„სახეზეა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის წერილში, რომელიც „ბათუმელების“ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ეხება.
საუბარია 2025 წლის 12 თებერვალს მომხდარ შემთხვევაზე: უსახლკაროების საკითხზე ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე „ბათუმელები“ არ დაუშვეს. ამ შეხვედრას ესწრებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია.
„წინამდებარე საქმეში, 2025 წლის 12 თებერვალს, „ბათუმელების“ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს შესაძლებლობა არ მიეცა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში განეხორციელებინა პროფესიული საქმიანობა, კერძოდ, დაეფიქსირებინა უწყებაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობა, აგრეთვე მიეღო ინფორმაცია მისი მიზნისა და მის ფარგლებში განსახილველი საკითხების შესახებ იმგვარად, როგორც ეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა შეძლეს.
ამასთან, მერიისგან მიღებული განმარტება მოწმობს, რომ მითითებულ შეხვედრაზე განიხილებოდა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი, რომლის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალი იყო.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. თუმცა აქვე მნიშვნელოვანია შეფასდეს ჩარევის სამართლებრივი ხასიათი.
ინტერნეტ გამოცემის ჟურნალისტის მიერ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მოპოვება, მათ შორის, საჯარო დაწესებულებაში ფიზიკური დაშვების გზით, წარმოადგენს მისი პროფესიული საქმიანობის შემადგენელ ნაწილს, რაც დაცულია გამოხატვის თავისუფლებით,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის შეფასებაში.
სახალხო დამცველმა ბათუმის მერიას უკვე მიმართა წინადადებით დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე:
„თანასწორუფლებიანობის უზრუნველმყოფი, განჭვრეტადი და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, შემუშავდეს შიდა სამართლებრივი აქტი, რომელიც ნორმატიულად მოაწესრიგებს მედიის წარმომადგენელთა მოწვევის, დაშვებისა და უწყებაში მათი საქმიანობის განხორციელების საკითხებს, მათ შორის, დახურული ფორმატის სამუშაო შეხვედრებთან მიმართებით;
შეიქმნას და სამომავლოდ დაინერგოს შიდა პროცედურული რეგულაციები, რომელიც დაარეგულირებს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტებს, მათ შორის, უკუკავშირისა და გასაჩივრების ეფექტური მექანიზმის ასახვა,“ – წერს სახალხო დამცველი ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს.
ამავე წერილში ომბუდსმენი განმარტავს, რომ მართალია, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, თუმცა მისი შეზღუდვა მხოლოდ კანონის შესაბამისად შეიძლება მოხდეს „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
მითითებული მოწესრიგების საფუძველზე, უფლებაში ჩარევის კანონიერება მოწმდება შემდეგი სამ-საფეხურიანი სქემის შესაბამისად: 1. ჩარევა გათვალისწინებულია კანონით; 2. ჩარევა ემსახურება ზემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის/ინტერესის დაცვას; და 3. ჩარევა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ასეთი სტანდარტი ასახულია ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის წერილში.
ომბუდსმენისთვის მანამდე ბათუმის მერიას მიუწერია, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უსახლკარო ადამიანების საკითხებზე საჯარო არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ტელევიზია. ბათუმის მერიას ომბუდსმენისთვის განუმარტავს, რომ „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმირება წინასწარ მოხდა, შეხვედრის დაწყებამდე, „ბათუმელებმა“ კი, მერიის პრესცენტრს შეხვედრის დაწყების შემდეგ მიმართა – მას შემდეგ, როცა ამ შეხვედრის შესახებ „ბათუმელების“ ჟურნალისტს ერთ-ერთმა უსახლკარო პირმა აცნობა.
სახალხო დამცველი ბათუმის მერიის კრიტიკული მედიის მიმართ დამოკიდებულებით ყურადღებას ამახვილებს „მსუსხავი ეფექტის“ გაძლიერების საფრთხეზე:
„მუნიციპალურ ორგანოთა საქმიანობის გაშუქების პროცესში, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ხელი შეუწყონ მედიასაშუალებათა თანაბარ ჩართულობას, როგორც რელევანტური შიდა საკანონმდებლო მოწესრიგების, ისე პრაქტიკაში განმტკიცების გზით, სხვაგვარად, მუნიციპალურ მმართველობაში ინსტიტუციური მექანიზმების და წერილობითი რეგულაციის არ არსებობა მედია-საშუალებებთან მიმართებით, სამომავლოდ უკავშირდება შემდეგ გამოწვევებს: „მსუსხავი ეფექტის“ გაძლიერება – მედიის წარმომადგენლებმა სამომავლოდ შეიძლება თავი შეიკავონ თვითმმართველობის საქმიანობის გაშუქებისგან, იმ დაშვების გამო, რომ მომავალშიც შეეზღუდებათ ინფორმაციაზე წვდომა. ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჟურნალისტებზე, არამედ საზოგადოების უფლებაზე მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველი მიუთითებს „სუბიექტურ გადაწყვეტილებათა მიღების საფრთხეზეც“:
„ნორმატიული წესების არარსებობისას, მედია-საშუალებათა წვდომის უზრუნველყოფა დამოკიდებულია კონკრეტული თანამდებობის პირის ფართო დისკრეციაზე, რაც ქმნის რომელიმე მედიის მხოლოდ გაშუქების შინაარსის, პოლიტიკური დამოკიდებულებების ან სხვა სუბიექტური საფუძვლით შეზღუდვის საფრთხეს,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის წერილში.






