მთავარი,სიახლეები

მოსამართლეს ბათუმში სახლი აქვს, მაგრამ მისთვის ბინას მაინც ქირაობენ – ბიუჯეტიდან 43 240 დაიხარჯა

08.01.2024
მოსამართლეს ბათუმში სახლი აქვს, მაგრამ მისთვის ბინას მაინც ქირაობენ – ბიუჯეტიდან 43 240 დაიხარჯა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილისთვის ბათუმში ბინის დაქირავებაზე ბიუჯეტიდან 43 240 ლარი დაიხარჯა, თუმცა მას ზღვისპირა ქალაქში უკვე სამი წელია საკუთარი სახლი აქვს.

მთლიანობაში კი საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლის ბინით უზრუნველყოფაზე ბიუჯეტიდან 338 990 ლარი დაიხარჯა – ეს სამი წლის თანხაა. მათგან ყველაზე ბევრი – 50 ათას 750 ლარი, ანუ თვეში 1 450 ლარი სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას ბინის ქირაზეა დახარჯული.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში არც ერთი თეთრი არ არის დახარჯული მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ბინით უზრუნველყოფაზე [საკონსტიტუციოს სულ 9 მოსამართლე ჰყავს]. დოკუმენტის თანახმად, ეს იმიტომ, რომ ხვიჩა კიკილაშვილი ბათუმში საკუთარ ბინას ფლობს. „გააჩნია საკუთარი საცხოვრისი და არ საჭიროებს დამატებით უზრუნველყოფას“, – წერია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, 2021 წლიდან დღემდე სოლიდური თანხა, კონკრეტულად კი 43 ათას 240 ლარი დახარჯულა ვასილ როინიშვილის ბინის ქირაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში. ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ დაიხარჯა ვასილ როინიშვილისთვის ბინის ქირაობაზე სოლიდური თანხა. ამ მოსამართლეს ხომ თავისივე ქონებრივ დეკლარაციაში უწერია, რომ 2020 წლიდან ფლობს ბინას ბათუმში. ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოდან რამდენიმე კვარტალში, კონკრეტულად კი ბათუმში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, 100 კვადრატულ მეტრ ბინას ფლობს.

2023 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ამ მოსამართლეს საბანკო ანგარიშებზე ნახევარი მილიონი ლარის დანაზოგიც აქვს. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ დაიხარჯა ბიუჯეტიდან მისთვის ბინის დაქირავებაზე 43 ათას 240 ლარი, ანუ თვეში 1 200 ლარი.

ვასილ როინიშვილის ხელფასი თვეში 12 819 ლარია.

რაც შეეხება დანარჩენ მოსამართლეებს, მათივე ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არც ერთ მათგანს და არც მათი ოჯახის წევრებს ბათუმში ბინა არ აქვთ.

„ბათუმელებმა“ მოსამართლეების საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯები საკონსტიტუციო სასამართლოდან 2023 წლის 27 ოქტომბერს გამოითხოვა. სასამართლომ, რომელიც კონსტიტუციის დაცვის გარანტია, საჯარო ინფორმაცია არასრულად მოგვაწოდა, კონკრეტულად კი ფინანსებთან დაკავშირებული მონაცემები მიჩქმალა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ადმინისტრაციული საჩივარი „ბათუმელებმა“ 11 დეკემბერს გააგზავნა, საჯარო ინფორმაციის სრულად გაცემის მოთხოვნით.

მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის მომზადების შემდეგ, 19 დეკემბერს მოგვაწოდა საკონსტიტუციო სასამართლომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: