მთავარი,სიახლეები

„რუსებს არ აქვთ მაღალი ტემპი, გარღვევების ძალა არ შესწევთ“ – ინტერვიუ გენერალთან

07.11.2025 •
„რუსებს არ აქვთ მაღალი ტემპი, გარღვევების ძალა არ შესწევთ“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსები დიდი მსხვერპლის ხარჯზე, ნელი ტემპით ახერხებენ რაღაცნაირად წინ წაწევას. ეს იმდენად ნელა ხდება, რომ უკრაინელები ახერხებენ შემდეგი თავდაცვითი ზღუდეების მოწყობას,“ – უკრაინაში ომს ისევ ყურადღებით აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, წლის ბოლომდე ისევ განახლდება მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე, მანამდე კი, რუსები პოკროვსკის აღებას ეცდებიან. პოკროვსკის აღების შემთხვევაში, მეტი პირობით მივლენ მოლაპარაკებაზე რუსებიო – ამბობს გადამდგარი გენერალი.

„რუსები ცდილობენ, რომ ქვეითად, სამ-ხუთკაციანი ჯგუფებით მოახერხონ და გადაიარონ ქალაქის მისასვლელები, რამენაირად მოახერხონ შეღწევა. მათ მუდმივად დრონებით ურტყამენ. სამიდან ერთი კაცი თუ მიაღწევს თავის დანიშნულების წერტილს, ითვლება, რომ ეს წარმატებულად მოხერხდა.

ფრონტის ხაზზე უკრაინელები დრონებით საკმაოდ ეფექტურად მოქმედებენ. ოთხჯერ შემცირდა ჯავშანტექნიკის დანაკარგები რუსეთის შეიარაღებული ძალებში… ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ, ვთქვათ, უფრო დაცულია ეს ტექნიკა – უბრალოდ აღარ იყენებს რუსეთი ამ ტექნიკას, რადგან მუდმივად ხდება დრონების მსხვერპლი… ტანკები და ჯავშანტექნიკა რუსებისთვის გადაიქცა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებად, რომ ოღონდ ვინმე სადმე მიიყვანოს,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ხდება ფრონტის ხაზზე? როგორც ვიცით, ურთულესი მონაკვეთი პოკროვსკია…

დიახ, ასეა. ამ ეტაპზე პოკროვსკშია კონცენტრირებული ძირითადი მოქმედებები.

რუსეთი აგრძელებს ძალების დაგროვებას ქალაქების პოკროვსის და მირნოგრადის ცენტრებში. მირნოგრადის დასავლეთით მდებარე კაზაცკის რაიონში დაიწყეს შეღწევა. პოკროვსკის უკვე ჩრდილოეთ სექტორში წარმოებს ბრძოლები, თუმცა პოკროვსკის ცენტრში მდებარე გამგეობის შენობაზე უკრაინელებმა ჩამოაგდეს რუსული დროშა და უკრაინული აღმართეს. ანუ, უკრაინელებიც ახერხებენ ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსები სრულად ვერ აკონტროლებენ დაკავებულ ტერიტორიას.

2022 წელს, როცა ომი დაიწყო რუსეთმა, მთელს უკრაინაში რუსეთის დაჯგუფება იყო 180 – 190 000. პოკროვსკის შეზღუდულ მიმართულებაზე რუსეთს ახლა გამოყვანილი ჰყავს 100 000.

ვფიქრობ, 10-15 დღის შემდეგ სავარაუდოდ დადგება მოცემულობა, როცა უკრაინელები დილემის წინაშე დადგებიან: უნდა გადაწყვიტონ ჯარის გაყვანა და უკან დახევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინელებს მოუწევთ ალყაში მოქმედება.

  • რუსები ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ ალყის შეკვრას, ახლა გამოსდით?

ჯერჯერობით, მთლიანად ალყის შეკვრამდე 3-დან 5 კილომეტრამდეა დარჩენილი. ვერ იტყვი, რომ უკვე რუსები აკონტროლებენ პოკროვსკის ან მირნოგრადს. ეს ორი ქალაქია ფაქტობრივად, სადაც ძირითადი ბრძოლები მიმდინარეობს.

ქალაქში მიდის ბრძოლები. ეს ბრძოლები არის ქაოსური სახის, მცირე ჯგუფებს შორის. საცეცხლე კონტაქტებია მოკლე მანძილზე. ჰაერში აქტიურად დრონების ბატონობაა ორივე მხრიდან. არ არის გამორიცხული, რომ ვინაიდან რუსები უკვე ახერხებენ ქალაქში შესვლას, შემდეგი შეტევების ორგანიზებაც შეძლონ.

  • შეიძლება, ალყაშიც განაგრძონ ბრძოლა უკრაინელებმა? რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამას?

შესაძლოა, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება, რომ უკრაინამ განაგრძოს ალყაში ბრძოლა და შემდგომ ეცადონ ალყის გარღვევას ან გამოიყენონ ალყაში ბრძოლა სხვა მიმართულებებზე თავიანთი მოქმედებების გასაძლიერებლად.

რუსები ცდილობენ, რომ ქვეითად, სამ-ხუთკაციანი ჯგუფებით მოახერხონ და გადაიარონ ქალაქის მისასვლელები, რამენაირად მოახერხონ შეღწევა. მათ მუდმივად დრონებით ურტყამენ. სამიდან ერთი კაცი თუ მიაღწევს თავის დანიშნულების წერტილს, ითვლება, რომ ეს წარმატებულად მოხერხდა. აი, ასე, თანდათანობით ხდება ძალების დაგროვება.

  • რუსების სტრატეგია რა არის, თქვენი დაკვირვებით? პოკროვსკში მებრძოლი მე-7 სადესანტო ბრიგადის ინფორმაციით, ქალაქში შეჭრილი რუსი ჯარისკაცები ტერიტორიაზე გამაგრებას არ აპირებენ, მათი მიზანია გააგრძელონ წინსვლა და უკრაინელების ძალების შემდგომი გახლეჩა.

რუსები ჯგუფდებიან და აგრძელებენ შეტევას. რა თქმა უნდა, პოზიციას აწყობენ და აგრძელებენ შეტევას. გრიშინო არის დასახლებული პუნქტი პოკროვსკის ჩრდილოეთით და იქ აპირებენ შეტევის გაგრძელებას. ყოველ შემთხვევაში, ვექტორი ასეთი ჩანს. მირნოგრადში, რომელიც პოკროვსკის გვერდითაა, ასევე ბრძოლები მიმდინარეობს. ნახევარი მირნოგრადი უკვე აღებული აქვთ რუსებს.

მირნოგრადი მძიმე დღეშია – ის უფრო ადვილად შეიძლება მოწყვიტონ უკრაინულ ძალებს. ამ ეტაპზე უკრაინელები არ აძლევენ საშუალებას შექმნან ეს ალყა რუსებმა. გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ უკრაინელების დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფი „თემური“ ახორციელებს პოკროვსკში მდებარე ქარხნის ტერიტორიის რუსებისგან გაწმენდას. ზოგადად, სპეცდანიშნულების შეყვანამ ბრძოლაში საშუალება მისცა უკრაინელებს, შეექმნათ დერეფანი, რომლის საშუალებითაც დამხმარე ძალები შეიყვანეს.

ამავე დროს მიდის წმენდა დასახლებული პუნქტების რუსებისგან გასათავისუფლებლად. იქ არის დოპროპოლიეს შვერილი, პოკროვსკი-მირნოგრადის ჩრდილოეთით. ამ მიმართულებით რუსების გარღვევაზე წინა ინტერვიუში გესაუბრეთ. უკრაინელებმა შეძლეს და გაანადგურეს რუსების ეს დაჯგუფება სრულად.

სიმართლეს ჰგავს მოსაზრება, რომ გერასიმოვის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, ნოემბრის შუამდე მოახერხებს თუ არა პოკროვსკის აღებას.

  • 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ, როცა რუსებმა ბახმუტი აიღეს, პოკროვსკია შემდეგი ქალაქი, რომლის აღებასაც რუსები ამ დრომდე ცდილობენ?

დიახ, მაგრამ პოკროვსკი არ არის დიდი ქალაქი. თუ პოკროვსკი აიღეს, ბახმუტის შემდეგ ერთადერთი ქალაქი იქნება წელიწად-ნახევრიანი ბრძოლების შემდეგ, რომლის აღებაც რუსებმა შეძლეს.

  • ეს ტემპი რას აჩვენებს?

ეს აჩვენებს იმას, რომ რუსებს არ აქვთ მაღალი ტემპი – არ შესწევთ ძალა, გარღვევები განახორციელონ. რუსები უამრავი მსხვერპლის ხარჯზე, ნელი ნაბიჯებით ახერხებენ რაღაცნაირად წინ წაწევას. ეს იმდენად ნელი ტემპით ხდება, რომ უკრაინელები ახერხებენ შემდეგი თავდაცვითი ზღუდეების მოწყობას.

  • პოკროვსკის აღება თუ შეძლეს, ეს რა სახის წარმატებაა რუსებისთვის, გარდა იმისა, რომ კრემლის პროპაგანდა ამას გამოიყენებს?

სამწუხაროდ, მედია ზედმეტ ყურადღებას აქცევს პოკროვსკის მიმართულებას. უკრაინელებიც, აი, დიდ ყურადღებას აქცევენ ამას, რაც არასწორია. პოკროვსკის ბრძოლა დაემთხვა ტრამპის მოლაპარაკებებს. შესაბამისად, ორივე მხარე ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ფრონტზე არ აქვს ცუდი მდგომარეობა.

სინამდვილეში, პოკროვსკი ერთი საშუალო ზომის დასახლებული პუნქტია, რომელსაც წელიწად-ნახევარია იღებენ რუსები და რომც მოახერხონ მისი აღება, რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ დარჩება ე.წ. ჯიბე. ეს არის და ეს. ასე რომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა პოკროვსკის აღებას არ აქვს.

რუსებმა რომ მთლიანად აკონტროლონ დონბასი, მათ უნდა აიღონ ყველაზე ძლიერად გამაგრებული კრამატორსკი-სლავიანსკის აგლომერაცია. იქამდე მისვლისთვის კი, რუსებმა უნდა აიღონ სხვა დასახლებული პუნქტები: კონსტანტინოვკა, დრუჟკოვკა და სხვა.

ამ ტემპებით თუ გაგრძელდა რუსების სვლა, ისინი დონბასის დაკავებას მინიმუმ ხუთ წელს მაინც მოანდომებენ.

რუსები ასევე ცდილობენ, გაიუმჯობესონ ვითარება კუპიანსკში. ეს ხარკოვის მიმართულებაა. მათ მდინარე სევერნი დონეცკის ნაწილი გადალახეს, ნაწილი – ვერა. აქაც მიმდინარეობს ბრძოლები, მაგრამ არა ისეთი, როგორც პოკროვსკის მიმართულებაზე.

არის გარკვეული მოქმედებები ზაპოროჟიეს რაიონშიც: მას შემდეგ რაც რუსების ორი ჯავშანკოლონა იქნა მთლიანად განადგურებული ტოკმაკთან, რუსებმა მაინც სცადეს, წასულიყვნენ წინ, თუმცა აბსოლუტურად უშედეგოდ.

  • ასევე, დრონებით და რაკეტებით განაგრძობენ შეტევას რუსები. ორი დღის წინ ოდესის პორტებს დაარტყეს ისევ. თქვენი აზრით, რატომ გახდა ოდესა ისევ რუსების სამიზნე?

მსგავსი დარტყმები მუდმივად ხდება, თანაც არამარტო ოდესაზე. უკრაინელებიც ურტყამენ დრონებით რუსეთს. უკრაინელებმა შეცვალეს თავისი აქცენტი და უკვე არამარტო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და საწყობებს ურტყამენ, არამედ ელექტრო-ენერგეტიკულ ობიექტებს.

როგორც რუსებმა დაიწყეს დარტყმები უკრაინის და კიევის ელექტრო ობიექტებზე, სიმეტრიულად უკრაინელებმა დაიწყეს დარტყმები რუსეთზე, მაგალითად, თუ 2024 წელს ასეთი იყო 27 დარტყმა, 2025 წელს უკვე 39 დარტყმაა.

ამის შედეგი იყო ის, რაც ვნახეთ: უშუქოდ დარჩენილი რაიონები რუსეთში. უკრაინელებს გააჩნიათ საშუალება, დარტყმები განახორციელონ რუსეთში დაახლოებით 1000 კილომეტრ სიღრმეზე.

ეს უფრო მაინც არის მორალური ზემოქმედების საშუალება. უკრაინელები კი იძახიან, ელექტროენერგია გამოიყენება საომარი მოქმედებების ორგანიზებისთვისო, მაგრამ ძირითადად მაინც ეს არის სარკისებრი პასუხი იმაზე, რასაც აკეთებს რუსეთი, რომ რუსეთის მოქალაქეებმაც იგრძნონ ზამთრის სიმძიმე, როცა უშუქოდ, გათბობის გარეშე რჩება ქალაქების მთელი რაიონები.

უკრაინელებს აქვთ გარკვეული უპირატესობა დრონების გამოყენებაში. დრონების მართვის დანაყოფები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით არის 2%. ექსპერტები თვლიან, რომ თუკი ეს რაოდენობა გაიზრდება 5%-მდე, შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ფრონტის ხაზზე უკრაინელები დრონებით საკმაოდ ეფექტურად მოქმედებენ. მაგალითად, ოთხჯერ შემცირდა ჯავშანტექნიკის დანაკარგები რუსეთის შეიარაღებული ძალებში: 2024 წელს რა დანაკარგიც ჰქონდათ 1 კვირაში, იმდენივე დანაკარგი აქვთ ახლა თვეში. ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ, ვთქვათ, უფრო დაცულია ეს ტექნიკა – უბრალოდ აღარ იყენებს რუსეთი ამ ტექნიკას, რადგან მუდმივად ხდება დრონების მსხვერპლი, ფრონტის ხაზამდეც ვერ აღწევენ. ტანკები და ჯავშანტექნიკა რუსებისთვის გადაიქცა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებად, რომ ოღონდ ვინმე სადმე მიიყვანოს.

ამის საპირისპიროდ უკრაინელები ახერხებენ ჯავშანტექნიკის გამოყენებას. ჯერ ერთი, თავდაცვაში არიან და ნაკლებად სჭირდებათ გადაადგილება და გადასროლა. მეორეც – ჰაერში დრონების ბატონობის პირობებში უკრაინული დრონსაწინააღმდეგო აპარატები ძალიან აქტიურად არიან ჩართული. ამაზე რუსი სამხედროები წუწუნებენ, რომ აი, ჩვენს მზვერავ დრონებზე ხდება დარტყმები უკრაინელების დრონგამანადგურებლების მხრიდანო.

მხედველობაში მისაღებია სეზონიც: ნოემბერში ტერიტორიაზე გავლა კიდევ უფრო რთულდება წვიმის და ტალახის გამო. ამავდროულად, ღრუბლიანობის და ნისლის გამო რთულდება დრონების გამოყენება.

საინტერესო ოპერაცია განახორციელეს უკრაინელმა უპილოტოების ოპერატორებმა: მათ სახმელეთო რობოტ-ევაკუატორის საშუალებით მე-7 ცდაზე გამოიყვანეს დაჭრილი მებრძოლი, რომელიც 33 დღე იყო მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში. უკანა გზაზე რობოტმა განიცადა საჰაერო დარტყმები, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქება, დაკარგა ბორბალი, მაგრამ დაჭრილი იმყოფებოდა დაჯავშნულ კაფსულაში და უვნებლად იქნა გამოყვანილი.

  • თქვენი აზრით, რატომ გააქტიურდა საუბარი ბირთვულ საფრთხეზე? პუტინმა დააანონსა, რომ კრემლი შეისწავლის ბირთვული იარაღის გამოცდების დაწყების მიზანშეწონილობას. მან ახალი საკონტინენტთაშორისო ფრთოსანი რაკეტის, „ბურევესტნიკის“ და პოტენციურად ბირთვული შეიარაღების მატარებელი წყალქვეშა აპარატის „პოსეიდონის“ გამოცდის შესახებ განაცხადა. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ქცევის ფონზე ბირთვულ ცდებს დაიწყებშეერთებული შტატებიც.

ეს „ბურევესტნიკი“ არავინ იცის გამოსცადეს თუ არა. თუ გამოსცადეს, რატომ არ აჩვენეს ჰაერში „ბურევესტნიკის“ ფრენის ვიდეო? რაც იქნა ნაჩვენები, იყო მულტიპლიკაცია.

მეორეცაა, რომ „ბურევესტნიკი“ ახალი არ არის. გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელები და საბჭოთა კავშირიც მუშაობდნენ იმაზე, რომ ბირთვული ძრავა დაეყენებინათ ფრთოსან რაკეტაზე. ეს არის ჩვეულებრივი ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც ბირთვული ძრავა აძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტი ხანი იფრინოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთ რაკეტას შეუძლია უფრო შორს გაფრინდეს.

„ბურევესტნიკი“ გამოყოფს ძალიან დიდ სითბურ ველს, ამიტომაც მისი აღმოჩენა ადვილია – გიგანტური, რადიოაქტიური გამონაბოლქვი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ რაკეტას. თანაც, ზებგერითი სიჩქარეც არ გააჩნია. მაშინ ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ ასეთი რაკეტა არ იქნება არაფრის მომტანი და გაანებეს თავი. პუტინის მხრიდან კი, ეს მორიგი მუქარაა.

რომელი ბირთვული იარაღის გამომყენებელია პუტინი ამერიკის წინააღმდეგ? ვინმეს ჰგონია მსოფლიოში, რომ პუტინი მზად არის, ამერიკას ბირთვული ომი გამოუცხადოს? რა თქმა უნდა – არა.

  • ამასობაში, რამდენად ძლიერდება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები, განსაკუთრებით ამ მოცემულობაში, როცა ტრამპმა ტომაჰავკებისმიწოდებაზე საბოლოოდ უარი უთხრა ზელენსკის, თუმცა ბრიტანეთმა უკრაინას ისევ გაუგზავნა ფრთოსანი რაკეტები – Storm Shadow?

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში ხდება სამხედრო ტექნიკის ძალაუნებური მოდერნიზება. ის ძველი, წინა თაობების ტექნიკა, რომელსაც უკრაინა იღებდა, მეტწილად არის უკვე საბრძოლო დანაკარგებში.  დახმარება, რომელსაც უკრაინა იღებს, უფრო და უფრო თანამედროვე ხდება.

მაგალითად, უკრაინამ ბოლოს მიიღო იტალიური ჯავშანმანქანები Centurio, დამატებით იღებს ბრიტანულ შეიარაღებას: Storm Shadow-ს, იგივე ფრანგულ SCALP-ს.

ახლა თუ Taurus-ი მოხვდება უკრაინელების ხელში, ეს უკვე 500-კილომეტრიანია.

„ტომაჰავკი“ მაღალტექნოლოგიური, მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტაა, რომელსაც გადააქვს 450 კილოგრამი ასაფეთქებელი მუხტი, მაგრამ იგივე „ფლამინგო“, რომელიც უკრაინელებმა შექმნეს, მიფრინავს 3500 კილომეტრამდე, მას თითქმის ტონამდე ასაფეთქებელი მუხტი გადააქვს. მართალია, „ფლამინგო“ არ არის მაღალტექნოლოგიური, მაგრამ უკრაინელებმა ასევე შექმნეს ბრიტანელების დახმარებით შორი მანძილისთვის „ნეპტუნი“, რომელიც 2000 კილომეტრზე მიფრინავს.

იმიტომ, რომ „ტომაჰავკი“ არ მისცა ამერიკამ უკრაინას და ამით უკრაინას რაღაც დააკლდება, ასე არ არის. ცხადია, უკეთესი იყო, რომ მიეღოთ, მაგრამ რაღაც გარღვევა ამით არ იქნება.

არც ისაა გამორიცხული, რომ უკრაინამ ეს „ტომაჰავკები“ მიიღოს. სავარაუდოდ ეს არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აღებული, გარკვეული პაუზა, რომ რუსები დაიყოლიონ და დასვან მოლაპარაკების მაგიდასთან.

  • რამდენად სწრაფად უმცირებს ომის რესურსებს რუსეთს სანქციები, მათ შორის, ნავთობზე დაწესებული სანქციები? თქვენი აზრით, რამდენი წელი შეიძლება დასჭირდეს რუსეთის გამოფიტვას, რომ მას მოუწიოს უკან დახევა?

ეს სანქციები ძირითადად მოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე. რუსეთმა შეძლო სამხედრო მრეწველობაზე გადაწყობა, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა მიმართულებები დასუსტდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკის დასუსტება ირიბად აისახება სამხედრო შემადგენლობაზე, თუმცა, პირველ რიგში, ეს აისახება ეკონომიკურ და სოციალურ მაჩვენებლებზე.

ამ ტემპით და ამ ინტენსიობით, რასაც დღეს ვუყურებთ, რუსეთს შეუძლია კიდევ ხუთი-რვა წელიწადი კიდევ გააგრძელოს ომი – პუტინისთვის ხალხის სოციალური პირობები მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის.

ასე რომ, სანქციები დაუწესდა რუსეთს და ომს დაამთავრებს, ასე არ არის. ეს არის ის ნაბიჯები, რაც აიძულებს რუსეთს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდეს.

  • რუსეთი ამ დრომდე უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე? ფიქრობთ, რომ ამაზე დათანხმება მოუწევს პუტინს?

პუტინი ახლაც თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ მას სურს ეს თავისი პირობებით. ამიტომაც, ცდილობს რუსეთი, რომ პოკროვსკი აიღოს და გასწორებული ფრონტით მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

  • თუ პოკროვსკის საკითხი წლის ბოლომდე გაირკვევა, უკრაინელები მის დაცვას შეძლებენ, თუ რუსები აიღებენ, ელოდებით მოლაპარაკების განახლებას ცეცხლის შეწყვეტაზე?  

დიახ, ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე მოლაპარაკების რეჟიმი გააქტიურდება.

ამ ეტაპზე ტრამპის ყურადღება გადასულია ვენესუელაზე, მაგრამ მაინც ყველა ფაქტორი მიდის იქითკენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მოხდეს დასხდომა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: