მდინარე მეჯინისწყლის ბეტონის ჯებირებში მოსაქცევად ბიუჯეტიდან 2,3 მილიონი იხარჯება. ეს მდინარე, რომელიც კახაბრის ვაკეზე, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მიედინება, სანიაღვრე არხის ფუნქციასაც ასრულებს. მდინარე ბინძურდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მასში ხშირად ხვდება ფეკალიებიც, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელი რეაბილტირებული არ არის. მოუწესრიგებელი კალაპოტის გამო მომრავლებული იყო მღრღნელები და ქვეწარმავლები.
მეჯინისწყალი სასტუმრო „ეუფორისას“ მიმდებარედ კვეთს ახალ ბულვარს და ზღვას უერთდება. აეროპორტის გზატკეცილიდან ახალ ბულვარამდე მონაკვეთში მდინარე მეჯინისწყლის ბეტონის კედლებში მოქცევა ქალაქის ბიუჯეტს ჯამში 2 318 892 ლარი დაუჯდება.
ეს თანხა მხოლოდ ბეტონის კედლების მოწყობის სამუშაოებში იხარჯება, რაზედაც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 3 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
ჯებირი მდინარე მეჯინისწყალთან / მაისი, 2020 წ. / ფოტო: მერია
მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა 200-მეტრიანი კედლის ჩამოსხმა ანგისის პირველ შესახვევში. ლორთქიფანიძის ქუჩის გასწვრივ კი, 130 მ სიგრძისა და 4 მ სიმაღლის ბეტონის კედლის ჩამოსხმა მიმდინარეობს. ამ სამუშაოებისთვის ხელშეკრულებები, შესაბამისად, 323 893 და 245 000 ლარზეა გაფორმებული.
მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ უხვი ნალექის შედეგად მიმდებარე ტერიტორია აღარ დაიტბორება.
„ეუფორიადან“[ახალი ბულვარიდან] აეროპორტის გზატკეცილამდე მონაკვეთში, მდინარის კალაპოტის ორივე მხარეს დარჩენილ ადგილებში ბეტონის კედლის მოსაწყობად კი, ხელშეკრულება 1 749 999 ლარზეა გაფორმებული. ამ სამუშაოს დასრულების ვადა 2021 წლის მარტია.
სამივე ხელშეკრულება საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან „იბერია-ჯ“-სთან 2020 წლის მარტში აქვს გაფორმებული.
„იბერია-ჯ“ 2000 წელსაა რეგისტრირებული და მისი იურიდიული მისამართია ბათუმი. კომპანიის წილებს, რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, თანაბრად ფლობენ ჯამბულ თავართქილაძე და ჯუმბერ ძირკვაძე. კომპანიის დირექტორი ჯამბულ თავართქილაძეა.
რაც შეეხება მდინარის მიმდებარე [ქალაქს შემოერთებულ] ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, ეს წყალარინების პროექტის მეხუთე ფაზაში უნდა მოეწყოს.
„ჯავახიშვილის ქუჩიდან მეჯინისწყლამდე მონაკვეთი კი, უკვე ჩართულია ახალ ცენტრალურ ქსელში, თუმცა იქ არსებული სისტემა [შიდა ქსელი] არის მოძველებული და ხდება მისი განახლება. „ეს სამუშაოები და დაერთებების დიდი ნაწილი 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეიქმნა რაიმე სახის პრობლემა,“ – გვითხრეს ერთი თვის წინ ბათუმის მერიაში.
დღეს, 20 მაისს, სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. წელს პირველად, ბოლო ზარი ცარიელ სკოლაში, მოსწავლეების გარეშე დარეკეს. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია მე-12-კლასელებს სკოლის დასრულებას ონლაინ ულოცავენ.
მაგალითად, ბათუმის პირველმა საჯარო სკოლამ სკოლის ფეისბუქის მთავარ ფოტოდ ბოლო ზარის სიმბოლო – თეთრი, წარწერებიანი პერანგი დააყენა. პერანგზე მათემატიკური ფორმულები და კეთილი სურვილებია წარწერილი.
მე-12-კლასელებს სკოლის დასრულება განათლების მინისტრმაც მიულოცა. „თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით“, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი თავის წერილობით მიმართვაში, რომელიც სამინისტრომ დღეს, 20 მაისს გაავრცელა.
20 მაისს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა დასრულდა. თუმცა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებისთვის „ტელესკოლის“ ფარგლებში განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე გაგრძელდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, კერძო და საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა. სწავლება გაგრძელდა ონლაინგაკვეთილების ფორმატში. სამინისტროს განცხადებით, სკოლის შენობებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე არ განახლდება.
მთავარი ფოტო: ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ფეისბუკიდან
„მე მაია მქვია, 15 წლის სტაჟი მაქვს, პატარა გოგო აღარ ვარ, რთულია ახლა ჩემთვის ახალი სამსახურის ძებნა, ამიტომაც ვცდილობ გავუძლო. თუმცა „იალჩინში“, სადაც ახლა ვმუშაობ, საშინელი პირობებია. მხოლოდ მე არ მიჭირს, ჩემი თანამშრომლებიც ცუდ დღეში არიან, ხელშეკრულებებს ვერ ვეღირსეთ, არ გვიფორმებენ, რომ ჩვენი უფლებების გათვალისწინება არ მოუწიოთ, რაც შვებულებას, დასვენებას, არასამუშაო საათებში მუშაობას უკავშირდება. ოთახებში კამერები დაგვიყენეს, რომ გვითვალთვალონ, ცოტა ხნის წინ კი გვითხრეს, რომ ხელფასიდან 40 პროცენტი დაგვაკლდება“, – გვიყვება მაია [ სახელი შეცვლილია, რადგან მას ეშინია ამ საუბრის გამო სამსახური არ დაკარგოს].
იმავეს ამბობენ მაიას თანამშრომლებიც, რომლებიც წლებია უკვე „იალჩინმარკეტის“ ქსელში ხელშეკრულების გარეშე მუშაობენ და რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა.
მაიას მონათხრობით, „იალჩინის“ უფროსის, „ბატონი ისმაილის პირობა დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე მუშაობაა, შაბათის და სხვა დღესასწაულების ჩათვლით“.
მაია ამბობს, რომ დღეში 12 საათს მუშაობს, დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე. ცოტა ხნის წინ ადმინისტრაციის ოთახებში კამერებიც დაუმონტაჟებიათ, უფროსი თანამშრომლების მუშაობას დიდ ეკრანზე აკვირდება:
„ავდექი თუ არა, ვინმეს გამოველაპარაკე თუ არა, ამ ყველაფერს აკონტროლებს. 15 წუთით ყავის დასალევად გასვლის უფლება გვაქვს მხოლოდ, მაგრამ სხვებთან ერთად არა – ცალ-ცალკე გავდივართ“.
მაიას თქმით, თანამშრომლებთან გამოლაპარაკებას უკრძალავენ: „ერთ-ერთს ვესაუბრებოდი და უფროსმა ტელეფონზე დამირეკა, რატომ ელაპარაკებოდიო. ვუთხარი, საქმე მქონდა-მეთქი და გაფრთხილება მომცა, შენ ენა შემომიბრუნეო“.
ბოლო ამბავი, რის გამოც „იალჩინმარკეტის“ თანამშრომლებმა გადაწყვიტეს პრობლემებზე დაფარულად მაინც ისაუბრონ, ხელფასის 40 პროცენტით შემცირებას და ამის გაპროტესტების გამო ერთ-ერთი მენეჯერის – ემზარ ქათამაძის გათავისუფლებას უკავშირდება.
თავად ემზარ ქათამაძემ „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვა, თანამშრომლები მას ყოფილ დირექტორად მოიხსენიებენ. თუმცა, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ემზარ ქათამაძე შპს „იალჩინმარკეტის“ დირექტორი არასდროს ყოფილა. ის ერთ-ერთ ხელმძღვანელად, „დირექტორად,“ მხოლოდ ზეპირად გამოუცხადებიათ, წერილობითი ხელშეკრულება არც მასთან ჰქონიათ გაფორმებული.
ემზარ ქათამაძე სამსახურიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც თანამშრომლებმა ხელი არ მოაწერეს ხელფასის დაკლებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს, რომელიც მთავარ მენეჯერს ბრძანების სახით გამოუცია.
„ჯერ გვეგონა, რომ ერთი კვირის ხელფასი უნდა დაეკლოთ და ჩავთვალეთ, რომ მხოლოდ აპრილში დაგვაკლდებოდა ხელფასი, ამიტომაც დავთანხმდით. ეს რომ გაიგო მთავარმა მენეჯერმა, სამი თვე გააფორმა, რასაც არ დავთანხმდით და არც ხელი მოვაწერეთ. ამ გადაწყვეტილების მიხედვით ხელფასი იმდენად მიმცირდება, რომ მუშაობას აზრი აღარ ექნება“, – გვითხრა კიდევ ერთმა თანამშრომელმა.
„იალჩინმარკეტის“ ადმინისტრაციის კიდევ ერთი თანამშრომლის, თინას [სახელი შეცვლილია] თქმით კი, მენეჯერმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ კორონავირუსის გამო ყველაფერი გაჩერებულია, მისი თანამშრომლები ვერსად წავლენ და არც თავად აპირებს უკან დახევას.
ბათუმში არსებულ „იალჩინის“ მარკეტების ქსელს კორონავირუსის გამო მუშაობა არ გაუჩერებია, რადგან მარკეტებში საკვები პროდუქტები იყიდება და, შესაბამისად, შეზღუდვები არ შეხებია. მიუხედავად ამისა, „მთავარმა უფროსმა“, როგორც მას თანამშრომლები მოიხსენიებენ, ისმაილ იალჩინმა, ხელფასების შემცირების გადაწყვეტილება მაინც კორონავირუსით ახსნა.
„ბათუმელები“ თანამშრომლების პრეტენზიებთან დაკავშირებით კომპანიის პოზიციის მოსასმენად ისმაილ იალჩინსაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ტელეფონით ვერ დაგველაპარაკება, თუმცა ვერც შეხვედრაზე შევუთანხმდით. ბოლოს მან გვითხრა, რომ მარკეტების ქსელს მისი შვილი კურირებს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, მისი ტელეფონის ნომერი კი არ მოგვაწოდა.
რეესტრის მონაცემებით, შპს „იალჩინმარკეტის“ 100 პროცენტის მფლობელი სელჩუქ იალჩინია. ის საქართველოს მოქალაქეა.
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
_____________________
„საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთი ძირითადი, რაც ადამიანებს მოეთხოვებათ, ეს იქნება ნიღბების აუცილებელი ტარება და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება, არ არის ადვილი ტრანსპორტში ეს დაიცვა, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, თუ რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა.
…თუ ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად დაიცავს ვირუსთან თანაცხოვრების წესებს, ჩვენ არ ველოდებით დრამატულ გართულებებს ზაფხულსა და შემოდგომაზე.
სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოების აზრი ასეთია, რომ როდესაც დაიწყება მომავალი წლის რესპირატორული დაავადებების სეზონი, და ეს ხდება საქართველოში ჩვეულებრივ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისში, ანუ როცა აცივდება, ამ დროს დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს, მისი გადაცემა უფრო ინტენსიური გახდეს, და შესაბამისად, ავადობამ მოიმატოს. თუ ამ დროისთვის გვექნება რაიმე, ვაქცინა ნაკლებ მოსალოდნელია, მაგრამ უფრო ეფექტიანი ანტივირუსული სამკურნალო საშუალება, ხომ კარგი, თუ არადა, ჩვენ მოგვიწევს ყველა არსებული რეკომენდაციის მაქსიმალურად დაცვა“.
__________________
წყარო: TV პალიტრანიუსი, გადაცემა “საღამოს ნიუსრუმი”
პანდემიის დროს, 7 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში შრომითი დავა ერთ-ერთმა მოქალაქემ მოიგო, რომელიც კერძო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე ყოფილ დასაქმებულს დირექტორთან უთანხმოება თანამშრომლებისთვის გასაცემი ბონუსების საკითხზე ჰქონდა. კამათის შემდეგ ყოფილმა მენეჯერმა დირექტორს მისწერა:
,,ამ საუბრის შემდეგ მუშაობის გაგრძელება აღარ მინდა, აპრილის ბოლოსთვის სამსახურიდან წასვლას ვფიქრობ. ხვალ აღნიშნულთან დაკავშირებით ბატონ ი–ნს ინფორმაციას მივაწვდი. მე აღნიშნულ პირობებში მუშაობას ვერ გავაგრძელებ. მე არც წყენა მინდა და არც შუაში დარჩენა. მე ამ ფირმაში ბევრი რამე გავაკეთე, მაგრამ უკვე ჩემს თავს ვეღარ ვხედავ…“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ეს შეტყობინება კომპანიის დირექტორმა მენეჯერის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მიიჩნია. მან მოსამართლეს უთხრა, რომ მენეჯერი საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუშვა სამსახურიდან.
კომპანიის დირექტორმა მოსამართლეს წარმოუდგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გაყიდვების მენეჯერის შტატი კომპანიაში გაუქმდა და ეს ფუნქცია დირექტორმა შეითავსა.
„სასამართლოს ამოცანაა, გაარკვიოს მოსარჩელემ გამოავლინა თუ არა ასეთი ნება და მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა თუ არა პირადი განცხადების საფუძველზე. შრომითი დავა მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. ამგვარი შეფასება უკიდურესად მნიშვნელოვანია მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის დასაცავად. ერთი მხრივ, დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება და, მეორე მხრივ, დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს გათავისუფლების საფუძველის არსებობისას მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება. შრომითი ურთიერთობის დაწყება და დასრულება, დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე,“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
შრომის კოდექსი ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დასაქმებულის ნების საფუძველზე, თუმცა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მიიჩნია, რომ ყოფილი მენეჯერის მინაწერი დირექტორთან გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე არ ადასტურებს ამ ნებას.
„სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა შესაბამისი საფუძვლის გარეშე, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება,“ – წერს მოსამართლე.
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ასევე მიიჩნია, რომ გაყიდვების მენეჯერის თანამდებობა ფორმალურად გააუქმეს, რადგან კომპანიას რეორგანიზაცია გამოცხადებული არ ჰქონდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე უნდა აღდგეს ისევ ამ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
„თუ ვერ განხორციელდა გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა, მაშინ ის აღდგენილი იქნას შპს ,,ჯ–მს“-ის გაყიდვების მენეჯერის ტოლფას ნებისმიერ თანამდებობაზე,“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
გადაწყვეტილების აღსრულებამდე კომპანიამ ყოფილ მენეჯერს განაცდურიც უნდა აუნაზღაუროს, რაც თვეში 3 ათასი ლარია.
როგორ აპირებენ სკოლები მოსწავლეების საბოლოო შეფასებას, ვინ შეიძლება დარჩეს შეფასების გარეშე და უწერენ თუ არა „არას“ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ონლაინსწავლების პროცესში არ ან ვერ ერთვებიან? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს ნატალია მგელაძეს და თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დირექტორს თეონა ყაჭეიშვილს ესაუბრა.
განათლების მინისტრმა რამდენიმე დღის წინ სკოლებს მოსწავლის საბოლოო შეფასების რამდენიმე კრიტერიუმი შესთავაზა, მათ შორის, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. ნატალია მგელაძის თქმით, კარგია, რომ სკოლებს არჩევანის შესაძლებლობა დაუტოვეს, რადგან ბევრი სკოლა, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში, ინტერნეტის არქონის თუ სხვა ბევრი ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ახერხებს აქტიური სასწავლო პროცესის წარმართვას ონლაინ.
„ჩვენ ავირჩიეთ „ბ“ პუნქტი, სადაც წერია, რომ მოსწავლე უნდა შეფასდეს პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების და მეორე სემესტრის 6 კვირის შედეგების საფუძველზე, როცა სკოლაში ვიყავით. ამას ემატება ის გამოცდილება, რაც დისტანციური საშუალებებით განვახორციელეთ“, – ამბობს ნატალია მგელაძე.
დირექტორის თქმით, ეს რეალურია, რადგან სკოლა აპრილის დასაწყისიდან მთლიანად გადავიდა Microsoft teams-ის პროგრამაში. „ბუნებრივია, გვყავს ისეთი მოსწავლეებიც, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, რადგან სოფელში არიან წასული ან ნაკლებად აქტიურობენ ონლაინგაკვეთილებზე, ტექნიკური შესაძლებლობების მიუხედავად“, – ამბობს ნატალია მგელაძე.
დირექტორის თქმით, თუ მოსწავლე ონლაინგაკვეთილებს არ ესწრება „არა“ არ ეწერება, თუმცა ონლაინგაკვეთილებში ჩართულობაზე სკოლა აგროვებდა ინფორმაციას და მონაცემებს აწვდიდა მშობლებს ინდივიდუალური ანგარიშების სახით.
„ამის საშუალებით, მშობლებმა გაიგეს რამდენი დავალება ჰქონდათ მათ შვილებს მიცემული, რამდენი შეასრულეს ან არ შეასრულეს. ამიტომ, მშობლების ნაწილი მაისში უფრო მეტად გააქტიურდა“, – გვითხრა ნატალია მგელაძემ.
თითქმის ყოველ წელს ყველა სკოლაში საუბარია ნიშნების ამაღლებაზეც ცალკეული მოსწავლეების მხრიდან. ასეთ შემთხვევაში, როგორც მგელაძე გვეუბნება, მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და სკოლა შემაჯამებელი ტესტის შედეგების საფუძველზე გადაწყვეტს, აუმაღლოს თუ არა მოსწავლეს ნიშანი.
„კლასების მიხედვით დავითვალეთ აპრილის მონაცემები. ყველაზე კარგი შედეგი, რა თქმა უნდა, გვაქვს დაწყებით საფეხურზე, შემდეგ საბაზო და ყველაზე მცირე რაოდენობა, ვინც ონლაინში აქტიურობდა, გვყავს საშუალო საფეხურზე, ანუ მე-12-კლასელები. მთლიანის 35 პროცენტია, ვინც ნაკლებად აქტიურობდა ონალინსწავლების დროს“, – ამბობს დირექტორი.
მისი თქმით, ეს იმ მოსწავლეები არიან, რომლებიც არც პირისპირ სწავლების დროს აქტიურობდნენ და მასწავლებელი იძულებული იყო, რაიმე ფორმით მაინც ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის წლიური შეფასება 5-ზე ნაკლებია, ის მომდევნო კლასში ვერ გადავა.
„ტრადიციულად, ყოველთვის გვყავდა ასეთი მოსწავლეები და ალბათ ახლაც იქნებიან. შარშან საშემოდგომო დაახლოებით 20 მოსწავლეს გამოჰყვა. არ არის გამორიცხული, ახლაც აღმოჩნდნენ ასეთი მოსწავლეები, ამიტომ, მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მათთან, რომ 5 ქულა მაინც გამოუვიდეთ შეფასება“, – ამბობს დირექტორი.
კითხვაზე – საბოლოოდ რა შეფასებას მისცემს ონლაინსწავლებას და მიაღწია თუ არა სკოლამ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს, ნატალია მგელაძე ამბობს, რომ ონლაისწავლება არ ყოფილა გათვლილი ამ მიზნებზე.
„ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ რთული საკითხები ამოგვეღო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და მათი შესწავლა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყოს. მაგალითად, პირველკლასელებს, რომლებმაც ახლა დაიწყეს სასწავლო პროცესი, ვერ მისცემ რთულ საკითხებს მათემატიკაში. სახლის პირობებში ძირითადი როლი მშობლებზე მოდიოდა, ყველა მშობელს კი არ შეუძლია ასწავლოს ბავშვს მათემატიკა ან უცხო ენა. ის, რისი სწავლებაც დისტანციურ ფორმატში რთული აღმოჩნდა, ამოვიღეთ პროგრამიდან“, – ამბობს ნატალია მგელაძე.
დირექტორის თქმით, ონლაინსწავლებისას სკოლებმა აქცენტი გააკეთეს არა დავალებების ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე. „უბრალოდ, ვაძლევდით განმავითარებელ შეფასებას.
ონლაისწავლებისას გამოჩნდა მოსწავლეთა დიფერენციაციის აუცილებლობაც. ეს ძალიან რთული იყო კლასშიც და ახლა მით უმეტეს, როცა ონლაისწავლებისას უფრო მეტად გამოჩნდა ამის საჭიროება. თუმცა ეს გამოცდილება შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი სასწავლო გეგმების დაწერისას“, – ამბობს მგელაძე.
თეონა ყაჭეიშვილი, რომელსაც 2019 წელს „საუკეთესო დირექტორის“ სტატუსი მიანიჭეს, თბილისის 198-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. სკოლაში მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე 197 მოსწავლე სწავლობს.
მისი თქმით, სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსწავლეები საბოლოოდ პირველი სემესტრის ნიშნების საფუძველზე შეაფასონ. ეს არ ეხება მხოლოდ მე-5 კლასს, რადგან, როგორც დირექტორი ამბობს, მეხუთეკლასელები მეორე სემესტრის საფუძველზე უნდა შეფასებულიყვნენ.
„აქ უკვე მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში მიღებული ნიშნებითაც უნდა გამოვიყვანოთ საბოლოო ნიშანი. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის განმსაზღვრელი შეფასებაც. სხვადასხვა სკოლამ შექმნა განმსაზღვრელი შეფასების ფორმა და ვფიქრობთ, რომ ეს შეფასება ინდივიდუალურად გამოვიყენოთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეები“.
თეონა ყაჭეიშვილის თქმით, დისტანციურ სწავლებაში 190 მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული, 5 ბავშვი ტელეფონით ერთვებოდა მშობლის დახმარებით, ორი მოსწავლე კი როგორც დირექტორი ამბობს, „ფსიქოემოციური პრობლემების გამო“ ვერ ახერხებდა ჩართვას.
„ზოგიერთი ბავშვი ადვილად იღლებოდა ან მშობელს არ ჰქონდა უნარი, რომ დახმარებოდა, მაგალითად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის მთავარი კომუნიკაცია და სოციალური უნარებია. მშობელთან მარტოდ როცაა, ასეთ გარემოში ეს უნარები არ ვითარდება და ალბათ, ამის დანაკლისი ექნებათ“, – ამბობს თეონა ყაჭეიშვილი.
დირექტორის თქმით, სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, თითოეულ ბავშვზე ცალკე რუტინა შეიქმნა, რაც მათ აკადემიური უნარების განვითარებაში დაეხმარა.
ხვალ, 20 მაისს, საქართველოს პარლამენტი გეგმავს ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების კანონში ცვლილებების შეტანას, რომლითაც საქართველოს საპატრიარქოს რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.
20 მაისს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში იგეგმება კანონპროექტის მესამე, საბოლოო მოსმენა, რის შემდეგაც პარლამენტს შეეძლება აღნიშნული ცვლილების დამტკიცება.
აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს უკვე მესამედეხმიანება ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI]. ორგანიზაციის განცხადებით, პარლამენტმა აღნიშნულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა; 2020 წლის 19 მარტს კანონპროექტს უკვე მეორე მოსმენით ეყარა კენჭი პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების მცდელობა პარლამენტს მიმდინარე წლის 16 აპრილსაც ჰქონდა, მაგრამ საზოგადოების კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, განხილვა დღის წესრიგიდან მოხსნა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით გათვალისწინებულ სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხილვა, რომელიც დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას. ხელისუფლების მსგავსი ქმედებებით საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები“ – აღნიშნულია TDI-ის განცხადებაში.
15 მაისს ამერიკელმა სენატორებმა ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად წერილით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს.
ამერიკელი სენატორების წერილში რამდენიმე საკითხი იყო წამოჭრილი – ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ თემა, რომელსაც სენატორების წერილის თანახმად საქართველოს ხელისუფლება ქვეყნიდან გაძევებას უპირებს. კონტი ჯგუფის თემა, რომელიც, სენატორების თქმით, უკვე გააძევეს ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმიდან და ბათუმის პორტში „ირანული ნავთობით უკანონოდ ვაჭრობის“ თემა.
აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს წევრი ბათუ ქუთელია ხსნის, რას ნიშნავს, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ამერიკელი სენატორები მიუთითებენ ირანსა და რუსეთთან უკანონო კავშირებზე. როგორ შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი, ცალკე ივანიშვილისთვის და ცალკე საქართველოსთვის.
ბატონო ბათუ, სენატორების ცნობილ განცხადებაშისაქართველოს ხელისუფლება ირანთან ნავთობით უკანონო ვაჭრობაში დაადანაშაულეს. ვინ არიან ეს სენატორები და კონგრესმენები, რა ინფორმაცია გაქვთ მათ შესახებ?
მე ვიცი, როგორ კეთდება ასეთი წერილები. რა ინსტიტუციური პროცესი უძღვის წინ, სანამ ეს ინფორმაცია, აი ასეთ ფორმას მიიღებს. ისინი, ვინც ეს წერილი მოიწერა, არიან ძალიან გავლენიანი სენატორები. შესაბამისად, როდესაც ისინი ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე თავის რეკომენდაციებს აძლევენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამას წინ უძღვის სკურპულოზური შესწავლისა და დამუშავების საკითხი.
ეს არის უწყებათაშორის პროცესი. ბუნებრივია, სენატის გუნდი აგზავნის და კონსულტაციებს გადის შესაბამის უწყებებთან. ეს იქნება სადაზვერვო უწყება, სამართალდამცავი, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტი და შეჯერებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე აკეთებენ პოლიტიკურ განაცხადს.
ძალიან ხშირად გვესმის, მთავრობა იძახის სენატი არის საკანონმდებლო ხელისუფლება და აღმასრულებელი ხელისუფლება იმავეს არ ამბობსო.
ეს ტყუილია. საკანონმდებლო ორგანო და პოლიტიკოსები, სენატორები, საუბრობენ პოლიტიკური ენით – ეს არის დიპლომატია და საუბრობენ დიპლომატიური ენით. როდესაც ხელისუფლებას არ ესმის დიპლომატიური გზავნილები, მერე უკვე მოდის პოლიტიკური გზავნილები.
საკმაოდ ღია და პირდაპირი გზავნილები ჰქონდა აღმასრულებელ ხელისუფლებას იგივე საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო მდივან პომპეოს. მან წინა პრემიერ ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ურჩევს უფრო თავისუფალ ბაზრებზე გადააორიენტიროს თავისი ეკონომიკა, ვიდრე რუსეთის და ჩინეთის მტაცებლურ ეკონომიკაზე, რომელთაც ახლა სულ სხვა ამოცანები აქვთ.
რაც შეეხება ირანთან არალეგალურ ვაჭრობას. სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი ორკესტრატორი არის რუსეთი. რუსეთი ასევე უწყობდა ხელს ირანისა და ვენესუელას ურთიერთობას. ზოგადად, ამერიკის და ევროკავშირის მიერ სანქცირებული ყველა ქვეყანა ეძებს სანქციებზე გვერდის ავლის საშუალებას.
სანქციებზე გვერდის ავლის საშუალება არის კორუმპირებული ქვეყნები. მათ აქვთ ცდუნება, მსუყე თანხობრივი ანაზღაურების ფასად დაეხმარონ სანქცირებულ ქვეყანას საერთაშორისო სანქციებს გვერდი აუარონ. ამიტომაც აი ეს ტანდემი – რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები, ამერიკის მიერ სანქცირებული ქვეყნები და კორუმპირებული, კორუფციის ხვრელების მქონე ქვეყნები ერთობლიობაში ქმნიან სისტემას, რაც ეხმარება ამ შემთხვევაში ირანს და სხვა სანქცირებულ ქვეყნებს გვერდი აუარონ სანქციებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი და შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოუტანოს პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ასევე შეიძლება საქართველოსაც… და ეს საგანგაშოა.
მსგავსი შინაარსის გზავნილები, არ ხდება შემთხვევით. თქვენი აზრით რამ განაპირობა ამ ტიპის ინფორმაციის გასაჯაროება? რა წყაროებზე დაყრდნობით აქვთ სენატორებს ეს ინფორმაცია?
სენატორები ჭორით და ყურით მოტანილ ამბებს არ ეყრდნობიან. ეყრდნობიან კონკრეტულ ინფორმაციებს, რომელსაც შემდგომ ამოწმებენ სხვადასხვა უწყებაში, იმათთან, ვინც ამ თემებზე მუშაობს. გარდა თავისი წყაროებისა და შესაბამისი სადაზვერვო თუ სამართალდამცავი უწყებებისა, წინასწარ ცდილობენ ამ ინფორმაციების გადამოწმებას ჩართულ სახელმწიფოებთანაც. სახელმწიფო, ვინც ამაშია ჩართული, ბუნებრივია, არ აღიარებს და უარყოფს ოფიციალურად, რადგან ფორმალურად ამის აღიარებას კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოჰყვება. შემდეგ უკვე ამ შეჯერებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით აქვეყნებენ წერილს. ასე მუშაობს ეს სისტემა.
ფრონტერაზე უნდა გკითხოთ, რატომ საუბრობენ Frontera Resources-ზე ასე დაჟინებით, მაშინ როცა, როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება არსებობს ამ საკითხზე. რატომ მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არასწორად ექცევა ამერიკულ ბიზნესს? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე ვერ იცავს თავისი პოზიციებს?
ხელისუფლება რომ საერთოდ არ მუშაობს საერთაშორისო არენაზე, ყოველ შეთხვევაში იმ მიმართულებით, სადაც ჩვენი ინტერესებია, ფაქტია. როგორც ჩანს, უფრო კარგად მუშაობენ რუსეთთან, რადგან რეალურად ყველა გადაწყვეტილება რუსეთის ინტერესებში უფროა, ვიდრე ჩვენი პარტნიორების ინტერესებში.
დაწყებული ანაკლიის პორტით, გაგრძელებული ქართულ-უკრაინული ურთიერთობებით, ასევე უცხოური ინვესტიციების შეზღუდვით. ანაკლიის პორტშიც ასევე ამერიკული კომპანიები მონაწილეობენ. მანამდეც იყო ამერიკული „ფილიპ მორისის“ შემთხვევა საქართველოში – სასამართლოს საშუალებით არასწორი სანქციების დადებით და ა.შ.
ეს ყველაფერი დაგროვდა. ამ შემთხვევაში „ფრონტერა“ ერთ-ერთი სიმპტომია სისტემური პრობლემის. ამ სისტემური პრობლემის ზოგადი დასახელება არის ის, რომ მთავრობა აგრძელებს დასავლური ინვესტიციებს გაძევებას ქართული ბაზრიდან, ხელს უწყობს რუსულ ფინანსურ გავლენებს. ამაზე ბოლო პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა იყო – საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსულ ეკონომიკაზე კატასტროფულად არის გაზრდილი.
ერთი მხრივ ამერიკულ კომპანიებს ექმნება პრობლემა, მეორეს მხრივ რუსული ფული თავისუფლად შემოდის. სწორედ ამაზე საუბრობენ სენატორები თავიანთ წერილში.
საქართველოში Frontera Resources-ის საკითხზე, პროდასავლურ წრეებშიც ვერ თანხმდებიან. ამასთან, შედეგით ორივე მხარე – საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციაც და ფრონტერაც თითქოს კმაყოფილია. ორივე მხარემ გაავრცელა განცხადებები. ეს ყველაფერი ეჭვებს ხომ არ აჩენს სენატორების მოტივაციის შესახებ და მათ შესაძლო კავშირებზე ლობისტურ კომპანიებთან?
ფრონტერას ნაწილში მე დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რა პრაქტიკაც აქვს საქართველოს მთავრობას, ძირითადად ტყუილ, ნახევრადმართალ ინფორმაციას ავრცელებენ. ბუნებრივია, მეორე მხარესთანაც უნდა გადაამოწმო. ახლა არბიტრაჟის გადაწყვეტილების თავისებურ ინტერპრეტაციას აკეთებს ნავთობისა და გაზის კომპანია და ფრონტერამაც გაავრცელა პრესრელიზი, სადაც საწინააღმდეგოს საუბრობს. იგივე არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, მხოლოდ რამდენიმე საკითხი დაუკმაყოფილეს საქართველოს მთავრობას, მაგრამ პრინციპული საკითხები პირიქით ფრონტერას სასარგებლოდ გადაწყვიტეს. როგორც თვითონ კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ის საკითხები, რაც დაუკმაყოფილეს საქართველოს მთავრობას, რეალურად იმაზე არც დავობდა ფრონტერა. ამიტომ, აქ სპეკულაციების და ეჭვის სივრცე საკმაოდ დიდია. სანამ საბოლოოდ არ გასაჯაროვდება არბიტრაჟის გადაწყვეტილება, ნდობის ხარისხი იმდენად დაბალი აქვს ქართულ მთავრობას, რომ მარტო მათ განცხადებებს, რომ არბიტრაჟი მათ სასარგებლოდ გადაწყდა, ნამდვილად ვერ დავიჯერებ.
სენატორების წერილები მხოლოდ ამერიკულ ბიზნესთან დაკავშირებული წუხილები თუ ეს არის ივანიშვილის რუსეთთან დაახლოებაზე კონკრეტული მესიჯები, რომ ქვეყანამ შეიძლება თავისი პოლიტიკური ორიენტაცია შეცვალოს?
ეს სენატორები, არამარტო ამ წერილის ავტორები, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე სენატორები, ჩვენი მეგობარი კონგრესმენები, პირველ რიგში წარმოადგენენ თავის ქვეყანას და ზრუნავენ თავიანთი ქვეყნის სტრატეგიაზე. მაგრამ რუსეთისგან დამოუკიდებელი, ეკონომიკურად წარმატებული და ინსტიტუციურად შემდგარი დემოკრატია საქართველოში, ეს ამერიკის ინტერესებშია.
ბათუ ქუთელია
ამ შემთხვევაში ჩვენი და ამერიკის ინტერესები ემთხვევა. ის, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ინტერესებს და ამერიკის ინტერესებსაც უქმნის საფრთხეს.
არაფორმალური მმართველობის, ინსტიტუციურად სახელმწიფოს მიტაცების პირობებში არის იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთმა ზეწოლა მოახდინოს პირველ რიგში საქართველოზე, მოახდინოს საზოგადოების პოლარიზაცია და დემოკრატიის პროცესი მოშალოს. რასაც არამარტო საქართველოში, ბევრ სხვა ქვეყანაშიც აკეთებს, ამერიკის შიდაპოლიტიკურ პროცესებშიც კი ცდილობს ჩარევას. მყარი და შემდგარი დემოკრატიები უფრო დაცულნი არიან ამ ზეწოლისგან, ხოლო საქართველო ნაკლებადაა, გამომდინარე იმ სისტემური პრობლემებიდან, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობას მოჰყვა.
აქედან გამომდინარე, ცდილობენ საჯარო განცხადებებით მიახვედრონ… სანამ საჯარო განცხადებამდე მივიდოდა საქმე, არაერთხელ, არაფორმალურად ეს გაფრთხილება მისცეს „ქართულ ოცნების“ მთავრობას, დიპლომატიური ენით, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ეს ვერ გაიგეს.
საჯარო განცხადებას აქვს ორი ამოცანა – ერთი, რომ ზეწოლის ბერკეტი უფრო ეფექტური იყოს, იმაზე, ვინც მთავარი პასუხისმგებელია ძალაუფლების უზურპირებაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე. ეს არის გზავნილი საქართველოს მოსახლეობისადმი – ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და საქართველოს მხარდაჭერის გამო აკეთებენ ამ განცხადებებს, რომ ხელისუფლებამ არ გადაუხვიოს დემოკრატიული განვითარების გზას და ქართულმა საზოგადოებამ თავისი სიტყვა ამასთან დაკავშირებით თქვას.
როგორც თქვენ თქვით,რუსეთი ეძებს ქვეყნებს, რომლებიც დასჯილები არიან დემოკრატიული ქვეყნებისგან კონკრეტული სანქციებით და ქმნის ერთგვარ კოალიციას. თუკი ამ კოალიციაში შევა ივანიშვილი, რაზე მინიშნებებიც გაჩნდა, რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამას საქართველოსა და თავად ივანიშვილისთვის?
ივანიშვილისთვის რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს და როგორც დიქტატორებს და ავტორიტარ მმართველებს აქვთ – ან ამთავრებენ მოსკოვში, ან საერთაშორისო იზოლაციაში. ბევრი შეგვიძლია ასეთი მაგალითი ჩამოვთვალოთ. მაგრამ ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.
ჩვენი პრობლემა არის ის თუ რა ეფექტი ექნება ამას საქართველოზე და როგორ აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იგივე ინვესტიციებზე, უსაფრთხოებაზე, დარჩება თუ არა საქართველო ისევ პროევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
სწორედ ეს არის ის, რაც აღელვებთ ჩვენს პარტნიორებს და ასევე ეს არის ის, რაც გამომდინარეობს ამ ქვეყნის მოქალაქეების გადაწყვეტილებებიდან.
შესაბამისად, იმისთვის, რომ საქართველო არ ასცდეს დემოკრატიული განვითარების გზას, შესაცვლელია ეს მდგომარეობა არაფორმალური მმართველობისა.
ამის ყველაზე ეფექტური გზა არის არჩევნები, მაგრამ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიან გარემოში, როგორც ჩანს, ისევ გარე ზეწოლა არის საჭირო ივანიშვილზე, რათა მან ბოლომდე არ მოახდინოს საქართველოში მმართველობის პუტინიზაცია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 19 მაისს, კახეთში ყოფნისას განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას.
„ჩვენ სხვებთან შედარებით COVID-19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის ამოქმედების გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რისთვისაც ჩვენ უკვე მზად ვართ და რაც უკვე განვაცხადეთ, მაგრამ არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ ან მსოფლიომ კოვიდი დაამარცხა.
არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ეკონომიკური კრიზისიდან უკვე გამოვედით ან უკვე რაღაც კონკრეტული ჰორიზონტები გვაქვს, რომ ეს კრიზისი დამარცხებულია. ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ.
ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს – ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გაუაზრებელი სწრაფი, ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკური აღორძინების საქმეს დავაყენებთ რისკის ქვეშ. ამიტომ, ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.
ამიტომ, ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი და ქვეყანამ უნდა მიიღოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება არჩევნების კონტექსტში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისის ჩათვლით გასტანს.
თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის 29 ქალაქში.
18 მაისს პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის პროვინციებში გადაადგილების შეზღუდვა კიდევ 15 დღეს გაგრძელდება, ხოლო სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება.
19 მაისის მონაცემებით, თურქეთში დადასტურებულია კორონავირუსის 150 593 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელდა 111 577 ადამიანი, გარდაიცვალა – 4171.
___________
ფოტოზე: სტამბოლის ყოველდღიური ცხოვრება კორონავირუსის პანდემიისას. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERPIL GEDIK
19 მაისის მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 290 678 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2 722-ია.
თებერვალში 146-მილიონიან რუსეთში ოფიციალურად კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, მარტის პირველ ნახევრამდე კი, ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირებულთა როდენობა მხოლოდ 100-მდე იყო. არსებობს ეჭვი, რომ რუსეთი გარდაცვლილთა რაოდენობას ახლაც მალავს და რეალურ სურათს არ ასაჯაროებს.
რუსეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი დიდი ქალაქის სამეცნიერო ცენტრში გადის სწავლებასა და პრაქტიკას, „ბათუმელებს“ ამ ქვეყანაში პანდემიის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა.
„რუსეთის ხელისუფლება თავიდან მალავდა ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების შესახებ, მაგრამ შემთხვევათა ისეთი ზრდა იყო ყოველდღიურად, რომ მიხვდნენ, ამის დამალვა აღარ გამოვიდოდა და არც უბრალო ვირუსთან ჰქონდათ საქმე.
110-საწოლიანი ჰოსპიტალი, სადაც პრაქტიკას გავდიოდი კარდიოქირურგიაში, ინფექციურ საავადმყოფოდ გადაკეთდა.
როცა მსგავსი მდგომარეობაა, ქვეყანაში ცდილობენ სრულად გამოიყენონ რესურსი – ეს ჩვეულებრივი რამაა და გასაგებია, მაგრამ წარმოუდგენელი რამეები ხდებოდა. თავიდან სრული ქაოსი იყო. ინფექციონისტები არ ჰყოფნიდათ და ყველას ავალდებულებდნენ ემუშავათ ინფიცირებულებთან, ყველას, ვისაც მედიცინასთან რამე შეხება ჰქონდა, სტომატოლოგებსაც კი.
მომიტანეს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ჩემმა დირექტორმა კოვიდინფიცირებულებთან მომუშავეთა სიაში ჩამსვა სხვა ექიმებთან ერთად, ჩემი ხელმოწერაღა აკლდა. მე ხელი არ მოვაწერე.
სტუდენტი ვარ, ორდინატურის საფასურს აქ საკუთარი ჯიბიდან ვიხდი, არც რუსეთის სახელმწიფოს სტიპენდიას ვიღებ, პრაქტიკას რაც შეეხება, თავად მოვინდომე უხელფასოდ მემუშავა. წელს ორდინატურას ვამთავრებ, ახლა გადამწყვეტი გამოცდები მაქვს – სემესტრული და მერე სახელმწიფო. ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობა ჩემს გეგმებს სრულად არევდა, არ ჩავთვალე, რომ ამის ვალდებულება მქონდა, თან უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
მკაცრ უარზე რომ დავდექი, უკან დაიხიეს, თუმცა მანამდე იყო მუქარა, რომ დიპლომს ვერ ავიღებდი, თუ კორონავირუსით ინფიცირებულებთან არ ვიმუშავებდი და ა.შ. იურიდიულად გავარკვიე, რომ არც ერთი კანონი არ იძლეოდა საშუალებას, ჩემთვის დიპლომზე ეთქვათ უარი.
ჩემი მეგობრები, რომლებიც ორდინატურაში სწავლობენ, უფრო თამამად დაავალდებულეს ემუშავათ ინფექციურად გადაკეთებულ ჰოსპიტალში, რადგან მათ სწავლას სახელმწიფო აფინანსებს და სტიპენდიასაც იღებენ.
თავიდან მეც აღარ ვიცოდი რა მექნა, მთელ ამ დროს რაც აქ ვისწავლე, წყალში ვერ ჩავყრიდი და ვაპირებდი ინფექციურში მუშაობას, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ მქონდა ამის ვალდებულება.
ორდინატურის სტუდენტები ინფექციონისტებთან ერთად კოვიდპაციენტებთან მუშაობენ. ერთ სასტუმროში ჰყავთ დაბინავებული იზოლაციის მიზნით, სადაც არც ისე სახარბიელო პირობებია, როგორც ვიცი. ერთ ოთახში რამდენიმე ცხოვრობს.
ახლა, წესით, მეორე კლინიკაში უნდა მქონდეს პრაქტიკა, სადაც გულ-სისხლძარღვთა ოპერაციები კეთდება, მაგრამ მხოლოდ ონლაინლექციებს ვესწრები, კლინიკა ძალიან დაუცველია, რამდენიმე პაციენტს, რომლებსაც ოპერაცია გაუკეთეს, კორონავირუსი აღმოაჩნდა. აღჭურვილობა ამ კლინიკაში არ აქვთ, რადგან კარდიოქირურგიულ კლინიკას ის აღჭურვილობა არ აქვს, რაც კოვიდპაციენტებთან მუშაობის დროსაა აუცილებელი. ამავე კლინიკაში რამდენიმე ქირურგი დაინფიცირდა.
ქალაქში, სადაც ვცხოვრობ, საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული. მკაცრადაა განსაზღვრული, რომ გარეთ გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, პროდუქტების ყიდვა და აუცილებელი სამუშაოს შესრულება. გასასვლელად მერიის ვებგვერდზე შედიხარ, სპეციალურ აპლიკაციაში ავსებ სახელს, გვარს, პასპორტის ნომერს მოქალაქეც და უცხოელიც და იღებ საშვს, რომლის კოდსაც ინახავ ტელეფონში. ქუჩაში კონტროლიორი რომ გამოწმებს, აჩვენებ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში იყენებენ ნიღბებს, ხელთათმანებს, ცდილობენ ანტისეპტიკური ხსნარები იყოს მაღაზიებში.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ეს დრო მუშაობდა უწყვეტად, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც არ გაჩერებულა. ვისაც საშვი არ აქვს, დიდი ჯარიმებია დაწესებული. მუშაობს მხოლოდ აფთიაქები და პროდუქტის მაღაზიები.
ვიცი შემთხვევები, როცა კოვიდინფიცირებულებთან გადაყვანის შემდეგ ექიმებს გაუნახევრეს ხელფასი. ნახავდით მედიაში ასევე ინფორმაციას, როგორ გადახტა სამი ექიმი ფანჯრიდან ორი კვირის წინ იმ მიზეზით, რომ მიუხედავად კორონავირუსით ინფიცირებისა, აიძულებდნენ მაინც ემუშავათ“.
__________________
ფოტოზე: გრაფიტი მოსკოვში, საავადმყოფოს წინ მდებარე მრავალსართულიანი სახლის კედელზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEI ILNITSKY
ამერიკელმა სენატორებმა, ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა, წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად, წერილით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს. ამერიკელი კონგრესმენები დოკუმენტებში მიუთითებენ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან და ირანთან უკანონო კავშირებზე.
„ბოლოდროინდელი ცნობები უდავოდ მიუთითებს, რომ ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობის სამიზნე ისევ გახდა ბათუმის პორტი“, – წერია განცხადებაში.
ეს წერილი კონგრესმენებმა 15 მაისს გაავრცელეს. დღეს, 19 მაისს, ამ საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერმა. გიორგი გახარიამ უარყო ირანთან უკანონო ვაჭრობა. ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ წერილის შინაარსთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ბათუმის პორტს, რაზეც უარი მივიღეთ. ვინაიდან ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალს ერთი და იგივე ყაზახური სახელმწიფო კომპანია მართავას, ამიტომ „ბათუმელებმა“ ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა ბათუმის ნავთობტერმინალის კომერციული დირექტორთან, დაირ კულეკეევთან.
ბატონო დაირ, ამერიკელმა სენატორებმა წერილით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, სადაც წერენ, რომ „ბათუმის პორტი ირანული ნავთობით უკანონოდ ვაჭრობის სამიზნე გახდა“. ბათუმის ნავთობტერმინალის ადმინისტრაციას რა პასუხი აქვს სენატორებისა და კონგრესმენების ამ განცხადებაზე?
პასუხი ძალიან მარტივია, ბათუმის ნავთობტერმინალი არ ახორციელებს ირანული წარმოშობის ტვირთების გადატვირთვას. ბათუმის ნავთობტერმინალი წარსულში ახდენდა შახდენიზის საბადოს ნედლი ნავთობის გადატვირთვას. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული საბადოს დამუშავებაში მონაწილეობას იღებს რამდენიმე პარტნიორი: BP (28.8%), TPAO (19%), SOCAR (16.7%), Petronas (15.5%) LUKoil ( 10%), NIOC (10%). აუცილებელია აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული ნავთობის მოწოდება შეწყდა 2018 წლის ნახევრიდან. თუკი არსებობს განცხადებები, რომ ბათუმის ნავთობტერმინალი ხელს უწყობს ან მონაწილეობს ირანული წარმოშობის ნავთობით ვაჭრობაში, ვაცხადებთ, რომ ასეთი განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. ბათუმის ნავთობტერმინალს არ მიუღია, არ იღებს და არ ახორციელებს ირანული წარმოშობის ნავთობის ტრანსპორტირებას.
ბათუმის ნავთობტერმინალი წარსულში აწარმოებდა შახდენიზის საბადოს ნედლი ნავთობის გადატვირთვას, რომელშიც მონაწილეობას იღებდა კომპანია NICO. ამ ნავთობის მოწოდება შეწყდა 2018 წლის მეორე ნახევრიდან. 2018 წლის პირველი ნახევრის შემდეგ ნედლი ნავთობი აღნიშნული საბადოდან არ შემოსულა.
მაშინ, რა წყაროებსა და კვლევებზე დაყრდნობით გააკეთეს კონგრესმენებმა და სენატორებმა ეს განცხადება?
მე არ შემიძლია ვილაპარაკო და ვაკომენტირო ამერიკელი სენატორების მაგივრად. მე არ ვიცი, რა მონაცემების საფუძველზე აკეთებენ ისინი ასეთ განცხადებებს. სიმართლე გითხრათ, გავეცნობოდი მონაცემებს, რომლებიც ნახსენებია განცხადებებში. აზერბაიჯანში, საქართველოში არიან ხალხი, რომლებიც აწარმოებენ ამ სტატისტიკას. შესაძლებელია, მათ რამე არასწორად გამოხატეს…
თქვენ გამორიცხავთ, რომ უახლეს დღეებში ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდება დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს ამ განცხადების შინაარსს?
მე არ გამაჩნია აზრი ამ საკითხზე. მაგრამ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა ამ საბუთების ნახვა. მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, ბათუმის პორტში და ბათუმის ტერმინალში არ შემოდის არანაირი ნავთობი ირანიდან. მეტიც, არანაირი საქმიანობა არ ხორციელდება ამ რესპუბლიკის სახელით. არავითარი მსგავსი რამ არ ხდება. ნედლეულის მიღების პროცესში ჩვენ ვართ ბოლო პუნქტი. იმისათვის, რომ ნავთობი ირანიდან მოეწოდოს ბათუმში, მან უნდა გაიაროს დიდი გზა. თუ თქვენ გაგაჩნიათ ეჭვები ჩვენი მონაცემების თაობაზე, ყოველთვის შეგიძლიათ გადაამოწმოთ საქართველოს რკინიგზასა და საბაჟოსთან.
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ ნასამ გამოაქვეყნა დოკუმენტი „არტემისის შეთანხმება“ [Artemis Accords], რომელიც წარმოადგენს შეთანხმებას მთვარეზე ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით საერთო სტანდარტების აღიარებაზე. კერძოდ, დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნებისა და კომპანიების ქცევას კოსმოსსა და მთვარეზე. სააგენტო ელოდება, რომ სხვა ქვეყნები დაამტკიცებენ დოკუმენტს და ყველა ერთნაირი პირობებით აითვისებს სატელიტს.
ახალი წესები აფართოებს კოსმოსის შესახებ გაფორმებულ 1967 წლის საერთაშორისო შეთანხმებას. ეს არის გარე სივრცის ხელშეკრულება, კოსმოსური სივრცის, მათ შორის, მთვარის და სხვა ციურ სხეულებზე რესურსების მოპოვების და გამოყენების პრინციპების შესახებ. ხელშეკრულებას, რომელიც საერთაშორისო საჰაერო სამართლის საფუძველია, თავდაპირველად ხელი მოაწერეს რუსეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს მთავრობებმა 1967 წლის იანვარში. დღეს მას ასზე მეტი ქვეყანა უერთდება.
NASA იუწყება, რომ „არტემისის“ ფარგლებში 2024 წელს მთვარეზე დაეშვება პირველი ქალი და მორიგი კაცი კოსმონავტი, რითაც დაიწყება კოსმოსის ათვისებისა და გამოყენების ახალი ერა.
„არტემისის შეთანხმება“ 10 პუნქტს მოიცავს. შეთანხმება ავალდებულებს მოკავშირე სახელმწიფოებსა და კომპანიებს, გაასაჯაროონ ინფორმაცია მთვარის შესწავლასთან დაკავშირებით გეგმებისა და პოლიტიკის შესახებ, აწარმოონ საქმიანობა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით, გამოიყენონ ღია საერთაშორისო სტანდარტების მქონე, ერთმანეთთან თავსებადი სისტემები და ექსტრემალურ სიტუაციებში აღმოუჩინონ პარტნიორებს დახმარება.
„არტემისის შეთანხმების“ მონაწილეები ვალდებულნი არიან, დაარეგისტრირონ კოსმიური ხომალდები და მოწყობილობები, რომელთაც მთვარეზე გამოიყენებენ. NASA აქამდეც მუშაობდა რეგისტრაციის კონვენციის მიხედვით და ახლა შეთანხმების მოკავშირე ქვეყნებსაც მოუწოდებს ასევე მოიქცნენ, რადგან „შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე შეუძლებელი იქნება კოორდინაცია – მავნე/საზიანო დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად”.
მონაცემთა საჯაროობა – პარტნიორები შეთანხმდებიან, რომ გაცვალონ და გამოაქვეყნონ მათ მიერ მოპოვებული სამეცნიერო მონაცემები საჯაროდ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – ისტორიული ადგილებისა და არტეფაქტების დაცვა კოსმოსშიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დედამიწაზე. შესაბამისად, „არტემისის შეთანხმება“ ავალდებულებს მის პარტნიორ ქვეყნებს, რომ დაიცვან მთვარეზე ყველა ის ადგილი და არტეფაქტი, რასაც ისტორიული ღირებულება გააჩნია – მაგალითად, მთვარეზე მსვლელები, სხვადასხვა აპარატები და “აპოლონის მისიის” დაშვების ადგილი.
ნარჩენების მართვა – NASA და პარტნიორი სახელმწიფოები შეთანხმდებიან, რომ იმოქმედონ გაეროს ნარჩენების შემსუბუქების პრინციპების შესაბამისად. გარდა ამისა, ისინი თანხმდებიან, რომ შეიმუშავონ ორბიტალური ნარჩენების შემცირების გეგმა.
შეთანხმება პარტნიორ ქვეყნებს სთავაზობს “უსაფრთხო ზონების” დაწესებას მთვარეზე მომავალი ბაზების ირგვლივ, რათა თავიდან აიცილონ ახლოს მომუშავე სხვა ქვეყნისა თუ კომპანიის მისიის გამო, გარკვეული ხარვეზების წარმოქმნა. NASA და პარტნიორი ქვეყნები გაასაჯაროებენ ინფორმაციას მთვარეზე განსახორციელებელი ოპერაციის ადგილისა და მისი ზოგადი ხასიათის შესახებ, რაც “უსაფრთხო ზონების” სფეროსა და მასშტაბის შესახებ ინფორმაციასაც მოიცავს.
დოკუმენტში კოსმიურ სხეულებზე რესურსების მოპოვებას “კრიტიკულად მნიშვნელოვნად” მიიჩნევენ კოსმოსის შესწავლისთვის – მაგალითად, რომ შეძლონ საწვავის წარმოება ადგილზევე, ნაცვლად იმისა, რომ იგი დედამიწიდან წაიღონ. „არტემისის შეთანხმება“ ამბობს, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და უტილიზაცია/გამოყენება უნდა მოხდეს (უკვე არსებული) კოსმოსის შეთანხმების საფუძველზე, განსაკუთრებით II, VI, და XI მუხლებზე აქცენტით.
კოსმოსის შეთანხმებისამ ნაწილებში საუბარია იმაზეც, რომ გარე სივრცე, მთვარისა და სხვა ციური სხეულების ჩათვლით, არ ექვემდებარება რომელიმე ქვეყნის მიერ მითვისებას სუვერენიტეტის მოთხოვნით, მოხდება ეს ოკუპაციის თუ სხვა გზით.
ტრამპმა 6 აპრილს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც კოსმოსური მისიის ფარგლებში სხვა პლანეტებზე მოპოვებული რესურსების გამოყენება ნებადართული იქნება. BBC-ი წერს, რომ ბრძანების მიხედვით, აშშ არ ხედავს კოსმოსს, როგორც რესურსების საერთო არეალს და რომ სამუშაოების დასაწყებად აშშ-ს არ სჭირდება საერთაშორისო შეთანხმება.
Fulbright-ის პროგრამა ფართოვდება და მის ფარგლებში ამოქმედდება პროექტი – „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA), რომლის ფარგლებშიც აშშ-სა და საქართველოს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს ამერიკიდან Fulbright-ის სტიპენდიატები ეწვევიან, რომლებიც რეგიონებში უნივერსიტეტებს ინგლისური ენის სწავლებაში დაეხმარებიან.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესს.
„ETA-ს პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას. მემორანდუმის ფარგლებში აშშ-სა და საქართველოს მთავრობა თანაბრად დააფინანსებს წელიწადში ინგლისური ენის სწავლების 6 ამერიკელ ასისტენტს, რაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, 30 ასისტენტის ჩამოყვანას გულისხმობს“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
ტელეკომპანია TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, სულხან მესხიძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობა მათ მედიას ბოიკოტს უცხადებს. მისი თქმით, უკვე ერთი თვეა აჭარის მთავრობა, მათ შორის, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მინისტრები უარს ამბობენ TV 25-ის ეთერში მისვლაზე.
„ოფიციალურად შემიძლია იმის თქმა, რომ TV25 ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა. რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სანდო წყაროზე დაყრდნობით გავიგე, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრებს, ასევე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელს ჩვენთან ურთიერთობას უკრძალავს.
ერთ თვეზე მეტია პრესცენტრებიდან არ გვქონდა პასუხი, თუ რის გამო ამბობდნენ უარს გადაცემაში მონაწილეობაზე“, – წერს სულხან მესხიძე ფეისბუქზე.
სულხან მესხიძე აჭარის მთავრობის მხრიდან TV 25-ის ბოიკოტს აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. იგი მიიჩნევს, რომ აჭარის მთავრობის პოლიტიკა TV 25-ის მიმართ მას შემდეგ შეიცვალა, რაც აჭარის ტელევიზიის საინფორმაციოს გუნდს ჩამოაშორეს ტელევიზიის ახალი დირექტორისთვის, გიორგი კოხრეიძესთვის არასასურველი ჟურნალისტები და „სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა“.
TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ფეისბუქზე საკუთარი მონიტორინგის შედეგებიც გამოაქვეყნა. ამ მონიტორინგის თანახმად, იმ დროს, როცა TV 25-ს მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები უარს ეუბნებოდნენ ეთერში მისვლაზე, ისინი, პარალელურად ჩანდნენ სხვა ტელეკომპანიების ეთერში: „იმედზე“, „აჭარის ტელევიზიაში“, „პირველ არხზე“, „პოსტ TV -ში“ და „მაესტროზე“.
სულხან მესხიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ TV 25-ს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წლების წინ დამკვიდრებული მეთოდებით ებრძვის.
„ვნახოთ, მედიასთან ომი რა შედეგით და ვის სასარგებლოდ დასრულდება. ცნობისთვის, მთავრობის სამი თავმჯდომარე გამოვიცვალე და ისევ ამ სფეროში ვრჩები. ვიდრე აქ ვარ, გპირდებით, ეს კურსი შენარჩუნდება“, – ამბობს სულხან მესხიძე.
აჭარის მთავრობას დღეს „ბათუმელები“ დაუკავშირდა ამ თემაზე კომენტარისთვის.
აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ბაია კობახიძე ამბობს, რომ სულხან მესხიძის განცხადებით გაკვირვებულია.
„არასდროს ყოფილა კითხვების დასმის და ინფორმაციის მიღების პრობლემა, თუ საგანგებო მდგომარეობის დროს ვერ მოხერხდა მისვლა [ეთერში], ეს არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რაიმე სახის ბოიკოტია. ყველას თანაბრად აქვს საშუალება დასვან შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხი, რა თქმა უნდა, TV 25-საც. საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს მათთან, მოწვეული არიან ყველა ღონისძიებაზე და აქვთ საშუალება ნებისმიერი უწყების ხელმძღვანელისგან მიიღონ ინფორმაცია დეტალურად“, – გვითხრა მან.
კითხვაზე, რით აიხსნება მაშინ ის გარემოება, რომ ერთი თვის განმავლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები იყვნენ სხვა ტელეარხების ეთერებში და გამონაკლისი იყო TV 25-ი, ბაია კობახიძე ასე პასუხობს:
„ალბათ ეს იყო განპირობებული საგანგებო მდგომარეობით, უმეტესად ხდებოდა ჩართვა დისტანციურად, სტუდიაში – ძალიან იშვიათად, ერთი შემთხვევა თუ მახსენდება“.
„თუ კი TV 25-დან იქნება შემოთავაზება და თუ იქნება შესაბამისი დრო და საშუალება, დარწმუნებული ვარ, ყველა მიიღებს მონაწილეობას, როგორც აქამდე იღებდნენ“, – აღნიშნა მან.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 13 მაისს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ TV 25-ს არ აიგნორებს და ამ ბრალდებას ვერ მიიღებს. „როცა მექნება ამის დრო და სურვილი, როცა გადავწყვეტ, მაშინ მოვალ“, – თქვათორნიკე რიჟვაძემ.
დღეს, 19 მაისს, TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის განცხადებას კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოეხმაურა. ორგანიზაციამ მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, გადახედოს მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკას და, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველს, შეისწავლოს აღნიშნული საქმე.
„მივმართავთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, გადახედოს მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკას და მისცეს შესაძლებლობა ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებას, შეასრულონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.
ჩვენ ვთხოვთ ასევე საქართველოს სახალხო დამცველს, შეისწავლოს აღნიშნული საქმე. რადგან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საარჩევნო პერიოდის მოახლოებამდე შევამციროთ დისკრიმინაციის წახალისების ნიშნები, ხოლო პოლიტიკოსებმა მკაფიოდ გაიაზრონ თავიანთი თანაბარი მოპყრობის ვალდებულება მედიის მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ნარგიზ პაპიძის ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, „თვეში 260 ლარია“, რასაც პროდუქტის 30-ლარიანი ვაუჩერი ემატება“. ეს თანხა მხოლოდ საკვებისთვის ჰყოფნით. „პროდუქტი რომ ვიყიდე, ქირა ვეღარ გადავიხადე, ქირა რომ გავიხადე, საჭმლისთვის ფული არ დამრჩა, ორივე ერთად არ გამოდის“, – გვიყვება ახალგაზრდა ქალი თავისი ოჯახის განსაცდელზე.
ნარგიზ პაპიძე ოჯახთან ერთად ბათუმსშემოერთებულ ტერიტორიაზე ხის სახლში, გოთუას ქუჩაზე ცხოვრობს. ეს სახლი მის ოჯახს არ ეკუთვნის, იქირავეს და თვეში 300 ლარს იხდიან. ნარგიზის ოჯახს, პანდემიის გამო, უკვე სამი თვის ქირის ფული აქვს გადასახდელი – მესაკუთრე ითხოვს, რომ სახლი დაცალონ.
შესაძლებელია 4-სულიანი ოჯახი თავშესაფრის გარეშე, ქუჩაში აღმოჩნდეს.
როგორც თავად გვიყვება, ნარგიზის მეუღლე სამუშაოდ თურქეთში გადადიოდა, იქ მიღებული ანაზღაურება ქირის დასაფარად და კომუნალური გადასახადებისთვის ჰყოფნიდათ. თვითონ კი სახლებს ალაგებდა გარკვეული ანაზღაურების ფასად, რითაც საჭმელს ყიდულობდნენ.
ნარგიზი გვიყვება, რომ ქირის საფასურის გადაუხდელობის გამო რამდენჯერმე საკუთარი ნივთების დათმობაც მოუწია: „ ფული რომ ვერ გადავუხადე, მაცივარი დავუტოვე მეპატრონეს, სხვაგან ტელევიზორი, სარეცხის მანქანა და ასე შემდეგ.“
კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო ნარგიზის მეუღლე თურქეთში სამუშაოდ ვეღარ წავიდა: „ვერც მე ვმუშაობ, დასალაგებლად უცხო ადამიანის სახლში შეშვება აღარავის უნდა“.
ნარგიზსა და მის მეუღლეს ორი შვილი ჰყავთ, ორივე სკოლის მოსწავლეა, უმცროსი 13 წლისაა.
ოჯახმა აპრილში მთავრობისგან სურსათის პაკეტი მიიღო. ამბობს, რომ „ეს მხოლოდ ერთი კვირის სამყოფი იყო“.
ნარგიზის მეუღლეს დროებითი სამსახური შესთავაზეს, მაგრამ არ დათანხმდა – ოჯახმა იცის, რომ ამ დროებითი შემოსავლის გამო სოციალურ დახმარებას მოუხსნიან: „ბარათი უნდა დაგიმზადოთ და თანხა დაგირიცხოთო, ასეთი ჩვენ არ გვაწყობს, სოციალური დახმარებაც რომ დავკარგოთ, საჭმელსაც ვეღარ ვიყიდით“.
ნარგიზის თქმით, დაახლოებით 15 წელია მისი ოჯახი ქირით ცხოვრობს. „რაც მამამთილის სახლიდან წამოვედით, მას შემდეგ ქირით ვცხოვრობთო“, მაგრამ ახლა ძალიან გაუჭირდათ და ხელისუფლებას მიმართავენ, რომ მათ მხარდასაჭერად სათანადო რესურსი გამონახოს.
„ადამიანები, რომლებმაც თეორიული გამოცდა ჩააბარეს, პრაქტიკული გამოცდისთვის ვერ ემზადებიან, რადგან ყველა ავტოსკოლა დაკეტილია. არ გვეუბნებიან, როდიდან შეიძლება დავიწყოთ მუშაობა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმში ერთ-ერთი ავტოსკოლის ხელმძღვანელი, ვიქტორ კვირკველია. ავტოსკოლები 17 მარტიდან აღარ მუშაობენ, როცა მომსახურების მართვის სააგენტომ ავტომანქანის მართვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება პანდემიის გამო შეაჩერა. 18 მაისიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებსაც თეორიული გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვთ.
„მოსწავლეებმა, ვინც ჩემთან დადიან, ვერ გაარკვიეს, აითვლება თუ არა ვადა, რომელიც მათ მიეცათ თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ… თუკი ვერ მოემზადებიან პრაქტიკაში, პრაქტიკულ გამოცდას როგორ ჩააბარებენ? მე ახლა ვიყავი მომსახურების სააგენტოში და ვნახე: პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს გამომცდელი გვერდით უზის მოსწავლეს, ორივეს უკეთია პირბადე და ხელთათმანი. თუკი შესაძლებელია ამ წესების დაცვით მუშაობა, ჩვენ რატომ არ შეიძლება ამ წესით ვასწავლოთ?“ – კითხულობს ვიქტორ კვირკველია.
როდიდან შეიძლება გაიხსნას ავტოსკოლები? – ვიკითხეთ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცხელ ხაზზე. 144-ზე გვიპასუხეს, რომ მთავრობის შესაბამის განცხადებას უნდა დაველოდოთ და „ჯერ ამ კუთხით ცნობილი არაფერი არის“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე კი გვითხრეს, რომ თეორიული გამოცდიდან პრაქტიკულის ჩაბარებამდე ისევ 30-დღიანი ვადაა და ვისაც თეორიული გამოცდა 17 მარტამდე აქვს ჩაბარებული, მათ საგამოცდო პერიოდად არ ჩაეთვლებათ მხოლოდ ის პერიოდი, როცა მომსახურების სააგენტო არ მუშაობდა – 17 მარტიდან 17 მაისის ჩათვლით.
გადაუვადდებათ თუ არა ადამიანებს პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებელი ვადა იმიტომ, რომ მათ პრაქტიკული გამოცდის მოსამზადებლად ავტოსკოლის გამოყენება არ შეუძლიათ? – მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ამას ვერ გაითვალისწინებენ.
„ეს უნდა თქვას, ალბათ, მთავრობამ, ჩვენთან მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ არის… თუკი, მაგალითად, ადამიანმა ჩააბარა თეორიული გამოცდა 15 მარტს, პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად მას ჰქონდა ორი დღე. 18 მაისიდან კი, როცა გამოცდის ჩაბარება უკვე შესაძლებელი გახდა, 30 კალენდარული დღის ათვლა განახლდა,“ – გვითხრა მომსახურების სააგენტოს ოპერატორმა.
მიუხედავად იმისა, რომ ავტოსკოლები დახურულია და პრაქტიკული გამოცდისთვის მომზადება შეუძლებელია, ადამიანებს მაინც მოუწევთ გამოცდაზე გასვლა მომზადების გარეშე. სხვა შემთხვევაში ისინი დაკარგავენ უკვე გადახდილ თანხას – თეორიული გამოცდის ჩაბარების 50 ლარს და პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად წინასწარ გადახდილ 72 ლარს [როცა თვის განმავლობაში ყოველდღე შეგიძლიათ სცადოთ გამოცდის ჩაბარება] ან 41 ლარს [როცა კვირაში ერთხელ გაქვთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა].
ხულოში, სოფელ საციხურში ხის სახლი დაიწვა. სახლში 7 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„სახლი დაიწვა, ასევე ბოსელი და დამხმარე ნაგებობა… ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა… სავარაუდოდ, დენის გამო გაჩნდა ხანძარი, თამაშობდა შუქი და რაღაცას აკეთებდნენო,“ – გვითხრა ხულოს მერიის წარმომადგენელმა სოფელ საციხურში მერაბ შავაძემ.
ხანძარი ლოკალიზებულია.
მერის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზეა უცნობია, რით დაეხმარება მუნიციპალიტეტი ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს.
თურქეთი 4 დღით მთელ ქვეყანაში აცხადებს კარანტინს კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში. ოთხდღიანი კარანტინი მარხვის დასრულებისას დღესასწაულს უკავშირდება, რომელსაც მუსლიმური სამყარო 23-26 მაისს აღნიშნავს.
18 მაისს პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის პროვინციებში გადაადგილების შეზღუდვა კიდევ 15 დღეს გაგრძელდება, ხოლო სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება.
ამ დრომდე თურქეთში მეჩეთებში შეკრება დაშვებული არ არის. თურქეთში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა შეკრება მეჩეთებში, მათ შორის, პარასკევის ლოცვაზე.
გუშინ, 18 მაისს, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში მეჩეთები, ნაწილობრივ, 29 მაისიდან გაიხსნება.
19 მაისის მონაცემებით, თურქეთში დადასტურებულია კორონავირუსის 150 593 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელდა 111 577 ადამიანი, გარდაიცვალა – 4171.
აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარემ და გადაცემა „ჰეშთეგის“ ყოფილმა წამყვანმა მალხაზ რეხვიაშვილმა ტელევიზიისა და რადიოს 8-საათიანი გამოშვების რედაქტორის, ფირუზ ბოლქვაძის წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.
ქარტიის განცხადებით, მალხაზ რეხვიაშვილი დავობს მასალის სათაურზე. კერძოდ, რეხვიაშვილის განმარტებით, ახალი ამბის ტექსტი და სათაური ერთმანეთს ეწინააღმდეგება. საუბარია 11 მაისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაზე, რომელიც მალხაზ რეხვიაშვილის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებას ეხებოდა.
ვიდეომასალისსათაურში გამოტანილი წინადადება – „მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციისა და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს“ – ტელევიზიის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ემზარ პაქსაძეს ეკუთვნოდა, თუმცა, მალხაზ რეხვიაშვილის აზრით, ეს სათაურში აღნიშნული არ ყოფილა და რესპონდენტის აზრი სათაურში წარმოჩენილი იყო ისე, როგორც ფაქტი, რითიც მოხდა მისი დისკრედიტაცია.
მალხაზ რეხვიაშვილი მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი და მეთერთმეტე პრინციპი – ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტის განზრახ დამახინჯება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო რეხვიაშვილის განცხადება და ღია სხდომაზე განიხილავს, დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი 11 მაისს გაუშვეს. მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი 21 აპრილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსი გახდა, რომლითაც მან თავის კოლეგას, თეონა თურმანიძეს მხარი დაუჭირა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 101 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 92 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 8 პირი.
პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტიც გამოავლინა.
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი საქართველოში 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან იმ პროდუქტებს შეიძენენ, რომლებსაც ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გარკვეულ ოჯახებს უფასოდ გადასცემენ.
პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა, აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ამჯერად ამზადებენ 19 260 სასურსათო კალათას, რომელსაც ამდენივე ოჯახს გადასცემენ, მათ შორის „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ 993 ოჯახს.
სასურსათო კალათა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან:
[checklist]
ხორბლის ფქვილი 10 კგ;
შაქარი 2 კგ;
მარილი 900 გრ;
ბრინჯი 3 კგ;
ზეთი 2 ლ;
შვრიის ფანტელი 2 კგ;
სუპის ფხვნილი 240 გრ;
სოკო 800 გრ;
ჩაი 150 გრ;
საფუარი 80-100 გრ;
ტომატ-პასტა 500 გრ;
ბარდა 400 გრ.
[/checklist]
სასურსათო კალათას ამჯერად მიიღებს:
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
მარტოხელა პენსიონერი;
სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქე;
მარჩენალდაკარგული (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე);
მარტოხელა მშობელი (მარტოხელა დედა/მამა);
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი;
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახი;
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები 993 ოჯახი.
2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 894 627 ლარი. აქედან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს უშუალოდ პროდუქტების შესაძენად ხელშეკრულებები ჯამში 885 ათას 429 ლარზე აქვს გაფორმებული. 9,2 ათასი ლარით კი სამინისტრო პოლიეთილენის პარკებს შეიძენს.
მთავრობის ინფორმაციით, ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი, როდის დაიწყება პროდუქტების დარიგება
„გლობალურად შექმნილი დეფიციტებიდან, ქვეყანაში დაფიქსირებული გაზრდილი მოთხოვნიდან და მოწოდების ვადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ შესასყიდი საქონელი შესყიდული იქნეს ადგილზე (ქვეყანაში) არსებული მარაგიდან გამარტივებული შესყიდვის გზით, გადაუდებელი აუცილებლობით… არსებული პანდემიური სიტუაციის პირობებში, შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მოძიებული იქნა რესურსი და დაუყოვნებლივ გაფორმდა ხელშეკრულება“, – აცხადებენ სამინისტროში.
ამავე სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის მთავრობის აპარატს მუნიციპალიტეტების მერიების მიერ წარედგინა კორესპოდენცია მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში სოციალურად მოწყვლადი მოქალაქეებისთვის „სასურსათო კალათის“ გადაცემის შესახებ. კერძოდ, წარმოდგენილი კორესპოდენცია ითვალისწინებს ბათუმის მერიისთვის – 5 067, ქობულეთის მერიისთვის – 3 563, ხელვაჩაურის მერიისთვის – 2 532, ქედის მერიისთვის – 2 506, შუახევის მერიისთვის 2 285 და ხულოს მერიისთვის – 2 314 ერთეული სასურსათო კალათის გადაცემას, ხოლო – 993 ერთეული სასურსათო კალათის ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის გადაცემას.“
—
სურსათს, ბიუჯეტის სახსრებით, აჭარაში მთავრობა მეორედ არიგებს. პირველ ეტაპზე 367 332 ლარის პროდუქტები 7 ათასამდე პირს დაურიგეს.
„სასურსათო კალათა“ აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მაშინ გადასცეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელა პენსიონერებსა და საწოლს მიჯაჭვულ მოქალაქეებს.
სასურსათო კალათაში შედიოდა: ხორბლის ფქვილი – 5 კგ, შაქარი – 2 კგ, მარილი – 0,9 კგ, ბრინჯი – 2,4 კგ, წიწიბურა – 4 კგ, მაკარონი – 3 კგ, ზეთი – 2 ლ, შვრიის ფანტელი – 0,5 კგ.
ბათუმის მერიის ცნობით, დღეიდან 2 კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება გორგილაძის ქუჩაზე, ჯავახიშვილიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში.
სამუშაოების მიმდინარეობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებენ.
მერიის განცხადებით, შეფერხება ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის სამუშაოებს უკავშირდება. პროექტის ფარგლებში წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 მაისის 21 საათიდან 20 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 22 – 27 გრადუსი
ღამით: 10-15 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 20-25 გრადუსი
ღამით: 5- 10 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 21 მაისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო 22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო 2 დღეს დროგამოშვებით იწვიმებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ამხილეს ორი პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს ორი კომპანია, რის შემდეგაც სასაქონლო ზედნადებებში და დღგ-ს ანგარიშფაქტურებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ურთიერთშორის განახორციელეს დაახლოებით 900 000 ლარის ღირებულების ხის მასალის რეალიზაციის ფიქტიური ოპერაციები, რითაც ერთ-ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა სასაქონლო ნაშთი და ყალბი აქტივი,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
ამავე სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 210-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 1992 წელს დაბადებული ნ.შ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, საკარანტინე ზონაში მოთავსებული ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის – სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თუკი რამდენიმე წლის წინ საპატრიარქომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, ამჯერად 17 მაისს საჯაროდ ქუჩების კურთხევა ვნახეთ – სასულიერო პირები ქუჩებში პიკაპებით გადაადგილდებოდნენ.
რატომ გადაწყვიტა საპატრიარქომ ქუჩების კურთხევა 17 მაისსაც და რა გზავნილი აქვს ეკლესიას, როცა სასულიერო პირები ქუჩებში პიკაპებით ჩნდებიან ან ვერტმფრენიდან გვასხამენ ნაკურთხ წყალს? – „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.
ბატონო მირიან, მიუხედავად იმისა, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ქუჩაში გამოსვლას არავინ გეგმავდა, ეკლესიამ ამჯერად 17 მაისს ქუჩების კურთხევა გადაწყვიტა. თქვენი აზრით, ამ სახით კურთხევის რიტუალს რისთვის იყენებს საპატრიარქო?
აქ სახეზეა ორი მნიშვნელოვანი მომენტი. პირველი: ეს არის რელიგიური ტიპის, მაგიური დამოკიდებულება, როცა რიტუალისტურად ხდება განწმედა გარემოსი. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი პრაქტიკული თვალსაზრისით არის ის, რომ ეკლესია ცდილობს საჯარო სივრცე დაიკავოს. 2013 წელსაც ეს იყო შეჯახების მთავარი მომენტი, რომ აი, რუსთაველზე არ გაგამართინებთ აქციას, რომ ეს არის წმინდა ადგილი, დაღვრილია მოწამეთა სისხლი, სადაც, სხვათა შორის, პატრიარქი საერთოდ არ დარჩა… მოკლედ, ეს არის ერთგვარად საჯარო სივრცის ფიზიკური ათვისების სტრატეგია. სიახლე არის ვერტმფრენით შემოფრენები, რომელსაც გუშინ ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მანამდე ესეც ვიხილეთ რამდენჯერმე. სხვათა შორის, პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნის ეს კონცეპტი – შემოფრენა და მეორეა ეს პიკაპებზე ამხედრება, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა იყოს ერთგვარი მიბაძვა ისლამური ხალიფატისა. მოგეხსენებათ, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია პიკაპებს ანიჭებს უპირატესობას, ანუ არა მხოლოდ ჩვეულებრივ მანქანაში სხდომას, არამედ როცა რელიგიური ექსტრემიზმის წარმომადგენლები ერთგვარად ხილვადები ხდებიან. ეს სჭირდებათ, ჩვენს შემთხვევაში, რელიგიური ორგანიზაციის ძლევამოსილების დემონსტრირებისთვის.
ამჯერად რატომ დასჭირდა საპატრიარქოს ძალის ჩვენება, როცა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია არც იგეგმებოდა?
ეს შემდეგშიც ასე გაგრძელდება, რადგან პატრიარქს ასე უნდა და ამაში ის არ არის უნიჭო ადამიანი: მას სურს, შექმნას ალტერნატიული სოციალური მეხსიერება. მთელს მსოფლიოში 17 მაისს აღინიშნება ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე და საქართველოში არის ოჯახის სიწმინდის დღე. რაბინზე ანეგდოტი მახსენდება, ყველასთან რომ შაბათია და მარტო მასთანაა პარასკევი: სასწაულების შესახებ ჰყვებიან პასტორი, კათოლიკე მღვდელი და რაბინი. რაბინი ამბობს, რომ რაღაც საუფლო საქმეზე მიდიოდა, გზაში აღამდებოდა, შაბათი მოდიოდა და უნდა გაჩერებულიყო, რადგან უქმე დგებოდა. რაბინი ამბობს: სასწაული მოხდა, ყველგან შაბათი იდგა და მარტო ჩემთან იყო პარასკევიო.
პატრიარქის მიზანიც ეს არის – ლოკალურ დონეზე 17 მაისს მიანიჭოს სხვა მნიშვნელობა. ამისთვის შრომობს საპატრიარქო. ერთია, ეს პერფორმანსები, საჯარო სივრცის ათვისება და კარნავალური სახის პრეზენტაცია და მეორეა ის, რაც ამჯერად გააკეთეს – ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად კონკრეტული პირების ჩაწერა, მაგალითად, საპატრიარქოს საინფორმაციო საშუალებებმა ჩაწერეს მძლეოსანი ტალახაძე და ის ულოცავს ადამიანებს ოჯახის სიწმინდის დღეს… აქ უკვე შიში არაა, რომ დემონსტრანტები გამოჩნდებიან ისევ და ჰომოფობიას გააპროტესტებენ. პირიქით, საპატრიარქომ მათგან ისესხა ეს პრაიდი. ის, რაც გუშინ საპატრიარქომ გააკეთა, ეს არის ალტერნატიული პრაიდი.
მიზანი იგივე აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას, რაც 2013 წელს ჰქონდა, როცა სასულიერო პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ადამიანებს?
მაშინ ეკლესიის შიგნით რადიკალების პატარა ჯგუფი უპირისპირდებოდა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციაზე გამოსულ ადამიანებს. მანამდე, 2008, 2009 წლებში, ეს სასულიერო პირები წინასწარ იგებდნენ, სად იმართებოდა ლგბტქ თემის მხარდამჭერი აქციები და წინ აღუდგებოდნენ. 2012 წელს იყო პატარა შეტაკებაც. მაშინ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყენებდნენ ჰომოფობიურ ნარატივს: აქვეყნებდნენ სტატიებს, რომ, მაგალითად, გეები მიშას აძლევენ ხმას, რომ საქართველოში უცხოეთიდან ჩამოყვანილი მასწავლებელი პედოფილი და გეი აღმოჩნდა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ საპატრიარქო გახდა გათამამებული და გახელებული, რომ, აი, სათავეში მოვიდა დასავლეთის მავნე გავლენების დამამუხრუჭებელი პოლიტიკური ძალა და თავს უფლება მისცეს, გაეკეთებინათ ის, რაც ვნახეთ 2013 წლის მაისში…. ამის შემდეგ მთავრობა გამოძვრა ამ სიტუაციიდან, მიიღეს „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო საპატრიარქო, მაგრამ ეკლესიის მეხსიერებას ეს შემორჩა და გამყარდა. პატრიარქის სურვილია, მოხდეს ჰომოფობიის კანონიზაცია ანუ საეკლესიო-კანონიკური ჰომოფობია.
ქუჩების კურთხევა, რასაც თქვენ კარნავალს და პრაიდს ადარებთ, რატომ არ შეიძლება გავიგოთ, როგორც რელიგიური რიტუალი?
ამის შესახებ მამა ლეონიდე ებრალიძემაც ისაუბრა, რომ ასე სპონტანურად რაღაცის კურთხევა და ვედროებიდან ნაკურთხი წყლის უმისამართოდ სხურება აქეთ-იქით არ არის განწმენდის ლიტურგიული ფორმა. თუკი ვინმეს სურს პრაქტიკაში ამის გადატანა, უნდა მოხდეს პრაქტიკული დამუშავება კონცეპტუალური და ლიტურგიული თვალსაზრისით, რასაც საქართველოში ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მღვდლები პიკაპებიდან ნაკურთხ წყალს ასხამენ და აქეთ-იქით დარბიან, მაგრამ რა არის ამის უკან? არანაირი კონცეფცია ამის უკან არ დგას. ერთადერთი შემოკლებული ვერსია არის ის, რომ კურთხევამ თითქოს დაგვიცვას პანდემიისგან ან ჰომოსექსუალობისგან, მაგრამ თეოლოგიური კონცეპტი ამას ვერ ექნება.
ლიტურგიული თვალსაზრისით კურთხევა სხვა რამეა. ესენი კურთხევას ეძახიან უფრო განწმენდას… თეოლოგური თვალსაზრისით შეუძლებელია, რომ ვინმეს მიუვარდე და მის საწინააღმდეგოდ გამოიყენო კურთხევა, როგორც გარემოში შენი გავლენის ინსტალაციის ფორმა. ეს გამორიცხული ამბავია. საპატრიარქო ამ ტერმინის ქვეშ უფრო გულისხმობს განწმენდას, ნაკურთხ წყალს ასხურებენ პიკაპებიდან და ეს ჩვეულებრივი არტი უფროა. ამ ფორმით ეკლესია ჰომოფობიას ანიჭებს რელიგიურ საზრისს, რიტუალისტური და კანონიკური თვალსაზრისით, ასევე უნდა, რომ შეიქმნას ამ თარიღზე ალტერნატიული მეხსიერება, როგორც, მაგალითად, ეს გაკეთდა შობასთან მიმართებით. ამაზე მსჯელობასაც არ უშვებს პატრიარქი, რომ შესაძლოა შობა 25 დეკემბერს აღინიშნოს, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში ხდება. მას აქვს მსგავსი ამოჩემებები. ახლაც 12 მაისიდან ერთი კვირა არის ღვთისმშობლის კვირეული, ესეც აბსურდია – სტალინი ატარებდა ხოლმე მოსკოვში საქართველოს კვირეულებს, რადგან მანამდე დასცინოდნენ, ველური კავკასიელი ხარო.
რის მიღწევას ცდილობს პატრიარქი ამ ალტერნატიული სოციალური მეხსიერების შექმნით?
პატრიარქი ცდილობს, რომ ეს მუხტი, რომელსაც ქმნის 12 მაისი, შენარჩუნდეს 17 მაისამდე. საპატრიარქომ პარლამენტს 12 მაისი გამოაცხადებინა ორმაგ უქმე დღედ, შემდეგ ერთი კვირა გრძელდება 17 მაისამდე, რომ ხალხი მოვიდეს ოჯახის სიწმინდის დღეს უფრო მეტად აღტკინებული. საპატრიარქო ამით მიიღებს იმას, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს საბოლოოდ განდევნის საჯარო სივრციდან და მათ მოუსპობს ხილვადობის შანსს. ჩემთვის 2013 წლის 17 მაისი იყო ოფიციალური განცხადება საპატრიარქოსგან, რომ ის არის ანტიქრისტიანული ორგანიზაცია და მას ფორმების გარდა, ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო. ეს წინა წლებში და ახლაც არ არის მხოლოდ ძალაუფლების დემონსტრაცია, არამედ ეს არის სიბნელის გამოვლინებაც, რომელიც ეკლესიის კედლებში დიდი ხანია ყალიბდება.
რა გზავნილია საჯარო კურთხევა სხვებისთვის, ვინც მრევლი არ არის?
გზავნილია, რომ, აი, გეებო, პიდარასტებო, მათი ენით რომ ვთქვათ, ამ ქვეყანაში თქვენი ადგილი არ არის. ეს მიემართება ასევე ყველას: მთელს საზოგადოებას, სახელმწიფოს, ევროკავშირს. ეს არის გზავნილი იმაზე, რომ ეს ჩემი საჯარო სივრცეა, ეს საქართველო ჩემია და აქ სხვების ადგილი არ არის.
თქვენ ნახეთ ბაიკერებიც ამ კურთხევის დროს, რომლებსაც დიდი ალბათობით არაფერი საერთო აქვთ ქრისტიანობასთან. ეს უფრო არის რიტუალში მონაწილეობა… ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით თქვენთან ინტერვიუს დროს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი არის რიტუალისტური გარკვეულწილად. მე ახლაც ყავას ვსვამ, როცა თქვენ გესაუბრებით… შესაბამისად, ადამიანი მორწმუნე არის თუ არა, ის არის რიტუალისტური არსება. ბაიკერებსაც აქვთ განცდა, რომ კარგ საქმეს აკეთებენ, საპატრიარქოს ეს სჭირდება და აკეთებენ რაღაც მნიშვნელოვანს.
აჭარაში მცხოვრებ ამჯერად 20 ათასამდე ოჯახს სასურსათო კალათას დაურიგებენ. რეგიონის მთავრობის ინფორმაციით, ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი, როდის დაიწყება პროდუქტების დარიგება და რა კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ მას.
10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა რომ გადაეცემოდა, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 27 აპრილს განაცხადა. თუმცა, ეს რაოდენობა შეიცვლება. როგორც მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ჩანს, კალათას მინიმუმ 19 260 მოქალაქე მიიღებს.
იმ ხელშეკრულებების მიხედვით, რაც [ამ დროისთვის] აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სხვადასხვა კომპანიასთან აქვს გაფორმებული, სასურსათო კალათაში იქნება შემდეგი პროდუქტები:
ხორბლის ფქვილი, ტომატი, დაკონსერვებული ბარდა, მცენარეული ზეთი, მარილი, საფუარი, დაკონსერვებული სოკო, შვრიის ფანტელი, ბრინჯი, შაქარი, შავი ჩაი და სუპის ფხვნილი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ამ პროდუქტების შესაძენად ხელშეკრულებები ჯამში 885 ათას 429 ლარზე აქვს გაფორმებული. ეს თანხა აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
ბრინჯი [3-კილოგრამიან პაკეტებში] – 57 780 კგ [142 138,8 ლარად]
შაქარი [2კგ პაკეტებში] – 38 520 კგ [71 262 ლარად]
შავი ჩაი [დაფასოებული, 150გრ] – 19 260 ცალი [40 446 ლარად]
სუპის ფხვნილი – 77 040 ცალი [53 157,6 ლარად]
ხელშეკრულებები 2020 წლის 15 მაისს გაფორმდა. პირობის მიხედვით, მთლიანი პროდუქტის 20% სამინისტრომ უნდა მიიღოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს მე-4 დღეს [ანუ, 19 მაისს], დანარჩენი პროდუქტი კი – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 დღეში [21 მაისი].
სარეზერვო ფონდიდან მარტის თვეში 367 332 ლარის ფარგლებში შეძენილი იქნა პროდუქტები, რომლებიც აჭარაში 7 ათასამდე პირს დაურიგეს.
„სასურსათო კალათა“ მაშინ დაურიგდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელა პენსიონერებს და საწოლს მიჯაჭვულ მოქალაქეებს.
კალათა შედგებოდა შემდეგი პროდუქტებისგან: ხორბლის ფქვილი – 5 კგ, შაქარი – 2 კგ, მარილი – 0,9 კგ, ბრინჯი – 2,4 კგ, წიწიბურა – 4 კგ, მაკარონი – 3 კგ,ზეთი – 2 ლ, შვრიის ფანტელი – 0,5 კგ.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, 20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათის შეგზავნა განახლდება, მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტების და ა.შ.
სამსახურის ცნობით, ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში, გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა). ამ მიზნით, პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ყველა ამანათის შიგთავსს დაამუშავებს სპეციალური ხსნარით.
„დეზინფექციის ამ სამუშაოს ჩატარებას გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომაც, გზავნილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწოდების მომენტიდან მისი პატიმრისთვის ჩაბარებას ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს,“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა: ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, აკრძალული იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათებისა და საფოსტო გზავნილების (გარდა წერილებისა) შეგზავნა.
„…არ გამოუკითხავთ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლები, ანუ პოლიციის მუშაკები, რომლებმაც ლაშა მ. სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე, რომელიც კომენდანტის საათის დროს ნაცემი მოქალაქის ინტერესებს იცავს.
ამ შემთხვევიდან დაახლოებით თვე-ნახევარი გავიდა, თუმცა საქმეზე, სადაც პოლიციელების სავარაუდო პასუხისმგებლობა შესაძლოა დამდგარიყო, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს პოლიციელები არც კი გამოუკითხავს, ინსპექტორი არც პოლიციელების ამოცნობით დაინტერესებულა. ნაცემ კაცს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, თავის საქმეში ჩახედვის საშუალება არ მიეცეს და არ გაიგოს, მართლა იძიებს ინსპექტორი რამეს, თუ საქმე პირდაპირ თაროზე შემოდეს.
ბათუმში მცხოვრები მოქალაქე მოუყვა „ბათუმელებს“, რომ 2 აპრილს, კომენდანტის საათის დროს, ერთ-ერთ ქუჩაზე პოლიციელებმა მას სცემეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. ამ შემთხვევაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 4 აპრილს დაიწყო. დაზარალებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ, საიდანაც გვაცნობეს, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. წერილობით მოვითხოვეთ, რომ ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა – ლ.მ. გამოთქვამდა მზადყოფნას ამოეცნო პოლიციელები, რომლებმაც მის მიმართ განახორციელეს ძალადობა. აღნიშნულზე გვიპასუხეს, რომ „საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და გარკვეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდგომ გადაწყდება ამოცნობის ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი… ამ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პაატა დიასამიძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის უფროსმა.
რა ეტაპზეა გამოძიება? – კითხვა დღესაც დავუსვით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს. უწყების პრესცენტრიდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ გამოძიება გრძელდება და დეტალებზე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.
ლაშა მ.-ს დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით საია-მ პროკურატურასაც მიმართა, თუმცა პროკურატურამ ამ სტატუსის მინიჭებაზე უარი თქვა.
„იმ პირობებში, როდესაც საგამოძიებო ორგანოების მიერ არ ხდება ლ. მ.-სთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, ის დღემდე ვერ სარგებლობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებებით. შესაბამისად, არ არის ეფექტურად ჩართული მიმდინარე გამოძიების ფარგლებში და არ გააჩნია სათანადო ინფორმაცია გამოძიების პროგრესისა თუ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე, რითაც ირღვევა მისი, როგორც დაზარალებულის უფლებები,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.
საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს სხვა საქმეებზეც, სადაც უკვე წლებია მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და გამოძიება არ სრულდება.
„ვინაიდან სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირები პოლიციის თანამშრომლები არიან, სახელმწიფო არ რეაგირებს სათანადოდ… პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული ძალისხმევა, რათა არ გაჩნდეს კითხვები სამართალწარმოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და ეფექტურად წარმართვასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნავს იურისტი პაატა დიასამიძე.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არც ბარიერთან და არც ტესტებთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ განიხილება.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი სრულფასოვნად არ მიმდინარეობს, გამოცდების ფორმატი იგივე რჩება.
„არც ბარიერთან და არც ტესტებთან დაკავშირებით ცვლილება არ იგეგმება, როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე, ისე იქნება, ანუ ჩვეულ ფორმატში ჩატარდება ეროვნული გამოცდები“, – ამბობენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ცენტრში ამ ეტაპზე არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, აბიტურიენტების განთავსების წესთან დაკავშირებით.
„ითქვა, რომ 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ უნდა განთავსდეს დახურულ სივრცეში, მაგრამ, როგორ უნდა განთავსდეს და რამდენი საგამოცდო ცენტრი იქნება, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ივნისში გახდება ცნობილი.
ჯერ არის სამუშაო პროცესი და მიმდინარეობს კონსულტაციები, რადგან ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული და იმაზე მეტს, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით“, – ამბობენ საგამოცდო ცენტრის პრესსამსახურში.
ლელა გოგავა 13 წელია გიდია. ტურისტულ სეზონზე 6-7 თვე მუშაობდა უწყვეტად და გამომუშავებულ ხელფასს მთელ წელზე ანაწილებდა. ახლა კი ლელასთვის, მისი პენსიონერი მშობლებისა და 2 სტუდენტი შვილისთვის შემოსავლის წყარო ხანდაზმულთა პენსიაა.
„გიდების ასოციაციებს, ტურიზმის დიდ ფეისბუქჯგუფებს გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავარაუდო შეღავათებზე გიდებისთვის პანდემიის პირობებში. 25 ათას ლარამდე მაქვს საბანკო ვალდებულება. თვეში 700 ლარის გადახდა მიწევს. თუ ტურიზმი არ აღდგა ან სესხები კიდევ არ გადავადდა, ივნისის ბოლოსაც არანაირი შანსი არ მაქვს ამ თანხის გადახდის. სხვა სამსახურის პოვნაც ასე სწრაფად ძალიან გამიჭირდება. სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი ვარ. ჩვენს ასოციაციაში წელს ბევრს აქვს ასეთი პრობლემა. ერთმა გიდმა ბანკის სესხი აიღო, რომ მარანი და ვენახი გაეკეთებინა. ზაფხულის შემოსავლის იმედად იყო. ბევრ გიდს აქვს სხვადასხვა საბანკო ვალდებულება, რასაც ივნისის ბოლოს შეღავათის გარეშე ვერ გადაიხდის“, – ამბობს ლელა გოგავა. მისი ყოველთვიური შემოსავალი თვეში დაახლოებით 2700 ლარი იყო, ახლა კი შესაძლოა მიიღოს ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ან მთავრობის მიერ დაანონსებული 200 ლარი 6 თვის განმავლობაში.
ლელა გოგავა – ფრანგულენოვანი გიდი
თიკოა დუღაშვილი თბილისიდან კახეთში, ახალსოფელში რამდენიმე წლის წინ გადასახლდა და ძველი სახლი ტურისტულ ადგილად აქცია. თიკას „ღვინის ეზო №1“ ახლა ტურისტებს ვერ იღებს და წელს ამ ბიზნესიდან შემოსავალი საერთოდ აღარ აქვს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, დიდი ფინანსური რისკები არ გაუწევია ტურისტული ბიზნესის დაწყებისას და საბანკო ვალდებულებებიც არ აქვს.
თიკა დუღაშვილი ტურისტებთან ერთად, ღვინის ეზო№ 1
თიკასგან განსხვავებით ფრანგულენოვანი გიდი, მარიამ გ. (ვინაობა შეცვლილია) ამბობს, რომ მთლიანადაა დამოკიდებული გიდის ხელფასზე და სამთვიანი შეღავათი ბანკებისგან დიდს ვერაფერს წყვეტს მისთვის.
„არის დაპირება მთავრობისგან, რომ გვიშუამდგომლებს ბანკებთან შეღავათებისთვის. ახლა მთავარია რა სახე ექნება ამ შეღავათებს. ძალიან ბევრი გიდია ჩემ ირგვლივ, ვისთვისაც შემოსავლის წყარო მხოლოდ გიდობაა. შემოთავაზებაა, რომ გრანტები გამოიყოს მცირე ბიზნესისთვის, ვისაც უკვე რაიმე საქმე აქვს ხელში და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ზოგს ეს პარალელური საქმე არ აქვს.
ჩემი ყოველთვიური საბანკო ვალდებულება 500 ლარია. ჩემი მრავალსულიანი ოჯახი ძირითადად ჩემზეა დამოკიდებული, დანაზოგი აქამდე მეყო, მერე რა იქნება, არ ვიცი. ტურიზმი თუ არ აღდგა, საბანკო ვალდებულებებს ვერ გადავიხდი. მართალია, ფრენები პირველი ივლისიდან აღდგება, მაგრამ ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ საკმარისად ჩამოვლენ ჯგუფები. მაქვს კავშირი ჩემს ტურისტებთან, რომლებიც ყოველ წელს ჩამოდიან თითქმის და მათი 80% ამბობს, როცა ვეკონტაქტებით, რომ მოგზაურობას წელს არ აპირებენ“, – ამბობს მარიამი.
ინგლისურენოვანი გიდი, სულხან წულუკიძე ამბობს, რომ ტურისტულ სააგენტოებს პირველი ივლისიდან ფრენების აღდგენა დიდ იმედებს აძლევს, რადგან საქართველო ახალ კორონავირუსთან კარგად მებრძოლ, ,,მწვანე ზონაშია და შესაძლოა ამან წელს ტურიზმზე კარგად იმოქმედოს.
„სლოგანიც ჰქონდათ ასეთი სააგენტოებს: ,,გადადე – არ გააუქმო“, მაგრამ ცხადია არ არსებობს გარანტიები, თუ რამდენი ტურისტი ჩამოვა და რა ინტენსივობით. არამარტო გიდები: ავიაკომპანიები, რესტორნები, სასტუმროები არიან დამოკიდებული ტურიზმზე“, – ამბობს სულხან წულუკიძე. მისი საბანკო ვალდებულება ბინის იპოთეკური სესხია, რასაც, როგორც თავად ამბობს, ივლისის ბოლომდე სავარაუდოდ გადაიხდის, მაგრამ მერე სახელმწიფო შეღავათების იმედი აქვს. სულხანი მიიჩნევს, რომ ოპტიმალური შეღავათი იქნება გიდებისთვის, თუ ხელფასის ჩარიცხვამდე გადაავადებს სახელმწიფო საბანკო ვალდებულებებს, თუმცა სხვადასხვა გიდს შესაძლოა ტურისტების ჯგუფები პირველად ჰყავდეს ივლისშივე, ზოგს სექტემბერში ან სულაც სეზონის ბოლოს.
სულხან წულუკიძე, ინგლისურენოვანი გიდი
საბანკო ვალდებულებების გადავადება მხოლოდ ერთ-ერთი საკითხია, რაც ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა მთავრობასთან შეხვედრისას დააყენეს.
სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის დამფუძნებელი, გიორგი დარციმელია ამბობს, რომ შეხვედრა მთავრობასთან საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მოლაპარაკებები გრძელდება.
შეხვედრაზე ტურიზმში დასაქმებულებმა 5 საკითხი გაიტანეს განსახილველად:
გიდების რეგისტრაცია, რომ აღრიცხვის შედეგად მიეწოდოს ცალკეული გიდის პორტფოლიო შემოსავლების სამსახურს, ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ერთი მხრივ დასაქმებულთა აღმრიცხავი და დახმარების გამცემი ორგანოა პანდემიის პირობებში.
სახელმწიფო კომპენსაციის საკითხი: ერთჯერად, 300-ლარიან დახმარებაზე დაყრდნობა შეუძლებელია, რადგან გიდების უმრავლესობა თავად არჩენს ოჯახს. შესაბამისად, მათი მოთხოვნაა ყოველთვიური 200 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში, ასევე სამუშაო პერიოდად არა 2020 წლის პირველი კვარტლის იანვარი-მარტის პერიოდი, არამედ 2019 წელი.
შუამდგომლობა საფინანსო ინსტიტუტებთან, ბანკებთან, გიდების საბანკო ვალდებულებების შესაჩერებლად, გადასავადებლად, ისე, რომ ამის გამო ჯარიმა არ დაირიცხოს.
უსაფრთხოების საკითხი: გაიხსნას ტურიზმი, ნიშნავს გიდის ვალდებულებას, მომზადებას. როგორც ტრანსპორტს, რესტორნებს აქვთ ვალდებულება პანდემიისას უსაფრთხოების, სანიტარულ-ჰიგიენური და დისტანცირების წესების დაცვის, ასევე აქვს ეს ვალდებულება გიდსაც: აუცილებელი იქნება პირბადე, ხელების დამუშავება და ა.შ. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, ბიზნესის ვალდებულებაა შესაბამისი ტრენინგი ჩაუტაროს თანამშრომლებს. საჭიროა შემუშავდეს გიდების და ტურისტების უსაფრთხოების გაიდლაინები, რითაც განისაზღვრება როგორ იმოქმედებს ტურისტული სექტორი.
ეკონომიკის მინისტრის ინიციატივით სახელმწიფო განიხილავს გიდების სერტიფიცირების აღიარების საკითხს, რაშიც საერთაშორისო დონორები და ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
როგორც შეხვედრის უშუალო მონაწილე, გიორგი დარციმელია ამბობს, უნდა აღირიცხოს რა სახის საბანკო ვალდებულებები აქვთ გიდებს და რომელ ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან.
„პრობლემის რეალური გადაწყვეტა არის გიდის დასაქმება, მისი შემოსავალი და არა 200, ან 300-ლარიანი დახმარება. ვიცით, რომ დახმარება ვერ იქნება ხელფასის ტოლი, გვესმის სახელმწიფოსი და შევთავაზეთ ალტერნატიული დასაქმების გზების ძიებაც. შესაძლებელია ორგანიზაციული პროექტების მომზადება, ინიცირება და დაფინანსების მხარდაჭერა, ინდივიდუალური საინიციატივო ჯგუფების მხარდაჭერა. მთავრობისგან მივიღეთ პასუხად, რომ დაგვაკავშირებენ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ,,აწარმოე საქართველოში“ და ა.შ.“ – ამბობს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარე.
„მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 მომხმარებელი, გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური [ერთჯერადი] მენიუ, მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა“ – საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ კვების დაწესებულებებში ქცევის წესებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
ასოციაციის განმარტებით, გაიდლაინის მიზანია, გამოკვეთოს დამატებითი ზომები, რაც უზრუნველყოფს კვების ჯაჭვის მთლიანობის შენარჩუნებას და მომხმარებლისთვის უვნებელი სურსათის მიწოდებას.
გაიდლაინი აერთიანებს მთავარ საკითხებს შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებიდან.
გაიდლაინის მიხედვით, შესაბამის დაწესებულებებს ურჩევენ:
[checklist]
უზრუნველყავით მაგიდის წინასწარი დაჯავშნა;
უზრუნველყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;
უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;
დაიცავით თანამშრომლების მითითებები;
მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
მომხმარებელთა შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა ნაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებელი; გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად;
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას დროებითი დისტანციის ბარიერი;
გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;
გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში, მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;
განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ”.