„ის, რაც დღეს გააკეთა „ოცნებამ “ პროკურატურის გადაწყვეტილების სახით, პრაქტიკულად არის ევროკავშირის პროვოცირება, ევროკავშირმა თქვას, რომ ხურავს ნებისმიერ ურთიერთობას საქართველოსთან, მაგრამ ეს სურს რუსეთსაც, მოახდინოს პროვოცირება და გეოპოლიტიკურადაც კი ჩაკეტოს საქართველო,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ პროკურატურის მორიგ გადაწყვეტილებაზე – ოპოზიციონერ ლიდერებს ახალი ბრალი წარუდგინეს.
„ეს არის გზავნილი, რომ მე მყავს მძევლები და როგორც კი შენ ზედმეტ კრიტიკას დაიწყებ, მე უარესად ვიმოქმედებ… ეს მეთოდია, რომ ადამიანები ჩასვა ციხეში და შემდეგ ევაჭრო ევროკავშირს, შესაძლოა, შეერთებულ შტატებსაც, რომ აი, გამოვუშვებ, ოღონდ შემირბილეთ სანქციები.
ევროკავშირიც ხედავს: თუ საქართველო მოქცეულია რუსეთის გავლენის ქვეშ, მას არ უნდა კრას ხელი იმისთვის, რომ მთლიანად არ შეაგდონ ქვეყანა რუსეთის ხახაში.
ევროკავშირისთვის ქვეყანა, პირველ რიგში, ხალხია და არა მთავრობა. „ქართული ოცნება“ კი თვლის, რომ პირველ რიგში, მთავრობაა ქვეყანა,“- ამბობს კახა გოგოლაშვილი.
„ბათუმელებმა“ პოლიტიკის ანალიტიკოსთან, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო კახა, თქვენი აზრით, რას უკავშირდება ივანიშვილის მორიგი სვლა ევროკავშირის მწვავე შეფასების შემდეგ – ახალი ბრალდება ოპოზიციის 8 ლიდერის მიმართ?
თითქოს ჰგავს რაღაც კონტრდარტყმის მცდელობას – ფაქტია, რომ დაემთხვა ევროკავშირის ძალიან მძიმე ანგარიშს საქართველოს შესახებ. ერთის მხრივ ასეა, თუმცა იმაზეც ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან მწყობრი გეგმა და მოქმედებენ ამ გეგმის მიხედვით, იშვიათად აკეთებენ სპონტანურ ნაბიჯებს, მათ შორის, ემოციურს.
არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც აქვს უფლება, იარსებოს: მკაცრ სანქციებს ელიან ევროკავშირიდან, ამიტომაც, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება უნდათ გახადონ გარკვეულ სავაჭრო საგნად.
დაახლოებით ასე მოქმედებდა პუტინი ამერიკასთან, როცა, ასე ვთქვათ, გაცვალა თავისი აგენტები დისიდენტების სანაცვლოდ, იმ ხალხის სანაცვლოდ, რომელიც დემოკრატიული ბრძოლის გამო თავის დროზე ჩასვა ციხეში.
ეს მეთოდია, რომ ადამიანები ჩასვა ციხეში და შემდეგ ევაჭრო ევროკავშირს, შესაძლოა, შეერთებულ შტატებსაც, რომ აი, გამოვუშვებ, ოღონდ შემირბილეთ სანქციები.
ამას აკეთებდა პრინციპში ლუკაშენკოც – გამოუშვა პოლიტიკური პატიმრების საკმაოდ დიდი რაოდენობა იმის სანაცვლოდ, რომ დასავლეთმა განაცხადა, რომ ლუკაშენკოსთან აღარ გვაქვსო დიდი პრეტენზიებიო, მას სანქციები შეუმცირეს… „ოცნება“ ყველაფერს სწავლობს ბელორუსებისგან და რუსებისგან. ამიტომაც იქცევიან ზუსტად ისე, როგორც ისინი იქცევიან.
- კონტრდარტყმა, როგორც ეს თქვენ ახსენთ, რა სარგებელია „ოცნებისთვის“ ქვეყნის შიგნით?
პირველ რიგში, შიდა მოხმარებაც აქვს ამას: ევროკავშირთან აიგივებენ ოპოზიციას და ააქტიურებენ გზავნილს იმაზე, რომ აი, არ გვეშინია, ევროკავშირის აგენტებს ვურტყამთ და მათ მომხრეებს.
მეორე მხრივ, ეს რაღაცნაირად ევროკავშირს აფიქრებს იმაზეც, თუ რა გააკეთოს, როგორ მოუაროს ამ რეჟიმს, რომ აიძულონ რაღაც მოლაპარაკებებზე წამოვიდეს.
ეს არის გზავნილი, რომ მე მყავს მძევლები, როგორც კი, შენ ზედმეტ კრიტიკას დაიწყებ, მე უარესად ვიმოქმედებ. ეს ანგარიში ქვეყნის შიგნით აღიქვეს, როგორც „ოცნების“ დასუსტების მცდელობა, ანუ „ოცნება“ შეარცხვინეს თავისივე ამომრჩეველთან. ამიტომაც, „ოცნება“ ამბობს: რადგან თქვენ გინდათ ჩვენი დასუსტება, ჩვენც გასუსტებთ.
ამ ნაბიჯით „ოცნება“ ეუბნება ევროკავშირს, რომ არ აინტერესებს მისი შეფასებები და შეუძლია კიდევ უფრო ბრუტალურად იმოქმედოს, აქ ჩვენ ვართ და ვაკონტროლებთ სიტუაციასო.
- ანუ „ოცნება“ საკუთარ სუვერენიტეტს იცავს სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივის განადგურების ხარჯზე?
დიახ, ზუსტად ასეა: „ოცნება“ იცავს არა ქვეყნის, არამედ საკუთარ სუვერენობას.
„ქართული ოცნება“ არის სუვერენი ამ ტერიტორიაზე და თუ რაღაც სჭირდებათ, ხელი უნდა აწიონ და ისე დაელაპარაკონ.
- ევროკავშირი გაფართოების ახალი ანგარიშში მწვავე კრიტიკის მიუხედავად მაინც შანსს უტოვებს „ქართულ ოცნებას“ თანამშრომლობისთვის. „შეწყვიტეთ ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების და თქვენგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ციხეში ჩასმა და ამის შემდეგ შეგვიძლია საუბარი“ – განაცხადა ევროკომისარმა მარტა კოსიმ. ეს რაზე მიანიშნებს?
ევროკავშირი არ აპირებს საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტას, გზების ჩაჭრას და ჩახერგვას. ასე რომ იყოს, მაშინ უბრალოდ ანგარიშში არ შეიყვანდა საქართველოს და იტყოდა, რომ არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს საქართველოსთან, როცა გამოსწორდებიან, შემდეგ დავიწყებთ საქართველოს შესახებ ანგარიშების წერასო.
ვიცი, რომ ამაზეც იყო ლაპარაკი, ფიქრობდნენ, ანგარიშში შეეყვანათ საქართველო თუ არ შეეყვანათ. თუ არ შეიყვანენ საქართველოს გაფართოების ანგარიშში, ეს იქნებოდა უკვე სიგნალი, რომ საქართველო აღარ არის კანდიდატი სახელმწიფო. აღარ არის საქართველო გაფართოების პაკეტში. ეს იქნებოდა კატასტროფული დამოკიდებულება.
საბოლოოდ, დაიჭირეს კონსტრუქციული დამოკიდებულება: ცდილობენ, გვაჩვენონ შეცდომები და თუ დაიწყებთ გამოსწორებას, გავაგრძელებთ დიალოგს, თუ არადა, არ გვექნება არანაირი დიალოგიო.
ამის საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ პირიქით, კიდევ უფრო ჩაკეტა კარი ევროკავშირთან.
ევროკავშირი ამ დამოკიდებულებით ცდილობს გვაჩვენოს, რომ არ მიუტოვებია ქართველი ხალხი. ისინი კარგად ხედავენ, ჩვენთან როგორ მოხდა ხელისუფლების უზურპაცია.
ევროკავშირისთვის ქვეყანა, პირველ რიგში, ხალხია და არა მთავრობა. „ქართული ოცნება“ კი, თვლის, რომ პირველ რიგში, მთავრობაა ქვეყანა. ეს არის კონცეპტუალური განსხვავება.
- თქვენი დაკვირვებით, ევროკავშირში რა მოლოდინი აქვთ „ოცნებისგან“? გაფართოების ანგარიშამდე რამდენიმე დღით ადრე ევრონესტის რეზოლუციაში, მაგალითად, „ოცნების“ მთავრობას „თვითგამოცხადებული“ უწოდეს
მოგეხსენებათ, ევრონესტი პოლიტიკური ორგანოა, რომელსაც არ აქვს აღმასრულებელი ფუნქციები. ეს არის ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების ფორუმი. იქ მონაწილეობენ პოლიტიკოსები და არა სახელმწიფო მოხელეები. ისინი ამზადებენ თავიან პოლიტიკურ პოზიციას, რომელსაც არ აქვს პირდაპირი გავლენა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. აქვს გავლენა, მაგრამ ეს არ არის პირდაპირი ეფექტი.
რაც შეეხება ევროკავშირის ინსტიტუტებს, როგორიც არის გაფართოების გენერალური დირექტორატი, ან საგარეო ქმედების სამსახური, მათ სიტყვას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. ამიტომაც, ისინი თუ პირდაპირ დაადანაშაულებენ „ქართულ ოცნებას“, რომ არჩევნები გაყალბებულია და ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, ჩაიკეტება ნებისმიერი მოლაპარაკების გზა ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
ევროკავშირი არის დიდი ძალა. ის ცდილობს, რომ პოლიტიკური და რბილი მეთოდებით დასვას ეს ხალხი მოლაპარაკებების მაგიდასთან და მიაღწიოს კონსენსუსს. ეს კონსენსუსი, პირველ რიგში, უნდა იყოს მიმართული და არის მიმართული იქითკენ, რომ ავტორიტარულმა რეჟიმმა თავისი მარწუხები შეარბილოს, გაათავისუფლონ ხალხი და ქვეყანა დააბრუნოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამიტომაც, მისი მოქმედება არის უფრო დიპლომატიური, თუმცა საკმაოდ ხისტი.
- სიხისტის ჩვენება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის დაჯგუფება უნდა ელოდეს დასანქცირებას?
აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რადგან „ქართული ოცნება“ წავიდა ასეთ დრაკონულ ნაბიჯებზე, ესე იგი, რუსეთის წილი „ოცნების“ გადაწყვეტილებებში მართლაც ძალიან დიდია.
ნებისმიერი მთავრობა, რომელიც საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს წარმოადგენს, ასე არ გაწირავს საკუთარ ქვეყანას, თუ მას არ აქვს გარედან ძალიან დიდი წნეხი. მე მგონია, რომ აქ არის რუსეთიდან ძალიან ძლიერი წნეხი, ან შეგულიანება – გაწირეს პრაქტიკულად საქართველო ევროკავშირიდან დისტანცირებისთვის.
ამას ევროკავშირიც ხედავს: თუ საქართველო მოქცეულია რუსეთის გავლენის ქვეშ, მას არ უნდა კრას ხელი იმისთვის, რომ მთლიანად არ შეაგდონ ქვეყანა რუსეთის ხახაში.
ის, რაც გააკეთა „ოცნებამ “ დღეს პროკურატურის გადაწყვეტილების სახით, პრაქტიკულად არის ევროკავშირის პროვოცირება – ევროკავშირმა თქვას, რომ ხურავს ნებისმიერ ურთიერთობას საქართველოსთან, მაგრამ ეს სურს რუსეთსაც, მოახდინოს პროვოცირება და გეოპოლიტიკურადაც კი ჩაკეტოს საქართველო.
ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ პერსპექტივა კი არ ჩაუკეტოს რუსეთმა საქართველოს ევროპასთან ურთიერთობის, არამედ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური პროექტებიც კი, რაც საქართველოზე გადის და ევროპა-აზიას აერთებს ცენტრალურ აზიასთან, ეს პროექტებიც ჩაიკეტოს, გესმით?!
ამ დროს საქართველოს მთავრობა იტყვის, რომ აი, თქვენ არ გინდათ ურთიერთობა და კარგად იყავით. შეიძლება, ეს დერეფანი დარჩეს, მაგრამ სრულიად რუსეთის გავლენის ქვეშ – რუსეთის გადაწყვეტილებებით იმართოს, რაც ევროკავშირის ინტერესებს დააყენებს, რა თქმა უნდა, რისკის და საფრთხის ქვეშ.
ამას ხედავს ევროკავშირი და ცდილობს, რომ სხვადასხვა მეთოდებით, დიპლომატიური, დაბალანსებული პოლიტიკით ამ პროვოკაციას არ წამოეგოს, რომ არ დააზიანოს ქართველი ხალხი, საქართველო, როგორც ქვეყანა და ევროკავშირის ინტერესები, მათ შორის, გეოპოლიტიკური ინტერესები.
- ანუ გეგმის ბოლომდე მიყვანის საშუალებას არ აძლევს „ოცნებას“ ევროკავშირი?
დიახ, ზუსტად ასეა.
- ამ მოცემულობაში რა შეიძლება იყოს ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურად?
ეს ძალიან ძნელი სათქმელია – აქ ხომ მარტო ივანიშვილის ტვინი არ მოქმედებს, რუსებთან ერთად მუშაობენ მიზნების განხორციელებაზე.
უნდა ველოდოთ ალბათ საქართველოში დემოკრატიის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რათა ევროკავშირს აღარ დაუტოვონ სხვა შესაძლებლობა, თუ არა საქართველოს მიტოვება.
ივანიშვილის და არც რუსეთის ინტერესებში არ არის, რომ სრულად ჩაიკეტოს ეს დერეფანი. რუსეთის ინტერესებშია დერეფანზე კონტროლი ჰქონდეს მას. ეს კი იქნება ევროკავშირის შანტაჟის საშუალება: თუ კარგად არ მოიქცევი, დერეფანს ჩაგიკეტავ! მაგალითად, საქართველოს პორტებს დავხურავ შენი გემებისთვის.
- ამისთვის მას სჭირდება პროტესტის ბოლომდე ჩახშობა საქართველოში?
შეიძლება, პროტესტი გარკვეული, პატარა დოზით აწყობთ კიდევაც.
ეს აწყობთ იმიტომ, რომ, მაგალითად, უფრო მარტივად დააბრალონ ოპოზიციას რაღაც. 4 ოქტომბრის აქციაზე აბსურდია ხომ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, მაგრამ ამ აბსურდმა ხელი შეუწყო „ოცნების“ რიტორიკას: ხომ ხედავთ, გადატრიალებას გვიპირებდნენ, მტრები გვყავს, ვალდებულები ვართ, რომ მივიღოთ ზომები სუვერენიტეტის დასაცავად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
ამიტომაც, მცირე დოზის პროტესტი „ოცნებას“ შესაძლოა აწყობდეს კიდეც.
„ოცნებას“ სჭირდება ის, რომ ოპოზიციური ძალების მთელი სპექტრის დისკრედიტაცია მოხდეს, ტელევიზიები უნდა დაიკეტოს, მაგალითად, თქვენნაირი მედიასაშუალება, უნდა დაიკეტოს.
ასეთ შემთხვევაში თვლიან, რომ ხალხი დაემორჩილება უკვე მთლიანად იმ ინფორმაციულ ნაკადებს და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მიიღებს „ქართული ოცნება“.
ვისაც გვიცხოვრია საბჭოთა კავშირში, ვიცით როგორ მუშაობს ცალმხრივი ინფორმაცია. მაგალითად, მე ბავშვობიდან ვუსმენდი „ამერიკის ხმას“, მაგრამ მეც კი არ მქონდა სრულფასოვანი წარმოდგენა დასავლეთზე.
ეს ხდება რუსეთსა და ბელარუსში. არაფერი ახალი არ ხდება. სანამ მთლიანად ამ პროცესს დაასრულებენ და დაახურავენ ხუფს თავზე საქართველოს, მანამდე სჭირდებათ პატარ-პატარა პროტესტის ქონა, რომ დააჭირონ, ციხეში გაუშვან, გაანეიტრალონ… ეს ყველაფერი ნელ-ნელა უნდათ რაღაცნაირად კონტროლის ქვეშ აიყვანონ.
საბჭოთა კავშირშიც არსებობდა დისიდენტური მოძრაობა, მაგრამ დასუსტებული და სუსტი, შეეძლოთ მათი განადგურება, მაგრამ ეს აწყობდათ კიდევაც: შეხედეთ, აი, მტრები გვყავს, ამიტომაც გვაქვს პრობლემები, იმიტომ ყველაფერს ვერ ვაკეთებთ, როგორც გვინდა, შიდა მტრები გვყავს, გარედან იმართებიან…
- ამ დროს სანქციები არის რეალური ბერკეტი, რომ შეჩერდეს ამ გზაზე „ქართული ოცნების“ მთავრობა?
მხოლოდ სანქციები, რა თქმა უნდა, საქმეს ვერ უშველის. თუ ვიღაცას ჰგონია გულუბრყვილოდ, რომ ივანიშვილს დაუწესებენ სანქციებს და ამით დამთავრდება „ოცნება“, უცებ გადმოყირავდება – ასე არ ხდება.
ავტორიტარული რეჟიმები ბოლომდე იზოლაციამდეც კი მიდიან. ბელარუსს რამდენი სანქცია დაუწესეს? ამის მაგალითია ალბანეთიც – ათწლეულების განმავლობაში ეს ქვეყანა იყო სრულ იზოლაციაში, უღარიბესი ქვეყანა იყო ევროპაში, მაგრამ რეჟიმი არსებობდა. ვიდრე მთლიანად დემოკრატიამ არ გაიმარჯვა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში და ბალკანეთში, რეჟიმი არსებობდა.
ჩრდილოეთ კორეაც სრულად იზოლირებული ქვეყანაა. ვენესუელაც იზოლირებულია პრაქტიკულად, ნავთობის გაყიდვის საშუალებას არ აძლევს ამერიკა, მაგრამ არსებობს.
ავტორიტარული მენტალიტეტი კიდევ სხვა ფსიქოფენომენია: რატომ უნდა გინდოდეს შენი ქვეყანა გადააქციო პრაქტიკულად კონცენტრაციულ ბანაკად და როგორ უნდა იყო ბედნიერი? შესწავლა სჭირდება ამას, როგორი ტიპები არიან ფსიქოლოგიურად, მაგრამ რეჟიმი ემყარება ლოიალურად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც კარგად ცხოვრობენ. მათთვის მთავარი მატერიალური კეთილდღეობაა.
- ამ მოცემულობაში რა რესურსი რჩება წინააღმდეგობას?
არ ვიცი, არ არის საკმარისი რესურსი. საკმარისი რესურსი რომ ყოფილიყო, შეცდომას არ დაუშვებდნენ და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს არ მოაწყობდნენ.
ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან, გმირები არიან, კი ბატონო, მაგრამ 300 სპარტელი რომ დაიღუპა თერმოპილეში – მათ მოწინააღმდეგის წინსვლის შეფერხება გამოიწვიეს, შემდეგ მოხდა დიდი ბრძოლა და გამოვიდა, რომ 300-მა სპარტელმა დიდი როლი ითამაშა.
ასე რომ, ქუჩის პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძირითადი ბრძოლა სხვაგან უნდა გაიმართოს. ჩემი აზრით, გენერალური ბრძოლა არჩევნებზე უნდა მომხდარიყო. ოპოზიციას რომ ქალაქებში მოეგო, დამთავრებული იქნებოდა ეს ყველაფერი. აქ უკვე სხვა გზა არ დარჩებოდა „ქართულ ოცნებას“, ან პირდაპირ ჯარი უნდა გამოეყვანა ხალხის წინააღმდეგ…
საქართველო როგორმე უნდა შეძვრეს ევროკავშირში. შეძვრეს იმიტომ ვამბობ, რომ შესვლას ვერ ახერხებს. ევროკავშირიდანაც გვიყურებენ უკვე ალმაცერად. ცოტაა პროგრესული პოლიტიკური პარტია. ფიქრობენ, რომ არ ვიცით, რომელია უფრო სახიფათო: ესენი თუ „ქართული ოცნება“. ესენი რას იზამენ, არ ვიცით, მთლად ნორმალურები არ ჩანან.
ევროკავშირში ყოფნა არის საშუალება, რომ არ დაუშვებენ დემოკრატიული სივრცის მითვისებას: უნგრეთში ძლიერი ავტორიტარული დინების მიუხედავად ხერხდება დემოკრატიული ჩარჩოს შენარჩუნება. საშუალება რომ ჰქონდეს, ორბანი დიდი სიამოვნებით დაამყარებდა უარეს დიქტატურას, ვიდრე ივანიშვილს აქვს.
- ეს ჩარჩოა ერთგვარი გარანტი, რომ რეპრესიული კანონები ვეღარ მიიღოს ხელისუფლებამ? ევროკავშირის ქვეყნებს შორის მხოლოდ უნგრეთმა მიიღო რუსული კანონის ანალოგი, მაგრამ ევროკავშირის სასამართლომ იგი მალევე გააუქმა.
დიახ, უნგრეთმა მიიღო 2015 წელს ეს კანონი და გააუქმა ევროკავშირის სასამართლომ. მერე კიდევ მიიღო მსგავსი კანონი, იფიქრა, გამოსავალს მივაგენიო, მანიპულაციურად გვერდს ავუვლიო, მაგრამ მიუხვდნენ და ისიც გააუქმეს.
იმიტომაც, რომ ევროკავშირშია, უნგრეთში ხალხს აქვს საშუალება, რომ არჩევნები გამართოს და, როგორც ჩანს, გაზაფხულზე უკვე ორბანს დაემშვიდობებიან თავისი პარტიით.






