მთავარი,სიახლეები

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შეცვლა გადაიდო

08.10.2020
ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შეცვლა გადაიდო

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულების შეცვლა 15 ოქტომბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ამ ვადამ მინიმუმ 20 ნოემბრამდე გადაიწია.

ჭავჭავაძე-ბარათაშვილი-გორგილაძის ქუჩების სავალ ნაწილზე საგზაო მონიშვნების დატანა ორკომპონენტიანი ცივი პლასტიკის საღებავით და მუნიციპალური ავტობუსების სავალი ხაზის [ ე.წ. Bus lane] დახაზვა 2020 წლის 15 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 621 628 ლარი დაიხარჯება.

„ამ ვადამ გადაიწია და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულებას 20 ნოემბრამდე შეასრულებს“, – გვითხრეს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში.

„ჩვენ ნაწილ-ნაწილ ახლაც შეგვიძლია გზის სავალ ნაწილზე მონიშვნების გაკეთება, თუმცა, ამას ვარჩიეთ ერთიანად გაგვეკეთებინა. აქ საგზაო ნიშნებია შესაცვლელი [სამუშაოები ამ კუთხით, როგორც ვიცით, დაწყებულია], ასევე, რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო – სანიაღვრე არხების მშენებლობა და სხვა. ამას სხვა სამსახურები აკეთებენ, როგორც კი დაასრულებენ, ჩვენც დავიწყებთ გზებზე მონიშვნების დახაზვას. სხვა რაიმე ხელშემშლელი ფაქტორი არ გვაქვს“, – გვითხრეს ტენდერში გამარჯვებულ შპს „მიონი დეველოპმენტში“.

ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ცალმხრივი გახდება გორგილაძის, ჭავჭავაძის, გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გარკვეული მონაკვეთები, ხოლო მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ შეიცვლება გორგასლის ქუჩის ნაწილზე.

„როგორც კი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება და მონიშვნების გაკეთება დასრულდება, შესაბამის ქუჩებზე ტრანსპორტი ახალი სქემით იმოძრავებს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილებაში.

დაგეგმილი ცვლილებით, ანუ ახალი სქემით:

  • გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში;
  • ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის ქუჩაზე 26 მაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე [ავტომანქანები იმოძრავებენ ამავე მიმართულებით];
  • ცალმხრივი გახდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, ლორიას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით;
  • გრიბოედოვის ქუჩა კი, ცალმხრივი გახდება ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში და მოძრაობა მხოლოდ ამ მიმართულებით იქნება;
  • გრიბოედოვისა და რუსთაველის კვეთაში გაიხსნება გზაგამყოფი  და გრიბოედოვის ქუჩიდან ავტომობილებს საშუალება ექნებათ, იმოძრაონ რუსთაველის ქუჩაზე, როგორც მარჯვნივ – დელფინარიუმის მიმართულებით, ასევე მარცხნივ – ახალი ბულვარის მიმართულებით;
  • გორგასლის ქუჩაზე კი, დღეს არსებული ცალმხრივი მოძრაობა [ბარათაშვილიდან გრიბოედოვის მიმართულებით] მთლიანად შეიცვლება და ამ ქუჩაზე მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით იქნება – გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან ბარათაშვილის მიმართულებით [ისევე როგორც დღეს არის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე].

„ბათუმელები“ ატარებს ონლაინგამოკითხვას – მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? 

გამოკითხვაში [8 ოქტომბრის მდგომარეობით] მონაწილეობა მიიღო სულ 1 115-მა პირმა. ხმები კი ასე ნაწილდება:

  • დიახ – 485 ხმა [43,5%]
  • არა – 477 ხმა [42,5%]
  • არ ვიცი – 153 ხმა [13,72%]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: