პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ – ამის შესახებ დღეს, 6 ნოემბერს განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე.
„სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ“ – განაცხადა გვარაკიძემ.
„ოცნების“ პროკურატურა აცხადებს, რომ:
„ოპოზიციური პარტიის ლიდერები – ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად.
გარდა აღნიშნულისა, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“.
ამავე დროს, პროკურატურა აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოპოზიციის დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. დასახელებული პირები საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ“.
ამავე ნაწილში პროკურატურა ახსენებს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს – „ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეომიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“.
პროკურატურა აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარედ დაწყებული აქციები „გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს“ და „მოძალადეთა მოქმედებები კოორდინირებული იყო ზემოხსენებულ პოლიტიკოსებთან.“
„ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და ერთმანეთთან კომუნიკაციას სისტემატურად ინარჩუნებდნენ ე.წ. ,,რაციების“ საშუალებით, რაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“ და ,,გირჩი-მეტი თავისუფლების“ ოფისებიდან“ – წერს პროკურატურა.
ამავე დროს, პროკურატურა გამოძიების კონტექსტში ახსნებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებს:
„კოორდინირებულად ხდებოდა ფინანსური სახსრების და მატერიალური რესურსების შეგროვება და მიწოდება ძალადობრივი ჯგუფებისთვის, რაშიც პოლიტიკოსებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ე.წ. „ფონდები“, რომლებიც თავის მხრივ დაფინანსებას იღებდნენ საერთაშორისო დონორებისგან“.
პროკურატურის ცნობით:
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე;
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე;
ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე;
ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე.
გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„საქმეზე გამოძიება გრძელდება“ – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.






