მთავარი,სიახლეები

„ტკივილით ვიტანჯები“ – მოქალაქე ამბობს, რომ წამალს ვერ ყიდულობს „ოცნების“ ჯანდაცვის პოლიტიკის გამო

01.10.2025
„ტკივილით ვიტანჯები“ – მოქალაქე ამბობს, რომ წამალს ვერ ყიდულობს „ოცნების“ ჯანდაცვის პოლიტიკის გამო

თორნიკე მსხლაძე ონკოპაციენტი და შშმ პირია. მან გვითხრა, რომ დაზიანებული აქვს ფეხის ნერვები და აქვს მწვავე პოლინეიროპათია.

თორნიკე მსხილაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მას დეკემბრიდან დანიშნული აქვს მედიკამენტი „პრეგაბალინი“, რომელსაც სამი თვეა ვეღარ იღებს.

„ჯოჯოხეთს გავდივარ ტკივილებისგან უკვე მეორე თვეა“- ამბობს თორნიკე მსხილაძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, მედიკამენტი ქვეყანაში აღარ შემოდის, რის გამოც, გაუსაძლის ტკივილებში ყოფნა უწევს.

თორნიკე მსხილაძის თქმით, მან განცხადებით მიმართა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც და ჰკითხა, თუ როდის აპირებენ მისი სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტის შემოტანას, თუმცა ამ დრომდე არც წერილობით და არც სიტყვიერად, პასუხი არ მიუღია სამინისტროსგან.

თორნიკე ამბობს, რომ გაუსაძლისი ტკივილების გამო დაძინებასაც ვერ ახერხებს.

„ქიმიოთერაპიებმა ძალიან მძიმე ტკივილები დამიტოვა. მაქვს პოლინეიროპათია, რაც არის ფეხების ნერვების ტკივილი. ოღონდ ეს არის წარმოუდგენლად ძლიერი ტკივილი, რომელიც უძლიერესი გამაყუჩებლის გარეშე არ ჩერდება და ამ მედიკამენტის გარეშე საერთოდ ცხოვრება არ შემიძლია, რადგან სასიცოცხლო ხარისხი საერთოდ ნულზე გივარდება, თუ გამაყუჩებელს არ იღებ.

ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ და ახლა მედიკამენტის პრობლემაც შემექმნა.

ეს წამალი დეკემბრიდან მაქვს დანიშნული გერმანელი ექიმის მიერ, რომელიც ჩემი მკურნალი ექიმია და ამ წამლის უცებ შეწყვეტა დაუშვებელია, რადგან პირდაპირ უწერია უკუჩვენებებში, რომ იწვევს სიკვდილიანობას და კრუნჩხვებს.

და რა გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა? რომელსაც საერთოდ არ აქვს განათლება ამ სფეროში და არც არასდროს უმუშავია აქამდე, კერძო აფთიაქებს ამ მედიკამენტის შემოტანა აუკრძალა და ჩვენ, მძიმე პაციენტები წამებისთვის გაგვიმეტა.

ეს წამალი 30 წელია რეგისტრირებულია საქართველოში და ყოველთვის მკაცრი რეგულაციებით იყიდებოდა. ელექტრონული რეცეპტით გაიცემოდა ყოველთვის და გიწერდა ნევროპათოლოგი. ვინ მოიგონა, რომ ეს წამალი ნარკოდამოკიდებულების ჯგუფში გადაეტანათ და რის საფუძველზე გადაიტანეს?!

ივლისიდან წამალი აღარ შემოსულა. ითქვა, რომ ჩავარდნა არ იქნება და აგვისტოს დასაწყისში შემოვიტანთო, მაგრამ არ შემოიტანეს. დღესაც დავრეკე სამინისტროში და პასუხი ვერ მივიღე.

დღეში ორჯერ უნდა დავლიო ეს მედიკამენტი, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. ტკივილებისგან ვერც ძილს ვახერხებ და ფაქტობრივად უძილობისგანაც გათიშული ვარ, ვეღარაფერს ვაკეთებ. ვეღარ ვახერხებ სრულფასოვან ცხოვრებას“ – ამბობს თორნიკე მსხილაძე.

თორნიკე ამბობს, რომ მან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წერილთან ერთად გაუგზავნა სამედიცინო დასკვნა, დიაგნოზი, თუ რა მკურნალობას გადის და დანიშნული მედიკამენტების დოკუმენტიც, თუმცა სამინისტრომ გულგრილობა გამოიჩინა.

„20 აგვისტოს გავგზავნე წერილი, ასევე დავურთე, რომ გერმანიაში მაქვს უმძიმესი ქიმიოთერაპიები გამოვლილი, დავურთე ყველანაირი საბუთი, რა მდგომარეობაში ვარ და ქართველი და გერმანელი ექიმის დანიშნულება და მაინც არ გამცეს პასუხი.

ბოლოს, ტელეფონზე იმდენი ვიჩხუბე, მითხრეს ოქტომბერში შემოვაო და თურმე საერთოდ არ არის შემოტანილი.

მიჯაჭვული ვარ ლოგინს, უმძიმესი ტკივილებით. მაშინ როცა სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ჩემი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება, ფაქტობრივად მაწამებენ.

მაწამებს ჯანდაცვის სამინისტრო.

ისედაც ძვირი მიჯდება ამ მედიკამენტის შეძენა და ახლა საერთოდ ვეღარ ვყიდულობ. მამყოფებენ გაუსაძლის ტკივილებში“- ამბობს თორნიკე მსხილაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს და ჰკითხა, თუ რატომ ვერ შემოიტანეს აღნიშნული მედიკამენტი ქვეყანაში და რა მიზეზით – სამინისტროში გვითხრეს, რომ მიზეზებს მოიკვლევენ და შემდეგ გვიპასუხებენ. „ბათუმელები“ სამინისტროს პასუხს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.

__________________

ფოტოზე: თორნიკე მსხლაძე/ჯანდაცვის სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: