წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით დღეს სასამართლომ ბათუმის აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააჯარიმა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი ჩხვირკიას ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა მოუწევს.
ირაკლი ჩხვირკია დღეს პოლიციამ მას შემდეგ დააკავა აჭარის მთავრობის სახლთან, რაც მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრებმა ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტისკენ.
ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ბუშტებზე წარწერები გააკეთეს – რიჟვაძე მონა და რეიჟვაძე გამოდი ხალხთან.
პოლიციამ აქტივისტებს ბუშტების ჩამოხსნა მოსთხოვა, უარი კი დაუმორჩილებლობად შეაფასეს და აქციაზეც ვითარება დაიძაბა – ირაკლი ჩხვირკიაც სწორედ მაშინ დააკავეს.
აჭარის პოლიციის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ხულიგნობა. აქციის მონაწილეც, სავარაუდოდ მისი ბრძანებით დააკავეს.
„სასამართლოშიც დავადასტურე, რომ მე ვიძახდი რიჟვაძე მონას და ვიძახდი მის სამუშაო კაბინეტთან…
წინააღმდეგობის ნაწილი არ დამიდასტურდა, რადგან დაკავების მომენტში მე ვთვლიდი, რომ არ მქონდა არანაირი დანაშაული ჩადენილი და ჩემს უკანონო დაკავებას ვუწევდი წინააღმდეგობას. მოსამართლემ ჩამითვალა, რომ ჩემი პროტესტი იყო სამართლიანი. რიჟვაძის მიმართ „კომპლიმენტების“ დაძახება კი, მთელმა საქართველომ იცოდეს, რომ ღირს 500 ლარი“, – თქვა აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე სასამართლოდან დაბრუნებულმა ირაკლი ჩხვირკიამ.
ირაკლი ჩხვირკია დღეს ორი – 173-ე [პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] და 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] მუხლებით დააკავეს.
_____
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შეძახილის გამო – „მონა“ მოქალაქეები სასამართლომ დააჯარიმა. 21 ნოემბერს, ბათუმის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზეც სწორედ ამ სიტყვას იძახდნენ აქციის მონაწილეები. 5 პირი პოლიციამ მაშინაც წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა.
მოსამართლე როინ კახიძემ ხუთივე მათგანი ასევე 500-500 ლარით დააჯარიმა. საიას აზრით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით ეს არის სახიფათო გადაწყვეტილება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ხუცუბანი-ნაკაიძეები-ირემაძეები და ხუცუბანი-ძმათა სასაფლაო-ირემაძეების საავტომობილო გზის 1800 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.
რეაბილიტირებული გზით 80 ოჯახი შეძლებს კომფორტულ გადაადგილებას. პროექტი გარდამავალია და 2021 წელს დასრულდება.
ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზის 4,290 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყო.
პროექტის ფარგლებში აშენდა ორი ახალი ხიდი, მოეწყო სხვადასხვა სახის ხელოვნური ნაგებობა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.
ამასთან ასფალტის საფარი დაიგო ხალას ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრსა და საჯარო სკოლის შესასვლელთან.
აღნიშნული გზა უკავშირდება სამ ადმინისტრაციულ ერთეულს: გორგაძეებს, ხალასა და ჩაქვისთავს.
რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 980 ოჯახი.
ასევე აღნიშნული გზით ადგილობროვი მცხოვრებლები და ვიზიტორები მტირალას ეროვნულ პარკამდე შეძლებენ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
ქობულეთში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად ხორციელდება, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილია 9000 კუბ.მ. ბეტონი.
ამ დროისთვის 27 კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოწყობილია 8823 კუბური მეტრი ცემენტო-ბეტონის საფარი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჭარნალის ხიდი-ჭარნალის (ქოქოლაძეების მიმართულებით) საავტომობილო გზის 1140 მ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნული გზა სოფელ მურმანეთს და ქვედა ჭარნალს აკავშირებს, რომლითაც 500 ოჯახი ისარგებლებს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მიქელაძეების ხიდი-დევაძეების მიმართულებით საავტომობილო გზის 255 მ. სიგრძის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები და მოხდება არმირებული წესით ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება.
ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.
რეაბილიტირებული გზით 50 ოჯახი შეძლებს კომფორტულ გადაადგილებას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობდა, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილი იყო 9000 კუბ.მ. ბეტონი. საერთო ჯამში 27 კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოეწყო ცემენტო-ბეტონის საფარი.
რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ სოფელ ცხემნაში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 875 მეტრ მოანაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, სხვადასხვა ტიპის ხელოვნური და დამცავი ნაგებობები.
რეაბილიტირებული გზით 30 ოჯახი ისარგებლებს.
ცხმორისი-ზედა ცხმორისის მიმართულებით კი 2745 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, უკვე მოეწყო ხელოვნური ნაგებობები და ერთ ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
რეაბილიტირებული გზით სოფელ ცხმორისსა და ნაომვალში 200 ოჯახი შეძლებს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
წონიარისი-ვარჯანისის საავტომობილო გზის 1195 მეტრ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
უკვე აშენდა ახალი ხიდი და უახლოეს დღეებში დასრულდება ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა, შემდგომ კი დაიწყება ასფლატო-ბეტონის საფარის მოწყობა.
რეაბილიტირებული გზით სოფელში 40 ოჯახი შეძლებს კომფორტულ გადაადგილებას.
ქედაში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად ხორციელდება, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილია 9050 კუბ.მ. ბეტონი.
ამ დროისთვის 16 კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოწყობილია 5245 კუბური მეტრი ცემენტო-ბეტონის საფარი.
შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 6500 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, დამცავი ზღუდარები და საყრდენი კედლები.
შუახევი-ჩირუხის გზა გრუნტოვანია და მასზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
არსებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს დღვანის, ოლადაურისა და შუბნის თემებს.
ასევე აღნიშნული გზით ადგილობრივი მცხოვრებლები და ვიზიტორები შეძლებენ კომფორტულ გადაადგილებას ჩირუხის მთაზე.
ახალდაბა-წყაროთას მიმართულებით საავტომობილო გზის 2215 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა.
პროექტის ფარგლებში გზასთან ერთად ხელოვნური და დამცავი ნაგებობები აშენდება.
ამ ეტაპზე ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული გზა უკავშირდება ჭვანისა და ბარათაულის თემს.
რეაბილიტირებული გზით 720 ოჯახი შეძლებენ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
შუახევში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად ხორციელდება, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილია 10 000 კუბ.მ. ბეტონი.
ამ დროისთვის 28 კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოწყობილია 9200 კუბური მეტრი ცემენტო-ბეტონის საფარი.
ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-ნაეკლესვარის საავტომობილო გზის 380 მეტრ მონაკვეთზე არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოდვება.
პროექტის ფარგლებში გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე არხები დახურული ცხაურით.
რეაბილიტირებული გზით ადგილობრივები და ვიზიტორები შეძლებს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
ხულოში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად ხორციელდება, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილია 11 700 კუბ.მ. ბეტონი.
ამ დროისთვის 29 კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოწყობილია 9800 კუბური მეტრი ცემენტო-ბეტონის საფარი.
„გვამუშავეს და ხელფასი არ მოგვცეს. ასაღები გვაქვს 27 ათასი ლარი, სულ 15 მუშა ვართ,“ – ამბობს ლევან კილაძე. ის გონიოში სასტუმროს მშენებლობაზე მუშაობდა. 16-სართულიან სასტუმროს გონიოში კომპანია „ლაბაუ გონიო“ აშენებს. ეს კომპანია სასტუმრო „მგზავრებსაც“ ფლობს, რომლის გვერდითაც მშენებლობა მიმდინარეობს. „ლაბაუ გონიოს“ მესაკუთრე დავით ცერცვაძეა. ის ერთ-ერთ კომპანიაში პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთან ერთად აქციებს ფლობს.
„ჩვენ აქ 10 სართული ავაშენეთ, სულ იწელებოდა სამუშაოები მათი მიზეზით, მასალების მოტანას აგვიანებდნენ და ხელფასსაც ნაწილ-ნაწილ გვიხდიდნენ,“ – გვიყვება ლევან კილაძე, რომელიც მშენებლობაზე აღარ მუშაობს. – „გვეუბნებოდნენ, რომ ერთი სართული 15 დღეში უნდა დასრულდესო. ჩვენ კი ვასწრებდით, მაგრამ არმატურა არ მოგვიტანეს, მერე სამი დღე კრანი ვერ მოიყვანეს… მეათე სართული როცა დავამთავრეთ, ისევ ჰქონდათ დავალიანება – დაახლოებით 27 ათასი ლარი. ვუთხარით, რომ ჯერ გაკეთებული საქმის ფული გადაეხადათ და შემდეგ გავაგრძელებდით საქმეს. მთავარმა ინჟინერმა გვითხრა, გაიწელა საქმე და დაგვაჯარიმეს, აღარ გვიხდიან ფულსო… ჩვენ ორი დღე შევაჩერეთ მუშაობა და სხვები მიიყვანეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან კილაძემ.
ხელოსნების თქმით, მათ კომპანიიდან მხოლოდ მთავარ ინჟინერთან, ზაზა იჭირაულთან ჰქონდათ ურთიერთობა. ზაზა იჭირაულის თქმით კი, ხელოსნებმა წინასწარ მოითხოვეს ოქტომბრის ხელფასი, რის შემდეგაც სამუშაოები ვეღარ ჩატარდა, კომპანიამ დააჯარიმა და მათთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
„დაგვაჯარიმეს საქმის გაჭიანურების გამო, რადგან მუშები აღარ მუშაობდნენ… სექტემბერში იმუშავეს, აიღეს ხელფასი და ოქტომბერში წინასწარ მოითხოვეს ხელფასი. კომპანიაში მე მომთხოვეს პასუხი და გამათავისუფლეს. მუშები არასწორად მოიქცნენ… არც მე და არც დანარჩენებს ოქტომბრის ხელფასი აღარ აგვიღია. დაახლოებით ნახევარი თვე ვიმუშავეთ ოქტომბერში, ასე გამოვიდა,“ – გვითხრა ზაზა იჭირაულმა.
მთავარი ინჟინერი ხელოსნებს მხოლოდ იმ ნაწილში ეთანხმება, რომ მათთან კომპანიას ხელშეკრულებები გაფორმებული არ ჰქონდა.
კომპანიაში „ლაბაუ გონიო“ ადასტურებენ, რომ მუშებს ხელფასი მართლაც დაუკავეს და არც ხელშეკრულებები ჰქონიათ წერილობით გაფორმებული. კომპანიაში განმარტავენ, რომ ხელოსნები სამუშაოების გაჭიანურების გამო დააჯარიმეს.
„ნაკლები სამუშაოები იყო შესრულებული, ვიდრე უნდა გაკეთებულიყო, ისინი ნაკლები ოდენობით მუშაობდნენ… რეალურად დაზარალდა ჩვენი კომპანია, რადგან ჩვენ ბანკთან შეთანხმებული გრაფიკში ჩამორჩენა გვაქვს. ჯგუფის უფროსს მიეცა გაფრთხილება რამდენჯერმე, რადგან არ მუშაობდნენ სათანადო ტემპებით… ხელშეკრულებები არ გვქონდა, მაგრამ სიტყვიერი ხელშეკრულებაც ხელშეკრულებაა. ჩვენ ბევრად დიდი ზარალი მივიღეთ, ვიდრე ეს ჯარიმა იყო. საბოლოოდ მათი დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო კომპანიამ… დოკუმენტებს ვერ გაჩვენებთ, ეს არაა საჯარო ინფორმაცია,“ – გვიპასუხა კომპანია „ლაბაუ გონიოს“ გაყიდვების ხელმძღვანელმა, მადლენა მანუსაჩიანმა.
„ბათუმელებმა“ სცადა დავით ცერცვაძესთან დაკავშირებაც, რომელიც „ლაბაუ გონიოს“ მესაკუთრეა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
ამ მშენებლობის შესახებ „ბათუმელები“ 2019 წლის ივნისში წერდა, მაშინ სასტუმროს მხოლოდ სამი სართული იყო აშენებული. სასტუმრო ზღვის პირას, პრომინადთან ახლოს შენდება. „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ამ დროისთვის სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევა დააფიქსირა: სამშენებლო ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო სამშენებლო ღობით, არც უსაფრთხოების ბადით იყო მშენებლობა შეფუთული. სამშენებლო მოედანზე არც საინფორმაციო დაფა იყო, რაც კანონით სავალდებულოა. ეს კომპანია მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს კიდეც.
მშენებლობას თავდაპირველად კომპანია „გონიო 5 მგზავრებისგან“ აწარმოებდა. 2020 წლის ივლისში ამ კომპანიას სახელი შეუცვალეს და მას „ლაბაუ გონიო“ უწოდეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი დავით ცერცვაძეა. მან კომპანია „ბათუმი ბულვარ საიდთან“ ერთად თავისი სასტუმროების ქსელში საერთაშორისო ბრენდი „ბესტ ვესტერნი“ შემოიყვანა. „ბათუმი ბულვარ საიდის“ ერთ-ერთი აქციონერი კი დეპუტატი ბექა ოდიშარიაა.
„დავით ცერცვაძე არ არის ჩემი ბიზნესპარტნიორი, ის აქციებს ფლობს უბრალოდ,“ – ეს ფრაზა რამდენჯერმე გაიმეორა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრის დროს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ბექა ოდიშარიამ.
პარლამენტარი განმარტავს, რომ სასტუმრო „მგზავრებთან“, ასევე მის გვერდით მიმდინარე მშენებლობასთან შეხება არ აქვს.
„უჩივლონ დავით ცერცვაძეს თუ ასეა, უჩივლონ რა… მე „მგზავრებთან“ კავშირი არ მქონია და არც მექნება, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გთხოვთ, ეს დაწეროთ. თუ იტყვით, რომ ბექა ოდიშარიას პარტნიორი აშავებს, ეს არაა სწორი. მე არაფერს არ ვაშენებ… ჩემი სახლი იყო მაქ, რომელიც მერე გაიყიდა, ეს არის მთელი ანატომია. 80 აქციონერია მანდ, ყველა კი არ ვიცი… დათო ცერცვაძეს რაღაც პერიოდი ვხვდებოდი, როცა შეისყიდა აქციები, ორი წელიწადია ნანახი არ მყავს საერთოდ,“ – გვიპასუხა ბექა ოდიშარიამ.
ხელოსნები კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.
შენიშვნა: სტატიის თავდაპირველი სათაური იყო „უხელფასოდ გვამუშავა“ – მუშები მშენებელზე, რომელიც დეპუტატთან ერთად აქციებს ფლობს“.
სტატია შეიცავდა კიდევ ერთ უზუსტობას: ბექა ოდიშარიას სახლი ჰქონდა ბათუმში და არა გონიოში.
საქართველო ახალ წელს ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლითა და ახალი შეზღუდვებით ხვდება. პანდემიის გამო სხვადასხვა ღონისძიებაში და კოვიდის სამართავად ქვეყნის ბიუჯეტიდან 2020 წელს ჯამში 2 მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა.
ჯერ კიდევ არ არის დათვლილი დაახლოებით რამდენ თანხას დახარჯავს სახელმწიფო ამ კუთხით 2021 წელს, თუმცა პრემიერის განცხადებით, მოსახლეობის სოციალური დახმარებისა და „ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტისთვის“ 1,1 მილიარდი ლარი გამოიყოფა.
მთავრობამ მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც „2020 წელს მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერისთვის 1,04 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს, ეკონომიკისთვის/მეწარმეთა მხარდაჭერისთვის 1,76 მილიარდი ლარი, ხოლო უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას და პანდემიასთან ბრძოლას 350 მილიონი ლარი უნდა მოხმარდეს“.
კოვიდკლინიკები
იმ დოკუმენტების მიხედვით, რაც „ბათუმელებმა“ მოიძია, კოვიდის მართვის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტო ხელშეკრულებებს აფორმებდა საავადმყოფოებთან. სააგენტოს, სხვადასხვა დროს, კლინიკებისთვის ჯამში 84 527 508 ლარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული საწოლადგილების მობილიზებასა თუ სხვა შესაბამის მომსახურებაზე.
ხელშეკრულებების მიხედვით, კოვიდსაავადმყოფოს სახელმწიფო დღეში 100-120 ლარს უხდის 1 საწოლზე.
2020 წლის 19 ნოემბრიდან კი, „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“ მთავრობამ ცვლილება შეიტანა და ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებას დაავალა, რომ თუ მათთან მყოფი პაციენტი კოვიდით დაინფიცირდება, ამავე სტაციონარში თავად უმკურნალოს. სტაციონარი ასევე ვალდებულია, თავად უმკურნალოს მისსავე სამედიცინო პერსონალს, დაინფიცირების შემთხვევაში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები საკარანტინო სივრცეში მომუშავე მედპერსონალთანაც [ექიმები, ექთნები] ჯამში 4 628 283 ლარზე.
ამ ხელშეკრულებების მიხედვით, საკარანტინო ზონაში მომუშავე ექიმის ანაზღაურება, 24 საათში არის 162,5 ლარი, ხოლო ექთნის – 100 ლარი. ამასთან, თუ ექიმს საველე პირობებში მოუწევს მუშაობა, მას 24 საათში 212,5 ლარს გადაუხდიან [ამ თანხაში შედის საშემოსავლო გადასახადიც].
კარანტინი
საკარანტინო სივრცეები, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობამ მარტის თვიდან შექმნა და ქვეყანაში შემოსული მოქალაქეებისთვის კარანტინის გავლა სავალდებულო გახადა, რისთვისაც მილიონობით ლარი დაიხარჯა და იხარჯება ბიუჯეტიდან.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ხელშეკრულებები 100 მილიონამდე ლარზეა გაფორმებული, საიდანაც თითქმის 80 მილიონამდე ლარი უკვე დაიხარჯა. უშუალოდ სასტუმროებთან კი, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ხელშეკრულებები 73,3 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული.
პირველ ეტაპზე სავალდებულო კარანტინი 14-დღიანი იყო. საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული პირის იზოლაციაში გადასვლა [PCR კვლევის საფუძველზე] და არა კარანტინში, მთავრობამ მხოლოდ 21 ოქტომბრიდან შემოიღო. პარალელურად, სავალდებულო კარანტინიც ძალაშია.
მთავრობის განკარგულებით, სავალდებულო კარანტინისთვის და კოვიდსასტუმროებში პაციენტთა ტრანსპორტირებისთვის, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით 35 მილიონი ლარი ბოლოს, 6 ნოემბერს გამოეყო.
მთავრობის ანგარიშის მიხედვით, სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე წარმოადგენდა მოლაპარაკების საგანს [2020 წლის 10 მარტიდან 21 მარტამდე]. 21 მარტიდან კი „ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსთვის ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას – 59 ლარს [დღგ-ს ჩათვლით], საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსთვის შეადგენს 25 ლარს“.
მიუხედავად მთავრობის ამ განცხადებისა, „ბათუმელებმა“ გადაამოწმა 21 მარტის შემდეგ გაფორმებული რამდენიმე ხელშეკრულება, საიდანაც ჩანს, რომ ეს „ერთიანი ტარიფი“ სხვადასხვა სასტუმროსთან მიმართებით ერთნაირი არ არის.
მაგალითად, სექტემბერში „სასტუმრო ანაკლიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით ერთი ოთახის დღიური ღირებულებაა 55 ლარი, რასაც კვებისა [25 ლარი] და დეზინფექციის თანხაც ემატება. ანუ, ჯამში – 80 ლარი და 25 თეთრი, რაც 20 ლარით აღემატება „ერთიან ტარიფს“.
„ჰოტელ კრუიზთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით კი, ეს თანხა ტარიფის ფარგლებშია – ჯამში 59 ლარი და 18 თეთრი. 59 ლარი და 25 თეთრია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ შემთხვევაში.
სასტუმრო ანაკლიასთან 28 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულებიდან/მომსახურების გაწევის ადგილი: ბათუმი , სასტუმრო „სითი ჰოტელი”.
2020 წლის მარტში კი, მაგალითად, „კურორტ საირმესთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, ბიუჯეტი სასტუმროს დღეში ერთ პირზე 170,25 ლარს უხდიდა, ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულებით კი – 80,25 ლარს.
„კურორტ საირმესთან“ 2020 წლის 13 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებიდან„კურორტ საირმესთან“ 2020 წლის ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულებიდან
მარტო ამ ხელშეკრულებების მიხედვით, სახელმწიფოს მაგალითად მარტში 1 პირის 14 დღით კარანტინში ყოფნა 2 383 ლარი და 50 თეთრი უჯდებოდა, ხოლო ნოემბერში, 8 დღით – 642 ლარი. თუმცა, ამას ტრანსპორტირების და ტესტირების ფასიც უნდა დაემატოს, ვინაიდან გარდა სასტუმროში განთავსებისა და კვებისა, სახელმწიფო აფინანსებდა მოქალაქეების გადაყვანას კარანტინში და შემდეგ ბინაზე, კარანტინის დასრულებამდე კი, მათ ტესტირებასაც უკეთებდა.
მთავრობის ანგარიშის მიხედვით, 22 მაისისთვის საკარანტინო ზონაში შედიოდა 84 სასტუმრო, საკარანტინო ზონებისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ანგარიშში მთავრობა მიუთითებს, რომ საკარანტინო ზონების მოწყობაზე მოლაპარაკებას თავიდან 300-ზე მეტ მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან აწარმოებდა:
„საკარანტინო სივრცედ სასტუმროს შეჩევის პროცესში მთავრობა ეყრდნობოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კრიტერიუმებს, მათ შორისაა:
სასტუმროს მზაობა პროექტში ჩართვისა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობისათვის. სამუშაო პროცესში სასტუმროების ნაწილმა განაცხადა უარი;
სასტუმროს ადგილმდებარეობა – პრიორიტეტი ენიჭებოდა აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან ახლოს მდებარე განთავსების ობიექტებს; ასევე, მჭიდროდ დასახლებული ადგილებისაგან მოშორებით მდებარე ობიექტებს. თუმცა, მოგვიანებით, განსათავსებელი ნაკადის ზრდასთან ერთად, საკარანტინო სივრცეებად გამოსაყენებელ სასტუმროთა მდებარეობა გასცდა ზემოხსენებული პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრულ არეალს;
ასევე სავენტილაციო სისტემა; საჭირო ინფრასტრუქტურა და მომსახურება [მათ შორის სამჯერადი კვება]; ადამიანური რესურსის ადგილზე მობილიზება საკარანტინო სივრცეებისთვის საჭირო სერვისის უზრუნველსაყოფად“.
მიუხედავად კარანტინისა, ვირუსის გავრცელების მასშტაბის შემცირება ქვეყანაში მაინც ვერ მოხერხდა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ მთავრობა იძულებული გახადა საკარანტინო ზონები კოვიდსასტუმროებად გადაეკეთებინა, ათასობით ინფიცირებული კი სამკურნალოდ ბინაზე დაეტოვებინა. სამედიცინო სერვისების მიღება საავადმყოფოებში არაკოვიდინფიცირებული პაციენტებისთვისაც პრობლემა გახდა, ხოლო სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეაჩერა.
საკარანტინო ზონების პროექტს თავად მთავრობა ასე აფასებს: „[პროექტმა] უზრუნველყო როგორც [სასტუმრო] სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება… ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ.“
გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები
პანდემიის პირობებში საბიუჯეტო ორგანიზაციები შესყიდვებს ძირითადად უტენდეროდ ახორციელებენ. მარტო 2020 წლის 1-ლი მარტიდან 2020 წლის 22 მაისამდე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ორგანიზაციის 1 477 მომართვაზე გაიცა თანხმობა გამარტივებულ შესყიდვაზე.
„მთლიანი მომართვების 90% შეეხებოდა COVID19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვას [სახის დამცავი პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, სპეციალური ეკიპირებისთვის საჭირო კომბინიზონები, თერმოსკრინინგისთვის აუცილებელი მოწყობილობები, მედიკამენტები, შენობის დეზინფექციის მომსახურება, საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად საჭირო ტრანსპორტის დაქირავების მომსახურება, კვებითი მომსახურება და სხვ. – ჯამური ღირებულება 94 562 594 ლარი]“, – აღნიშნულია მთავრობის ანგარიშში.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გაზაფხულიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, გამარტივებული წესით 6 503 906 ლარის და 1 329 680 აშშ დოლარის დამცავი საშუალებები [ქირურგიული ხალათი, ერთჯერადი ქუდები, პირბადეები, კომბინიზონები, ბახილები] და სადეზინფექციო ხსნარი შეიძინა; ამავე წესით შეძენილი იქნა ასევე 971 550 ლარის სამედიცინო მოწყობილობები და 930 ათასი ლარის სადიაგნოსტიკო ტესტ სისტემა.
რა რაოდენობის ტესტი იქნა შემოტანილი საქართველოში [როგორც PCR, ასევე სწრაფი ტესტები], რამდენი იყო მათ შორის ჰუმანიტარული, რამდენი – შეიძინა სახელმწიფომ [და ჯამში რა თანხა დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან] – ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ არ მოგვაწოდა. ინფორმაცია უწყებიდან ოფიციალირად 11 სექტემბერს გამოვითხოვეთ.
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა შესყიდვების სააგენტოდან 19 ნოემბერს მიიღო თანხმობა 1,5 მილიონი ლარის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და აპარატურის უტენდეროდ შესყიდვაზე.
„ვინაიდან, კოვიდსასტუმროები განთავსებულია არაპროფილურ სივრცეებში, სასწრაფოდ, გადაუდებლად მოსამარაგებელია აღნიშნული სივრცეები შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით და საკარანტინე სივრცეებში [კოვიდ სასტუმროებში] განთავსებული სამედიცინო პერსონალის ინდ. დაცვის საშუალებებით“, – აღნიშნულია ჰოლდინგის განაცხადში.
დოკუმენტების მიხედვით, პანდემიის პერიოდში, საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამარტივებული გზით შეისყიდა ჯამში 9 908 485 ლარისა და 59 760 აშშ დოლარის სადიაგნოსტიკო სამედიცინო სახარჯი მასალები, სადიაგნოსტიკო ტესტები, პირადი დაცვის აღჭურვილობა და კორონავირუსის პჯრ მეთოდით დიაგნოსტიკისთვის საჭირო ტესტები.
გამარტივებულ შესყიდვაზე, 1-ლი მარტიდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, შესყიდვების სააგენტოში სახელმწიფო ორგანიზაციებიდან ჯამში 4 164 განაცხადია შესული.
ბოლო პერიოდში გახშირდა გამარტივებული შესყიდვებით მედიკამენტების, სამედიცინო ინვენტარისა და მოწყობილობების შეძენა. ასევე პანდემიის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა მომსახურებების შესყიდვა, არამარტო სახელმწიფო, არამედ მუნიციპალიტეტების და აჭარის ბიუჯეტიდანაც.
სესხი და გრანტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფომ სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციისგან ჯამში 540 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიარდ 59 მილიონ 790 ათასი ევრო ისესხა. ოქტომბრის მონაცემებით სახელმწიფო დამატებით 75 მილიონი ევროს ოდენობის გრანტზეც აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
„ბათუმელებისთვის“ სამინისტროდან მიღებული წერილის მიხედვით, აღნიშნილი თანხა მოხმარდება როგორც პანდემიასთან ბრძოლას ქვეყანაში, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს.
მთავრობის ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება „პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ, რის შედეგადაც, პურზე ფასი არ გაიზრდება. პროგრამა 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე იმოქმედებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით კი ქვეყანაში ხორბლის მარაგები არსებობს და ამ კუთხით პრობლემა არ შეიქმნება. „მთავრობის გადაწყვეტილებით, 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ხორბლის ერთი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განისაზღვრა და სახელმწიფოს სუბსიდირება 50-კილოგრამიან ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა იქნება. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 10 მილიონამდე ლარით განისაზღვრა.“
პურზე ფასის შენარჩუნება, რომ სუბსიდიის გარეშე ვერ მოხერხდება, ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ და პურის მრეწველთა კავშირმა საქართველოს მთავრობას უკვე მიმართეს.
ჯამში 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი პანდემიის დასაწყისში ვალუტის კურსის ცვლილების გამო რამდენიმე სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის შესაჩერებლად და ცალკე ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის.
„ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტებით კი, ამ მიზნით ბიუჯეტიდან 1 156 437 ლარი და 1 396 500 აშშ დოლარი დაიხარჯა. სახელმწიფო სუბსიდია, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიიღეს იმ კომპანიებმაც, რომლებიც ან რომელთა მეწილეებიც „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან.
„ბათუმელებმა“ სურსათზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი სააგენტოდან 2020 წლის 14 აპრილს გამოითხოვა. სააგენტომ კი პასუხი სამი თვის შემდეგ, 24 ივლისს მოგვაწოდა.
სააგენტოს პასუხიდან გამომდინარე, გაურკვეველია კონკრეტულად რა სახეობის და რა ოდენობის პროდუქცია შემოიტანეს კომპანიებმა საქართველოში პროგრამის ფარგლებში. ეს ინფორმაცია კი, საჭირო იყო იმის დასადგენად, შენარჩუნდა თუ არა ამ პროდუქტებზე ფასები.
თუმცა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ოქტომბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელი მარტის თვესთან შედარებით 1,7-ით გაიზარდა და 5,4-ია, ნაცვლად 3,7-ისა. გაძვირდა პურის ფქვილიც.
2020 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 3.9%-ით შემცირდა. საქსტატის წინასწარი ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 5.1%-ით არის შემცირებული.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციითვე, თუ 2019 წლის ბოლოს 204 800 ადამიანი იყო უმუშევარი, 2020 წლის სექტემბრისთვის ეს მაჩვენებელი 219 ათასამდე გაიზარდა.
გარდა დასაქმებულებისა, რომლებმაც სამსახური პანდემიის პირობებში დაკარგეს, ან უხელფასოდ დარჩნენ, ქვეყანაში წელს დამატებით 251 690 თვითდასაქმებული ითხოვდა კომპენსაციას, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების გამო, შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
[toggle title=”რა სოციალური დახმარების და ბიზნესის მხარდამჭერი პაკეტი დააანონსა მთავრობამ 2021 წლისთვის, ნახეთ აქ:“]
„კომუნალური ხარჯების სუბსიდირება – 4 თვის (ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით) განმავლობაში განხორციელდება კომუნალური ხარჯების სუბსიდირება (200 კვტ/მ3-მდე მოხმარება). ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა იქნება 1 მილიონი ოჯახი. ბიუჯეტი 270 მლნ ლარი;
1200 ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის – ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 125,000 პირი. ბიუჯეტი – 150 მლნ ლარი;
საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში.
რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 515 მლნ ლარს შეადგენს:
საშემოსავლო გადასახადის შეღავათი – 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერი-მაისის პერიოდში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა: 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებული. ბიუჯეტი – 260 მლნ ლარი.
ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის – ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული ქონება) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ბიუჯეტი – 45 მლნ ლარი;
2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა – განხორციელდება ტურიზმის სექტორში (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები) 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ბიუჯეტი – 20 მლნ ლარი;
გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 3700 კომპანია;
მიკრო გრანტების პროგრამა – მიმდინარეობს მეწარმეობის მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც ათასობით ახალ ბიზნესპროექტს დააფინანსებს (2020 წლის პროგრამა). ბიუჯეტი – 40 მლნ ლარი;
საკრედიტო-საგარანტიო ფონდი – 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სახსრების მოზიდვაში. ბიუჯეტი – 100 მლნ ლარი;
საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდებათ საქმიანობა დეკემბერი-იანვრის პერიოდში.
ჯამში, ახალი პაკეტის მთლიანი ბიუჯეტი 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს“.
[/toggle]
30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 135 584-ს.
„საქართველოს რეგიონებში სკოლები პირდაპირ სწავლებაზე დატოვეს, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალეს, ის მასწავლებლები, რომლებიც რეგიონის სკოლებში სამუშაოდ თბილისიდან დადიოდნენ, ვეღარ მიდიან და სრული პარადოქსული სიტუაციაა. არც დისტანციურზე გადაჰყავთ სკოლები და არც ტრანსპორტია, რომ ასეთ სკოლებში პედაგოგებმა იარონ“, – წერს „ბათუმელებს“ ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი.
დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე ავტომანქანით შეზღუდულია საღამოს 21:00 საათიდან, დილის 05:00 საათამდე. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების გამო ადამიანები ვერ ახერხებენ ტაქსით გადაადგილებას, რადგან ეს დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს ჰკითხა, როგორ უნდა ჩაატარონ იმ პედაგოგებმა გაკვეთილები, რომლებიც თავიანთი სკოლებიდან შორს ცხოვრობენ და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების გამო გადაადგილება არ შეუძლიათ?
განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ ყველა სკოლის ადმინისტრაცია ინფორმირებულია სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადატანასთან დაკავშირებით.
„ნებისმიერი სკოლიდან, სადაც ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს საკლასო ოთახებში და გარკვეული მიზეზის გამო მშობლებსა და მასწავლებლებს აქვთ სურვილი სწავლა გადავიდეს დისტანციურზე, სამინისტრო ყველა ასეთ მოთხოვნას აკმაყოფილებს. დეტალურ ინსტრუქციებს კი ყველა სკოლა მიმდინარე კვირაში მიიღებს“, – გვითხრეს სამინისტროში.
ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ბოლო მონაცემებით, საქართველოს 8 დიდ ქალაქშია შეზღუდული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ამდენივე ქალაქის სკოლებშიც სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.
ბათუმის დაბალსართულიან, პატარა სახლებსა და მყუდრო, ხეებითა და ვაზით დაჩრდილულ ეზოებს წლებია ნაცრისფერი, მაღალი კორპუსები ენაცვლება. ბათუმი იცვლება, თუმცა ეს ცვლილებები ხშირად ძველ ბათუმს, ქალაქის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას განადგურებით ემუქრება.
თითქმის ყოველ ჯერზე, როცა ბათუმში ძველი, ისტორიული შენობის დანგრევაზე ან ქალაქის ხედის მნიშვნელოვან ცვლილებაზე იწყება საუბარი, ბათუმში ისმის სამოქალაქო აქტივისტების ხმა, რომლებიც ქალაქის დასაცავად იბრძვიან ყველგან – ქუჩაში, სასამართლოში, მერიაში, საკრებულოს თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გამართულ სხდომებზე.
რა ამოძრავებთ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავენ, თავიანთ თავისუფალ დროს ქალაქის საკრებულოს სხდომებზე ატარებენ და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სამართლებრივ გზებს ეძებენ?
„სამოქალაქო აქტიურობა არის შინაგანი ვალდებულება. აი, დღეს ხარ შენ და რა ხდება მომავალში? რას უტოვებ შვილებს, მომავალ თაობას? ეს რომ შენდებოდა, შენ რას აკეთებდიო, მომავალი თაობა რომ გკითხავს, რას უპასუხებ? თუ არაფერს გააკეთებ, მოგიწევს უთხრა, რომ მე ვიჯექი სახლში, ვსვამდი ყავას, ვუყურებდი ტელევიზორს… ჩემს საქმეს ვაკეთებდი და მე ეს არ მეხებოდა. მე ასე ვერ მოვიქცევი.
ამ ქალაქის ისტორიისადმი, წარსულისადმი ჩემმა განწყობამ მიმახვედრა, რომ აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი გარეთ და გამეპროტესტებინა ყველაფერი, რაც არ მომწონდა,“- ამბობს სალომე ცეცხლაძე, სამოქალაქო აქტივისტი.
სალომე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც წლებია ბათუმის დასაცავად იბრძვის.
ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად სამოქალაქო აქტივისტებმა ბრძოლა ბათუმში დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყეს და ეს ბრძოლა პირველ რიგში საზოგადოება „ბათომის“ სახელს უკავშირდებოდა.
შოთა გუჯაბიძე საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.
შოთას ბრძოლა არ არის ერთჯერადი. იგი წლებია ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, ცალკეული შენობების, სივრცეების გადარჩენას ცდილობს.
შოთა ამბობს, რომ ყველა სამართლებრივი გზით იბრძვის:
„ბევრ ფრონტზე ვიბრძვი. ვიბრძვი ქუჩაში, აქციებით. ვმართავ საჯარო შეხვედრებს ხელისუფლებასთან და მაქვს საჯარო გამოსვლები. ვიყენებ სოციალურ ქსელს ინფორმაციის გასავრცელებლად. ვთანამშრომლობ მასმედიასთან – იქნება ეს ტელევიზიები თუ ინტერნეტგამოცემები. ვიბრძვი სამართლებრივი გზებით ამ ქალაქის ისტორიის დასაცავად.
როცა ბრძოლის სამართლებრივ გზას ვირჩევთ, ხშირ შემთხვევაში წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება ბევრი არც არაფერი გამოვიდეს ამ საქმიდან. იმიტომ, რომ რადგან ამ ხელისუფლების პირობებში ის მოხდა, რომ დანაშაული მოხდა, მერე ძალიან ცოტა შანსია, რომ იმავე ხელისუფლებამ გაგამართლოს.
მაგრამ არჩევანი არ გაქვს, სხვა გზა არ გაქვს.
სამართლებრივი ბრძოლა ბევრ რთულ კომპონენტთან არის დაკავშირებული. იგივე კვალიფიციური ადვოკატის პოვნა რთულია, რადგან ძალიან სპეციფიური ცოდნა სჭირდება. ასევე ფინანსები. თითქმის არაფერზე ძალიან ბევრი თანხა მიდის. რეალურად ეს ფული არც გვაქვს, მაგრამ რეალურად სხვა გზა არ გრჩება, გარდა იმისა, რომ სამართლებრივად იბრძოლო,“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე, რეჟისორი და სამოქალაქო აქტივისტი.
შოთა გუჯაბიძე. აქცია „არა ბათუმის ჩაბეტონებას“ ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
ბათუმს დღემდე არ აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა. პროტესტის მიუხედავად ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსები მაინც შენდება, კულტურული ღირებულების მქონე სახლები მაინც ინგრევა. თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც მოქალაქეების შეუქცევადმა პროტესტმა შედეგი გამოღო.
თეონა დიასამიძე ერთ-ერთია იმ ბათუმელთაგან, რომელიც ბათუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის – კაფე „ფანტაზიას“, იგივე რვაფეხასგადარჩენისათვის ბრძოლაში ჩაერთო. პერმანენტულმა აქციებმა, რომელსაც აქტივისტები მართავდნენ, შედეგი გამოიღო. ბათუმელმა ახალგაზრდებმა ბათუმს რვაფეხა შეუნარჩუნეს.
თეონა დიასამიძე
„ჩემი შვილი ძალიან პატარა იყო, როდესაც ხელში აყვანილი მოვიყვანე აქ და ერთად ვიცავდით რვაფეხას. ახლა უკვე გაიზარდა. ერთად მოვდივართ და ნაყინს ვჭამთ ხოლმე იმ კაფეში, რომლის გადარჩენაც მოვახერხეთ. გადარჩენილი „რვაფეხა“ არის მაგალითი, რომ ბრძოლა ღირს,“ – იხსენებს თეონა და აგრძელებს:
„ახლა მე ამისთვის რატომ უნდა ვიბრძოლო? რატომ უნდა ვაპროტესტო?“ – ხშირად მომისმენია ეს სიტყვები ჩემი თაობის ადამიანებისგან, მეგობრებისგან… მე კი ვფიქრობ და ეს არის ჩემი აქტივიზმის მთავარი მოტივაცია, რომ ჩემი სივრცე არ არის მხოლოდ ჩემი სახლი, არ არის ჩემი სახლის წინ პატარა ეზო. ჩემი სივრცე არის მთლიანად ეს ქალაქი, ეს ბულვარი, ეს შენობა. აი, ამიტომ უნდა გავაპროტესტო“.
„რვაფეხა“ ერთადერთი არ არის, რომლის გადარჩენა სამოქალაქო აქტივისტებმა შეძლეს ბათუმში. კიდევ უფრო გახმაურებული იყო ბათუმის ბულვარის დასაცავად გამართული აქციების სერია, რომელმაც შედეგი გამოიღო და იმის ნაცვლად, რომ ბულვარის მწვანე ზოლში კაფე-ბარები და ხელოვნური ჩანჩქერის განთავსებულიყო, ბათუმის ძველ ბულვარში სამივე ხეივნი შენარჩუნდა.
ბრძოლა ბათუმის გადასარჩენად ყოველ ჯერზე გამარჯვებით ვერ სრულდება, თუმცა სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ იყვნენ გულგრილნი, გაჩერდნენ, როცა ხედავენ, რომ ქალაქს მათი ხმა, მათი დაცვა სჭირდება.
„სახლი რომ ავაშენეთ ადრე, გზა არ გვქონდა. ბილიკი იყო მხოლოდ. ზამთარში თხილამურებით დავდიოდით. ზურგით ამოგვქონდა ტვირთი, ოჯახს რაც სჭირდებოდა. გზა როცა გავაკეთეთ ცოტა გაადვილდა ცხოვრება, ადვილად გავიარეთ, მაგრამ მანქანა ვერ ამოდიოდა. ახლა ბეტონიც რომ დაიგო, მანქანა კარებთან მოდის, გარეგანათებაც გაკეთდა და ამ კუთხით დაძაბულობა რაც იყო, აღარ არის“, – ამბობს ნაზიკო ქათამაძე, რომელიც 60 წელია სოფელ ჭვანაში ცხოვრობს.
სოფელი ჭვანა
ჭვანა შუახევის მაღალმთიანი სოფელია, სადაც 70 ოჯახი ცხოვრობს. სოფლის შიდა გზაზე, იმ მონაკვეთებში, რომლებიც ყველაზე უფრო პრობლემული იყო, ბეტონის საფარი მოსახლეობამ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით დააგო.
სოფლის ზოგ უბანში გზა უშუალოდ ტყეში გადის, სადაც გადაადგილება, როგორც ადგილობრივები ამბობენ, საღამოს სახიფათო იყო, ნადირის გამო.
ნაირა ბერიძე
„სადმე თუ წავიდოდი და შემაგვიანდებოდა, საღამოს ოჯახის წევრები მხვდებოდნენ სოფლის ცენტრში და ისე მოვდიოდი სახლში. გზის ერთი მონაკვეთია, 15 წუთის სავალია ჩემს სახლამდე, მაგრამ განათება როცა არ იყო, გადაადგილება მეშინოდა. ზოგჯერ, ზამთარში, როცა ადრე ვერ გამოგვყავდა ბავშვები ბაღიდან, საღამოს მარტო ვეღარ მივდიოდით დედები… ახლა გარეგანათება რომ დამონტაჟდა, ეს შიშის გრძნობა აღარ მაქვს“, – გვეუბნება ნაირა ბერიძე.
გარეგანათება ჭვანის ორ უბანში მოსახლეობამ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მოაგვარა. პროექტში შუახევის მერიაც იყო ჩართული.
ნაზიკო ქათამაძე
„ახლა გზები არის, განათებაც, მაგრამ სოფელი მაინც არავის უნდა. ახალგაზრდებს ბათუმი, ბინები უნდათ“, – ამბობს ნაზიკო ქათამაძე.
ახალგაზრდებს სოფელში ცხოვრების მეტი სტიმული რომ ჰქონდეთ, მათთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის ფარგლებში ამჯერად კომპიუტერული ტექნიკა შეიძინა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის სახლსაც. პროექტში ჩართულია ორგანიზაცია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიც.
„ეს ტექნიკა შესაძლებლობას მისცემს სოფელს, რომ მოაწყოს სოფლის სახლში კინოკლუბი, კარაოკე, დისკოტეკა, ან გამოიყენოს ეს ტექნიკა სხვადასხვა ღონისძიების დროს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეიძლება ამ ტექნიკის გადატანა, შესაბამისად, როდესაც მოსახლეობა მიდის მთაში, შესაძლებელია იქვე გამართოს ადგილზე ღონისძიებები“, – ამბობს ასლან ჭანიძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი.
ჭვანის სოფლის სახლის დარბაზი და ელექტროტექნიკა, რომელიც სოფელს გადაეცემაკახა ქათამაძე
„ჩვენ გვაქვს სოფლის სახლი, სადაც იმართება ღონისძიებები, შეკრებები, სახლს სჭირდებოდა ცოტა მოწესრიგება – ფარდები, კონდიციონერი, გამწოვები. არასამთავრობომ გვიშუამდგომლა, მოგვაწოდა მასალები, სხვადასვა ტექნიკური აღჭურვილობა და სოფლის სახლს ვაწესრიგებთ. შეგვიძინეს ასევე კინოპროექტორი, ნოუთბუქი და სხვა ტექნიკა, რომლისთვისაც სოფლის სახლში გამოიყოფა ცალკე ოთახი. ამ ტექნიკით სოფლის მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა ისარგებლებს, სტიმული იქნება მათთვის, განახორციელონ სხვადასხვა აქტივობა.
მართალია, ახალგაზრდობამ განათლება ქალაქში უნდა მიიღოს, მაგრამ დაბრუნებაც საჭიროა. სწორედ ამის საფუძველს ვქმნით ახლა, რომ საინტერესო გახდეს მათთვის სოფელში ცხოვრება“, – ამბობს კახა ქათამაძე. ის იმ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელიც სოფელშია შექმნილი და მოსახლეობასთან ერთად სოფლის პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს.
კახა ქათამაძის თქმით, სოფელში ინტერნეტიზაციის პრობლემაა და ახლა ამ პრობლემის მოგვარებაზეც მუშაობენ.
გიორგი ქათამაძე
„სხვადასხვა ღონისძიებას ვაწყობდით სოფლის სახლში, ახალ წელს ვიკრიბებით, დაბადების დღებია… ტექნიკას კი, სადღაც უნდა წავსულიყავით, გვეთხოვა, ვქირაობდით. ახლა ჩვენი გვექნება და ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის უფრო საინტერესოც იქნება, ელექტრონული მუსიკის გაკეთებაც კი შეიძლება… სოფელში, ძირითადად მობილურის ინტერნეტით ვსარგებლობთ. მე სტუდენტი ვარ და შეხვედრებზე ახლა ონლაინ მიწევს ჩართვა და რთულია, დისკომფორტია პრობლემური ინტერნეტით და ტელეფონით. როცა ინტერნეტის პრობლემას მოვაგვარებთ და საჭიროება იქნება, ამ ტექნიკასაც გამოვიყენებთ, ასეთი შეხვედრებისთვის, ჩართვებისთვის“, – გვეუბნება გიორგი ქათამაძე.
ასლან ჭანიძის თქმით, სოფელში სხვა პრობლემებიცაა და სურვილი აქვთ კიდევ დაეხმარონ: „სოფელ ჭვანასთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს. 2016 წელს იყო მშვიდობიოს დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხერხდა გზების შეკეთება. შემდეგ დავეხმარეთ სოფელს და დამოუკიდებლად შეძლეს გარეგანათების მოწესრიგება, ახლა სოფლის სახლის რეაბილიტაცია და კომპიუტერული ტექნიკა. ყველა ამ პროექტის დონორია გერმანული ფონდი – „პური მსოფლიოსთვის პროტესტანტული განვითარების სამსახური“ [BFDW]“
სოფელი ჭვანა. გზა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით გაკეთდასოფელი ჭვანა.
გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფში 10 წევრია და ერთ-ერთ ახალ პროექტზე უკვე მუშაობენ: „არ მინდა ჯერ დავასახელო, დავასრულებთ და დონორ ორგანიზაციებს მივმართავთ, რომ მოვიპოვოთ დაფინანსება… ამ ჯგუფში ყოფნა და საერთოდ ამ პროექტში მონაწილეობა ძალიან დამეხმარა მე პირადად, რომ მესწავლა პროექტის წერა და ამ კუთხით მივიღე დიდი გამოცდილება. ახლა შემიძლია სოფელში არსებული პრობლემების გამოკვეთა, პროექტის დაწერა და შემდგომში დაფინანსების მისაღებად“.
სოფელი ჭვანა / ჭვანის ხეობა / შუახევი
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
„აქ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი… ეს იყო წვრილმანი ხულიგნობა,“ – აცხადებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი აჭარის მთავრობის სახლის წინ ჰელიუმის ბუშტების გაშვებაზე. დღეს, 30 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
საპროტესტო აქციაზე „იმოქმედეს“ წევრებმა თორნიკე რიჟვაძეს გზავნილები ბუშტებით გაუგზავნეს, ბუშტების ჩამოხსნა პოლიციელებმა გადაწყვიტეს, რასაც აქციის მონაწილეებთან დაპირისპირება მოჰყვა.
პოლიციელებთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 2 პირი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა.
____
არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე, 21 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით აქციის 5 მონაწილე დააკავეს. ამ შემთხვევაში აქციის მონაწილეები სიტყვებისთვის „მონა“, „სირცხვილია“, „ფულის მონები“ 500-500 ლარით დააჯარიმა.
აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციის მონაწილე – ირაკლი ჩხვირკია დააკავეს. აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.
ვიდეოკადრების მიხედვით, პოლიციის მანქანაში რამდენიმე პირი ჩასვეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ჰეილუმის ბუშტებზე მათ გააკეთეს წარწერა, რითაც თორნიკე რიჟვაძეს ხალხთან გამოსვლისკენ მოუწოდეს.
ვიდეოკადრების მიხედვით, აქციაზე მინიმუმ ორი პირი დაშავდა.
დაპირისპირება აქციის მონაწილეებს და პოლიციელებს შორის განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, როცა „იმოქმედეს“ წევრებმა ჰელიუმის ბუშტები გაუგზავნეს თორნიკე რიჟვაძეს.
საპროტესტო აქციაზე დღეს დილით აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი თორნიკე რიჟვაძესთან შესვლას ცდილობდა, თუმცა მას პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებდა, რომ ის დეპუტატია და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება აქვს.
შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 67 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
შსს-ს ცნობით, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად, 1177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ორი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებულ ვ.ე.-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ე. 2019 წლიდან მუქარით აიძულებდა არასრულწლოვან შვილებს – ლ.ე.-ს და ლ.ე.-ს თბილისის სხვადასხვა უბანსა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მოეთხოვათ და შეეგროვებინათ მოწყალება და გაეყიდათ წვრილმანი ნივთები.
პროკურატურის ცნობით, ვ.ე.-მ თავის არასრულწლოვან შვილებს სავალდებულოდ დაუწესა მისთვის 20 ლარის ყოველდღე მიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, არასრულწლოვნების მიერ მიტანილ თანხას კი ვ.ე. თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.
ვ.ე.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“,“გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს, 30 ნოემბერს, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით საქართველომ სომხეთსაც გადაუსწრო.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 135 584 შემთხვევა, სომხეთში კი – 135 124.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი სომხეთში უფრო მაღალია:
სომხეთი – 2 164 კოვიდით გარდაცვალების შემთხვევა
საქართველო – 1 267 კოვიდით გარდაცვალების შემთხვევა
საქართველომ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით უკვე რამდენიმე დღეა გადაუსწრო აზერბაიჯანსაც. დღეის მონაცემებით აზერბაიჯანში 118 195 პირია ინფიცირებული. აზერბაიჯანში 1361 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.
რაც შეეხება გარდაცვალებას, ამ მხრივ საქართველოში მცირედით უკეთესი ვითარება და ჯერ კიდევ ჩამორჩება თავის მეზობლებს.
ამ წლის გაზაფხულზე, როდესაც მეზობელ ქვეყნებში ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ადამიანის ინფიცირება ფიქსირდებოდა, საქართველოში ინფიცირების რიცხვი მინიმალური იყო. შემოდგომიდან კი, მას შემდეგ, რაც ტურისტულმა სეზონმა პიკს მიაღწია, ვირუსი საქართველოშიც აფეთქდა. ეს პროცესი ბათუმიდან დაიწყო, თუმცა ახლა საქართველოს კოვიდრუკაზე ყველაზე ცხელი წერტილებიათბილისი და იმერეთი.
დღეს, 30 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება ქვეყანაში გაიზარდა. „პანდემიის პირობებში დღეში 80 ტონამდეა ჟანგბადის მოხმარება“, – ამბობს ის.
თურნავას განცხადებით, სამედიცინო ჟანგბადის პრობლემა ქვეყანაში აღარ იქნება, რადგან სახელმწიფომ თურქეთში 10 ცალი ჟანგბადის გენერატორი შეიძინა. „თურქეთში, ქარხანაში შევიძინეთ 10 ახალი დიდი სიმძლავრის გენერატორი თავისი კომპრესორით, თითო დანადგარი დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს.
გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დავეხმარეთ პირებს, რომლებიც სამედიცინო ჟანგბადის საკმარის მარაგს აწარმოებენ. ამით ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისთვის ჟანგბადის მიწოდების პრობლემა სრულად იქნება გადაწყვეტილი“, – აცხადებს ნათია თურნავა.
მისი თქმით, თურქეთში შეძენილი ჟანგბადის დანადგარებიდან ორი უკვე დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, „17 დეკემბრისთვის კიდევ 15 დანადგარს ველოდებით, აქედან სამი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დამონტაჟდება და სამიც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, – ამბობს თურნავა.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსისგან განიკურნა. „იმედთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ პრეპარატ „რემდესივირით“ იმკურნალა, რომელიც მას უცხოეთიდან გამოუგზავნეს.
თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად ის სახლში მკურნალობდა. მოგვიანებით, მდგომარეობის გართულებიდან გამომდინარე, ცერცვაძის სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო.
„მე ორმაგი რისკის ჯგუფს მივეკუთვნები კოვიდის დამართების შემთხვევაში, ერთი – ეს არის ჩემი ხანდაზმული ასაკი და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი – მე მაქვს სერიოზული თანმხლები დაავადება.
…ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა საკმაოდ სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადებების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები და ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს.
ხუთშაბათსვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო „რემდესივირის“ გადასხმა. სამწუხაროდ ის ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს.
„რემდესივირი“ შესაძლოა არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს, არ არსებობს უკეთესი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტი და გამომდინარე ჩემი სერიოზული, პროგრესირებადი იმუნოდეფიციტიდან, ვიდექი ძალიან სერიოზული რისკის წინაშე. დავიწყე „რემდესივირის“ გადასხმა. ერთი შემთხვევით არანაირი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება და მე შორს ვარ, რომ ის, რაც ჩემთან მოხდა, მივაწერო „რემდესივირის“ პოზიტიურ ეფექტს, მაგრამ ამის უარყოფაც არ შეიძლება.
საექიმო ალღოს საფუძველზე მაქვს განცდა, რომ მინიმუმ ჩემთან „რემდესივირმა“ იმუშავა პოზიტიურად,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 4 000 ფლაკონ ,,რემდესივირს” ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი 104 000 აშშ დოლარად ტენდერის გარეშე შეიძენს. ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის 25 ნოემბერს მიმართა, მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოციზიისა.
ცნობილია, რომ ჯანმო ეწინააღმდეგება „რემდესივირის“ გამოყენებას COVID19-ის სამკურნალოდ.
აჭარის მაღალმთიან სოფლებს ერთი შეხედვით პანდემიის კვალი არ ეტყობა, თუმცა კორონავირუსის არსებობა მაინც იგრძნობა.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში ცხოვრება ძველებურად მიდის. გვიან შემოდგომაზე აქ ჭაჭის არაყს ხდიან და საშემოდგომო საქმეებს ილევენ.
არყის გამოხდა სოფელ ჭვანაში
სოფელში იშვიათად შეხვდებით ადამიანს პირბადით. როგორც აგვიხსნეს, ბევრმა კორონავირუსი უკვე გადაიტანა.
ძველი ვილისი
სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას ვერ ახერხებს და ვირუსი სახლში გადააქვს.
გარდა იმისა, რომ კლინიკებში ადგილი არაა, მოსახლეობა ვერ ტოვებს საკუთარ სახლებს. კლინიკაში წასვლის შემთხვევაში უყურადღებოდ უნდა დარჩეს შინაური ფრინველი და პირუტყვი. მესაქონლეობა კი სოფლად მცხოვრებლების შემოსავლის ძირითადი წყაროა.
სოფელი ჭვანა
სოფელში პანდემია განსხვავებულად აისახება ადამიანების ცხოვრებაზე. მაგალითად, თუ ერთ ოჯახს ვირუსი აღმოაჩნდება, მის მეზობლად მცხოვრები ოჯახები უვლიან ინფიცირებული ოჯახის კარ-მიდამოს.
კორონავირუსის პანდემია სოფლის მოსახლეობის რაოდენობაზეც აისახა. ის ახალგაზრდები, რომლებიც სასწავლებლად სხვადასხვა ქალაქში იყვნენ წასული, დროებით სოფელში დაბრუნდნენ.
სოფელი ჭვანა
კორონავირუსის პანდემიამ გავლენა მოახდინა აჭარული სოფლის ცხოვრების სტილზე. ახლა სოფლის შუკებში ძველებურად ბევრი ხალხი აღარ შეგხვდებათ, არც „კოფეზე“ მიგიპატიჟებენ. როგორც ჭვანაში ამბობენ, მეზობლები მაინც ერიდებიან ერთმანეთს და ცდილობენ დისტანცია დაიცვან.
ჭვანა
სოფელი ჭვანა მაღალმთიანია. სოფელში ხშირია შემთხვევა, როცა ტყიდან სოფელში ნადირი ჩამოდის, მოსახლეობას მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ართმევს ან სიმინდის ყანას უზიანებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, იძულებული არიან იარაღი ჰქონდეთ.
ნაზიკო ქათამაძე
საღამოობით, მზის ჩასვლის შემდეგ, როცა სახლის საქმეებს მოილევენ, ჭვანაში ოჯახები ტელევიზორებთან მოკალათდებიან, ვახშმობენ, ახალ ამბებს ისმენენ და მომავლის გეგმებს აწყობენ. წინ ხანგრძლივი ზამთარია.
30 ნოემბრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 3 216-ია.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარაში -313, იმერეთში-517, ქვემო ქართლში-187, შიდა ქართლში-82, გურიაში-19, სამეგრელო-ზემო სვანეთში-160, კახეთში-161, მცხეთა-მთიანეთში-77, სამცხე-ჯავახეთში-74, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-4.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 937 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე.
ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 135 584-ს. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 267 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.
„კორონა ვირუსის მიუხედავად, გერმანული ენის სწავლების მიზნით საქართველოში გამგზავრება,-არის კი ეს საერთოდ შესაძლებელი?“ – კითხვა, რომელიც გამგზავრების წინ საკუთარ თავს დავუსვით
ამ კითხვას პასუხი გაეცა მას შემდეგ, რაც ქალბატონ კორდულა შულცთან მოსამზადებელი სემინარის დასრულების და DAAD-ის სტიპენდიის მიღების შემდეგ თვითმფრინავის ბილეთები დავჯავშნეთ, ზურგჩანთები ჩავალაგეთ და საქართველოსკენ გავემგზავრეთ. ჩვენი ექვსკვირიანი უცხოეთის პრაქტიკის გავლის მიზნით, სიხარულით ვეწვიეთ ბათუმის გერმანული ენის დიპლომის პროგრამის (DSD 1/ DSD 2) სკოლას ევრო-2000-ს. ბათუმი სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში და პირდაპირ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. გამგზავრებამდე წინასწარ დავეკონტაქტეთ ქალბატონ ირმა დავითაძეს, რომელიც სკოლა ევრო-2000-ში გერმანული ენის პედაგოგია და ადგილზე საორგანიზაციო საკითხებზე ზრუნავს. მან იზრუნა არა მხოლოდ მასპინძელ ოჯახებზე, სადაც ჩვენ უნდა გვეცხოვრა, არამედ გერმანული ენის პედაგოგთან, მაია დუმბაძესთან ერთად ხელმძღვანელობასაც გვიწევდა.
ბათუმი დაისის დროს, კატარინა ვან ვორსტი
ბათუმში ჩასვლის დღეს ჩვენი მასპინძელი ოჯახები გულითადად გაგვიმასპინძლდნენ ტრადიციული ქართული საჭმელებით. ხაჭაპური-პიცის ფორმის პური ქართული ყველის შიგთავსით, მომდევნო კვირეებში ჩვენს საყვარელ კერძად იქცა.
მომდევნო დღეს შევხვდით სკოლა ევრო-2000-ის დირექციასა და გერმანული ენის პედაგოგებს, რათა ისინი გაგვეცნო და ასევე პრაქტიკის პროგრამის მსვლელობის, გაკვეთილებზე დასწრებისა და მათი ჩატარების შესახებ გვესაუბრა. ამ შეხვედრისას გვაცნობეს, რომ გაკვეთილები პანდემიის პირობებიდან გამომდინარე ძირითადად ონლაინ რეჟიმში წარიმართებოდა. თუმცა გერმანიიდან გამგზავრების წინ ჩვენთვის ეს ინფორმაცია უკვე ცნობილი იყო, მაინც იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია გაუმჯობესდებოდა და ჩვენ მოსწავლეების ნახვა და მათი გაცნობა საკლასო სასწავლო პროცესში შეგვეძლებოდა.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ სტრუქტურულად ძალიან გამართული ონლაინ-გაკვეთილები, რომელიც ოროშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-დან 14:00 სთ-მდე მიმდინარეობს. მასწავლებლები მობილიზებული და მომზადებული იყვნენ ონლაინ საგაკვეთილო პროცესისთვის, რომლის ორგანიზება ზუმის პლატფორმის მეშვებით ხდებოდა. ისინი გერმანული ენის ეფექტური სწავლებისთვის სხვადასხვა მეთოდურ ხერხებს იყენებენ, სადაც ციფრული მედიების და ონლაინ-თამაშების კომბინირება ხდება. არა მხოლოდ პედაგოგები, არამედ მოსწავლეებიც ორგანიზებულად ერთვებიან ონლაინ-გაკვეთილებში და მოკროფონითა და ვიდეოკამერით მონაწილეობას იღებენ საგაკვეთილო პროცესში. პრაქტიკის განმავლობაში მოგვეცა გაკვეთილებში ჩართვის საშუალება და მეტიც, უფლება მოგვცეს, საკუთარი გაკვეთილებიც მოგვემზადებინა. ამგვარად საშუალო საფეხურის კლასებში მოვამზადეთ და წარვადგინეთ პრეზენტაცია ვესტფალის ვილჰელმის უნივერსიტეტისა და მიუნსტერის სტუდენტური ცხოვრების შესახებ, რომელიც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან მათ შეუძლიათ, თავიანთი სასკოლო ცხოვრების ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ უმაღლესი განათლება გერმანიის უნივერსიტეტებში მიიღონ. მეორეს მხრივ, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მიერ მონათხრობი ამბებიდან ბევრი რამ გავიგეთ ახალგაზრდების თვალით დანახული საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.
ლაშქრობა ტრუსოს ხეობაში, ფოტო კატარინა ვან ვორსტი
გაკვეთილების შემდეგ და შაბათ-კვირას ჩვენს თავისუფალ დროს ქვეყნის და ქართული სამზარეულოს უკეთ გაცნობას ვუთმობდით. მგზავრობის დროს ზედმეტი კონტაქტებისთვის თავის არიდების მიზნით ვიქირავეთ მსუბუქი ავტომობილი და გოდერძის უღელტეხილის გავლით გავემგზავრეთ ვარძიაში. ეს არის საოცარი სანახაობა, კლდეში ნაკვეთი ქალაქი. შემდეგ მოვინახულეთ ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი პატარა კავკასიის ეროვნულ ნაკრძალში. ლაშქრობისას ჩვენ შევიგრძენით საქართველოს სასწაული და ხელშეუხებელი ბუნება, გაგვაოცა ბუნებაში თავისუფლად მოსიარულე ცხენების, ძროხების, ღორებისა და ძაღლების გაუცხოებულმა მზერამ.
ქართველი ქალები აცხობენ პურს გზის პირას, ფოტო კატარინა ვან ვორსტისაერთო სუფრაზე, ფოტო ესთერ გოსი.
ბათუმში ყოფნის ბოლო კვირაში გადავწყვიტეთ, მასპინძელი ოჯახების მიმართ მადლიერების გამოხატვის მიზნით, მათთვის გერმანული კარტოფილის სალათი, ვეგეტარიანული შნიტცელი და ბანანის პური მოგვემზადებინა და ერთად სასიამოვნო საღამო გავატარეთ.
საერთო ჯამში, სკოლა ევრო-2000 -ში ჩვენი პრაქტიკის ფარგლებში გავიგეთ არა მხოლოდ ბევრი რამ გერმანული ენის, როგორც უცხო ენის ონლაინ-სწავლების შესახებ, არამედ უფრო ახლოს გავიცანით საქართველო და მისი კულტურა. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე ქართულმა სტუმართმოყვარეობამ არა მხოლოდ მასპინძელ ოჯახებში, არამედ მთელ ქვეყანაში. მოგზაურობის დროს გზადაგზა გვეპატიჟებოდნენ საჭმელზე და ვხდებოდით დახმარებისთვის მზადმყოფ და გულისხმიერ ადამიანებს. ძალიან მადლიერები ვართ დაგროვილი გამოცდილებებით და გვსურს მადლობა გადავიხადოთ საქართველოში გატარებული შესანიშნავი დროისთვის – დიდი მადლობა!
აჭარის მთავრობის სახლის ყველა შესასვლელს ისევ პოლიციის კორდონი იცავს. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლის ყველა შესასვლელის პიკეტირებას გეგმავდნენ. თუმცა პიკეტირება არ შედგა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვა.
ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, მას თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა ციხისძირში მცხოვრებთა პრობლემებზე სასაუბროდ უნდოდა. შეხვედრის შეთანხმება მან მთავრობის თავმჯდომარის დაცვის უფროსის მეშვეობით სცადა. თუმცა თორნიკე რიჟვაძემ ელგუჯა ბაგრატიონს შემოუთვალა, რომ დაკავებული იყო და მასთან შეხვედრას ვერ მოახერხებდა.
შეხვედრაზე უარის მიღების შემდეგ აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტის ფანჯრებთან გადაინაცვლეს და ტრადიციული შეძახილით – “მონა, მონა” განაგრძეს აქცია.
ერთი თვეა აჭარის მთავრობის სახლთან პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ზუსტად 22 დღეა აჭარის მთავრობის სახლის წინ კარავია გაშლილი, ხოლო მიმდებარე ტერიტორია – პიკეტირებული.
კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებული ქვიარაქტივისტი მარიამ ქაჯაია გახდა.
მარიამ ქაჯაია ბათუმში “იდენტობა იუს”-ის რეგიონულ ოფისს ხელმძღვანელობს. ის უფლებადამცველი და ქვიარაქტივისტია. მუშაობს ქვიარჯგუფებთან და განსაკუთრებით მოწყვლად ქალთა საჭიროებებზე აჭარის რეგიონში.
„მარიამი სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი ფემინისტი აქტივისტი და მოაზროვნეა. მისი შრომა ზრუნვის ეთიკის ყველაზე ემპათიურ გაგებაზე დგას და მუდმივ თვითგაუმჯობესებასა და თვითკრიტიკას ეფუძნება. ბოლო წლების განმავლობაში მისი უანგარო შრომა ადგილობრივად ქვიარჯგუფის გაძლიერებისთვის და ქალთა საჭიროებების გამოკვეთისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო.
ყოველდღიურ საქმიანობაში, მარიამი განსაკუთრებით კარგად ხვდება კავშირებს ჩაგვრის ღერძებს შორის და მუდმივად ესწრაფვის ამ ანალიტიკური მიგნებების საპასუხოდ კონკრეტული მეთოდოლოგიური ჩარჩოს შემუშავებისკენ.
მისი ფემინისტური/სოციალური სამართლიანობის ბრძოლა ერთდროულად პერსონალურიც არის და საზოგადოც, თეორიულიც და პრაქტიკულიც, ადგილობრივ საჭიროებას მორგებულიც და ფართო პრობლემაზეც მიმართული. ამავე დროს, მისი შრომა კაპილარულია, და არა ზედაპირული. ის თანაბრად ცდილობს მისი რესურსების ფარგლებშიც და მის მიღმაც, მხარდაჭერა გამოუცხადოს ნებისმიერ იმ ჯგუფს, რომელიც მას საჭიროებს, იქნება ეს ქვიარ ჯგუფი, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალები თუ უსამართლო შრომითი პირობებით დაზარალებული ბათუმის მაცხოვრებლები, რასაც ის, არა უბრალოდ სერვისის გაცემით, არამედ “თანაგაზიარებული ზრუნვის” მეთოდოლოგიით აკეთებს. მისი შრომა, განსაკუთრებით იმ სივრცეებში, სადაც მხარდაჭერის ნაკლები შესაძლებლობებია, განსაკუთრებულ იმედს ბადებს ბევრი ახალგაზრდისთვის,” – წერია ქალთა ფონდის გვერდზე კატო მიქელაძის წლევანდელი პრემიის გამარჯვებულის, მარიამ ქაჯაიას შესახებ.
29 ნოემბერი ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეა. 2013 წლიდან დღემდე ყოველ 29 ნოემბერს, “ქალთა ფონდი საქართველოში” ქალთა ემანსიპაციისთვის მებრძოლი კატო მიქელაძის სახელობის პრემიას გადასცემს ერთ უფლებადამცველ ქალს საქართველოში.
2020 წლის კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტები იყვნენ:
ალა ბეჟენცევა – ასოციაციის ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალები” ხელმძღვანელი და საქართველოს რუს ქალთა კავშირის „იაროსლავნას“ თავჯდომარე.
ანა ქათამაძე – ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, აქტივისტი ფემინისტი და ლიდერი.
მაია ჩიტაია –„ქალთა მოძრაობის“ აქტიური წევრი. ერთ-ერთი დამფუძნებელი და ავტორი პლატფორმისა „ქალები საქართველოდან“.
მარი კორკოტაძე – ხელმძღვანელი ორგანიზაციისა – “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” (FAD).
ნაზი ჯანეზაშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
ნატალია პატარიძე – ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, აქტივისტი ფემინისტი და ლიდერი.
ნინო გამისონია – დაარსების დღიდან “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფისა” და “ქალთა მოძრაობის” წევრი, 25 ნოემბრის აქციების თანაორგანიზატორი, პლატფორმის “ქალები საქართველოდან” ავტორი და თანადამფუძნებელი.
ნინო თვალთვაძე – ქუთაისის მერის მოადგილე 3 წლის განმავლობაში.
ნინო წერეთელი – საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ “თანადგომას” აღმასრულებელი დირექტორი, პროფესიით ფსიქოლოგი და აივ/შიდსის საკითხებში საერთაშორისო კონსულტანტია (ექსპერტი).
რაისა ლიპარტელიანი – 2017 წლის სექტემბრიდან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, 2018 წლიდან მშრომელთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და დამფუძნებელი (ILAW Network).
ციცინო შენგელია – ქალთა უფლებადამცველი სამეგრელოდან.
„7 საათის წინ ვიქირავე, ეს ჩემი სახლია. თუ რომელიმე შპს-თან გაქვთ პრობლემა, იპოვეთ მისი იურიდიული მისამართი და რაც გინდათ ის უქენით… მე ვარ საქართველოს პარლამენტის არჩეული დეპუტატი, ჩემი დაპატიმრებისთვის ცესკოს უნდა მიმართოთ“, – ასე მიმართა ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციელებს, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ბათუმის ერთ-ერთ ფიტნესკლუბში, რომელმაც აკრძალვის მიუხედავად საქმიანობა არ შეაჩერა.
ფიტნესკლუბი „Reformerfitness“ – ი გუშინ, 28 ნოემბერს, 10 ათასი ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ ის დადგენილ აკრძალვებს არ ემორჩილება. აკრძალული საქმიანობის განმეორების შემთხვევაში კი კანონი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.
დღეს, 29 ნოემბერს, გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მივიდა ამ ფიტნესკლუბში და განაცხადა: „ხვალიდან აქ უფლება არავის აქვს შემოვიდეს, ეს ჩემი სახლია… ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად,“ – განაცხადა დღეს, 29 ნოემბერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ბათუმში ფიტნესკლუბ „Reformerfitness“ – ში.
ამ განცხადებიდან მალევე ფიტნესკლუბში პოლიცია შევიდა და დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამრთლის კოდექსის საფუძველზე.
ზურაბ ჯაფარიძე კი პოლიციას ამ წუთებშიც [22:00 საათი] უმტკიცებს, რომ ისინი მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ იმყოფებიან. ამის მიუხედავად ზურაბ ჯაფარიძეს შენობა პოლიციამ იძულების წესით დაატოვებინა.
პოლიცია მობილიზებულია ფიტნესკლუბის პერიმეტრზეც, თუმცა იქვე იმართება ფიტნესკლუბის მფლობელის, გიორგი ფუტკარაძის მხარდამჭერი საპროეტსტო აქცია.
ბათუმში, ფიტნესკლუბ Reformerfitness-ში ამ წუთებში პოლიციაა შესული. კლუბის მფლობელი გიორგი ფუტკარაძე დღეს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს, რომ კლუბის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება.
სავარაუდოდ, ახლა პოლიცია სწორედ ამ მიზნით შევიდა ფიტნსეკლუბში.
„Reformerfitness“-ი გუშინ, 28 ნოემბერს, 10 ათასი ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ ის დადგენილ აკრძალვებს არ დაემორჩილება. აკრძალული საქმიანობის განმეორების შემთხვევაში კი კანონი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.
დღეს, 29 ნოემბერს, გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მივიდა ფიტნესკლუბში და განაცხადა: „ხვალიდან აქ უფლება არავის აქვს შემოვიდეს, ეს ჩემი სახლია… ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად,“ – განაცხადა დღეს, 29 ნოემბერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ბათუმში ფიტნესკლუბ „Reformerfitness“ – ში.
„იუმორში გადამაქვს ყველაფერი, მაგრამ მშიერმა როგორ ვებრძოლო ვირუსს. ეს სიგიჟე ადრე თუ გვიან გაივლის და სირცხვილია,“ – მიმართა გიორგი ფუტკარაძემ პოლიციელებს, რომლებიც ფიტნესკლუბში ოპერაციას ატარებენ.
პოლიციასთან ერთად ფიტნესკლუბთან მობილიზებული არიან მოქალაქეები, რომლებიც პოლიციის ქმედებას აპროტესტებენ.
ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში დღეს, 29 ნოემბერს, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სახლში აბულაძეების 4-წევრიანი ოჯახი ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
კაპიტალურად ნაშენ 50 კვ.მ-დე ფართობის სახლში ვერაფრის გადარჩენა მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები ამ წუთებშიც მუშაობენ. ადგილზე იმყოფება პოლიციაც.
„შრომითი ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები როცა მოვიდნენ დღეს, ზურაბ ჯაფარიძეს ფეისბუქლაივი უკვე დასრულებული ჰქონდა და დარბაზში ვარჯიშობდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ფუტკარაძე, ფიტნესკლუბ „Reformerfitness-ის ხელმძღვანელი. მას ინსპექციის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ კლუბის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, რადგან ფიტნესკლუბი ისევ ფუნქციონირებს.
„ხვალიდან აქ უფლება არავის აქვს შემოვიდეს, ეს ჩემი სახლია… ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად,“ – განაცხადა დღეს, 29 ნოემბერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ბათუმში ფიტნესკლუბ „Reformerfitness“ – ში, რომელიც გუშინ შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტმა დააჯარიმა. პანდემიის გამო ამოქმედებული სპეციალური შეზღუდვების შედეგად ფიტნესკლუბები დახურულია. ამ კლუბში კი მუშაობას აგრძელებენ და არც ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.
„Reformerfitness“ – ი გუშინ, 28 ნოემბერს, 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. აკრძალული საქმიანობის განმეორების შემთხვევაში კანონი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.
„გირჩის“ ლიდერმა ჩათვალა, რომ ფიტნესკლუბის დახურვის მოთხოვნა არალეგიტიმურია, რადგან „აქ ადამიანები ვარჯიშობენ, რომ გაიჯანსაღონ სხეული… შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ და ივარჯიშოთ“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქლაივის დროს, რომელიც მან ფიტნესკლუბში ჩართო.
ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ კლუბში სალარო აპარატი აღარ იქნება და ამის გადამოწმება შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტს შეუძლია.
„ბათუმში მექნება სახლი, სადაც მექნება სავარჯიშო ინვენტარი… ვინც ბათუმში არის, ან ჩამოდის, შეგიძლიათ აქ მოხვიდეთ და ივარჯიშოთ,“ – დასძინა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნება ამ შემთხვევაზე შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტს. უწყებაში დღეს „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, 35 წლამდე კაცი დაიღუპა. შემთხვევა ქვის სატეხ საამქროში გუშინ, 28 ნოემბერს, მოხდა. დაშავებული საამქროდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მალე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ სავაჭრო ჯიხურების მოწყობას აპირებენ. ამის შესახებ დღეს მოწყობილ აქციაზე ბექა დიასამიძემ განაცხადა. ის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერია.
„ადამიანები დარჩნენ უმუშევრები. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს მოიტანონ აქ, მაგალითად, სუვენირები, ტანსაცმელი და გაყიდონ… ხვალისთვის ველოდებით ჯიხურებს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვინ იქნებიან ამ ჯიხურებში, ვესაუბრეთ გარემოვაჭრეებსაც,“ – გვითხრა ბექა დიასამიძემ.
ოპოზიციის ლიდერები თვლიან, რომ სავაჭრო ჯიხურებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად ვერ აიღებენ და არც მერიისგან სჭირდებათ თანხმობა.
„აქ ასე კარვებიცაა გაშლილი. მოსახლეობა გამოხატავს პროტესტს და ამას ხელს ვერ შეუშლიან,“ – დასძინა ბექა დიასამიძემ.
დღევანდელ აქციაზე ასევე დაანონსდა „სახალხო მერიის“ შექმნაც. „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ანთაძემ ტრიბუნიდან მოუწოდა ხალხს, რომ ვისაც კოვიდინფექცია გადატანილი აქვს და ავტომანქანას ფლობს, სხვა ინფიცირებულებს დაეხმაროს ტრანსპორტირებაში, რადგან სასწრაფო სამსახური ინფიცირებულებს ვეღარ აუდის.
„ეს იქნება მერია, რომელიც მოაგვარებს ხალხის პრობლემებს პროტესტის გზით… ჩვენთან არიან იურისტები და ისინი უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევენ ადამიანებს, ჯანდაცვის კუთხით ლევან ანთაძე დაგვეხმარება, განათლების კუთხით ლალი ანთიძე, რომელიც „გირჩს“ წარმოადგენს… არაერთ მოქალაქეს აწუხებს უკანონო მშენებლობები. ამ კუთხითაც ვიაქტიურებთ,“ – აღნიშნა ალექსანდრე მილორავამ „ბათუმელებთან“.
ის „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერია.
___
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს. სწორედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო საპროტესტო აქციები აჭარის მთავრობასთან, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
ბათუმში საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება. აქციის მონაწილეები დღეს 3 საათზე შეიკრიბნენ. მოთხოვნა უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება. აქციაზე დღეს ყველაზე ხშირად ლიდერები სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნისკენ მოუწოდებდნენ.
აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებმა სპეციალური სტიკერები გააკრეს, რომელთა შორის მანძილი 2 მეტრია.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღევანდელ აქციაზე თემურ ბერიძემაც მიმართა. ის ხულოს არქივის უფროსია და ინტერესთა კონფლიქტს ედავებიან. მას კონკრეტული ბიზნესკომპანია აქვს და ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძის მამასთან დაახლოვებული პირები ტენდერის დათმობას სთხოვდნენ. ამჟამად თემურ ბერიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება მიმდინარეობს ხულოს საარქივო სამმართველოში.
დღევანდელ აქციას საყვირებით შეუერთდნენ ტაქსის მძღოლებიც.
არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციები ბათუმში 3 ნოემბრიდან პერმანენტულად იმართება. აქციის მონაწილეების აჭარის მთავრობის სახლის წინ ღამითაც რჩებიან. აქ გაშლილია კარვებიც.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები საქართველოში გაყალბდა. 8 პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც საპარლამენტო მანდატები ერგო, უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ნოემბრის 21 საათიდან 30 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8, დღისით 8-13 გრადუსი სითბო,
მთაში – ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე
5-10დმ[2-3ბალი], ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსი.
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში 1 და 2 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 25 ნოემბერს დასრულდა, თუმცა ფესტივალის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ფილმების, ასევე მოკლემეტრაჟიანი და COVIDEO სექციის ფილმების ნახვა მაყურებელს 29 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება.
ეს ფილმებია:
BIAFF 2020-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი:
„ბოროტება არ არსებობს“, მუჰამედ რასულოფი, გერმანია/ირანი/ჩეხეთი, 2020
ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 29 ნოემბერს, დილიდან დაიწყო. „სოკარ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 ნოემბერს, დღის ბოლომდე დასრულდება.
„დაბნელებამდე ვიმუშავებთ… პირველ რიგში, ვრთავთ სარფის ნაწილს და ანგისის დასახლებას, სადაც კოვიდსასტუმროებია. უკვე იწყება ბათუმის ცენტრალური ნაწილის ჩართვა. სხვადასხვა უბანში ერთდროულად მიმდინარეობს სამუშაოები,“ – გვითხრა „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა, ვახტანგ ბერიშვილმა.
„სოკარ ჯორჯია“ აბონენტებს მოუწოდებს უსაფრთხოების გამო დაკეტილ მდგომარეობაში დატოვონ გაზის დანადგარები.
ბუნებრივი აირის მიწოდება აჭარასა და გურიაში მოსახლეობას ერთდროულად გუშინ, 28 ნოემბერს დილით შეუწყდათ. მიზეზი ცენტრალური მაგისტრალის ავარიული დაზიანებაა. მიზეზი, თუ რამ გამოიწვია დაზიანება, ამ ეტაპზე უცნობია.
29 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევა, ხოლო ვირუსით გარდაიცვალა 35 ადამიანი.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 721 პირი.
შესაბამისად, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა საქართველოში 132 368-ს მიაღწია, გარდაცვლილებისამ კი 1 230-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 110 049-მდე.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
თბილისი 1 802
აჭარა – 554
იმერეთი – 637
ქვემო ქართლი-268
შიდა ქართლი-258
გურია-119
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 400
კახეთი – 219
მცხეთა-მთიანეთი – 108
სამცხე-ჯავახეთი – 50
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11
მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საიდანაც თბილისის საავადმყოფოებში – 2 741, აჭარაში – 1 019, იმერეთში – 1 261. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 943 პირი, მათგან თბილისში – 429, აჭარაში – 167, იმერეთში – 190.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, თბილისში – 181, აჭარაში – 56, იმერეთში – 37.
3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 311 – თბილისში, 2 058- აჭარაში, 284 – იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
შეზღუდვების მიუხედავად, ბათუმში მუშაობას აგრძელებს ფიტნესკლუბი „Reformerfitness“. დღეს ამ ფიტნესკლუბში მისული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებსა და პოლიციელებს უთხრეს, რომ პანდემიის დროს დადგენილ შეზღუდვებს, რომელიც ფიტნესკლუბებსაც ეხება, არ ემორჩილებიან. ეს ფიტნესკლუბი ბათუმში სექტემბერში გაიხსნა და აკრძალვის მიუხედავად მუშაობის გაჩერებას არ აპირებს.
„გიცხადებთ დაუმორჩილებლობას… ასე ხომ არაა, გახარიას როდის რა მოუნდება, გვითხარით, რატომ არ უნდა ვიყოთ აქ, როცა ყველა წესს ვიცავთ,“ – მიმართავს შრომითი ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ფიტნესკლუბის მენეჯერი. მან ადგილზე შედგენილი სამართალდარღვევბის ოქმი არ დაიტოვა.
„ეს არის დაუსაბუთებელი შეზღუდვები. ჩვენ ვიცავთ წესებს, მშიერი და იმუნიტეტდაქვეითებული ხალხი უფრო საშიში არ არის? პირიქით, ეს ათასი სხვა დაავადების გავრცელებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ამ უაზრო შეზღუდვებს ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას,“ – ამბობს Reformerfitness“-ის მენეჯერი, გიორგი ფუტკარაძე.
გიორგი ფუტკარაძე მისთვის დაკისრებული ჯარიმის – 10 ათასი ლარის გადახდას არ აპირებს.
„ასევე მითხრეს, რომ თუკი მუშაობას განვაგრძობ, უკვე გამოძიება დაიწყება და სისხლის სამართლის წესით დავისჯები. მოვიდნენენ და დამიჭირონ, მე მუშაობის შეჩერებას არ ვაპირებ,“ – გვითხრა გიორგი ფუტკარაძემ.
აჭარასა და გურიაში ბუნებრივი აირის მიწოდება კვირას, 29 ნოემბერს, დილიდან აღდგება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბუნებრივი აირი დღეს ღამით საავადმყოფოებს, კოვისსასტუმროებს და სტრატეგიული დანიშნულებს ობიექტებს მიეწოდება, მოსახლეობას კი – კვირას დილიდან.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით კი, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენიდან 5 დღე იქნება საჭირო, რომ გაზი ყველა აბონენტთან მივიდეს. „ყველა ჭიშკართან ვიქნებით მისასვლელი, ტექნიკური პროცესია, უსაფრთხოების საკითხი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სოკარში.
ბუნებრივი აირის მიწოდება აჭარის და გურიის რეგიონებში დღეს დილით შეწყდა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მიზეზი მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანებაა.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის პრესცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია დაზიანების კონკრეტული მიზეზი. ბუნებრივი აირის შეწყვეტის შემდეგ ბათუმში თხევად გაზზე მოთხოვნა გაიზარდა. თხევადი გაზის ჩამოსასხმელ ობიექტებზე რიგებია.
რიგი თხევადი გაზის ჩამოსასხმელ ობიექტზე, 28 ნოემბერიმუშაობა დაზიანებულ მილთან, რის გამოც დღეს დილით აჭარასა და გურიაში გაზის მიწოდება შეწყდა ფოტო: გაზის ტრანსპორტირების კომპანია
ბათუმში 15 დეკემბრამდე უნდა ამოქმედდეს ახალი სქემა, რომელიც რამდენიმე ქუჩაზე მუნიციპალური ავტობუსების სავალი ზოლის [ე.წ. Bus lane] მონიშვნას ითვალისწინებს. ახალი სქემა ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესებს შეცვლის.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს, მძღოლებს მაინც მოუწევთ [15 დეკემბრიდან, ან მანამდეც] დაემორჩილონ მოძრაობის ახალ წესებს. ამ წესებით მუნიციპალური ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში სხვა ტრანსპორტი ვერ იმოძრავებს.
Bus lane მოინიშნა გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის გარკვეულ მონაკვეთებში.
ჭავჭავაძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთა/ბათუმი/27.11.2020 / ავტობუსის სავალი ზოლი – მონიშნულია ყვითელი ფერის ხაზებით / მოძრაობის ახალი სქემა 15 დეკემბრამდე უნდა ამოქმედდეს
ახალი სქემით, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტობუსები და სხვა ავტოტრანსპორტი, თბილისის მოედნიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით, ჩვეულებრივად, როგორც დღეს, ისე იმოძრავებენ.
პირიქით კი, ანუ, გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე, ჭავჭავაძის ქუჩის ეს ზოლი იქნება ცალმხრივი და იქ მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს.
გრიბოედოვის ქუჩიდან მომავალი ავტობუსი, 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაში გადავა ჭავჭავაძის ქუჩის მეორე ზოლში და იმოძრავებს გზაგამყოფის გასწვრივ – თავდადებულის ქუჩამდე. ამისთვის, ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთა გაიხსნება, თუმცა მხოლოდ ავტობუსებისთვის. 26 მაისის ქუჩაზე მოძრავ მანქანებს ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთის უფლება არ ექნებათ.
ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში ავტობუსი გადავა [ნაჩვენებია ისრით] ჭავჭავაძის ქუჩის მეორე ზოლში და მოძრაობას გააგრძელებს გზაგამყოფის პარალელურად.ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში ავტობუსი გადავა [ნაჩვენებია ისრით] ჭავჭავაძის ქუჩის მეორე ზოლში და მოძრაობას გააგრძელებს გზაგამყოფის პარალელურად.26 მაისის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში დახაზული იქნება ავტობუსის სავალი ზოლი გზაგამყოფის გასწვრივ და იქ მხოლოდ ავტობუსი იმოძრავებს. ამ ზოლში სხვა მანქანის მოძრაობა აკრძალული იქნება.
თავდადებულისა და ჭავჭავაძის კვეთაში გზაგამყოფი ზოლი [ქვაფენილი და რკინის ღობე] უკვე მოშლილია და აქ გზა მხოლოდ ავტობუსისთვის იქნება გახსნილი. ანუ, თავდადებულის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტი აქ ჭავჭავაძის ქუჩას ვერ გადაკვეთს.
თავდადებულის ქუჩის კვეთადან კი, ავტობუსი მოძრაობას გზაგამყოფის მეორე მხარეს გააგრძელებს თბილისის მოედნის მიმართულებით [ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაში არსებულ წრიულამდე].
ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთადან მოძრავი ავტობუსი თავდადებულის ქუჩის კვეთაში გადავა [ნაჩვენებია ისრით] ჭავჭავაძის ქუჩის გზაგამყოფის მეორე მხარეს და მოძრაობას გააგრძელებს ამ გზაგამყოფის პარალელურად.ახალი სქემით მოძრაობაზე ავტოტრანსპორტი მას შემდეგ გადაერთვება, როცა დასრულდება საგზაო ნიშნების მონტაჟი, შესაბამისად დაიხაზება/დახაზულია ზებრა გადასასვლელები და მოეწყობა მოსაცდელები ჭავჭავაძის ქუჩის შუაში [გზაგამყოფ ზოლზე].
ჭავჭავაძის ქუჩაზე ასეთი ზებრა-გადასასვლელები ერთმანეთს ტროტუარს და გზაგამყოფ ზოლს დააკავშირებს. გზაგამყოფ ზოლზე კი მუნიციპალური ავტობუსის გაჩერება და მოსაცდელი უნდა მოეწყოსჭავჭავაძის ქუჩა/ბათუმი/27.11.2020 / ავტობუსის სავალი ზოლი / მოძრაობის ახალი სქემა 15 დეკემბრამდე უნდა ამოქმედდეს
მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დაწყებულია [ზოგ ადგილებში საგზაო ნიშნებიც დამონტაჟებულია], თუმცა, ახალი სქემა სრულად ამოქმედდება მას შემდეგ რაც სამუშაოები დასრულდება. გეგმით, საგზაო ნიშნების მონტაჟი და შესაბამისი მონიშვნები 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
რომელ ქუჩაზე რა იცვლება ახალი სქემით – ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:
ბათუმში საცხოვრებელი ბინა გადასცეს მეექვსეკლასელ გოგოს, ვისი ოჯახის წევრებიც სტიქიის შედეგად დაიღუპნენ. საუბარია 2020 წლის 2 ოქტომბერს ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მომხდარ შემთხვევაზე – მეწყერმა თედორაძეების სახლი წაიღო და მსუბუქი ავტომანქანა. საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი იყო, მათ შორის, 14 წლის ბიჭი. დაიღუპა ავტომანქანში მყოფი ორი პირიც.
გოგო, რომელსაც დღეს აჭარის მთავრობამ საცხოვრებელი ბინა გადასცა, სტიქიის დროს შუახევში ნათესავთან იყო. აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, გოგონას დამატებით ბინის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის გადაეცემა ფინანსური დახმარება.
ადგილი, სადაც მეწყერი განვითარდა, რამდენიმე ოჯახს ჰქონდა წლების წინ მიღებული გეოლოგების დასკვნები, რომლის მიხედვითაც კონკრეტული სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო.