მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობასთან სავაჭრო ჯიხურებს მოვაწყობთ და სახალხო მერიას გავხსნით – ოპოზიცია

29.11.2020 • 1468
აჭარის მთავრობასთან სავაჭრო ჯიხურებს მოვაწყობთ და სახალხო მერიას გავხსნით – ოპოზიცია

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ სავაჭრო ჯიხურების მოწყობას აპირებენ. ამის შესახებ დღეს მოწყობილ აქციაზე ბექა დიასამიძემ განაცხადა. ის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერია.

„ადამიანები დარჩნენ უმუშევრები. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს მოიტანონ აქ, მაგალითად, სუვენირები, ტანსაცმელი და გაყიდონ… ხვალისთვის ველოდებით ჯიხურებს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვინ იქნებიან ამ ჯიხურებში, ვესაუბრეთ გარემოვაჭრეებსაც,“ – გვითხრა ბექა დიასამიძემ.

ოპოზიციის ლიდერები თვლიან, რომ სავაჭრო ჯიხურებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად ვერ აიღებენ და არც მერიისგან სჭირდებათ თანხმობა.

„აქ ასე კარვებიცაა გაშლილი. მოსახლეობა გამოხატავს პროტესტს და ამას ხელს ვერ შეუშლიან,“ – დასძინა ბექა დიასამიძემ.

დღევანდელ აქციაზე ასევე დაანონსდა „სახალხო მერიის“ შექმნაც. „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ანთაძემ ტრიბუნიდან მოუწოდა ხალხს, რომ ვისაც კოვიდინფექცია გადატანილი აქვს და ავტომანქანას ფლობს, სხვა ინფიცირებულებს დაეხმაროს ტრანსპორტირებაში, რადგან სასწრაფო სამსახური ინფიცირებულებს ვეღარ აუდის.

„ეს იქნება მერია, რომელიც მოაგვარებს ხალხის პრობლემებს პროტესტის გზით… ჩვენთან არიან იურისტები და ისინი უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევენ ადამიანებს, ჯანდაცვის კუთხით ლევან ანთაძე დაგვეხმარება, განათლების კუთხით ლალი ანთიძე, რომელიც „გირჩს“ წარმოადგენს… არაერთ მოქალაქეს აწუხებს უკანონო მშენებლობები. ამ კუთხითაც ვიაქტიურებთ,“ – აღნიშნა ალექსანდრე მილორავამ „ბათუმელებთან“.

ის „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერია.

___

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს. სწორედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო საპროტესტო აქციები აჭარის მთავრობასთან, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: