განათლება,მთავარი,სიახლეები

„მშობლები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო“ – მასწავლებელი

07.11.2025
„მშობლები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო“ – მასწავლებელი

„ადამიანები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო“ – ამბობს ხელოვნების მასწავლებელი, გიორგი ლიპარიშვილი „ბათუმელებთან“. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ მიერ დაანონსებულ „განათლების რეფორმაზე“, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, კატასტროფული და უკან გადადგმული ნაბიჯია.

  • ბატონო გიორგი, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება აპირებს სკოლებში მე-12 კლასის გაუქმებას, გვინდა ვიცოდეთ მასწავლებლების აზრი ამ თემაზე. რას ფიქრობთ ამ ცვლილებაზე, რას კარგავს ამით მოსწავლე, სკოლა და თუნდაც, მასწავლებელი?

ეს მარტო მე-12 კლასის გაუქმება ხომ არ არის, ერთობლივად დაანონსდა განათლების რეფორმები, ხომ?! უნივერსიტეტების შემცირება, პროფესორების შემცირება და ეს ყველაფერი გამოიწვევს უმუშევრობასაც.

ქალაქი სტუდენტებისგანაც დაიცლება, რადგან ბევრი ვერ შეძლებს სხვა ქალაქში გადასვლას საცხოვრებლად და ის ამბავიც, რომ თითქოს ნებისმიერს შეეძლება მე-12 კლასი ევროპაში დახუროს და გააგრძელოს, ესეც ხომ სიყალბე და ტყუილია, არა?!

ევროპაში მე-12 კლასის დამთავრება კი არა, სკოლებში საჭმლის პრობლემაა და ის ვერ მოგვარდა ჯერ. სანიტარული პრობლემები მოუგვარებელია და ახლაც ბევრ სკოლაში მუნია გავრცელებული. რატომ გავრცელდა, იქნებ წყალი არ არის ისევ სკოლებში და ამაზე ილაპარაკოს ვინმემ.

აქ მთავარი ამბავი არის ის, რომ ნაკლები გასასვლელი ჰქონდეთ ახალგაზრდებს ევროპაში და ევროპულ ღირებულებებთან ბმა იყოს უფრო ნაკლები. ამიტომ მიაბეს ამ ყველაფერს უნივერსიტეტების „რეფორმა“, რომ ბევრი სტუდენტიც ვეღარ გახდეს.

ერთდროულად ამდენი მოსწავლე რომ დაამთავრებს მომავალში სკოლას – ახლანდელი მე-12 და მე-11 კლასი, რას იზამენ, სად მიჰყავთ ეს ადამიანები. ან მე-12 კლასი თუ იყო პრობლემა, აქამდე რატომ არ ვლაპარაკობდით, ახლა რატომ გახდა სალაპარაკო.

  • სინამდვილეში მე-12 კლასია პრობლემა თუ სხვა რამ, რომლის აღიარებაც არ უნდა სახელმწიფოს?

პრობლემა არის განათლებული ადამიანი ქვეყანაში. რაც ნაკლებად განათლებული ადამიანი იქნება ქვეყანაში, უფრო მარტივია მისი მართვა, მისი დასაქმება დაბალი ანაზღაურებით, მისი როგორც გინდა ისე გადასროლა და მის გონებაში უფრო მარტივად შეღწევა, რადგან აქ განვითარების გაქრობაზეა საუბარი.

გახსოვთ, წინა წელს რაღაც ნაწარმოებები ამოიღეს აბიტურიენტის მასალებიდან, ახლა იმასაც გააქრობენ, რაც დარჩა, თუ მე-12 კლასს გააუქმებენ. ყველაფერს მე-11-ში ხომ ვერ ჩატენიან.

მოსწავლე თუ ვერ ხვდება, მოსწავლის მშობელი ხომ ხვდება, მაგრამ დუმს ან ფიქრობს – „ადრეც ხომ იყო 11 წელი სწავლა“.

ადრე ამდენი შესაძლებლობებიც არ იყო. არც უნივერსიტეტის დიპლომის აღიარება იყო. ადრე ისიც იყო, რომ ევროპულ ჯილდოს ვერ აიღებდი, ევროპაში სამოგზაუროდაც კი ვერ მიდიოდი და ახლა ეს ყველაფერი ერთმანეთს ებმება.

ჩემი აზრით, ეს არ არის განათლების, უფრო გაუნათლებლობის რეფორმაა, რომ განათლებამ უკან დაიხიოს. წარსულისკენ, უკუსვლისკენ უფროა მიმართული ეს ნაბიჯი.

სავარაუდოდ, რამდენიმე სკოლას ამის უფლებას დაუტოვებენ, რომ მე-12 კლასი ჰყავდეს, მაგრამ მერე ალბათ ამაზე დაიწყება ჩაწყობა, ან ძვირადღირებული იქნება იქ სწავლა და ყველას შვილი მაინც ვერ ივლის. თავიანთი შვილების ტოტს არ მოჭრიან ამ შემთხვევაში.

  • მათი შვილები ისედაც ევროპულ სკოლებში სწავლობენ და ალბათ არ დასჭირდებათ.

ისეთ სკოლებში, რომელთაც ისედაც აქვთ აკრედიტაცია და შეეძლებათ სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ.

ადამიანები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო, აღმოჩნდება, რომ ხელისუფლება თავის ტოტს კი არ ჭრის, ჩვენ გვიჭრის ტოტს, რომ ვერ განვვითარდეთ, ვერ მივაღწიოთ იმ კენწერომდე, რომელიც ტკბილია.

თან ვინ აკეთებს რეფორმას, ესეც ხომ მნიშვნელოვანია? განათლების მკვლევარია, ექსპერტია, რამდენად იცის განათლების პროცესები, სასკოლო მიდგომები, აქვს თუ არა უცხოეთის გამოცდილება, ევროპული ღირებულებები განათლებაში და ასე შემდეგ, ხომ? ამ შემთხვევაში ასე არ ხდება.

მეც მქონდა შესაძლებლობა ცოტა ხნით ევროპულ სკოლაში მემუშავა და საოცრება ხდება იქ. ბავშვები ველოსიპედებით დადიან, ირჩევენ განათლებას, პროფესიულ განათლებასაც ეუფლებიან, ჯერ იმდენი სახელოსნო აქვთ ბავშვებს სკოლაში… ჩვენთან კი რა ხდება, საერთოდ გათიშეს განათლება, სპორტი და ხელობა ერთმანეთისგან. თითქოს სპორტი ზედმეტია. მეორადი გახადეს და ახლა თიშავენ განათლებისგანაც, რომ ადამიანმა განათლებით, აზროვნებით არ დაიცვას თავი, არ იფიქროს. უნდათ, რომ მიმყოლები ვიყოთ, მდინარის დინება საითაც წაგვიყვანს, მხოლოდ იქით წავიდეთ და არა ის, რომ იალქნიანი გემით შევცუროთ სწავლაში, განათლებაში და განვითარებაში.

  • რას ფიქრობენ თქვენი კოლეგები ამ ყველაფერზე. არსებობს შიგნით წინააღმდეგობა, რომ არ მიიღონ ეს თავსმოხვეული რამ?

ამაზე ხმაური არ ჩანს, თითქოს ელოდებიან, რა მოხდება. ჩვენ ეგ გვჭირს ხოლმე, რომ ხშირად ვერ ვიყენებთ სიბრძნებს, როგორც მაგალითს, როგორც გამოცდილებას. ხომ ვიცით სიბრძნე – ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდება, მაგრამ მაინც ურმის გადაბრუნებას ველოდებით და მერე, შეიძლება გვიანი იყოს. მერე ასე მარტივად აღარ ხდება ცვლილება.

მართლა ასე ხომ არ არის, წილხვედრი ერი ვართ და მაინც გადავრჩებით, რომ ვიძახოთ. თუ განათლება არ გვექნება, თუ ბრძოლის უნარი აღარ გვექნება, ფიქრის უნარი არ გვექნება და ძალა აღარ გვექნება, რა გადაგვარჩენს?

ერთხელ გადაგვარჩინა ხომ? როცა რუსული ტანკების პირისპირ იდგა ენა და ადამიანი. მაშინაც ადამიანების ერთობამ იხსნა ეს ყველაფერი, როცა უნდოდათ, რომ რუსული ენა გავრცელებულიყო ყველგან – სკოლაში, სასამართლოში, ბაღში და ბეწვზე გადავრჩით მაშინ. ის ადამიანები ახლაც ცოცხლები არიან და მოვუსმინოთ, გავიგოთ, გავიაზროთ, რა ხდებოდა, რომ იმავე საფრთხის წინაშე ვართ ახლაც.

ეს არ არის მხოლოდ ის, რომ „მე-12 კლასი იყოს თუ არა“ ან „უნივერსიტეტს ჰქონდეს ან არ ჰქონდეს შენობა“, უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვართ.

მაშინ, როცა სტუდქალაქებს უნდა აშენებდე, მეტ სივრცეს უნდა უთმობდე უნივერსიტეტებს, შენ აკლებ ამ სივრცეებს, უპატარავებ სტუდენტებს არეალს და რატომ?! რატომ ცლი ქალაქს სტუდენტებისგან?! – იმიტომ, რომ გეშინია, არ გაიღვიძონ და არ დაუპირისპირდნენ რეჟიმს.

სტუდენტს არჩევანს უზღუდავ, მოსწავლეს უზღუდავ, რისთვის ამზადებ მაშინ? დაკეტილი კარებიდან როგორ გააღწიოს და ბნელი ოთახიდან როგორ გავიდეს.

  • თქვენ ამბობთ, რომ ცოდნის გამოყენებას ვერ ვახერხებთ ცხოვრებაშიო. მასწავლებელს ხომ არ აკლია ცოდნა, სხვას გადასცემს, ხომ? მაშინ რატომ ხდება, რომ იმას, რასაც სხვას ასწავლის, მასწავლებელი თავად ვეღარ იყენებს კრიტიკულ მომენტში. თავადაც ელოდება ურმის გადაბრუნებას?

ისევ გაუნათლებლობისკენ მივდივართ…

  • მაგრამ ამ ადამიანებს ხომ არ აკლიათ განათლება?

მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის, გვჭირდება სწორი აზროვნებაც. თუ ადამიანი უარყოფს ყველაფერს, რისგანაც ადამიანი შედგება; უარყოფს თანაგრძნობას, უარყოფს სხვა ადამიანის აღიარებას, უარყოფს თანასწორობას, აღარ გამოდის ადამიანი, ხომ?!

ამიტომ, ბავშვებს მარტო კონკრეტული საგანი კი არ უნდა ვასწავლოთ, ფიქრო უნდა ვასწავლოთ, რომ კითხვები გაუჩნდეთ. ცეცხლის ანთებას უნდა ჰგავდეს სწავლა, რომ მოსწავლემ იცოდეს, როგორ გათბეს ამ ცოდნით, როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა საჭირო დროს და განათლებული ადამიანი კი არ იყოს მხოლოდ, არამედ მოაზროვნე ადამიანი იყოს, სწორი ღირებულებებით და გარჩევა იცოდეს თეთრის და შავის.

მოქალაქეებად უნდა ვაქციოთ ადამიანები, რომ ნათელი და ბნელი არ აერიოთ ერთმანეთში და არ გაჩუმდნენ, როცა ხედავენ, რომ თავზე ქვეყანა ექცევათ, განათლებაც ექცევა და ყველაფერი.

  • ბოლო დროს „ოცნების“ ხელისუფლებამ ბევრი შემზღუდავი კანონი მიიღო. ისეთი კანონებიც, რომლებიც ზღუდავს მასწავლებელსაც და ხდის მთლიანად ხელმძღვანელზე დამოკიდებულს. რას მივიღებთ საბოლოო ჯამში, თუ მათი ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს?

თუ ასე გაგრძელდება, ჩვენ მივიღებთ საოცარ სიჩუმეს, რომელიც დაემსგავსება ქარიშხლის წინ დასადგურებულ სიჩუმეს. მივიღებთ დიდ უკუსვლას, რადგან ეს კანონები ხომ კონტროლის, დაშინების, გაჩუმების და კიდევ უფრო „ჩუმად იყავის“ ნაწილია – „შენ არაფერი დაგეგმო, შენ არაფერი გააკეთო უჩემოდ, ყველა ნაბიჯი უნდა ვიცოდე შენი“…

ან დამატებითი სამუშაოს გარეშე რამდენი ადამიანი იარსებებს ამ ქვეყანაში? ეს ხელფასების გაზრდაც დაახლოებით იმას ჰგავს, ცოტა ხნის წინ ვითომ რომ გაზარდეს საათების მიხედვით.

ან საათებით როგორ გავზრდით ხელფასს, როცა სოფლები იცლება ბავშვებისგან, სკოლები იცლება. ერთი სკოლა ვნახე, სადაც 16 ბავშვი და 25 მასწავლებელია. როგორ უნდა გაეზარდოს იმ მასწავლებელს ხელფასი, როცა ერთი მე-12 -კლასელი ჰყავს. ეს ხომ აბსურდია.

  • ტოტალური კონტროლისკენ მივდივართ?

კი, 1984-სკენ [ჯორჯ ორუელის დისტოპიური რომანი] მივდივართ. ყველაფერს უნდა ვხედავდეთ და ვაკონტროლებდეთ.

იმ დღეს მეგობარმა გამახსენა, ადრე თქვი, წიგნებს კი არა, ერთმანეთს აღარ ვკითხულობთო და ზუსტად ეს დაგვემართა, რომ აღარც ერთმანეთის მოკითხვით ვართ დაკავებული და აღარც წიგნებს ვკითხულობთ, რომ თეთრი და შავი გავარჩიოთ.

თუ ჩვენ ისტორია დავივიწყეთ, მაშინ გამოდის, რომ თავიდან უნდა დავიწყოთ მტერთან ურთიერთობა და ის იმავეს გაგვიკეთებს, რასაც ადრე გვიკეთებდა, იმავე მეთოდებით, როგორც 21 წლის ოკუპაციის მერე, რომ არ განვითარებულიყო ქვეყანა და ადამიანები.

ავთო ვარაზის მამა, რომელიც ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი, ვერც კი წავიდა. ოთარ ჭილაძე სხვა ქვეყანამ წარადგინა ნობელის პრემიაზე, საქართველომ ვერც კი გაბედა, რომ წარედგინა. ეს ხომ სიყალბეა, რომ თითქოს მერაბ კოსტავას პატივს მივაგებთ, ვითომ მის სახლ-მუზეუმს ვხსნით და ამავე დროს ევროპულ განათლებას ვებრძვით. აქ ხომ კავშირებია მნიშვნელოვანი. თუ ამ ყველაფერს დავივიწყებთ, მომავალი როგორ ავაშენოთ.

ეს დაახლოებით იგივეა, სახლს საძირკველი მოაჭრა და მეორე სართულიდან აშენო. აშენდება? ხე ხომ ვერ გაიხარებს ფესვების გარეშე. ეს ფესვებია ჩვენი ისტორიაც.

დღეს კი წყალში გადასროლა, გადარეცხვა გამოდის ჩვენი ისტორიის, გონებიდან და მეხსიერებიდან და მალე – წიგნებიდანაც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: