ბახმაროს“ დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება, მიზეზად კი მუნიციპალიტეტის ახალი ხელმძღვანელობა დაუსახელა.

მასთან დაშორების შემდეგ, „ბახმაროს“ დირექტორის მოადგილემ სამართალდამცავებს არ შეატყობინა მისთვის მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ.

საქმეზე ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები“-აცხადებს სუს-ი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 19/180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-იდან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

157 906 ლარის მითვისების ფაქტზე ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და 2019-2024 წლებში როგორც საკუთარ, ასევე ახლობლის საბანკო ანგარიშებზე თანამდებობრივი სარგოს, მივლინებისა და სხვა დანიშნულებებით, ზედმეტად ჩარიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 157 906 ლარი, რის შედეგადაც ფოთის მერიას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა“ – აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს 30 წლის კაცი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაული ჩაიდინა,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 -ე მუხლის მე–4 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ნოემბრის 21 საათიდან 8 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 8-9 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 148 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 330 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 543 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 34 301 ერთეული [+13]
  • MLRS – 1 535 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 238 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 78 678 ერთეული [+248]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 918 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 66 723 ერთეული [+65]
  • სპეცტექნიკა – 3 993 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 95 376 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 635 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 889 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 609 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 134 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 46 064 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპი პუტინზე: მათ სანაპიროსთან გვყავს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

Multi-Billion Dollar Project Eagle Hills Contract Classified as Commercial Secret

The investment agreement signed with Eagle Hills, under which major development projects are to be carried out in Tbilisi and Adjara — including the creation of new residential and tourism infrastructure — has been classified as a commercial secret.

This is stated in a decree issued by the Government of Georgia on October 22.

According to Georgia’s General Administrative Code, a commercial secret is information of commercial value related to a plan, formula, process, method, or any other data used in the production, preparation, or processing of goods or in the provision of services, and/or representing an innovation or a significant result of technical creativity, as well as other information whose disclosure could harm a person’s competitiveness.

The text of the agreement has been requested by Netgazeti and Batumelebi through the public information procedure. However, the classification of the document as a commercial secret means that the agreement signed with the Arab investment group will not be made public.

Projects with a total value of 6.6 billion USD are to be implemented in Tbilisi and Batumi.

According to Irakli Nadareishvili, Deputy Minister of Economy, under the agreement signed on October 22, the state will hold a 33% share in the Georgian subsidiary of Eagle Hills.

“The final documentation has been signed, establishing a joint venture through which the state and the investor enter into a partnership. This concludes a crucial phase of negotiations where all commercial terms and obligations of both the state and the investor are outlined. The project now moves to the next stage — by next summer, we expect to complete the processes of obtaining necessary permits, approving the master plan, and conducting environmental assessments. It’s quite a lengthy list of approvals and documents. Construction is set to begin next summer. The state’s contribution to the project will be in the form of land, while the investor’s contribution will consist of financing and management,” Nadareishvili said.

According to him, the state will participate in the project with 260 hectares in Gonio and 590 hectares near Tbilisi, while the investor is responsible for preparing the architectural design and securing the capital required for its implementation.

Georgian Dream Promotes Prosecutors Involved in Mzia Amaglobeli’s Politically Motivated Case

According to information provided to Batumelebi, the prosecutors handling Mzia Amaglobeli’s case have been promoted: Tornike Gogeshvili has been appointed Deputy Chief Prosecutor of Batumi, while Shota Chkhaidze has become Deputy Chief Prosecutor of Ozurgeti District.

The Prosecutor’s Office press center did not respond to Batumelebi’s inquiry about these personnel changes on November 6.

Several well-informed sources confirmed to Batumelebi that Tornike Gogeshvili was appointed Deputy Chief Prosecutor of Batumi about a week ago, while Shota Chkhaidze has held the position of Deputy Chief Prosecutor of Ozurgeti for about two months.

Tornike Gogeshvili, one of the prosecutors in Mzia Amaghlobeli’s case, was sanctioned by Lithuania and Estonia on March 3, 2025.

Since July 2025, the Chief Prosecutor of Batumi has been Irakli Gachechiladze, and Giorgi Tskhovrebadze has served as the Chief Prosecutor of the Adjara region since the same period.

Until recently, the position of Deputy Chief Prosecutor of Batumi was held by Aleksandre Dzirkwadze, who, according to Batumelebi’s information, has been transferred to the State Security Service of Georgia (SSSG) to take up another position.

Yesterday, November 5, Archil Antadze — a police officer who testified falsely in Mzia Amaglobeli’s case — was appointed Director of Batumi Boulevard. Earlier, Irakli Dgebuadze, the former head of Batumi Police and a key figure in Amaglobeli’s case, was transferred to Tbilisi to head the unit of police attachés.

Likewise, after giving false testimony in the same case, Grigol Beselia — former Director of the Adjara Police Department — was appointed Deputy to Teimuraz Kupatadze, Director of the Central Criminal Police Department.

Mzia Amaglobeli is the co-founder and director of Batumelebi and Netgazeti. She has been unlawfully imprisoned for ten months.

On October 22, 2025, Mzia Amaglobeli received the European Union’s highest human rights honor — the Sakharov Prize for Freedom of Thought. The award is presented by the EU to individuals, groups, or organizations that have made an exceptional contribution to the defense of freedom of expression and human rights.

მზია ამაღლობელს გერმანიაში თავისუფალი მედიის ჯილდო გადაეცა

დღეს, 6 ნოემბერს, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი გერმანიაში, ჰამბურგში, თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა – Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა.

„მინდა იცოდეთ, რომ ეს პრიზი მარტო მე კი არა, ეკუთვნის ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც რეპრესიების პირობებში იცავენ და იბრძვიან სიტყვის თავისუფლებისთვის“ – ასეთია მზია ამაღლობელის მოკლე გზავნილი, რომელიც დაჯილდოების ცერემონიალზე წაიკითხეს დღეს ჰამბურგში. 

მზია ამაღლობელი დააჯილდოვეს ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის.

„ამ პერიოდში მან შექმნა ორი ყველაზე პოპულარული და სანდო პლატფორმა ქვეყანაში — ბათუმელები და ნეტგაზეთი. ჟურნალისტური საქმიანობის გამო იგი არაერთხელ დაუპირისპირდა ხელისუფლებას. 2025 წელს მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ის პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

Fritt Ord Foundation და ZEIT Stiftung Bucerius აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელი გახდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე საქართველოში და იგი დაჯილდოებულია ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის.

დაჯილდოების ცერემონია, ჰამბურგი, 6 ნოემბერი
დაჯილდოების ცერემონია, ჰამბურგი, 6 ნოემბერი
დაჯილდოების ცერემონია, ჰამბურგი, 6 ნოემბერი

პრემია გადაეცა ექვს დამოუკიდებელ მედიასაშუალებასა და ჟურნალისტს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან, როგორც მათი მამაცი საგამოძიებო ჟურნალისტიკის აღიარება უკიდურესად რთულ პირობებში.

თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან:

  • მედიაპლატფორმა Gwara Media (უკრაინა)
  • ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო)
  • საგამოძიებო ონლაინმედია Direkt 36 (უნგრეთი)
  • ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი)
  • მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი)
  • ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი)

თავისუფალი მედიის კონფერენცია ჰამბურგში, 5 ნოემბერს გაიმართა, ხოლო დაჯილდოების ცერემონია დღეს, 6 ნოემბერს შედგა „პრესის თავისუფლების კვირეულის“ ფარგლებში, რომელიც 2-8 ნოემბერს იმართება.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უკვე 10 თვეა უკანონო პატიმრობაშია.

2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო – სახაროვის პრემია მიიღო. ეს პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის გადაცემული უმაღლესი ჯილდოა და მას გადასცემენ ადამიანებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აზრის თავისუფლების დაცვაში.

„ოცნება ამით ევროკავშირს ეუბნება: მე მყავს მძევლები, უარესად ვიმოქმედებ“ – ინტერვიუ

„ის, რაც დღეს გააკეთა „ოცნებამ “ პროკურატურის გადაწყვეტილების სახით, პრაქტიკულად არის ევროკავშირის პროვოცირება, ევროკავშირმა თქვას, რომ ხურავს ნებისმიერ ურთიერთობას საქართველოსთან, მაგრამ ეს სურს რუსეთსაც, მოახდინოს პროვოცირება და გეოპოლიტიკურადაც კი ჩაკეტოს საქართველო,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ პროკურატურის მორიგ გადაწყვეტილებაზე  ოპოზიციონერ ლიდერებს ახალი ბრალი წარუდგინეს.

„ეს არის გზავნილი, რომ მე მყავს მძევლები და როგორც კი შენ ზედმეტ კრიტიკას დაიწყებ, მე უარესად ვიმოქმედებ… ეს მეთოდია, რომ ადამიანები ჩასვა ციხეში და შემდეგ ევაჭრო ევროკავშირს, შესაძლოა, შეერთებულ შტატებსაც, რომ აი, გამოვუშვებ, ოღონდ შემირბილეთ სანქციები.

ევროკავშირიც ხედავს: თუ საქართველო მოქცეულია რუსეთის გავლენის ქვეშ, მას არ უნდა კრას ხელი იმისთვის, რომ მთლიანად არ შეაგდონ ქვეყანა რუსეთის ხახაში.

ევროკავშირისთვის ქვეყანა, პირველ რიგში, ხალხია და არა მთავრობა. „ქართული ოცნება“ კი თვლის, რომ პირველ რიგში, მთავრობაა ქვეყანა,“- ამბობს კახა გოგოლაშვილი.

„ბათუმელებმა“ პოლიტიკის ანალიტიკოსთან, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო კახა, თქვენი აზრით, რას უკავშირდება ივანიშვილის მორიგი სვლა ევროკავშირის მწვავე შეფასების შემდეგ – ახალი ბრალდება ოპოზიციის 8 ლიდერის მიმართ?

თითქოს ჰგავს რაღაც კონტრდარტყმის მცდელობას – ფაქტია, რომ დაემთხვა ევროკავშირის ძალიან მძიმე ანგარიშს საქართველოს შესახებ. ერთის მხრივ ასეა, თუმცა იმაზეც ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან მწყობრი გეგმა და მოქმედებენ ამ გეგმის მიხედვით, იშვიათად აკეთებენ სპონტანურ ნაბიჯებს, მათ შორის, ემოციურს.

არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც აქვს უფლება, იარსებოს: მკაცრ სანქციებს ელიან ევროკავშირიდან, ამიტომაც, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება უნდათ გახადონ გარკვეულ სავაჭრო საგნად.

დაახლოებით ასე მოქმედებდა პუტინი ამერიკასთან, როცა, ასე ვთქვათ, გაცვალა თავისი აგენტები დისიდენტების სანაცვლოდ, იმ ხალხის სანაცვლოდ, რომელიც დემოკრატიული ბრძოლის გამო თავის დროზე ჩასვა ციხეში.

ეს მეთოდია, რომ ადამიანები ჩასვა ციხეში და შემდეგ ევაჭრო ევროკავშირს, შესაძლოა, შეერთებულ შტატებსაც, რომ აი, გამოვუშვებ, ოღონდ შემირბილეთ სანქციები.

ამას აკეთებდა პრინციპში ლუკაშენკოც – გამოუშვა პოლიტიკური პატიმრების საკმაოდ დიდი რაოდენობა იმის სანაცვლოდ, რომ დასავლეთმა განაცხადა, რომ ლუკაშენკოსთან აღარ გვაქვსო დიდი პრეტენზიებიო, მას სანქციები შეუმცირეს… „ოცნება“ ყველაფერს სწავლობს ბელორუსებისგან და რუსებისგან. ამიტომაც იქცევიან ზუსტად ისე, როგორც ისინი იქცევიან.

  • კონტრდარტყმა, როგორც ეს თქვენ ახსენთ, რა სარგებელია „ოცნებისთვის“ ქვეყნის შიგნით? 

პირველ რიგში, შიდა მოხმარებაც აქვს ამას: ევროკავშირთან აიგივებენ ოპოზიციას და ააქტიურებენ გზავნილს იმაზე, რომ აი, არ გვეშინია, ევროკავშირის აგენტებს ვურტყამთ და მათ მომხრეებს.

მეორე მხრივ, ეს რაღაცნაირად ევროკავშირს აფიქრებს იმაზეც, თუ რა გააკეთოს, როგორ მოუაროს ამ რეჟიმს, რომ აიძულონ რაღაც მოლაპარაკებებზე წამოვიდეს.

ეს არის გზავნილი, რომ მე მყავს მძევლები, როგორც კი, შენ ზედმეტ კრიტიკას დაიწყებ, მე უარესად ვიმოქმედებ. ეს ანგარიში ქვეყნის შიგნით აღიქვეს, როგორც „ოცნების“ დასუსტების მცდელობა, ანუ „ოცნება“ შეარცხვინეს თავისივე ამომრჩეველთან. ამიტომაც, „ოცნება“ ამბობს: რადგან თქვენ გინდათ ჩვენი დასუსტება, ჩვენც გასუსტებთ.

ამ ნაბიჯით „ოცნება“ ეუბნება ევროკავშირს, რომ არ აინტერესებს მისი შეფასებები და შეუძლია კიდევ უფრო ბრუტალურად იმოქმედოს, აქ ჩვენ ვართ და ვაკონტროლებთ სიტუაციასო.

  • ანუ „ოცნება“ საკუთარ სუვერენიტეტს იცავს სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივის განადგურების ხარჯზე?

დიახ, ზუსტად ასეა: „ოცნება“ იცავს არა ქვეყნის, არამედ საკუთარ სუვერენობას.

„ქართული ოცნება“ არის სუვერენი ამ ტერიტორიაზე და თუ რაღაც სჭირდებათ, ხელი უნდა აწიონ და ისე დაელაპარაკონ.

  • ევროკავშირი გაფართოების ახალი ანგარიშში მწვავე კრიტიკის მიუხედავად მაინც შანსს უტოვებს „ქართულ ოცნებას“ თანამშრომლობისთვის. „შეწყვიტეთ ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების და თქვენგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ციხეში ჩასმა და ამის შემდეგ შეგვიძლია საუბარი“ – განაცხადა ევროკომისარმა მარტა კოსიმ. ეს რაზე მიანიშნებს?

ევროკავშირი არ აპირებს საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტას, გზების ჩაჭრას და ჩახერგვას. ასე რომ იყოს, მაშინ უბრალოდ ანგარიშში არ შეიყვანდა საქართველოს და იტყოდა, რომ არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს საქართველოსთან, როცა გამოსწორდებიან, შემდეგ დავიწყებთ საქართველოს შესახებ ანგარიშების წერასო.

ვიცი, რომ ამაზეც იყო ლაპარაკი, ფიქრობდნენ, ანგარიშში შეეყვანათ საქართველო თუ არ შეეყვანათ. თუ არ შეიყვანენ საქართველოს გაფართოების ანგარიშში, ეს იქნებოდა უკვე სიგნალი, რომ საქართველო აღარ არის კანდიდატი სახელმწიფო. აღარ არის საქართველო გაფართოების პაკეტში. ეს იქნებოდა კატასტროფული დამოკიდებულება.

საბოლოოდ, დაიჭირეს კონსტრუქციული დამოკიდებულება: ცდილობენ, გვაჩვენონ შეცდომები და თუ დაიწყებთ გამოსწორებას, გავაგრძელებთ დიალოგს, თუ არადა, არ გვექნება არანაირი დიალოგიო.

ამის საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ პირიქით, კიდევ უფრო ჩაკეტა კარი ევროკავშირთან.

ევროკავშირი ამ დამოკიდებულებით ცდილობს გვაჩვენოს, რომ არ მიუტოვებია ქართველი ხალხი. ისინი კარგად ხედავენ, ჩვენთან როგორ მოხდა ხელისუფლების უზურპაცია.

ევროკავშირისთვის ქვეყანა, პირველ რიგში, ხალხია და არა მთავრობა. „ქართული ოცნება“ კი, თვლის, რომ პირველ რიგში, მთავრობაა ქვეყანა. ეს არის კონცეპტუალური განსხვავება.

  • თქვენი დაკვირვებით, ევროკავშირში რა მოლოდინი აქვთ „ოცნებისგან“? გაფართოების ანგარიშამდე რამდენიმე დღით ადრე ევრონესტის რეზოლუციაში, მაგალითად, „ოცნების“ მთავრობას „თვითგამოცხადებული“ უწოდეს

მოგეხსენებათ, ევრონესტი პოლიტიკური ორგანოა, რომელსაც არ აქვს აღმასრულებელი ფუნქციები. ეს არის ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების ფორუმი. იქ მონაწილეობენ პოლიტიკოსები და არა სახელმწიფო მოხელეები. ისინი ამზადებენ თავიან პოლიტიკურ პოზიციას, რომელსაც არ აქვს პირდაპირი გავლენა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. აქვს გავლენა, მაგრამ ეს არ არის პირდაპირი ეფექტი.

რაც შეეხება ევროკავშირის ინსტიტუტებს, როგორიც არის გაფართოების გენერალური დირექტორატი, ან საგარეო ქმედების სამსახური, მათ სიტყვას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. ამიტომაც, ისინი თუ პირდაპირ დაადანაშაულებენ „ქართულ ოცნებას“, რომ არჩევნები გაყალბებულია და ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, ჩაიკეტება ნებისმიერი მოლაპარაკების გზა ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

ევროკავშირი არის დიდი ძალა. ის ცდილობს, რომ პოლიტიკური და რბილი მეთოდებით დასვას ეს ხალხი მოლაპარაკებების მაგიდასთან და მიაღწიოს კონსენსუსს. ეს კონსენსუსი, პირველ რიგში, უნდა იყოს მიმართული და არის მიმართული იქითკენ, რომ ავტორიტარულმა რეჟიმმა თავისი მარწუხები შეარბილოს, გაათავისუფლონ ხალხი და ქვეყანა დააბრუნოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამიტომაც, მისი მოქმედება არის უფრო დიპლომატიური, თუმცა საკმაოდ ხისტი.

  • სიხისტის ჩვენება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის დაჯგუფება უნდა ელოდეს დასანქცირებას? 

აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რადგან „ქართული ოცნება“ წავიდა ასეთ დრაკონულ ნაბიჯებზე, ესე იგი, რუსეთის წილი „ოცნების“ გადაწყვეტილებებში მართლაც ძალიან დიდია.

ნებისმიერი მთავრობა, რომელიც საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს წარმოადგენს, ასე არ გაწირავს საკუთარ ქვეყანას, თუ მას არ აქვს გარედან ძალიან დიდი წნეხი. მე მგონია, რომ აქ არის რუსეთიდან ძალიან ძლიერი წნეხი, ან შეგულიანება – გაწირეს პრაქტიკულად საქართველო ევროკავშირიდან დისტანცირებისთვის.

ამას ევროკავშირიც ხედავს: თუ საქართველო მოქცეულია რუსეთის გავლენის ქვეშ, მას არ უნდა კრას ხელი იმისთვის, რომ მთლიანად არ შეაგდონ ქვეყანა რუსეთის ხახაში.

ის, რაც გააკეთა „ოცნებამ “ დღეს პროკურატურის გადაწყვეტილების სახით, პრაქტიკულად არის ევროკავშირის პროვოცირება – ევროკავშირმა თქვას, რომ ხურავს ნებისმიერ ურთიერთობას საქართველოსთან, მაგრამ ეს სურს რუსეთსაც, მოახდინოს პროვოცირება და გეოპოლიტიკურადაც კი ჩაკეტოს საქართველო.

ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ პერსპექტივა კი არ ჩაუკეტოს რუსეთმა საქართველოს ევროპასთან ურთიერთობის, არამედ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური პროექტებიც კი, რაც საქართველოზე გადის და ევროპა-აზიას აერთებს ცენტრალურ აზიასთან, ეს პროექტებიც ჩაიკეტოს, გესმით?!

ამ დროს საქართველოს მთავრობა იტყვის, რომ აი, თქვენ არ გინდათ ურთიერთობა და კარგად იყავით. შეიძლება, ეს დერეფანი დარჩეს, მაგრამ სრულიად რუსეთის გავლენის ქვეშ – რუსეთის გადაწყვეტილებებით იმართოს, რაც ევროკავშირის ინტერესებს დააყენებს, რა თქმა უნდა, რისკის და საფრთხის ქვეშ.

ამას ხედავს ევროკავშირი და ცდილობს, რომ სხვადასხვა მეთოდებით, დიპლომატიური, დაბალანსებული პოლიტიკით ამ პროვოკაციას არ წამოეგოს, რომ არ დააზიანოს ქართველი ხალხი, საქართველო, როგორც ქვეყანა და ევროკავშირის ინტერესები, მათ შორის, გეოპოლიტიკური ინტერესები.

  • ანუ გეგმის ბოლომდე მიყვანის საშუალებას არ აძლევს „ოცნებას“ ევროკავშირი?

დიახ, ზუსტად ასეა.

  • ამ მოცემულობაში რა შეიძლება იყოს ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურად?

ეს ძალიან ძნელი სათქმელია – აქ ხომ მარტო ივანიშვილის ტვინი არ მოქმედებს, რუსებთან ერთად მუშაობენ მიზნების განხორციელებაზე.

უნდა ველოდოთ ალბათ საქართველოში დემოკრატიის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რათა ევროკავშირს აღარ დაუტოვონ სხვა შესაძლებლობა, თუ არა საქართველოს მიტოვება.

ივანიშვილის და არც რუსეთის ინტერესებში არ არის, რომ სრულად ჩაიკეტოს ეს დერეფანი. რუსეთის ინტერესებშია დერეფანზე კონტროლი ჰქონდეს მას. ეს კი იქნება ევროკავშირის შანტაჟის საშუალება: თუ კარგად არ მოიქცევი, დერეფანს ჩაგიკეტავ! მაგალითად, საქართველოს პორტებს დავხურავ შენი გემებისთვის.

  • ამისთვის მას სჭირდება პროტესტის ბოლომდე ჩახშობა საქართველოში?

შეიძლება, პროტესტი გარკვეული, პატარა დოზით აწყობთ კიდევაც.

ეს აწყობთ იმიტომ, რომ, მაგალითად, უფრო მარტივად დააბრალონ ოპოზიციას რაღაც. 4 ოქტომბრის აქციაზე აბსურდია ხომ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, მაგრამ ამ აბსურდმა ხელი შეუწყო „ოცნების“ რიტორიკას: ხომ ხედავთ, გადატრიალებას გვიპირებდნენ, მტრები გვყავს, ვალდებულები ვართ, რომ მივიღოთ ზომები სუვერენიტეტის დასაცავად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

ამიტომაც, მცირე დოზის პროტესტი „ოცნებას“ შესაძლოა აწყობდეს კიდეც.

„ოცნებას“ სჭირდება ის, რომ ოპოზიციური ძალების მთელი სპექტრის დისკრედიტაცია მოხდეს, ტელევიზიები უნდა დაიკეტოს, მაგალითად, თქვენნაირი მედიასაშუალება, უნდა დაიკეტოს.

ასეთ შემთხვევაში თვლიან, რომ ხალხი დაემორჩილება უკვე მთლიანად იმ ინფორმაციულ ნაკადებს და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მიიღებს „ქართული ოცნება“.

ვისაც გვიცხოვრია საბჭოთა კავშირში, ვიცით როგორ მუშაობს ცალმხრივი ინფორმაცია. მაგალითად, მე ბავშვობიდან ვუსმენდი „ამერიკის ხმას“, მაგრამ მეც კი არ მქონდა სრულფასოვანი წარმოდგენა დასავლეთზე.

ეს ხდება რუსეთსა და ბელარუსში. არაფერი ახალი არ ხდება. სანამ მთლიანად ამ პროცესს დაასრულებენ და დაახურავენ ხუფს თავზე საქართველოს, მანამდე სჭირდებათ პატარ-პატარა პროტესტის ქონა, რომ დააჭირონ, ციხეში გაუშვან, გაანეიტრალონ… ეს ყველაფერი ნელ-ნელა უნდათ რაღაცნაირად კონტროლის ქვეშ აიყვანონ.

საბჭოთა კავშირშიც არსებობდა დისიდენტური მოძრაობა, მაგრამ დასუსტებული და სუსტი, შეეძლოთ მათი განადგურება, მაგრამ ეს აწყობდათ კიდევაც: შეხედეთ, აი, მტრები გვყავს, ამიტომაც გვაქვს პრობლემები, იმიტომ ყველაფერს ვერ ვაკეთებთ, როგორც გვინდა, შიდა მტრები გვყავს, გარედან იმართებიან…

  • ამ დროს სანქციები არის რეალური ბერკეტი, რომ შეჩერდეს ამ გზაზე ქართული ოცნების მთავრობა?

მხოლოდ სანქციები, რა თქმა უნდა, საქმეს ვერ უშველის. თუ ვიღაცას ჰგონია გულუბრყვილოდ, რომ ივანიშვილს დაუწესებენ სანქციებს და ამით დამთავრდება „ოცნება“, უცებ გადმოყირავდება – ასე არ ხდება.

ავტორიტარული რეჟიმები ბოლომდე იზოლაციამდეც კი მიდიან. ბელარუსს რამდენი სანქცია დაუწესეს? ამის მაგალითია ალბანეთიც – ათწლეულების განმავლობაში ეს ქვეყანა იყო სრულ იზოლაციაში, უღარიბესი ქვეყანა იყო ევროპაში, მაგრამ რეჟიმი არსებობდა. ვიდრე მთლიანად დემოკრატიამ არ გაიმარჯვა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში და ბალკანეთში, რეჟიმი არსებობდა.

ჩრდილოეთ კორეაც სრულად იზოლირებული ქვეყანაა. ვენესუელაც იზოლირებულია პრაქტიკულად, ნავთობის გაყიდვის საშუალებას არ აძლევს ამერიკა, მაგრამ არსებობს.

ავტორიტარული მენტალიტეტი კიდევ სხვა ფსიქოფენომენია: რატომ უნდა გინდოდეს შენი ქვეყანა გადააქციო პრაქტიკულად კონცენტრაციულ ბანაკად და როგორ უნდა იყო ბედნიერი? შესწავლა სჭირდება ამას, როგორი ტიპები არიან  ფსიქოლოგიურად, მაგრამ რეჟიმი ემყარება ლოიალურად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც კარგად ცხოვრობენ. მათთვის მთავარი მატერიალური კეთილდღეობაა.

  • ამ მოცემულობაში რა რესურსი რჩება წინააღმდეგობას?

არ ვიცი, არ არის საკმარისი რესურსი. საკმარისი რესურსი რომ ყოფილიყო, შეცდომას არ დაუშვებდნენ და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს არ მოაწყობდნენ.

ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან, გმირები არიან, კი ბატონო, მაგრამ 300 სპარტელი რომ დაიღუპა თერმოპილეში – მათ მოწინააღმდეგის წინსვლის შეფერხება გამოიწვიეს, შემდეგ მოხდა დიდი ბრძოლა და გამოვიდა, რომ 300-მა სპარტელმა დიდი როლი ითამაშა.

ასე რომ, ქუჩის პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძირითადი ბრძოლა სხვაგან უნდა გაიმართოს. ჩემი აზრით, გენერალური ბრძოლა არჩევნებზე უნდა მომხდარიყო. ოპოზიციას რომ ქალაქებში მოეგო, დამთავრებული იქნებოდა ეს  ყველაფერი. აქ უკვე სხვა გზა არ დარჩებოდა „ქართულ ოცნებას“, ან პირდაპირ ჯარი უნდა გამოეყვანა ხალხის წინააღმდეგ…

საქართველო როგორმე უნდა შეძვრეს ევროკავშირში. შეძვრეს იმიტომ ვამბობ, რომ შესვლას ვერ ახერხებს. ევროკავშირიდანაც გვიყურებენ უკვე ალმაცერად. ცოტაა პროგრესული პოლიტიკური პარტია. ფიქრობენ, რომ არ ვიცით, რომელია უფრო სახიფათო: ესენი თუ „ქართული ოცნება“. ესენი რას იზამენ, არ ვიცით, მთლად ნორმალურები არ ჩანან.

ევროკავშირში ყოფნა არის საშუალება, რომ არ დაუშვებენ დემოკრატიული სივრცის მითვისებას: უნგრეთში ძლიერი ავტორიტარული დინების მიუხედავად ხერხდება დემოკრატიული ჩარჩოს შენარჩუნება. საშუალება რომ ჰქონდეს, ორბანი დიდი სიამოვნებით დაამყარებდა უარეს დიქტატურას, ვიდრე ივანიშვილს აქვს.

  • ეს ჩარჩოა ერთგვარი გარანტი, რომ რეპრესიული კანონები ვეღარ მიიღოს ხელისუფლებამ? ევროკავშირის ქვეყნებს შორის მხოლოდ უნგრეთმა მიიღო რუსული კანონის ანალოგი, მაგრამ ევროკავშირის სასამართლომ იგი მალევე გააუქმა.

დიახ, უნგრეთმა მიიღო 2015 წელს ეს კანონი და გააუქმა ევროკავშირის სასამართლომ. მერე კიდევ მიიღო მსგავსი კანონი, იფიქრა, გამოსავალს მივაგენიო, მანიპულაციურად გვერდს ავუვლიო, მაგრამ მიუხვდნენ და ისიც გააუქმეს.

იმიტომაც, რომ ევროკავშირშია, უნგრეთში ხალხს აქვს საშუალება, რომ არჩევნები გამართოს და, როგორც ჩანს, გაზაფხულზე უკვე ორბანს დაემშვიდობებიან თავისი პარტიით.

რუსულენოვან პროგრამებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 662 სტუდენტი სწავლობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რუსულენოვანი პროგრამები 2012 წლიდან მოქმედებს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სთხოვა იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც რუსულ ენაზე ისწავლება.

თავდაპირველ ჩამონათვალში 8 საბაკალავრო და ორი სამაგისტრო პროგრამაა მითითებული, თუმცა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტს ვთხოვეთ მოეწოდებინა დამატებითი ინფორმაცია პროგრამების შესახებ, ასევე სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ამ პროგრამებზე სწავლობენ, პროგრამების ჩამონათვალი შეიცვალა და 10 პროგრამის ნაცვლად, 8 პროგრამის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, რუსულენოვან პროგრამებზე 662 სტუდენტი სწავლობს და მათგან 363 სტუდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. რომელი ქვეყნებიდან არიან ეს სტუდენტები, დაზუსტებული არ არის.

საბაკალავრო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობს:

ჟურნალისტიკა – ფუნქციონირებს 2012 წლიდან. დღევანდელი მდგომარეობით პროგრამაზე ირიცხება უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე;

არქიტექტურა – ფუნქციონირებს 2012 წლიდან, პროგრამაზე ირიცხება საქართველოს 63 მოქალაქე და უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე;

საერთაშორისო ურთიერთობები – ასევე ფუნქციონირებს 2012 წლიდან. დღევანდელი მდგომარეობით პროგრამაზე ირიცხება 78 სტუდენტი. მოწოდებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის, სტუდენტები უცხოელები არიან, თუ საქართველოს მოქალაქეები;

ბიზნესის ადმინისტრირება – ფუნქციონირებს 2012 წლიდან, პროგრამაზე ირიცხება 106 უცხოელი სტუდენტი, 36 სტუდენტი კი საქართველოს მოქალაქეა;

საჯარო მმართველობის რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა – ფუნქციონირებს 2014 წლიდან, დღეის მდგომარეობით პროგრამაზე ირიცხება 17 უცხოელი სტუდენტი;

რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა – ინფორმატიკა, ხორციელდება 2012 წლიდან. პროგრამაზე ირიცხება 155 უცხოელი და 102 საქართველოს მოქალაქე სტუდენტი;

ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიებს რუსულ ენაზე სწავლობს 22 უცხოელი და 19 საქართველოს მოქალაქე, პროგრამა ფუნქციონირებს 2012 წლიდან;

რაც შეეხება მაგისტრატურას, პროგრამაზე – „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები“, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდა ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლობს 6 უცხოელი და 1 საქართველოს მოქალაქე.

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან მოგვწერეს, რომ რუსულენოვანი პროგრამების დანერგვის საფუძველი „ბაზრის კვლევა“ გახდა.

„რუსულენოვანი პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი დაკავშირებულია შრომის ბაზრის კვლევებთან, არამარტო რუსულენოვან, არამედ ინგლისურენოვან  და ქართულენოვან პროგრამებთან მიმართებაშიც“ – მოგვწერა ადმინისტრაციამ.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, საქართველოში რუსეთის ასიათასობით მოქალაქე შემოვიდა. ბოლო სამი თვის მონაცემებით კი –  567 ათასი.

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2361 პირს რუსეთიდან. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

რუსეთი, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, საოკუპაციო ხაზთან აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას.

„ოცნებას“ სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება მძევლად ჰყავს აყვანილი” – დიმიტრი ცქიტიშვილი

„ოცნებას“ სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება მძევლად ჰყავს აყვანილი – ზუსტად ისე, როგორც ამას ჩიხში მოქცეული ტერორისტები აკეთებენ,“ – წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი.

ყოფილი პარლამენტარი ხსნის, თუ რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ მიერ დაპატიმრებული პოლიტიკოსების მეორედ დაპატიმრება.

„რას ნიშნავს პოლიტიკური რეპრესიების ახალი ეტაპი?

ეს არის ესკალაციის სტრატეგიის ტიპიური მაგალითი, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი ინსტრუმენტია „ოცნების“ არსენალში საერთაშორისო არენაზე.

რას გულისხმობს „ოცნების“ ესკალაციის სტრატეგია?

ყველა იმ ნაბიჯზე, რასაც „ოცნება“ მიიჩნევს მის მიმართ ზეწოლად (რაც სინამდვილეში პარტნიორების მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების დაცვას წარმოადგენს), ის პასუხობს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვით და ცდილობს, ამ გზით ევროკავშირი, აშშ-ის ადმინისტრაცია, გერმანიის მთავრობა და სხვები აიძულოს უკან დაიხიონ, აღიარონ არსებული სტატუს-კვო და გადავიდნენ „ოცნებასთან“ ტრანზაქციულ ურთიერთობაზე.

„ოცნებას“ სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება მძევლად ჰყავს აყვანილი – ზუსტად ისე, როგორც ამას ჩიხში მოქცეული ტერორისტები აკეთებენ.

„ოცნება“ თავისდა უნებურად უკვე შევიდა ესკალაციის ისეთ სპირალში, საიდანაც მისთთვის სასარგებლო გამოსავალი უკვე ნაკლებად სავარაუდოა.

რატომ?

განსხვავებით „ოცნების“ რეჟიმისგან, დემოკრატიული სახელმწიფოები არ მოქმედებენ ერთი ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის პერსონალური გადაწყვეტილებების შესაბამისად.

დემოკრატიული სახელმწიფო მოქმედებს ინსტიტუციური დემოკრატიის ფარგლებში დადგენილი წესებით და მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურებით.

ამიტომ ვერანაირი შანტაჟის პირობებში ვერ შეძლებს „ოცნება“ აიძულოს ბრიუსელი, ვაშინგტონი, ბერლინი ან სხვა დემოკრატიული ქვეყნის დედაქალაქი გადადგას მათი პრინციპებისა და დადგენილი პროცედურების საწინააღმდეგო ნაბიჯები.

უფრო მეტიც – „ოცნების“ ასეთი ანტიდემოკრატიული ქმედებები უკუკრეაქციას უფრო იწვევს. ამ გზით „ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის შესაძლოა რუსეთისთვისაც.

რუსეთსაც კი ისეთი რეჟიმი სჭირდება საქართველოში, რომელიც მათი შავი/სანქცირებული ფულის გათეთრებაში დაეხმარება, დასავლურ ფინანსურ ბაზრებზე დაკავშირებულობით.

არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი, რომელმაც თავისი ქვეყანა ნაცრისფერ ზონად აქცია და რომელთან ურთიერთობასაც არანაირი პრაქტიკული სარგებელი არ მოაქვს.

ხოდა არის ეს დამდგარი ტოტალიტარიზმი თუ უხეირო დიქტატურის კონვულსიები თავად განსაჯეთ!“ – წერს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი „გახარია საქართველოდან“. ამჟამად ის არც ერთი პარტიის წევრი არ არის.

ინსულინი, რომელსაც „ნოვო ნორდისკი“ აწარმოებს, ქვეყანაში აღარ შემოდის – მიხეილ სარჯველაძე

„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს, 6 ნოემბერს, კომენტარი გააკეთა ინსულინის დეფიციტთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მოქალაქეები აქტიურად წერდნენ ფეისბუქში.

მაგალითად, ერთ-ერთი მშობელი გუშინ წერდა, რომ ინსულინი, რომელსაც მისი შვილი მოიხმარს, ქვეყანაში არ არის შემოტანილი და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომაც გვაცნობა.

„ოცნების“ მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აღიარებს, რომ ინსულინი, რომელსაც დანიური კომპანია „ნოვო ნორდისკი“ აწარმოებს, ქვეყანაში არ შემოუტანიათ.

მისი თქმით, დეფიციტის მიზეზი ის არის, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია და მედიკამენტი, რომელსაც ბევრი პაციენტი მოიხმარს საქართველოში, არ მოგვაწოდა.

„3 ნოემბერს უნდა ჩამოსულიყო მედიკამენტი, მაგრამ სამწუხაროდ არ შესრულდა ეს პირობა. ამიტომ, მარაგები ამოწურვის პირასაა“ – ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

ამის მიუხედავად, მიხეილ სარჯველაძე მოქალაქეებს ადანაშაულებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში.

„მცდარი ინფორმაცია გავრცელდა დიაბეტის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით, დიაბეტის მქონე პაციენტები და მათ შორის ბავშვები სრულად არიან უზრუნველყოფილი ფრანგული კომპანიის „სანოფე ავენტისის“ წარმოებული ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ საშუალების რაიმე შეფერხების რისკი პაციენტების უზრუნველყოფაში არ შექმნილა, არც დღეს არსებობს და არც შეიქმნება ახლო მომავალში“ – თქვა სარჯველაძემ.

მისი თქმით, მცდარი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია იმან, რომ მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ „ნოვო ნორდისკის“ მიერ წარმოებულ ინსულინს და ამ მედიკამენტის მიწოდებაზეა შექმნილი პრობლემა.

„ამ დანიურ კომპანიასთან წელს, 14 აპრილის ხელშეკრულება გვაკავშირებს, სამწუხაროდ კომპანიამ პირველ ჯერზეც, ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და მოგვაწოდა დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი და ისიც დაგვიანებით.

დღემდე მათი მხრიდან ეს ვალდებულება შეუსრულებელია. მათ მიერ შემოთავაზებულ ყველა ვარიანტს განვიხილავდით, თუმცა ეს კომპანია დღემდე უხეშად არღვევს ნაკისრ ვალდებულებებს.

ჩავთვალეთ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მენეჯმენტის დაბალი რგოლის მიზეზით გამოწვეული, რადგან ისინი უფრო ხშირად „ოზემპიკის“ რეალიზაციით არიან დაკავებული, ამიტომ კომუნიკაცია გვქონდა კომპანიის მაღალი რგოლის ხელმძღვანელობასთანაც, პირადად გავემგზავრე და შევხვდი მათ ოქტომბერში და დაგვპირდნენ, რომ ნოემბრის დასაწყისში მოხდებოდა მარაგის შევსება, დღესაც იწერებიან და ამბობენ, რომ მოხდება დარჩენილი რაოდენობის მოწოდება. თუმცა, პირობას არ ასრულებენ.

ჩვენ ვითვალისწინებთ მათი პროდუქციის მიმართ ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების კეთილგანწყობას და ამიტომ ვცდილობთ არ მივიღოთ რაიმე ხისტი გადაწყვეტილება.

თუმცა დღეს საქართველოში არც ერთი ბავშვი არ არის დარჩენილი ინსულინის გარეშე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ზოგიერთები. რისკიც კი გამოირიცხება ასეთი.

მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არიან მშობლები და „სანოფის“ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის რისკი არ ემუქრებათ. მედიკამენტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ყველა ექიმი მზად არის ჩაერთოს მართვაში და იციან, რომ საუბარია მაღალი ხარისხის მედიკამენტზე. ამის მიუხედავად ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ინსულინის მიწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ.

ეს არის დეზინფორმაცია“ –  განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, თუ ვინმეს დასჭირდება ექიმის კონსულტაცია მედიკამენტის ცვლილებასთან დაკავშირებით, ამისთვისაც სახელმწიფო წინასწარ მომზადებულია. „არავის მსგავსი პრობლემა არ შეექმნება“ – ამბობს ის.

„ბათუმელებმა“ ჯანდაცვის სამინისტროს ასევე ჰკითხა, შემოიტანეს თუ არა მედიკამენტი „პრეგაბალინი“, რომელიც ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, თუმცა საკითხის არაერთგზის დასმის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ კითხვაზე არ გვიპასუხა.

აღნიშნული მედიკამენტი  რომ დიდი ხანია არ შემოუტანიათ ქვეყანაში, ამის შესახებ თავად პაციენტი მოგვიყვა, რომელიც ამბობდა, რომ საშინელი ტკივილისგან იტანჯებოდა იმის გამო, რომ მისთვის აუცილებელ მედიკამენტს ვეღარ იღებდა.

დღევანდელ კომენტარში კი მიხეილ სარჯველაძე ამ თემას ზოგადად შეეხო.

„გარკვეულ მედიკამენტებზე არსებობდა დეფიციტი, ამის მიუხედავად ყველა ეს პრობლემა გადაწყვეტის რეჟიმშია და არ დარჩენილა პრობლემა, რომელიც მიუხედავია და ამ მხრივ რაიმე ნაკლოვანებას ადგილი არ აქვს“ – თქვა მან.

ომბუდსმენმა „ბათუმელების“ საქმეზე ბათუმის მერიას დარღვევა დაუდგინა

„სახეზეა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის წერილში, რომელიც „ბათუმელების“ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ეხება.

საუბარია 2025 წლის 12 თებერვალს მომხდარ შემთხვევაზე: უსახლკაროების საკითხზე ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე „ბათუმელები“ არ დაუშვეს. ამ შეხვედრას ესწრებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია.

„წინამდებარე საქმეში, 2025 წლის 12 თებერვალს, „ბათუმელების“ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს შესაძლებლობა არ მიეცა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში განეხორციელებინა პროფესიული საქმიანობა, კერძოდ, დაეფიქსირებინა უწყებაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობა, აგრეთვე მიეღო ინფორმაცია მისი მიზნისა და მის ფარგლებში განსახილველი საკითხების შესახებ იმგვარად, როგორც ეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა შეძლეს.

ამასთან, მერიისგან მიღებული განმარტება მოწმობს, რომ მითითებულ შეხვედრაზე განიხილებოდა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი, რომლის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალი იყო.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. თუმცა აქვე მნიშვნელოვანია შეფასდეს ჩარევის სამართლებრივი ხასიათი.

ინტერნეტ გამოცემის ჟურნალისტის მიერ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მოპოვება, მათ შორის, საჯარო დაწესებულებაში ფიზიკური დაშვების გზით, წარმოადგენს მისი პროფესიული საქმიანობის შემადგენელ ნაწილს, რაც დაცულია გამოხატვის თავისუფლებით,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის შეფასებაში.

სახალხო დამცველმა ბათუმის მერიას უკვე მიმართა წინადადებით დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე:

„თანასწორუფლებიანობის უზრუნველმყოფი, განჭვრეტადი და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, შემუშავდეს შიდა სამართლებრივი აქტი, რომელიც ნორმატიულად მოაწესრიგებს მედიის წარმომადგენელთა მოწვევის, დაშვებისა და უწყებაში მათი საქმიანობის განხორციელების საკითხებს, მათ შორის, დახურული ფორმატის სამუშაო შეხვედრებთან მიმართებით;

შეიქმნას და სამომავლოდ დაინერგოს შიდა პროცედურული რეგულაციები, რომელიც დაარეგულირებს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტებს, მათ შორის, უკუკავშირისა და გასაჩივრების ეფექტური მექანიზმის ასახვა,“ – წერს სახალხო დამცველი ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს.

ამავე წერილში ომბუდსმენი განმარტავს, რომ მართალია, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, თუმცა მისი შეზღუდვა მხოლოდ კანონის შესაბამისად შეიძლება მოხდეს  „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

მითითებული მოწესრიგების საფუძველზე, უფლებაში ჩარევის კანონიერება მოწმდება შემდეგი სამ-საფეხურიანი სქემის შესაბამისად: 1. ჩარევა გათვალისწინებულია კანონით; 2. ჩარევა ემსახურება ზემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის/ინტერესის დაცვას; და 3. ჩარევა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ასეთი სტანდარტი ასახულია ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის წერილში.

ომბუდსმენისთვის მანამდე ბათუმის მერიას მიუწერია, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უსახლკარო ადამიანების საკითხებზე საჯარო არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ტელევიზია. ბათუმის მერიას ომბუდსმენისთვის განუმარტავს, რომ „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმირება წინასწარ მოხდა, შეხვედრის დაწყებამდე,  „ბათუმელებმა“ კი, მერიის პრესცენტრს შეხვედრის დაწყების შემდეგ მიმართა – მას შემდეგ, როცა ამ შეხვედრის შესახებ „ბათუმელების“ ჟურნალისტს ერთ-ერთმა უსახლკარო პირმა აცნობა.

სახალხო დამცველი ბათუმის მერიის კრიტიკული მედიის მიმართ დამოკიდებულებით ყურადღებას ამახვილებს „მსუსხავი ეფექტის“ გაძლიერების საფრთხეზე:

„მუნიციპალურ ორგანოთა საქმიანობის გაშუქების პროცესში, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ხელი შეუწყონ მედიასაშუალებათა თანაბარ ჩართულობას, როგორც რელევანტური შიდა საკანონმდებლო მოწესრიგების, ისე პრაქტიკაში განმტკიცების გზით, სხვაგვარად, მუნიციპალურ მმართველობაში ინსტიტუციური მექანიზმების და წერილობითი რეგულაციის არ არსებობა მედია-საშუალებებთან მიმართებით, სამომავლოდ უკავშირდება შემდეგ გამოწვევებს: „მსუსხავი ეფექტის“ გაძლიერება – მედიის წარმომადგენლებმა სამომავლოდ შეიძლება თავი შეიკავონ თვითმმართველობის საქმიანობის გაშუქებისგან, იმ დაშვების გამო, რომ მომავალშიც შეეზღუდებათ ინფორმაციაზე წვდომა. ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჟურნალისტებზე, არამედ საზოგადოების უფლებაზე მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი მიუთითებს „სუბიექტურ გადაწყვეტილებათა მიღების საფრთხეზეც“:

„ნორმატიული წესების არარსებობისას, მედია-საშუალებათა წვდომის უზრუნველყოფა დამოკიდებულია კონკრეტული თანამდებობის პირის ფართო დისკრეციაზე, რაც ქმნის რომელიმე მედიის მხოლოდ გაშუქების შინაარსის, პოლიტიკური დამოკიდებულებების ან სხვა სუბიექტური საფუძვლით შეზღუდვის საფრთხეს,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის წერილში.

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

სტუდენტობის წლები მნიშვნელოვანი აღმოჩენების, დაუვიწყარი თავგადასავლების და ახალი მეგობრების შეძენის პერიოდია. თიბისი ცხოვრების ამ გზაზე ახალი თაობის გვერდით დგას და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებებით, დატვირთულ რუტინას უმარტივებს.

18-დან 23 წლამდე სტუდენტებს, რომლებსაც გაქვთ ახალი თიბისი ბარათი, შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა ისეთ ადგილებში, რომლებსაც ხშირად სტუმრობთ.

დეკემბრის ბოლომდე, შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში, ახალი თიბისი ბარათით გადახდისას (18-23 წლის მფლობელები), 20%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებთ (თვეში ჯამში მაქსიმუმ 20 ლარი).

თიბისის შეთავაზებას ლუკა პოლარეშიც შეხვდებით, სადაც 28 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას- 15%- მომენტალურად დაიბრუნებთ (თვეში ჯამში მაქსიმუმ 20 ლარი).

აღნიშნული შეთავაზებები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას.

აიღე, ახალი თიბისი ბარათი დღესვე და ისარგებლე შენს სტუდენტურ საჭიროებებზე მორგებული, მრავალფეროვანი შეთავაზებებით.  ბარათის აღება სრულიად უფასოა და ფილიალში მისვლის გარეშე, 1 წუთში, მობაილბანკიდან შეგიძლია.

Prosecutor’s Office Launches Criminal Proceedings Against Eight Opposition Leaders for “Crimes Against the State”

The Prosecutor’s Office has launched criminal proceedings against eight opposition leaders, charging them with crimes against the state.

The announcement was made today, November 6, by the Prosecutor General of Georgia, Giorgi Gvaramidze, at a press briefing.

According to him, criminal prosecution has been initiated against Mikheil Saakashvili, Giorgi Vashadze, Nika Gvaramia, Nikanor Melia, Zurab “Girchi” Japaridze, Elene Khoshtaria, Mamuka Khazaradze, and Badri Japaridze.

Specifically, opposition leaders are being charged with sabotage, assisting a foreign state in hostile activities, financing actions directed against Georgia’s constitutional order and national security, and inciting the violent overthrow of the constitutional system and government.

“Following the start of war actions in Ukraine, in order to avoid a potential military confrontation with the Russian Federation, the Georgian government, guided by national security interests, chose a policy of not imposing economic sanctions against the aggressor country and maintaining peace in the country.

Because of this decision, several opposition leaders — Elene Khoshtaria, Zurab Girchi Japaridze, and Giorgi Vashadze — acting to the detriment of Georgia’s state interests, sought to create an artificial pretext for international sanctions by providing foreign state representatives with information about fuel imports to Georgia and about real or fabricated situations in the country’s defense sector. They also spread false information claiming that Georgia’s airspace was being used to deliver Iranian combat drones to the Russian Federation.

In addition, Khoshtaria, Japaridze, and Vashadze periodically handed over information and documentation — including lists of public servants — to representatives of foreign states for the purpose of sanctioning them. As a result, approximately 300 Georgian citizens, including political officials, public servants, and several business figures, were sanctioned by various countries.

In October 2024, after opposition parties lost the parliamentary elections, Zurab Japaridze, Giorgi Vashadze, Elene Khoshtaria, Nika Gvaramia, Nikanor Melia, Mamuka Khazaradze, and Badri Japaridze began active efforts to radicalize street protests under the pretext of alleged election fraud. These individuals publicly called for revolution, the overthrow of the government, the collapse of state authority, the blockade of government buildings, and physical confrontation with law enforcement officers.

At the same time, the former president of Georgia, Mikheil Saakashvili, using his personal social media pages and video messages disseminated by mass media, publicly urged his supporters to engage in unlawful and violent acts, calling for ‘struggle’ and ‘aggressive resistance.’ In his statements, he also encouraged supporters to seize government buildings and ‘bring down the regime.’

The rallies that began near the Parliament building quickly escalated beyond the limits defined by law. There were multiple incidents of organized and targeted confrontations with police, during which protesters threw Molotov cocktails and other flammable materials at law enforcement officers. The violent actions were coordinated with the aforementioned politicians. Violent groups acted in concert, maintaining communication through so-called ‘radios,’ which, along with other items, were seized during searches of opposition party offices — including those of the United National Movement, Droa, and Girchi – More Freedom.

On November 28, 2024, at the opposition leaders’ urging, the violent confrontation between protesters and police near the Parliament building lasted six days. As a result, 158 law enforcement officers were injured, several of them seriously. Protesters set fire to rooms inside the Parliament building, causing significant damage, as well as to police vehicles and other state and private property along Rustaveli Avenue.

In parallel, financial and material resources were being collected and distributed to violent groups. Non-governmental organizations and specially created ‘funds’ were actively involved in this process alongside the politicians, and these funds reportedly received financing from international donors.

Based on the evidence gathered during the investigation, the following charges have been filed:

  • Mikheil Saakashvili — under Article 317 of the Criminal Code of Georgia, for public calls to overthrow the constitutional order or government by force;
  • Zurab Girchi Japaridze and Giorgi Vashadze — under Article 318(1) and Article 319, for sabotage and assisting a foreign state in hostile activities;
  • Elene Khoshtaria — under Article 318(1), Article 319, and Article 321¹(1), for sabotage, providing material resources for such crimes, and assisting a foreign state in hostile activities;
  • Nika Gvaramia, Nikanor Melia, Mamuka Khazaradze, and Badri Japaridze — under Article 318(1), for sabotage.

“The Prosecutor’s Office will apply to the court within the statutory time frame to request bail for Mamuka Khazaradze and Badri Japaridze, and to set a pre-trial hearing date for the other defendants,” Giorgi Gvaramidze said.

 

 

 

 

არჩილ კონცელიძე მუნიციპალური ინსპექციის უფროსი აღარ არის – საკადრო ცვლილებები ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებებია – მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, არჩილ კონცელიძეს ხელმძღვანელის პოსტი დაატოვებინეს და ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსად დანიშნეს.

არჩილ კონცელიძე მუნიციპალურ ინსპექციაში ხელმძღვანელად 2019 წელს დაინიშნა, მაშინდელი მერის, ლაშა კომახიძის დროს. მან თანამდებობა არჩილ ჩიქოვანის მერობის დროსაც შეინარჩუნა.

არჩილ კონცელიძე მერიაში სამუშაოდ მისვლამდე ურეხის პოლიციის უფროსი იყო.

მუნიციპალური ინსპექცია 2019 წელს შეიქმნა და მასში ბათუმის მერიამ ყველა საზედამხედველო ფუნქცია გააერთიანა. მათ შორის: მშენებლობების ზედამხედველობა და მონიტორინგი.

„ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ახალი უფროსის თანამდებობაზე დავით მჭედლიძის კანდიდატურა განიხილება.

ცვლილებებია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაშიც. ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა მიქელაძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად გადაიყვანეს, ხოლო მის ადგილას მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტი, ცრუ მოწმე პოლიციელი არჩილ ანთაძე დანიშნეს.

ამავე თემაზე:

პოლიციელ არჩილ ანთაძეს ადვოკატმა „აიძულა“ საკუთარი თავი ამოეცნო კადრებში – კიდევ 1 ცრუ მოწმე

8 ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ – ამის შესახებ დღეს, 6 ნოემბერს განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე.

„სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ“ – განაცხადა გვარაკიძემ.

„ოცნების“ პროკურატურა აცხადებს, რომ:

„ოპოზიციური პარტიის ლიდერები – ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად.

გარდა აღნიშნულისა, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“.

ამავე დროს, პროკურატურა აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოპოზიციის დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. დასახელებული პირები საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ“.

ამავე ნაწილში პროკურატურა ახსენებს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს –  „ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეომიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“.

პროკურატურა აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარედ დაწყებული აქციები „გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს“ და „მოძალადეთა მოქმედებები კოორდინირებული იყო ზემოხსენებულ პოლიტიკოსებთან.“

„ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და ერთმანეთთან კომუნიკაციას სისტემატურად ინარჩუნებდნენ ე.წ. ,,რაციების“ საშუალებით, რაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“ და ,,გირჩი-მეტი თავისუფლების“ ოფისებიდან“ – წერს პროკურატურა.

ამავე დროს, პროკურატურა გამოძიების კონტექსტში ახსნებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებს:

„კოორდინირებულად ხდებოდა ფინანსური სახსრების და მატერიალური რესურსების შეგროვება და მიწოდება ძალადობრივი ჯგუფებისთვის, რაშიც პოლიტიკოსებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ე.წ. „ფონდები“, რომლებიც თავის მხრივ დაფინანსებას იღებდნენ საერთაშორისო დონორებისგან“.

პროკურატურის ცნობით:

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე;

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე;

ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე;

ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე.

გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„საქმეზე გამოძიება გრძელდება“ – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

შარშან საქართველოს მოქალაქეობა 2361 რუსეთის მოქალაქეს მიენიჭა – ევროკომისიის ანგარიში

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2361 პირს რუსეთიდან – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა სულ 3587-მა პირმა მიიღო, აქედან უმრავლესობა იყო რუსეთიდან.

„2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3587 პირს, რომელთაგან უმეტესობა იყო რუსეთიდან (2361), გერმანიიდან (251) და უკრაინიდან (175) – რაც 2023 წელთან შედარებით 476-ით მეტია. ამავე პერიოდში მოქალაქეობა დაკარგა 1592-მა პირმა, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო (802 შემთხვევა),” – ვკითხულობთ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის გაფართოების ანგარიშში.

იქვე დეტალურადაა განმარტებული, თუ როგორ ხდება მოქალაქეობის მიღება:

„საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეიძლება დაბადებით, ნატურალიზაციით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მოქალაქეობის აღდგენის, შვილად აყვანის ან წარმომავლობის საფუძველზე.

საქართველო, ზოგადად, არ იძლევა ორმაგ მოქალაქეობას, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში პრეზიდენტს შეუძლია გასცეს ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნების ნებართვა. მოქალაქეობის საკითხებს განიხილავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

საქართველო უცხოეთის მოქალაქეებს არ სთავაზობს ფორმალურ, გარანტირებულ მოქალაქეობას ინვესტიციით ან „ოქროს პასპორტის“ პროგრამას, თუმცა ქვეყანა უცხოელებს საშუალებას აძლევს, ინვესტიციის გზით მიიღონ დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა,“ – წერია ანგარიშში.

4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა 2025 წლის გაფართოების ანგარიში, რომელიც მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი 10 კანდიდატი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ყოველწლიურ შეფასებას.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.

ამავე თემაზე:

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“ | გაფართოების ანგარიში

ოპოზიციის აკრძალვის სარჩელში „ოცნება“ ახსენებს „ბათუმელების“ ჟურნალისტს, გამოცემას – არა

სარჩელში, რომლითაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვს, საუბარია ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზეც, თუმცა სარჩელში „ოცნებამ“ გამოტოვა რამდენიმე მედიასაშუალება და სარჩელის ავტორებმა მედიაგამოცემების დასახელებას, მხოლოდ ჟურნალისტის მითითება ამჯობინეს.

„ოცნების“ მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, ენმ-ს აკრძალვის მოთხოვნის ერთ-ერთი საფუძველია ისიც, რომ ეს პარტია ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჟურნალისტებს არასათანადოდ ეპყრობოდა.

„ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ცალკე შეიძლება დასახელდეს მასობრივი ინფორმაციის მთელი რიგი საშუალებები, რომელთა წინააღმდეგაც, ან რომელთა წარმომადგენელთა მიმართაც 2004-2012 წლებში ჩადენილ იქნა არასათანადო მოპყრობის კონკრეტული შემთხვევები“, – აღნიშნულია სარჩელში. აქვე ჩამოთვლილია კონკრეტული მედიასაშუალებები, მაგალითად, „იმედი“, რუსთავი 2“, „ობიექტივი 2“ … სულ 42 მედიასაშუალება.

ამავე ჩამონათვალში შეგხვდებათ ჩანაწერი: „ჟურნალისტი ნათია როყვა“, მაგრამ არა „ბათუმელები“, რომლის ჟურნალისტიც იყო ნათია როყვა 2008 წელს. „ოცნებამ“ სარჩელში არ დაასახელა ის მედიასაშუალება, რომლის დამფუძნებელი და დირექტორია მზია ამაღლობელი უკვე 10 თვეა უკანონო პატიმრობაშია. 

„ქართული ოცნების“ სარჩელში ასევე მოხსენიებულია ჟურნალისტი ნათია დანელიშვილი, რომელიც იმ დროს „კახეთის საინფორმაციო ცენტრში“ მუშაობდა. „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ დამფუძნებელი ჟურნალისტი გელა მთივლიშვილია. „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი გელა მთივლიშვილის მედიასაშუალებაც სარჩელში დასახელებული არ არის.

საგულისხმოა, რომ მედიასაშუალებები, რომელიც „ოცნებამ“ სარჩელში არ ახსენა, კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდნენ წინა ხელისუფლების დროსაც, მათ წინააღმდეგ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაული კი, „ოცნების“ ხელისუფლებას არ გამოუძიებია. „ოცნების“ ხელისუფლებას არ გამოუძიებია, როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების დროს ჟურნალისტებზე ძალადობის, ან პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის რომელიმე საქმე.

პირიქით, „ოცნების“ პარლამენტმა მიიღო რუსული, რეპრესიული კანონები, რომელიც, პირველ რიგში, კრიტიკული მედიის განადგურებას ისახავს მიზნად.

„როგორ ბედავთ, რომ საკონსტიტუციო სარჩელში მტკიცებულებებად იხმობთ ჩვენს თავს გადამხდარ მძიმე ამბებს? „ქართული ოცნება“ 13 წელი სად იყავით? რატომ არ გამოიძიეთ არცერთი ფაქტი? მათ შორის, 2 საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული,“ – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომლის მედიასაშუალებასაც ასევე აუარა გვერდი „ოცნებამ“, – „მართალია, სარჩელში ჩემს ხსენებას ვერ ბედავთ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ თუ ვინმეა ასაკრძალი, პირველ რიგში, ეს რეჟიმია. თქვენგან დევნისა და შევიწროების, მუდმივი სტრესის, მუქარების, თავდასხმების გამო ამ ზაფხულს ისეთმა ინფარქტმა მგლიჯა, სიკვდილს ძლივს გადავურჩი და დღემდე ინტენსიურ მკურნალობას გავდივარ. ბოლო 20 წლის განმავლობაში მედია ასეთ მძიმე მდგომარეობაში არასდროს ყოფილა; ამდენი ჟურნალისტი არასდროს წასულა ემიგრაციაში; ამდენი ჟურნალისტი არასდროს ყოფილა ნაცემი და დაზარალებული; ამდენ მედიას არასდროს შეუწყვეტია არსებობა; ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად გვყავს ჟურნალისტი ქალი პატიმარი,“ – წერს გელა მთივლიშვილი.

„ოცნების“ პარლამენტის 88 დეპუტატი სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია-მელია, გირჩი, დროა“. სარჩელში დაზუსტებულია, რომ „ოცნება“ ამ კოალიციაში შემავალი პარტიებიდან მხოლოდ „ახალის“ აკრძალვას ითხოვს. „ელენე ხოშტარია − დროა“, „გირჩი − მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები.  ვინაიდან მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“ – აღნიშნულია სარჩელში.

სარჩელის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. პირველი კოლეგიის წევრები ასევე არიან მოსამართლეები: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, გიორგი თევდორაშვილი და ვასილ როინიშვილი. ვასილ როინიშვილი ამ კოლეგიის თავმჯდომარეა.

ვასილ როინიშვილი აჭარის მთავარი პროკურორი იყო, როცა ენმ იყო ხელისუფლებაში და ბათუმში სერჟანტი როინ შავაძე მოკლეს. 2020 წელს ევროსასამართლომ, „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. „როინ შავაძის საქმეზე“ პროკურორი ვასილ როინიშვილი გამოძიებამ 2023 წლის სექტემბერში გამოჰკითხა. ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა 2020 წლიდან და ერთ-ერთი მაღალჩინოსანია მათ შორის, ვისაც სერჟანტის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის საქმე უნდა გამოეძიებინა. პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, ვასილ როინიშვილი დააწინაურეს. ვასილ როინიშვილი განიხილავს სარჩელს, სადაც წერია, რომ „როინ შავაძის საქმის“ გამოც უნდა აიკრძალოს

დღეს „როინ შავაძის საქმის“ ყოფილი პროკურორი – ვასილ როინიშვილი ერთ-ერთი მოსამართლეა, რომელმაც უნდა განიხილოს „ოცნების“ სარჩელი, ხოლო ამ სარჩელის მიხედვით, ენმ-ს აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ „როინ შავაძის საქმეა“.

ამ თემაზე:

„ყველამ 3-3-ჯერ ვესროლეთ“ – კიდევ რა თქვეს სპეცრაზმელებმა სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე

„ოცნებამ“ მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები დააწინაურა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები დააწინაურეს: თორნიკე გოგეშვილი ბათუმის პროკურორის მოადგილე გახდა, შოთა ჩხაიძე – ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე.

საკადრო ცვლილებებზე დღეს, 6 ნოემბერს, „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში არ უპასუხეს.

„ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, თორნიკე გოგეშვილი ბათუმის პროკურორის მოადგილედ დაახლოებით ერთი კვირის წინ დანიშნეს, შოთა ჩხაიძე კი, უკვე ორი თვეა ოზურგეთის პროკურორის მოადგილეა.

მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი ლიეტუვამ და ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირეს.

ბათუმის პროკურორი 2025 წლის ივლისიდან ირაკლი გაჩეჩილაძეა. ამავე პერიოდიდან აჭარის პროკურორი გიორგი ცხოვრებაძეა.

ბათუმის პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ამ დრომდე ალექსანდრე ძირკვაძე მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით ის სუს-ში გადაიყვანეს ერთ-ერთ თანამდებობაზე.

გუშინ, 5 ნოემბერს, მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი არჩილ ანთაძე ბათუმის ბულვარის დირექტორად დანიშნეს. მანამდე კი ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეში მთავარი ფიგურაა, თბილისში გადაიყვანეს და პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელი გახდა.

ასევე, მზია ამაღლობელის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დანიშნეს.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უკვე 10 თვეა უკანონო პატიმრობაში რჩება.

2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო – სახაროვის პრემია მიიღო. ეს პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის გადაცემული უმაღლესი ჯილდოა. პრემიას გადასცემენ ადამიანებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აზრის თავისუფლების დაცვაში.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი პოლონეთში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს წარადგენს

საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოზიციების გამყარების მიზნით, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ დელეგაცია, პოლონეთის სამ ქალაქში – ვარშავაში, ვროცლავსა და კატოვიცეში – პროექტისა და საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. აღნიშნული აქტივობა კომპანიის ფართომასშტაბიანი საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროპულ ბაზრებზე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის სათანადოდ წარმოჩენას ისახავს მიზნად.

პოლონელი პარტნიორების, Exclusive Poland-ის ორგანიზებითა და BNI (Business Network International), Inter-Car Silesia Mercedes-Benz, Cashify და FEN ჩართულობითა და Strefa Nieruchomości-ს და Business Insider-ის მედია მხარდაჭერით დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის პოლონეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, მაღალი რანგის შეხვედრებისა და კავშირების დამყარებისათვის. აღსანიშნავია, რომ BNI მსოფლიოსა და პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ქსელურ ბიზნეს ორგანიზაციას წარმოადგენს.

აღნიშნული მასშტაბური კამპანია წლევანდელი წლის ივნისში, ქალაქ ვარშავაში უკვე დაწყებული სტრატეგიის გაგრძელებაა, რომელმაც პოლონელი ინვესტორების მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია და ამჯერად ქალაქ ვროცლავში გაგრძელდა, სადაც გამართულ შეხვედრას 70-ზე მეტი დაინტერესებული პირი ესწრებოდა, ხოლო ოქტომბრის დარჩენილ ღონისძიებებზე მონაწილეთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაა მოსალოდნელი.

ქალაქ ვროცლავში „ამბასადორი აილენდის” პროექტის წარდგენას საქართველოს საპატიო კონსული ვროცლავში, ვოიჩეხ ვრუბელი ესწრებოდა.

ქართულ და პოლონურ მხარეებს შორის ამგვარი თანამშრომლობა ორმხრივი, მტკიცე და გრძელვადიანი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ გადადგმულ მორიგ მტკიცე ნაბიჯს წარმოადგენს.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი შავი ზღვის აკვატორიაში, 84 ჰექტარზე, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ფორმირებას ისახავს მიზნად. პროექტი „ამბასადორი ჯგუფისა“ და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის კოლაბორაციით ხორციელდება, ჭკვიანი ქალაქისა და მდგრადი განვითარების უმაღლესი პრინციპების დაცვით. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ფაზა, 26 ჰა მიწის ფართობი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 147 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 329 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 541 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 34 288 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 535 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 237 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 78 430 ერთეული [+172]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 918 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 66 658 ერთეული [+84]
  • სპეცტექნიკა – 3 991 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 95 320 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 635 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 874 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 609 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 113 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 46 000 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპი პუტინზე: მათ სანაპიროსთან გვყავს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსთაველზე გადასვლა ერთობის, თავგანწირვის ნაწილი გახდა – ლანა ღოღობერიძე

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ფეისბუქზე ეხმიანება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს, რომლის მონაწილეებსაც უკვე მეორე კვირაა ყოველდღიურად აკავებენ გზის გადაკეტვის საბაბით. რეჟისორი წერს, რომ სიტყვა „გადასვლამ“ უკვე სხვა, სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა.

„ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთ საბედისწერო დროს მოვესწრებოდი…

როცა 1999 წლის 27 აპრილს, ჩვენი დროშა ნელ-ნელა მიიკვლევდა ადგილს ევროპის ცაზე საფრანგეთისა და გერმანიის დროშებს შორის, ის გზა სამუდამოდ გაკვალული მეგონა. მართლა ძალიან ბედნიერები ვიყავით, ყველა! რადგანაც გვჯეროდა, რომ აღარასდროს დაბრუნდებოდა ჩვენი ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა…

დღეს თითქოს უკან დავბრუნდით და იმავე ბრძოლაში ვართ. შედეგად ყველაზე ადვილია მივეცეთ სასოწარკვეთილებას და დავყაროთ ფარ-ხმალი. მაგრამ ასეთი ძველი და მდიდარი გენეტიკური მეხსიერების მქონე ერისათვის ეს არ მოხდება. მან თავისთავად იცის, რომ ისტორიისთვის არ არის უცხო ასეთი საბედისწერო შემობრუნებები! მთავარია, გავიაზროთ ჩვენი ისტორიული გზა და გავაკეთოთ დასკვნები. იმავე ბრძოლაში ვართ, ოღონდ მეტი გამოცდილებით, რაც მთავარია – თავისუფლების და დამოუკიდებლობის გამოცდილებით. მეტი აქტიური მონაწილით. იმედია, მეტი სიბრძნით.

და ადამიანთა თავგანწირვის ისეთი საოცარი მაგალითებით, რომ გამარჯვება გარდუვალია.

და ახლა მომინდა გაგიზიაროთ ჩემი ერთი პატარა დაკვირვება, თუ განცდა:

დღეს, ჩვენ თვალწინ, ერთი ჩვეულებრივი ქართული სიტყვა იძენს სულ სხვა, ღრმად სიმბოლურ მნიშვნელობას.

ასეთი სიტყვაა „გადავიდა“ …

ის უცებ ისეთი ტევადი გახდა! და იმდენ რამეს მოიცავს! გადავიდა, ანუ გაიაზრა, ან ემოციურად შეიგრძნო, რომ დღეს საჭიროა დათმოს ყველაფერი პირადი საერთო მიზნის მისაღწევად, რომ არის იმ დიდი ერთობის ნაწილი, რასაც სამშობლო ჰქვია, რომ მზად არის თავი გასწიროს მისთვის…

მე, მხრებზე მოკიდებული თითქმის ასი წლით დამძიმებული, ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც გადავიდა… ან გადავა. და იმათ წინაშეც, ვინც ყოველ საღამოს დგას რუსთაველზე და „გადასულებს“ მთელი არსებით უჭერს მხარს. და იცის, რომ ხვალ, თუ საჭირო იქნება, მისი ჯერიც დადგება.

და, რა თქმა უნდა, ვინც გადავიდა და ამიტომ დღეს გისოსებს მიღმაა. და მათ ასევე არნახულად თავგანწირულ მშობლებს.

გარწმუნებთ, ეს არ არის განწირულის სულისკვეთება.

ეს იმედის და გამარჯვების სულისკვეთებაა.

და კიდევ ერთი დიდი ბრძოლა თავისუფლების, სამართლიანობის, კეთილდღეობის, და სიხარულისა და ბედნიერების უფლების მოსაპოვებლად“ – წერს ლანა ღოღობერიძე.

From Prosecuting for the UNM Government to Banning UNM: Former Prosecutor Chairs Constitutional Court Panel

The ruling Georgian Dream party is invoking the murder case of Sergeant Roin Shavadze and past violations of journalists’ rights as arguments to ban the United National Movement and other opposition parties. The constitutional complaint has been assigned to the same judge who, as a prosecutor, oversaw the original investigation of Shavadze’s case during the UNM government. Most of the journalists and media outlets cited in the complaint — including Batumelebi — are now facing unprecedented repression under the Georgian Dream’s rule.

The ruling party Georgian Dream has filed a constitutional complaint seeking to ban opposition political parties — a case assigned to a collegium chaired by a judge who previously served as a Chief Prosecutor of Adjara during the rule of the United National Movement (UNM), the party requested to be banned.

The case on banning opposition political parties is being examined by the First Collegium of the Constitutional Court of Georgia. The panel includes judges Eva Gotsiridze, Giorgi Kverenchkhiladze, Giorgi Tevdorashvili, and Vasil Roinishvili, who chairs the collegium.

Vasil Roinishvili served as Chief Prosecutor of Adjara when the UNM was in power and when Sergeant Roin Shavadze was killed in Batumi.

In 2020, the European Court of Human Rights found that Georgia had violated the right to life guaranteed by the European Convention in the “Roin Shavadze case.”

Roinishvili was questioned by investigators in September 2023 regarding this case. He was among the senior officials responsible for investigating the brutal, group murder of the sergeant. Instead of being held accountable, Roinishvili was promoted – he has served as a Constitutional Court judge since 2020.

In their constitutional complaint, Georgian Dream MPs cite the “Roin Shavadze case” as one of the grounds for banning the UNM party. This means the case could be reviewed by Judge Vasil Roinishvili — the same person who was Chief Prosecutor at the time of Shavadze’s killing.

The “Georgian Dream” constitutional complaint reads:

“During its time in power [2004–2012], the United National Movement created and developed a system of murder and other forms of violence. During that same period, it committed numerous violent acts involving torture and violations of the right to life, engaging in manifestly unconstitutional activities that went beyond isolated incidents and took on a systemic character.

All this is confirmed by facts and evidence reflected in the report of the Temporary Investigative Commission, as well as by other relevant sources.

Among these, particular note should be made of the following facts and specific cases: the murder of Sergeant Roin Shavadze.”

Another detail: in the constitutional complaint seeking to ban opposition parties, Georgian Dream MPs also refer to cases of mistreatment of journalists between 2004 and 2012. Among the names listed is journalist Natia Rokva, who at the time worked for Batumelebi. Unlike dozens of other cases cited in the complaint, Batumelebi itself is not mentioned in this section, as if Rokva were a journalist with no media affiliation.

The complaint also mentions journalist Natia Danelishvili, who at the time worked for the Kakheti Information Center, founded by journalist Gela Mtivlishvili.

A total of 88 Georgian Dream MPs are demanding the banning of three political parties:

  • “Unity – United National Movement”
  • “Coalition for Change – Gvaramia, Melia, Girchi, Droa”
  • “Strong Georgia – Lelo for the People, for Freedom”

“The purpose of the aforementioned political parties’ activities is to overthrow and violently alter Georgia’s constitutional order, undermine its independence, and violate its territorial integrity. We therefore request that the activities of these political parties be declared unconstitutional, the parties be banned, and their registrations canceled,” the Constitutional Complaint concludes.

Exit mobile version