ირაკლი დგებუაძე, რომელიც მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ, პოლიციის შენობაში, არაერთი პოლიციელის თანდასწრებით, არაადამიანურად მოექცა, ბათუმის პოლიციის უფროსი აღარ არის.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს და იგი პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელი გახდა. ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას ამ დროისთვის გოჩა ვანაძე ასრულებს. ის ირაკლი დგებუაძის მოადგილე იყო და ცრუ მოწმე „მზია ამაღლობელის საქმეში“.
„ბათუმელებს“ საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაცია შსს-ს პრესცენტრიდან ამ დრომდე არ მოაწოდეს.
ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად ცნობილი პირია „მზია ამაღლობელის საქმეში“ – ბათუმის პოლიციის უფროსის თქმით, სილის გაწვნის შედეგად მან ტკივილი განიცადა. „ბათუმელების“ მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების დროს ირაკლი დგებუაძე აგინებს და ემუქრება.
მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, ასევე არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. პოლიციის უფროსის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა პროკურატურამ არ გამოიძია.
პროევროპულ აქციებზე დაკავებული არაერთი სხვა პირი ადანაშაულებდა ირაკლი დგებუაძეს ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში. არც ერთი ეს შემთხვევა პროკურატურას არ გამოუძიებია.
განახლებული ინფორმაცია:
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი აღარ არის.
შსს-ს ინფორმაციით ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსად გადაიყვანეს.
ჯერჯერობით შსს-ს არ გაუვრცელებია ინფორმაცია თუ ვინ იქნება ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი.
ამ თემაზე:
ცემა, ფურთხება და გინება – რა მუხლით დაიწყო გამოძიება ირაკლი დგებუაძის საქმეზე






